იერემია თავი 8

1 . "იმ დროს, ამბობს უფალი, ამოყრიან იუდას მეფეების ძვლებს, მის მთავართა ძვლებს, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა ძვლებს მათი საფლავებიდან.

2 . და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის მთელი ლაშქრის წინ, რომლებიც უყვარდათ მათ, რომლებსაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მიყვებოდნენ, რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; აღარ მოაგროვებენ და აღარ დაკრძალავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის ზედაპირზე.

3 . სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ დარჩენილნი, ვინც ამ ბოროტი მოდგმიდან დარჩება ყველა ადგილზე, სადაც გავფანტე ისინი”, ამბობს ცაბაოთ უფალი.

4 . ასე ეტყვი: "ასე ამბობს-თქო უფალი, განა დაცემულა კაცი და ფეხზე აღარ ამდგარა, განა განდგომილა კაცი და არ მოუნანიებია?

5 . რატომ განმიდგა ეს ხალხი, იერუსალიმი, სამუდამო განდგომით? ჩასჭიდებიან სიცრუეს და მობრუნებას უარობენ.

6 . ყური მივუგდე და მოვისმინე: სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ბოროტებას, ამბობენ: განა რა დავაშავეო? ყველა თავის გზაზე მიიჩქარის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.

7 . ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.

8 . როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ, ვინაიდან უფლის რჯულია ჩვენთანო? აჰა, სიცრუედ აქცია იგი მწიგნობართა ცრუ კალამმა.

9 . შერცხვნენ ბრძენები, დაიბნენ და გაებნენ; აჰა, უარყვეს უფლის სიტყვა, რაღა სიბრძნე აქვთ?

10 . ამიტომ მათ ცოლებს სხვებს მივცემ და მათ მინდვრებს - ახალ პატრონებს, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა ანგარია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მქმნელია.

11 . ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს; გაიძახიან: მშვიდობაა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.

12 . რცხვენიათ კი იმ სისაძაგლის გამო, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომ დაეცემიან დაცემულთა შორის; სასჯელს მოვუვლენ და დაეცემიან”, - ამბობს უფალი.

13 . "მე წავართმევ მათ მოსავალს, ამბობს უფალი, ყურძენი აღარ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვის ხეს; ფოთოლი დაჭკნება და, რაც მივეცი, ხელიდან გამოეცლებათ”.

14 . რატომ ვსხედვართ? შეიყარეთ, წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში და იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა და მოწამლული წყალი გვასვა, ვინაიდან უფალს შევცოდეთ.

15 . მშვიდობის მოლოდინი გვქონდა და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს მოველოდით და, აჰა, საშინელებაა!

16 . დანიდან ისმის მისი ცხენების ქშენა; მისი ულაყების ჭიხვინის ხმაზე მთელი ქვეყანა ზანზარებს; რადგან მოდიან, ჭამენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქებსა და მათში მცხოვრებთ.

17 . რადგანაც, "აჰა, შემოგისევთ გველებსა და მოუნუსხავ ასპიტებს და დაგგესლავენ”, - ამბობს უფალი.

18 . ჩემი მწუხარება უსაზღვროა, გული დამისუსტდა.

19 . აჰა, ისმის ჩემი ხალხის, ჩემი ასულის ტირილის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? აღარ არის იქ მისი მეფე? "რატომ გამაბრაზეს თავიანთი ქანდაკებებით, უცხო ქვეყნების კერპებით?”

20 . მკის დრო გავიდა, ზაფხული მიილია, ჩვენ კი დახსნილნი არა ვართ.

21 . ჩემი ხალხის, ჩემი ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, ვგლოვობ, მღელვარებამ შემიპყრო.

22 . განა აღარ არის მალამო გილყადში? განა აღარ არის იქ მკურნალი? მაშ, რატომ არ გამოჯანმრთელდა ჩემი ხალხი, ჩემი ასული?