1 . სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიასადმი:
2 . "ისმინე ამ აღთქმის სიტყვები და ელაპარაკე იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთ.
3 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ აღთქმის სიტყვებს,
4 . რომელიც დავუდე თქვენს მამებს, ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან მათი გამოყვანის დღეს, და ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და ისე მოიქეცით, როგორც გიბრძანებთ; და იქნებით ჩემი ხალხი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.
5 . რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, მოგცემთ-მეთქი რძისა და თაფლის მდინარეებიან ქვეყანას, როგორც დღეს არის”. ვუპასუხე: "ამინ, უფალო!”
6 . მითხრა უფალმა: "ასე გამოაცხადე ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში: ისმინეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ-თქო.
7 . რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღემდე, ყოველი დღის განთიადიდანვე ვაფრთხილებდი, ისმინეთ-მეთქი ჩემი ხმა.
8 . მაგრამ არ ისმინეს, ყური არ დამიგდეს, თითოეული თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა. ამიტომ მოვაწევ მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვას, რომელზეც ვუბრძანე რომ შეესრულებინათ და არ შეასრულეს”.
9 . მითხრა უფალმა: "შეთქმულება აღმოჩნდა იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებლებში.
10 . დაუბრუნდნენ საკუთარი მამების ურჯულოებას, უარი რომ თქვეს ჩემი სიტყვების მოსმენაზე; გაჰყვნენ სხვა ღმერთებს და ემსახურებოდნენ მათ. დაარღვია ჩემი აღთქმა ისრაელისა და იუდას სახლმა, მათ მამებთან რომ დავდე.
11 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, უბედურებას მოვაწევ მათზე, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; მაშინ კი შემომღაღადებენ, მაგრამ აღარ მოვუსმენ.
12 . წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მცხოვრებნი და შეჰღაღადებენ ღმერთებს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ისინი ვერ გამოიხსნიან უბედურებიდან.
13 . აკი შენი ქალაქების რიცხვისამებრ გყავდა ღმერთები, იუდასა და იერუსალიმის ქუჩების რიცხვისამებრ აღმართეთ სამსხვერპლოები სამარცხვინოდ, სამსხვერპლოები ბაყალისთვის საკმევად.
14 . შენ კი ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის და ნურც ლოცვა-ვედრებას აღავლენ მათთვის, რადგან არ შევისმენ, როცა მათი უბედურების გამო შემომღაღადებ.
15 . რა უნდა ჩემს საყვარელ ხალხს ჩემს ტაძარში, როცა ამდენ ბოროტებას სჩადის? განა აგარიდებს სასჯელს სამსხვერპლოს ხორცი, ბოროტებას რომ სჩადიხარ და ხარობ?!”
16 . ამწვანებული, მშვენიერი და ნაყოფით დახუნძლული ზეთისხილი გიწოდა უფალმა; მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე ცეცხლი შეენთო და რტოები გაუნადგურა.
17 . ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა თქვა, რომ უბედურება გელის, ისრაელისა და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც ჩემს გასაბრაზებლად სჩადიოდნენ, ბაყალს რომ უკმევდნენ.
18 . უფალმა განმიცხადა და გამაგებინა, მაჩვენა მათი საქმეები.
19 . კრავივით მიმიყვანეს ყასაბთან, არ ვიცოდი, რა დაეგეგმათ: ხე გავურიოთ მის პურში, მოვკვეთოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ მეტად აღარ იხსენებოდეს მისი სახელი.
20 . ცაბაოთ უფალო! სიმართლით განმკითხავო, შენ იკვლევ თირკმელებსა და გულს. მაჩვენე შენი შურისძიება მათზე, შენთვის მომინდვია ჩემი საქმე.
21 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, შენი სულის მაძიებლებზე, რომ გეუბნებიან: ნუ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით და ჩვენი ხელით არ მოკვდებიო.
22 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "მე დავსჯი მათ, ჭაბუკნი მახვილით დაეცემიან, მათი ძენი და მათი ასულნი კი შიმშილით გაწყდებიან.
23 . არავინ გადარჩება მათგან, რადგან უბედურებას მოვაწევ ყანათოთელ კაცებზე, მათი მონახულების წელს”.