ბიბლია ქართველი კაცისთვის საოჯახო თაროს მშვენება და სამაგიდო წიგნთა წიგნია. ქრისტიანული მრწამსი და ბიბლიურ ჭეშმარიტებათა გაცხადება საუკუნეთა მანძილზე სულიერად გვასაზრდოებს და ჩვენი ცხოვრების მეგზურია.
მასზე დიდი მოთხოვნილების გამოა, რომ ინტერნეტ სივრცეში ბოლო ხანებში თითქმის ყველა გამოცემა აიტვირთა. მიუხედავად ამისა, ამ საიტზე შემოსვლისა და გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით, რომ აქ დადებული ბიბლია გამორჩეულია იმით, რასაც ვერცერთ სხვა გამოცემაში ვერ ნახავთ.
ესაა მისი შეიარაღება თემატურად და კონტექსტურად გამართული პარალელებით.
მრავალს გვინახია და გამოგვიყენებია ჩვენი ბიბლიის სქოლიოში ან მუხლებთან განთავსებული პარალელები. დავინტერესებულვართ, თუ რას ამბობენ ისინი ბიბლიის სხვა ადგილებთან მიმართებაში.
თუ დააკვირდებით ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებს, მუხლების ქვეშ, ვნახავთ, რომ მოყვანილია მეტნაკლები რაოდენობის ბიბლიური პარალელი. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძიებინა ყველა ისინი და და განგვეთავსებინა განსაზღვრულ თემატურ ჯგუფებად ანუ თემებად, რომლებიც შეესატყვისებიან ბიბლიის მთელ ღვთივსულიერ კონტექსტს.
ღვთის სიტყვის უძველეს კომენტატორ ებრაელებს ჰქონდათ გამოთქმა, რომ თვითვეულ მუხლს გააჩნია 70 განმარტება და სულიერების ოთხი დონე. ჩვენ ამდენის შეცნობას და გააზრებას ვერც შევბედავთ, მაგრამ კი ვცდილობთ, რასაც ღვთის სული გაგვიხსნის ის პარალელები დავაჯგუფოთ თემებად და მოგაწოდოთ.
ბიბლია ბევრისთვის მთლიანობაში ძნელად აღსაქმელი წიგნია მისი უსაზღვრო და ღრმა სულიერი შინაარსის გამო. ჩვენ მის სრულად აღსაქმელად ბიბლიიდან გამომდინარე და ცხოვრებიდან აღებული ბიბლიური თემები მათი მიმართების მიხედვით დავყავით ოთხ ძირითად ჯგუფად:
1) რწმენის შესავალი ანუ კაცის უფალ იესო ქრისტესადმი რწმენაში მოსამზადებლად საჭირო თემები;
2) მრწამსი ანუ რწმენის ობიექტები;
3) რწმენა მოქმედებაში ანუ რა ევალება და როგორი უნდა იყოს ღვთისმოსავი ადამიანი;
4) ეკლესია ანუ რა ურთიერთობაშია ეკლესიური ადამიანი სხვა ღვთისმოსავებთან და დანარჩენ ქვეყნიერებასთან.
და ბოლოს, საიტზე ჩვენს სამუშაოს განასრულებს ზემოთ აღნიშნული თემების ანბანური საძიებელი ანუ ბიბლიის სიმფონია.
ბიბლიური თემები უსაზღვროდ ბევრია. მათი მოძიება და განთავსება საიტზე მოხდება გამუდმებით. ვთხოვთ ქრისტესმიერ ღვთის სულით მავალ და მაძიებელ და-ძმებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალი თემების ძიებასა და დამუშავებაში ბიბლიის მათ ხელთ არსებული პარალელების მიხედვით.
იხილეთ თემა "ბიბლიის პარალელებით შესწავლის მეთოდი"
საიტზე განთავსებული ბიბლიის ტექსტად გამოყენებლია 2015 წლის ახალი გადამუშავებული გამოცემა, გარდა ფსალმუნებისა, რომელიც გადმოვიღეთ საქართველოს საპატრიარქოს 1989 წლის გამოცემიდან, აქედანვე აგრეთვე ვიყენებთ ტექსტებს თემებში მოცემულ ბიბლიის მუხლებისთვისაც, რაც მოგცემთ შედარების შესაძლებლობას. გარდა ამისა ზოგ შემთხვევებში საჭიროების მიხედვით მივმართავთ რუსულ სინოდალურ ბიბლიასაც.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თემებში მკითხველისთვის იოლი გააზრების მიზნით ვიყენებთ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნული გამოცემის ტექსტობრივ ენას მორწმუნე კაცის პოზიციიდან.
იკითხავთ:
რატომ აქვს ბიბლიურ თემებს ასეთი ლაკონიური ფორმა - არის მხოლოდ ჩამონათვალი მუხლებისა იმ თანმიმდევრობით, როგორც გვხვდება მთელ წმ. წერილში და არ ვცდილობთ რაიმე დასკვნები ვაკეთოთ.
გპასუხობთ:
1. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია სიტყვის თუ ფრაზის პირველხსენება.
2. იმიტომ, რომ თვით უზენაესი გადმოგვცემს თემას ასეთი თანმიმდევრობით. მხოლოდ ზოგ შემთხვევაში ვაძლევთ თავს უფლებას მიზეზ - შედეგობრივი წიაღსვლებით შემოგთავაზოთ ქვეთემები, რომელთაც გვიხსნის უფალი თავისი სულით (სათაურებსა და ქვეთემებში ვცდილობთ შევინარჩუნოთ ღვთის სიტყვის სტილი და ლექსიკა).
3. იმიტომ, რომ უფალი თვით უხსნის მკითხველს მისდამი მიცემული ცოდნისა და ტალანტების მიხედვით და ჩვენი მხრიდან ამ პროცესში ჩარევა დასკვნების შეტანით არ იქნებოდა კარგი. ამასთან ბიბლიური პარალელების შედგენა ყოველთვის ატარებს არა დოქტრინალურ, არამედ საცნობარო ხასიათს.
ჩვენთან დაკავშირება
facebook/Мирза Бадиаури