1 . სიტყვა, რომელიც ესმა იერემიას უფლისგან იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში:
2 . "წადი რექაბიანთა სახლში, ელაპარაკე, მიიყვანე უფლის სახლის ერთ-ერთ ოთახში და ღვინო შესთავაზე”.
3 . წავიყვანე იაყაზანია ირმიაჰუს ძე, ხაბაცინიას ძისა, მისი ძმა და მისი ყველა ძე და რექაბიანთა მთელი სახლი.
4 . მივიყვანე ისინი უფლის სახლში იგდალიას, ღვთის კაცის შვილის, ხანანის ძის ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო, მაყასეია შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ.
5 . და დავუდგი რექაბიანთა სახლიკაცებს ღვინით სავსე თასები და ჭიქები; ვუთხარი: "დალიეთ ღვინო!”
6 . მითხრეს: "ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან ასე გვიბრძანა იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ: ღვინო არც თქვენ დალიოთ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდეო!
7 . სახლები არ აიშენოთ, ნურც თესლს დათესავთ, ნურც ვენახს გააშენებთო და არც შეიძინოთო! კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა დიდხანს იცოცხლოთ იმ მიწაზე, რომელზეც ხიზნობთო!
8 . გავუგონეთ იონადაბ რექაბის ძის, ჩვენი მამის ხმას, ყველაფერში, რაც გვიბრძანა: ღვინოს მთელი ჩვენი დღეების განმავლობაში არ ვსვამთ, არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ძეები და არც ჩვენი ასულები;
9 . არც სახლებს ვიშენებთ საცხოვრებლად; არც ვენახი გვაქვს, არც მინდორი და არც თესლი.
10 . კარვებში ვცხოვრობთ. დავემორჩილეთ და ყოველივე ისე აღვასრულეთ, როგორც იონადაბმა, ჩვენმა მამამ გვიბრძანა.
11 . მაგრამ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამოვიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ვთქვით: იერუსალიმში წავიდეთ, გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს! და დავრჩით იერუსალიმში”.
12 . ასეთი სიტყვა მოვიდა იერემიასადმი უფლისგან:
13 . "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მცხოვრებთ: არ მიიღებთ დარიგებას და არ შეისმენთ ჩემს სიტყვებს? ამბობს უფალი.
14 . შეასრულეს იონადაბ რექაბის ძის სიტყვები, რომელმაც თავის შთამომავლებს უბრძანა, ღვინო არ დაელიათ; და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს მამის ბრძანება. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, გეუბნებოდით და არ მომისმინეთ!
15 . გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ამ სიტყვებით: თითოეული მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწოროს საქციელი, ნუ გაჰყვება უცხო ღმერთებს სამსახურებლად და დამკვიდრდებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით-მეთქი; მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ შეისმინეთ.
16 . იონადაბ რექაბის ძის შვილებმა შეასრულეს თავიანთი მამის ბრძანება, ამ ხალხმა კი ჩემი არ შეისმინა!
17 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა ის უბედურება, რაც ვთქვი, რადგან ვეუბნებოდი და არ შეისმინეს, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ”.
18 . რექაბიანთა სახლს კი უთხრა იერემიამ: "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ გაიგონეთ იონადაბის, თქვენი მამის ნათქვამი და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და ყოველივე ისე შეასრულეთ, როგორც გიბრძანათ,
19 . ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ მოეკვეთება იონადაბ რექაბის ძეს ჩემ წინაშე მჯდომი კაცი უკუნისამდე”.