იერემია თავი 10

1 . ისმინე სიტყვა, შენზე რომ თქვა უფალმა, ისრაელის სახლო!

2 . ასე ამბობს უფალი: "ნუ ივლით წარმართთა გზებით და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, როგორც წარმართებს ეშინიათ.

3 . რადგან ხალხთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეები არიან ისინი, ოსტატის მიერ ცულით გამოთლილნი.

4 . ვერცხლითა და ოქროთი კაზმავენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით აჭედებენ, რომ არ ირყეოდნენ.

5 . ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ლაპარაკი არ შეუძლიათ; აქეთ-იქით დაატარებენ, რადგან თავად სიარული არ იციან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერც გიბოროტებენ და ვერც სიკეთეს მოგიტანენ.

6 . არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ და დიდია შენი სახელი ძლიერებით.

7 . ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის მეუფის წოდება; არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და მთელ მათ სამეფოებში.

8 . ყველანი ერთად გამოსულელდნენ და გაუგუნურდნენ, ხის კერპისგან იღებენ ამაო დარიგებას.

9 . ნაჭედი ვერცხლი თარშიშიდან ამოიტანეს, ოქრო კი - უფაზიდან, ოსტატთა და ოქრომჭედელთა მიერაა ნაკეთები; ლურჯი და მეწამულია მათი სამოსელი, ხელოსნების დამზადებული.

10 . მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე; მისი რისხვისას ირყევა დედამიწა და ვერ უძლებენ მის მრისხანებას ხალხები.

11 . ასე უთხარით მათ: ღმერთები, რომლებსაც არ შეუქმნიათ ცები და მიწა, აღიგვებიან ამ ქვეყნიდან და ცისქვეშეთიდან.

12 . მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონიერებით განავრცო ცები.

13 . ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.

14 . სულელია ყველა ადამიანი, ცოდნას მოკლებული. შერცხვენილია ყველა ოქრომჭედელი თავისი კერპების გამო, რადგან სიყალბეა მათ მიერ გამოდნობილი ქანდაკებები, სამშვინველი არ არის მათში.

15 . უსარგებლონი არიან ისინი, დაცინვის საგანი. დაიღუპებიან მათი დასჯის დღეს.

16 . ასეთი არ არის იაკობის წილი, რადგან ყველაფრის შემოქმედი ღმერთია იგი, ისრაელი კი მისი სამკვიდრო ტომია. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

17 . აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ალყაში (ტყვეობაში) მცხოვრებო.

18 . რადგან ასე ამბობს უფალი: "აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ამ ქვეყნის მცხოვრებთ; შევაჭირვებ მათ, რომ აღარავინ იპოვებოდეს.

19 . ვაი მე, ნაღრძობის გამო, განუკურნებელია ჩემი ჭრილობა; ვთქვი: ნამდვილად ესაა ჩემი ავადმყოფობა, უნდა ვატარო!

20 . ჩემი კარავი გაძარცვულია, ყველა საბელი დაწყვეტილია, ძენი წამივიდნენ, აღარ არიან; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამწევი.

21 . რადგან გამოსულელდნენ მწყემსები, აღარ ეძებენ უფალს; ამის გამოა, რომ ხელი აღარ ემართებათ, მთელი სამწყსო გაეფანტათ.

22 . ხმა უწყებისა: აჰა, მოდის, დიდი მღელვარებაა ჩრდილოეთიდან, რათა გააუკაცრიელოს და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები.

23 . ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.

24 . დამარიგე, უფალო, მხოლოდ სამართლით და არა შენი რისხვით, რომ არ დავიღუპო.

25 . გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები.