1 . იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმთან და ალყა შემოარტყა მას.
2 . ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაირღვა ქალაქის ზღუდე.
3 . მოვიდა ბაბილონის მეფის ყველა მთავარი და დასხდა შუა კარიბჭეში: ნერგალ სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი - საჭურისთა უფროსი, ნერგალ სარეგერი - გრძნეულთა უფროსი და ბაბილონის მეფის ყველა დანარჩენი მთავარი.
4 . იხილა თუ არა ეს ციდკიაჰუმ, იუდას მეფემ და ყველა მებრძოლმა, ღამიანად გაიქცნენ; ქალაქიდან ორ გალავანს შორის მდებარე ჭიშკრის ბილიკით გავიდნენ, რომელიც მეფის ბაღთანაა; ყარაბას გზას დაადგნენ.
5 . უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი; იერიხოს ველზე დაეწივნენ ციდკიაჰუს, შეიპყრეს და რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან მიიყვანეს; გამოუტანა განაჩენი.
6 . და მის თვალწინ დაკლა ბაბილონის მეფემ რიბლაში ციდკიაჰუს ძენი; იუდას ყველა დიდებულიც დააკვლევინა ბაბილონის მეფემ.
7 . ციდკიაჰუს კი თვალები დათხარა და ბორკილები დაადო, ბაბილონში წასაყვანად.
8 . მეფის სახლი და ხალხის სახლები ცეცხლით გადაწვეს ქალდეველებმა, იერუსალიმის გალავნები კი დაანგრიეს.
9 . ამ ქალაქში დარჩენილი ხალხი და ქალდეველებთან გადასულნი, ბაბილონში გადაასახლა ნაბუზარდანმა, მცველთა უფროსმა, სხვა დარჩენილებთან ერთად.
10 . ღარიბი ხალხი კი, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, იუდას ქვეყანაში დატოვა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა და მისცა მათ იმ დღეს ვენახები და ხნულები.
11 . იერემიაზე კი ასე უბრძანა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ნაბუზარადანს, მცველთა უფროსს:
12 . "აიყვანე და თვალი ადევნე, ცუდს ნურაფერს გაუკეთებ; ისე მოექეცი, როგორც გეტყვის”.
13 . გაგზავნეს ნაბუზარადანმა - მცველთა უფროსმა, ნაბუშაზბანმა - საჭურისთა უფროსმა, ნერგალ სარეცერმა - გრძნეულთა უფროსმა და ბაბილონის მეფის ყველა მთავარმა;
14 . წარგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან; და გადასცეს ის გედალიას, შაფან ახიკამის ძის შვილს, რათა სახლში მიეყვანა იგი; ასე დარჩა ის თავის ხალხში.
15 . საყარაულო ეზოში პატიმრობისას სიტყვა მიეცა იერემიას უფლისგან:
16 . "წადი და ასე უთხარი ეთიოპიელ ყებედ-მელექს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შენს თვალწინ იმ დღეს მოეწევა ამ ქალაქს ჩემი სიტყვები მისდა საუბედუროდ და არა მისდა სასიკეთოდ.
17 . გადაგარჩენ შენ იმ დღეს! ამბობს უფალი, არ გადაეცემი იმ კაცთა ხელს, ვისიც გეშინია.
18 . ნამდვილად გადაგარჩენ, მახვილით არ მოკვდები; ნადავლად გექნება შენი სული, რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული! ამბობს უფალი”.