1 . დაინახა რახელმა, რომ ვერ გაუჩინა შვილი იაკობს, შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: "მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები”.
2 . განრისხდა იაკობი რახელზე და უთხრა: "ღმერთი ხომ არ ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი დაგიბრკოლა?”
3 . უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.
4 . მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
5 . დაორსულდა ბილჰა და ძე უშვა იაკობს.
6 . თქვა რახელმა: "ღმერთმა განმსაჯა, შეისმინა ჩემი ხმა და მომცა ძე”. ამიტომ დანი უწოდა სახელად.
7 . კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.
8 . თქვა რახელმა: ღვთიური ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას და ვძლიე კიდეც”. და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9 . დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.
10 . და შვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობისთვის.
11 . თქვა ლეამ: "როგორ გამიმართლა” და უწოდა სახელად გადი.
12 . და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ძე.
13 . თქვა ლეამ: "ბედნიერი ვარ, რადგან ბედნიერად მიმიჩნევენ ქალები”. და დაარქვა სახელად აშერი.
14 . გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15 . უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16 . საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.
17 . უსმინა ღმერთმა ლეას, დაორსულდა და მეხუთე ძე უშვა იაკობს.
18 . და თქვა ლეამ: "საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.
19 . კვლავ დაორსულდა ლეა და იაკობს მეექვსე ძე უშვა.
20 . თქვა ლეამ: "კარგი საჩუქარი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი ჩემთან დამკვიდრდება ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე გავუჩინე”. და უწოდა სახელად ზებულუნი.
21 . ამის შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22 . გაიხსენა ღმერთმა რახელი, ისმინა მისი და გაუხსნა საშო.
23 . დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.
24 . უწოდა სახელად იოსები და თქვა: "სხვა ძეც შემძინოს უფალმა!”
25 . მას შემდეგ, რაც იოსები გააჩინა რახელმა, უთხრა იაკობმა ლაბანს: "გამიშვი, რომ წავიდე ჩემს ქვეყანაში.
26 . მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთათვისაც გემსახურე და წავალ; რადგან იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე”.
27 . უთხრა ლაბანმა: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ჩემთან დარჩი! მივხვდი, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა”.
28 . უთხრა: "თქვი, რას ითხოვ ჩემგან საზღაურად და მოგცემ”.
29 . უთხრა იაკობმა: "შენც იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემს ხელში!
30 . რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და ფრიად გაგიმრავლდა. გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით, ჩემი სახლისთვის კი როდისღა ვიზრუნო?”
31 . ჰკითხა ლაბანმა: "რა მოგცე?” მიუგო იაკობმა: "ნურაფერს მომცემ. რასაც გეტყვი, იმ საქმეს თუ გამიკეთებ, კვლავ დავმწყემსავ და დავიცავ შენს ცხვარს.
32 . გავივლი დღეს შენს ფარაში; და გამოაცალკევე ყოველი დაწინწკლული და ჭრელი კრავი, ყოველი შავი ცხვარი და ჭრელი და დაწინწკლული თიკანი. და ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
33 . და მომეგოს ჩემი სიმართლისამებრ იმ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი გასამრჯელო შენს წინაშე: ყოველი თხა, რომელიც დაწინწკლული და ჭრელი არ იქნება, ხოლო ცხვარი - შავი, ნაქურდლად ჩამითვალე”.
34 . უთხრა ლაბანმა: "დაე იყოს შენი სიტყვისამებრ”.
35 . და გამოაცალკევა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნერბი, და ყველა რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის ძეებს ჩააბარა.
36 . და დაცილდა იაკობს ლაბანი სამი დღის სავალ მანძილზე და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37 . აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და წაბლის ნედლი წნელები და ისე შემოაჭრა ქერქი, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო.
38 . აჭრელებული წნელები გეჯებში ჩაალაგა, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მიდიოდა და ახურდებოდა ხოლმე.
39 . ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და იგებდა ზოლიან, დაწინწკლულ და ჭრელ ბატკნებს.
40 . გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და ლაბანის ზოლიანი და შავი ფარის პირდაპირ აყენებდა; ასე გამოყო თავისი სამწყსო და არ დატოვა ლაბანის ფარასთან.
41 . ჯანსაღი ფარის ახურებისას, იაკობი ცხვრის თვალწინ დაზოლილ წნელებს ჩაჰყრიდა ხოლმე გეჯებში, რათა წნელებთან შეწყვილებულიყვნენ.
42 . და როცა სუსტი იყო ფარა, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს კი - ჯანსაღი.
43 . და ძალიან გამდიდრდა ეს კაცი, ფრიად გაუმრავლდა ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და სახედრები.
1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2 . "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3 . არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4 . არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5 . თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
6 . და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
7 . არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
8 . გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.
9 . ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
10 . ხოლო მეშვიდე დღე - უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11 . რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12 . პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
13 . არა კლა.
14 . არ იმრუშო.
15 . არ იქურდო.
16 . არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17 . არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
18 . ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.
19 . უთხრეს მოსეს: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”.
20 . უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ”.
21 . მოშორებით იდგა ხალხი, მოსე კი მივიდა ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.
23 . ნუ გაიკეთებთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთებს, ვერცხლისა და ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24 . გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25 . თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა სატეხს, წაბილწავ მას.
26 . საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
1 . დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2 . უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3 . და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4 . აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5 . ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6 . ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
7 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი ძირს, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8 . მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
10 . ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
11 . შეევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: "რად უნდა აინთოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც დიადი ძალითა და მაგარი ხელით გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან?
12 . რად უნდა ილაპარაკონ ეგვიპტელებმა: ბოროტი განზრახვით გაიყვანაო ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირიდან აღსაგველად? დაიცხრე მგზნებარე რისხვა და გადაიფიქრე შენი ხალხის დაღუპვა.
13 . გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
14 . გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.
15 . პირი იბრუნა მოსემ და ჩავიდა მთიდან; ორივე მხრიდან ნაწერი, მოწმობის ორი ქვის დაფა ეჭირა ხელში; აქეთაც და იქითაც წარწერები ჰქონდა.
16 . ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი.
17 . მოესმა იეშუას ხალხის მშფოთვარე ხმა და უთხრა მოსეს: "ბრძოლის ხმაა ბანაკში”.
18 . უთხრა მოსემ: "არც გამარჯვების ყიჟინაა ეს და არც დამარცხების გოდების ხმა: ლხინის ხმა მესმის მე”.
19 . ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.
20 . აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.
21 . უთხრა მოსემ აჰარონს: "რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?”
22 . უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23 . მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24 . ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”
25 . იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.
26 . დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: "ვინც უფლისაა - ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 . უთხრა მათ: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი”.
28 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძენი: სამი ათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ხალხიდან;
29 . უთხრა მათ მოსემ: "მიუძღვენით დღეს თავები უფალს, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი, რათა კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე”.
30 . უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: "დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”.
31 . დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
32 . ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34 . ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითაც გითხარი; აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ; მონახულების დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.
35 . და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.
3 . ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.
4 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ: როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ.
5 . უთხრა უფალმა მოსეს:
6 . "უთხარი ისრაელიანებს: როცა კაცი ან ქალი რომელიმე ადამიანურ ცოდვას ჩაიდენს და უფალს არ უერთგულებს, დამნაშავეა:
7 . აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა.
8 . თუ იმ კაცს მემკვიდრე არ ჰყავს, რათა ანაზღაურდეს დანაკარგი, მაშინ ცოდვის საზღაური უფალს ეკუთვნის; მღვდლისა იყოს იგი, გარდა ცოდვის გამოსასყიდი ვერძისა, რომლითაც გამოისყიდის მას.
9 . ისრაელიანთა მთელი შესაწირი ყოველ წმიდად შერაცხულთაგან, რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მას ეკუთვნის;
10 . თითოეული წმიდა შესაწირი მას ეკუთვნის; თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის”.
11 . და უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,
13 . დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,
14 . მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;
15 . დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.
16 . მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს უფლის წინაშე.
17 . აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიწას, სავანის ძირიდან და ჩაყრის მიწას მღვდელი იმ წყალში.
18 . დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, გაუშიშვლებს თავს და ხელში ჩაუდებს მოსაგონარ და ეჭვიანობის შესაწირს, ხოლო დამლახვრელი მწარე წყალი მღვდლის ხელში იქნება.
19 . დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.
20 . ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,
21 . წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;
22 . შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!
23 . ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში და ჩამორეცხოს მწარე წყლით.
24 . დაალევინოს ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამაწყევარი წყალი და გამწარდება.
25 . აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის შესაწირი, შეარხიოს იგი უფლის წინაშე და მიიტანოს სამსხვერპლოსთან;
26 . აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირისგან, მისი მოსაგონარი წილი და აღავლინოს სამსხვერპლოზე, მერე კი დაალევინოს ქალს ის წყალი.
27 . როცა შეასმევს წყალს, თუ შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, მაშინ გამწარდება მასში დამაწყევარი წყალი და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება თეძო და წყეული იქნება თავის ხალხში.
28 . ხოლო თუ არ შებილწულა და სუფთაა იგი, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
29 . ასეთია ეჭვიანობის რჯული, როცა წავა ქალი, უღალატებს თავის ქმარს და შეიბილწება;
30 . ან როცა ეჭვიანობის სული დაეუფლება მამაკაცს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ წარადგენს ქალს უფლის წინაშე და აღასრულებს ყოველივეს მღვდელი ამ რჯულისამებრ.
31 . და იქნება ქმარი დანაშაულისგან თავისუფალი, ქალი კი - თავისი ცოდვის მტვირთველი”.
1 . დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან;
2 . თავიანთი ღმერთების სამსხვერპლოებთან იწვევდნენ ხალხს ისინი და ჭამდა ხალხი და სცემდა თაყვანს მათ ღმერთებს.
3 . მიეწება ისრაელი ბაყალ-ფეღორს და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე ხალხის ყოველი მთავარი, ჩამოკიდე ისინი უფლის წინაშე მზისით და უკან მიიქცევა უფლის რისხვის მძვინვარება ისრაელისგან”.
5 . უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: "ყველა მოკალით იმ კაცთაგან, ვინც ბაყალ-ფეღორს მიეტმასნა”.
6 . და აჰა, მოვიდა ერთი ისრაელის ძეთაგანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ, როცა მოთქვამდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
7 . დაინახა ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში.
8 . მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე და ორივე განგმირა შუბით, ისრაელიანი და ქალი - მუცელში; და შეწყდა ისრაელის ძეთა მოსრვა.
9 . ოცდაოთხი ათასი კაცი მოსრა ამ ჭირმა.
10 . უთხრა უფალმა მოსეს:
11 . "დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, რადგან შური იძია ჩემთვის და აღარ მოვსპე ისრაელის ძენი ჩემი შურისძიებით.
12 . ამიტომ უთხარი, რომ მშვიდობის აღთქმას ვაძლევ მას.
13 . და იქნება ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მის შემდგომ მღვდლობის მარადიულ აღთქმად, ვინაიდან შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი”.
14 . მოკლული ისრაელიანის სახელი კი, რომელიც მიდიანელ ქალთან ერთად მოიკლა, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონის მამისსახლის მთავარი.
15 . ხოლო, მიდიანელ ქალს, რომელიც მოიკლა სახელად ერქვა ქოზბი, ასული ცურისა, მამისეული ტომის მთავრისა მიდიანში.
16 . უთხრა უფალმა მოსეს:
17 . "მტრობდეთ მიდიანელებს და განგმირეთ,
18 . ვინაიდან მტრულად მოგექცნენ ისინი თავისი მზაკვრობით, როდესაც გაცთუნეს ფეღორითა და ქოზბით, მიდიანელთა მთავრის ასულით, რომელიც და იყო მათი და მოიკლა მომსვრელი სენის დღეს - ფეღორის გამო”.
1 . შეკრიბა იეშუამ ისრაელის ყველა ტომი შექემში და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზემდგომებს და წარდგნენ ისინი უფლის წინაშე.
2 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები - თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.
3 . მამათქვენი აბრაჰამი მდინარის გაღმიდან წამოვიყვანე და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, გავამრავლე მისი თესლი და მივეცი ისაკი.
4 . მივეცი ისაკს იაკობი და ესავი, ესავს სეყირის მთა მივეცი სამკვიდროდ, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.
5 . გავგზავნე მოსე და აჰარონი და დავაწყლულე ეგვიპტე იმ სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში; მერე გამოგიყვანეთ.
6 . გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან და მიადგნენ ზღვას; წითელ ზღვამდე მოსდევდნენ ეგვიპტელნი თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით.
7 . შეჰღაღადეს უფალს და მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი; თქვენი თვალით ნახეთ, რაც მოვიმოქმედე ეგვიპტეში; და მკვიდრობდით უდაბნოში მრავალი დღე.
8 . მიგიყვანეთ ამორელთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ მკვიდრობდნენ. შეგებრძოლნენ, მაგრამ ხელში ჩაგიგდეთ ისინი, თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენი პირისგან.
9 . ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, შეებრძოლა ისრაელს და მიავლინა ბილყამ ბეყორის ძის მოსახმობად, რათა დაეწყევლეთ.
10 . მაგრამ არ ვინებე ბილყამის მოსმენა და კურთხევით გაკურთხათ მან. ასე გიხსენით მისი ხელისგან.
11 . გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. შეგებრძოლნენ იერიხოს პატრონები: ამორელები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელნი, გირგაშელნი, ხიველნი და იებუსელნი და ხელში ჩაგიგდეთ ისინი.
12 . კრაზანები მივუსიე და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორელი მეფე, მაგრამ არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.
13 . და მოგეცით ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ და ქალაქები, რომლებიც არ გიშენებიათ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ მათში; ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც არ დაგირგავთ, მაგრამ თქვენ ჭამთ.
14 . ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ.
15 . და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
16 . მიუგო ხალხმა და თქვა: "შორს იყოს ჩვენგან ისეთი საქმე, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
17 . რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ჩვენს თვალწინ დიადი სასწაულები და გვიცავდა ყოველ გზაზე, რომელზეც დავდიოდით და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გავიარეთ.
18 . განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი”.
19 . უთხრა იეშუამ ხალხს: "ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი - ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.
20 . თუ მიატოვებთ უფალს და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას, მოგიბრუნდებათ, ბოროტებას დაგათევთ და ბოლოს მოგიღებთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ”.
21 . უპასუხა ხალხმა იეშუას: "არა, მხოლოდ უფალს გვინდა ვემსახუროთ!”
22 . უთხრა იეშუამ ხალხს: "თქვენვე ხართ თქვენი თავის მოწმენი, რომ უფალი აირჩიეთ, რათა მას ემსახუროთ!” უპასუხეს: "მოწმენი ვართ!”
23 . "ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ”.
24 . უთხრა ხალხმა იეშუას: "უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”.
25 . იმ დღეს დადო იეშუამ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
26 . და ჩაწერა იეშუამ ეს სიტყვები ღმერთის რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს: "აჰა, ეს ქვა იქნება მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც გვითხრა უფალმა; და იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი”.
28 . და გაუშვა იეშუამ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29 . ამ ამბების შემდედ, ას ათი წლის მოკვდა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური.
30 . და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომაა, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31 . ემსახურებოდა ისრაელი უფალს იეშუას სიცოცხლის დღეებში და უხუცესთა სიცოცხლის დღეებში, რომლებიც ცხოვრობდნენ იეშუას მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისთვის.
32 . დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების მიერ ამოტანილი იოსების ძვლები შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც იოსების ძეების საკუთრება გახდა და ას კესიტად ჰქონდა ნაყიდი იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან.
33 . და მოკვდა ელეაზარი, აჰარონის ძე და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეცა მას.
1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: "ასე რატომ მოგვექეცი, რატომ არ გვიხმე, მიდიანთან რომ მიდიოდი საბრძოლველად?” მაგარი კამათი გაუმართეს.
2 . მიუგო გედეონმა: "თქვენოდენი რა გამიკეთებია? ეფრემის ყურძნის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?
3 . ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები; მე სად შემეძლო თქვენოდენი გამეკეთებინა?” და დაცხრა მათი რისხვა, როცა უთხრა ეს სიტყვები.
4 . მიადგნენ დევნისგან დაქანცული გედეონი და მასთან მყოფი სამასი კაცი და გადალახეს იორდანე.
5 . სთხოვა მან სუქოთელებს: "მიეცით პური ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან მოიქანცნენ; მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს”.
6 . ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: "განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთ შენს ლაშქარს?”
7 . თქვა გედეონმა: "როცა ხელში ჩამიგდებს უფალი ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცს”.
8 . იქიდან ფენუელს მიადგა და იგივე სთხოვა; ფენუელის მკვიდრებმაც უარი უთხრეს სუქოთელებივით.
9 . მაშინ ფენუელის მკვიდრთაც იგივე უთხრა: "უკან რომ მოვბრუნდები დავანგრევ ამ კოშკს”.
10 . კარკორში იდგნენ ზებახი და ცალმუნაყი თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტი ათასამდე კაცით, რომლებიც აღმოსავლეთის ძეთა ლაშქრიდან გადარჩენილიყვნენ; დაცემით კი ასოცი ათასი კაცი დაეცა, მახვილის ხელში ამღები.
11 . და წავიდა გედეონი კარვებში მობინადრეთა გზით, შემოუარა ნობახისა და იოგბოჰას აღმოსავლეთიდან და დაეცა ლაშქარს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
12 . გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიც და ცალმუნაყიც. შიშის ზარი დაეცა მთელ ლაშქარს.
13 . ბრძოლის შემდეგ ქერესის მაღლობიდან უკან გამობრუნდა გედეონ იოაშის ძე.
14 . შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი, დაჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი მთავრისა და უხუცესის სახელი.
15 . მოვიდა სუქოთის კაცებთან და უთხრა: "აჰა, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო დამცინოდით და მეუბნებოდით: განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთო შენს დაქანცულ ხალხს?”
16 . გაიყვანა ქალაქის უხუცესნი, აიღო უდაბნოს ეკალი და კვრინჩხის ტოტები და იმით დასაჯა სუქოთის კაცები.
17 . ფენუელის კოშკიც დაანგრია და მოსრა იმ ქალაქის კაცები.
18 . უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: "როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორში რომ დახოცეთ?” უპასუხეს: "შენი მსგავსნი იყვნენ, მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით”.
19 . თქვა გედეონმა: "ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. უფალს გეფიცებით არ დაგხოცავდით, ხელი რომ არ გეხლოთ მათთვის”.
20 . და უთხრა იეთერს, თავის პირმშოს: "ადექი და დახოცე ესენი!” ვერ გაბედა ყრმამ მახვილის ამოღება, შეშინდა, რადგან ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო.
21 . უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: "ადექი და შენ დაგვხოცე, რადგან როგორიც კაცია, ისეთივეა მისი ძალაც”. ადგა გედეონი, განგმირა ზებახი და ცალმუნაყი და მათ აქლემებს ნახევარმთვარეები ჩამოხსნა კისრიდან.
22 . უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: "იუფლე ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელისგან”.
23 . უპასუხა გედეონმა: "მე არ ვიუფლებ თქვენზე და არც ჩემი ძე იუფლებს თქვენზე, უფალი უფლობდეს თქვენზე”.
24 . უთხრა გედეონმა: "ერთი თხოვნა მაქვს: თითოეულმა ერთი საყურე მომცეს თავისი ნადავლიდან”. ოქროს საყურეები ეკეთათ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.
25 . უპასუხეს: "მოგცემთ”. გაშალეს მოსასხამი და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნადავლიდან.
26 . ათას შვიდასი შეკელი იყო გამოთხოვილი ოქროს საყურეების წონა. გარდა მიდიანის მეფეებისგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდებისა, მეფეთა ძოწეულისა და აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ჯაჭვებისა.
27 . ეფოდი გააკეთა ამისგან გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. და მეძავობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლეულს.
28 . დაემორჩილა მიდიანი ისრაელის ძეებს, მეტად აღარ აუწევიათ თავი და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლის დღეებში.
29 . წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე და ცხოვრობდა თავის სახლში.
30 . სამოცდაათი ძე ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა.
31 . შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.
32 . მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიკრძალა მამის, იოაშის აკლდამაში, აბიყეზერის ყოფრაში.
33 . ბაყალის კვალზე გადაუხვიეს ისრაელის ძეებმა გედეონის სიკვდილის შემდეგ და ღმერთად დაიდგეს ბაყალ-ბერითი.
34 . აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ირგვლივ მყოფი ყველა მტრის ხელიდან იხსნა ისინი.
35 . არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . უთხრეს იოაბს: "აჰა, ტირის მეფე, აბესალომს გლოვობს”.
2 . და გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვება მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, რომ წუხდა მეფე თავის ძეზე.
3 . ჩუმად მოიპარებოდა იმ დღეს ქალაქში ხალხი, როგორც ბრძოლის ველიდან უკუქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე.
4 . სახე დაიფარა მეფემ და ხმამაღლა მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
5 . მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: "სირცხვილში ჩააგდე დღეს ყველა შენი მსახური, რომელთაც გადაგირჩინეს ვაჟები, ასულები, ცოლები და ხარჭები.
6 . შენი მოძულენი შეგყვარებია და მოყვარულნი შეგძულებია; დღეს დაგვანახე, რომ არაფრად აგდებ არც მთავრებს და არც მსახურებს. ახლა ვხვდები, რომ გერჩია აბესალომი გყოლოდა ცოცხალი, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
7 . ახლა ადექი და გადი, გული გაუმაგრე შენს მსახურთ, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამაღამ. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია”.
8 . ადგა მეფე და დაჯდა კარიბჭესთან. ამცნეს ხალხს: აჰა, კარიბჭესთან ზის მეფე. და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
9 . ასე ამბობდა ხალხი ისრაელის ყოველ ტომში: "მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და ფილისტიმელთაგან გაგვათავისუფლა. ახლა კი, თავად გაიქცა ქვეყნიდან აბესალომის გამო.
10 . ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?”
11 . კაცი გაგზავნა მეფე დავითმა ცადოკ და აბიათარ მღვდლებთან და შეუთვალა: "ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რაღად აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა უკვე მოაღწია მთელი ისრაელის სიტყვამ მეფემდე მის სახლში?
12 . ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
13 . ყამასას უთხარით: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ!”
14 . ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდას გული და მათაც შეუთვალეს მეფეს: "დაბრუნდი შენს მსახურებთან ერთად”.
15 . დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდა მივიდა გილგალს, რომ მიჰგებებოდა მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანა იგი.
16 . შიმყა გერას ძემ, ბენიამინელმა, რომელიც ბახურიმიდან იყო, იჩქარა და იუდასთან ერთად ჩამოვიდა მეფე დავითის შესახვედრად.
17 . თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.
18 . გაღმა გავიდა ბორანი, რომ მეფის სახლი გადმოეყვანა და კეთილად მომსახურებოდნენ. იორდანე რომ გადმოლახა მეფემ, დაემხო მის წინაშე შიმყა გერას ძე.
19 . უთხრა მეფეს: "დანაშაულად ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი, ნუ გაიხსენებს, რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში წყენას ნუ ჩაიდებს მეფე.
20 . რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, იოსების მთელი სახლიდან პირველი მოვედი დღეს, რომ მივგებებოდი მეფეს, ჩემს ბატონს”.
21 . თქვა აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "განა არ უნდა მოკვდეს შიმყა, იმის გამო, რომ დაწყევლა უფლის ცხებული?”
22 . უთხრა დავითმა: "რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ გამოსულხართ დღეს ჩემს წინააღმდეგ? განა დღეს ვინმე უნდა მოკვდეს ისრაელში, როცა გავიგე, რომ კვლავ ისრაელის მეფე ვარ?”
23 . უთხრა მეფემ შიმყას: "არ მოკვდები”. და შეჰფიცა მეფემ.
24 . მეფიბოშეთიც ჩამოვიდა, საულის ძე, მეფესთან მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუსწორებია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლიდან მისი მშვიდობით დაბრუნების დღემდე.
25 . როდესაც მივიდა მეფესთან შესახვედრად, ჰკითხა მეფემ: "ჩემთან ერთად რატომ არ წამოხვედი, მეფიბოშეთ?”
26 . უპასუხა: "მეფევ ბატონო! ჩემმა მსახურმა მომატყუა. ვუთხარი შენმა მორჩილმა, სახედარი შემიკაზმე-მეთქი, რათა შევმჯდარიყავი და გავყოლოდი მეფეს, რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
27 . ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
28 . განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეთა შორის დაისვი შენი მსახური, რა უფლება მაქვს, ვიწუწუნო მეფის წინაშე?”
29 . მიუგო მეფემ: "რატომღა ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები”.
30 . უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: "ყველაფერი წაიღოს, რაკი მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში”.
31 . ბარზილაი გილყადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა.
32 . ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან დიდი შეძლების კაცი იყო.
33 . უთხრა მეფემ ბარზილაის: "გადმომყევი მეორე მხარეს და მე გარჩენ იერუსალიმში”.
34 . მიუგო ბარზილაიმ მეფეს: "რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
35 . ოთხმოცი წლისა ვარ. განაღა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა გალობის მოსმენა? რატომ დავუმატო ტვირთი მეფეს, ჩემს ბატონს?
36 . ცოტაზე კიდევ გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასეთი წყალობით რისთვის უნდა მაჯილდოვებდეს მეფე?
37 . ნება მიეცი შენს მსახურს, რომ დაბრუნდეს თავის ქალაქში და თავისი დედ-მამის საფლავთან მოკვდეს. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს”.
38 . უპასუხა მეფემ: "ქიმჰამი გადმოვა ჩემთან ერთად მეორე მხარეს და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებ”.
39 . და გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. აკოცა მეფემ ბარზილაის, აკურთხა და ისიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
40 . გილგალისკენ გაემართა მეფე და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ხალხის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
41 . აჰა, მთელი ისრაელი მოვიდა მეფესთან და უთხრა: "რატომ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, რომ მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს მეორე მხარეს გადაეყვანათ?”
42 . უპასუხეს იუდას კაცებმა ისრაელის კაცებს: "იმიტომ, რომ ჩვენი ახლო ნათესავია მეფე. რატომ გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფის ხარჯზე გვიჭამია, ან განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?”
43 . მიუგეს ისრაელის კაცებმა იუდას კაცებს: "ათი წილი გვერგება მეფეში და დავითიც თქვენზე მეტად გვეკუთვნის. რად დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?” მაგრამ ისრაელზე უფრო მკაცრად ლაპარაკობდა იუდა.
1 . სამ წელიწადს, წლიდან-წლამდე შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: "საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამო ხდება ეს ამბავი, რადგან გაწყვიტა გაბაონელნი
2 . დაუძახა მეფემ გაბაონელებს და ელაპარაკა. გაბაონელნი ისრაელის ძენი კი არა, გადარჩენილ ამორელთა შთამომავალნი იყვნენ. შეჰფიცეს მათ ისრაელის ძეებმა, მაგრამ მაინც ცდილობდა მათ გაწყვეტას საული, ისრაელისა და იუდას ძეთა მიმართ მოშურნეობის გამო.
3 . ჰკითხა დავითმა გაბაონელებს: "რა გაგიკეთოთ, რომ ცოდვა გამოვისყიდო და აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?”
4 . მიუგეს გაბაონელებმა: "არც ვერცხლი გვინდა და არც ოქრო საულისა და მისი სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ჩვენს გამო ვინმე მოკლან ისრაელში”. თქვა მეფემ: "რასაც იტყვით, აგისრულებთ”.
5 . უთხრეს მეფეს: "გვავიწროებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
6 . ამიტომ მოგვეცით შვიდი კაცი მის ნაშიერთაგან და ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: "მოგცემთ”.
7 . დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, უფლისადმი ფიცის გამო, რომელიც დავითსა და იონათან საულის ძეს შორის იყო დადებული.
8 . წამოიყვანა მეფემ აიას ასულის რიცფას ორი ვაჟი არმონი და მეფიბოშეთი, რომლებიც უშვა საულს და მიქალის, საულის ასულის ხუთი ვაჟი, რომლებიც ყადრიელ მეხოლათელი ბარზილაის ძეს უშვა.
9 . გადასცა გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაეცა შვიდივე ერთად. მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში დახოცეს ისინი.
10 . აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, კლდეზე დაიფინა და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციდან წყალმა არ იწვიმა მათზე; დღისით ცის ფრინველებს უგერიებდა გვამებს და ღამით ნადირს.
11 . შეატყობინეს დავითს რიცფას, საულის ხარჭის საქციელი.
12 . წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გილყადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც ბეთ-შანის მოედნიდან მოიპარეს ისინი, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა განგმირეს საული ფილისტიმელებმა გილბოაყში.
13 . წამოიღო იქიდან საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები და მოაგროვეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.
14 . დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, მამამისის კიშის სამარხში. ყველაფერი შეასრულეს, რაც ბრძანა მეფემ. ამის შემდეგ შეიწყალა ღმერთმა ქვეყანა.
15 . ისევ დაიწყო ომი ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. წამოვიდა დავითი თავის მსახურებთან ერთად და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. მოიქანცა დავითი.
16 . მაშინ იშბი-ბენობმა, ბუმბერაზის შთამომავალმა, რომელსაც წონით სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ეჭირა ხელში და წელზე ახალი მახვილი ეკიდა, განიზრახა მოეკლა დავითი.
17 . მაგრამ მიეშველა აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. მაშინ დააფიცეს დავითი მასთან მყოფმა კაცებმა და უთხრეს: "აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საომრად, რომ არ ჩააქრო ისრაელის ლამპარი”.
18 . ამის შემდეგ კვლავ მოხდა შეტაკება ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც ასევე ბუმბერაზის შთამომავალთაგანი იყო.
19 . კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; იქ ელხანანმა, იაყრე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა განგმირა გითელი ბუმბერაზი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
20 . გითში კიდევ მოხდა ბრძოლა; იყო იქ ერთი უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებსა და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზის ნაშიერი იყო.
21 . აბუჩად იგდებდა იგი ისრაელს, მაგრამ იონათან შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა მოკლა იგი.
22 . ეს ოთხნი იყვნენ ბუმბერაზთა ნაშიერთაგან გითში; და ყველანი დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.
1 . უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც გააკეთა ელიამ. ისიც უთხრა, მახვილით რომ დახოცა წინასწარმეტყველნი.
2 . მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: "ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს”.
3 . ეს რომ გაიგო ელიამ, ადგა და გაიქცა, თავი რომ გადაერჩინა. მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და იქ დატოვა თავისი მსახური,
4 . თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, მივიდა ერთ ბელეკონის ბუჩქთან და მის ქვეშ დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: "ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან არა ვარ ჩემს მამებზე უკეთესი”.
5 . დაწვა და დაიძინა ბელეკონის ბუჩქის ქვეშ. და აჰა, ანგელოზი შეეხო და უთხრა: "ადექი, ჭამე”.
6 . გაიხედა ელიამ და აჰა, ნაკვერჩხლებზე გამომცხვარი ნამცხვარი და წყლით სავსე ქილა უდგას სასთუმალთან. შეჭამა, დალია და ისევ დაწვა.
7 . მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: "ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”.
8 . ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
9 . მივიდა მღვიმემდე და ღამე იქ გაათია. აჰა, უფლის სიტყვა იყო მის მიმართ და უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
10 . თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
11 . უთხრა უფალმა: "წადი და მთაზე დადექი უფლის წინაშე”. აჰა, ჩაიარა უფალმა, მოჰყვა მას დიდი და ძლიერი ქარი, მთებს შლიდა და კლდეებს ამსხვრევდა უფლის წინაშე, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.
12 . მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე - ჩუმი, ნაზი ხმა.
13 . მოისმინა ელიამ და მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, ხმა მოესმა; უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
14 . თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
15 . უთხრა უფალმა: "წადი, გაბრუნდი დამასკოს უდაბნოს გზით; და როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
16 . იეჰუ ნიმშის ძეს ისრაელზე სამეფოდ სცხე, ელისე შაფატის ძეს კი აბელ-მეხოლადან, სცხე, რათა შენს ნაცვლად წინასწარმეტყველებდეს.
17 . ისე იქნება, რომ ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება იეჰუ მოკლავს; და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება - ელისე მოკლავს.
18 . მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”.
19 . წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, მიწას ხნავდა, თორმეტი უღელი ხარი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.
20 . მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: "გამიშვი, ვაკოცებ ჩემს დედ-მამას და მერე გამოგყვები”. უთხრა ელიამ: "გაბრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?”
21 . დაბრუნდა, აიყვანა უღელი ხარი და დაკლა, ხარის უღლით ხორცი მოხარშა, ხალხს დაუნაწილა და ხალხმაც ჭამა. ადგა, გაჰყვა ელიას და ემსახურებოდა.
1 . მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთს წინასწარმეტყველთა ძეთაგან და უთხრა: "სარტყელი შეიბი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და გილყადის რამოთს წადი.
2 . მიდი და მოძებნე იეჰუ, ნიმშის ძის, იოშაფატის ძე; წამოაყენე მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვანე.
3 . აიღე ზეთის ჭურჭელი და ზეთი დაასხი თავზე, უთხარი: - ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარი გააღე და გაიქეცი, ნუღარ მოიცდი”.
4 . წავიდა ეს ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გილყადის რამოთს.
5 . მივიდა და, აჰა, სხედან ჯარის სარდალნი; უთხრა: "სიტყვა მაქვს შენთვის, მთავარო”. თქვა იეჰუმ: "რომელ ჩვენგანთან?” მიუგო: "შენთან, მთავარო”.
6 . ადგა და შევიდა სახლში, ზეთი გადაასხა თავზე და უთხრა: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ხალხის, ისრაელის მეფედ.
7 . შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს და შურს იძიებ ჩემი წინასწარმეტყველი მსახურების სისხლისა და უფლის ყველა მსახურის სისხლის გამო.
8 . დაიღუპება ახაბის მთელი სახლი და მოვუსპობ ახაბს კედელზე მიმშარდავს ისრაელში, მონასაც და თავისუფალსაც.
9 . ვაქცევ ახაბის სახლს, იერობყამ ნაბატის ძის და ბაყაშა ახიას ძის სახლებივით.
10 . იეზებელს კი იზრეყელის ველზე ძაღლები შეჭამენ და არავინ იქნება მისი დამმარხველი”. გააღო კარი და გაიქცა.
11 . გამოვიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან; ჰკითხეს: "ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?” მიუგო: "ეგ კაციც იცით და მისი ლაპარაკიც”.
12 . მიუგეს: "ტყუი, ახლავე გვითხარი სიმართლე!” უპასუხა: "ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებო ისრაელის მეფედ”.
13 . სწრაფად აიღო თითოეულმა თავისი სამოსელი და საფეხურებზე დაუფინეს, საყვირს ჩაჰბერეს და თქვეს: "გამეფდა იეჰუ”.
14 . შეთქმულება მოუწყო იეჰუმ, იოშაფატის ძემ, ნიმშის შვილიშვილმა, იორამს, როცა იგი მთელ ისრაელთან ერთად გილყადის რამოთს იცავდა, ხაზაელის, არამის მეფისგან.
15 . თავად მეფე იორამი იზრეყელში დაბრუნდა ხაზაელთან, არამის მეფესთან ბრძოლის დროს არამელთაგან მიყენებული ჭრილობების მოსარჩენად. თქვა იეჰუმ: "თუ თანახმა ხართ (რომ ვიმეფო), არავინ გაუშვათ ქალაქიდან იზრეყელში ამბის მისატანად”.
16 . ამხედრდა იეჰუ და წავიდა იზრეყელისკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფე ახაზიაც იქ იყო მისული იორამის მოსანახულებლად”.
17 . გუშაგი იდგა კოშკზე იზრეყელში; დაინახა იეჰუს მხედართა რაზმი რომ მოდიოდა და თქვა: "რაზმს ვხედავ”. უთხრა იორამმა: "გაგზავნე მხედარი, მიეგებოს და ჰკითხოს, ხომ მშვიდობაა-თქო?”
18 . წავიდა მხედარი შესახვედრად და უთხრა: "ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობააო?” უპასუხა იეჰუმ: "შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? მე გამომყევი!” შეატყობინა გუშაგმა მეფეს: "მივიდა მათთან მოციქული მაგრამ უკან აღარ ბრუნდება”.
19 . მეორე მხედარი გაგზავნა; ისიც მივიდა მათთან და უთხრა: "ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობააო?” უპასუხა იეჰუმ: "შენ არავინ გეკითხება მშვიდობას. უკან გამომყევი!”
20 . შეატყობინა გუშაგმა მეფეს: "მივიდა მათთან მოციქული, მაგრამ აღარ ბრუნდება. ეტლს იეჰუ ნიმშის ძესავით მართავს, რადგან შეშლილივით იქცევა”.
21 . თქვა იორამმა: "შემიკაზმეთ!” შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამი, ისრაელის მეფე და ახაზია, იუდას მეფე, თითოეული თავისი ეტლით. გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეხვდნენ ნაბოთ იზრეყელელის ველზე.
22 . დაინახა იორამმა იეჰუ და თქვა: "ხომ მშვიდობაა, იეჰუ?” უპასუხა: "რა მშვიდობა უნდა იყოს იეზებელის, დედაშენის მრუშობისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?”
23 . უკან გატრიალდა იორამი, გაიქცა და უთხრა ახაზიას: "ღალატია, ახაზია!”
24 . მთელი ძალით მოზიდა მშვილდი იეჰუმ და ბეჭთა შორის დაჰკრა, ისე რომ გულამდე გავიდა ისარი; ჩაიმუხლა თავის ეტლზე იორამმა.
25 . უთხრა იეჰუმ ბიდკარს, თავის მხლებელს: "აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის მიწაზე; გაიხსენე, მე და შენ ერთად მივყვებოდით ცხენდაცხენ ახაბს, მამამისს, ეს რომ მიუსაჯა უფალმა:
26 . განა ნაბოთის სისხლი და მისი ძეების სისხლი არ ვიხილე გუშინ? ამბობს უფალი. ამავე მიწაზე მოგაგებ სამაგიეროს, ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე მინდორში უფლის სიტყვისამებრ”.
27 . ეს რომ ახაზიამ, იუდას მეფემ დაინახა, ბეთ-ჰაგანის გზით გაიქცა. დაედევნა იეჰუ და ყვიროდა: "ეგეც მოკალით თავისივე ეტლში”. დაიჭრა იგი გურის აღმართზე, იბლეყამთან, მეგიდოში გაიქცა და იქ მოკვდა.
28 . წაასვენეს მისმა მსახურებმა იერუსალიმს და საკუთარ სამარხში, თავის მამებთან, დავითის ქალაქში დამარხეს.
29 . იორამ ახაბის ძის მეფობის მეთერთმეტე წელს, გამეფდა ახაზია იუდაზე.
30 . მივიდა იეჰუ იზრეყელში. იეზებელმა რომ შეიტყო, თვალები შეიღება, თავი გაილამაზა და სარკმელში გაიხედა.
31 . შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, გადმოსძახა იეზებელმა: "ნუთუ მშვიდობითაა ზიმრი, საკუთარი ბატონის მკვლელი?”
32 . ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: "ვინაა ჩემკენ, ვინ?” ორმა-სამმა საჭურისმა გადმოიხედა.
33 . უთხრა იეჰუმ: "გადმოაგდეთ ეგ ქალი”. გადმოაგდეს; მისი სისხლი კედელსა და ცხენებს მიესხა და გადათელეს იგი.
34 . მივიდა იეჰუ, ჭამა და სვა, თქვა: "მიხედეთ იმ წყეულს და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია”.
35 . წავიდნენ მის დასამარხად, მაგრამ ვეღარაფერი ნახეს მისგან, მხოლოდ თავის ქალა, ფეხები და ხელის მტევნები.
36 . დაბრუნდნენ და უამბეს იეჰუს. თქვა: "ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა თავისი მსახურის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იეზებელის ხორცს.
37 . და იქნება იეზებელის გვამი, როგორც ნეხვი მინდორში, იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვას - აი, ეს არისო იეზებელი”.
1 . რვა წლის იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იედიდა, ადაიას ასული, ბაცეკათიდან.
2 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დადიოდა მამამისის, დავითის გზით, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
3 . გამეფებიდან მეთვრამეტე წელს ამ დავალებით გაგზავნა მეფე იოშიამ უფლის ტაძარში შაფანი, აცალიაჰუს ძე, მეშულამ მწიგნობრის შთამომავალი:
4 . „ადი მღვდელმთავარ ხილკიასთან და გადათვალოს უფლის ტაძარში შეწირული ფული, რომელიც ხალხისგან შეაგროვეს კარიბჭის მცველებმა.
5 . გადასცენ მოხელეებს, უფლის სახლის მეთვალყურეებს; მათ კი უფლის ტაძარში მომუშავეებს მისცენ ტაძრის შესაკეთებლად:
6 . ხუროებს, მშენებლებსა და კალატოზებს - ხისა და თლილი ქვების საყიდლად, რათა შეკეთდეს სახლი”.
7 . ოღონდ ანგარიშს ნუ მოსთხოვენ მათ, ვისაც ფულს ხელში მისცემენ, რადგან ყოველივეს ერთგულად აკეთებენ ისინი”.
8 . უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში”. მისცა ხილკიამ შაფანს წიგნი და წაიკითხა მან.
9 . მივიდა შაფან მწიგნობარი მეფესთან და მოახსენა: „წამოყარეს შენმა მსახურებმა ფული, რომელიც ტაძარში იყო და უფლის სახლში განწესებულ მოხელეებს გადასცეს”.
10 . აუწყა შაფან მწიგნობარმა მეფეს: „წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა”. წაიკითხა შაფანმა მეფის თანდასწრებით.
11 . მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები და სამოსელი შემოიხია.
12 . ასე უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, აქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწიგნობარს და ასაიას, მეფის მსახურს:
13 . „წადით, ჰკითხეთ უფალს ჩემთვის, ჩემი ხალხისა და მთელი იუდასთვის ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო, რადგან დიდი რისხვა აღენთო უფალს ჩვენზე, ვინაიდან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები, რათა ყოველივე ისე აღესრულებინათ, როგორც დაწერილია”.
14 . წავიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, აქბორი, შაფანი და ასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომელიც თიკვას შვილიშვილის, სამოსელთა მცველის, შალუმ ხარხასის ძის ცოლი იყო და იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა; ელაპარაკნენ.
15 . უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით კაცს, რომელმაც ჩემთან მოგავლინათ,
16 . ასე ამბობს-თქო უფალი: მე მოვავლენ ბოროტს ამ ადგილსა და მის მცხოვრებლებზე, ავასრულებ წიგნის ყოველ სიტყვას, რომელიც წაიკითხა იუდას მეფემ,
17 . რადგან მიმატოვეს და უცხო ღმერთებს უკმევდნენ, რათა განმარისხონ თავიანთი საქმიანობით; ანთებულია ჩემი გულისწყრომა ამ ადგილზე და არ ჩაქრება!
18 . ასე უთხარით იუდას მეფეს, უფალთან დასაკითხად თქვენს მომავლინებელს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმ სიტყვებზე, რომლებიც ისმინე:
19 . რადგან მოლბა შენი გული და მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც ამ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე მაქვს ნათქვამი, რომ გაუდაბურდებიან და დაიწყევლებიან ისინი, შემოიხიე სამოსელი და მოსთქვამდი ჩემ წინაშე, მეც ამიტომ გისმინე, ბრძანებს უფალი.
20 . აჰა, ამიტომაც წაგიყვან შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ საფლავში და არ იხილავს შენი თვალი ყველა იმ ბოროტებას, რომელსაც ამ ადგილს მოვუვლენ!” გადასცეს მეფეს ეს სიტყვები.
1 . ამ ამბების შემდეგ ართახშასთას მეფობისას სპარსეთში, ეზრა ძე სერაიასი, აზარიასი, ხილკიასი,
2 . შალუმისა, ცადოკისა, ახიტუბისა,
3 . ამარიასი, ყაზარიასი, მერაიოთისა,
4 . ზერახიასი, ყუზისა, ბუკისა,
5 . აბიშუაყისა, ფინხასისა, ელეაზარისა, აჰარონ მღვდელმთავრისა -
6 . ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან. უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული მწიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას, მისი თხოვნისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
7 . ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ძეთაგან, მღვდლები, ლევიანნი, მგალობელნი, კარიბჭის მცველნი და ნეთინელნი (ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი) იერუსალიმში, ართახშასთას მეფობის მეშვიდე წელს.
8 . და მივიდა იგი იერუსალიმში მეფობის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს.
9 . ბაბილონიდან პირველი თვის პირველ დღეს გამოვიდა, იერუსალიმში კი მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა, ვინაიდან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე,
10 . რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.
11 . აი, იმ წერილის პირი, რომელიც მეფე ართახშასთამ მისცა ეზრა მღვდელსა და მწიგნობარს, რომელიც უფლის მცნებებსა და დადგენილებებს წერდა ისრაელისთვის.
12 . „მეფეთ მეფე ართახშასთა, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა!
13 . განკარგულებას ვიძლევი, რომ ყოველი მსურველი ისრაელის ხალხთაგან ჩემს სამეფოში, მათი მღვდელნი და ლევიანნი, ვინც ისურვებს შენთან ერთად იერუსალიმში წასვლას, წავიდეს.
14 . რადგან მეფისა და მისი შვიდი მრჩევლის მიერ ხარ წარგზავნილი, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღმერთის რჯულის მიხედვით გამოიკვლიო რა ხდება იუდეასა და იერუსალიმში;
15 . და რომ წაიღო იქ ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს იერუსალიმში დავანებულ ისრაელის ღმერთს,
16 . და მთელი ოქრო-ვერცხლისა, რამდენსაც მოიძიებ მთელ ბაბილონის მხარეში, ხალხისგან თუ მღვდელთაგან, რასაც კეთილი ნებით შესწირავენ ღვთის სახლს, რომელიც იერუსალიმშია.
17 . ამიტომ, ამ ფულით, დაუყოვნებლივ შეიძინე ზვარაკნი, ცხვარნი, კრავნი, თავის პურეულ და საღვრელ შესაწირებთან ერთად და შესწირე ყოველივე ღვთის სახლის სამსხვერპლოზე, რომელიც იერუსალიმშია.
18 . დანარჩენი ოქრო-ვერცხლით კი ის გააკეთეთ, რასაც კეთილად მიიჩნევთ შენ და შენი ძმები, თქვენი ღმერთის ნების თანახმად.
19 . ჭურჭელი, რომელიც შენი ღვთის სახლის მსახურებისთვის მოგეცა, სრულად მიიტანე იერუსალიმში ღვთის წინაშე.
20 . დანარჩენი, რის გაცემაც დაგჭირდება შენი ღმერთის სახლის გამო, სამეფო სასახლის საგანძურიდან გაეცი.
21 . მე კი, მეფე ართახშასთა, განკარგულებას გავცემ მდინარისგაღმელი ყოველი ხაზინადარისადმი: ყველაფერი, რასაც ეზრა მღვდელი, ციური ღმერთის რჯულის მწერალი გთხოვთ, აღსრულდეს გულმოდგინებით!
22 . ას ტალანტამდე ვერცხლი, ას საწყაულამდე ხორბალი, ას-ას ბათამდე ღვინო და ზეთი, მარილი კი აუწყველად.
23 . ყოველივე, რაც ცათა ღმერთისგან არის ნაბრძანები, სიზუსტით უნდა აღსრულდეს ცათა ღმერთის სახლისთვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფესა და მის ძეებს?
24 . გიბრძანებთ, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, კარიბჭის მცველსა თუ ღვთის სახლის მსახურს არ დაეკისროს გადასახადი, მოსაკრებელები ან ხარკი.
25 . შენ კი, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მთელი ხალხი მდინარის გაღმა, ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ!
26 . ის, ვინც არ დაემორჩილება შენი ღვთის რჯულსა და მეფის კანონს, მყისვე გაასამართლონ და აღასრულონ სამართალი: სიკვდილი თუ განდევნილება, ქონების ჩამორთმევა თუ დატუსაღება”.
27 . კურთხეულია უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც ჩაუდო ეს მეფის გულს, რათა შეიმკოს უფლის სახლი, რომელიც იერუსალიმშია.
28 . წყალობა მაპოვნინა მეფის, მისი მრჩევლებისა და მთელი მისი ძლევამოსილი მთავრების წინაშე; მტკიცედ ვიყავი, რადგან უფლის, ჩემი ღვთის ხელი იყო ჩემზე და შევკრიბე ისრაელის მთავარნი, ჩემთან ერთად რომ ამოსულიყვნენ.
1 . როცა გაიგო სანბალატმა, რომ კედელს ვაშენებთ, გაბრაზდა, ძალიან განრისხდა და დაცინვა დაუწყო იუდაელებს.
2 . თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: "რას აკეთებენ ეს უსუსური იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ შეძლებენ ქვების აღდგენას დანაცრებული ნანგრევებიდან?”
3 . მის გვერდით მდგომმა ყამონელმა ტობიამ კი მიუგო: "მელაც რომ მიადგეს, ისიც კი დაანგრევს მათ მიერ აშენებულ ქვის კედელს!”
4 . ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოგვიძულეს, მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე და ნადავლად აქციე ისინი თავისი ტყვეობის ქვეყანაში!
5 . ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და შენ წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ მშენებლებს.
6 . ავაშენეთ ქალაქის კედელი და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, რადგან ხალხს გული ერჩოდა საქმის საკეთებლად.
7 . როცა გაიგეს სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა, რომ შენდებოდა იერუსალიმის კედლები და ბზარები მთელდებოდა, ძალიან გაბრაზდნენ.
8 . ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და არეულობის მოსაწყობად.
9 . ჩვენ კი ვილოცეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და დაცვა დავაყენეთ მათ გამო დღითა და ღამით.
10 . თქვა იუდამ: „ძალა ეცლებათ ტვირთის მზიდავებს, ნაგავი კი უამრავია: ამის გამო აღარ ძალგვიძს კედლის შენება”.
11 . ჩვენი მტრები კი ამბობდნენ: "ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, ამოვხოცავთ და შევაჩერებთ სამუშაოს.
12 . მოვიდნენ მათ გარშემო მცხოვრები იუდაელები და ათჯერ მაინც გვეუბნებოდნენ: "მოგვიბრუნდებიან და ყოველი მხრიდან თავს დაგვესხმიან”.
13 . მაშინ, დაბლობ ადგილებში, კედლის უკან და მოშიშვლებულ ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოების მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
14 . შევხედე, ავდექი და ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ დიდი და საშინელი უფალი და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლებისა და სახლების გულისთვის”.
15 . როცა გაიგეს ჩვენმა მტრებმა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი განზრახვა, ჩაშალა ღმერთმა მათი გეგმები და ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე.
16 . იმ დღიდან მოყოლებული მსახურთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მეორე ნახევარს კი აბჯრით შემოსილებს ხელში შუბები, ფარები და მშვილდები ეჭირათ. ხოლო მთავრები იუდას სახლის უკან იდგნენ.
17 . კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ, ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.
18 . თითოეული მშენებელი წელზე მახვილშებმული აშენებდა, მებუკე კი ჩემ გვერდით იყო.
19 . ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "საქმე დიდია და ვრცელი, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.
20 . ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმას გაიგონებთ იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის.
21 . ასე ვაგრძელებდით საქმის კეთებას, ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა გამოჩენამდე შუბები ეჭირათ ხელში.
22 . იმ დროს ვუთხარი ხალხს: "თითოეულმა თავისი მსახურით იერუსალიმში გაათიოს ღამე, ისე რომ, ღამით გუშაგად იქნება ჩვენთვის, დღისით კი - მუშაკად”.
23 . არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურები და არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, სამოსელს არ ვიხდიდით; თითოეულს მაშინაც კი მახვილი გვეჭირა ხელში, როცა წყალზე მივდიოდით.
1 . ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
2 . ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
3 . ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
4 . გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
5 . რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6 . შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7 . ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8 . მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9 . და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10 . და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11 . წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12 . და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
13 . აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14 . და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15 . და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16 . და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
17 . გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18 . და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19 . გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20 . და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21 . დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
22 . საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23 . დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
24 . მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
25 . დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26 . მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27 . და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
28 . დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
29 . განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
30 . წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
31 . ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32 . გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33 . რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34 . არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35 . აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36 . ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
37 . შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
38 . დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39 . შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40 . მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41 . და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
42 . ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43 . მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44 . იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45 . გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46 . აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
47 . გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
48 . კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
1 . ამიტომ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის; თუმცა პირვანდელ ჟამს დამცირდა ზებულუნისა და ნაფთალის ქვეყანა, უკანასკნელ ჟამს განდიდდება ზღვის გზა იორდანეს გაღმა და წარმართთა გალილეა.
2 . დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.
3 . შენ გაამრავლე ერი და გული გაუმხიარულე; შენ წინაშე ხარობდნენ ისინი, როგორც მოსავლის აღებისას ხარობენ, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.
4 . როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი.
5 . რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება.
6 . რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
7 . განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
8 . სიტყვა გაუგზავნა უფალმა იაკობს და ისრაელზე მოვიდა იგი.
9 . გაიგებს ხალხი, მთელი ეფრემი და მცხოვრებნი სამარიისა, სიამაყითა და დიდგულობით მთქმელნი:
10 . "აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ; ნეკერჩხალი გაიჩეხა, კედარით შევცვლითო”.
11 . ამიტომ გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ რეცინის შემჭირვებლებს და წააქეზებს მის მტრებს:
12 . არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან და სიხარბით შთანთქავენ ისრაელს, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.
13 . ხალხიც არ მიუბრუნდა თავის მომსვრელს და ცაბაოთ უფალი არ მოიძია.
14 . ერთ დღეს წააცლის უფალი ისრაელს თავსა და კუდს, რტოსა და ღეროს.
15 . უხუცესი და დიდებული - თავია, წინასწარმეტყველი კი სიცრუეს რომ ასწავლის - კუდი.
16 . აცდენენ ამ ხალხს მათი წინამძღოლნი და, ვინც მათ მიყვება შთაინთქმებიან.
17 . ამიტომ არ ახარებს უფალს მათი ყმაწვილები და არც ქვრივ-ობლებს სწყალობს, ვინაიდან ყველა ურჯულო და ავის მქმნელია; უკეთურად მოლაპარაკეა ყოველი ბაგე; არც მისი რისხვა შებრუნდება და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
18 . ვინაიდან ცეცხლივით გიზგიზებს ბოროტება, შთანთქავს ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და ჯაგნარს, ტყის უღრანს წაეკიდება და ამოიმართება კვამლის სვეტები.
19 . გადაიბუგა ქვეყანა ცაბაოთ უფლის წყრომისგან და ცეცხლის კერძად იქცა ხალხი, ისე, რომ კაცი თავის ძმას აღარ ინდობს.
20 . მოჰკვეთს მარჯვნივ და მშიერი დარჩება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება; თითოეული თავის მკლავის ხორცს შეჭამს;
21 . მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს და ორივე ერთად იუდას წინააღმდეგ. მაინც არ შებრუნებულა მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
1 . "ვინ მისცემს ჩემს თავს წყლებს და ჩემს თვალებს ცრემლის ნაკადებს? დღე და ღამე ვიტირებდი ჩემი განგმირული ხალხის ასულისთვის!
2 . ვინ მომცემს უდაბნოში მგზავრთა თავშესაფარს? დავტოვებდი ჩემს ხალხს, გავეცლებოდი, რადგან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა ხროვა.
3 . მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ”, - ამბობს უფალი.
4 . თითოეული საკუთარ მოყვასს უფრთხილდით, ძმასაც არ ენდოთ, რადგან ძმა ძმაზე მზაკვრობს და მოყვასი მოყვასზე ცილისმწამებლობს.
5 . მოყვასი მოყვასს ატყუებს, სიმართლეს არ ლაპარაკობს, ენა სიცრუის ლაპარაკს მიაჩვიეს, ქანცი გაუწყდათ თაღლითობით.
6 . "ვერაგი ხალხის შუაგულში ცხოვრობ და თავიანთი ვერაგობის გამოა, რომ უარი თქვეს ჩემს შეცნობაზე” - ამბობს უფალი.
7 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გამოვადნობ მათ და გამოვცდი, აბა, ჩემს ცოდვილ ხალხს სხვაგვარად როგორღა მოვექცე?!
8 . მომსვრელი ისარია მათი ენა, მზაკვრულად ლაპარაკობენ, პირით მშვიდობას უსურვებენ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.
9 . განა არ დავსჯი მათ ამის გამო? - ამბობს უფალი, განა არ მივაგებ მათი დამსახურებისამებრ ასეთ ხალხს, როგორიც ესაა?
10 . მთებისთვის ვიტირებ და ვიქვითინებ, უდაბნოს საძოვრებისთვის ვიგლოვებ, რადგან გადაიბუგნენ, აღარავინაა გამვლელი, აღარც სამწყსოს ხმა ისმის, გაიფანტა ყველა: ცის ფრინველიდან პირუტყვამდე წავიდნენ.
11 . ქვის გროვად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავატიალებ იუდას ქალაქებს, მცხოვრებთა გარეშე დავტოვებ.
12 . არის კი ვინმე ბრძენი, რომ მიხვდეს ამას? ვის ელაპარაკა უფლის ბაგე, რომ თქვას, რისთვის დაიღუპა ქვეყანა, რისთვის გადაიბუგა როგორც უდაბნო, ისე, რომ აღარავინაა იქ გამვლელი.
13 . და თქვა უფალმა: "იმისთვის, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, მე რომ დავუდგინე, არ შეისმინეს ჩემი ხმა და არც მის მიხედვით იარეს,
14 . თავიანთი გულების სიფიცხით დადიოდნენ და ბაყალებს მიჰყვებოდნენ, როგორც მამებისგან ისწავლეს”.
15 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "აჰა, ვაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს.
16 . გავფანტავ მათ ხალხებში, რომლებსაც არ იცნობენ არც ისინი და არც მათი მამები, უკან კი მახვილს დავადევნებ, სანამ არ ამოვწყვეტ”.
17 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "დაუკვირდით და მოუხმეთ მოტირალთ, რომ მოვიდნენ; გაგზავნეთ ბრძენ ქალებთან, რომ ისინიც მოვიდნენ.
18 . იჩქარონ და აამაღლონ ჩვენზე მოთქმა-გოდება, რათა ცრემლები წამოგვცვივდეს თვალებიდან და ჩვენი ქუთუთოებიდან წყალმა იდინოს.
19 . რადგან მოთქმის ხმა ისმის სიონიდან: როგორ გავიძარცვეთ და შევრცხვით! ქვეყანა უნდა დავტოვოთ, რადგან გამოგვყარეს ჩვენი საცხოვრებლებიდან!”
20 . ახლა ისმინეთ, ქალებო, ამბობს უფალი, მოისმინოს თქვენმა ყურებმა სიტყვა მისი პირისა: "თქვენს ასულებს მოთქმა ასწავლეთ და ერთმანეთს - გოდება:
21 . რადგან სიკვდილი ამოძვრა ჩვენს სარკმლებზე, გამოსცდა ჩვენი ქალაქის გალავნებს, რათა ბავშვები ქუჩებში გაგვიწყვიტოს და ჭაბუკნი - მოედნებზე”.
22 . ილაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: "დაეცემიან ადამიანთა გვამები როგორც ნეხვი მინდორში, როგორც ძნა მომმკელის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი”.
23 . ასე ამბობს უფალი: "ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი - თავისი ძალით და მდიდარი - თავისი სიმდიდრით.
24 . არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!” - ამბობს უფალი.
25 . აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და დავსჯი ყველას, ვინც მხოლოდ ხორცით არის წინადაცვეთილი.
26 . ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონის ძეთ, მოაბსა და ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს, რომელნიც უდაბნოში ცხოვრობენ, რადგან ყველა ეს ხალხები წინადაუცვეთელნი არიან და ისრაელის მთელი სახლი კი გულითაა წინადაუცვეთელი”.
1 . მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს.
2 . უთხრა: "მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3 . ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.
4 . კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.
5 . ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ.
6 . უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებში - წინა ადგილებზე.
7 . მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.
8 . თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ.
9 . ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.
10 . ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე.
11 . უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს.
12 . ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.
13 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან კეტავთ ცათა სამეფოს ადამიანთა წინაშე; არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ ანებებთ შესვლას!
14 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.
15 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ, და როცა მოაქცევთ, გეენის ძედ გადააქცევთ, თქვენზე ორჯერ უარესად!
16 . ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს - არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო.
17 . უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია - ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
18 . და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.
19 . ბრმანო, რომელი უფრო დიდია - ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს?
20 . ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
21 . ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც.
22 . ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
23 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
24 . ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!
25 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.
26 . ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
27 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28 . ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
29 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს.
30 . და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31 . ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
32 . ბარემ ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო.
33 . იქედნეთა ნაშობო გველებო! გეენის მსჯავრს როგორ გაექცევით?
34 . ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს; თქვენ კი ზოგიერთს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
35 . რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.
36 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.
37 . იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
38 . აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.
39 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”
1 . ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2 . ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
3 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
5 . და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
6 . მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
7 . მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
8 . მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
9 . იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
10 . თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11 . ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12 . იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
13 . დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14 . სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15 . მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
16 . იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17 . ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
18 . რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
19 . და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
20 . თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
21 . ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
22 . ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
23 . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24 . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
25 . ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26 . ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
27 . ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28 . აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
29 . ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
30 . ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 . და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
32 . თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33 . თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
34 . თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
35 . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
36 . იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37 . ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38 . მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
39 . იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40 . მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
41 . და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
42 . ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
43 . არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44 . რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
45 . კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
46 . რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47 . ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
48 . იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
49 . ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.
1 . ამას რომ ელაპარაკებოდნენ ხალხს, თავს მღვდლები, ტაძრის მცველთა მეთაური და სადუკეველნი წამოადგნენ.
2 . გაღიზიანდნენ, ხალხს რომ ასწავლიდნენ და იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ.
3 . ხელი დაადეს მათ და მეორე დღემდე მცველებს ჩააბარეს, რადგან უკვე ბინდდებოდა.
4 . სიტყვის მომსმენთაგან კი მრავალმა ირწმუნა; და ხუთი ათასამდე მიაღწია კაცების რიცხვმა.
5 . მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები,
6 . ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის გვარიდან.
7 . შუაში ჩაიყენეს ისინი და ჰკითხეს: "რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?”
8 . მაშინ აღივსო პეტრე სულიწმიდით და უთხრა მათ: "ხალხის მთავარნო და უხუცესნო,
9 . თუ დღეს ამ უძლური კაცისადმი გაწეული ქველმოქმედების გამო მოგვეთხოვება პასუხი, როგორ განიკურნაო იგი.
10 . დაე, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენ წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, თქვენ რომ აცვით ჯვარს, ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა.
11 . ეს არის ლოდი, დაწუნებული თქვენგან, მშენებლებისგან, რომელიც ქვაკუთხედად იქმნა.
12 . სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”.
13 . ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას; იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნური და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ; თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ.
14 . ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საპასუხოს ვეღარაფერს ამბობდნენ.
15 . უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა.
16 . ამბობდნენ: "რა ვუყოთ ამ ხალხს? მათ მიერ მოხდენილი ცხადი სასწაული იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის არის ცნობილი და არ ძალგვიძს უარყოფა.
17 . მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით”.
18 . დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.
19 . მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: "თვითონ განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს?
20 . ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”.
21 . ხოლო ისინი დაემუქრნენ რა მათ, გაუშვეს, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, რადგან მთელი ხალხი ადიდებდა ღმერთს მომხდარის გამო.
22 . ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელიც სასწაულებრივად განიკურნა.
23 . ხოლო ისინი, როგორც კი გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი.
24 . ეს რომ მოისმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: "ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;
25 . შენ ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის პირით თქვი სულიწმიდით: რად ბობოქრობენ ხალხები და რატომ განიზრახავენ ერები ამაოებას?
26 . ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.
27 . რადგან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე, წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,
28 . რომ მოემოქმედათ ის, რაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ.
29 . ახლა კი, უფალო, შეხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, რომ მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა,
30 . როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის, იესოს სახელით”.
31 . და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.
32 . უამრავ მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა; და არც ერთი თავის ქონებას თავისად არ მიიჩნევდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
33 . მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე.
34 . არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა, საფასური მოჰქონდა და
35 . დებდა მოციქულთა ფერხთით; და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა.
36 . ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება) შეარქვეს, ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,
37 . გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,
2 . წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3 . თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
4 . სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
5 . რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
6 . რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი,
7 . ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
8 . უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება.
9 . მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10 . მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
11 . ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12 . რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13 . მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
14 . ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15 . ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16 . ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
17 . ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
18 . ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19 . იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.
20 . ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
21 . რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22 . თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23 . და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
25 . რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!
26 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27 . ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28 . და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
29 . აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30 . ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31 . უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
32 . იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
1 . ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,
2 . რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.
3 . ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამ
4 . რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.
5 . მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
6 . მაგრამ ისე კი არა, თითქოს ღვთის სიტყვა დაეცაო, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია.
7 . და ყველა, ვინც აბრაჰამის თესლია, მისი შვილი როდია, ვინაიდან ითქვა: "ისაკში იწოდება შენი თესლი”.
8 . ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.
9 . რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა: "ამ დროს მოვალ და ეყოლება სარას ძე”.
10 . და არა მარტო ეს, არამედ ასე დაემართა რებეკასაც, როცა მას ჩაესახა ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან;
11 . ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;
12 . საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: "უფროსი დაემონება უმცროსს”.
13 . როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.
14 . თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
15 . რადგან ეუბნება მოსეს: "მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
16 . ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
17 . ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: "სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.
18 . ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
19 . შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ?
20 . ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?
21 . ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22 . მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23 . რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
24 . ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
25 . როგორც ოსიაში ამბობს, არა ჩემს ხალხს ვუწოდებ ჩემს ხალხს და არა საყვარელს - საყვარელს.
26 . და იქნება, რომ სადაც ეთქვათ, არა ხართო ჩემი ხალხი, იქვე იწოდებიან ცოცხალი ღვთის ძეებად.
27 . ესაია კი ღაღადებს ისრაელზე: "ზღვის ქვიშასავით რომ იყოს ისრაელის ძეთა რიცხვი, ნაწილი გადარჩება”.
28 . რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ აღასრულებს უფალი დედამიწაზე.
29 . და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: "ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და დავემსგავსებოდით გომორელებს”.
30 . მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე: სიმართლე რწმენისაგან;
31 . ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში.
32 . რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე,
33 . როგორც წერია: "აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.
1 . ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
2 . ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად.
3 . რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
4 . ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
5 . რადგან მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.
6 . ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: "ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?” ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად;
7 . ანდა: "ვინ ჩავა უფსკრულში?” ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8 . მაგრამ რას ამბობს იგი? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.
9 . იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები.
10 . ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
11 . რადგან ამბობს წერილი: "ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
12 . და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.
13 . რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
14 . მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
15 . და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: "რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”
16 . მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ამბობს ესაია: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?”
17 . ამრიგად, რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან.
18 . მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს - მათი სიტყვები.
19 . მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ იცოდა ისრაელმა? პირველად მოსე ამბობს: "მე გავაღვივებ თქვენში შურს არა-ხალხით, გაგარისხებთ უგუნური ხალხით”.
20 . ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: "მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა; გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა”.
21 . ხოლო ისრაელს ეუბნება: "მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ”.
1 . ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
2 . ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.
3 . ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: "შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.
4 . რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
5 . მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,
6 . რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა.
7 . ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.
8 . ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,
9 . ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.
10 . და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”.
11 . და კიდევ: "აქებდეთ უფალს წარმართებო და, ხალხებო, ადიდებდეთ მას”.
12 . ესაიაც ამბობს: "მოვა იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ და მისი იმედი ექნებათ წარმართებს”.
13 . ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
14 . და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.
15 . მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
16 . რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
17 . ამიტომ ძალმიძს დავიქადო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე.
18 . რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19 . ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
20 . თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,
21 . არამედ როგორც წერია: "ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება”.
22 . ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
23 . ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
24 . ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25 . ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26 . ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
27 . ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
28 . ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
29 . ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით.
30 . შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.
31 . რათა თავი დავაღწიო ურჩებს იუდეაში და ჩემი სამსახური, რომელსაც იერუსალიმს გავუწევ, სასიამოვნო იყოს წმიდათათვის.
32 . რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო.
33 . მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
1 . განა თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნამოღვაწარი არა ხართ უფალში?
2 . თუ სხვებისთვის არა, თქვენთვის ხომ მაინც ვარ მოციქული, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენ ხართ უფალში.
3 . აი, რა პასუხს გავცემ ჩემს განმკითხველებს:
4 . განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?
5 . განა უფლება არა გვაქვს დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
6 . თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უმუშევრობის უფლება?
7 . რომელ ჯარისკაცს უომია ოდესმე საკუთარი ხარჯით? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს კი არ ჭამს? ვინ მწყემსავს სამწყსოს და სამწყსოდან რძეს არ სვამს?
8 . განა ადამიანურად ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს?
9 . რადგან დაწერილია მოსეს რჯულში: პირს ნუ აუკრავ მლეწავ ხარს. განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
10 . თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.
11 . თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?
12 . თუ სხვებს ძალაუფლება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.
13 . ნუთუ არ იცით, რომ ტაძრისგან ჭამენ მღვდელმსახურნი? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?
14 . ასევე დაუწესა უფალმა სახარების მქადაგებლებს სახარებით ცხოვრება.
15 . თუმცა მე არც ამათგან გამომიყენებია რაიმე; და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქმნა ასე; ვინაიდან სიკვდილი მირჩევნია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას!
16 . ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.
17 . რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ - სახლმართველობა მაქვს მონდობილი.
18 . მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.
19 . ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა ღვთისთვის.
20 . იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
21 . ურჯულოთათვის - როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ - ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა.
22 . უძლურებისთვის უძლური ვიყავი, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები.
23 . და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისთვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
24 . განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.
25 . ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა.
26 . ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე;
27 . არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.
1 . ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
2 . ვინაიდან ენებით მოლაპარაკე ადამიანებს კი არა, ღმერთს ელაპარაკება და არავის ესმის, რადგან საიდუმლოებებს ლაპარაკობს სულით.
3 . ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად.
4 . ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს ეკლესიას აშენებს.
5 . მე მსურს, რომ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ არ განმარტავს კიდეც, რათა აშენდეს ეკლესია.
6 . ახლა კი, ძმებო, თუ მოვალ თქვენთან და ენებით ვილაპარაკებ, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ანდა სწავლებით?
7 . ასევე უსულო საგნებიც, ხმას რომ გამოსცემენ - სალამური ან ებანი, თუ ხმებში განსხვავებას არ იძლევიან, როგორ გავიგოთ, რას უკრავენ სალამურზე თუ ებანზე?
8 . საყვირი თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?
9 . ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამთ, როგორ გაიგონ ნათქვამი? ჰაერზე მოლაპარაკენი იქნებით.
10 . რამდენგვარი ბგერაა წუთისოფელში და მათგან უმნიშვნელო არცერთი არ არის.
11 . თუ არ ვიცი სიტყვის მნიშვნელობა, მე მოლაპარაკესთვის ვიქნები უცხო და მოლაპარაკე - ჩემთვის.
12 . ასევე თქვენც, როცა სულიერ ნიჭებს ეშურებით, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად იუხვოთ.
13 . ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტოს კიდეც.
14 . ვინაიდან, ენით რომ ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.
15 . მაშ, რა ვქნა? ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც.
16 . ვინაიდან, თუ სულით ჰმადლობ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე იმ ადგილზე მყოფი უმეცარი, რადგან არ იცის, რას ამბობ შენ?
17 . შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.
18 . ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.
19 . მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი - ენებით.
20 . ძმებო! ნუ იქნებით გონებით ბავშვები, არამედ ბოროტებისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი - ზრდასრულნი.
21 . რჯულში სწერია: სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ, ამბობს უფალი.
22 . ენა მორწმუნეებისთვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. წინასწარმეტყველება კი ურწმუნოებისთვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.
23 . თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ენებით ილაპარაკებენ, უვიცნი ან ურწმუნონი რომ შემოვიდნენ, არ იტყვიან, შეშლილები ხართო?
24 . მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებს და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უვიცი, ყველა მას ამხელს და განსჯის.
25 . გამომჟღავნდება მისი გულის საიდუმლო და პირქვე დამხობილი თაყვანს სცემს ღმერთს და განაცხადებს: ჭეშმარიტად თქვენ შორის არისო ღმერთი!
26 . მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად.
27 . თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს.
28 . თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.
29 . წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ.
30 . თუ იქ მჯდომთაგან სხვას ექნება გამოცხადება, პირველი გაჩუმდეს.
31 . ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.
32 . ვინაიდან წინასწარმეტყველნი იმორჩილებენ თავიანთ სულებს.
33 . ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.
34 . დედაკაცები ჩუმად იყვნენ ეკლესიებში; რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს.
35 . თუ რამის შესწავლა სურთ, სახლში თავიანთ ქმრებს ჰკითხონ; ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისთვის ეკლესიაში ლაპარაკი.
36 . განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
37 . თუ ვინმეს წინასწარმეტყველი ან სულიერი ჰგონია თავი, დაე, გაიგოს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.
38 . ხოლო თუ არ აღიარებს ვინმე, ნურც იგი იქნება აღიარებული.
39 . მაშ ასე, ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველებას ეშურეთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ.
40 . ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.
1 . ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისგან და ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.
2 . დაგვიტიეთ გულებში. უსამართლოდ არავის მოვქცევივართ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა.
3 . მსჯავრდასადებად არ ვამბობ, რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ და თქვენთან ერთად ვიცოცხლოთ.
4 . დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით, აღვსილი ვარ ნუგეშით და გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.
5 . ვინაიდან მაკედონიაში რომ მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, რადგან ყოველმხრივ შევიწროებულნი ვიყავით: გარეთ - ბრძოლები, შიგნით - შიშები.
6 . მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, გვანუგეშა ტიტეს მოსვლით.
7 . და არა მხოლოდ მისი მოსვლით, არამედ იმ ნუგეშითაც, რომლითაც ნუგეშცემულ იქნა თქვენში, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და, ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე.
8 . ამიტომ, თუ კიდეც დაგანაღვლიანეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კინაღამ ვინანე, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგანაღვლიანათ, თუნდაც დროებით.
9 . ახლა ვხარობ არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად; რადგან დანაღვლიანდით ღვთის გულისთვის, ასე, რომ ჩვენგან არაფერი გვნებიათ.
10 . ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს.
11 . ვინაიდან ღვთის გულისთვის რომ დანაღვლიანდით, ნახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი მონდომება, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი შურისგება! და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში.
12 . ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ, არ მომიწერია არც იმის გამო, ვინც უსამართლოდ მოიქცა და არც იმის გამო, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, არამედ, რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი, ღვთის წინაშე.
13 . და ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით; და მეტად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ თქვენ ყველამ დაამშვიდეთ მისი სული;
14 . და თუ რამეში დავიკვეხნე თქვენს შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ, რადგან ყოველთვის ჭეშმარიტებას გელაპარაკებოდით და ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა ტიტეს წინაშე.
15 . თქვენდამი სიყვარული ჭარბობს მის გულში, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას; და იმას, რომ მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი.
16 . მიხარია, რომ ყველაფერში გაბედულად ვარ თქვენდამი.
1 . თუმცა ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე.
2 . რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდეც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი; ასე, რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით.
3 . ძმები კი იმისთვის გამოვგზავნე, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი.
4 . რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად, მოუმზადებლები არ გპოვონ და არ შევრცხვეთ; არ ვამბობ თქვენ არ შერცხვეთ-მეთქი, რადგან ასე დაბეჯითებით ჩვენ დავიკვეხნეთ.
5 . ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მეთხოვა ძმებისთვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენგან უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად ყოფილიყო როგორც კეთილი ნების და არა როგორც ნაძალადევი საჩუქარი.
6 . იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.
7 . თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;
8 . ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
9 . როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!
10 . ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს,
11 . რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
12 . ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს;
13 . რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.
14 . თქვენთვის ლოცულობენ და თქვენკენ მოილტვიან ისინი ღვთის იმ მადლის გამო, რაც აღმატებულად არის თქვენში.
15 . და მადლობა ღმერთს მისი ენითაღუწერელი საჩუქრისთვის.
1 . ო, ნეტა ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს უგუნურებას! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
2 . ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
3 . მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
4 . ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
5 . მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.
6 . მართალია, სიტყვაში გაუწაფავი, მაგრამ არა ცოდნაში; თუმცა ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენს წინაშე.
7 . ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8 . სხვა ეკლესიებს ვართმევდი და გასამრჯელოს ვიღებდი მათგან, რათა თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მიჭირდა, არავინ შემიწუხებია.
9 . ვინაიდან ჩემს ნაკლულობას მაკედონიიდან მოსული ძმები ავსებდნენ; ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით და კვლავაც ვეცდები.
10 . და როგორც ქრისტეს ჭეშმარიტებაა ჩემში, გეუბნებით, რომ ეს სიქადული ვერ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
11 . რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის!
12 . მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმასვე გავაკეთებ, რომ საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, ჩვენი მსგავსნი რომ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც იკვეხნიან.
13 . რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
14 . თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.
15 . მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
16 . და კვლავაც ვიტყვი - ნურავინ ჩამთვლის უგუნურად; და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც დავიკვეხნო.
17 . რასაც ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით,
18 . და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.
19 . ვინაიდან თქვენ, ასე გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.
20 . იწყნარებთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გჭამთ, თუ ვინმე სარგებლობს თქვენით, თუ ვინმე თავს იმაღლებს ან სახეში გცემთ.
21 . ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას, რომ უძლურნი აღმოვჩნდით ამაში. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავბედავ.
22 . ისინი ებრაელები არიან? - მეც. ისრაელიანები არიან? - მეც. აბრაჰამის თესლნი არიან? - მეც.
23 . ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
24 . ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
25 . სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი;
26 . გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;
27 . შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
28 . გარდა ამისა, ყოველდღე მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29 . ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?
30 . თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
31 . ღმერთმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, უკუნითი უკუნისამდე კურთხეულმა, იცის, რომ არ ვცრუობ.
32 . დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი.
33 . სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედლის ჩასწვრივ და ხელიდან დავუსხლტი მას.
1 . ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია.
2 . არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
3 . ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.
4 . და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.
5 . რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.
6 . და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: "აბბა, მამაო!”
7 . ამიტომ, უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ.
8 . თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
9 . ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
10 . დღეებს აკვირდებით და თვეებს, ჟამსა და წელიწადებს.
11 . ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
12 . გახდით ჩემნაირნი, როგორც მე - თქვენნაირი, ძმებო გევედრებით, ცუდად არაფერში მომქცევიხართ.
13 . იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ პირველად.
14 . და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
15 . სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვამოწმებ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
16 . მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
17 . სასიკეთოდ როდი არიან თქვენთვის მოშურნენი, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა მათთვის გქონდეთ მოშურნეობა.
18 . კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
19 . ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.
20 . ვისურვებდი თქვენთან ყოფნას და კილოს შეცვალას, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენ გამო.
21 . მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
22 . ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მხევლისგან, მეორე კი - თავისუფლისგან.
23 . მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.
24 . ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.
25 . ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
26 . ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა.
27 . რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”.
28 . და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.
29 . მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.
30 . თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”
31 . ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!
1 . თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
2 . აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.
3 . და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4 . თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
5 . ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
6 . ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7 . კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8 . ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი.
9 . მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10 . და მჯერა თქვენი უფალში, რომ სხვა აზრს არ მიიღებთ, ხოლო თქვენი შემცბუნებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11 . მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა.
12 . ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
13 . ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14 . ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
15 . მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16 . აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17 . ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
18 . და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
19 . ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
20 . კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,
21 . სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
22 . ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
23 . სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24 . ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.
25 . თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26 . ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.
1 . მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
2 . სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
3 . არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
4 . თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
5 . ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,
6 . მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა,
7 . არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.
8 . აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.
9 . ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
10 . რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ;
11 . და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
12 . ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
13 . რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
14 . ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ.
15 . რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
16 . სიცოცხლის სიტყვის მპყრობელნი, რათა დავიკვეხნო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.
17 . მაგრამ, თქვენი რწმენის მსხვერპლად და სამსახურადაც რომ დავიღვარო, მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა.
18 . ჰოდა, თქვენც გაიხარეთ და გაიზიარეთ ჩემი სიხარული.
19 . ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
20 . ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოაზრე, მასავით მუყაითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
21 . რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
22 . თქვენ კი იცით რომ გამოიცადა იგი, რადგან როგორც შვილი მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
23 . იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
24 . დარწმუნებული ვარ უფალში, რომ თავადაც მალე მოვალ თქვენთან.
25 . საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემი საჭიროებისთვის.
26 . რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და დარდობდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა.
27 . ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.
28 . ამიტომ მწყუროდა მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც დარდი მომკლებოდა.
29 . აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
30 . ვინაიდან ქრისტეს საქმისთვის საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და სიკვდილს მიუახლოვდა, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის უკმარისობა.
1 . და ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. ამის მოწერა თქვენდამი საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2 . ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ ბოროტმოქმედებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
3 . რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.
4 . თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.
5 . წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,
6 . ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
7 . მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.
8 . ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;
9 . და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
10 . რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,
11 . რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12 . არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.
13 . ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
14 . ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
15 . ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16 . ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
17 . ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
18 . ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19 . მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20 . ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,
21 . რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.
1 . ბატონებო, სწორად და სამართლიანად მოეპყარით მონებს, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.
2 . იყავით მტკიცენი ლოცვაში და მადლიერებით იფხიზლეთ მასში.
3 . ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,
4 . რათა ისე გავაცხადო იგი, როგორც მმართებს, რომ ვაუწყო.
5 . ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.
6 . ყოველთვის მადლიანი იყოს თქვენი სიტყვა, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.
7 . ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამონა უფალში,
8 . რომელიც იმისთვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს
9 . ონისიმესთან, ერთგულ და საყვარელ ძმასთან ერთად, რომელიც თქვენიანია: ისინი გიამბობენ აქაურ ამბებს.
10 . მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად მყოფი ტყვეობაში, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთ-მეთქი.
11 . ასევე იესო, იუსტოსად წოდებული, ორივე წინადაცვეთილთაგანია; მხოლოდ ესენი თანაიღწვოდნენ ღვთის სამეფოსთვის, რომლებიც ნუგეშისცემად მექცნენ.
12 . მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.
13 . რადგან, ვმოწმობ მასზე, რომ დიდი გულშემატკივარია თქვენი და მათი, ვინც ლაოდიკიასა და იერაპოლშია.
14 . მოგიკითხავენ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემასი.
15 . მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნიმფა და მისი საშინაო ეკლესია.
16 . როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ.
17 . უთხარით არქიპოსს: ფხიზლად იყავი, რომ უფლისგან მიღებული მსახურება შეასრულო-თქო!
18 . მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან, ამინ!
1 . შენ ის ილაპარაკე, რაც საღ მოძღვრებას შეჰფერის,
2 . რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.
3 . ხნიერი ქალებიც - ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
4 . რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,
5 . გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
6 . ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ გონიერნი იყვნენ.
7 . ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,
8 . სიტყვა გქონდეს საღი და წუნდაუდებელი, რათა შერცხვეს მოწინააღმდეგეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე.
9 . მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი,
10 . არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.
11 . ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია,
12 . რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში.
13 . ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
14 . ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.
15 . ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალაუფლებით და ნურც უგულებელგყოს ვინმემ.
1 . ხოლო სულიერ ნიჭებზე, არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი იყოთ.
2 . იცით, რომ სანამ წარმართები იყავით, უტყვ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.
3 . ამიტომ გეუბნებით, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: "შეჩვენებულია იესო”; და არავის შეუძლია თქვას: "უფალია იესო” - თუ არა სულიწმიდით.
4 . სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა.
5 . მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივეა.
6 . მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში.
7 . თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება.
8 . ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9 . სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით;
10 . ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება.
11 . ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.
12 . რადგან, როგორც სხეულია ერთი, თუმცა მრავალი ასო აქვს, ხოლო სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასეა ქრისტეც.
13 . ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.
14 . სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი.
15 . ფეხმა რომ თქვას, მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
16 . ანდა ყურმა რომ თქვას, მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
17 . თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?
18 . და, აჰა, ღმერთმა თითოეული ასო ისე განალაგა სხეულში, როგორც ნებავდა.
19 . ჰოდა, ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული?
20 . აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი - ერთი.
21 . თვალი ვერ ეტყვის ხელს - არ მჭირდებიო; ვერც თავი ეტყვის ფეხს - არ მჭირდებიო.
22 . არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან.
23 . ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად ვმოსავთ პატივით და ჩვენი უსახურობა მეტი პატივით იმოსება.
24 . კეთილსახიერ ასოებს ჩვენში, არ აქვთ ამის საჭიროება; მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს.
25 . რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.
26 . და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
27 . თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე - მისი ასოები.
28 . და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.
29 . ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველას აქვს ძალთა მოქმედება?
30 . ყველას აქვს განკურნების ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?
31 . ეშურეთ დიდ ნიჭებს და მე გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.
1 . იმ დღეს ამ სიმღერას იმღერებენ იუდას ქვეყანაში: "გამაგრებული ქალაქი გვაქვს; ხსნისთვის დაგვიდგენს გალავანსა და მიწაყრილს.
2 . გააღეთ ჭიშკრები! რათა შემოვიდეს მართალი და ერთგულების შემნახველი ერი.
3 . აზრებში მტკიცეს სრულყოფილ სიმშვიდეში დაიფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
4 . სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.
5 . რადგან მან დაამდაბლა მაღლა მცხოვრებნი, მიუწვდომელი ქალაქი. დაამხო მიწამდე, მტვრად აქცია.
6 . ფერხნი გათელავენ მას, ღარიბთა ფეხები, უმწეოთა ტერფები”.
7 . მართლის გზა მოსწორებულია; შენ ასწორებ მართალთა ნაბიჯებს, წრფელო!
8 . შენი სამართლის გზაზე, უფალო, შენზე ვიყავით დაიმედებულნი, შენი სახელი და შენი ხსენება სწყუროდა ჩვენს სულებს.
9 . შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.
10 . შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს.
11 . უფალო! შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ; დაინახავენ შენს მოშურნეობას შენი ხალხის გამო და შერცხვებათ, ცეცხლი შეჭამს შენს მტრებს.
12 . უფალი დაგვიმყარებს მშვიდობას! რადგან მან აღასრულა ყველა ჩვენი საქმე!
13 . უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვებიც ბატონობდნენ ჩვენზე, ჩვენ კი, მხოლოდ შენს სახელს ვიხსენებთ.
14 . მკვდრები ვერ გაცოცხლდებიან და აჩრდილები ვერ აღსდგებიან, რადგან შენ დასაჯე და გაანადგურე ისინი. აღგავე მათი სახსენებელი.
15 . შენ გაამრავლე ერი, უფალო, შენ გაამრავლე ერი! განდიდებული ხარ, შენ გააფართოვე ქვეყნის ყველა საზღვარი.
16 . უფალო! შენ გეძებდნენ გასაჭირის დროს; ჩურჩულით ლოცულობდნენ, როცა სჯიდი მათ.
17 . ფეხმძიმე ქალის მსგავსად, მშობიარობის მოახლოებისას რომ იტანჯება და კივის ტკივილისგან, ასე ვიყავით შენ წინაშე, უფალო!
18 . ფეხმძიმედ ვიყავით, ვიტანჯეთ და აჰა, თითქოს ქარი ვშვით; ხსნა ვერ მოვუტანეთ მიწას და არც ქვეყნის მკვიდრნი დაბადებულან.
19 . გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან მათი გვამები! გამოიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში ჩაწოლილნო, რადგან ცისკრის ცვარია შენი ცვარი და მიწა აჩრდილებს დაბადებს.
20 . მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.
21 . რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი სამყოფელიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი დანაშაულის გამო, მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილთ.