სხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემა - ღვთის მცნების დარღვევა


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 20 : 3 ; გამოსვლა 34 : 14 ; მეორე რჯული 4 : 3 ; მეორე რჯული 6 : 14 ; მეორე რჯული 8 : 19 ; მეორე რჯული 12 : 30 ; იესო ნავეს ძე 24 : 14 ; მსაჯულნი 17 : 3 ; 3მეფეთა 11 : 4 ; 3მეფეთა 12 : 28 ; 3მეფეთა 14 : 9 ; 3მეფეთა 16 : 31 ; 4მეფეთა 17 : 29 ; 4მეფეთა 18 : 4 ; 2ნეშტთა 11 : 15 ; 2ნეშტთა 32 : 19 ; ფსალმუნები 95 : 5 ; ფსალმუნები 105 : 36 ; ფსალმუნები 113 : 12 ; ფსალმუნები 134 : 15 ; სიბრძნე სოლომონისა 14 : 1 ; ესაია 31 : 7 ; ესაია 37 : 19 ; ესაია 40 : 18 ; ესაია 44 : 10 ; ესაია 46 : 6 ; ესაია 48 : 5 ; ესაია 65 : 3 ; იერემია 1 : 16 ; იერემია 10 : 11 ; ეზეკიელი 8 : 10 ; ეზეკიელი 20 : 39 ; ოსია 13 : 2 ; ამოსი 5 : 26 ; აბაკუმი 2 : 19 ; საქმენი მოციქულთა 17 : 29 ; საქმენი მოციქულთა 19 : 26 ; რომაელთა 1 : 23 ; 1კორინთელთა 8 : 4 ; 1კორინთელთა 10 : 20 ; გალატელთა 4 : 8 ; 1თესალონიკელთა 1 : 9 ;
=3.50.22 სხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემა - ღვთის მცნების დარღვევა

გამ.20,3-5; 34,12-15 რჯლ 4,3; 6,14; 8,19; 12,30.31 იესნ.24,14-16 მსაჯ.17,2-5; 3მფ.11,4-10; 12,28-31; 14,9; 16,31-33; 4მფ.17,29-38; 18,4; 2ნეშ.11,15; 32,19 ფს.95,5-7; 105,19-21.36; 113,12-16; 134,15-18 სიბრძ.14,27-30 ეს.31,7; 37,19; 40,18-20; 44,9-20; 46,5-7; 48,5; 65,3 იერ.1,16; 10,3-5.8-11.14.15 ეზეკ.8,10.11.16; 20,32.39 ოს.13,2 ამ.5,26 აბაკ.2,19 საქ.17,29.30; 19,24-28 რომ.1,18-23; 1კორ.8,4-7; 10,19.20 გალ.4,8.9; 1თეს.1,9

ბიბლიის მუხლები

3. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.
4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
გამ.20,3-5

12. გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.
13. დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.
14. რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
15. ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მიეცემიან გარყვნილებას მათი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს; შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს.
გამ.34,12-15

თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს.
რჯლ 4,3

ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
რჯლ. 6,14

თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება.
რჯლ. 8,19

ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო, ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
რჯლ. 12,30.31

14. მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს.
15. თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით.
16. პასუხად ეს უთხრა ერმა: არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური.
იესნ.24,14-16

2. უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი.
3. დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია.
4. როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, მიუტანა გადამდნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა და იდგა ისინი მიქაიეჰუს სახლში.
5. ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად.
მსაჯ.17,2-5

4. სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული.
5. დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის - აშთორეთის და ყამონელთა სიბილწის, მილქომის კვალზე.
6. უკეთურებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი.
7. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს, მოაბის საბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონიანთა სიბილწეს.
8. ასევე მოიქცა თავის ყველა უცხოელ ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავის ღმერთებს.
9. განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას,
10. და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს. მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
3მფ.11,4-10

28. ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
29. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა.
30. ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე.
31. ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა.
3მფ.12,28-31

9. შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა; წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე ზურგს უკან მომისროლე.
3მფ.14,9

31. არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.
32. აღუმართა სამსხვერპლო ბაალს ბაალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა.
33. გააკეთა აქაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა აქაბი უფალს, ისრაელის ღმერთს.
3მფ.16,31-33

29. თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგგს გორაკთა სახლში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
30. ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა,
31. ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი, ხოლო სეფარვიმელები ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისა და ყანამელექისთვის, სეფარვიმელი ღმერთებისთვის.
32. ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში.
33. უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.
34. დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად,
35. დაუდო აღთქმა და უანდერძა: ნუ ესავთ უცხო ღმერთებს, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ.
36. მარტოოდენ უფალს, რომელმაც დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ესავდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
37. მუდამდღე იცავდეთ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.
38. ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.
4მფ.17,29-38

4. მან გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ.
4მფ.18,4

15. დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
2ნეშ.11,15

19. ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე.
2ნეშ.32,19

5. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.
6. მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
7. შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება
ფს.95,5-7

19. გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20. და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21. დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
36. ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
ფს.105,36

12. მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
13. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
14. ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
15. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
16. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
ფს.113,12-16

15. ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
16. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
17. ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
18. მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
ფს.134,15-18

27. რადგან სახელუხსენებელ კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა; 28. რადგან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ; ან უსამართლოდ ცხოვრობენ, ან სწრაფად ტეხენ ფიცს; 29. რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან. 30. მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე, და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი.
სიბრძ.14,27-30

7. რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს.
ეს.31,7

19. ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან კაცის ხელით ნაკეთები საგნები.
ეს.37,19

18. ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?
19. ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული.
20. ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს.
ეს.40,18-20

9. კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან.
10. ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი?
11. აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად.
12. რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება.
13. ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად.
14. კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის.
15. დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე.
16. მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!
17. მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო.
18. არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.
19. გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო?
20. ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?
ეს.44,9-20

5. ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო?
6. ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ.
7. მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.
ეს.46,5-7

5. მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო.
ეს.48,5

3. ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს.
ეს.65,3

16. გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ ნახელავს.
იერ.1,16

3. რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.
4. ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს.
5. ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე.
8. ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი ჭკუისმასწავლებელი,
9. თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლის ნახელავი, გამომდნობელის ხელიდან გამოსული; ლურჯი და მეწამული სამოსელი მოსავთ, ოსტატთა ხელით დამზადებული.
10. უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.
11. ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან.
14. ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
15. არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.
იერ.10,3-5.8-11.14.15

10. შევედი და, ვიხილე, აჰა, ყოველნაირ ქვეწარმავალთა და უწმიდურ ცხოველთა გამოსახულებანი და ისრაელის სახლის ყოველნაირი კერპი, გამოსახული ირგვლივ, მთელს კედელზე.
11. სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან დგას მათ წინ და იაზანია შაფანის ძეც დგას მათ შორის; თითოეულს სასაკმევლე უჭირავს ხელში და საკმევლის ზრქელი ღრუბელი ადის მაღლა.
16. მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.
ეზეკ.8,10.11.16

32. არ ახდება, რაც ფიქრში მოგდით, რომ ამბობთ: ვიქნებით, როგორც სხვა ხალხები არიან, როგორც სხვა ქვეყნების ტომები არიან, რომ ხესა და ქვას ვემსახუროთო.
39. თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.
ეზეკ.20,32.39

2. ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!
ოს.13,2

26. დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს, თქვენი ღმერთის რაფანის ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს.
ამ.5,26

19. ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.
აბაკ.2,19

29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო- ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
საქ.17,29.30

24. ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს,
25. მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული.
26. იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.
27. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც.
28. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე!
საქ.19,24-28

18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.
19. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ.
20. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება.
21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;
22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;
23. და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,
რომ.1,18-23

4. რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა.
5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),
6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.
7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.
1კორ.8,4-7

19. მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?
20. არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.
1კორ.10,19.20

8. მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები.
9. ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?
გალ.4,8.9

9. რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს,
1თეს.1,9


3.50.22 Поклонение других богов - нарушение заповеди
Исх.20,3-5; 34,12-15 Вт.4,3; 6,14; 8,19; 12,30.31 Иисн.24,14-16 Суд.17,2-5; 3цар.11,4-10; 12,28-31; 14,9; 16,31-33; 4цар.17,29-38; 18,4; 2Пар.11,15; 32,19 Пс.95,5-7; 105,19-21.36; 113,12-16; 134,15-18 Прем.14,27-30 Ис.31,7; 37,19; 40,18-20; 44,9-20; 46,5-7; 48,5; 65,3 Иер.1,16; 10,3-5.8-11.14.15 Иез.8,10.11.16; 20,32.39 Ос.13,2 Ам.5,26 Авв.2,19 Деян.17,29.30; 19,24-28 Рим.1,18-23; 1Кор.8,4-7; 10,19.20 Гал.4,8.9; 1Фес.1,9