1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეებისთვის და მერე კი შეუერთდები შენს ხალხს”.
3 . უთხრა მოსემ ხალხს: "შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის”.
4 . ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან უნდა გაგზავნოთ ომში.
5 . ყოველი ტომიდან ათას-ათასი იქნა წარგზავნილი, ისრაელიანთა ათასეულებიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული მეომარი.
6 . და წარგზავნა მოსემ საბრძოლველად, ათას-ათასი თითოეული ტომიდან და ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე მათთან ერთად, წმიდა ჭურჭლით და საყვირებით ხელში.
7 . გაილაშქრეს მიდიანელთა წინააღმდეგ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მოკლეს ყველა მამაკაცი;
8 . და სხვებთან ერთად მიდიანის მეფეებიც ამოხოცეს: ევი და რეკემი, ცური, ჰური და რებაყი - მიდიანის ხუთი მეფე და ბილყამ ბეყორის ძეც მოკლეს მახვილით.
9 . და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები თავიანთ ბავშვებთან ერთად; მთელი მათი საქონელი, მათი ფარები და მთელი ქონება დაიტაცეს.
10 . გადაწვეს ყველა მათი საცხოვრებელი ქალაქი და ყოველი მათი ბანაკი.
11 . გამოიყოლეს მთელი ნადავლი და ნაძარცვი, ადამიანიდან პირუტყვამდე.
12 . წამოიყვანეს მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა თემთან ტყვეები, ნაძარცვი და ნადავლი ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანეს გასწვრივ, იერიხოსთან.
13 . გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი ბანაკის გარეთ, მათ შესახვედრად.
14 . და განრისხდა მოსე ჯარის სარდლებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომლებიც საომარი ლაშქრობიდან მობრუნდნენ.
15 . უთხრა მათ მოსემ: "რად დატოვეთ ცოცხალი ყველა ქალი?
16 . განა, ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი? რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვრელი სენი მოედო უფლის კრებულს?
17 . ახლა მოკალით ყოველი მამრი ბავშვი და ყოველი ქალი, რომელმაც შეიცნო მამაკაცი მასთან დაწოლით.
18 . ხოლო ყოველი მდედრი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მასთან დაწოლით, ცოცხლად დაიტოვეთ.
19 . და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმიდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც.
20 . ყოველი სამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, თხის მატყლისგან დამზადებული ყოველი ნაკეთობა და ხის ყოველი ჭურჭელი გაწმიდეთ”.
21 . უთხრა ელეაზარ მღვდელმა ბრძოლაში მონაწილე მეომრებს: "აი რჯულის დადგენილება, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს:
22 . ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია,
23 . ყოველი ცეცხლგამძლე საგანი, ცეცხლში გაატარეთ და განიწმიდება, მაგრამ დამატებით, განმწმედი წყლით უნდა განიწმიდოს. ხოლო ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყლით განწმიდეთ.
24 . გაირეცხეთ სამოსი მეშვიდე დღეს, განიწმიდეთ და მერე შედით ბანაკში”.
25 . უთხრა უფალმა მოსეს:
26 . "აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ, ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა.
27 . თანაბრად გაყავით ნადავლი ომში გამსვლელ მეომართა და დანარჩენ თემს შორის.
28 . ხარკი აკრიფეთ უფლისთვის ბრძოლაში გასულ მეომართაგან: კაცთაგან, მსხვილფეხა საქონელთაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონელთაგან - თითო ყოველი ხუთასიდან.
29 . აიღე მათი ნახევარი და ელეაზარ მღვდელს მიეცი უფლისთვის აღსავლენად.
30 . ისრაელის ძეთა ნახევრიდან კი ორმოცდაათიდან ერთი წილი აიღე: ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისგან, სახედრებისგან, წვრილფეხა საქონლისგან, ყველა პირუტყვისგან და მიეცი ლევიანებს - უფლის სავანის მსახურებს”.
31 . და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . მეომრების მიერ დატაცებულის გარდა, ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი იყო წვრილფეხა საქონელი,
33 . მსხვილფეხა საქონელი - სამოცდათორმეტი ათასი,
34 . სახედარი - სამოცდაერთი ათასი,
35 . ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც მამაკაცი არ ჰყავდათ შეცნობილი მასთან წოლით, ყოველი სული - ოცდათორმეტი ათასი.
36 . ნახევარი - ბრძოლაში გასულთა წილი, აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი.
37 . ამ წვრილფეხა საქონლიდან უფლისთვის ხარკმა - ექვსას სამოცდათხუთმეტი შეადგინა;
38 . მსხვილფეხა საქონლიდან - ოცდათექვსმეტი ათასი და ხარკი მათგან უფლისთვის - სამოცდათორმეტი;
39 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი, მათგან ხარკი უფლისთვის - სამოცდაერთი;
40 . ადამიანი - თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისთვის - ოცდათორმეტი სული.
41 . და მისცა მოსემ ხარკი, უფლის შესაწირი, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
42 . ისრაელის ძეთა კუთვნილი ნახევრისგან, რომელიც მეომრებს გამოართვა მოსემ,
43 . ეს ნახევარი თემისთვის იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი,
44 . მსხვილფეხა საქონელი - ოცდათექვსმეტი ათასი,
45 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი
46 . და ადამიანი - თექვსმეტი ათასი.
47 . ორმოცდამეათედი წილი აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისგან: კაციდან პირუტყვამდე და მისცა ლევიანებს, უფლის სავანის მსახურებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
48 . და მივიდნენ მოსესთან ჯარის ათასეულთა სარდლები, ათასისთავები და ასისთავები.
49 . უთხრეს მოსეს: "აღრიცხეს შენმა მსახურებმა მებრძოლნი, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი.
50 . ამიტომ ძღვენი მოვართვით უფალს, ვინც რა ჰპოვა ოქროს ჭურჭელთაგან - სამაჯურები, სალტეები, ბეჭდები, საყურეები და საკიდრები, ჩვენი გამოსყიდვისთვის უფლის წინაშე”.
51 . და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ეს ოქრო, ყოველი ჭურჭელი - ოსტატურად ნაკეთები.
52 . მთელი შეწირული ოქრო, რომელიც უფალს მიუძღვნეს, თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო ათასისთავებისა და ასისთავებისგან.
53 . ვინაიდან თავისთვის ჰქონდათ მეომრებს დატაცებული.
54 . აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ათასისთავებისა და ასისთავების ოქრო და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სახსენებლად.
1 . "იფხიზლე, რომ აღასრულო ყოველი მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა იცოცხლო და გამრავლდე, მიხვიდე და დაიმკვიდრო მიწა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
2 . გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა.
3 . გათვინიერებდა, გაშიმშილებდა და მანნას გაჭმევდა, რომელიც არც შენ იცოდი და არც შენმა მამებმა იცოდნენ, რათა მიმხვდარიყავი, რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
4 . სამოსი არ გაცვდებოდა ტანზე და ფეხი არ გისივდებოდა ამ ორმოცი წლის განმავლობაში.
5 . იცოდე შენს გულში, როგორც თავის ძეს წვრთნის კაცი, ისე გწვრთნის უფალი, შენი ღმერთი.
6 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა იარო მისი გზებით და გეშინოდეს მისი.
7 . ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;
8 . ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
9 . ქვეყანაში, სადაც შეჭირვებით არ შეჭამ პურს და არაფერი მოგაკლდება; მიწაზე, რომლის ქვებიც რკინაა და მთებისგან სპილენძს გამოჰკვეთ.
10 . შეჭამ, გაძღები და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კეთილ მიწაზე, რომელიც მოგცა.
11 . გაფრთხილდი, არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი; არ უგულებელყო მისი მცნებები, სამართალი და დადგენილებანი, რომელთაც გამცნებ,
12 . როცა შეჭამ და გაძღები, აიშენებ მშვენიერ სახლებს და იცხოვრებ მათში,
13 . როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე გაგიმრავლდება;
14 . ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
15 . რომელმაც გამოგატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, ცეცხლოვან გველებსა და მორიელებში, გვალვებსა და უწყლობაში და სალი კლდიდან გადმოგიჩქეფა წყალი.
16 . გკვებავდა უდაბნოში მანნით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რომ თავმდაბლობა ესწავლებინა შენთვის და გამოეცადე, რათა ბოლოს სასიკეთოდ მოგწეოდა;
17 . რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და ჩემი მკლავის ძლიერებამ მომიტანაო ეს ქონება!
18 . უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,
19 . და თუ ოდესმე დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და უცხო ღმერთებს დაუწყებ სამსახურსა და თაყვანისცემას, მაშინ ვამოწმებ დღეს შენს წინაშე, რომ უცილობლად დაიღუპები!
20 . იმ ხალხებივით დაიღუპები, რომელთაც შენს წინაშე ღუპავს უფალი, თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
1 . ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელის ძენი სიკვდილის წინ.
2 . თქვა: "უფალი მოვიდა სინაიდან და სეყირიდან ამობრწყინდა მათთვის, ფარანის მთიდან ამოანათა და მოვიდა ათი ათასობით წმიდანით; მარჯვნივ რჯულის მოელვარე ცეცხლი ჰქონდა მათთვის.
3 . დიახ, უყვარს ხალხები; მათი ყოველი წმიდა კაცი შენს ხელშია, ფეხდაფეხ დაგყვებიან და ღებულობენ შენს სიტყვას.
4 . რჯული გვიბრძანა მოსემ, იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
5 . ის იყო მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ხალხის თავკაცნი, ისრაელის ტომებთან ერთად.
6 . იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს. ნუ იქნება მისი ხალხი მცირერიცხოვანი!”
7 . ეს თქვა იუდაზე: "ისმინე, უფალო, იუდას ხმა და თავის ხალხთან მიიყვანე იგი; საკუთარი ხელებით იბრძოლოს თავისთვის და მტერთაგან დამხმარედ შენ ეყოლები”.
8 . ლევის შესახებ თქვა: "იყოს შენი თუმიმი და ურიმი შენს წმიდა კაცთან, რომელიც გამოსცადე მასაში და ედავებოდი მერიბას წყლებთან.
9 . რომელმაც თქვა: არ ვუყურებო ჩემს დედ-მამას; არ აღიარებს თავის ძმებს და არ ცნობს შვილებს; რაკი შეასრულეს ლევიანებმა შენი ნათქვამი და შეინახეს შენი აღთქმა,
10 . ასწავლონ შენი სამართალი იაკობს და შენი რჯული ისრაელს; დადებენ საკმეველს შენს წინაშე და სრულადდასაწველს შენს სამსხვერპლოზე.
11 . აკურთხე, უფალო, მისი ძალა და მიიღე მისი ხელის ნამოქმედარი; მოსწყვიტე წელი მის წინააღმდეგ აღმდგართ და ფეხზე ვეღარ ადგნენ მისი მოძულენი”.
12 . ბენიამინის შესახებ თქვა: "უფლის მიერ სიმშვიდეში დამკვიდრებულა უფლის მიერ შეყვარებული, დღენიადაგ მფარველობს მას და უფალი მკვიდრობს მის მხრებს შორის.
13 . იოსების შესახებ თქვა: "უფლის მიერ იყოს კურთხეული მისი ქვეყანა, ცის ძვირფასი ცვარითა და უფსკრულის ღრმა მდინარეებით,
14 . მზისგან მომადლებული მოსავლითა და მთვარისგან მომადლებული ნაყოფით,
15 . უძველესი მთების საუკეთესო ნაყოფებითა და მარადიული მწვერვალების ნარჩევი დოვლათით,
16 . მიწის სიმდიდრითა და სისავსით. მადლი ჰპოვოს მაყვლოვანში დავანებულისგან; და გადმოვიდეს ეს კურთხევები იოსების თავზე და ძმათა შორის გამორჩეულის თხემზე.
17 . პირველმონაგები ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქაა მისი რქები, ერთიანად ურქენს ყველა ხალხს ქვეყნის კიდეებამდე; ესენია ათი ათასები ეფრემისა და ათასეულნი მენაშესი”.
18 . ზებულონზე თქვა: "იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში.
19 . დაუძახებენ ხალხებს მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის შესაწირს, რადგან ისინი გამოწოვენ ზღვის სიუხვეს და ქვიშაში ჩაფლულ საგანძურებს”.
20 . გადის შესახებ თქვა: "კურთხეულია გადის განმვრცობი. ლომივით დავანებულა და გლეჯს მკლავსა და თხემს.
21 . ქვეყნის საუკეთესო ნაწილი შეარჩია, რადგან იქ არის შენახული რჯულმდებლის წილი; მოვიდა იგი ერის მთავრებთან ერთად და აღასრულა უფლის სამართალი და დადგენილებები ისრაელთან”.
22 . დანის შესახებ თქვა: "ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან მხტომარე”.
23 . ნაფთალზე თქვა: "ნაფთალი უფლის კეთილგანწყობითაა მაძღარი და მისი კურთხევითაა სავსე; დაიმკვიდრებს ზღვასა და სამხრეთს”.
24 . აშერის შესახებ თქვა: "კურთხეული იყოს ძეთა შორის აშერი; სასურველი იქნება თავისი ძმებისთვის და ზეთში ჩადგამს ფეხს.
25 . რკინა და სპილენძია შენი ურდულები; გაგიმრავლდება როგორც დღეები, ისე ძალა შენი.
26 . არავინ არის იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაზეა ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში - თავისი დიდებით.
27 . შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!
28 . მარტო ბინადრობს უსაფრთხოდ ისრაელი, თვალი იაკობისა მარცვლეულისა და ღვინის მიწაზე და ცანი მისი ნამს აწვეთებენ.
29 . ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს”.
1 . ერთი წელი იყო გასული საულის გამეფებიდან და მეორე წელიწადი მეფობდა ისრაელზე.
2 . და ამოირჩია თავისთვის სამი ათასი კაცი ისრაელისგან; ორი ათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კი - იონათანთან, ბენიამინის გიბყაში; დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაუშვა.
3 . და გაანადგურა იონათანმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი, რომელიც გებაყში იდგა და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა; ჩაჰბერა საულმა საყვირს მთელი ქვეყნის გასაგონად და გამოაცხადა: "ისმინონ ებრაელებმა!”
4 . და მოისმინა მთელმა ისრაელმა: "გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი და შეიძულა ისრაელი ფილისტიმმა”. და შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.
5 . ფილისტიმელნიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად: ოცდაათი ათასი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ და მიქმაშში დაბანაკდნენ, ბეთავენის აღმოსავლეთით.
6 . იხილეს რა ისრაელიანებმა, რომ საფრთხეში იყვნენ, ვინაიდან შეაჭირვეს ხალხი - დაიმალნენ მღვიმეებში, ხეობებში, კლდეთა ნაპრალებში, კოშკებსა და ორმოებში.
7 . ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა, გადისა და გილყადის მიწაზე გადავიდა; მაგრამ ჯერ ისევ გილგალში რჩებოდა საული, მთელი მისი ხალხი კი შეშინებული იყო.
8 . შვიდ დღეს იცდიდა იგი, როგორც სამუელმა დაუთქვა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში; საულს კი ხალხი ეფანტებოდა.
9 . თქვა საულმა: "მომგვარეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირნი!” და მსხვერპლი აღავლინა.
10 . როცა სრულადდასაწველის აღვლენა დაასრულა, სამუელიც გამოჩნდა; და გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
11 . უთხრა სამუელმა: "ეს რა ჩაიდინე?” უპასუხა საულმა: "დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი, შენც არ გამოჩნდი დანიშნულ დროზე, ფილისტიმელნი კი მიქმაშში იკრიბებოდნენ.
12 . ვთქვი: ახლა დამეცემიან ფილისტიმელნი გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. ვეღარ მოვითმინე და აღვავლინე სრულადდასაწველი”.
13 . უთხრა სამუელმა საულს: "უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.
14 . ახლა ვეღარ განმტკიცდება შენი მეფობა; იპოვა უფალმა თავისი გულის სანდომი კაცი და ის დაადგინა თავისი ხალხის მთავრად უფალმა, რადგან არ დაიცავი ღვთის ნაბრძანები”.
15 . ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბყაში წავიდა. საულმა კი აღრიცხა მასთან მყოფი ხალხი, ექვსასამდე კაცი.
16 . საული, მისი ძე, იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში გაჩერდნენ, ხოლო ფილისტიმელნი მიქმაშში დაბანაკდნენ.
17 . გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან დამარბეველთა სამი რაზმი: ერთი ყოფრას გზით, შუალის ქვეყნისკენ გაემართა.
18 . მეორე ბეთხორონის გზაზე წავიდა, მესამე რაზმი _ ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას დაადგა, უდაბნოზე რომ გადის.
19 . მჭედელი აღარ იყო ისრაელის მთელ ქვეყანაში, რადგან ფილისტიმელნი ამბობდნენ: "არ გააკეთონო ებრაელებმა არც მახვილი და არც შუბი”.
20 . და დადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელთა ქვეყანაში, თითოეული თავისი სახნისის, ბარის, წალდის და თოხის გამოსაჭედად.
21 . სახნისის გალესვა სამი შეკელი ღირდა, ისევე, როგორც ბარის, სამკაპის, წალდებისა და მარგილის გალესვა.
22 . ისე მოხდა, რომ ბრძოლის დღეს საულთან და იონათანთან მყოფ ხალხს არც მახვილები აღმოაჩნდათ და არც შუბები. მხოლოდ საულსა და მის ძეს, იონათანს აღმოაჩნდათ.
23 . და გაემართა ფილისტიმელთა რაზმი მიქმაშის ვიწრო გზებისკენ.
1 . მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე; სამი წელი მისი მსახური იყო იეჰოიაკიმი, მერე ზურგი აქცია და განუდგა.
2 . აგზავნიდა ხოლმე უფალი იუდას დასაღუპად ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ურდოებს, იმ სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველთა მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი.
3 . უცილობლად უფლის ბრძანებით ეშვებოდა ეს რისხვა იუდაზე, რათა თავისგან განეშორებინა იგი მენაშეს ჩადენილი ყოველი ცოდვის გამო.
4 . იმ უდანაშაულო სისხლის გამო, რომელიც დაღვარა მან და აღავსო მისით იერუსალიმი; არ ინება უფალმა ამის პატიება.
5 . იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
6 . განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი გამეფდა.
7 . აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან ბაბილონის მეფემ დაიპყრო ეგვიპტის საკუთრება, მისი ხევიდან მდინარე ევფრატამდე, ყველაფერი რაც ეგვიპტის მეფეს ეკუთვნოდა.
8 . თვრამეტი წლის იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
9 . მამამისივით ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
10 . იმ დღეებში მოვიდნენ იერუსალიმში ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის მებრძოლნი და ალყაში მოიქციეს ქალაქი.
11 . მოვიდა თავისი მებრძოლებით გარემოცული ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ქალაქში.
12 . გამოვიდა იუდას მეფე იეჰოიაქინი, ბაბილონის მეფესთან - ის, დედამისი, მისი მსახურნი, მთავარნი და საჭურისნი; წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი გამეფების მერვე წელს.
13 . თან გაიტანა ქალაქიდან უფლის ტაძრისა და სამეფო სასახლის მთელი საუნჯენი, როგორც უფალმა თქვა; დაამსხვრია ოქროს ყოველი ჭურჭელი, რომელიც სოლომონმა, ისრაელის მეფემ გააკეთა უფლის ტაძრისთვის.
14 . გაასახლა მთელი იერუსალიმი: ყოველი მთავარი, მამაცი მეომარი, ხელოსანი და მჭედელი - სულ ათი ათასი კაცი; არავინ დარჩენილა ქვეყნის ღარიბი ხალხის გარდა.
15 . იეჰოიაქინი ბაბილონში გადაასახლა; მეფის დედა, ცოლები, საჭურისნი და ქვეყნის ძლიერნი წაიყვანა იერუსალიმიდან ბაბილონის დევნილობაში.
16 . ყველა ძლიერი, შვიდი ათასამდე ბრძოლისუნარიანი, ათასი ხელოსანი და მჭედელი, ყოველი მამაცი და ბრძოლისთვის გამოსადეგი, ბაბილონის დევნილობაში წაიყვანა ბაბილონის მეფემ.
17 . მათანია, იეჰოიაქინის ბიძა გაამეფა ბაბილონის მეფემ მის ნაცვლად. სახელი შეუცვალა და ციდკიაჰუ დაარქვა.
18 . ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელიწადი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ლიბნელი ხამუტალი, ირმიაჰუს ასული.
19 . ყველაფერში იეჰოიაქინივით ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
20 . რადგან უფლის რისხვა იყო ეს უბედურება იერუსალიმსა და იუდაზე რომ მოვიდა, სანამ განიდევნებოდა იგი უფლისგან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.
1 . ბრძანა სოლომონმა უფლის სახლისა და სამეფო სასახლის აშენება.
2 . და აღრიცხა სოლომონმა სამოცდაათი ათასი კაცი ტვირთის საზიდად, ოთხმოციათასი კაცი მთიდან ქვის გამოსაკვეთად და სამიათას ექვსასი კაცი მათ ზედამხედველად.
3 . შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ცორის მეფეს: „როგორც მამაჩემს, დავითს უგზავნიდი კედრებს, მისთვის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მეც ისე მომექეცი.
4 . აჰა, სახლს ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, მისთვის მისაძღვნელად, კეთილსურნელებათა საკმევად მის წინაშე და სრულადდასაწველთა მუდმივად აღსავლენად დილა-საღამოს, შაბათობით, ახალმთვარობასა და ჩვენი უფალი ღმერთის დღესასწაულებზე. უკუნისამდე ასეა ისრაელისთვის დადგენილი.
5 . სახლი, რომელსაც ავაშენებ, დიადია, ვინაიდან ყველა ღმერთზე დიდია ჩვენი ღმერთი.
6 . განა შესწევს ვინმეს მისი სახლის აშენების ძალა, როცა ცანი და ზეცანი ვერ იტევენ მას? მე ვინღა ვარ, რომ მას სახლი ავუშენო, მხოლოდ იმისთვის, რომ მსხვერპლები აღვავლინო მის წინაშე?
7 . ახლა გამომიგზავნე ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, რკინაზე, მეწამულ და ცისფერ ნართზე მომუშავე ოსტატები და მეჩუქურთმე ხელოსნები, რათა იმუშაონ დავითის, მამაჩემის მიერ მომზადებულ მეჩუქურთმეებთან ერთად, რომლებიც იუდასა და იერუსალიმში მყავს.
8 . კედარის, კვიპაროსისა და სანდალოზის ხეთა მორებიც გამომიგზავნე ლიბანიდან, რადგან გამიგია, რომ იციან შენმა მსახურებმა ლიბანის ხეთა ჭრა. აჰა, ჩემი მსახურნი კი შენს მსახურებთან იქნებიან.
9 . რათა მრავლად გამიმზადონ მორები, ვინაიდან სახლი, რომელსაც ვაშენებ, დიადი და საოცარი უნდა იყოს.
10 . აჰა, ხისმჭრელებსა და მხერხავებს, შენს მსახურთ, ოც-ოცი ათას ქორ დაფქულ ხორბალსა და ქერს და ოც-ოცი ათას საწყაულ ღვინოსა და ზეთს ვაძლევ”.
11 . წერილით უპასუხა სოლომონს ხურამმა, ცორის მეფემ: „შეიყვარა უფალმა თავისი ხალხი და ამიტომ დაგადგინა მათზე მეფედ!
12 . კურთხეულია ისრაელის უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკუა-გონების პატრონი ძე მისცა, რომელიც სახლს ააშენებს უფლისთვის და სასახლეს თავისი სამეფოსთვის.
13 . ახლა გიგზავნი ბრძენკაც ხურამს, ოსტატთა უფროსს.
14 . დედამისი დანის ასულთაგანაა, მამამისი კი - ცორელი კაცია. ოქრო-ვერცხლზე, სპილენძზე, რკინაზე, ქვასა და ხეზე, მეწამულ და ცისფერ ნართზე, ბისონსა და ძოწეულზე და ყოველ ჩუქურთმაზე მომუშავეა ხურამი. შეასრულებს ყოველ საქმეს, რაც კი დაევალება, შენი და ჩემი ბატონი დავითის, მამაშენის ხელოსნებთან ერთად.
15 . ახლა ის ხორბალი და ქერი, ზეთი და ღვინო გამოუგზავნოს თავის მსახურთ, რასაც ჩვენი ბატონი შეგვპირდა.
16 . ჩვენ კი ლიბანის ხეებს მოვჭრით რამდენსაც გვეტყვი და ტივებად მოგიტანთ ზღვაზე იაფოში, რათა იქიდან იერუსალიმში აიტანო”.
17 . აღრიცხა სოლომონმა ყოველი უცხოელი, რომელიც ისრაელის ქვეყანაში იყო, დავითის, მამამისის მიერ აღწერის შემდეგ და ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი აღმოჩნდა.
18 . დაადგინა მათგან სამოცდაათი ათასი ტვირთმზიდველად, ოთხმოცი ათასი - ქვისმჭრელად მთაში და სამი ათას ექვსასი - მუშა ხალხის ზედამხედველად.
1 . შვიდი წლის იყო იოაში გამეფებისას და ორმოც წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ციბია ბეერ-შებაყიდან.
2 . სათნოდ იქცეოდა იოაში უფლის თვალში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლის დღეებში.
3 . ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
4 . ამის შემდეგ უფლის სახლის განახლება ჩაიდო გულში იოაშმა.
5 . შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.
6 . მოუხმო მეფემ იეჰოიადაყ მღვდელმთავარს და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვე ლევიანებს, რომ მოეტანათ იუდასგან და იერუსალიმისგან ხარკი მოსეს, უფლის მსახურისა და ისრაელის კრებულის მიერ დადგენილი აღთქმის კარავისთვის?”
7 . ბოროტმა ღოთოლიამ და მისმა ძეებმა დაარბიეს ღვთის სახლი და მთელი მისი სიწმიდეები ბაყალებისთვის გამოიყენეს.
8 . გააკეთეს მეფის ბრძანებით ყუთი და უფლის სახლის კარიბჭის გარეთ დადგეს.
9 . გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოსეს, ღვთის მსახურის მიერ უდაბნოში დადგენილი ხარკი მიეტანათ.
10 . გაუხარდათ მთავრებსა და მთელ ხალხს, მოჰქონდათ და ყუთში ყრიდნენ, სანამ არ აივსებოდა.
11 . როცა მეფის მსახურებთან ლევიანთა ხელით ყუთი მიჰქონდათ და ნახავდნენ, რომ ბევრი ფული იყო, მიდიოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის მსახური, ცლიდნენ და კვლავ თავის ადგილზე აბრუნებდნენ ყუთს. დღითი დღე ასე აკეთებდნენ და დიდძალი ფული მოაგროვეს.
12 . მისცეს იგი მეფემ და იეჰოიადაყმა უფლის სახლის საქმეთა მწარმოებლებს და ქირაობდნენ ისინი ქვისმთლელებს, ხუროებს, რკინისა და სპილენძის მჭედელთ უფლის სახლის გასაახლებლად და გასამაგრებლად.
13 . მუშაობდნენ ხელოსნები და მოამთავრეს საქმე მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავის ზომებში და გაამაგრეს.
14 . როცა დაასრულეს, მიიტანეს მეფისა და იეჰოიადაყის წინაშე დარჩენილი ვერცხლი და გააკეთეს მისგან ჭურჭელი უფლის სახლისთვის, ჭურჭელი მსახურებისა და სრულადდასაწველებისთვის, ფიალები და ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი მსახურების განმავლობაში მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველთ უფლის სახლში.
15 . მოხუცდა იეჰოიადაყი, გაძღა დღეებით და გარდაიცვალა; ას ოცდაათი წლისა იყო იგი, როცა მოკვდა.
16 . დავითის ქალაქში, მეფეებთან დაკრძალეს იგი, რადგან კეთილს ჩადიოდა ისრაელში, ღვთისა და მისი სახლისთვის.
17 . მოვიდნენ იუდას მთავარნი იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ და თაყვანი სცეს მეფეს; ამის შემდეგ იწყო მეფემ მათთვის ყურის გდება.
18 . მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის სახლი და ემსახურებოდნენ აშერებსა და კერპებს; მოვიდა უფლის მრისხანება იუდასა და იერუსალიმზე მათი დანაშაულის გამო.
19 . უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ უფალთან მოსაბრუნებლად და მოწმობდნენ ისინი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ისმენდნენ.
20 . ღვთის სულმა მოიცვა ზაქარიაჰუ იეჰოიადაყ მღვდლის ძე; გადმოდგა იგი და უთხრა ხალხს: „ასე ამბობს ღმერთი: რად უგულებელჰყოფთ უფლის ბრძანებებს? ხელი არ მოგემართებათ, რადგან მიტოვებული გყავთ უფალი და მანაც მიგატოვათ!”
21 . შეითქვნენ მის წინააღმდეგ და ჩაქოლეს იგი მეფის ბრძანებით უფლის სახლის ეზოში.
22 . არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”
23 . აღდგა მის წინააღმდეგ არამელთა ლაშქარი წლის დასასრულს. მივიდნენ იუდასა და იერუსალიმში, ერის ყოველი მთავარი მოსრეს და მთელი ართმეული ნადავლი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24 . თუმცა მცირე ხალხით მივიდა არამელთა ლაშქარი, დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში უფალმა, რადგან მიატოვეს იუდევლებმა უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. იოაშსაც დაედო მსჯავრი.
25 . როცა მისგან წავიდნენ, დიდად დასნეულებული დატოვეს იგი; შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისივე მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის ძის სისხლის გამო და თავისივე სარეცელზე მოკლეს. დავითის ქალაქში დაკრძალეს იგი, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26 . ესენი ამბოხდნენ მის წინააღმდეგ: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა
27 . და სამი ძე მისი. ეს ხუთნი მიუხდნენ მას და მოკლეს. აჰა, მეფეთა წიგნში წერია მის წინააღმდეგ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებსა და ღვთის სახლის განახლებაზე. მის ნაცვლად კი ამაცია, მისი ძე გამეფდა.
1 . ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი და მისი ძმანი, მღვდლები და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; წმიდა ჰყვეს იგი, კარი ჩაუყენეს და წმიდა ჰყვეს მეას გოდოლამდე და ხანანელის გოდოლამდე.
2 . გვერდით იერიხოელნი აშენებდნენ. ხოლო მათ გვერდით ზაქურ იმრის ძე აშენებდა.
3 . თევზის კარიბჭეს სენაყას ძენი აშენებდნენ; გადახურეს და კარები ჩამოკიდეს თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
4 . მათ გვერდით კი ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა კედელს. მის გვერდით ბერექიაჰუ მეშეზაბელის ძის შვილი, მეშულამი ამაგრებდა, ხოლო მის გვერდით - ცადოკი, ბაყანას ძე.
5 . მათ გვერდით თეკოაყელები ამაგრებდნენ, თუმცა მათი დიდებულები თავს არ იწუხებდნენ თავიანთი უფლის საქმის გამო.
6 . ძველ კარიბჭეს იეჰოიადა ფასეახის ძე და მეშულამ ბესოდეიას ძე ამაგრებდნენ; გადახურეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
7 . მათ გვერდით მელატია გაბაონელი და იადონ მერონოთელი ამაგრებდნენ, გიბაონისა და მიცფას მკვიდრნი, რომლებიც მდინარისგაღმელი განმგებლის მფლობელობაში იყვნენ.
8 . მათ გვერდით ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი ამაგრებდა და მის გვერდით კი ანანია, რომელიც ერთ-ერთი მენელსაცხებლის ძე იყო; ფართო კედლამდე აღადგინეს მათ იერუსალიმი.
9 . მის გვერდით რეფაია ხურის ძე ამაგრებდა, იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარი.
10 . მის გვერდით საკუთარი სახლის წინ ამაგრებდა იედაია ხარუმაფის ძე, მის შემდეგ კი - ხატუშ ხაშაბნიას ძე.
11 . მეორე ნაწილი მალქია ხარიმის ძემ და ხაშუბ ფახათ-მოაბის ძემ გაამაგრეს და მათვე შეაკეთეს ღუმელის გოდოლიც.
12 . მის გვერდით იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარმა, შალუმ ჰალოხეშის ძემ გაამაგრა, თვითონ და მისმა ასულებმა.
13 . ხევის კარიბჭე ხანუნმა და ზანოახის მცხოვრებლებმა გაამაგრეს; ააშენეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მათვე ააშენეს ასი წყრთა კედელი ნაგვის კარიბჭემდე.
14 . ნაგვის კარიბჭე ბეთ-ქარემის ოლქის მთავარმა მალქია რეხაბის ძემ გაამაგრა, მან ააშენა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
15 . წყაროსთვალის კარიბჭე კი მიცფას ოლქის მთავარმა, შალუნ ქოლხოზეს ძემ გაამაგრა; მან ააშენა, გადახურა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მანვე ააშენა შელახის აუზის კედელი, სამეფო ბაღთან, დავითის ქალაქიდან ჩამომავალ საფეხურებამდე.
16 . მის შემდეგ ბეთცურის ნახევაროლქის მთავარმა ნეემია ყაზბუკის ძემ გაამაგრა, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ წყალსატევამდე და გმირთა სახლამდე.
17 . მის გვერდით ლევიანები ამაგრებდნენ, რეხუმბანის ძის ხელმძღვანელობით, ხოლო მის გვერდით, კეყილას ოლქის ნახევრის მთავარმა ხაშბაიამ გაამაგრა თავისი ოლქის სახელით.
18 . გვერდით კი მათი ძმები ამაგრებდნენ, ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევაროლქის მთავარი.
19 . მის გვერდით მიცფას ოლქის მთავარი ყეზერ იეშუას ძე ამაგრებდა კედლის ერთ ნაწილს, იარაღის საწყობის ასასვლელამდე, რომელიც კუთხეში იყო.
20 . მის შემდეგ კი მეორე ნაწილს ბარუქ ზაბაის ძე ამაგრებდა გულანთებული, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის შესასვლელამდე.
21 . შემდეგ ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ელიაშიბის სახლის შესასვლელიდან, ელიაშიბის სახლის ბოლომდე.
22 . შემდეგ შემოგარენში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ.
23 . მათ შემდეგ ბენიამინი და ხაშუბი ამაგრებდნენ თავიანთი სახლის წინ; შემდეგ კი მაყასეია ანანიას ძის ვაჟი ყაზარია ამაგრებდა კედელს თავის სახლთან;
24 . მის შემდეგ ბინუი, ხენადადის ძე ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.
25 . ფალალ უზაის ძე კუთხისა და გოდოლის პირდაპირ აგებდა კედელს, მეფის ზემო სახლისა და სატუსაღოს ეზოსთან. მის შემდეგ ფედაია ფარყოშის ძე იყო.
26 . ტაძრის მსახურნი, ყოფელში რომ მკვიდრობდნენ, წყლის კარიბჭისა და აღმოსავლეთით, გამოშვერილი გოდოლის წინ ამაგრებდნენ.
27 . მათ შემდეგ თეკოაყელნი ამაგრებდნენ მეორე ნაკვეთს დიდი გამოშვერილი გოდოლის პირდაპირ და ყოფელის კედლამდე.
28 . ცხენთა კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თავისი სახლის წინ.
29 . მათ შემდეგ ცადოკ იმერის ძე ამაგრებდა თავისი სახლის წინ; მის შემდეგ კი შემაყია შექანიას ძე ამაგრებდა, აღმოსავლეთის კარიბჭის გუშაგი.
30 . მის შემდეგ ხანანია შელემიას ძე და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძე ამაგრებდნენ მეორე ნაწილს; მათ შემდეგ მეშულამ ბერექიას ძე ამაგრებდა თავისი საცხოვრებლის წინ.
31 . მის შემდეგ ამაგრებდა მალაქია, ერთ-ერთი ოქრომჭედლის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, რომელიც სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, ზემო მოსახვევთან იყო.
32 . ზემო მოსახვევსა და ცხვართა კარიბჭეს შორის მჭედლები და ვაჭრები ამაგრებდნენ.
1 . ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.
2 . საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა - მეფეთა დიდება.
3 . როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა - ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
4 . გააცალკევე ვერცხლისგან წიდა და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს;
5 . მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
6 . მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,
7 . რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.
8 . ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
9 . იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,
10 . თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.
11 . მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა.
12 . ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
13 . როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.
14 . რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.
15 . დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
16 . თაფლს მიაგენი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო.
17 . ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.
18 . კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი, რომელიც სიცრუეს ამოწმებს თავისი მოყვასის წინააღმდეგ.
19 . რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.
20 . რაღა ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში ან ძმარი დაგისხამს ტუტეზე და რაღა სიმღერა შემოგიძახებია გულდამწუხრებული კაცისთვის.
21 . თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,
22 . ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
23 . ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას - მრისხანე სახე.
24 . სხვენის კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ სახლში ცხოვრებას.
25 . როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის, ისეა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.
26 . როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.
27 . არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.
28 . უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.
1 . ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 . გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
3 . ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
4 . ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
5 . გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6 . ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
7 . ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
8 . ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
9 . მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
10 . აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11 . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
12 . მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
13 . ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
14 . ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
15 . აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
16 . ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
17 . ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
18 . ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
19 . ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
20 . ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
21 . განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22 . ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23 . გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
24 . დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25 . "და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
26 . მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
27 . რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
28 . განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29 . დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
30 . უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31 . უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
2 . ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3 . რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
4 . აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
5 . ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7 . ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
8 . ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
9 . არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
10 . ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
11 . აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
12 . მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 . გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 . მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 . შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 . ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 . ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 . არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 . ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
20 . ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
21 . გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
22 . ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23 . სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
24 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
25 . იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
26 . ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
27 . ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
28 . კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”
1 . ჩაიმუხლა ბელი, მოიხარა ნებო; მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; მძიმეა დატვირთული ურმები, ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.
2 . მოიდრიკნენ, ყველანი ერთად მოიხარნენ, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თვითონაც ტყვეობაში ჩავარდნენ.
3 . "მისმინე, სახლო იაკობისა და ისრაელის სახლის მთელო ნატამალო! ჩემს მიერ იქენით შობილნი და დედის საშოდანვე მე გატარებდით.
4 . იგივე ვარ თქვენს სიბერემდეც და მევე გატარებთ თქვენს ჭაღარამდე; მე შეგქმენი და მე გატარებ; მე გიტვირთავ და მე გამოგიხსნი.
5 . ვის მიმამსგავსებთ, გამიტოლებთ ან შემადარებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?
6 . ქისიდან ჰყრიან ოქროს ზოგიერთნი და სასწორზე სწონიან ვერცხლს, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ, მერე მის წინაშე ემხობიან და თაყვანს სცემენ.
7 . მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე თავის ადგილზე დასვამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, შესძახიან და პასუხს არ სცემს, ვერ იხსნის მათ გასაჭირიდან.
8 . გაიხსენეთ და მუდამ გახსოვდეთ, გულთან მიიტანეთ, დამნაშავენო.
9 . გაიხსენეთ უწინდელი, დიდი ხნის წარსული, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა, მე ღმერთი ვარ და არვინ არის ჩემი მსგავსი.
10 . დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.
11 . გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან მონადირე ფრინველს, კაცს შორი ქვეყნიდან, ჩემი რჩევის შემსრულებელს; ჭეშმარიტად, აკი ვთქვი, ჭეშმარიტად, აღვასრულებ კიდეც; მე დავგეგმე და კიდეც გავაკეთებ.
12 . მისმინეთ, გულგაჯიუტებულნო, სიმართლისგან შორს მყოფნო:
13 . მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.
1 . ისმინე სიტყვა, შენზე რომ თქვა უფალმა, ისრაელის სახლო!
2 . ასე ამბობს უფალი: "ნუ ივლით წარმართთა გზებით და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, როგორც წარმართებს ეშინიათ.
3 . რადგან ხალხთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეები არიან ისინი, ოსტატის მიერ ცულით გამოთლილნი.
4 . ვერცხლითა და ოქროთი კაზმავენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით აჭედებენ, რომ არ ირყეოდნენ.
5 . ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ლაპარაკი არ შეუძლიათ; აქეთ-იქით დაატარებენ, რადგან თავად სიარული არ იციან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერც გიბოროტებენ და ვერც სიკეთეს მოგიტანენ.
6 . არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ და დიდია შენი სახელი ძლიერებით.
7 . ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის მეუფის წოდება; არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და მთელ მათ სამეფოებში.
8 . ყველანი ერთად გამოსულელდნენ და გაუგუნურდნენ, ხის კერპისგან იღებენ ამაო დარიგებას.
9 . ნაჭედი ვერცხლი თარშიშიდან ამოიტანეს, ოქრო კი - უფაზიდან, ოსტატთა და ოქრომჭედელთა მიერაა ნაკეთები; ლურჯი და მეწამულია მათი სამოსელი, ხელოსნების დამზადებული.
10 . მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე; მისი რისხვისას ირყევა დედამიწა და ვერ უძლებენ მის მრისხანებას ხალხები.
11 . ასე უთხარით მათ: ღმერთები, რომლებსაც არ შეუქმნიათ ცები და მიწა, აღიგვებიან ამ ქვეყნიდან და ცისქვეშეთიდან.
12 . მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონიერებით განავრცო ცები.
13 . ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.
14 . სულელია ყველა ადამიანი, ცოდნას მოკლებული. შერცხვენილია ყველა ოქრომჭედელი თავისი კერპების გამო, რადგან სიყალბეა მათ მიერ გამოდნობილი ქანდაკებები, სამშვინველი არ არის მათში.
15 . უსარგებლონი არიან ისინი, დაცინვის საგანი. დაიღუპებიან მათი დასჯის დღეს.
16 . ასეთი არ არის იაკობის წილი, რადგან ყველაფრის შემოქმედი ღმერთია იგი, ისრაელი კი მისი სამკვიდრო ტომია. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
17 . აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ალყაში (ტყვეობაში) მცხოვრებო.
18 . რადგან ასე ამბობს უფალი: "აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ამ ქვეყნის მცხოვრებთ; შევაჭირვებ მათ, რომ აღარავინ იპოვებოდეს.
19 . ვაი მე, ნაღრძობის გამო, განუკურნებელია ჩემი ჭრილობა; ვთქვი: ნამდვილად ესაა ჩემი ავადმყოფობა, უნდა ვატარო!
20 . ჩემი კარავი გაძარცვულია, ყველა საბელი დაწყვეტილია, ძენი წამივიდნენ, აღარ არიან; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამწევი.
21 . რადგან გამოსულელდნენ მწყემსები, აღარ ეძებენ უფალს; ამის გამოა, რომ ხელი აღარ ემართებათ, მთელი სამწყსო გაეფანტათ.
22 . ხმა უწყებისა: აჰა, მოდის, დიდი მღელვარებაა ჩრდილოეთიდან, რათა გააუკაცრიელოს და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები.
23 . ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.
24 . დამარიგე, უფალო, მხოლოდ სამართლით და არა შენი რისხვით, რომ არ დავიღუპო.
25 . გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები.
1 . მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავარნი, ხურონი და მჭედელნი იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა, უფალმა მაჩვენა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ;
2 . ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველნაყოფი, ხოლო მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია, რომლის ჭამაც არ შეიძლება, სიდამპლის გამო.
3 . მითხრა უფალმა: "რას ხედავ, იერემია?” მივუგე: "ლეღვს, კარგი ლეღვი ძალიან კარგია და ცუდი ლეღვი ძალიან ცუდია, მისი ჭამა არ შეიძლება, სიდამპლის გამო”.
4 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
5 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: "კარგი ლეღვებივით ვცნობ გადასახლებულ იუდევლებს, რომელნიც ამ ადგილიდან გავგზავნე ქალდეველთა ქვეყანაში.
6 . მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.
7 . გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ”.
8 . ხოლო ცუდ ლეღვზე, რომლის ჭამაც სიდამპლის გამო არ შეიძლება, ასე ამბობს უფალი: "ასე მოვექცევი იუდას მეფე ციდკიაჰუს, მის მთავართ, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ; ასევე ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ.
9 . საფრთხობელად და ბოროტებად გავხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის, სამარცხვინოდ და საიგავოდ, დასაცინად და წყევლად ყველა იმ ადგილზე, სადაც გავფანტავ.
10 . მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს დავატეხ მათ, ვიდრე არ აღვგვი იმ მიწიდან, რომელიც მათ და მათ მამებს მივეცი”.
1 . ესაა წერილი, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან დევნილთა ნარჩენ უხუცესთ და ღვთისმსახურთ, წინასწარმეტყველთ და მთელ ხალხს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში განდევნა.
2 . ეს მას შემდეგ იყო, მეფე იექონია და დედოფალი, იუდასა და იერუსალიმის საჭურისნი და მთავარნი, ხურონი და მჭედელნი რომ წავიდნენ იერუსალიმიდან.
3 . წერილი გაიგზავნა ყელასა შაფანის ძისა და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც ციდკიამ, იუდას მეფემ გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან ბაბილონში, ამ სიტყვებით:
4 . "ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა დევნილს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში განიდევნა:
5 . აიშენეთ სახლები და დაფუძნდით, გაიშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი,
6 . შეირთეთ ცოლები და შვით ძენი და ასულნი; შერთეთ თქვენს ძეებს ცოლები და გაათხოვეთ თქვენი ასულები; მათაც შვან ძენი და ასულნი; გამრავლდით, არ შემცირდეთ.
7 . მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.
8 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ნუ გაცდუნებენ თქვენი წინასწარმეტყველნი და თქვენი გრძნეულნი, თქვენ შორის რომ არიან, ნურც სიზმრებს ირწმუნებთ, თქვენ რომ გესიზმრებათ.
9 . ვინაიდან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით - მე არ გამომიგზავნია! - ამბობს უფალი.
10 . რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე.
11 . ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.
12 . მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ.
13 . ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით.
14 . თავს გაპოვნინებთ, ამბობს უფალი, და დაგაბრუნებთ ტყვეობიდან, შეგკრებთ ყველა ერიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ, ამბობს უფალი; და დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გაგდევნეთ.
15 . ამბობთ: უფალმა დაგვიყენაო წინასწარმეტყველნი ბაბილონში;
16 . ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის ტახტზე და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხზე, თქვენს ძმებზე, რომლებიც თქვენთან ერთად არ წამოსულან გადასახლებაში;
17 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავუშვებ მათზე მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს, და დამპალ ლეღვს დავამგვანებ, რისი ჭამაც არ შეიძლება მისი უვარგისობის გამო.
18 . დავედევნები მათ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, საფრთხობელად ვაქცევ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის, საწყევრად, შესაძრწუნებლად, გასაქირდად და სალანძღავად ყველა ერში, რომელშიც გავაძევებ.
19 . იმის საზღაურად, რომ არ შეისმინეთ ჩემი სიტყვები, ამბობს უფალი, რომელთაც ვგზავნიდი კვლავ და კვლავ ჩემი მსახურების, წინასწარმეტყველების მეშვეობით; გათენებისთანვე ვგზავნიდი, მაგრამ არ შეისმინეთ, ამბობს უფალი.
20 . თქვენც ისმინეთ უფლის სიტყვა, დევნილნო, მე რომ გაგაგზავნეთ იერუსალიმიდან ბაბილონში.
21 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე, და ციდკიაზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ ჩემი სახელით: აჰა, ხელში ჩავუგდებ მათ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ის მოკლავს მათ თქვენს თვალწინ.
22 . ისინი იტვირთებენ წყევლას იუდას მთელი დევნილებისთვის ბაბილონში; იგავად იტყვიან: დაე, უფალმა გაგხადოს ციდკიასა და ახაბივით, რომლებიც ცეცხლზე შეწვა ბაბილონის მეფემო.
23 . რადგან უგუნურად იქცეოდნენ ისრაელში, მრუშობდნენ მოყვასთა ცოლებთან და სიცრუეს ლაპარაკობდნენ ჩემი სახელით, რაც მე არ მიბრძანებია; მე ვარ ამის მოწმე, ამბობს უფალი.
24 . შემაყია ნეხელამელს კი ეტყვი,
25 . ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ხალხს, მღვდელ ცეფანია მაყასეიას ძეს, და ყველა მღვდლებს,
26 . რომ უფალმა იეჰოიადაყის ნაცვლად დაგაყენა ღვთისმსახურად, რათა თვალყური გედევნებინა ყოველი შეშლილისთვის უფლის ტაძარში, წინასწარმეტყველად რომ ასაღებს თავს, შეგებორკა და საკანში გამოგემწყვდია.
27 . ახლა რატომ არ ტუქსავ იერემია ყანათოთელს, რომელიც გიწინასწარმეტყველებთ?
28 . რადგან ჩვენც შემოგვითვალა ბაბილონში, დევნილობა ხანგრძლივი იქნებაო; აიშენეთ სახლები, დაფუძნდით, ბაღები გაიშენეთ და მათი ნაყოფი ჭამეთო”.
29 . წინასწარმეტყველ იერემიას გასაგონად წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი;
30 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიას მიმართ:
31 . "დევნილებს შეუთვალე: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: იმის გამო, რომ შემაყია გიწინასწარმეტყველებთ, მე რომ არ გამომიგზავნია, და ამაოდ გაიმედებთ,
32 . ამიტომ ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის თესლს; აღარავინ ეყოლება ამ ხალხში, და ვერ იხილავს იმ სიკეთეს, ჩემს ხალხს რომ უნდა გავუკეთო, ამბობს უფალი, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებდა!”
1 . ასე ამბობს უფალი: "მე აღვძრავ დამღუპველ ქარს ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებლებზე.
2 . უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს, ისინი გაანიავებენ და გააცამტვერებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს, უბედურების დღეს.
3 . არ მოაზიდინოთ მშვილდი მშვილდოსანს, არავის დაანებოთ ჯავშნის ჩაცმა, ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, მთელი მისი ჯარი გაანადგურეთ.
4 . დაეცემიან განგმირულნი ქალდეველთა ქვეყანაში და დალახვრულნი მის ქუჩებში.
5 . რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა დანაშაულითაა სავსე მათი მიწა ისრაელის წმიდის წინაშე.
6 . გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
7 . ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.
8 . უცებ დაეცა ბაბილონი და გაცამტვერდა, იქვითინეთ მასზე, მალამო მოიტანეთ მისი წყლულისთვის, იქნებ განიკურნოს.
9 . ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ და წავიდეთ თითოეული საკუთარ ქვეყანაში, ვინაიდან ცას მიაღწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა.
10 . უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე; მოდით და ვაუწყოთ სიონში საქმენი უფლისა, ჩვენი ღმერთისა.
11 . წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.
12 . ასწიეთ ალამი ბაბილონის კედლების წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და აღასრულებს კიდეც, რაც ბაბილონის მცხოვრებლებზე თქვა.
13 . დიდ წყალზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბის შესაბამისად.
14 . საკუთარი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: "კალიასავით გაგავსებ ადამიანებით, ისინი დაგცემენ ყიჟინას”.
15 . მან შექმნა დედამიწა თავისი ძალით, სამყარო სიბრძნით განამტკიცა და თავისი გონებით გადაჭიმა ზეცა.
16 . მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
17 . საკუთარი ცოდნისგან გამოსულელდა ყოველი კაცი, სირცხვილნაჭამია ყოველი ოქრომჭედელი თავისი გამოჭედილი კერპის გამო, რადგან ყალბია მისი ჩამოსხმული, სული არაა მათში.
18 . ამაოებაა იგი, გასაკიცხი ნახელავი; გაქრებიან მონახულების ჟამს.
19 . მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
20 . შენა ხარ ჩემი საბრძოლო კვერთხი; შენით შევმუსრავ ერებს და შენით მოვსპობ სამეფოებს;
21 . შენით შევმუსრავ ცხენსა და ეტლს თავისი მხედრებით;
22 . შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს;
23 . შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, მიწათმოქმედსა და მის ხარუღელს, ერის მთავრებსა და გამგებლებს;
24 . "თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.
25 . აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ გამოსული, დამანგრეველო მთავ, ამბობს უფალი, დამღუპველო მთელი ქვეყნისა; ხელს გავიწვდენ შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და ცეცხლმოკიდებულ მთად გაქცევ.
26 . ნუმც აიღებენ ქვას შენგან ქვაკუთხედად და საძირკვლისთვის, რადგან სამარადისო უდაბნოდ იქცევი! ამბობს უფალი.
27 . ასწიეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ერებში, მის წინააღმდეგ გამოიწვიეთ ხალხები, მოუხმეთ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, სარდალი დაადგინეთ მის წინააღმდეგ, ბუსუსებიანი კალიასავით შეასიეთ ცხენები.
28 . მოუხმეთ მასზე ხალხებს, მიდიის მეფეებს, მის ყველა მთავარსა და გამგებელს, მისი სამფლობელოს ყოველ ქვეყანაში.
29 . ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.
30 . მიატოვეს ბრძოლა ბაბილონის ვაჟკაცებმა, ციხე-სიმაგრეებში ჩასხდნენ, დაილია მათი ძალა, დიაცებივით გახდნენ; ცეცხლი მოედო მათ საცხოვრებლებს, დაილეწა მათი დარაბები.
31 . შიკრიკი შიკრიკს მიჰყვება და მოამბე მოამბეს, რათა ბაბილონის მეფეს აუწყონ, რომ ყოველი მხრიდან დაიკავეს მისი ქალაქი.
32 . ფონები დაკავებულია, ჭალები ცეცხლითაა დამწვარი. მებრძოლნი დაფეთებულნი არიან.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.
34 . "შემჭამა, დამამსხვრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია! გველეშაპივით გაივსო მუცელი ჩემი ნუგბარით და წამლეკა.
35 . დაე, ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორც მე მომექცნენ იტყვის სიონის მკვიდრი; ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე”, იტყვის იერუსალიმი.
36 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "მე გავარჩევ შენს საქმეს და ვიძიებ შურს შენ გამო, მის ზღვას ამოვაშრობ და მის ნაკადულს დავაშრობ.
37 . ნანგრევების გროვად იქცევა გაუკაცრიელებული ბაბილონი, ტურების ბუნაგად, საფრთხობელად და დასაცინად.
38 . ბოკვრებივით ერთად იღრიალებენ და ლომებივით ბრდღვინვას მოჰყვებიან მისი მცხოვრებნი.
39 . როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ” - ამბობს უფალი.
40 . "ისე წავასხამ, როგორც კრავებს დასაკლავად, ვერძებს ვაცებითურთ.
41 . როგორ შეიპყრეს შეშაკი და გარდახდა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შესაზარად!
42 . ზღვამ მოიქცია ბაბილონი, მღელვარე ტალღებმა დაფარა იგი.
43 . გაცამტვერდნენ მისი ქალაქები, უწყლო უდაბნოდ გადაიქცა მიწა, რომელზეც აღარავინ მკვიდრობს; ადამის ძენი აღარ დადიან მასზე.
44 . მე დავსჯი ბელს ბაბილონში, პირიდან ამოვგლეჯ გადაყლაპულს. აღარ იდინებენ მისკენ ერები; ბაბილონის გალავანიც დაეცემა.
45 . გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ხალხო, თითოეულმა საკუთარი სული გადაირჩინეთ უფლის მძვინვარებისგან.
46 . ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
47 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, როცა განაჩენს გამოვუტან ბაბილონის კერპებს, შერცხვება მთელი ქვეყანა და მის წიაღში დაეცემა ყველა მისი მოკლული.
48 . იყიჟინებს ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი”, - ამბობს უფალი.
49 . "როგორც ბაბილონი დასცემდა ისრაელის განგმირულთ, ისე ბაბილონშიც დაეცემიან მოკლულნი მთელი ქვეყნიდან.
50 . წადით, მახვილისგან თავდაღწეულნო, ნუ გაჩერდებით. შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულებში.
51 . შერცხვენილნი ვართ, რადგან ვისმინეთ ლანძღვა; სირცხვილმა დაფარა ჩვენი სახე, ვინაიდან უცხონი შევიდნენ უფლის სახლის საწმიდარში.
52 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, მოვინახულებ მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
53 . ცამდეც რომ ამაღლდეს ბაბილონი და სიმაღლეებშიც რომ გამაგრდეს, მაინც მოეწევიან მძარცველნი ჩემგან” - ამბობს უფალი.
54 . გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
55 . ვინაიდან უფალი გაატიალებს ბაბილონს და აღკვეთს მის ხმამაღალ ტრაბახს. ახმაურდება მისი ტალღები დიდი წყალივით და გაისმება მათი ჩოჩქოლის ხმა.
56 . რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
57 . "დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
58 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის განიერი გალავნები გაშიშვლდება, მისი მაღალი კარიბჭენი კი ცეცხლით დაიწვება; ამაოდ იშრომა ხალხმა, ცეცხლისთვის მოიქანცნენ ერები”.
59 . სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უბრძანა სერაია ნერიას ძეს, მახსეიაის შვილიშვილს, როცა ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს; მესაწოლთუხუცესი იყო სერაია.
60 . ერთ გრაგნილში ჩაწერა იერემიამ ყველა ის უბედურება, ბაბილონს რომ მოეწევა; ყველა ეს სიტყვა ბაბილონზე იქნა დაწერილი.
61 . უთხრა იერემიამ სერაიას: "ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
62 . იტყვი: უფალო, შენ თქვი ამ ადგილზე, ისე გავანადგურებ, რომ ვეღარავინ იცხოვრებსო მასში, ვერც ადამიანი, ვერც პირუტყვი, რადგან საუკუნო უდაბნოდ ვაქცევო მას.
63 . ამ გრაგნილის კითხვას რომ დაასრულებ, დაგრაგნე, ქვა მოაბი და ეფრატში ჩააგდე.
64 . და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, მე რომ მოვაწევ; მოიქანცებიან ისინი!” აქამდეა იერემიას სიტყვები.
1 . დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
2 . ფრიად განურისხდა უფალი თქვენს მამებს.
3 . მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს - ამბობს უფალი.
5 . სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?
6 . მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.
7 . მეთერთმეტე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
8 . ღამით ვიხილე, აჰა, კაცი იყო წითელ ცხენზე ამხედრებული. ის მურტის ხეებს შორის იდგა, ხეობაში. მის უკან წითელი, ალისფერი და თეთრი ცხენები იდგნენ.
9 . ვკითხე: რა არიან-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მიპასუხა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: გაჩვენებ, რა არიან ესენი.
10 . მურტის ხეთა შორის მდგარმა კაცმა მითხრა: უფალმა ქვეყნის შემოსავლელად მოავლინა ესენი.
11 . და მიუგეს მურტის ხეთა შორის მდგარ უფლის ანგელოზს: შემოვიარეთ ქვეყანა და აჰა, მშვიდია და წყნარი მთელი ქვეყანა.
12 . შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
13 . მიუგო უფალმა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს კეთილი და ნუგეშისმცემელი სიტყვები.
14 . და მითხრა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ.
15 . დიდად ვმრისხანებ უდარდელ ხალხზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი - ამბობს ცაბაოთ უფალი - საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
17 . კიდევ განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით, კვლავ ანუგეშებს უფალი სიონს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
18 . აღვაპყარი თვალები და აჰა, ოთხი რქა იყო.
19 . ვკითხე ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა, ისრაელი და იერუსალიმი რომ გაფანტა.
20 . შემდეგ ოთხი მჭედელი დამანახა უფალმა.
21 . ვკითხე: ამათ რა უნდა გააკეთონ-მეთქი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა რომ გაფანტა ისე, რომ ვერავინ შეძლო თავის აწევა; ხოლო ეს მჭედლები იმ ხალხთა დასაშინებლად და რქების დასახრელად მოვიდნენ, რქა რომ აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტად.
1 . აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
2 . უთხრა მათ: "როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: "არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”.
3 . უთხრა: "მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: "იოანეს ნათლობაში”.
4 . თქვა პავლემ: "იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე.
5 . ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ.
6 . როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
7 . სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.
8 . შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ.
9 . მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
10 . ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც.
11 . ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
12 . ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
13 . ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14 . ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი.
15 . მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?”
16 . დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.
17 . და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდეველისა და ბერძენისთვის; თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
18 . მრავალი მოდიოდა მათგან, ვინც ირწმუნა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19 . ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.
20 . ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.
21 . ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: "იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”.
22 . მაკედონიაში ორი თავისი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი გაგზავნა, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
23 . იმ დროს, არამცირე მღელვარება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.
24 . ვერცხლისმჭედელმა დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა, რითაც არამცირე საქმეს აძლევდა ხელოსნებს,
25 . შეკრიბა ამ ხელობის ხალხი და უთხრა: "კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
26 . ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში, ამ პავლემ თავისი ქადაგებით გადააცდინა ამდენი ხალხი, რაკი ამბობს, ადამიანის ხელით შექმნილნი, არ არიანო ღმერთები.
27 . მალე არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც აღარაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, ახლა რომ თაყვანს სცემს მთელი აზია და მსოფლიო”.
28 . ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: "დიდია ეფესელთა არტემისი!”
29 . მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.
30 . პავლემ ხალხში გასვლა მოინდომა, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს;
31 . ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, მის მეგობართაგან, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, არ გამოჩენილიყო თეატრონში.
32 . ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი - მეორეს, ვინაიდან ძალზე დაბნეული იყო კრებული და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
33 . ხალხიდან იუდეველთა წარმომადგენელი, ალექსანდრე გამოიყვანეს, მან ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე,
34 . მაგრამ, როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰკიოდნენ: დიდიაო ეფესელთა არტემისი!
35 . ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: "ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ქალაქი ეფესო დიდი არტემიდეს და ციდანმოვლენილის ტაძრის მცველია?
36 . და რაკი ამაში ეჭვი არავის ეპარება, მშვიდად ყოფნა გმართებთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
37 . მოგიყვანიათ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველნი არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელნი.
38 . თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს ვინმეზე აქვთ საჩივარი, სამსჯავროც გვაქვს და პროკონსულებიც გვყვანან, და უჩივლონ ერთმანეთს.
39 . ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე უნდა გადაწყდეს.
40 . ვინაიდან საფრთხე გვაქვს, რომ დღევანდელი არეულობისთვის ბრალი დაგვდონ, რადგან არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შევძლოთ".
41 . ეს თქვა და დაითხოვა შეკრებილნი.
1 . გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი,
2 . რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
3 . ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.
4 . ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.
5 . შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
6 . ვინაიდან მე უკვე ვიღვრები შესაწირივით, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
7 . კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
8 . ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.
9 . ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
10 . ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი - გალატიას, ტიტე - დალმატიას;
11 . მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის მჭირდება.
12 . ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
13 . მოსასხამი, ტროაში რომ დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა მოხვალ; აგრეთვე წიგნები და უფრო მეტად - პერგამენტები.
14 . მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.
15 . შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან ძალიან ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს.
16 . როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
17 . მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.
18 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
19 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
20 . მომიკითხე პრისკილა და აკვილა და ონისიფორეს სახლეული.
21 . ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი, კლავდია და ყველა ძმა.
22 . უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან, ამინ!
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.
3 . ესაა შესაწირი, რომელსაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
4 . ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილი, თხის მატყლი,
5 . ვერძისა და მაჩვის დათრიმლული ტყავები და აკაციის ძელები;
6 . გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
7 . სარდიონის ქვები და ეფოდსა და გულსაფარში ჩასასმელი ქვები.
8 . და გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
9 . როგორც მე გაჩვენებ კარავსა და ყოველი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ისე გააკეთე.
10 . კიდობანი აკაციის ხისგან გააკეთეთ: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე და სიმაღლე.
11 . შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედე; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.
12 . ჩამოასხი ოქროს ოთხი რგოლი და ოთხ ქვედა კუთხეში მიამაგრე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი მეორე მხარეს.
13 . გამოთალე კეტები აკაციისგან და მოჭედე ოქროთი.
14 . გაუყარე კეტები კიდობნის გვერდების გასწვრივ რგოლებში, რათა მათი მეშვეობით ატაროთ კიდობანი.
15 . დარჩეს კეტები კიდობნის რგოლებში, არ გამოაძროთ.
16 . ჩადე კიდობანში აღთქმა, რომელსაც მოგცემ.
17 . გაუკეთე სარქველი ხალასი ოქროსგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18 . გამოჭედე ოქროსგან ორი ქერუბი და დასხი სარქვლის ორივე კიდეზე.
19 . ერთი ქერუბი ერთ კიდეზე დაამაგრე და ერთიც - მეორე კიდეზე; სარქვლის ორივე კიდეზე დასხით ქერუბები.
20 . სარქვლის ზემოდან ჰქონდეთ გაშლილი ქერუბებს ფრთები, თავისი ფრთებით დაფარონ სარქველი - სახეები კი ერთმანეთისკენ ექნებათ მიბრუნებული; სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბები.
21 . სარქველი დააფარე ზემოდან კიდობანს; მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ, კიდობანში ჩადე.
22 . მანდ გამოგეცხადები, სარქვლის ზემოდან, ორი ქერუბის შუაგულიდან, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და დაგელაპარაკები ყოველივეზე, რაც ისრაელის შვილებს უნდა ამცნო.
23 . გააკეთე მაგიდა აკაციის ხისგან, ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
24 . მოჭედავ მას წმიდა ოქროთი და ოქროს გვირგვინს შემოავლებ.
25 . შემოავლე ირგვლივ მტკაველის ოდენა ჯებირი და ოქროს გვირგვინი შემოარტყი ჯებირს.
26 . გაუკეთე ირგვლივ ოქროს ოთხი რგოლი და ოთხივე ფეხთან, ოთხივე კუთხეზე მიამაგრე რგოლები.
27 . იყოს რგოლები ჯებირთან ახლოს, მაგიდის სატარებელი კეტების მოსათავსებლად.
28 . გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ მაგიდა.
29 . გააკეთე ხალასი ოქროსგან მისი ლანგრები, ფიალები, ჯამები და ჩამოსასხმელი ტოლჩები.
30 . და მუდმივად იდოს ამ მაგიდაზე ჩემთვის მოსართმევი საწინაშეო პური.
31 . გააკეთე სუფთა ოქროს ჭედური სასანთლე; მისი შვერილი, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები ყველაფერი გამოჭედილი უნდა იყოს.
32 . ექვსი ტოტი გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი ტოტი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი მეორე გვერდიდან;
33 . სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი; და ასე ექვსივე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლეს ღეროდან;
34 . თვით სასანთლეზე - ოთხი ნუშისებრი თასი, თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35 . ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ; სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.
36 . კვირტებიც და ტოტებიც ერთიანი უნდა იყოს, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედური უნდა იყოს.
37 . გააკეთე შვიდი ლამპარი, რათა მის წინ აანთონ ეს ლამპრები გასანათებლად.
38 . ხალასი ოქროსი იყოს მაშები და აქანდაზები.
39 . ერთი ტალანტი ხალასი ოქროთი გაკეთდეს იგი მთელ თავის ჭურჭელთან ერთად.
40 . ნახე და გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გაჩვენე მთაზე”.
1 . გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციისგან; ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, ერთნახევარი წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
2 . შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედა და ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლო.
3 . ოქროს ოთხი რგოლი ჩამოასხა მისი ოთხივე კუთხისთვის: ორი რგოლი ერთ მხარეზე და ორი რგოლი მეორე მხარეზე.
4 . დაამზადა კეტები აკაციისგან და ოქროთი მოჭედა.
5 . გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
6 . გააკეთა სარქველი წმიდა ოქროსგან, ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
7 . გააკეთა ოქროს ორი ჭედური ქერუბი სარქვლის ორივე ბოლოსთვის:
8 . ერთი ქერუბი ერთი კიდესთვის და მეორე ქერუბი მეორე კიდესთვის; სარქველი და ქერუბები ორივე ბოლოზე ერთ მთლიან ნაკეთობად გამოჭედა.
9 . ფრთებაზიდულნი იყვნენ ქერუბები, ფრთებით ფარავდნენ სარქველს და სახით ერთმანეთისაკენ იყვნენ მიქცეულნი; სარქველს დაჰყურებდნენ მათი სახეები.
10 . გააკეთა მაგიდა აკაციისგან: ორი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
11 . მოაპირკეთა ხალასი ოქროთი და ოქროს გვირგვინი შემოავლო ირგვლივ.
12 . გაუკეთა ირგვლივ მტკაველის სიგანის ჯებირი და ზედ ოქროს გვირგვინი შემოავლო.
13 . ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი და მიამაგრა ოთხივე კუთხეში, ოთხ ფეხთან.
14 . ჯებირთან ახლოს კეტების გასაყრელი რგოლები იყო, მაგიდის სატარებლად.
15 . გააკეთა კეტები აკაციისგან და ოქროთი მოჭედა, მაგიდის სატარებლად.
16 . ჭურჭელი დაამზადა მაგიდაზე დასადებად ხალასი ოქროსგან - ლანგრები, ფიალები, ტოლჩები და ჯამები.
17 . გააკეთა სასანთლე სუფთა ოქროსგან, ნაჭედი იყო იგი - მისი ღერო, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები.
18 . ექვსი ტოტი გამოდიოდა სასანთლეს გვერდებიდან - სამი ერთი გვერდიდან და სამიც მეორე გვერდიდან;
19 . სამი ნუშისებრი თასი, კვირტი და ყვავილი ერთ ტოტზე და სამი ნუშისებრი თასი, კვირტი და ყვავილი მეორე ტოტზე; სასანთლის ექვსივე ტოტზე ერთნაირად.
20 . სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი თასი, კვირტები და ყვავილები იყო.
21 . ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ. სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.
22 . კვირტებიც და ტოტებიც მისგანვე იყო ნაკეთები, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედურობა იყო.
23 . გაუკეთა წმიდა ოქროს შვიდი ლამპარი თავისი მაშებითა და აქანდაზებით.
24 . ისიც და მისი ხელსაწყოებიც ერთი ტალანტი წმიდა ოქროსგან გააკეთა.
25 . დაამზადა საკმევლის ოთხკუთხედი სამსხვერპლო აკაციისგან: წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ორი წყრთა - სიმაღლე; მისგანვე გამოდიოდა მისი რქები.
26 . მოჭედა იგი წმიდა ოქროთი: მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები; ირგვლივ კი ოქროს გვირგვინი შემოავლო.
27 . გვირგვინის ქვემოთ ოქროს ორი რგოლი მიამაგრა, ორივე ფერდზე, ორთავე გვერდზე, კეტების გასაყრელად, სამსხვერპლოს სატარებლად.
28 . დაამზადა კეტები აკაციისგან და ოქროთი მოჭედა.
29 . და დაამზადა წმიდა ზეთის საცხებელი და მენელსაცხებლის ოსტატობით შეზავებული სურნელოვანი სუფთა საკმეველი.