იერემია თავი 6

1 . გაიქეცით, იერუსალიმის შუაგულიდან, თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო; თეკოაყში ჩაბერეთ ბუკს და ნიშანი მიეცით ბეთ-ჰაქერემს, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან.

2 . მშვენიერი და ნებიერია სიონის ასული, მე მოვკვეთ მას.

3 . მწყემსები თავიანთი ფარებით მივლენ მასთან, მის ირგვლივ დასცემენ კარვებს და თავ-თავიანთ წილ მიწაზე დამწყემსავენ.

4 . მოემზადეთ მასთან საბრძოლველად, ადექით და შუადღისას დავეცეთ მათ; მაგრამ ვაი ჩვენ, რადგან დღე იწურება, რადგან დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.

5 . ადექით, ღამით დავეცეთ და დავანგრიოთ მათი სასახლეები.

6 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჩეხეთ ხეები, აღმართეთ იერუსალიმის გარშემო მიწაყრილები, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ძალადობაა მის შუაგულში.

7 . როგორც ჭაში გროვდება წყალი, ისე დაგროვდა მასში ბოროტება, ძალადობისა და ნგრევის ხმა ისმის მასში, სნეულება და ჭრილობებია ჩემ წინაშე გამუდმებით.

8 . გონს მოდი, იერუსალიმო, სანამ ზურგს შეგაქცევდეს ჩემი სული, სანამ უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყნად მიქცევიხარ”.

9 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ყურძენივით გაკრიფავენ ისრაელის ნატამალს, გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის ვაზისკენ”.

10 . ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყურები და არ შეუძლიათ მოსმენა; აჰა, უფლის სიტყვა სამარცხვინოდ მიუჩნევიათ, აღარ სურთ იგი.

11 . სავსე ვარ უფლის რისხვით, აღარ შემიძლია მისი შეკავება; "გადმოანთხიე იგი ქუჩაში ბავშვებზე და ერთად შეკრებილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარს ცოლთან ერთად შეიპყრობენ და ჭარმაგს მოხუცებთან ერთად.

12 . სხვებს გადაეცემა მათი სახლები მინდვრებთან და ცოლებთან ერთად, რადგან მე გავიწვდენ ხელს ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე”, - ამბობს უფალი.

13 . "რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ანგარება შეჰყრია და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.

14 . ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.

15 . იმ სისაძაგლის გამო თუ რცხვენიათ, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან, ამიტომ დაცემულთა შორის დაეცემიან; იმ დროს, როცა დავსჯი, დაეცემიან”, - ამბობს უფალი.

16 . ასე ამბობს უფალი: "დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!

17 . გუშაგნი დაგიყენეთ და გითხარით; ბუკის ხმას დაუგდეთ-მეთქი ყური; თქვეს, არ დავუგდებთო!

18 . ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, იცოდე, საკრებულოვ, რა მოუვა მათ.

19 . ისმინე, დედამიწავ! აჰა, უბედურებას მოვავლენ ამ ხალხზე, მათი ზრახვების ნაყოფს, რადგან ყური არ დაუგდეს ჩემს სიტყვებს და ჩემი რჯული შეიძულეს.

20 . რისთვის მინდა შებადან მოტანილი გუნდრუკი და შორეული ქვეყნიდან მოტანილი ტკბილი ლერწამი? თქვენი სრულადდასაწველი მიუღებელია ჩემთვის და თქვენი მსხვერპლები აღარ მეამება”.

21 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, დაბრკოლების ლოდს დავუდებ წინ ამ ხალხს და წაბორძიკდებიან მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, ყველანი დაიღუპებიან”.

22 . ასე ამბობს უფალი: "აჰა, მოდის ხალხი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დიდი ერი აღსდგება ქვეყნის კიდეებიდან.

23 . მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი და უმოწყალონი არიან, ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა, ცხენებზე ამხედრებულნი მოდიან. ერთი კაცივით არიან შემართულნი შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო”.

24 . ამბავი გვესმა მათზე და ხელები მოგვიდუნდა, ტანჯვამ ისე შეგვიპყრო, როგორც მშობიარე ქალი ტკივილმა.

25 . მინდორში ნუ გახვალთ და გზაზე ნუ ივლით, რადგან მტერს მახვილი აქვს და საშინელება მოდის ყოველი მხრიდან.

26 . ჩემი ერის ასულო, ძაძა შემოირტყი და ნაცარში ჩაწექი, მწარე გოდებით იგლოვე, როგორც დედისერთაზე გლოვობენ, რადგან უეცრად მოვა მომსვრელი.

27 . შემფასებლად დაგადგინე ჩემს ხალხში და სიმაგრედ, რომ შეიცნო და შეაფასო მათი გზები.

28 . ყველანი ჯიუტად მოჯანყენი არიან, ცილისმწამებელნი, სპილენძი და რკინა, ყველანი გაიხრწნენ.

29 . ქშინავს საბერველი, ტყვია შთაინთქა ცეცხლში, ამაოდ ადნობდა მდნობელი, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.

30 . საძულველ ვერცხლს უწოდებენ მათ, რადგან უფალმა მოიძულა ისინი.