იერემია თავი 9

1 . "ვინ მისცემს ჩემს თავს წყლებს და ჩემს თვალებს ცრემლის ნაკადებს? დღე და ღამე ვიტირებდი ჩემი განგმირული ხალხის ასულისთვის!

2 . ვინ მომცემს უდაბნოში მგზავრთა თავშესაფარს? დავტოვებდი ჩემს ხალხს, გავეცლებოდი, რადგან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა ხროვა.

3 . მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ”, - ამბობს უფალი.

4 . თითოეული საკუთარ მოყვასს უფრთხილდით, ძმასაც არ ენდოთ, რადგან ძმა ძმაზე მზაკვრობს და მოყვასი მოყვასზე ცილისმწამებლობს.

5 . მოყვასი მოყვასს ატყუებს, სიმართლეს არ ლაპარაკობს, ენა სიცრუის ლაპარაკს მიაჩვიეს, ქანცი გაუწყდათ თაღლითობით.

6 . "ვერაგი ხალხის შუაგულში ცხოვრობ და თავიანთი ვერაგობის გამოა, რომ უარი თქვეს ჩემს შეცნობაზე” - ამბობს უფალი.

7 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გამოვადნობ მათ და გამოვცდი, აბა, ჩემს ცოდვილ ხალხს სხვაგვარად როგორღა მოვექცე?!

8 . მომსვრელი ისარია მათი ენა, მზაკვრულად ლაპარაკობენ, პირით მშვიდობას უსურვებენ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.

9 . განა არ დავსჯი მათ ამის გამო? - ამბობს უფალი, განა არ მივაგებ მათი დამსახურებისამებრ ასეთ ხალხს, როგორიც ესაა?

10 . მთებისთვის ვიტირებ და ვიქვითინებ, უდაბნოს საძოვრებისთვის ვიგლოვებ, რადგან გადაიბუგნენ, აღარავინაა გამვლელი, აღარც სამწყსოს ხმა ისმის, გაიფანტა ყველა: ცის ფრინველიდან პირუტყვამდე წავიდნენ.

11 . ქვის გროვად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავატიალებ იუდას ქალაქებს, მცხოვრებთა გარეშე დავტოვებ.

12 . არის კი ვინმე ბრძენი, რომ მიხვდეს ამას? ვის ელაპარაკა უფლის ბაგე, რომ თქვას, რისთვის დაიღუპა ქვეყანა, რისთვის გადაიბუგა როგორც უდაბნო, ისე, რომ აღარავინაა იქ გამვლელი.

13 . და თქვა უფალმა: "იმისთვის, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, მე რომ დავუდგინე, არ შეისმინეს ჩემი ხმა და არც მის მიხედვით იარეს,

14 . თავიანთი გულების სიფიცხით დადიოდნენ და ბაყალებს მიჰყვებოდნენ, როგორც მამებისგან ისწავლეს”.

15 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "აჰა, ვაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს.

16 . გავფანტავ მათ ხალხებში, რომლებსაც არ იცნობენ არც ისინი და არც მათი მამები, უკან კი მახვილს დავადევნებ, სანამ არ ამოვწყვეტ”.

17 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "დაუკვირდით და მოუხმეთ მოტირალთ, რომ მოვიდნენ; გაგზავნეთ ბრძენ ქალებთან, რომ ისინიც მოვიდნენ.

18 . იჩქარონ და აამაღლონ ჩვენზე მოთქმა-გოდება, რათა ცრემლები წამოგვცვივდეს თვალებიდან და ჩვენი ქუთუთოებიდან წყალმა იდინოს.

19 . რადგან მოთქმის ხმა ისმის სიონიდან: როგორ გავიძარცვეთ და შევრცხვით! ქვეყანა უნდა დავტოვოთ, რადგან გამოგვყარეს ჩვენი საცხოვრებლებიდან!”

20 . ახლა ისმინეთ, ქალებო, ამბობს უფალი, მოისმინოს თქვენმა ყურებმა სიტყვა მისი პირისა: "თქვენს ასულებს მოთქმა ასწავლეთ და ერთმანეთს - გოდება:

21 . რადგან სიკვდილი ამოძვრა ჩვენს სარკმლებზე, გამოსცდა ჩვენი ქალაქის გალავნებს, რათა ბავშვები ქუჩებში გაგვიწყვიტოს და ჭაბუკნი - მოედნებზე”.

22 . ილაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: "დაეცემიან ადამიანთა გვამები როგორც ნეხვი მინდორში, როგორც ძნა მომმკელის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი”.

23 . ასე ამბობს უფალი: "ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი - თავისი ძალით და მდიდარი - თავისი სიმდიდრით.

24 . არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!” - ამბობს უფალი.

25 . აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და დავსჯი ყველას, ვინც მხოლოდ ხორცით არის წინადაცვეთილი.

26 . ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონის ძეთ, მოაბსა და ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს, რომელნიც უდაბნოში ცხოვრობენ, რადგან ყველა ეს ხალხები წინადაუცვეთელნი არიან და ისრაელის მთელი სახლი კი გულითაა წინადაუცვეთელი”.