1 . ამის შემდეგ მივიდა ყველა მხედართმთავარი - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მათთან ერთად მთელი ერი დიდიდან პატარამდე.
2 . უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: "გევედრებით, შეისმინე ჩვენი მუდარა და ილოცე ჩვენთვის უფლის, შენი ღმერთის წინაშე მთელ ამ დარჩენილ ხალხზე, რადგან როგორც საკუთარი თვალით ხედავ, მრავლიდან ცოტანი დავრჩით.
3 . გვითხრას უფალმა, შენმა ღმერთმა, რა გზით უნდა ვიაროთ და რა უნდა ვაკეთოთ”.
4 . უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: "კეთილი, აჰა, ვილოცებ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენი სიტყვისამებრ, და ყველაფერს გეტყვით, რასაც უფალი გიპასუხებთ, ერთ სიტყვასაც არ დაგიმალავთ”.
5 . უთხრეს: "დაე, უფალი იყოს ჭეშმარიტ და ერთგულ მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, თუ ყველაფერს ისე არ შევასრულებთ, როგორც უფალი, შენი ღმერთი შემოგვითვლის.
6 . კარგი იქნება თუ ცუდი, შევისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, ვისთანაც გაგზავნით, რათა სიკეთე გვქონდეს, როცა შევისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას”.
7 . ათი დღის თავზე იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი.
8 . მოიხმო იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, მასთან რომ იყვნენ, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე.
9 . უთხრა: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ვისთანაც გამგზავნეთ, რათა თქვენი ვედრება მიმეტანა მის წინაშე:
10 . თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგრგავთ და აღარ აღმოგფხვრით, რადგან ვწუხვარ იმ ბოროტების გამო, რაც დაგმართეთ.
11 . ბაბილონის მეფის ნუ შეგეშინდებათ; რომლისაც გეშინიათ, ნუღარ შეგეშინდებათ, ამბობს უფალი, რადგან თქვენთან ვარ, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ მისი ხელიდან.
12 . შეგიწყალებთ და ისიც შეგიბრალებთ და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.
13 . მაგრამ თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, და არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას,
14 . იტყვით: "ეგვიპტის ქვეყანაში უნდა წავიდეთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც საყვირის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივდება და იქ დავრჩებითო”,
15 . მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნატამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა მოინდომებ ეგვიპტეში წასვლას და კიდეც წახვალ იქ დასარჩენად,
16 . მაშინ მახვილი, რომლისაც აქ გეშინოდა, ეგვიპტეში მოგწვდება, და შიმშილი, რომელსაც აქ გაურბოდი, კვალდაკვალ გამოგყვება და იქ მოკვდები.
17 . ყველა, ვინც გადაწყვეტს ეგვიპტეში წასვლას და დარჩენას, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება; ვერავინ გადარჩება მათგან, თავს ვერავინ დააღწევს იმ უბედურებას, მე რომ მოვაწევ მათზე.
18 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმის მცხოვრებლებზე გადმოიღვარა ჩემი გულისწყრომა და რისხვა, ასევე გადმოიღვრება ჩემი რისხვა თქვენზე, თუ ეგვიპტეში მიხვალთ. საწყევარი, შესაზარებელი, შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდებით და მეტად ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს”.
19 . თქვენზე თქვა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, თქვენს წინააღმდეგ ვამოწმებ დღეს.
20 . საკუთარი თავების წინააღმდეგ სჩადიხართ დანაშაულს, რადგან თქვენ თვითონ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, ამ სიტყვებით: "შეევედრე ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს, და ყველაფერს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის, გვითხარი და შევასრულებთო”.
21 . აჰა, გითხარით დღეს. მაგრამ თქვენ არ დაემორჩილებით უფლის, თქვენი ღვთის ხმას; იმას, რაც თქვენთან დამაბარა.
22 . იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.