იერემია თავი 41

1 . და იყო მეშვიდე თვეს: ისმაელი, ნეთანია ელიშამაყის ძის შვილი, სამეფო თესლიდან, და მეფის დიდებულთაგან ათი კაცი, მასთან ერთად მივიდნენ გედალიაჰუ ახიკამის ძესთან მიცფაში და ერთად ჭამეს იქ პური.

2 . ადგნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალიაჰუ, შაფანის ძის, ახიკამის შვილი; მოკლეს ის, ვინც ბაბილონის მეფემ გაამეფა ქვეყანაში.

3 . ყველა იუდეველი, გედალიაჰუსთან რომ იყო მიცფაში, ასევე ქალდეველი მებრძოლნი, ვინც იქ იყვნენ, დახოცა ისმაელმა.

4 . მეორე დღეს, სანამ გედალიაჰუს სიკვდილი არავის გაეგო,

5 . მოვიდნენ კაცები შექემიდან, შილოდან და სამარიიდან, ოთხმოცი წვერგაპარსული, ტანსაცმელშემოგლეჯილი და სახედაკაწრული კაცი, ხელთ ძღვენი და გუნდრუკი ეპყრათ, უფლის სახლში მისატანად.

6 . გამოვიდა ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; მათ რომ შეხვდა, უთხრა: "მოდით გედალიაჰუ ახიკამის ძესთან”.

7 . როცა ქალაქში შევიდნენ, დახოცა ისინი ისმაელ ნეთანიას ძემ და ორმოში ჩაყარეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა.

8 . ათი კაცი იმყოფებოდა მათ შორის, რომლებმაც ისმაელს უთხრეს: "ნუ მოგვკლავთ, რადგან მინდორში საიდუმლოდ გვაქვს შენახული ხორბალი და ქერი, ზეთი და თაფლიო”; აღარ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.

9 . ორმო კი, რომელშიც ისმაელმა ყველა იმ კაცის გვამი ჩაყარა, გედალიაჰუს გამო რომ მოკლა, ის იყო, მეფე ასამ რომ ამოთხარა ისრაელის მეფის, ბაყაშასადმი შიშის გამო; ის ორმო გაავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.

10 . წარატყვევა ისმაელმა მთელი დარჩენილი ხალხი, მიცფაში რომ იყო, მეფის ასულნი და მიცფაში მონარჩენი ხალხი, რომელიც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, მიაბარა გედალიაჰუ ახიკამის ძეს; ტყვედ წაასხა ისინი ისმაელ ნეთანიას ძემ და ყამონის ძეებთან გადასასვლელად გაემართა.

11 . გაიგო იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა ყველა მხედართმთავარმა მთელი ის ბოროტება, რაც ისმაელ ნეთანიას ძემ ჩაიდინა;

12 . გაიყვანეს ყველა კაცი და წავიდნენ ისმაელ ნეთანიას ძესთან საბრძოლველად და იპოვეს ის დიდ წყლებთან, გაბაონში რომ არის.

13 . გაიხარა ისმაელთან მყოფმა მთელმა ხალხმა, როცა დაინახა იოხანან კარეახის ძე და მხედართმთავრები, მასთან ერთად რომ იყვნენ.

14 . მობრუნდა მთელი ხალხი, ისმაელმა მიცფადან ტყვედ რომ წამოიყვანა, მივიდა და იოხანან კარეახის ძეს გაჰყვა.

15 . ისმაელ ნეთანიას ძემ რვა კაცთან ერთად დააღწია თავი იოხანანს და ყამონის ძეებისკენ გაემართა.

16 . აიყვანა იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა ყველა მხედართმთავარმა მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, ისმაელ ნეთანიას ძისგან რომ გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან გედალიაჰუ ახიკამის ძე მოკლა; მებრძოლ კაცებთან ერთად ქალები, ბავშვები და საჭურისნი, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.

17 . წავიდნენ და გიმჰამის დაბაში გაჩერდნენ, ბეთლემთან, რათა ეგვიპტეში გადასულიყვნენ.

18 . ქალდეველებს გასცლოდნენ, რადგან ეშინოდათ მათი, ვინაიდან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალიაჰუ ახიკამის ძე მოკლა, რომელიც ბაბილონის მეფემ დაადგინა ქვეყანაში.