1 . როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.
2 . უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
3 . აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.
4 . მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.
5 . ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.
6 . და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:
7 . "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.
8 . ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:
9 . წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.
10 . და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.
11 . უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: "ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ.
12 . ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე”.
13 . უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.
14 . წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა.
15 . აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე;
16 . ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა.
17 . და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური.
18 . მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
19 . უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.
20 . უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.
21 . უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
22 . და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
23 . ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
24 . ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
25 . უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.
26 . უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
27 . მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.
28 . მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.
29 . გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.
30 . როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან.
31 . მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: "ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა”.
32 . ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: "ვინ ხარ?” მან მიუგო: "მე ვარ, შენი ძე, პირმშო - ესავი”.
33 . ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: "ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული”.
34 . რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: "მეც მაკურთხე, მამაჩემო!”
35 . უთხრა ისაკმა: "ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
36 . თქვა ესავმა: "ამიტომაც ჰქვია სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ მომატყუა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კი ჩემი კურთხევაც მიუთვისებია!” ჰკითხა: "ნუთუ ჩემთვის არ შეგინახავს კურთხევა?”
37 . და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”
38 . ჰკითხა ესავმა მამას: "მამაჩემო, ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა, და აქვითინდა.
39 . მიუგო ისაკმა, მამამისმა: "ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
40 . შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.
41 . შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.
42 . ეუწყა რებეკას ესავის, თავისი უფროსი ძის, ნათქვამი, მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს და უთხრა: "აჰა, ესავი, შენი ძმა, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს!
43 . ახლა მისმინე, შვილო, ხარანში გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან.
44 . ერთხანს მასთან დაბინავდი, ვიდრე შენი ძმის გულისწყრომა დაცხრება.
45 . შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”
46 . უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”
1 . და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
2 . იხილა იაკობმა ლაბანის სახე და, აჰა, ისეთი აღარ იყო იგი მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3 . და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.
4 . გააგზავნა კაცი იაკობმა და ველზე, თავის ფარასთან მოუხმო რახელსა და ლეას.
5 . უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.
6 . თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
7 . მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.
8 . იტყოდა - ‘დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო’ და დაწინწკლულებს იგებდა მთელი ფარა; იტყოდა - ‘ზოლიანები იყოსო შენი გასამრჯელო’ და ზოლიანებს იგებდა მთელი ფარა.
9 . წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.
10 . ცხვრის ახურების ჟამს, სიზმარში აღვაპყრე თვალნი და ვხედავ, ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელები, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
11 . და დამიძახა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: "იაკობ!” ვუპასუხე: "აქ ვარ”.
12 . მითხრა: "თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13 . მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.
14 . მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15 . განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16 . ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.
17 . ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.
18 . წაასხა მთელი თავისი სამწყსო და წაიღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ფადან-არამში მოაგროვა, რათა ისაკთან, მამამისთან მისულიყო ქანაანის ქვეყანაში.
19 . ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
20 . გააცურა იაკობმა არამელი ლაბანი - დაუმალა რა, რომ გარბოდა მისგან.
21 . გაიქცა და რაც კი რამ ებადა, თან წაიღო. მდინარე გადალახა და გილყადის მთისკენ გაემართა.
22 . მესამე დღეს გაიგო ლაბანმა იაკობის გაქცევა.
23 . წაიყვანა თანამოძმენი, შვიდი დღის სავალზე სდია და გილყადის მთასთან დაეწია.
24 . ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.
25 . დაეწია ლაბანი იაკობს; და აჰა, მთაზე კარავი ჰქონდა გაშლილი იაკობს და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის ხალხთან ერთად.
26 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ეს რა გამიკეთე? გამაცურე და მახვილით ნაშოვნი ტყვეებივით წაასხი ჩემი ასულები.
27 . ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.
28 . ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.
29 . შემიძლია, რომ გიბოროტო, მაგრამ წუხელ მამაშენის ღმერთმა მითხრა, გაფრთხილდი, იაკობს ნურც კარგს ეტყვი და ნურც ავსო.
30 . ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
31 . მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.
32 . და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.
33 . შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34 . აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
35 . და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.
36 . განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37 . მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!
38 . ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ; არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან.
39 . მხეცის მიერ დაგლეჯილი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალდებოდი; როგორც ღამით, ისე დღისით მოპარულის საზღაურს ჩემგან ითხოვდი.
40 . დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს.
41 . ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.
42 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
43 . მიუგო ლაბანმა იაკობს: "ეს ასულნი ჩემი შვილები არიან; ეს ვაჟები ჩემი ძეები არიან; ეს ფარა ჩემი ფარაა. ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. აჰა, რა ვუყო ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს?
44 . ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”.
45 . აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა.
46 . და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.
47 . და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა - გილყადი.
48 . თქვა ლაბანმა: "ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი
49 . და მიცფა, რადგან თქვა: "დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
50 . თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”.
51 . და უთხრა ლაბანმა იაკობს: "აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის.
52 . მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ.
53 . აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
54 . შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.
55 . ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.
1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
2 . როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: "წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო”.
3 . უთხრა იუდამ: "მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა: თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო.
4 . თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5 . თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა”.
6 . თქვა ისრაელმა: "რად მიბოროტეთ, რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
7 . უთხრეს: "გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი; აინტერესებდა, მამათქვენი ცოცხალიაო თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა. ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგვთხოვდა?”
8 . უთხრა იუდამ მამამისს: "გამოუშვი ყმაწვილი; ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები!
9 . მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!
10 . რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით”.
11 . თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: "სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები; ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში.
12 . ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენს ტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო.
13 . წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან.
14 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაპოვნინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე, დაე, ასე იყოს”.
15 . წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინიც თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარსდგნენ იოსების წინაშე.
16 . დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: "ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუადღისას”.
17 . ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18 . როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები. თქვეს: "აქ, ალბათ, ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები”.
19 . მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკნენ ჭიშკართან.
20 . "გთხოვთ ჩვენო ბატონო! აქ უწინაც ჩამოვსულვართ საზრდოს საყიდლად!
21 . ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და, აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია! ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ.
22 . კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”
23 . უთხრა მათ: "მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი”. და გამოუყვანა სიმონი.
24 . შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის.
25 . და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26 . დაბრუნდა იოსები სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდე სცეს თაყვანი.
27 . გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: "ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?”
28 . უთხრეს: "ჯანმრთელადაა შენი მსახური მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია”. დაიჩოქეს და თაყვანი სცეს.
29 . აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: "ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: "ღმერთი გწყალობდეს, შვილო!”
30 . და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
31 . პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.
32 . ცალკე მიართვეს მას, იმათაც - ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც - ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა - სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის
33 . და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34 . უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; მაგრამ ხუთჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
1 . გაემგზავრნენ ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმისა და სინაის შორისაა; ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა.
2 . ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.
3 . უთხრეს ისრაელის შვილებმა: "ნეტავ მომკვდარიყავით უფლის ხელით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით! თქვენ გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტოთ მთელი კრებული”.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "აჰა, ზეციდან პურს ვაწვიმებ თქვენთვის; გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი სჯულით.
5 . და მეექვსე დღეს, როცა მოტანილს მოამზადებენ, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ”.
6 . უთხრეს მოსემ და აჰარონმა ისრაელის ყველა შვილს: "საღამოს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
7 . დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა; ჩვენ ვინა ვართ, რომ შემოგვჩივით?”
8 . და თქვა მოსემ: "მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
9 . უთხრა მოსემ აჰარონს: "უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარსდექით უფლის წინაშე, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა”.
10 . და როდესაც ელაპარაკებოდა აჰარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, შებრუნდნენ უდაბნოსკენ და, აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.
11 . უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
13 . მოფრინდა საღამოხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის გარშემო.
14 . როდესაც ცვარი აორთქლდა, ნახეს უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი ყრია, ჭირხლის მსგავსი.
15 . დაინახეს ისრაელის შვილებმა და ჰკითხეს ერთმანეთს: "რა არის ეს?” რადგან არ იცოდნენ, რა იყო. უთხრა მათ მოსემ: "ეს პურია, რომელიც უფალმა მოგცათ საკვებად.
16 . ასე ბრძანა უფალმა: "აკრიფოს თითოეულმა იმდენი, რამდენსაც შეჭამს - ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ”.
17 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები, ზოგმა ბევრი აკრიფა და ზოგმა ცოტა.
18 . არწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19 . უთხრა მათ მოსემ: "ნურავინ მოიტოვებს ნარჩენებს დილამდე”.
20 . მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე.
21 . და აგროვებდნენ დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
22 . მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს, ორ-ორი ღომერი თითოეულზე და მივიდა თემის ყველა მთავარი და აუწყეს მოსეს.
23 . უთხრა მათ: "აი, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ”.
24 . მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ, არც ამყრალდა და არც მატლი გასჩენია.
25 . უთხრა მოსემ: "ჭამეთ დღეს, რადგან უფლის შაბათია. დღეს ვერაფერს იპოვით ველზე.
26 . ექვს დღეს აგროვეთ, მეშვიდე დღეს კი - შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს”.
27 . და აი, მეშვიდე დღეს ზოგიერთი გავიდა ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს.
28 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და რჯულს?
29 . იცოდეთ, შაბათი რომ მოგცათ უფალმა, ამიტომ მოგცათ მეექვსე დღეს ორი დღის პური; იჯდეს თითოეული თავისთან, არავინ არსად გავიდეს მეშვიდე დღეს”.
30 . და ისვენებდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31 . უწოდა ისრაელის სახლეულმა მას სახელი - მანნა: ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა.
32 . თქვა მოსემ: "ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანნით, თაობიდან თაობამდე შესანახად, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით უდაბნოში, როცა გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან”.
33 . უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანნა და დადგი უფლის წინაშე შესანახად თაობიდან თაობამდე”.
34 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აჰარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად.
35 . ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელის ძენი მანნას, სანამ დასახლებულ მიწამდე მივიდოდნენ; მანნას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.
36 . ღომერი კი ეფის მეათედია.
1 . ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.
2 . უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.
3 . ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
4 . თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე.
5 . თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
6 . ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
7 . შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
8 . ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.
9 . ხიზანს ნუ შეავიწროებ; თავად იცით ხიზნის ყოფა, რადგან ხიზნად იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
10 . ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი.
11 . მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
12 . ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
13 . დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით, არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი და არც დასცდეს თქვენს ბაგეებს.
14 . წელიწადში სამჯერ იდღესასწაულე ჩემთვის.
15 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
16 . მკის დღესასწაული იზეიმე, შენი შრომის პირველნაყოფების მოწევისა, რაც ყანაში დაგითესავს; წელიწადის დამლევს კი მოსავლის აღება იდღესასწაულე, როცა შენს ნაშრომს მოიწევ მინდვრიდან.
17 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი მამაკაცი უფალ ღმერთთან.
18 . საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირის სისხლს, არ დარჩეს ჩემი სადღესასწაულო ცხიმი დილამდე.
19 . მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.
20 . აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.
21 . იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22 . თუ მოუსმენ მის ხმას და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23 . რადგან ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და მიგიყვანს ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან და მე შევმუსრავ მათ:
24 . თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს, არც ემსახურო და არ აკეთო მათნაირი საქმეები, არამედ ბოლომდე დაანგრიე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
25 . უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
26 . არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმოწყვეტილი ან ბერწი; და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27 . წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, ვისთანაც მიხვალ; შენი ყოველი მტრის ზურგს მოვაქცევ შენკენ.
28 . კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს შენგან.
29 . არ გავრეკავ მათ ერთი წლის განმავლობაში, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ ველური მხეცები.
30 . თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31 . გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.
32 . ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.
33 . არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
1 . დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2 . უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3 . და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4 . აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5 . ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6 . ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
7 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი ძირს, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8 . მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
10 . ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
11 . შეევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: "რად უნდა აინთოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც დიადი ძალითა და მაგარი ხელით გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან?
12 . რად უნდა ილაპარაკონ ეგვიპტელებმა: ბოროტი განზრახვით გაიყვანაო ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირიდან აღსაგველად? დაიცხრე მგზნებარე რისხვა და გადაიფიქრე შენი ხალხის დაღუპვა.
13 . გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
14 . გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.
15 . პირი იბრუნა მოსემ და ჩავიდა მთიდან; ორივე მხრიდან ნაწერი, მოწმობის ორი ქვის დაფა ეჭირა ხელში; აქეთაც და იქითაც წარწერები ჰქონდა.
16 . ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი.
17 . მოესმა იეშუას ხალხის მშფოთვარე ხმა და უთხრა მოსეს: "ბრძოლის ხმაა ბანაკში”.
18 . უთხრა მოსემ: "არც გამარჯვების ყიჟინაა ეს და არც დამარცხების გოდების ხმა: ლხინის ხმა მესმის მე”.
19 . ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.
20 . აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.
21 . უთხრა მოსემ აჰარონს: "რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?”
22 . უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23 . მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24 . ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”
25 . იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.
26 . დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: "ვინც უფლისაა - ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 . უთხრა მათ: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი”.
28 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძენი: სამი ათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ხალხიდან;
29 . უთხრა მათ მოსემ: "მიუძღვენით დღეს თავები უფალს, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი, რათა კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე”.
30 . უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: "დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”.
31 . დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
32 . ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34 . ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითაც გითხარი; აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ; მონახულების დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.
35 . და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.
1 . შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: "აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2 . ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
3 . ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: "აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
5 . გაიღეთ შესაწირი უფლისათვის; ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
6 . მატყლი ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული, ბისონი და თხისური.
7 . ვერძების ალისფერი ტყავი, მაჩვის ტყავები და აკაციის ძელები.
8 . ზეთი გასანათებლად, სურნელი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
9 . ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის.
10 . მოვიდეს თქვენში ყოველი ოსტატი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა.
11 . სავანე, მისი კარავი და გადასახურავი, მისი კაუჭები და კოჭები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები.
12 . კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13 . მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
14 . სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.
15 . სასაკმევლე სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი და ჩამოსაფარებელი ფარდა კარვის შესასვლელისთვის.
16 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ცხაურით, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
17 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის.
18 . სავანის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;
19 . ნაქარგი სამოსელი საწმიდარში მსახურებისთვის და წმიდა შესამოსელი აჰარონ მღვდლისა და მისი ძეებისთვის, მღვდლობის გასაწევად”.
20 . და გავიდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესგან.
21 . მივიდა ყველა, ვისაც გული ეწეოდა და ვისაც სული აღეძრა, მიიტანეს მათ უფლის შესაწირი, საკრებულო კარვის მოსაწყობად მისი ყოველი საჭიროებისა და წმიდა შესამოსელისთვის.
22 . მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.
23 . ყველას მიჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ნართი და ბისონი, თხისური, ვერძების ალისფერი და მაჩვის ტყავები.
24 . ყველას, ვისაც კი ვერცხლისა და სპილენძის შეწირვა სურდა, მიჰქონდა უფლისთვის შესაწირად; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა აკაციის ძელები რაიმე საქმისთვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25 . ყოველი გულბრძენი დედაკაცი, თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ნართი და ბისონი.
26 . ყოველი დედაკაცი, რომელსაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
27 . და მიჰქონდათ თავკაცებს სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის,
28 . სურნელება და ზეთი გასანათებლად; ზეთი საცხებლისა და საკმევლისთვის.
29 . ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.
30 . უთხრა მოსემ ისრაელის შვილებს: "შეხედეთ, სახელდებით მოუხმო უფალმა ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
31 . აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
32 . რათა ოსტატურად დაამუშავოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
33 . გამოთალოს ქვები ჩასასმელად, მოაჩუქურთმოს ხე და აღასრულოს ოსტატის ყოველი საქმე.
34 . გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35 . აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.
1 . შეუდგნენ საქმეს ბეცალელი და ოჰოლიაბი და ყველა ოსტატი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
2 . მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბს და ყველა ოსტატს, რომელთაც მიანიჭა უფალმა გულის სიბრძნე, თითოეულს, ვისაც გული ერჩოდა საქმის დასაწყებად და საკეთებლად.
3 . და მიიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რაც მიიტანეს ისრაელის შვილებმა საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად; კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილაობით.
4 . მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თითოეული თავისი საქმის მცოდნე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო.
5 . ასე უთხრეს მოსეს: "იმაზე მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე იმ სამუშაოს შესასრულებლადაა საჭირო, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა”.
6 . მაშინ ბრძანა მოსემ და გაავრცელეს ხმა ბანაკში: "არც კაცმა და არც ქალმა აღარაფერი გაამზადოს საწმიდრისათვის შესაწირად”. და შეწყვიტა ხალხმა მოტანა.
7 . საკმარისი იყო მარაგი ყოველი გასაკეთებელი საქმისთვის და ზედმეტადაც კი დარჩა.
8 . გააკეთა თითოეულმა ოსტატმა, კარვის საქმის შემსრულებელმა: გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერუბებიც ამოქარგეს ზედ.
9 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო ყოველი გადასაფარებელი.
10 . ხუთი გადასაფარებელი ერთმანეთს გადააკერა და მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
11 . გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად.
12 . ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ეს მარყუჟები ერთმანეთს ესადაგებოდნენ.
13 . გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი, შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან კაუჭებით და გამოვიდა ერთიანი სავანე.
14 . გააკეთა გადასაფარებლები თხისურისგან სავანის გადასახურად: თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი დაამზადა.
15 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე - ოცდაათი, ხოლო სიგანე ოთხი წყრთა იყო; ერთი ზომისა იყო თერთმეტივე გადასაფარებელი.
16 . შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე.
17 . გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე.
18 . გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი კაუჭი კარვის შესაერთებლად, რათა ერთიანი ყოფილიყო.
19 . საფარი გააკეთა კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი მაჩვის ტყავებისგან.
20 . სვეტებად აკაციის ძელები გაუკეთა სავანეს.
21 . თითოეული ძელის სიგრძე ათი წყრთა იყო, სიგანე - ერთნახევარი.
22 . ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა აღთქმის კარვის ყოველ ძელს.
23 . გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.
24 . ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ ორივე სახელურისთვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ - ორივე სახელურისთვის.
25 . გააკეთა ოცი ძელი აღთქმის კარვის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთით.
26 . და ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
27 . გააკეთა ექვსი ძელი აღთქმის კარვის უკანა მხარეს, დასავლეთისკენ.
28 . ორი ძელი გააკეთა აღთქმის კარვის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
29 . შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან ერთი რგოლით; ასე გააკეთა ორივესთვის ორივე კუთხეში.
30 . რვა ძელი იყო თავ-თავისი ვერცხლის კვარცხლბეკებით, თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ.
31 . გააკეთა ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის,
32 . ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, დასავლეთით.
33 . გააკეთა შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად ერთი ბოლოდან მეორემდე.
34 . ძელები და მათი რგოლები ოქროთი მოჭედა, ოქროსაგან გააკეთა სათავსები ძელაკებისთვის; ისინიც ოქროთი მოჭედა.
35 . გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან; ზედ ოსტატურად ამოქარგა ქერუბები.
36 . გაუკეთა მას აკაციის ოთხი სვეტი, ოქროს კაუჭებით და ოქროთი მოჭედა; და ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის კვარცხლბეკი.
37 . დაამზადა მოხატული ფარდა კარვის შესასვლელისთვის ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, მქარგველის ნამუშევარი.
38 . და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ. ოქროთი მოჭედა მათი თავები და კაუჭები; გააკეთა ხუთი სპილენძის კვარცხლბეკი.
1 . დაამზადეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის - ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილისგან და წმიდა შესამოსელი აჰარონისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
2 . დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან.
3 . გამოჭედეს ოქროს ფურცლები და დაჭრეს ძაფებად, რათა ოსტატურად ჩაექსოვათ ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ ქსოვილსა და ბისონს შორის.
4 . გაუკეთეს შემაერთებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო შეერთებული.
5 . ოსტატურად ნახელავი სარტყელი კი, რომელიც ზედ ჰქონდა შემორტყმული, იმავე ნაკეთობისა იყო: ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
6 . დაამუშავეს ონიქსის ქვები, ჩასვეს ოქროს ბუდეებში და საჭრეთელით ამოკვეთეს ისრაელის ძეთა სახელები.
7 . და განალაგა ისინი სამახსოვრო ქვებად ეფოდის სამხრეებზე ისრაელის ძეთათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
8 . ოსტატურად გააკეთა სამკერდული, ეფოდის ნაკეთობის მსგავსად - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან.
9 . ოთხკუთხედი იყო იგი; სამკერდული ორმაგი გააკეთეს - სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორმაგი.
10 . და ქვათა ოთხი მწკრივი ჩასვეს მასში. პირველი მწკრივი - ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა;
11 . მეორე მწკრივი - ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
12 . მესამე მწკრივი - იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
13 . მეოთხე მწკრივი - ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი; ოქროს ბუდეებში იყო ჩასმული.
14 . ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით; მსგავსად საჭრეთელით ამოკვეთილისა, თითოეული თორმეტი შტოდან, თავისი სახელის მიხედვით.
15 . გაუკეთეს სამკერდულს დაწნული, გრეხილი ძეწკვები სუფთა ოქროსგან
16 . გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორთავე ბოლოზე.
17 . გაუყარეს ოქროს ორივე წნული რგოლებში სამკერდულის ბოლოებზე.
18 . ხოლო მეორე ბოლოებით წნულები ორ ბუდეს მიამაგრეს და ეფოდის სამხრეების წინ მოათავსეს.
19 . გააკეთეს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს, იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
20 . გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ეფოდის ორივე სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, ნაწიბურთან, ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელზე.
21 . ცისფერი ზონარით მიაბნიეს სამკერდულისა და ეფოდის რგოლები, რათა ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელზე ყოფილიყო და არ მოსცილდებოდა სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22 . გააკეთა ეფოდის ნაქსოვი მოსასხამი, მთლიანად ცისფერი.
23 . შუაში თავის გასაყრელი ჰქონდა ამოჭრილი, ჯაჭვის პერანგის მსგავსად; ჭრილს ოსტატური არშია ჰქონდა ირგვლივ კიდეზე, რათა არ შემორღვეულიყო.
24 . მოსასხამის კალთებს ბროწეულები გაუკეთეს ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული გრეხილი ქსოვილისგან.
25 . გააკეთეს სუფთა ოქროს ეჟვნები და ჩამოჰკიდეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს გარშემო;
26 . ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთების გარშემო მსახურებისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
27 . დაუმზადეს აჰარონსა და მის ძეებს ოსტატურად ნაქსოვი ბისონის კვართები.
28 . ბისონის დოლბანდი, ბისონის თავსაბურველი და სელის შარვალი გრეხილი ბისონისგან.
29 . სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილისგან, მქარგავის ნახელავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30 . გაუკეთეს სუფთა ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი და ამოკვეთეს მასზე წარწერა: წმიდა უფლისათვის.
31 . მიამაგრეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი დოლბანდზე ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . ასე დასრულდა საკრებულო კარვის ყოველი სამუშაო; ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
33 . და მიიტანეს სავანე მოსესთან: კარავი და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი კაუჭები, ძელები, ძელაკები, სვეტები თავისი კვარცხლბეკებით,
34 . ვერძების ალისფერი ტყავებისა და მაჩვის ტყავების საბურველნი და კრეტსაბმელი;
35 . მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და თავსარქველი;
36 . მაგიდა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პური;
37 . წმიდა სასანთლე თავისი ლამპრებით; გაწყობილი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობით და ზეთი გასანათებლად.
38 . ოქროს სამსხვერპლო, საცხებელი ზეთი, კეთილსურნელოვანი საკმეველი და ფარდა კარვის შესასვლელისთვის;
39 . სპილენძის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ბადით, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
40 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ეზოს კარიბჭის ფარდები, თავისი თოკებითა და პალოებით; ყოველი მოწყობილობა სავანეში მსახურებისთვის, საკრებულო კარვისთვის.
41 . საწესო შესამოსელი წმიდაში სამსახურებლად, აჰარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი, მისი ძეების შესამოსელი, მღვდლობის გასაწევად.
42 . ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელის შვილებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
43 . იხილა მოსემ ყოველი საქმე და, აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და აკურთხა ისინი მოსემ.
1 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის შვილებს: თუ უნებლიეთ შესცოდავს ვინმე და ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს,
3 . თუ ცხებული მღვდელი შესცოდავს და გარევს ხალხს დანაშაულში, შესწიროს უბიწო მოზვერი უფალს თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა; ცოდვის მსხვერპლად.
4 . და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, ხელი დაადოს მოზვერს თავზე და დაკლას უფლის წინაშე.
5 . აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან და მიიტანოს იგი საკრებულო კარავში.
6 . ჩააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს იგი საწმიდრის ფარდის წინ უფლის წინაშე.
7 . რქებზე მოაპკუროს სისხლი მღვდელმა, უფლის წინაშე საკმევლის სამსხვერპლოს, რომელიც საკრებულო კარავშია, ხოლო მოზვრის დანარჩენი სისხლი სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
8 . და ამოიღოს ცოდვისთვის შეწირული მოზვრის მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა;
9 . ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ქონი ფერდებზე და აპკი ღვიძლზე, თირკმელებითურთ ამოიკვეთოს,
10 . ისე, როგორც მოზვერი შეიწირება მსხვერპლად სამშვიდობო შესაწირისთვის; სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე დააკმევს მათ მღვდელი.
11 . ხოლო მოზვრის ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავფეხი, შიგნეული და განავალი,
12 . გაიტანოს მთლიანი მოზვერი ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარი იყრება და ცეცხლით დაწვას შეშაზე; ნაცრის გადასაყრელზე უნდა დაიწვას იგი.
13 . თუ შეცდა უნებლიეთ ისრაელის მთელი კრებული და დაიფარება ეს საქმე კრებულისგან; თუ ისეთი რამ ჩაიდინეს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს და დადანაშაულდნენ,
14 . როდესაც გამომჟღავნდება ცოდვა, რომლითაც შესცოდეს, დაე შესწიროს კრებულმა მოზვერი ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ.
15 . თავზე დაადონ მოზვერს ხელი თემის უხუცესებმა უფლის წინაშე და დაიკლას მოზვერი უფლის წინაშე.
16 . და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში;
17 . ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.
18 . რქებზე მოაპკუროს სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც საკრებულო კარავშია, მთელი მონარჩენი სისხლი კი დაღვაროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველზე, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
19 . ამოიღოს მთელი მისი ქონი და დააკმიოს სამსხვერპლოზე.
20 . ისე გაამზადოს ეს მოზვერი, როგორც ცოდვისთვის შესაწირი მოზვერი გაამზადა, გამოისყიდის მათ მღვდელი და ნაპატიები იქნებიან.
21 . გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც პირველი მოზვერი დაწვა: ეს კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლია.
22 . თუ მთავარი შესცოდავს და უნებლიეთ ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, მის ღმერთს, და დააშავებს,
23 . მერე კი მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიტანოს თავისი შესაწირი უნაკლო ვაცი.
24 . დაადოს ვაცს თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველი იკვლება უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი.
25 . აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლიდან თითით და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს, მისი სისხლის მონარჩენი კი სრულადდასაწველი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
26 . სამსხვერპლოზე დააკმიოს მთელი მისი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირის ქონი; გამოისყიდის მღვდელი მის ცოდვას და ეპატიება.
27 . თუ უბრალო ხალხიდან შესცოდავს ვინმე უნებლიეთ, ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, მის ღმერთს, და დააშავებს,
28 . მერე კი მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიტანოს შესაწირი: დედალი, უნაკლო თხა, თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა.
29 . თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას სრულადდასაწველის ადგილზე.
30 . თითით აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს; მთელი მისი მონარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
31 . და ააცალოს მღვდელმა მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირს ააცალა და სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად დააკმიოს უფლისთვის; გამოისყიდის მას მღვდელი და ეპატიება ცოდვა.
32 . თუ კრავს მიიტანს ცოდვის მსხვერპლად, უნაკლო დედალი იყოს.
33 . თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველს კლავენ.
34 . აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის მსხვერპლის სისხლისგან და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს, მთელი მისი მონარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
35 . და ააცალოს მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირის კრავს ააცალა და დააკმიოს მღვდელმა იგი უფლის სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად; გამოისყიდოს მისთვის მღვდელმა ცოდვა, რომლითაც შესცოდა და ეპატიება.
1 . მერვე დღეს მოუხმო მოსემ აჰარონს, მის ძეებსა და ისრაელის უხუცესებს.
2 . უთხრა აჰარონს: "მოიყვანე შენთვის მოზვერი ცოდვის მსხვერპლად და ვერძი სრულადდასაწველად, ორივე უნაკლო, და შესწირე უფლის წინაშე.
3 . და ასე უთხარი ისრაელის შვილებს: მოიყვანეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად, ერთწლიანი მოზვერი და კრავი, ორივე უნაკლო, სრულადდასაწველად.
4 . მოზვერი და ვერძი სამშვიდობო შესაწირად, რათა უფლის წინაშე აღასრულოთ მსხვერპლშეწირვა და პურეულის ძღვენი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი”.
5 . მოიყვანეს საკრებულო კარვის წინ, რაც ბრძანა მოსემ; მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე.
6 . თქვა მოსემ: "აი, რისი გაკეთება გიბრძანათ უფალმა, რომ გამოგეცხადოთ უფლის დიდება”.
7 . უთხრა მოსემ აჰარონს: "მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი და შენი სრულადდასაწველი და გამოისყიდე შენი თავი და შენი ხალხი და მიიტანე ხალხის შესაწირი და გამოისყიდე ისინი, როგორც ბრძანა უფალმა”.
8 . მიუახლოვდა აჰარონი სამსხვერპლოს და დაკლა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდად.
9 . და მიუტანეს აჰარონის ძეებმა სისხლი მამას, თითი ამოაწო მან სისხლში და მოასხურა სამსხვერპლოს რქებზე, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველთან დაღვარა.
10 . ცოდვისთვის შესაწირის ქონი, თირკმელები და ღვიძლის აპკი სამსხვერპლოზე დააკმია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს;
11 . ხოლო ხორცი და ტყავი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.
12 . დაკლა სრულადდასაწველი; და მიართვეს აჰარონის ძეებმა სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ.
13 . ნაჭრებად მიუტანეს სრულადდასაწველი თავთან ერთად და დააკმია სამსხვერპლოზე.
14 . გარეცხა შიგნეული, წვივები და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე.
15 . მიიტანა ხალხის შესაწირი; აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად, დაკლა და შესწირა, ცოდვის მსხვერპლის მსგავსად.
16 . მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა რჯულისამებრ.
17 . დილის სრულადდასაწველის გარდა, პურეულის ძღვენი მიიტანა, აივსო ხელი და დააკმია სამსხვერპლოზე.
18 . დაკლა მოზვერი და ვერძი სამშვიდობო შესაწირად ხალხისთვის; და მიართვეს აჰარონის ძეებმა სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ.
19 . მიუტანეს მოზვრისა და ვერძის ქონი, დუმა და შიგნეულის ქონი, თირკმელები და ღვიძლის აპკი.
20 . დაადეს ქონი მკერდზე და დააკმია მან ქონი სამსხვერპლოზე.
21 . შერხევით შეარხია აჰარონმა უფლის წინაშე მკერდი და მარჯვენა ბეჭი, როგორც უბრძანა მოსემ.
22 . და აღაპყრო აჰარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი და ჩამოვიდა ძირს ცოდვისთვის შესაწირის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო შესაწირის შეწირვის შემდეგ.
23 . შევიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარავში; გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს.
24 . გამოვიდა ცეცხლი უფლისგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველი და ქონი; იხილა მთელმა ხალხმა, ყიჟინა დასცა და პირქვე დაემხო.
1 . აიღეს ნადაბმა და აბიჰუმ, აჰარონის ძეებმა, თავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, რაც არ იყო ნაბრძანები.
2 . გამოვიდა ცეცხლი უფლისგან, შთანთქა ისინი და დაიხოცნენ უფლის წინაშე.
3 . უთხრა მოსემ აჰარონს: "ესაა, რასაც ამბობდა უფალი: წმინდად უნდა მომეპყრას ვინც მომიახლოვდება და განვდიდდები მთელი ხალხის წინაშე”. და დადუმდა აჰარონი.
4 . მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აჰარონის ბიძის, ყუზიელის ძეებს და უთხრა მათ: "მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი ძმები”.
5 . მივიდნენ და გაიტანეს ისინი თავიანთი კვართებით ბანაკის გარეთ, როგორც თქვა მოსემ.
6 . უთხრა მოსემ აჰარონს და მის ძეებს - ელეაზარსა და ითამარს: "ნუ გაიშიშვლებთ თავებს და სამოსელს ნუ შემოიგლეჯთ, რათა არ დაიხოცოთ და არ განრისხდეს უფალი მთელ თემზე. თქვენმა ძმებმა და ისრაელის მთელმა სახლმა კი იგლოვოს მათი დაწვა ცეცხლში, რომელიც უფლისგან აღენთო.
7 . ნუ გამოსცდებით საკრებულო კარვის შესასვლელს, რათა არ დაიხოცოთ, რადგან უფლის ზეთით ხართ ცხებულნი”. და მოიქცნენ მოსეს სიტყვისამებრ.
8 . უთხრა უფალმა აჰარონს:
9 . "ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ; საუკუნო წესად გექნებათ ეს თაობიდან თაობებში;
10 . რათა განასხვაო წმიდა და უწმიდური, ბინძური და სუფთა;
11 . და შეგეძლოს ისრაელის შვილებისთვის ყველა იმ წესის სწავლება, რომელიც მოსეს მეშვეობით აქვს უფალს ნათქვამი”.
12 . და უთხრა მოსემ აჰარონსა და მის გადარჩენილ შვილებს - ელეაზარსა და ითამარს: "აიღეთ პურეულის შესაწირი, რაც უფლის სრულადდასაწველი შესაწირიდან დარჩა და ჭამეთ საფუარის გარეშე სამსხვერპლოსთან, რადგან წმიდათა წმიდაა იგი.
13 . წმიდა ადგილზე ჭამეთ უფლის საცეცხლო შესაწირთაგან, რადგან შენი და შენი ძეების წილია ეს, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
14 . სუფთა ადგილზე ჭამეთ შესარხეველი მკერდი და აღსამართი ბეჭი, შენ და შენთან ერთად შენმა შვილებმა, რადგან შენი და შენი შვილების წილია ეს, ისრაელიანთა სამშვიდობო შესაწირების მსხვერპლთაგან.
15 . აღსამართი ბეჭი და შესარხეველი მკერდი ქონის საცეცხლო შესაწირთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ ის უფლის წინაშე, შესარხეველ შესაწირად; და იქნება ეს შენთვის და შენი ძეებისთვის სამარადისო წესად, როგორც აქვს ნაბრძანები უფალს.
16 . გულმოდგინედ ეძებდა ცოდვისთვის შესაწირ ვაცს მოსე და აჰა, დამწვარი იყო იგი; და განრისხდა ელეაზარსა და ითამარზე, აჰარონის დარჩენილ ძეებზე:
17 . "რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ხომ წმიდათა წმიდაა ის და იმისთვის მოგეცათ, რომ იტვირთოთ თემის უმართლობა, რათა გამოისყიდოთ ისინი უფლის წინაშე?
18 . აჰა, არ ყოფილა მისი სისხლი საწმიდარში შეტანილი. სწორედ იქ, წმიდა ადგილზე, უნდა გეჭამათ ის, როგორც მე ვბრძანე”.
19 . უთხრა აჰარონმა მოსეს: "აჰა, დღეს შესწირეს მათ თავისი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე; და ასე შემემთხვა მე; დღეს რომ მეჭამა ცოდვის მსხვერპლი, განა სათნო იქნებოდა ეს უფლის თვალში?”
20 . მოისმინა მოსემ და მოიწონა.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ეს იქნება რჯული კეთროვანისთვის, მისი განწმენდის დღეს: მიყვანილ იქნას იგი მღვდელთან;
3 . და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ, შეხედავს, და თუ განიკურნა კეთროვანი კეთრის წყლულისგან,
4 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, რომ მოიყვანონ ორი ცოცხალი, წმიდა ფრინველი განწმენდილისთვის, კედრის ტოტი, ძოწეულის ნართი და უსუპი.
5 . უბრძანებს მღვდელი ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში, გამდინარ წყალზე.
6 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს, ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში.
7 . შვიდჯერ მოასხურებს კეთრისგან განსაწმედელს, წმიდად გამოაცხადებს მას, ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
8 . სამოსელი გაირეცხოს განსაწმედელმა, გაიპარსოს მთელი თმა, განიბანოს წყლით და განიწმიდება. მერე მივიდეს ბანაკში და თავისი კარვის გარეთ შვიდი დღე დაჰყოს.
9 . მეშვიდე დღეს, მთლიანად გაიპარსოს თავი, წვერი, წარბები და მთელი თმა. გაირეცხოს სამოსელი, განიბანოს სხეული წყალში და განიწმიდება.
10 . მერვე დღეს აიყვანს ორ უნაკლო მამალ ბატკანს, ერთ უნაკლო, წელგამოვლილ დედალ ცხვარს, აიღებს ზეთში შეზელილ ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს პურეულ ძღვნად და ერთ საწყაო ზეთს;
11 . მღვდელი, რომელიც წმენდს მას, დააყენებს განსაწმედ კაცს მოტანილთან ერთად უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12 . აიღებს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს, შესწირავს მას დანაშაულის შესაწირად და ზეთის საწყაულს და შეარხევს მათ შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
13 . დაკლავს მამალ ბატკანს იმ ადგილზე, სადაც ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს კლავენ, საწმიდრის ადგილზე; რადგან ცოდვის მსხვერპლის მსგავსად, დანაშაულის შესაწირიც მღვდელს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ის.
14 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის სისხლიდან და სცხებს განწმედილის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს და მარჯვენა ფეხის ცერს.
15 . აიღებს მღვდელი ზეთს საწყაულიდან და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე,
16 . ჩააწობს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და შვიდჯერ მოაპკურებს თითით ზეთს უფლის წინაშე;
17 . სცხებს ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს, მარჯვენა ფეხის ცერსა და დანაშაულის შესაწირის სისხლს.
18 . თავზე დაადებს მღვდელი ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედს და გამოისყიდის მას უფლის წინაშე.
19 . შესწიროს მღვდელმა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი რათა განიწმინდოს უწმიდური მისი უწმიდურობისგან; მერე კი სრულადდასაწველი დაკლას.
20 . აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს სამსხვერპლოზე. გამოისყიდის და განიწმიდება.
21 . თუ ღარიბია ის და არ მიუწვდება ხელი, აიყვანოს ერთი მამალი ბატკანი დანაშაულის შესაწირისთვის, შესარხევად, თავისი გამოსყიდვისთვის; ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი პურეულ შესაწირად და საწყაო ზეთი,
22 . მტრედის ორი ხუნდი ან ორი გვრიტი, რაზეც ხელი მიუწვდება და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად.
23 . მიიტანოს ისინი მღვდელთან განწმენდის მერვე დღეს, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
24 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის კრავს, საწყაო ზეთს და შესარხეველ შესაწირად შეარხევს უფლის წინაშე.
25 . დაკლავს კრავს დანაშაულის შესაწირად, აიღებს მღვდელი მისი სისხლიდან და სცხებს განწმედილს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
26 . დაისხამს მღვდელი ზეთს მარცხენა ხელისგულზე.
27 . შვიდჯერ მოასხურებს მღვდელი მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, უფლის წინაშე.
28 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს ზეთს ხელისგულიდან მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის ცერზე, დანაშაულის შესაწირის სისხლის ადგილზე.
29 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს თავზე ხელისგულზე დარჩენილ ზეთს, მის გამოსასყიდად უფლის წინაშე.
30 . შესწირავს მტრედის ხუნდთაგან ან გვრიტთაგან, ერთ-ერთს, რაზეც ხელი მიუწვდება, განსაწმედელს
31 . ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად, პურეულ შესაწირთან ერთად; და გამოისყიდის მღვდელი განსაწმედს უფლის წინაშე.
32 . ესაა რჯული კეთროვანისთვის, რომელიც ხელმოკლე იქნება განწმედისას”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
34 . "როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ სამფლობელოდ და მოვგვრი კეთროვან წყლულს რომელიმე სახლს თქვენს სამფლობელო ქვეყანაში,
35 . წავიდეს სახლის პატრონი და ასე განუცხადოს მღვდელს: თითქოს წყლული გაჩნდა ჩემს სახლში.
36 . უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, სანამ მივა წყლულის სანახავად, რათა არ შეიბილწოს ყოველივე, რაც სახლშია; შემდეგ კი მივა მღვდელი სახლის სანახავად.
37 . შეხედავს წყლულს და, აჰა, თუ სახლის კედლებშია იგი, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად და ღრმადაა კედლის ზედაპირზე;
38 . მაშინ გამოვა მღვდელი სახლის შესასვლელთან და შვიდი დღით დაკეტავს სახლს.
39 . მიბრუნდება მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ ნახავს, რომ გავრცელდა წყლული სახლის კედლებზე,
40 . მაშინ გამოანგრევინებს ქვებს, რომლებშიც წყლულია და გადააყრევინებს უწმიდურ ადგილზე, ქალაქგარეთ.
41 . მოფხეკენ მთელ სახლს შიგნიდან და მოფხეკილ მტვერს ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე გადაყრიან.
42 . აიღებენ სხვა ქვებს, ჩადგამენ იმ ქვების ადგილზე, მოიტანენ სხვა ბათქაშს და გალესენ სახლს.
43 . თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოანგრიეს ქვები, მოფხიკეს და გალესეს კედლები,
44 . მივა მღვდელი და ნახავს, რომ მოდებულია წყლული სახლზე, მაშინ მწვავე კეთრია სახლში, არაწმიდაა ის.
45 . დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, ძელები და გაიტანონ მთელი ნალესი ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე.
46 . და ყოველი, ვინც იმ დროს შევა სახლში, ვიდრე დაკეტილია იგი, არაწმიდაა საღამომდე.
47 . სამოსელი უნდა გაირეცხოს იმ სახლში დანაწოლმა და პურნაჭამმა კაცმა;
48 . მაგრამ თუ შევა მღვდელი და ნახავს, რომ არ გავრცელებულა სახლზე წყლული მისი გალესვის შემდეგ, წმიდად მიიჩნევს იგი სახლს, რადგან განიკურნა წყლული.
49 . აიღებს სახლის განწმედისთვის ორ ფრინველს, კედრის ხეს, ძოწეულ ნართს და უსუპს.
50 . დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელში, გამდინარე წყალზე.
51 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში და შვიდჯერ მოასხურებს სახლს.
52 . განწმედს სახლს ფრინველის სისხლით, გამდინარე წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხით, უსუპით და ძოწეული ნართით.
53 . გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ მინდორში, გამოისყიდის სახლს და განიწმიდება.
54 . ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და ქეცისა,
55 . სამოსელისა და სახლზე მოდებული კეთრისა.
56 . სიმსივნისა, მუნისა და ლაქებისა.
57 . იმის სასწავლებლად თუ როდის რა არის უწმიდური ან წმიდა. ეს არის კეთრის რჯული”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე აჰარონს, მის ძეებს, ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ, ესაა სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
3 . თუ დაკლავს ვინმე ისრაელის სახლიდან ხარს, კრავს ან თხას ბანაკში ან ბანაკის გარეთ
4 . და არ მიიყვანს მას საკრებულო კარვის შესასვლელთან, რათა უფალს შესწიროს იგი, უფლის სავანის წინ, მაშინ სისხლისღვრად შეერაცხოს ეს იმ ადამიანს: სისხლი დაღვარა მან და მოიკვეთება იგი თავისი ხალხიდან.
5 . რათა მიიტანონ ისრაელის შვილებმა შესაწირი, რომელთაც კლავენ ისინი ველზე და მიართვან ისინი მღვდელს საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლისთვის და შესწირონ სამშვიდობო შესაწირად უფალს.
6 . მოაპკურებს მღვდელი სისხლს უფლის სამსხვერპლოზე საკრებულო კარვის შესასვლელთან და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისთვის,
7 . რათა კვლავ არ შესწირონ შესაწირი კერპებს, რომელთა კვალზეც მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის მათ თაობებში.
8 . უთხარი მათ: თუ აღავლენს ვინმე ისრაელის სახლიდან, ან უცხოელ მწირთაგან, რომელიც ხიზნობს მათ შორის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს,
9 . და არ მიიტანს მას საკრებულო კარვის შესასვლელთან, რათა უფალს შესწიროს იგი, მაშინ მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხიდან.
10 . თუ სისხლს შეჭამს ვინმე ისრაელის სახლიდან და უცხოელ მწირთაგან, რომელიც მათ შორის ხიზნობს, მაშინ მივაქცევ ჩემს სახეს იმ სულზე, რომელიც სისხლს ჭამს და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან.
11 . რადგან სისხლშია ხორციელის სიცოცხლე; და სამსხვერპლოსთვის მოგეცით ის, თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად, რადგან სისხლია, სიცოცხლეს რომ გამოისყიდის.
12 . ამიტომ ვუთხარი მე ისრაელიანებს: არც ერთი თქვენგანი და არც თქვენ შორის მაცხოვრებელი ხიზანი არ უნდა ჭამდეს სისხლს.
13 . თუ მოინადიროს ვინმემ ისრაელის შვილთაგან ან თქვენ შორის მაცხოვრებელ ხიზანთაგან, ისეთი ცხოველი ან ფრინველი, რომელიც იჭმევა, უნდა გამოუწუროს სისხლი და მტვრით დაფაროს იგი,
14 . რადგან სიცოცხლეა იგი ყოველი ხორციელისა, სისხლი მისი სიცოცხლისთვისაა, ამიტომ ვუთხარი ისრაელიანებს - არცერთი ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია; მოიკვეთება ყოველი მჭამელი სისხლისა.
15 . ყოველი, ვინც მძორს შეჭამს ან ნამხეცავს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, სამოსელი უნდა გაირეცხოს და წყლით განიბანოს; საღამომდე უწმიდური იქნება და მერე გასუფთავდება.
16 . თუ არ გაირეცხავს სამოსელს და სხეულს არ დაიბანს, მაშინ თვითონ ატარებს თავის ცოდვას”.
1 . ასეთია აჰარონისა და მოსეს შთამომავლობა იმ დღისთვის, უფალი რომ ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე.
2 . ესენია აჰარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
3 . ესაა აჰარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც დაადგინა მსახურებისთვის.
4 . დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა სინაის უდაბნოში, უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, შვილები კი არ ჰყავდათ მათ; და მსახურებდნენ ელეაზარი და ითამარი აჰარონის, მათი მამის სიცოცხლეში.
5 . უთხრა უფალმა მოსეს:
6 . "დაუახლოვე ლევის ტომი აჰარონ მღვდელს და დაადგინე მის წინაშე, რათა ემსახურონ.
7 . ისინი აასრულებენ მოვალეობას აჰარონისა და მთელი თემის წინაშე საკრებულო კარვისა და სავანის სამსახურებლად.
8 . იფხიზლებენ საკრებულო კარვის ყოველ ჭურჭელსა და ისრაელიანთა ვალდებულებებზე, სავანის მსახურების გასაწევად.
9 . გადაეცი ლევიანები აჰარონსა და მის ძეებს, მთლიანად იქნებიან გადაცემულნი ისრაელის ძეთაგან.
10 . მღვდლობა აჰარონსა და მის ძეებს დაავალე, უცხო თუ მიუახლოვდეს, მოიკლას”.
11 . უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "აჰა, ავიყვანე ლევიანნი ისრაელიანთაგან, ყოველი პირმშოს სანაცვლოდ, რომელიც საშოს გააპობს; ჩემები იქნებიან ისინი;
13 . ვინაიდან ჩემია ყველა პირველშობილი, რადგან იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი ეგვიპტელი პირმშო, ჩემთვის განვიწმიდე ყველა პირველშობილი ისრაელიანთაგან; ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან, მე ვარ უფალი”.
14 . უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში:
15 . "აღრიცხე ლევის ძენი მათი მამის სახლეულითა და გვარებით; აღრიცხე ყოველი მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი”.
16 . და აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა.
17 . ესენი იყვნენ ლევის ძენი თავისი სახელებით: გერშონი, კეჰათი და მერარი.
18 . ესენია გერშონის ძეთა სახელები საგვარეულოთა მიხედვით: ლიბნი და შიმყი.
19 . და კეჰათის ძენი საგვარეულოთა მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
20 . მერარის ძენი საგვარეულოთა მიხედვით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლთა მიხედვით.
21 . გერშონისგან: ლიბნისა და შიმყის ოჯახი; ესაა გერშონის საგვარეულო.
22 . ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, შვიდი ათას ხუთასს შეადგენდა.
23 . სავანის უკან, დასავლეთით უნდა დაებანაკა გერშონიანთა საგვარეულოს.
24 . გერშონის მამისეული სახლის მთავარი ლაელის ძე, ელიასაფი იყო.
25 . გერშონიანების პასუხისმგებლობაში შედიოდა სავანე, კარავი თავისი გადასაფარებლით და კრეტსაბმელი, საკრებულო კარვის შესასვლელში;
26 . ეზოს ფარდები, აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ ეზოს კარიბჭის ფარდა, თავისი მისაბმელებითა და სრული აღჭურვილობით.
27 . კეჰათისგან: ყამრამის, იცჰარის, ხებრონისა და ყუზიელის საგვარეულო: ესენი იყვნენ კეჰათიანები.
28 . ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, რომელიც საწმიდრის მსახურებას ასრულებდა, რვა ათას ექვსას შეადგენდა.
29 . სავანის გვერდით, სამხრეთისკენ უნდა დაებანაკა კეჰათიანთა საგვარეულოს.
30 . კეჰათიანთა მამისეული სახლის მთავარი ყუზიელის ძე, ელიცაფანი იყო.
31 . მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა კიდობანი, მაგიდა და სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლეული, რომლითაც მსახურებდნენ და კრეტსაბმელი მთელი მისი აღჭურვილობით.
32 . ლევიანების მთავართა მთავარი აჰარონ მღვდლის ძე, ელეაზარი იყო: მისი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ საწმიდრის მომსახურენი.
33 . მერარისგან: მახლისა და მუშის საგვარეულო: ესენი იყვნენ მერარიანები.
34 . ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ექვსი ათას ორასს შეადგენდა.
35 . მერარის მამისეული სახლის მთავარი აბიჰაილის ძე, ცურიელი იყო; სავანის გვერდით, ჩრდილოეთით უნდა დაებანაკათ მათ.
36 . მერარიანებს სავანის ძელების, მისი ურდულების, სვეტების, კვარცხლბეკების, ჭურჭლისა და მთელი მისი აღჭურვილობის მოვლა ევალებოდათ;
37 . ასევე სვეტები ეზოს გარშემო, მისი კვარცხლბეკები და პალოები თავისი თოკებით.
38 . სავანის წინ, აღმოსავლეთით, საკრებულო კარვის წინ, მზის აღმოსავალისკენ დაბანაკდნენ მოსე, აჰარონი და მისი ძენი, საწმიდრის მსახურების გასაწევად და ისრაელიანთა ვალდებულებების შესასრულებლად; უცხო კი, ვინც მიუახლოვდებოდა, უნდა მომკვდარიყო;
39 . ყველა ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა თავისი საგვარეულოებით, ყოველი მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ოცდაორ ათასს შეადგენდა.
40 . უთხრა უფალმა მოსეს: "აღრიცხე ისრაელიანთაგან ყოველი მამრი პირმშო, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, გადათვალე ისინი სახელებით
41 . და აიყვანე ჩემთვის ლევიანნი, მე ვარ უფალი, ყოველი პირმშოს სანაცვლოდ ისრაელიანთაგან, ლევიანთა პირუტყვი კი, ისრაელიანთა პირუტყვის ყოველი პირველმონაგების სანაცვლოდ”.
42 . და აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა, ისრაელიანთა ყოველი პირმშო,
43 . ყოველი მამრი პირმშო, სახელდებითი აღრიცხვით, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი იყო.
44 . უთხრა უფალმა მოსეს:
45 . "აიყვანე ლევიანნი ისრაელიანთა ყოველი პირმშოს სანაცვლოდ, ლევიანების პირუტყვი, მათი საქონლის სანაცვლოდ და ჩემი იქნებიან ლევიანები; მე ვარ უფალი.
46 . ხოლო იმ ორას სამოცდაცამეტის გამოსასყიდად, რომლითაც აღემატებიან ლევიანებს ისრაელიანთა პირმშონი,
47 . ხუთ-ხუთი შეკელი აიღე ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც ოც გერას იწონის.
48 . და მიეცი ეს ფული აჰარონსა და მის ძეთ, ზედმეტის გამოსასყიდად”.
49 . აიღო მოსემ ზედმეტის გამოსასყიდი ფული, ლევიანთა მიერ შენაცვლებულთა საპირწონედ.
50 . ისრაელიანთა პირმშოებისგან აიღო ეს ფული, საწმიდრის ათას სამას სამოცდახუთი შეკელით;
51 . და მისცა მოსემ გამოსასყიდი ფული აჰარონსა და მის ძეებს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.
3 . ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.
4 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ: როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ.
5 . უთხრა უფალმა მოსეს:
6 . "უთხარი ისრაელიანებს: როცა კაცი ან ქალი რომელიმე ადამიანურ ცოდვას ჩაიდენს და უფალს არ უერთგულებს, დამნაშავეა:
7 . აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა.
8 . თუ იმ კაცს მემკვიდრე არ ჰყავს, რათა ანაზღაურდეს დანაკარგი, მაშინ ცოდვის საზღაური უფალს ეკუთვნის; მღვდლისა იყოს იგი, გარდა ცოდვის გამოსასყიდი ვერძისა, რომლითაც გამოისყიდის მას.
9 . ისრაელიანთა მთელი შესაწირი ყოველ წმიდად შერაცხულთაგან, რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მას ეკუთვნის;
10 . თითოეული წმიდა შესაწირი მას ეკუთვნის; თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის”.
11 . და უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,
13 . დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,
14 . მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;
15 . დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.
16 . მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს უფლის წინაშე.
17 . აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიწას, სავანის ძირიდან და ჩაყრის მიწას მღვდელი იმ წყალში.
18 . დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, გაუშიშვლებს თავს და ხელში ჩაუდებს მოსაგონარ და ეჭვიანობის შესაწირს, ხოლო დამლახვრელი მწარე წყალი მღვდლის ხელში იქნება.
19 . დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.
20 . ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,
21 . წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;
22 . შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!
23 . ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში და ჩამორეცხოს მწარე წყლით.
24 . დაალევინოს ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამაწყევარი წყალი და გამწარდება.
25 . აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის შესაწირი, შეარხიოს იგი უფლის წინაშე და მიიტანოს სამსხვერპლოსთან;
26 . აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირისგან, მისი მოსაგონარი წილი და აღავლინოს სამსხვერპლოზე, მერე კი დაალევინოს ქალს ის წყალი.
27 . როცა შეასმევს წყალს, თუ შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, მაშინ გამწარდება მასში დამაწყევარი წყალი და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება თეძო და წყეული იქნება თავის ხალხში.
28 . ხოლო თუ არ შებილწულა და სუფთაა იგი, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
29 . ასეთია ეჭვიანობის რჯული, როცა წავა ქალი, უღალატებს თავის ქმარს და შეიბილწება;
30 . ან როცა ეჭვიანობის სული დაეუფლება მამაკაცს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ წარადგენს ქალს უფლის წინაშე და აღასრულებს ყოველივეს მღვდელი ამ რჯულისამებრ.
31 . და იქნება ქმარი დანაშაულისგან თავისუფალი, ქალი კი - თავისი ცოდვის მტვირთველი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "განუცხადე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა, მოწმიდარობის აღთქმა დადო, რათა უფალს მიუძღვნას თავი,
3 . ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს.
4 . თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს არაფერი ჭამოს, რაც ყურძნისგან მზადდება, წიპწიდან ჩენჩომდე.
5 . არ შეეხოს მის თავს სამართებელი თავისი მოწმიდარობის მთელ დროს; ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომლებიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე.
6 . არ მიუახლოვდეს მკვდარს თავისი მოწმიდარობის მთელ დროს:
7 . არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
8 . წმიდაა იგი უფლისთვის, მისი მოწმიდარობის მთელ დროს.
9 . ხოლო თუ მოულოდნელად მოკვდება ვინმე მის გვერდით და შეიბილწება მოწმიდარობის თავი, მაშინ მოიპარსოს თავი განწმენდის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს.
10 . მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
11 . მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად და გამოისყიდის მკვდრის შეხების ცოდვისგან და იმავე დღეს განწმენდს მის თავს.
12 . განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიიტანოს ერთწლიანი კრავი დანაშაულისათვის; და გაუქმდება წინა დღეები, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა.
13 . ესაა რჯული მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეების შესრულებისას, მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან,
14 . და შესწირავს იგი თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უნაკლო კრავს სრულადდასაწველად, ერთწლიან უნაკლო დედალ ცხვარს ცოდვის მსხვერპლად და ერთ უნაკლო ვერძს - სამშვიდობო შესაწირად;
15 . ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს და ზეთნაცხებ უსაფუარო კვერებს, პურეულ და საღვრელ შესაწირს.
16 . მიიტანს ამას მღვდელი უფლის წინაშე და შესწირავს მის ცოდვის მსხვერპლს და სრულადდასაწველს.
17 . ხმიადების კალათასთან ერთად ვერძს შესწირავს უფალს სამშვიდობო შესაწირად; და შესწირავს მღვდელი პურეულის ძღვენსა და საღვრელსაც.
18 . გაიპარსავს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თავისი მოწმიდარობის თავს, აიღებს თავისი მოწმიდარობის თავის თმას და ცეცხლზე დადებს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის ქვეშაა.
19 . აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს, ერთ უფუარ კვერს კალათიდან, ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ, რაც გაიპარსავს იგი თავისი მოწმიდარობის თავს.
20 . და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე შერხევით: წმიდაა იგი მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა; ამის შემდეგ სვას მოწმიდარმა ღვინო.
21 . ესაა რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო და მისი მოწმიდარობის შესაწირი. იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება; თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა, ისე გააკეთოს, მოწმიდარობის რჯულისამებრ”.
22 . უთხრა უფალმა მოსეს:
23 . "უთხარი აჰარონს და მის ძეებს: ასე დალოცეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ:
24 . უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას!
25 . უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს.
26 . უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!
27 . მოუხმობ ჩემს სახელს ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ”.
1 . იმ დღეს, როცა დაასრულა მოსემ სავანის აღმართვა, სცხო მას, გაწმიდა ის და მთელი მისი აღჭურვილობა, სამსხვერპლო მთელი თავისი ჭურჭლეულით, სცხო მათ და გაწმიდა ისინი.
2 . და მიეახლნენ მას ისრაელის მთავრები, მამისსახლთა მეთაურები, ტომთა მთავარნი, რომლებიც წინამძღოლობდნენ აღრიცხულებს;
3 . და მიიტანეს თავისი შესაწირი უფლის წინაშე: ექვსი გადახურული ურემი და თორმეტი ხარი; ერთი ურემი ორი მთავრისგან და თითო ხარი თითოეულისგან; წარადგინეს სავანის წინ.
4 . უთხრა უფალმა მოსეს:
5 . "მიიღე მათგან, საკრებულო კარვის მსახურებისთვის და მიეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი მსახურებისამებრ”.
6 . აიღო მოსემ ურმები ხარებთან ერთად და გადასცა ლევიანებს.
7 . ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონის ძეებს მისცა, მათი მსახურებისამებრ.
8 . ოთხი ურემი და რვა ხარი მერარის ძეებს მისცა, მათი მსახურებისამებრ, აჰარონ მღვდლის ძის, ითამარის ზედამხედველობით.
9 . კეჰათის ძეებს არ მისცა, რადგან მათი სამსახური წმიდა ჭურჭლის მხრით ტარება იყო.
10 . შესწირეს მთავრებმა თავისი შესაწირი სამსხვერპლოს წინ, სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევისთვის, მისი ზეთისცხებისას.
11 . უთხრა უფალმა მოსეს: "ერთმა მთავარმა ერთ დღეს შესწიროს თავისი შესაწირი სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევისთვის და მეორემ - მეორე დღეს”.
12 . პირველ დღეს თავისი შესაწირი გაიღო ნახშონმა, ამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.
13 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
14 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
15 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
16 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
17 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ნახშონის, ამინადაბის ძის შესაწირი.
18 . მეორე დღეს ნათანელმა, ცურის ძემ, ისაქარის ტომის მთავარმა გაიღო თავისი შესაწირი:
19 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
20 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
21 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
22 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
23 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ნათანელის, ცურის ძის შესაწირი.
24 . მესამე დღეს ზებულონის ძეთა მთავარმა, ელიაბ ხელონის ძემ შესწირა.
25 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
26 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
27 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
28 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
29 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიაბის, ხელონის ძის შესაწირი.
30 . მეოთხე დღეს ელიცურ შედეურის ძემ, რეუბენის ძეთა მთავარმა შესწირა.
31 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
32 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
33 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
34 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
35 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიცურის, შედეურის ძის შესაწირი.
36 . მეხუთე დღეს სიმონის ძეთა მთავარმა, შელუმიელ ცურიშადაის ძემ შესწირა.
37 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
38 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
39 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
40 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
41 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შელუმიელის, ცურიშადაის ძის შესაწირი.
42 . მეექვსე დღეს ელიასაფმა, რეღუელის ძემ, გადის ძეთა მთავარმა შესწირა.
43 . მისი შენაწირი იყო: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
44 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
45 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
46 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
47 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიასაფის, რეღუელის ძის შენაწირი.
48 . მეშვიდე დღეს ეფრემის ძეთა მთავარმა, ელიშამაყ ყამიჰუდის ძემ შესწირა.
49 . მისი შენაწირი იყო: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
50 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
51 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
52 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
53 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიშამაყ ყამიჰუდის ძის შენაწირი.
54 . მერვე დღეს მენაშეს ძეთა მთავარმა, გამალიელ ფედაცურის ძემ შესწირა.
55 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
56 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
57 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
58 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
59 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო გამალიელ, ფედაცურის ძის შენაწირი.
60 . მეცხრე დღეს ბენიამინის ძეთა მთავარმა, აბიდან გედეონის ძემ შესწირა.
61 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
62 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
63 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
64 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
65 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო აბიდანის, გედეონის ძის შენაწირი.
66 . მეათე დღეს დანის ძეთა მთავარმა, ახიყეზერ ყამიშადაის ძემ შესწირა.
67 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
68 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
69 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
70 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
71 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ახიყეზერ ყამიშადაის ძის შენაწირი.
72 . მეთერთმეტე დღეს აშერის ძეთა მთავარმა, ფაგეყიელ ყაქრანის ძემ შესწირა.
73 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
74 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
75 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
76 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
77 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ფაგეყიელ ყაქრანის ძის შენაწირი.
78 . მეთორმეტე დღეს ნაფთალის ძეთა მთავარმა, ახირაყ ყენანის ძემ შესწირა.
79 . აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
80 . ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
81 . ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
82 . ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
83 . ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ახირაყ ყენანის ძის შენაწირი.
84 . ეს იყო სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევა, ზეთისცხების დღეს ისრაელის მთავართაგან: ვერცხლის თორმეტი ლანგარი, ვერცხლის თორმეტი სასხურებელი, ოქროს თორმეტი თასი,
85 . ვერცხლის ას ოცდაათი შეკელი თითოეულ ლანგარში და სამოცდაათი შეკელი თითოეულ სასხურებელში; ამ ჭურჭელში სულ ორი ათას ოთხასი საწმიდრის შეკელი ვერცხლი იყო;
86 . ოქროს თორმეტი თასი, საკმევლით სავსე, თითოეული მათგანი ათ წმიდა შეკელს იწონიდა. სასაკმევლეებში სულ ას ოცი შეკელი ოქრო იყო.
87 . მთლიანად სრულადდასაწველი საქონელი იყო: თორმეტი ხარი, თორმეტი ვერძი, თორმეტი ერთწლიანი კრავი, თავის პურეულ ძღვენთან ერთად, თორმეტი თიკანი ცოდვისგან გასაწმედად.
88 . სამშვიდობო შესაწირად კი საქონელმა სულ შეადგინა: ოცდაოთხი ხარი, სამოცი ვერძი, სამოცი ერთწლიანი კრავი. ეს იყო სამსხვერპლოს კურთხევის ძღვენი, მისი ზეთისცხების შემდეგ.
89 . და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.
1 . ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში:
2 . "დაე, აღასრულონ ისრაელის ძეთ პასექი მისთვის დანიშნულ დროს.
3 . ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, მისთვის დანიშნულ დროს, ყოველი მისი დადგენილებისა და წესისამებრ აღასრულეთ იგი”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელიანებს პასექის აღსრულების შესახებ
5 . და აღასრულეს პასექი, პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა.
6 . და იყვნენ კაცები, რომლებიც ადამიანის გვამთან შეხებით გაუწმიდურდნენ და არ შეეძლოთ პასექის იმ დღეს აღსრულება; და მიეახლნენ ისინი მოსეს და აჰარონს
7 . და უთხრეს: "გავუწმიდურდით ადამიანის გვამთან შეხებით, ამიტომ, მოვაკლდით დანიშნულ დროს უფლისთვის მსხვერპლშეწირვას, ისრაელის ძეთა შორის”.
8 . უპასუხა მათ მოსემ: "მაცალეთ, მოვისმენ, რას ბრძანებს უფალი”.
9 . თქვა უფალმა:
10 . "უთხარი ისრაელის ძეთ: თუ ვინმე თქვენგანი მიცვალებულთან შეხებით გაუწმიდურდება ან შორეულ გზაზე იქნება, თქვენში თუ თქვენს შთამომავლობაში, აღასრულოს მან პასექი უფლისთვის,
11 . მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულოს იგი, ხმიადით და მწარე მწვანილით ჭამონ.
12 . არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.
13 . ხოლო კაცი, რომელიც სუფთაა, გზაზე არ იმყოფება და არ აღასრულებს პასექს, მოისპოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან თავის დროზე არ მიიტანა უფლის შესაწირი; ცოდვას იტვირთავს ასეთი კაცი.
14 . თუ ხიზანი იცხოვრებს თქვენთან და აღასრულებს პასექს უფლისთვის დადგენილებისა და წესისამებრ უნდა აღასრულოს. ერთი წესი იყოს ხიზნისთვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც”.
15 . სავანის აღმართვის დღეს, ღრუბელმა დაფარა იგი, მოწმობის კარავი. საღამოდან განთიადამდე ცეცხლივით გამოიყურებოდა სავანის თავზე მდგარი ღრუბელი.
16 . მუდმივად ასე იყო: ღრუბელი ფარავდა მას, თუმცა ღამით ცეცხლივით გამოიყურებოდა.
17 . და როცა აიწეოდა კარვიდან ღრუბელი, მაშინ დაიძრებოდნენ გზად ისრაელის ძენი და იქ ბანაკდებოდნენ, სადაც გაჩერდებოდა ღრუბელი.
18 . უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით დაბანაკდებოდნენ და მანამდე ჩერდებოდნენ, სანამ ღრუბელი იდგა სავანის თავზე.
19 . თუ დიდხანს, მრავალი დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, იცავდნენ უფლის განკარგულებას ისრაელის ძენი და არ იძროდნენ.
20 . ზოგჯერ, როცა რამდენიმე დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, უფლის ბრძანებით რჩებოდნენ და უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისინი.
21 . ხანდახან საღამოდან დილამდე აყოვნებდა ღრუბელი და როცა დილით აიწევდა, ისინიც დაიძრებოდნენ; დღისით იყო თუ ღამით, როცა აიწევდა ღრუბელი, მხოლოდ მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე.
22 . და თუ დღეები ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანნი და არ იძროდნენ. ხოლო, როცა ამაღლდებოდა, ისინიც დაიძრებოდნენ.
23 . უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით იძროდნენ: იცავდნენ უფლის განკარგულებებს, უფლის დავალებისამებრ, მოსეს მეშვეობით.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "გამოუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როდესაც შეხვალთ დასამკვიდრებლად ქვეყნისა, მე რომ გაძლევთ
3 . და მიიტანთ შესაწირს უფლისთვის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს ნახირიდან ან ფარიდან, აღთქმის აღსასრულებლად ან სამშვიდობოდ, რათა აკმიოთ საამო კეთილსურნელება უფლისთვის,
4 . შესწიროს შემწირავმა თავისი ძღვენი უფალს: ეფის მეათედი ნაწილი პურის გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ ზეთში შერეული.
5 . და ყოველი კრავი, სრულადდასაწველი თუ მსხვერპლად მისატანი, მეოთხედი ჰინი საღვრელი ღვინით მოამზადოს.
6 . ხოლო ვერძისთვის - მესამედ ჰინ ზეთში შერეული ორი მეათედი ეფა გამტკიცული პურის ფქვილი მოამზადოს.
7 . საღვრელად კი ჰინის მესამედი ნაწილი ღვინო შესწიროს საამო კეთილსურნელებად უფალს.
8 . როცა სრულადდასაწველ ან მსხვერპლად მისატან ზვარაკს მოამზადებს, უფლისთვის აღთქმის აღსასრულებლად თუ სამშვიდობო შესაწირად,
9 . მაშინ, ზვარაკთან ერთად, ნახევარ ჰინ ზეთში შერეული სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი შესწიროს.
10 . თან მიიტანე ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო შესაწირად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
11 . ასე გაკეთდეს თითოეული ზვარაკის, ვერძის, კრავის ან თხისთვის.
12 . რამდენსაც შესწირავს, იმის მიხედვით მოამზადოს თითოეული, მისი რაოდენობის მიხედვით.
13 . ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს, ვინც მოიტანს შესაწირს უფლისთვის საამო კეთილსურნელებად.
14 . ყოველი ხიზანი თქვენ შორის და შემოკედლებული, ვინც არ უნდა იყოს, თაობიდან თაობამდე, თუ მოიტანს შესაწირს უფლისთვის საამო კეთილსურნელებად, მაშინ როგორც თქვენ გააკეთებთ, ისე გააკეთოს.
15 . ერთი წესი იყოს უფლის კრებულისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენში ცხოვრობს, სამარადისოდ თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე.
16 . ერთი რჯული და ერთი სამართალი იქნება თქვენთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენთან ცხოვრობს”.
17 . უთხრა უფალმა მოსეს:
18 . "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, მე რომ მიგიყვანთ,
19 . და შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, აღუვლინეთ შესაწირი უფალს.
20 . პირველმოწეული ფქვილის კვერიც აღუვლინეთ. თითქოს კალოს ლეწვისას შეგეწიროთ, ისე აღუვლინეთ.
21 . პირველმოზელილი ცომიც შესწირეთ უფალს აღსავლენად, თაობიდან თაობამდე.
22 . როცა უნებურად შეცდებით და არ აღასრულებთ ყოველ მცნებას, რომელიც დაუდო უფალმა მოსეს,
23 . ყოველივეს, რაც გამცნოთ უფალმა მოსეს მეშვეობით იმ დღიდან, როცა გამცნოთ უფალმა და ამიერიდან თქვენს თაობებში;
24 . თუ თემის წინდაუხედაობით მოხდა ეს შეცდომა, დაე მთელმა თემმა შესწიროს ერთი ნორჩი მოზვერი სრულადდასაწველად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის, მისი პურეული ძღვენი, საღვრელი, წესისამებრ, და ერთი მამალი თხა ცოდვისგან განმწმედ შესაწირად.
25 . გამოისყიდის მღვდელი ისრაელიანთა მთელ თემს და მიეტევება მათ, რადგან უნებურად მოხდა ეს, მიიტანენ ისინი სრულადდასაწველს უფლის წინაშე, თავისი წინდაუხედაობისთვის.
26 . მიეტევება ისრაელიანთა მთელ თემს და მათ შორის მცხოვრებ ხიზანს, რადგან უცოდინრობით შეცდა ხალხი.
27 . თუ ერთი სული შესცოდავს წინდაუხედაობით, დაე შესწიროს ერთწლიანი დედალი თხა ცოდვისგან განსაწმედად.
28 . და გამოისყიდის მღვდელი შეცთომილს, ვინაიდან განზრახ არ შეუცოდავს უფლისთვის და მიეტევება.
29 . ერთი რჯული იყოს განუზრახველად დაშვებული შეცდომისთვის, ისრაელიანი მკვიდრი იქნება თუ მათ შორის მცხოვრები ხიზანი.
30 . ის კი, ვინც განზრახ ბოროტმოქმედებს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, გმობს უფალს; ასეთი კაცი მოისპოს თავისი ხალხისგან,
31 . ვინაიდან სიტყვა უფლისა შეურაცხჰყო და მისი მცნება დაარღვია. ბოლომდე შეიმუსროს იგი; მასზეა მისი ცოდვა”.
32 . და როცა უდაბნოში იყვნენ ისრაელიანები, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.
33 . მიიყვანეს იგი მპოვნელებმა მოსესთან, აჰარონთან და მთელ თემთან.
34 . დაატუსაღეს, ვინაიდან ჯერ არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ.
35 . უთხრა უფალმა მოსეს: "უცილობლად მოკვდეს ეს კაცი; ქვებით ჩაქოლოს მთელმა თემმა ბანაკის გარეთ”.
36 . გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა ქვებით; მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
37 . უთხრა უფალმა მოსეს:
38 . "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი, რომ ფოჩები გაიკეთონ სამოსლის კიდეებზე, თაობიდან თაობამდე და ცისფერი ძაფი ჩაატანონ ფოჩებში.
39 . როცა შეხედავთ, ეს ფოჩი გაგახსენებთ, უფლის ყოველ მცნებას აღსასრულებლად; რათა არ აჰყვეთ გულისთქმასა და თვალს, რომლებიც მრუშობისკენ გიზიდავენ;
40 . რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას და წმიდები იყოთ თქვენი ღმერთისთვის.
41 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
1 . ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევის ძისა, დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა და ონი, ძე ფელეთისა - რეუბენიანები;
2 . და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი ისრაელიანი, თემისა და საკრებულოს მთავარნი, სახელოვანი კაცები და წინაღუდგნენ მოსეს.
3 . შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: "მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე! რადგან წმიდაა მთელი თემი და უფალი მკვიდრობს მასში! რატომ აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?"
4 . გაიგონა მოსემ და დაემხო პირქვე.
5 . უთხრა კორახს და მთელ მის დასს: "დილით უფალი დაგვანახებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, მას დართავს მიახლოვების ნებას და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს.
6 . ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა,
7 . ჩადეთ მასში ცეცხლი და ზედ საკმეველი დადეთ ხვალ უფლის წინაშე; რომელ კაცსაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე, ლევის ძენო!”
8 . უთხრა მოსემ კორახს: "ისმინეთ, ლევის ძენო!
9 . ნუთუ ცოტაა თქვენთვის, რომ გამოგყოთ ისრაელის ღმერთმა ისრაელიანთაგან და დაგიახლოვათ, რათა შეასრულოთ უფლის სავანის მსახურება და იდგეთ მის მსახურებად თემის წინაშე?
10 . დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად შენი ძმები, ლევის ძენი, ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
11 . ამიტომ შეიკრიბეთ უფლის წინააღმდეგ შენ და მთელი შენი დასი? ვინ არის აჰარონი, რომ დრტვინავთ მასზე?”
12 . და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მათ კი თქვეს: "არ მოვალთ!
13 . ნუთუ არ კმარა, რომ გამოგვიყვანე იმ ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, რათა უდაბნოში მოგვაკვდინო და ახლა ჩვენზე გაბატონება მოინდომე?
14 . არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მინდორი და ვენახი მოგიცია სამკვიდრებლად, თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ მოვალთ!”
15 . განრისხდა მოსე და უთხრა უფალს: "ნუ მიხედავ მათ შესაწირს, სახედარიც კი არ გამომირთმევია მათთვის და ერთი მათგანისთვისაც არ მიბოროტია”.
16 . უთხრა მოსემ კორახს: "შენ და მთელი შენი დასი, უფლის წინაშე წარსდექით ხვალ, შენ, ისინი და აჰარონი.
17 . აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლური, ჩადეთ მასში საკმეველი და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე, ორას ორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აჰარონმა - თითოეულმა თავისი საცეცხლური”.
18 . აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და დადგნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან, მოსე და აჰარონიც იქ იყვნენ.
19 . შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან და უფლის დიდება გამოეცხადა მთელ თემს.
20 . გამოეცხადა მთელ თემს. 20
21 . "გამოეყავით ამ თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”.
22 . პირქვე დაემხნენ და თქვეს: "უფალო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე მრისხანებ?”
23 . უთხრა უფალმა მოსეს:
24 . "უთხარი თემს: განერიდეთ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომს”.
25 . ადგა მოსე, წავიდა დათანთან და აბირამთან და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები.
26 . უთხრა მან თემს: "აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს და მათსას ნურაფერს მიეკარებით, რათა არ აღიგავოთ მათ ცოდვებთან ერთად”.
27 . და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავისი ცოლებით, ძეებითა და მცირეწლოვანი ბავშვებით.
28 . თქვა მოსემ: "ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა ამ საქმის გასაკეთებლად და არ მიმოქმედია ჩემი ნებით.
29 . თუ ესენი ჩვეულებრივი სიკვდილით მოკვდებიან და ყველა მოკვდავის ბედს გაიზიარებენ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
30 . ხოლო თუ ისეთ რამეს მოიმოქმედებს უფალი, რაც აქამდე არ მომხდარა, გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და მთელს მათ საბადებელს და ცოცხლად ჩავლენ ქვესკნელში, მაშინ გაიგეთ, რომ შეიძულეს ამ ადამიანებმა უფალი”.
31 . და დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ;
32 . გააღო მიწამ პირი, შთანთქა ისინი და მათი სახლეული, ყოველი ადამიანი, რომელიც კორახთან იყო და მთელი მათი ქონება.
33 . ჯერ კიდევ ცოცხალნი ჩაცვივდნენ ქვესკნელში ყველაფერთან ერთად, რაც გააჩნდათ, გადაეფარათ მიწა და აღიგავნენ კრებულიდან.
34 . ყველა ისრაელიანი, ვინც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე და ამბობდნენ: ჩვენც არ გვშთანთქასო მიწამ!
35 . ცეცხლი გამოვიდა უფლისგან და შთანთქა ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.
36 . უთხრა უფალმა მოსეს:
37 . "უთხარი ელეაზარ მღვდელს, აჰარონის ძეს, ნახანძრალიდან საცეცხლურები აკრიფოს და მუგუზალი გარეთ მოაბნიოს, რადგან განიწმიდნენ საცეცხლურები.
38 . მათი საცეცხლურებიდან, ვინც სიცოცხლის ფასად შესცოდა, ფურცლები გამოჭედონ სამსხვერპლოს მოსაჭედად, რადგან უფლის წინაშე მიიტანეს ისინი და განწმიდეს; და იქნება ეს ნიშნად ისრაელის ძეთათვის”.
39 . აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი და გააბრტყელეს სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად;
40 . რათა ახსოვდეთ ისრაელის ძეებს, რომ უცხო პირი, რომელიც აჰარონის შთამომავალი არ არის, არ მივიდეს საკმევად უფლის წინაშე და არ დაისაჯოს კორახისა და მისი დასივით, როგორც უთხრა მას უფალმა მოსეს მეშვეობით.
41 . და დრტვინავდა მეორე დღეს ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აჰარონზე; "თქვენ დახოცეთო უფლის ხალხი”.
42 . როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და დაინახეს, რომ დაფარა ღრუბელმა და გამოცხადდა უფლის დიდება.
43 . და მივიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარვის წინ.
44 . უთხრა უფალმა მოსეს:
45 . "გამოეყავით თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”; და პირქვე დაემხნენ ისინი.
46 . უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე საცეცხლური, შიგ სამსხვერპლოდან აღებული ცეცხლი ჩადე და ზედ საკმეველი დაადე, წადი სწრაფად თემისკენ და გამოისყიდე ისინი; რადგან რისხვა გამოვიდა უფლისგან და დაიწყო მუსვრა”.
47 . აიღო აჰარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ და კრებულის შუაგულისკენ გაიქცა; ხედავს, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში; დაადო საკმეველი და გამოისყიდა ხალხი.
48 . და დადგა იგი დახოცილთა და ცოცხლებს შორის და შეწყდა მუსვრა.
49 . კორახის გამო დახოცილთა გარდა, თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი შემუსრა სიკვდილმა.
50 . და დაბრუნდა აჰარონი მოსესთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, მას შემდეგ, რაც შეწყდა მუსვრა.
1 . და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეებისთვის და მერე კი შეუერთდები შენს ხალხს”.
3 . უთხრა მოსემ ხალხს: "შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის”.
4 . ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან უნდა გაგზავნოთ ომში.
5 . ყოველი ტომიდან ათას-ათასი იქნა წარგზავნილი, ისრაელიანთა ათასეულებიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული მეომარი.
6 . და წარგზავნა მოსემ საბრძოლველად, ათას-ათასი თითოეული ტომიდან და ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე მათთან ერთად, წმიდა ჭურჭლით და საყვირებით ხელში.
7 . გაილაშქრეს მიდიანელთა წინააღმდეგ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მოკლეს ყველა მამაკაცი;
8 . და სხვებთან ერთად მიდიანის მეფეებიც ამოხოცეს: ევი და რეკემი, ცური, ჰური და რებაყი - მიდიანის ხუთი მეფე და ბილყამ ბეყორის ძეც მოკლეს მახვილით.
9 . და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები თავიანთ ბავშვებთან ერთად; მთელი მათი საქონელი, მათი ფარები და მთელი ქონება დაიტაცეს.
10 . გადაწვეს ყველა მათი საცხოვრებელი ქალაქი და ყოველი მათი ბანაკი.
11 . გამოიყოლეს მთელი ნადავლი და ნაძარცვი, ადამიანიდან პირუტყვამდე.
12 . წამოიყვანეს მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა თემთან ტყვეები, ნაძარცვი და ნადავლი ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანეს გასწვრივ, იერიხოსთან.
13 . გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი ბანაკის გარეთ, მათ შესახვედრად.
14 . და განრისხდა მოსე ჯარის სარდლებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომლებიც საომარი ლაშქრობიდან მობრუნდნენ.
15 . უთხრა მათ მოსემ: "რად დატოვეთ ცოცხალი ყველა ქალი?
16 . განა, ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი? რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვრელი სენი მოედო უფლის კრებულს?
17 . ახლა მოკალით ყოველი მამრი ბავშვი და ყოველი ქალი, რომელმაც შეიცნო მამაკაცი მასთან დაწოლით.
18 . ხოლო ყოველი მდედრი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მასთან დაწოლით, ცოცხლად დაიტოვეთ.
19 . და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმიდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც.
20 . ყოველი სამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, თხის მატყლისგან დამზადებული ყოველი ნაკეთობა და ხის ყოველი ჭურჭელი გაწმიდეთ”.
21 . უთხრა ელეაზარ მღვდელმა ბრძოლაში მონაწილე მეომრებს: "აი რჯულის დადგენილება, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს:
22 . ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია,
23 . ყოველი ცეცხლგამძლე საგანი, ცეცხლში გაატარეთ და განიწმიდება, მაგრამ დამატებით, განმწმედი წყლით უნდა განიწმიდოს. ხოლო ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყლით განწმიდეთ.
24 . გაირეცხეთ სამოსი მეშვიდე დღეს, განიწმიდეთ და მერე შედით ბანაკში”.
25 . უთხრა უფალმა მოსეს:
26 . "აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ, ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა.
27 . თანაბრად გაყავით ნადავლი ომში გამსვლელ მეომართა და დანარჩენ თემს შორის.
28 . ხარკი აკრიფეთ უფლისთვის ბრძოლაში გასულ მეომართაგან: კაცთაგან, მსხვილფეხა საქონელთაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონელთაგან - თითო ყოველი ხუთასიდან.
29 . აიღე მათი ნახევარი და ელეაზარ მღვდელს მიეცი უფლისთვის აღსავლენად.
30 . ისრაელის ძეთა ნახევრიდან კი ორმოცდაათიდან ერთი წილი აიღე: ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისგან, სახედრებისგან, წვრილფეხა საქონლისგან, ყველა პირუტყვისგან და მიეცი ლევიანებს - უფლის სავანის მსახურებს”.
31 . და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . მეომრების მიერ დატაცებულის გარდა, ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი იყო წვრილფეხა საქონელი,
33 . მსხვილფეხა საქონელი - სამოცდათორმეტი ათასი,
34 . სახედარი - სამოცდაერთი ათასი,
35 . ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც მამაკაცი არ ჰყავდათ შეცნობილი მასთან წოლით, ყოველი სული - ოცდათორმეტი ათასი.
36 . ნახევარი - ბრძოლაში გასულთა წილი, აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი.
37 . ამ წვრილფეხა საქონლიდან უფლისთვის ხარკმა - ექვსას სამოცდათხუთმეტი შეადგინა;
38 . მსხვილფეხა საქონლიდან - ოცდათექვსმეტი ათასი და ხარკი მათგან უფლისთვის - სამოცდათორმეტი;
39 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი, მათგან ხარკი უფლისთვის - სამოცდაერთი;
40 . ადამიანი - თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისთვის - ოცდათორმეტი სული.
41 . და მისცა მოსემ ხარკი, უფლის შესაწირი, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
42 . ისრაელის ძეთა კუთვნილი ნახევრისგან, რომელიც მეომრებს გამოართვა მოსემ,
43 . ეს ნახევარი თემისთვის იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი,
44 . მსხვილფეხა საქონელი - ოცდათექვსმეტი ათასი,
45 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი
46 . და ადამიანი - თექვსმეტი ათასი.
47 . ორმოცდამეათედი წილი აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისგან: კაციდან პირუტყვამდე და მისცა ლევიანებს, უფლის სავანის მსახურებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
48 . და მივიდნენ მოსესთან ჯარის ათასეულთა სარდლები, ათასისთავები და ასისთავები.
49 . უთხრეს მოსეს: "აღრიცხეს შენმა მსახურებმა მებრძოლნი, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი.
50 . ამიტომ ძღვენი მოვართვით უფალს, ვინც რა ჰპოვა ოქროს ჭურჭელთაგან - სამაჯურები, სალტეები, ბეჭდები, საყურეები და საკიდრები, ჩვენი გამოსყიდვისთვის უფლის წინაშე”.
51 . და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ეს ოქრო, ყოველი ჭურჭელი - ოსტატურად ნაკეთები.
52 . მთელი შეწირული ოქრო, რომელიც უფალს მიუძღვნეს, თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო ათასისთავებისა და ასისთავებისგან.
53 . ვინაიდან თავისთვის ჰქონდათ მეომრებს დატაცებული.
54 . აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ათასისთავებისა და ასისთავების ოქრო და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სახსენებლად.
1 . "აი, წესები და სამართალი, რომელთაც გულმოდგინედ უნდა აღასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, მის დასამკვიდრებლად.
2 . ბოლომდე მოსპეთ ყველა ის ადგილი, სადაც თქვენ მიერ განდევნილი ხალხები ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაღალ მთებსა და ბორცვებზე და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ.
3 . დაამხეთ მათი სამსხვერპლონი, დაამსხვრიეთ მათი ძეგლები, ცეცხლში დაწვით მათი აშერები, დალეწეთ მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოსპეთ მათი სახელი იმ ადგილიდან.
4 . ასე არ უნდა მოიქცეთ უფლის, თქვენი ღმერთის მიმართ.
5 . არამედ ადგილს, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, ამოირჩევს თქვენს ყველა ტომს შორის, თავისი სახელის დასამკვიდრებლად, მის იმ სამყოფელს მიმართეთ და იქ მიდით;
6 . იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველნი, მსხვერპლები, მეათედები, ხელთაგან აღსავლენი, აღთქმულები, საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი;
7 . და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულმა თქვენი ნაშრომით, რითაც გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
8 . ნუ მოიქცევით დღევანდელივით, თითოეული ისე რომ ვიქცევით, როგორც თვითონ თვლის სწორად,
9 . ვინაიდან ჯერ არ შესულხართ მოსასვენებელსა და სამკვიდრებელში, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.
10 . მაგრამ, როცა გადახვალთ იორდანეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელსაც გიმკვიდრებთ უფალი, თქვენი ღმერთი; და დაგასვენებთ მტერთაგან, რომლებიც თქვენს ირგვლივაა და იცხოვრებთ უშიშრად.
11 . იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, იქ მიიტანეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ: თქვენი სრულადდასაწველნი, მსხვერპლები, მეათედები, ხელთაგან აღსავლენი და ყოველივე საუკეთესო თქვენი აღთქმების მიხედვით, რაც აღუთქვით უფალს;
12 . და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენ და თქვენმა ძეებმა და ასულებმა, თქვენმა მონებმა და მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც თქვენს კარიბჭეშია, ვინაიდან წილი და სამკვიდრებელი არა აქვს თქვენთან.
13 . გაფრთხილდით, არ აღავლინოთ თქვენი სრულადდასაწველნი ყველა ადგილზე, რომელსაც იხილავთ,
14 . არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი თქვენს ერთ-ერთ ტომში, იქ აღავლინეთ თქვენი სრულადდასაწველნი და იქ აღასრულეთ ყოველი, რასაც მე გამცნებთ.
15 . და თქვენი გულის ნდომისამებრ დაკლავთ საკლავს და ჭამთ ხორცს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევით, რომელიც მან მოგცათ ყოველ თქვენს მხარეში. უწმიდურმაც ჭამოს და განწმედილმაც, როგორც ახლა ჭამთ ქურციკსა და ირემს.
16 . მხოლოდ სისხლი არ ჭამოთ; წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
17 . გეკრძალებათ თქვენს საცხოვრებლებში თქვენი მარცვლეულის, ღვინისა და ზეთის მეათედის, საქონლისა და ფარის პირველმონაგებთა, თქვენი აღთქმულისა და ხელთაგან საკუთარი ნებით აღვლენილის ჭამა,
18 . არამედ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე ჭამდეთ მას, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი: შენ, შენი ძე და ასული, შენი მონა, მხევალი და ლევიანი, რომელიც შენს მხარეშია; და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე თქვენი ნაშრომით.
19 . გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ ლევიანი იმ მიწა-წყალზე, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში.
20 . რაჟამს განგივრცობთ უფალი, თქვენი ღმერთი, საზღვარს, როგორც გაუწყათ მან და იტყვით: შევჭამ ხორცს, ვინაიდან მოგინდებათ ხორცის ჭამა, მაშინ ჭამეთ ხორცი საკუთარი სურვილისამებრ.
21 . თუ შორს იქნება თქვენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, მაშინ დაკალით თქვენი საქონლიდან ან ფარიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, როგორც ნაბრძანები მაქვს და ჭამეთ თქვენს ჭიშკრებში საკუთარი სურვილისამებრ,
22 . ოღონდ ისე, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, უწმიდურმაც ჭამოს და განწმედილმაც.
23 . მხოლოდ იფრთხილეთ, რომ სისხლი არ ჭამოთ, რადგან სიცოცხლეა იგი; ხორცთან ერთად მის სიცოცხლეს ნუ შეჭამთ.
24 . ნუ შეჭამთ, წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
25 . ნუ შეჭამთ, რათა კარგად იყოთ თქვენ და თქვენს შემდგომ თქვენი ძენი, ვინაიდან სწორად მოიქცევით უფლის თვალში.
26 . ოღონდ მოიტანეთ თქვენს მიერ მიძღვნილნი, რომლებიც გექნებათ და აღთქმულნი და მიდით იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
27 . შესწირეთ სრულადდასაწველის ხორცი და სისხლი, უფლის, თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, მსხვერპლთაგან კი - სისხლი მის სამსხვერპლოზე უნდა დაიღვაროს და ხორცი შეიჭამოს.
28 . გაფრთხილდით და შეისმინეთ ყველა ეს სიტყვა, რომელსაც გამცნებთ, რათა სამუდამოდ სიკეთეში ცხოვრობდეთ თქვენ და თქვენს შემდეგ თქვენი ძენი, ვინაიდან კარგად და სწორად მოიქცევით უფლის, თქვენი ღმერთის თვალში.
29 . და როცა გაანადგურებს უფალი, თქვენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა დასაპყრობადაც მიდიხართ და რა დაიპყრობთ, დასახლდებით მათ ქვეყანაში,
30 . გაფრთხილდით, არ გაებათ მახეში მათ კვალზე, მას შემდეგ, რაც მოისპობიან თქვენს წინაშე, არ მოძებნოთ მათი ღმერთები ამ სიტყვებით: როგორც ეს ხალხები ემსახურებოდნენო თავიანთ ღმერთებს, ისე მოვემსახურები მეც.
31 . ასე არ უნდა მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ვინაიდან რაც სძაგს უფალს, სწორედ იმას უკეთებენ ისინი თავიანთ ღმერთებს - საკუთარ ძეებსა და ასულებს ცეცხლში წვავენ მათთვის.
32 . ყოველი სიტყვა, რასაც გამცნებთ დღეს დაიცავით და აღასრულეთ, არც დაუმატოთ რაიმე და არც გამოაკლოთ.
1 . შეკრიბა იეშუამ ისრაელის ყველა ტომი შექემში და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზემდგომებს და წარდგნენ ისინი უფლის წინაშე.
2 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები - თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.
3 . მამათქვენი აბრაჰამი მდინარის გაღმიდან წამოვიყვანე და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, გავამრავლე მისი თესლი და მივეცი ისაკი.
4 . მივეცი ისაკს იაკობი და ესავი, ესავს სეყირის მთა მივეცი სამკვიდროდ, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.
5 . გავგზავნე მოსე და აჰარონი და დავაწყლულე ეგვიპტე იმ სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში; მერე გამოგიყვანეთ.
6 . გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან და მიადგნენ ზღვას; წითელ ზღვამდე მოსდევდნენ ეგვიპტელნი თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით.
7 . შეჰღაღადეს უფალს და მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი; თქვენი თვალით ნახეთ, რაც მოვიმოქმედე ეგვიპტეში; და მკვიდრობდით უდაბნოში მრავალი დღე.
8 . მიგიყვანეთ ამორელთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ მკვიდრობდნენ. შეგებრძოლნენ, მაგრამ ხელში ჩაგიგდეთ ისინი, თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენი პირისგან.
9 . ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, შეებრძოლა ისრაელს და მიავლინა ბილყამ ბეყორის ძის მოსახმობად, რათა დაეწყევლეთ.
10 . მაგრამ არ ვინებე ბილყამის მოსმენა და კურთხევით გაკურთხათ მან. ასე გიხსენით მისი ხელისგან.
11 . გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. შეგებრძოლნენ იერიხოს პატრონები: ამორელები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელნი, გირგაშელნი, ხიველნი და იებუსელნი და ხელში ჩაგიგდეთ ისინი.
12 . კრაზანები მივუსიე და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორელი მეფე, მაგრამ არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.
13 . და მოგეცით ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ და ქალაქები, რომლებიც არ გიშენებიათ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ მათში; ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც არ დაგირგავთ, მაგრამ თქვენ ჭამთ.
14 . ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ.
15 . და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
16 . მიუგო ხალხმა და თქვა: "შორს იყოს ჩვენგან ისეთი საქმე, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
17 . რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ჩვენს თვალწინ დიადი სასწაულები და გვიცავდა ყოველ გზაზე, რომელზეც დავდიოდით და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გავიარეთ.
18 . განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი”.
19 . უთხრა იეშუამ ხალხს: "ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი - ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.
20 . თუ მიატოვებთ უფალს და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას, მოგიბრუნდებათ, ბოროტებას დაგათევთ და ბოლოს მოგიღებთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ”.
21 . უპასუხა ხალხმა იეშუას: "არა, მხოლოდ უფალს გვინდა ვემსახუროთ!”
22 . უთხრა იეშუამ ხალხს: "თქვენვე ხართ თქვენი თავის მოწმენი, რომ უფალი აირჩიეთ, რათა მას ემსახუროთ!” უპასუხეს: "მოწმენი ვართ!”
23 . "ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ”.
24 . უთხრა ხალხმა იეშუას: "უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”.
25 . იმ დღეს დადო იეშუამ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
26 . და ჩაწერა იეშუამ ეს სიტყვები ღმერთის რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს: "აჰა, ეს ქვა იქნება მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც გვითხრა უფალმა; და იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი”.
28 . და გაუშვა იეშუამ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29 . ამ ამბების შემდედ, ას ათი წლის მოკვდა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური.
30 . და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომაა, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31 . ემსახურებოდა ისრაელი უფალს იეშუას სიცოცხლის დღეებში და უხუცესთა სიცოცხლის დღეებში, რომლებიც ცხოვრობდნენ იეშუას მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისთვის.
32 . დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების მიერ ამოტანილი იოსების ძვლები შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც იოსების ძეების საკუთრება გახდა და ას კესიტად ჰქონდა ნაყიდი იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან.
33 . და მოკვდა ელეაზარი, აჰარონის ძე და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეცა მას.
1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში გადაიტანეს.
2 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი, მიიტანეს დაგონის საკერპეში და დადგეს დაგონთან.
3 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მეორე დღეს და აჰა, ნახეს, პირქვე აგდია დაგონი უფლის კიდობნის წინაშე. აიღეს და დააბრუნეს დაგონი თავის ადგილზე.
4 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მომდევნო დღეს, და აჰა, ნახეს, პირქვე დაცემულა დაგონი უფლის კიდობნის წინაშე, ხოლო დაგონის თავი და ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი ეყარა ზღურბლთან; მხოლოდ ტანიღა შერჩენოდა დაგონს.
5 . ამიტომ ერიდებიან აშოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე.
6 . დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე, გვემდა და სპობდა მათ ბუგრებით, მთელ აშდოდსა და მის შემოგარენს.
7 . დაინახეს აშდოდელმა კაცებმა ყოველივე და თქვეს: "არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღმერთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე - დაგონზე”.
8 . შეუთვალეს და შეიკრიბა მათთან ფილისტიმელთა ყველა მთავარი; ჰკითხეს: "როგორ მოვექცეთ ისრაელის ღმერთის კიდობანს?” უპასუხეს: "გათში გადავიდეს ისრაელის ღმერთის კიდობანი”. და გადაიტანეს გათში.
9 . აჰა, გადაიტანეს იგი და უფლის ხელი იყო ქალაქზე და შეიქნა დიდი არეულობა; ქალაქის მკვიდრნი, დიდებიც და პატარებიც, დიდად იგვემნენ და ბუგრები გამოაჩნდათ.
10 . გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონში; როცა ყეკრონში მივიდა ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები: "ისრაელის ღვთის კიდობანი მოგვიტანეს, რათა ჩვენც ამოგვხოცონ და ჩვენი ხალხიც”.
11 . კვლავ შეიკრიბა ფილისტიმელთა ყველა მთავარი და თქვეს: "წარვგზავნოთ ისრაელის ღმერთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რათა არ მოგვსრას ჩვენ და ჩვენი ხალხი”. დიდი შიში იყო მთელ ქალაქში, რადგან ფრიად დამძიმდა იქ ღმერთის ხელი.
12 . ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრებით დაწყლულდა; და ზეცამდე მიაღწია ქალაქის მოთქმამ.
1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”
2 . უთხრა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე, არ მოკვდები! აჰა, მე თუ არ გამიმხილა, ისე არც დიდ საქმეს აკეთებს მამაჩემი და არც მცირეს. ეს საქმე რატომ უნდა დაემალა ჩემთვის? ეს არ მოხდება”.
3 . იფიცებოდა დავითი და ამბობდა: "კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი მაქვს ნაპოვნი შენს თვალში, ამიტომ იფიქრებდა საული: არ გაიგოსო იონათანმა, რომ არ დამწუხრდეს! მაგრამ უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.
4 . უთხრა იონათანმა დავითს: "რასაც შენი გული ისურვებს, იმას გავაკეთებ შენთვის”.
5 . უთხრა დავითმა იონათანს: "აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, წესისამებრ პურის საჭმელად უნდა დავჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ მინდორში დავიმალო ზეგ საღამომდე.
6 . თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა, ბეთლემში, ჩემს ქალაქში უნდა წავიდე, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 . თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.
8 . კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”
9 . უპასუხა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე! როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ბოროტი საქმე განუზრახავს მამაჩემს შენს წინააღმდეგ?”
10 . უთხრა დავითმა იონათანს: "ვინ შემატყობინებს, მკაცრად თუ გიპასუხა მამაშენმა?”
11 . უთხრა იონათანმა: "წამო, გავიდეთ მინდორში”. და გავიდნენ ორივენი მინდორში.
12 . უთხრა იონათანმა დავითს: "უწყის უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილად არის განწყობილი თუ არა დავითის მიმართ, და განა არავის გამოვგზავნი შენთან და არ გაგიმხელ?
13 . მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
14 . მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები
15 . საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”
16 . ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.
17 . კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 . უთხრა იონათანმა: "ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან თავისუფალი იქნება შენი ადგილი.
19 . მესამე დღის საღამომდე მოიცადე, მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის ქვასთან დაჯექი.
20 . სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, თითქოსდა მიზანში მესროლოს.
21 . და, აჰა, ყმაწვილს გამოვგზავნი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი; თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-თქო, მაშინ მშვიდობაა, არაფერი შეგემთხვევა. ცოცხალია უფალი!
22 . თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენს იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 . იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.
24 . დაიმალა დავითი მინდორში და როდესაც ახალმთვარობის დღე დადგა, დაჯდა მეფე პურის საჭმელად.
25 . და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 . არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა: "ალბათ რაღაც შეემთხვა დავითს; უწმიდური იქნება, ნამდვილად განუწმედელიაო”.
27 . ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: "რატომ არ მოვიდა პურის საჭმელად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?”
28 . მიუგო იონათანმა საულს: "ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 . მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლი უნდა შევწიროთ ქალაქში. ძმამ მიბრძანაო ჩასვლა; ახლა, თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, გამიშვი და მოვინახულებო ჩემს ძმებს. ამიტომ არ მოვიდა სამეფო სუფრაზე”.
30 . რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?
31 . რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამ მიწაზე, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სიკვდილის ღირსია”.
32 . მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: "რისთვის უნდა მოკვდეს, რა ჩაიდინა?”
33 . და შუბი სტყორცნა მოსაკლავად საულმა. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისს დავითის მოკვლა.
34 . განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
35 . მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დანიშნულ დროზე და პატარა ყმაწვილიც თან იახლა.
36 . უთხრა ყმაწვილს: "გაიქეცი და მომიძებნე ჩემი ნასროლი ისრები”. გაიქცა ყმაწვილი, ისროლა მან ისრები და გადააცილა ყმაწვილს.
37 . მივიდა ყმაწვილი იონათანის ნასროლ ისართან და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: "განა შენს იქით არ არის ისარი?!”
38 . კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 . ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
40 . მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი იარაღი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, წაიღე ქალაქში!
41 . როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 . უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
1 . იყო ერთი კაცი მაყონში; ქარმელში ჰქონდა მამული; ფრიად შეძლებული იყო ეს კაცი - სამი ათასი ცხვარი და ათასი თხა ჰყავდა, პარსვის დროს ისიც ქარმელში იმყოფებოდა.
2 . ნაბალი ერქვა კაცს, მის ცოლს კი - აბიგაილი; კეთილგონიერი და მშვენიერი იყო ქალი, კაცი კი - ულმობელი და ბოროტმოქმედი; ხალების შთამომავალი იყო იგი.
3 . გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
4 . გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა: "ქარმელში ადით, ნაბალთან მიდით და ჩემი სახელით მოიკითხეთ.
5 . უთხარით: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს და მთელ შენს საბადებელს.
6 . გავიგე მპარსველები გყოლია; ამას წინათ შენი მწყემსები იყვნენ ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს და არაფერი დაუკარგავთ ქარმელში ყოფნის დღეებში.
7 . ჰკითხე შენს ჭაბუკებს და თავადაც გეტყვიან. დაე, მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რადგან სასიკეთო დღეს მოვედით; მიეცი შენს მსახურთ და შენს ძეს, დავითს, რასაც შესძლებ”.
8 . მივიდნენ დავითის ჭაბუკნი, გადასცეს ნაბალს დაბარებული სიტყვები და დაელოდნენ.
9 . მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ: "ვინაა დავითი და ვინაა იესეს ძე? მომრავლდნენ დღეს თავიანთი ბატონებისგან გაქცეული მონები.
10 . ჩემი პური, წყალი და ცხვრის მპარსველთათვის დაკლული საკლავი იმ კაცებს მივცე, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?”
11 . გამობრუნდნენ დავითის ჭაბუკნი თავის გზაზე, მივიდნენ და გადასცეს ეს სიტყვები დავითს.
12 . უთხრა დავითმა თავის კაცებს: "შეიბით ყველამ თქვენ-თქვენი მახვილი!” შემოირტყა ყოველმა მახვილი და დავითმაც შეიბა თავისი მახვილი. ოთხასამდე კაცი გაჰყვა დავითს, ორასი კი აღალთან დარჩა.
13 . უთხრა ერთმა ჭაბუკმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს: "აჰა, მოციქულნი გამოგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენი ბატონის მოსაკითხად, მან კი აბუჩად აიგდო ისინი.
14 . ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, სანამ ველზე ვიყავით მათთან ერთად, არ გვჩაგრავდნენ და არც არაფერი დაგვიკარგავს.
15 . ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის ღამით და დღისით, მთელი დროის მანძილზე, სანამ მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს.
16 . ახლა იფიქრე და როგორც გიჯობს ისე მოიქეცი, რადგან გარდაუვალია უბედურება ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლეულზე, ის კი უღირსი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება”.
17 . აჩქარდა აბიგაილი; აიღო ორასი პური, ორი ტიკჭორა ღვინო, ხუთი მომზადებული ცხვარი, ხუთი საწყაული მშრალი მარცვლეულობა, ასი ასხმა დაჩამიჩებული ყურძენი, ორასი ასხმა ლეღვი და სახედრებს აჰკიდა.
18 . უთხრა თავის ჭაბუკებს: "ჩემს წინ გასწით და მეც გამოგყვებით”. ხოლო ნაბალს, თავის ქმარს, არაფერი უთხრა.
19 . მთის ხრიოკებზე ეშვებოდა ვირზე შემჯდარი და, აჰა, დავითი და მისი კაცებიც მოდიან; და შეეგება მათ აბიგაილი.
20 . ამბობდა დავითი: "ნამდვილად ამაოდ ვიცავდი უდაბნოში ნაბალის ქონებას, არაფერი დაუკარგავს თავისი საბადებლიდან, მაგრამ ბოროტებით გადამიხადა სიკეთეზე.
21 . ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ მთელ მის მოდგმაში ერთი კედელთან მიმშარდავი მაინც დავტოვო ცოცხლად დილამდე”.
22 . დაინახა აბიგაილმა დავითი, სწრაფად ჩამოხტა ვირიდან, პირქვე დაეცა დავითის წინაშე და მიწამდე სცა თაყვანი.
23 . დაეცა მის ფეხებთან და თქვა: "ჩემზეა, ბატონო, დანაშაული; გთხოვ, ალაპარაკე შენი მხევალი და შეისმინე შენი მხევლის სიტყვები.
24 . ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უღირს კაცს, ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს - ნაბალი (უღირსი), თვითონაც ისეთია; მე კი, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ჭაბუკნი.
25 . ახლა, ჩემო ბატონო, ცოცხალია უფალი და ცოცხალია შენი სული, შეგაკავებს უფალი სისხლისღვრისა და შურისძიებისგან. დაე, ნაბალივით იყვნენ შენი მტრები და ჩემი ბატონისთვის ბოროტის მსურველნი.
26 . აი, ეს ძღვენი, რომელიც შენმა მხევალმა მოართვა ჩემს ბატონს, რათა მიეცეს ჭაბუკებს, ჩემი ბატონის ნაკვალევს რომ მიჰყვებიან.
27 . აპატიე შენს მხევალს დანაშაული, რადგან უსათუოდ აუშენებს მტკიცე სახლს უფალი ჩემს ბატონს, ვინაიდან საღვთო ომშია ჩართული ჩემი ბატონი და მთელი სიცოცხლე არ გაივლებს გულში ბოროტებას.
28 . და თუნდაც აღდგეს კაცი და გდევნოს და ეძიოს სული შენი, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალთან, შენს ღმერთთან, ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით გასტყორცნი.
29 . და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყოველ სიკეთეს, რაც ნათქვამი აქვს მისთვის და დაგადგენს ისრაელის წინამძღვრად,
30 . ნუ ექნება ჩემს ბატონს გულის ქეჯნა და წუხილი ამაო სისხლისღვრისა და შურისძიების გამო. და როცა კეთილს მიაგებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გაიხსენე შენი მხევალი”.
31 . მიუგო აბიგაილს დავითმა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელმაც მოგავლინა დღეს ჩემთან შესახვედრად.
32 . კურთხეულია გონიერება შენი და კურთხეული ხარ შენ, რომ გადამაფიქრებინე დღეს სისხლისღვრა და შურისძიება.
33 . ცოცხალია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც არ ჩამადენინა შენთვის ბოროტება, რადგან საჩქაროდ რომ არ წამოსულიყავ ჩემთან შესახვედრად, არ დარჩებოდა ნაბალს განთიადამდე არც ერთი კედელთან მიმშარდავი”.
34 . მიიღო დავითმა მისი ხელიდან, რაც ჰქონდა მოტანილი და უთხრა: "მშვიდობით გაბრუნდი შენს სახლში; აჰა, ვისმინე შენი ხმა და პატივი დავდე შენს სახეს”.
35 . დაბრუნდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ნადიმობს სახლში, როგორც სამეფო ნადიმზე; მხიარულობდა ნაბალის გული და თან მთვრალი იყო ფრიად; დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
36 . დილით კი, როცა გამოფხიზლდა ნაბალი, ყოველივე უამბო ცოლმა. გული ჩაუკვდა ნაბალს მკერდში და ქვასავით გახდა.
37 . დაჰკრა უფალმა ნაბალს ათი დღის შემდეგ და მოკვდა იგი.
38 . გაიგო დავითმა, რომ მოკვდა ნაბალი და თქვა: "კურთხეულია უფალი, რომელმაც უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისთვის და აარიდა ბოროტებას თავისი მსახური; ნაბალს თავისივე სიავე მიუბრუნა უკან უფალმა!” და სიტყვა შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
39 . მივიდნენ დავითის მსახურნი აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: "დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად შეგირთოს”.
40 . ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: "აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი”.
41 . აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.
42 . იზრეყელელი ახინოყამიც მოიყვანა დავითმა და ეს ორნი იყვნენ მისი ცოლები.
43 . საულმა კი მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, ფალტის, გალიმელი ლაიშის ძეს მიათხოვა.
44 . მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: "იცი, რომ დავითი ხაქილას გორაზე იმალება, იეშიმონის პირდაპირ?”
1 . და ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც იქ იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არავინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავისი გზით.
2 . დაბრუნდნენ დავითი და მისი ხალხი ქალაქში და, აჰა, გადამწვარია იგი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ არიან წაყვანილნი.
3 . ხმა აღიმაღლეს დავითმა და მისმა ხალხმა, მოთქვამდნენ და ტიროდნენ, ვიდრე ძალა შესწევდათ.
4 . ტყვედ წაიყვანეს დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
5 . დიდად დამწუხრდა დავითი, რადგან მის ჩაქოლვას განიზრახავდა ხალხი, ვინაიდან გამწარებულნი იყვნენ თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლით, თავისი ღმერთით განიმტკიცა თავი დავითმა.
6 . უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: "გთხოვ, მომიტანე ეფოდი”. და მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.
7 . დაეკითხა დავითი უფალს: "დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?” მიუგო: "დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და სრულად წაართმევ ნადავლს”.
8 . წავიდა დავითი, თან ექვსასი კაცი გაიყოლა და მიადგნენ ბესორის ხევს. ვინც ჩამორჩა, იქ დარჩა.
9 . დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ, რადგან ჩამორჩა ორასი კაცი, რომელთაც დაქანცულობის გამო გაუჭირდათ ბესორის ხევის გადალახვა.
10 . მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც მისცეს და დალია.
11 . მისცეს ლეღვი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან უჭმელ-უსმელი იყო სამი დღე და ღამე.
12 . უთხრა დავითმა: "ვისი ხარ და სადაური ხარ?” მიუგო: "ეგვიპტელი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან ავად გავხდი სამი დღის წინ.
13 . შევესიეთ ქერეთის სამხრეთს, იუდასა და ხალების სამხრეთს, ციკლაგი კი გადავწვით”.
14 . უთხრა დავითმა: "თუ გამიძღვები იმ ურდომდე?” მიუგო: "ღმერთი დაიფიცე, რომ არც მომკლავ და არც ჩემს ბატონს გადამცემ და გაგიძღვები იმ ურდომდე”.
15 . გაუძღვა და, აჰა, გაფანტულან არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ხარობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
16 . მუსრი გაავლო მათ დავითმა დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, ისინიც აქლემებს მოახტნენ და გაიქცნენ.
17 . ყველაფერი უკან დაიბრუნა დავითმა, რაც ყამალეკს ჰქონდა წაღებული; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
18 . არავის არაფერი დააკლდა, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
19 . წამოასხა დავითმა მთელი მათი საქონელი; მოერეკებოდნენ დავითის კაცები ამ საქონელს და ამბობდნენ: "დავითის ნადავლიაო ეს”.
20 . მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომლებიც დაქანცულობის გამო ვერ გაჰყვნენ დავითს და ბესორის ხევთან იყვნენ დარჩენილნი. და გამოვიდნენ დავითთან და მასთან მყოფ მეომრებთან მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მიესალმა მათ.
21 . ზოგიერთი ბოროტი და უღირსი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული, ასე ამბობდა: "ბრძოლაში არ წამოგვყვნენ, ამიტომ ნურაფერს გავუნაწილებთ ნადავლიდან, უკან რომ დავიბრუნეთო. მხოლოდ თავ-თავისი ცოლ-შვილი წაიყვანონ და წავიდნენო”.
22 . თქვა დავითმა: "არა, ძმებო, ნუ იზამთ ამას, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
23 . ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან რა წილიც ნაომარ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს საჭურველთან დარჩენილთ; ყველას თანაბრად უნდა ხვდეს წილი”.
24 . ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის ისრაელისთვის, მისგან დადგენილი წესი და რჯული დღემდე.
25 . მივიდა დავითი ციკლაგში, გაუგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: "აჰა, საჩუქარი თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან,
26 . მათთვის, ვინც ბეთელში, სამხრეთ რამოთში და იათირში არიან;
27 . ყაროყერში, სიფმოთში, ეშთე-მოაყში მყოფთათვის,
28 . რაქალში, იერახმეელთა და კენიელთა ქალაქებში მყოფთათვის,
29 . ხორმაში, ქორ-ყაშანში, ყათაქში მყოფთათვის;
30 . ხებრონში მყოფთათვის. და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ”.
31 . შეებნენ ფილისტიმელნი ისრაელიანებს და გარბოდნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელთაგან და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ განგმირულნი.
1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
1 . უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
3 . "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
4 . იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
5 . წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6 . და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
7 . გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
9 . "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
10 . ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
11 . წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
12 . მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
13 . უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
15 . წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
16 . არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
17 . ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
18 . უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
19 . უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
20 . უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
21 . სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
22 . ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
23 . აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
24 . უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
1 . ამის შემდეგ შემუსრა დავითმა ფილისტიმელნი, დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად.
2 . შემუსრა მოაბიც და გახდნენ მოაბელნი დავითის მსახურნი და ხარკის გადამხდელნი.
3 . ჰადარყეზერი, ცობას მეფეც დაამარცხა დავითმა ხამათში, როცა თავისი მმართველობის დასამყარებლად მიდიოდა მდინარე ევფრატზე.
4 . ხელთ იგდო დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს მყესები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი დატოვა მათგან.
5 . არამელნი მოვიდნენ დამასკოდან ჰადარყეზერის დასახმარებლად, მაგრამ შემუსრა დავითმა ოცდაორი ათასი მათგანი.
6 . დააყენა დავითმა მეფისნაცვალი არამელთა დამასკოში და გახდნენ არამელნი დავითის მსახურნი და მოხარკენი. ყველაფერში შეეწეოდა დავითს უფალი, სადაც არ უნდა წასულიყო.
7 . აიღო დავითმა ოქროს ფარები, რომლებიც ჰადარყეზერის მეომრებს დაჰქონდათ და იერუსალიმში მიიტანა.
8 . დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც სპილენძის ზღვა, სვეტები და ჭურჭელი გააკეთა სოლომონმა.
9 . შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ ჰადარყეზერის, ცობას მეფის მთელი ლაშქარი შემუსრა დავითმა
10 . და წარგზავნა ჰადორამი, თავისი ძე, მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, ვინაიდან თვითონაც ხანგრძლივი ომი ჰქონდა ჰადარყეზერთან; და მიართვა დავითს ჰადორამმა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11 . ისინიც უფალს მიუძღვნა დავითმა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც სხვადასხვა ერებისაგან წამოიღო: ედომელთაგან, მოაბელთაგან, ყამონელთაგან, ფილისტიმელთაგან და ყამალეკელთაგან.
12 . თვრამეტი ათასი მეომარი გაანადგურა აბიშაი ცერუიას ძემ ედომელთაგან მარილოვან ველზე.
13 . მეფისნაცვალი დაადგინა ედომში და გახდა ყოველი ედომელი დავითის მსახური. ყველაფერში შეეწეოდა დავითს უფალი, სადაც არ უნდა წასულიყო.
14 . მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და აღასრულებდა სამართალს მთელი თავისი ხალხისთვის.
15 . იოაბ ცერუიას ძე ჯარის სარდალი იყო, ხოლო იოშაფატი, ახილუდის ძე - მემატიანე.
16 . ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელეხ აბიათარის ძე მღვდლობდნენ, შავშა - მწიგნობრობდა.
17 . ბენაია იეჰოიადაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებზე იქნა დადგენილი, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის კარზე.
1 . შეიტყო შებას დედოფალმა სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რათა ძნელი კითხვებით გამოეცადა იგი. მივიდა დიდძალი დოვლათით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, უამრავი ოქრო და ძვირფასი ქვები; ეახლა სოლომონს და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
2 . ყველა კითხვაზე საკადრისი პასუხი გასცა სოლომონმა; არაფერი ყოფილა მეფისგან დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა.
3 . იხილა შებას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე და სახლი, რომელიც მან ააშენა,
4 . მისი სუფრის სანოვაგე, მის მსახურთა საცხოვრებელი, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი შესამოსელი, მისი ღვინისმწდენი და მათი შესამოსელი, კიბეები, რითაც უფლის სახლში ადიოდა და გაოცდა დედოფალი;
5 . უთხრა მეფეს: "ჭეშმარიტება ყოფილა ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანაში მსმენია შენს საქმეებსა და სიბრძნეზე.
6 . სიტყვებს არ ვუჯერებდი, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე; და, აჰა, თურმე ნახევარიც კი არ მსმენია შენს აღმატებულ სიბრძნეზე, ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.
7 . ნეტარია შენი ხალხი და ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდმივად შენ წინაშე დგანან და შენს სიბრძნეს ისმენენ.
8 . კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგიწონა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის, მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მეფედ, რათა საუკუნოდ დააფუძნოს იგი და სამართალი და სიმართლე გაუჩინოს”.
9 . მისცა მან მეფეს ასოცი ტალანტი ოქრო, დიდძალი სურნელებანი და ძვირფასი ქვები; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში იმგვარი სურნელოვნება, როგორიც შებას დედოფალმა მიუძღვნა მეფე სოლომონს.
10 . ხურამისა და სოლომონის მსახურებმა, ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვებიც ჩამოიტანეს.
11 . სანდალოზის ხის საფეხურები გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; არასდროს უნახავს ვინმეს ამის მსგავსი რამ იუდას ქვეყანაში.
12 . ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს; და დაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.
13 . ოქროს წონა, რომელიც ერთ წელიწადში შემოსდიოდა სოლომონს, ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი იყო.
14 . ამის გარდა, მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებსა და მხარეთა გამგებლებს შემოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი.
15 . გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი ფარი ნაჭედი ოქროსგან; ექვსასი შეკელი ნაჭედი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე.
16 . ასევე გააკეთა სამასი მცირე ზომის ფარი, ნაჭედი ოქროსგან; სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე და ლიბანის ტყის სახლში დააწყო მეფემ ისინი.
17 . გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისგან დიდი ტახტი და სუფთა ოქროთი მოაპირკეთა.
18 . ექვსი საფეხური ადიოდა ტახტამდე და ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა მიდგმული ტახტს, დასაჯდომ ადგილს ორივე მხრიდან სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით.
19 . თორმეტი ლომი ედგა ექვსივე საფეხურს აქეთ-იქიდან.
20 . მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო და ლიბანის ტყის სახლის ყველა ჭურჭელიც ასევე ხალასი ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან არაფრად ფასობდა ვერცხლი სოლომონის დღეებში.
21 . რადგან მეფის გემები ხურამის მსახურებთან ერთად თარშიშში დაცურავდნენ; სამ წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდნენ გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ მაიმუნები და ფარშევანგები.
22 . დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.
23 . დედამიწის ყოველ მეფეს სურდა სოლომონთან მისვლა და იმ სიბრძნის მოსმენა, რომელიც ღმერთმა ჩაუდო გულში.
24 . თითოეულ მათგანს თავისი საჩუქარი მოჰქონდა: ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, სამოსელი, საჭურველი, კეთილსურნელებანი, ცხენები და ჯორები ყოველწლიურად.
25 . სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ცხენებისთვის და ეტლებისთვის და თორმეტი ათასი ცხენოსანი ჰყავდა; და განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და თავისთან იერუსალიმში.
26 . გახდა იგი ყველა მეფის მბრძანებელი, მდინარე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე.
27 . მეფემ ვერცხლი ქვის ფასს გაუთანაბრა იერუსალიმში და კედარის ხე სიკომორის ხეს, რომელიც მრავლად ხარობს დაბლობში.
28 . ეგვიპტიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან მოჰყავდათ ცხენები სოლომონისთვის.
29 . სოლომონის დანარჩენი საქმენი, პირველი და უკანასკნელი, განა არ სწერია ნათან წინასწარმეტყველის წიგნში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებასა და ყიდო მხილველის ხილვაში, იერობყამ ნებატის ძეს რომ შეეხება?
30 . ორმოცი წელი იმეფა სოლომონმა მთელს ისრაელზე იერუსალიმში.
31 . და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი მამის, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად რეხაბყამი, მისი ძე გამეფდა.
1 . შვიდი წლის იყო იოაში გამეფებისას და ორმოც წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ციბია ბეერ-შებაყიდან.
2 . სათნოდ იქცეოდა იოაში უფლის თვალში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლის დღეებში.
3 . ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
4 . ამის შემდეგ უფლის სახლის განახლება ჩაიდო გულში იოაშმა.
5 . შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.
6 . მოუხმო მეფემ იეჰოიადაყ მღვდელმთავარს და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვე ლევიანებს, რომ მოეტანათ იუდასგან და იერუსალიმისგან ხარკი მოსეს, უფლის მსახურისა და ისრაელის კრებულის მიერ დადგენილი აღთქმის კარავისთვის?”
7 . ბოროტმა ღოთოლიამ და მისმა ძეებმა დაარბიეს ღვთის სახლი და მთელი მისი სიწმიდეები ბაყალებისთვის გამოიყენეს.
8 . გააკეთეს მეფის ბრძანებით ყუთი და უფლის სახლის კარიბჭის გარეთ დადგეს.
9 . გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოსეს, ღვთის მსახურის მიერ უდაბნოში დადგენილი ხარკი მიეტანათ.
10 . გაუხარდათ მთავრებსა და მთელ ხალხს, მოჰქონდათ და ყუთში ყრიდნენ, სანამ არ აივსებოდა.
11 . როცა მეფის მსახურებთან ლევიანთა ხელით ყუთი მიჰქონდათ და ნახავდნენ, რომ ბევრი ფული იყო, მიდიოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის მსახური, ცლიდნენ და კვლავ თავის ადგილზე აბრუნებდნენ ყუთს. დღითი დღე ასე აკეთებდნენ და დიდძალი ფული მოაგროვეს.
12 . მისცეს იგი მეფემ და იეჰოიადაყმა უფლის სახლის საქმეთა მწარმოებლებს და ქირაობდნენ ისინი ქვისმთლელებს, ხუროებს, რკინისა და სპილენძის მჭედელთ უფლის სახლის გასაახლებლად და გასამაგრებლად.
13 . მუშაობდნენ ხელოსნები და მოამთავრეს საქმე მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავის ზომებში და გაამაგრეს.
14 . როცა დაასრულეს, მიიტანეს მეფისა და იეჰოიადაყის წინაშე დარჩენილი ვერცხლი და გააკეთეს მისგან ჭურჭელი უფლის სახლისთვის, ჭურჭელი მსახურებისა და სრულადდასაწველებისთვის, ფიალები და ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი მსახურების განმავლობაში მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველთ უფლის სახლში.
15 . მოხუცდა იეჰოიადაყი, გაძღა დღეებით და გარდაიცვალა; ას ოცდაათი წლისა იყო იგი, როცა მოკვდა.
16 . დავითის ქალაქში, მეფეებთან დაკრძალეს იგი, რადგან კეთილს ჩადიოდა ისრაელში, ღვთისა და მისი სახლისთვის.
17 . მოვიდნენ იუდას მთავარნი იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ და თაყვანი სცეს მეფეს; ამის შემდეგ იწყო მეფემ მათთვის ყურის გდება.
18 . მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის სახლი და ემსახურებოდნენ აშერებსა და კერპებს; მოვიდა უფლის მრისხანება იუდასა და იერუსალიმზე მათი დანაშაულის გამო.
19 . უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ უფალთან მოსაბრუნებლად და მოწმობდნენ ისინი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ისმენდნენ.
20 . ღვთის სულმა მოიცვა ზაქარიაჰუ იეჰოიადაყ მღვდლის ძე; გადმოდგა იგი და უთხრა ხალხს: „ასე ამბობს ღმერთი: რად უგულებელჰყოფთ უფლის ბრძანებებს? ხელი არ მოგემართებათ, რადგან მიტოვებული გყავთ უფალი და მანაც მიგატოვათ!”
21 . შეითქვნენ მის წინააღმდეგ და ჩაქოლეს იგი მეფის ბრძანებით უფლის სახლის ეზოში.
22 . არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”
23 . აღდგა მის წინააღმდეგ არამელთა ლაშქარი წლის დასასრულს. მივიდნენ იუდასა და იერუსალიმში, ერის ყოველი მთავარი მოსრეს და მთელი ართმეული ნადავლი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24 . თუმცა მცირე ხალხით მივიდა არამელთა ლაშქარი, დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში უფალმა, რადგან მიატოვეს იუდევლებმა უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. იოაშსაც დაედო მსჯავრი.
25 . როცა მისგან წავიდნენ, დიდად დასნეულებული დატოვეს იგი; შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისივე მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის ძის სისხლის გამო და თავისივე სარეცელზე მოკლეს. დავითის ქალაქში დაკრძალეს იგი, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26 . ესენი ამბოხდნენ მის წინააღმდეგ: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა
27 . და სამი ძე მისი. ეს ხუთნი მიუხდნენ მას და მოკლეს. აჰა, მეფეთა წიგნში წერია მის წინააღმდეგ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებსა და ღვთის სახლის განახლებაზე. მის ნაცვლად კი ამაცია, მისი ძე გამეფდა.
1 . ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში; არ იქცეოდა სწორად უფლის თვალში, მამამისის, დავითისგან განსხვავებით.
2 . ისრაელის მეფეთა გზებით დადიოდა და ბაყალთა ქანდაკებებიც ჩამოასხა.
3 . საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე და ცეცხლში წვავდა თავის ძეებს, იმ წარმართთა საძაგელი წესისამებრ, რომლებიც უფალმა ისრაელის ძეთაგან განდევნა.
4 . სწირავდა და აკმევდა მაღლობებსა და მწვერვალებზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ.
5 . ჩააგდო იგი მისმა უფალმა ღმერთმა არამელთა მეფის ხელში; დაამარცხეს იგი და მრავალ ტყვესთან ერთად დამასკოში მიიყვანეს. გარდა ამისა, ისრაელის მეფის ხელშიც ჩააგდო, რომელმაც სასტიკად დაამარცხა.
6 . ფეკახ რემალიაჰუს ძემ, ისრაელის მეფემ, ერთ დღეში, ას ოცი ათასი იუდეველი ამოხოცა. მამაცი ვაჟკაცები, რადგან მიატოვეს მათ უფალი, თავიანთი მამების ღმერთი.
7 . დახოცა ზიხრიმ, ძლევამოსილმა ეფრემელმა, უფლისწული მაყასიაჰუ, მოურავი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის შემდეგ მეორე კაცი.
8 . დაატყვევეს ისრაელის ძეებმა თავიანთ ძმათაგან ორასი ათასი ქალი, ძე და ასული; დიდძალი ნადავლიც დაიტაცეს და მიიტანეს სამარიაში.
9 . იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: „აჰა, უფალი, თქვენი მამების ღმერთი განრისხებული იყო იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ისეთი სისასტიკით გაჟლიტეთ ისინი, რომ ზეცას მისწვდა ეს.
10 . და ახლა გინდათ, რომ იუდასა და იერუსალიმის შვილები მონებად და მხევლებად გაიხადოთ? განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე?
11 . ისმინეთ ჩემი, დააბრუნეთ ტყვეები, რომლებიც თქვენი მოძმეებისგან წამოასხით; რადგან უფლის რისხვა აღიგზნო თქვენზე”.
12 . ზოგიერთი ეფრემის ძეთა მეთაურთაგან - ყაზარია იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, ხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხადლაის ძე ბრძოლიდან მოსულთა წინააღმდეგ აღდგა.
13 . უთხრეს მათ: „ტყვეებს აქ ნუ მოიყვანთ, ნუღარ დაუმატებთ ჩვენს ცოდვა-ბრალს ჩვენსავე დანაშაულს უფლის წინაშე; რადგან დიდია ჩვენი ბრალი და ანთია უფლის რისხვა ისრაელზე”.
14 . და დატოვეს შეიარაღებულმა კაცებმა ტყვეები და ნადავლი მთავრებისა და მთელი კრებულის წინაშე.
15 . ადგნენ სახელდებით მოხსენიებული კაცები, მივიდნენ ტყვეებთან და ვინც შიშველი იყო, ნადავლიდან შემოსეს. ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს, ზეთით დაზილეს, დასუსტებულნი სახედრებზე შესვეს; მიიყვანეს იერიხოში, პალმების ქალაქში, მათ მოძმეებთან და დაბრუნდნენ სამარიაში.
16 . იმ დროს გაუგზავნა მეფე ახაზმა წერილი აშურის მეფეებს, რათა დახმარებოდნენ მას.
17 . კვლავ მოდიოდნენ ედომელნი, ხოცავდნენ იუდეველთ და ტყვეებად მიერეკებოდნენ.
18 . ფილისტიმელებიც შეესივნენ დაბლობის ქალაქებსა და იუდას სამხრეთს; დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი და გედეროთი; სოქო, თიმნა და გიმზო თავ-თავისი შემოგარენით და იქ დამკვიდრდნენ.
19 . რადგან დაამდაბლა უფალმა იუდა, ისრაელის მეფის, ახაზის გამო, ვინაიდან გარყვნა მან იუდა და დიდად განარისხა უფალი.
20 . მივიდა მასთან თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე და დახმარების ნაცვლად კიდევ უფრო შეავიწროვა იგი.
21 . მისცა ახაზმა აშურის მეფეს ხარკი უფლის სახლიდან, მეფისა და მთავართა სახლებიდან, მაგრამ ვერც ამან უშველა.
22 . ამ გაჭირვების დროს უფრო სცოდავდა უფალს მეფე ახაზი.
23 . დამასკოს ღმერთებს სწირავდა მსხვერპლს, რომლებმაც დაღუპეს იგი და ამბობდა: „რადგან ასე შველიან არამის მეფეებს მათი ღმერთები, შევწირავ მათ, იქნებ შემეწიონ”. მაგრამ ისინი იყვნენ მისი და მთელი ისრაელის დამცემი.
24 . მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და დალეწა. უფლის სახლის კარნი დაკეტა და სამსხვერპლოები გაიკეთა იერუსალიმის თითოეულ კუთხეში.
25 . იუდას ყოველ ქალაქში გააკეთა მაღლობები, რათა უცხო ღმერთებისთვის ეკმია და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი.
26 . დანარჩენი მისი ამბები და ყველა მისი საქმე, პირველი და უკანასკნელი, აღწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
27 . განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაკრძალეს ის ქალაქ იერუსალიმში, თუმცა ისრაელის მეფეთა სამარხში არ მიუსვენებიათ. მის ნაცვლად კი ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.
1 . წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით, ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია, ყიდოს ძე, იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ იუდეველებზე.
2 . მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იეშუა იოცადაკის ძე და დაიწყეს ღვთის სახლის შენება იერუსალიმში. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და ეხმარებოდნენ მათ.
3 . მაშინ იყო, რომ მივიდნენ მათთან თათენაი, მდინარის გაღმელი მთავარი და შეთარ-ბოზნაი, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად და ასე უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?”
4 . მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აშენებდა.
5 . მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.
6 . აი, მეფე დარიოსისთვის თათენაის, მდინარის გაღმელი მთავრისა და შეთარ-ბოზნაის მიერ, მდინარის გაღმა მყოფ, თავის თანამოაზრე აფარსახელებთან ერთად, გაგზავნილი წერილის პირი:
7 . გაუგზავნეს მას წერილი, რომელშიც ეწერა: „მეფე დარიოსს, სრული მშვიდობა!
8 . დაე, ეუწყოს მეფეს, რომ ვიყავით იუდაში, დიდი ღმერთის ტაძართან, რომელიც დიდრონი ქვებით შენდება და მორებს აყოლებენ ზღუდეებში. გულმოდგინედ მუშაობენ და წარმატებით მიმდინარეობს ეს საქმე.
9 . მაშინ ასე ვკითხეთ მათ უხუცესებს: ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?
10 . სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა მათი თავკაცების სახელები.
11 . ასე მოგვიგეს: ჩვენ ცისა და მიწის ღმერთის მსახურები ვართ და თავიდან ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინ აშენდა და ისრაელის დიდმა მეფემ აღაშენა და დაასრულა იგი.
12 . მერე განარისხეს ჩვენმა მამებმა ზეციერი ღმერთი, მან ისინი ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორ ქალდეველის ხელს გადასცა, რომელმაც დაანგრია ეს სახლი და ბაბილონში გადაასახლა ხალხი.
13 . მაგრამ კიროსის მეფობის პირველ წელს, ბაბილონში გასცა კიროსმა ღვთის სახლის აშენების განკარგულება.
14 . ღვთის სახლის ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრიდან წაიღო და ბაბილონის ტაძარში მიიტანა, უკან გამოიტანა მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან და გადასცა შეშბაცარს, რომელიც გამგებლად ჰყავდა დანიშნული.
15 . უთხრა მას: აიღე ეს ჭურჭელი და წადი, მიიტანე იერუსალიმის ტაძარში, რათა აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე!
16 . მაშინ მოვიდა შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; იმ დროიდან აქამდე შენდება იგი, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.
17 . ახლა კი, თუ ინებებს მეფე, დაე მოჩხრიკონ სამეფო მატიანე იქ, ბაბილონში, მართლა გაიცა თუ არა ბრძანება მეფე კიროსისგან უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში და შეგვატყობინოს მეფემ თავისი გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე”.
1 . ესენი არიან, ვინც ბეჭდები დაუსვეს: განმგებელი ნეემია, ხაქალიას ძე და ციდკია,
2 . სერაია, ყაზარია, იერემია,
3 . ფაშხური, ამარია, მალქია,
4 . ხატუში, შებანია, მალუქი,
5 . ხარიმი, მერემოთი, ყობადია,
6 . დანიელი, გინეთონი, ბარუქი,
7 . მეშულამი, აბია, მიამინი,
8 . მაყაზია, ბილგაი, შემაია - ესენი მღვდლები იყვნენ.
9 . ასევე ლევიანები: იეშუა აზანიას ძე, ბინუი ხენადადის ძე, კადმიელი.
10 . მათი ძმები - შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი,
11 . მიქა, რეხობი, ხაშაბია,
12 . ზაქური, შერებია, შებანია,
13 . ჰოდია, ბანი და ბენინუ.
14 . ხალხის წინამძღოლები: ფარყოში, ფათახ-მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი,
15 . ბუნი, ყაზგადი, ბებაი,
16 . ადონია, ბიგვაი, ყადინი,
17 . ატერი, ხიზკია, ყაზური,
18 . ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი,
19 . ხარიფი, ყანათოთი, ნებაი,
20 . მაგფიყაში, მეშულამი, ხეზირი,
21 . მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი,
22 . ფელეტია, ხანანი, ყანაია,
23 . ოსია, ხანანია, ხაშუბი,
24 . ჰალოხეში, ფილხა, შობეკი,
25 . რეხუმი, ხაშაბნა, მაყასეია,
26 . ახია, ხანანი, ყანანი,
27 . მალუქი, ხარიმი და ბაყანა.
28 . დანარჩენი ხალხიც - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველები, მგალობლები, ტაძრის მსახურები და ყველა ისინი, ვინც გამოეყო იმ ქვეყნის ხალხებს და მოექცა ღმერთის რჯულზე, მათი ცოლები, მათი ძენი და მათი ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,
29 . შეუერთდა თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს და წყევლა და ფიცი დადეს, რათა ევლოთ ღმერთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთისმსახურის ხელით იყო მოცემული და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის ყველა მცნება, მისი სამართალი და მისი წესები.
30 . რომ არ მივცემდით ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ძეებს.
31 . და იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათ დღეს გასაყიდად მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი მოსავალი, არაფერს შევიძენდით მათგან შაბათ დღეს - წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს მოვასვენებდით მიწას და ყოველ ვალს მივუტევებდით.
32 . მცნებად დავიდეთ, რომ წელიწადში შეკელის მესამედს გავიღებდით, ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის,
33 . საწინაშეო პურისთვის, ყოველდღიური შესაწირისთვის, მუდმივი სრულადდასაწველისთვის, შაბათებისთვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისთვის და წმიდა ნივთებისთვის. ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღმერთის სახლის ყველა საქმისთვის.
34 . წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირი შეშის მოტანაზე, რათა მოეტანათ ჩვენი ღვთის სახლში თავისი მამისსახლების მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე, რომ ისე ენთოს ცეცხლი უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, როგორც ეს რჯულის წიგნში წერია.
35 . რომ მოგვეტანა ჩვენი მიწის პირველნაყოფი და ყველა ხის პირველნაყოფი წლიდან წლამდე უფლის სახლში.
36 . ასევე ჩვენი ვაჟებიდან პირმშოები, ჩვენი პირუტყვის პირველმოგებული, როგორც რჯულში წერია. ჩვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულების მიყვანა ჩვენი ღმერთის სახლში, მღვდლებთან, რომლებიც ჩვენი ღმერთის სახლში მსახურობენ.
37 . პირველი ცომი, ჩვენი შესაწირი და ყველა ხის პირველი ნაყოფი, ასევე ახალი ღვინო და ზეთი მღვდლებს უნდა მივუტანოთ ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში. ჩვენი მიწის მეათედს კი ლევიანებს მივუტანთ. ეს ის ლევიანები არიან მეათედს რომ იღებენ ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
38 . აჰარონის შთამომავალი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ, ლევიანები კი მეათედის მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ,
39 . ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელის ძეებმა და ლევიანებმა ხორბლის შესაწირი, ახალი ღვინო და ზეთი, რადგან იქ ინახება საწმიდრის ჭურჭელი, იქ არიან მომსახურე მღვდლები, კარისმცველები და მგალობლები. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს.
1 . იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,
2 . ვინაიდან არ შეეგებნენ ისრაელის ძეთ პურითა და წყლით და ბილყამი დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, ღმერთმა კი კურთხევად აქცია წყევლა.
3 . და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.
4 . მანამდე კი ელიაშიბ მღვდელს, ტობიას ახლობელს, რომელიც ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე იყო დადგენილი,
5 . მომზადებული ჰქონდა ტობიასთვის დიდი ოთახი, სადაც უწინ შენაწირს, გუნდრუკს, ჭურჭელს, ასევე ლევიანთა, მგალობელთა და კარისმცველთათვის დაწესებულ მარცვლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედსა და მღვდელთათვის შემონაწირს ინახავდნენ.
6 . ამ დროს იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ართახშასთას მეფობის ოცდამეთორმეტე წელს, ბაბილონში მივედი მეფესთან და გარკვეული დროის შემდგომ კვლავ გამოვეთხოვე მას.
7 . ამოვედი იერუსალიმს და შევიტყვე ელიაშიბის ბოროტება, ოთახი რომ გაუკეთა ტობიას ღვთის ტაძრის ეზოში.
8 . დიდად განვრისხდი და ოთახიდან გარეთ გადმოვყარე ტობიას სახლეულის ნივთები.
9 . ვუბრძანე და განწმიდეს ეს ოთახები; და დავაბრუნე იქ ღვთის ტაძრის ჭურჭელი, შემონაწირი და გუნდრუკი.
10 . აღმოვაჩინე, რომ თავისი წილი არ ეძლეოდათ ლევიანებს და ყველა თავის ყანაში გაქცეულიყო - ლევიანნიც, მგალობლებიცა და საქმის მკეთებლებიც.
11 . დავტუქსე წინამძღოლნი და ვუთხარი, რად არის-მეთქი მიტოვებული ღვთის ტაძარი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.
12 . მთელ იუდას მოჰქონდა ხორბლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედი საგანძურში.
13 . საგანძურთა ზედამხედველებად შელემია მღვდელი, ცადოკ მწერალი და ფედაია ლევიანი დავნიშნე და ეს იყო მათი საქმე. მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურ მათანიას ძისა, რადგან სანდოდ მიიჩნეოდნენ ისინი და მათზე იყო ძმათა შორის ყველაფრის დანაწილება.
14 . გახსოვდე მე, ღმერთო ჩემო, ამის გამო და ნუ წარხოცავ ჩემს ერთგულ საქმეებს, რომელიც ღვთის სახლისა და მისი სამსახურისთვის გავაკეთე.
15 . იმ დღეებში ვნახე იუდაში, რომ ზოგიერთნი ყურძენს წურავდნენ შაბათობით, ძნები მოჰქონდათ და ასაპალნებდნენ სახედრებზე, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყოველ ტვირთს და ეს ყველაფერი შაბათ დღეს მოჰქონდათ იერუსალიმში; და შევაგონებდი მათ სანოვაგის გაყიდვის დღეს.
16 . ცორელები მკვიდრობნდნენ იერუსალიმში; მოჰქონდათ თევზი და ყოველი გასაყიდი და შაბათობით ყიდდნენ იუდასა და იერუსალიმის ძეებზე.
17 . გავუწყერი იუდას დიდებულებს და ვუთხარი: "რატომ სჩადიხართ ბოროტებას, რატომ ბღალავთ შაბათ დღეს?
18 . განა ასე არ აკეთებდნენ თქვენი მამებიც და ამის გამო არ მოგვივლინა ჩვენმა ღმერთმა ჩვენ და ამ ქალაქს მთელი ეს უბედურება?! ისრაელზე რისხვის მოსაწევად ბღალავთ თქვენ შაბათს!”
19 . შაბათის წინ, როგორც კი, შებინდდა იერუსალიმის კარიბჭეებთან, ვბრძანე, რომ კარები დაეხშოთ და შაბათის გადასვლამდე არ გაეხსნათ. ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებზე, რომ არ შემოტანილიყო ტვირთი შაბათ დღეს.
20 . გაათიეს ვაჭრებმა და ყოველი გასაყიდის გამყიდველებმა იერუსალიმის გარეთ ერთხელ და მეორედაც.
21 . ვაფრთხილებდი მათ და ვეუბნებოდი: "რაღად ათევთ ღამეს ქალაქის გალავნის პირდაპირ? თუ კიდევ გაიმეორებთ, ხელს აღვმართავ თქვენზე”. ამის მერე აღარ მოდიოდნენ შაბათობით.
22 . ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ და მოსულიყვნენ კარიბჭეთა დასაცავად, რათა წმიდაეყოთ შაბათი. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შენი წყალობის სიდიადისამებრ მომეპყარი.
23 . ვნახე იმ დღეებში იუდეველნი, რომლებიც აშდოდელ, ყამონელ და მოაბელ ქალებს ირთავდნენ.
24 . მათ ძეთაგან ნახევარი აშდოდურად ლაპარაკობდა, ებრაული ენა არ იცოდა და სხვა ხალხთა ენებზე მეტყველებდა.
25 . გავუჯავრდი და ვწყევლე ისინი; ზოგიერთი ვცემე, თმა დავაგლიჯე, ღმერთს ვაფიცებდი: არ მისცეთ-მეთქი თქვენი ასულები მათ ძეებს და ნურც თქვენთვის და თქვენი ძეებისთვის მოიყვანთ-მეთქი მათ ასულებს!
26 . განა ასე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ, თუმცა არსად ყოფილა მისი მსგავსი მეფე! უყვარდა იგი თავის ღმერთს და მთელ ისრაელზე დაადგინა მეფედ! მაინც აცდუნეს უცხოელმა ქალებმა!
27 . განა თქვენზეც უნდა ვისმენდეთ, რომ ამ დიდ ბოროტებას სჩადიხართ და სცოდავთ ჩვენი ღმერთის წინაშე უცხოტომელი ქალების შერთვით?”
28 . იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავარის ძეთაგან ერთ-ერთის ვაჟი ხორონელი სანბალატის სიძე იყო და გავაგდე ჩემგან.
29 . გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან შებღალეს ღვთისმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა.
30 . განვწმიდე ისინი ყოველივე წარმართულისგან; მღვდლებსა და ლევიანებს ყველას დავუდგინე მოვალეობანი, თითოეულს - თავისი მსახურებისამებრ.
31 . შეშისა და პირველნაყოფთა შესაწირები დავადგინე განსაზღვრულ დროს. სასიკეთოდ გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო.
1 . მიუგო იობმა და თქვა:
2 . "ოჰ, რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთიანად დადებულიყო სასწორზე,
3 . ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა იგი, ამიტომაა ნაჩქარევი ჩემი სიტყვები.
4 . რადგან ყოვლადძლიერის ისრები მაქვს ჩარჭობილი და მათ გესლს სვამს ჩემი სული. ღვთის საშინელებანი დაეწყვნენ ჩემს წინააღმდეგ.
5 . თუ იყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ იბღავლებს ხარი თივის ზვინის წინ?
6 . თუ ჭამენ უგემურს, უმარილოდ და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას?
7 . გული არ მიმდის მათზე, მწუხარებისაა ჩემი პური.
8 . ოჰ, რომ ახდებოდეს ჩემი სათხოვარი, და სანატრელს მომაგებდეს ღმერთი!
9 . ნეტავ ინებოს და დამლეწოს უფალმა, გამოიწოდოს ხელი და გამკვეთოს.
10 . ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში და ულმობელ სატკივარში გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11 . რადგან რა არის ჩემი ძალა, რომ მისი იმედი ვიქონიო? რა არის ჩემი ბოლო, რომ სიცოცხლე ვინატრო?
12 . განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ჩემი ხორცი?
13 . აღარც რაიმე ძალა შემრჩა ჩემში და ყოველგვარი შეწევნაც გამშორდა.
14 . სასოწარკვეთილს თავისი მოყვასისგან აქვს თანაგრძნობა, თუნდაც მიტოვებული ჰქონდეს ყოვლადძლიერის შიში.
15 . გაუჩინარდნენ ჩემი მეგობრები დამშრალი წყაროებივით და მათი კალაპოტებივით,
16 . ყინულისგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მათში.
17 . დათბება და გაქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე გაუჩინარდებიან;
18 . იცვლიან კალაპოტებს, არარაობაში მიედინებიან და იღუპებიან.
19 . მათ დაჰყურებდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს.
20 . გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
21 . ახლა თქვენც მათი მსგავსნი გახდით, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ.
22 . განა გითხარით, რამე მომიტანეთ-მეთქი, ან თქვენი ქონებიდან ქრთამი გაეცით-თქო ჩემთვის?
23 . ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან გამომისყიდეთ-თქო მჩაგვრელთა ხელიდან?
24 . მასწავლეთ და დავდუმდები, რაში შევცდი, გამაგებინეთ.
25 . რა მტკივნეულია წრფელი სიტყვა, მაგრამ რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი?
26 . ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!
27 . ობოლზეც კი იყრიდით წილს და ორმოს გაუთხრიდით საკუთარ მეგობარს.
28 . ახლა ინებეთ და შემომხედეთ, ნახეთ, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.
29 . მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჯერ კიდევ აქ არის ჩემი სიმართლე.
30 . განა არის ჩემს ენაზე უმართლობა? ნუთუ ვერ არჩევს მზაკვრულად შეთხზულს სასა ჩემი?
1 . უგუნურს ისე არ შეჰფერის პატივი, როგორც ზაფხულს თოვლი და მოსავლის აღებას წვიმა.
2 . ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი.
3 . მათრახი - ცხენისთვის, აღვირი - ვირისთვის, ჯოხი კი - უგუნურთა ზურგისთვის.
4 . ბრიყვს მისი სიბრიყვისამებრ ნუ უპასუხებ, რათა არ დაემსგავსო მას.
5 . ბრიყვს მისი სიბრიყვისამებრ უპასუხე, თორემ თავი ბრძენი ეგონება.
6 . საკუთარ ფეხებს იჭრის და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.
7 . რაღა კოჭლის უსარგებლო ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი.
8 . ბრიყვისთვის პატივის მიგება იგივეა, რაც შურდულზე ქვის მიბმა.
9 . როგორც მთვრალი კაცის ხელში მოხვედრილი ეკალი, ისეა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
10 . რაღა მშვილდოსანი ყველას რომ ესვრის და რაღა ბრიყვისა და გამვლელის დამქირავებელი.
11 . როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სისულელეს.
12 . გინახავს ადამიანი, თავი ბრძენკაცად რომ მიაჩნია? მასზე მეტი იმედი აქვს ბრიყვს.
13 . ზარმაცი ამბობს: ლომიაო გზაზე, ლომიაო შუა მოედანზე.
14 . კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ხოლო ზარმაცი - თავის ლოგინზე.
15 . ზარმაცი ხელს ჯამში ყოფს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.
16 . ზარმაცი უფრო ბრძენია საკუთარ თვალში, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
17 . გინდა ძაღლი ყურებით დაუჭერია კაცს და გინდა იმ ჩხუბში ჩარეულა, მას რომ არ ეხება.
18 . რაღა ცეცხლის, ისრებისა და სიკვდილის მფრქვეველი გიჟი
19 . და რაღა ის, ვინც თავის მოყვასს ატყუებს და თან ეუბნება, გეხუმრეო.
20 . შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.
21 . როგორც ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის, ისეა შარიანი კაცი ჩხუბის გაჩაღებისთვის.
22 . ნუგბარივით გემრიელია ჭორიკანას სიტყვები, შიგნეულობამდე აღწევს.
23 . გაცეცხლებული ბაგეები და ბოროტი გული ისეა, როგორც წიდიანი ვერცხლით დაფარული თიხა.
24 . მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობა უდევს;
25 . ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სისაძაგლეა მის გულში;
26 . სიძულვილს სიცრუით ფარავს, მისი ბოროტება კრებულში გამოჩნდება.
27 . ორმოს გამთხრელი თვითონვე ჩავარდება შიგ, ქვა მისვე დამგორებელს გაჭყლეტს.
28 . მატყუარა ენას სძულს თავის მიერ შემუსვრილნი; მლიქვნელი პირი დამანგრეველია.
1 . გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: "აღარ მახარებს ისინი!”
2 . ვიდრე დაბნელდებოდეს მზე და სინათლე, მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები მობრუნდებიან წვიმის შემდეგ;
3 . იმ დღემდე, ვიდრე აკანკალდებიან სახლის მცველნი, მოიხრებიან ძლიერი კაცები და ფქვას შეწყვეტენ მეწისქვილენი, რადგან ცოტანი დარჩნენ, ვიდრე დააკლდებათ ნათელი სარკმელში მჭვრეტელთ;
4 . ვიდრე ჩაიკეტებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს წისქვილის ხმაური; ჩიტის ჟრიამულზე წამოდგებოდნენ და ვიდრე მიყუჩდებოდნენ მგალობელი ასულები;
5 . ვიდრე სიმაღლის შეგეშინდებოდეს და გზაზე შიში შეგიპყრობდეს; ვიდრე აყვავდებოდეს ნუში, კალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაცხრებოდეს, რადგან მიდის კაცი თავის მარადიულ სახლში, მომტირალნი კი უბანში იტრიალებენ,
6 . გახსოვდეს იგი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და ოქროს ფიალა დაიმსხვრეოდეს, დოქი წყაროსთან გატყდებოდეს და ბორბალი ჭაში ჩაიმსხვრეოდეს.
7 . ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.
8 . "ამაოებათა ამაოება” - თქვა ეკლესიასტემ - "ყოველივე ამაოებაა!”
9 . იმის გარდა რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა ცოდნას და მრავალ იგავს იკვლევდა და თხზავდა.
10 . ეძებდა ეკლესიასტე შესაფერ სიტყვებს, რათა ზუსტად დაეწერა ჭეშმარიტების სიტყვები.
11 . ბრძენის სიტყვები შუბია და ჩაჭედილი ლურსმანი - იგავთა კრებული, ერთი მწყემსის მიერ არის ბოძებული.
12 . უფრო მეტიც, გაფრთხილებ შვილო, რომ ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს და ბევრი სწავლა სხეულს ძალას აცლის.
13 . ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის;
14 . რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს - კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . გაიქეცით, იერუსალიმის შუაგულიდან, თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო; თეკოაყში ჩაბერეთ ბუკს და ნიშანი მიეცით ბეთ-ჰაქერემს, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან.
2 . მშვენიერი და ნებიერია სიონის ასული, მე მოვკვეთ მას.
3 . მწყემსები თავიანთი ფარებით მივლენ მასთან, მის ირგვლივ დასცემენ კარვებს და თავ-თავიანთ წილ მიწაზე დამწყემსავენ.
4 . მოემზადეთ მასთან საბრძოლველად, ადექით და შუადღისას დავეცეთ მათ; მაგრამ ვაი ჩვენ, რადგან დღე იწურება, რადგან დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.
5 . ადექით, ღამით დავეცეთ და დავანგრიოთ მათი სასახლეები.
6 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჩეხეთ ხეები, აღმართეთ იერუსალიმის გარშემო მიწაყრილები, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ძალადობაა მის შუაგულში.
7 . როგორც ჭაში გროვდება წყალი, ისე დაგროვდა მასში ბოროტება, ძალადობისა და ნგრევის ხმა ისმის მასში, სნეულება და ჭრილობებია ჩემ წინაშე გამუდმებით.
8 . გონს მოდი, იერუსალიმო, სანამ ზურგს შეგაქცევდეს ჩემი სული, სანამ უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყნად მიქცევიხარ”.
9 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ყურძენივით გაკრიფავენ ისრაელის ნატამალს, გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის ვაზისკენ”.
10 . ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყურები და არ შეუძლიათ მოსმენა; აჰა, უფლის სიტყვა სამარცხვინოდ მიუჩნევიათ, აღარ სურთ იგი.
11 . სავსე ვარ უფლის რისხვით, აღარ შემიძლია მისი შეკავება; "გადმოანთხიე იგი ქუჩაში ბავშვებზე და ერთად შეკრებილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარს ცოლთან ერთად შეიპყრობენ და ჭარმაგს მოხუცებთან ერთად.
12 . სხვებს გადაეცემა მათი სახლები მინდვრებთან და ცოლებთან ერთად, რადგან მე გავიწვდენ ხელს ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე”, - ამბობს უფალი.
13 . "რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ანგარება შეჰყრია და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.
14 . ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.
15 . იმ სისაძაგლის გამო თუ რცხვენიათ, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან, ამიტომ დაცემულთა შორის დაეცემიან; იმ დროს, როცა დავსჯი, დაეცემიან”, - ამბობს უფალი.
16 . ასე ამბობს უფალი: "დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
17 . გუშაგნი დაგიყენეთ და გითხარით; ბუკის ხმას დაუგდეთ-მეთქი ყური; თქვეს, არ დავუგდებთო!
18 . ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, იცოდე, საკრებულოვ, რა მოუვა მათ.
19 . ისმინე, დედამიწავ! აჰა, უბედურებას მოვავლენ ამ ხალხზე, მათი ზრახვების ნაყოფს, რადგან ყური არ დაუგდეს ჩემს სიტყვებს და ჩემი რჯული შეიძულეს.
20 . რისთვის მინდა შებადან მოტანილი გუნდრუკი და შორეული ქვეყნიდან მოტანილი ტკბილი ლერწამი? თქვენი სრულადდასაწველი მიუღებელია ჩემთვის და თქვენი მსხვერპლები აღარ მეამება”.
21 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, დაბრკოლების ლოდს დავუდებ წინ ამ ხალხს და წაბორძიკდებიან მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, ყველანი დაიღუპებიან”.
22 . ასე ამბობს უფალი: "აჰა, მოდის ხალხი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დიდი ერი აღსდგება ქვეყნის კიდეებიდან.
23 . მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი და უმოწყალონი არიან, ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა, ცხენებზე ამხედრებულნი მოდიან. ერთი კაცივით არიან შემართულნი შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო”.
24 . ამბავი გვესმა მათზე და ხელები მოგვიდუნდა, ტანჯვამ ისე შეგვიპყრო, როგორც მშობიარე ქალი ტკივილმა.
25 . მინდორში ნუ გახვალთ და გზაზე ნუ ივლით, რადგან მტერს მახვილი აქვს და საშინელება მოდის ყოველი მხრიდან.
26 . ჩემი ერის ასულო, ძაძა შემოირტყი და ნაცარში ჩაწექი, მწარე გოდებით იგლოვე, როგორც დედისერთაზე გლოვობენ, რადგან უეცრად მოვა მომსვრელი.
27 . შემფასებლად დაგადგინე ჩემს ხალხში და სიმაგრედ, რომ შეიცნო და შეაფასო მათი გზები.
28 . ყველანი ჯიუტად მოჯანყენი არიან, ცილისმწამებელნი, სპილენძი და რკინა, ყველანი გაიხრწნენ.
29 . ქშინავს საბერველი, ტყვია შთაინთქა ცეცხლში, ამაოდ ადნობდა მდნობელი, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.
30 . საძულველ ვერცხლს უწოდებენ მათ, რადგან უფალმა მოიძულა ისინი.
1 . დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:
2 . "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
3 . ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4 . შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.
5 . უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6 . და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.
7 . მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.
8 . გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.
9 . მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ; და აჰა, ვარსკვლავი, აღმოსავლეთში რომ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10 . ვარსკვლავი რომ დაინახეს, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11 . შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 . და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13 . მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.
14 . ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში.
15 . და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.
16 . როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.
17 . მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
19 . ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.
20 . უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”.
21 . ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22 . ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.
23 . მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.
1 . იმ ხანებში ესმა იესოს ამბავი მეოთხედმთავარ ჰეროდეს.
2 . უთხრა თავის მსახურებს: "ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომაც მოქმედებენ მასში ძალნი”.
3 . რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო.
4 . ვინაიდან იოანე ეუბნებოდა, ნებადართული არ არისო შენთვის მისი ყოლა.
5 . უნდოდა მოეკლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
6 . ჰეროდეს დაბადების დღეს კი შეკრებილთა წინაშე იცეკვა ჰეროდიას ასულმა და აამა ჰეროდეს.
7 . ამიტომ ფიცით შეპირდა, რომ მისცემდა, რასაც სთხოვდა.
8 . ხოლო მან, დედისგან წინასწარ დარიგებულმა, უთხრა: "ლანგრით მომეცი იოანე ნათლისმცემლის თავი”.
9 . შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.
10 . წარგზავნა და იოანესთვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში.
11 . მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა.
12 . მოვიდნენ იოანეს მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და შეატყობინეს იესოს.
13 . ეს რომ გაიგო იესომ, ნავით გაეცალა იქაურობას და ერთ უდაბურ ადგილზე განმარტოვდა; შეიტყო ეს ხალხმა და ფეხით გაჰყვნენ ქალაქებიდან.
14 . გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
15 . როცა მოსაღამოვდა მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს: "აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის”.
16 . იესომ კი უთხრა მათ: "არ არის საჭირო მათი წასვლა; თქვენ მიეცით საჭმელი”.
17 . უპასუხეს: "არაფერი გვაქვს გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა”.
18 . უთხრა: "აქ მომიტანეთ ისინი”.
19 . უბრძანა ხალხს ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს.
20 . ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო.
21 . მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
22 . მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ მეორე მხარეს, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.
23 . ხალხი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა; მოსაღამოვდა, ის კი მარტო იყო იქ.
24 . ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე შესულიყო ზღვაში; ტალღები ეხეთქებოდნენ, რადგან პირქარი ქროდა.
25 . ღამის მეოთხე გუშაგობა იყო, ზღვაზე სვლით რომ მივიდა მათთან.
26 . ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ მოწაფეები; ამბობდნენ, მოჩვენებააო და შიშისგან შეჰყვირეს.
27 . მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
28 . მიუგო პეტრემ და უთხრა: "უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, რომ წყალდაწყალ მოვიდე შენთან”.
29 . უთხრა: "მოდი!” პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო.
30 . მაგრამ ძლიერი ქარი რომ იხილა, შეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: "უფალო, მიხსენი!”
31 . იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: "რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?”
32 . ნავში რომ ავიდნენ, ქარი ჩადგა.
33 . ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ”.
34 . გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
35 . იცნეს იგი იქაურებმა, დაგზავნეს მთელ იმ მხარეში და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი.
36 . ევედრებოდნენ, რომ მისი მოსასხამის კიდეს მაინც შეხებოდნენ; და ვინც შეეხო, განიკურნა.
1 . გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.
2 . შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?
3 . განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.
4 . უთხრა მათ იესომ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა”.
5 . და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
6 . უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.
7 . მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათგან ორ-ორის გაგზავნა; და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე.
8 . და დაარიგა, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა კვერთხისა: არც პური, არც ფუთა, არც სპილენძი სარტყლით.
9 . ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.
10 . და ეუბნებოდა: "რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან;
11 . თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან გამოსვლისას, თქვენი ფეხიდან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორასთვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის”.
12 . წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.
13 . და მრავალი ეშმაკი გამოდევნეს, ზეთს სცხებდნენ ბევრ ავადმყოფს და კურნავდნენ.
14 . გაიგო რა მეფე ჰეროდემ, რადგან ცნობილი გახდა მისი სახელი, თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში.
15 . ერთნი ამბობდნენ: ელიააო; სხვები კი წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.
16 . ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა: "ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით”.
17 . რადგან ჰეროდემ თვითონ გაგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად შეირთო იგი.
18 . ვინაიდან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: "არ გეკუთვნის შენი ძმის ცოლი ცოლად”.
19 . ჰეროდიას კი სძულდა იგი და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.
20 . რადგან ეშინოდა ჰეროდეს იოანესი; იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა; ბევრს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
21 . დადგა მარჯვე ჟამი, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ვახშამი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულთ;
22 . შევიდა ჰეროდიას ასული, იცეკვა და აამა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს; და უთხრა მეფემ ქალიშვილს: "რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ”.
23 . დაუფიცა: "რაც გინდა მთხოვე, მოგცემ; ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი”.
24 . გამოვიდა და ჰკითხა დედამისს: "რა ვთხოვო?” იოანე ნათლისმცემლის თავიო - უპასუხა მან.
25 . მყისვე დაბრუნდა მეფესთან და უთხრა: "მინდა, რომ ახლავე იოანე ნათლისმცემლის თავი მომართვა ლანგრით”.
26 . შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისთვის უარის თქმა.
27 . მაშინვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და იოანეს თავის მოტანა უბრძანა; ისიც წავიდა და საპყრობილეში მოჰკვეთა თავი.
28 . მოიტანა მისი თავი ლანგრით და ქალიშვილს გადასცა, ქალიშვილმა კი დედამისს მისცა.
29 . ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი ცხედარი და სამარხში ჩაასვენეს.
30 . შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყოველივე, რაც გააკეთეს და ასწავლეს.
31 . უთხრა მათ: "წამოდით უდაბურ ადგილას მხოლოდ თქვენ და მცირედ მოისვენეთ”. რადგან მრავლად იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
32 . და მარტონი წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას.
33 . მაგრამ დაინახეს ისინი მიმავალნი და იცნო ბევრმა; ყოველი ქალაქიდან აედევნენ ფეხით და მათზე ადრე მივიდნენ იქ.
34 . გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.
35 . უკვე გვიანი იყო; მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "ეს ადგილი უდაბურია და თანაც უკვე გვიანია.
36 . გაუშვი ეს ხალხი გარშემო სანახებსა და სოფლებში, რომ საზრდო იყიდონ თავიანთთვის”.
37 . მაგრამ მიუგო მათ და უთხრა: "თქვენ მიეცით მათ საჭმელი”. უპასუხეს: "წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?”
38 . უთხრა: "რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!” ნახეს და უთხრეს: "ხუთი და ორიც თევზი”.
39 . მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანე ბალახზე.
40 . და დასხდნენ მწყობრად, ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.
41 . აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა.
42 . ყველამ ჭამა და გაძღა.
43 . დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი გოდორი გაავსეს.
44 . და ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო პურის მჭამელი.
45 . და მყისვე აიძულა მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.
46 . ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცად.
47 . საღამოჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იყო ხმელეთზე.
48 . დაინახა, რომ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარმა დაუბერა. ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სიარულით წავიდა მათკენ და უნდოდა გვერდი აევლო.
49 . ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენებააო და შეჰყვირეს;
50 . რადგან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ; ის მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
51 . ავიდა მათთან ნავში და ჩადგა ქარი. დიდად გაუკვირდათ და გაოცდნენ ისინი;
52 . ვინაიდან ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გულები ჰქონდათ გაქვავებული.
53 . გაღმა გავიდნენ, გენესარეთის მიწას მიადგნენ და ღუზა ჩაუშვეს.
54 . როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, იქაურებმა უმალვე იცნეს იგი.
55 . მთელი ის ქვეყანა შემოირბინეს; ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო, საწოლებით გამოჰყავდათ ავადმყოფები.
56 . სადაც შედიოდა, სოფლებში, ქალაქებსა თუ სანახებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ ავადმყოფებს და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთას მაინც შეხებოდნენ და ყველა, ვინც შეეხო, განიკურნა.
1 . დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: "კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი შორს გაემგზავრა.
2 . დრომ რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი მიეღო მათგან.
3 . მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4 . მერე სხვა მონა გაუგზავნა. მასაც ქვები დაუშინეს, თავში დაჭრეს და შეურაცხყოფილი გააბრუნეს.
5 . სხვა გაგზავნა, ის კი მოკლეს. ბევრი სხვაც გაგზავნა. ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს.
6 . ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
7 . მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
8 . შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახის გარეთ გადააგდეს.
9 . რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს.
10 . ნუთუ არ წაგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?
11 . უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში”.
12 . ხოლო მათ მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ. მიატოვეს და წავიდნენ.
13 . ფარისევლები და ჰეროდიანელები მიუგზავნეს, რომ სიტყვაში დაეჭირათ.
14 . მივიდნენ და უთხრეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?”
15 . იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.
16 . მიუტანეს; ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?” "კეისრისა”, უთხრეს მას.
17 . იესომ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა - ღმერთს”. და გაუკვირდათ მისი.
18 . ამის შემდეგ სადუკეველნი მიადგნენ, რომლებიც ამბობენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს:
19 . "მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და ცოლი დარჩება, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლად და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
20 . შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.
21 . მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ;
22 . შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველაზე ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
23 . აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?”
24 . იესომ უთხრა მათ: "იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა?
25 . მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26 . ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მაყვლოვანთან ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?
27 . ღმერთი მკვდრების კი არ არის, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი დიდად ცდებით”.
28 . მივიდა მასთან ერთი მწიგნობარი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და დარწმუნებულმა, რომ კარგი პასუხი გასცა მათ, ჰკითხა: "რომელია უპირველესი მცნება?”
29 . იესომ მიუგო: "უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.
30 . შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.
31 . მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.
32 . უთხრა მას იმ მწიგნობარმა: "კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი, ვინაიდან ღმერთი ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
33 . და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”.
34 . იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: "შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.
35 . იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: "როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
36 . რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.
37 . თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?” და მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით.
38 . ამბობდა თავის მოძღვრებაში: "ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;
39 . სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - საპატიო ადგილები.
40 . რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ მსჯავრს იტვირთავენ”.
41 . დაჯდა საგანძურის წინ იესო და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
42 . მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩაყარა ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
43 . დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველაზე მეტი ჩადო.
44 . ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სიღარიბიდან ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი”.
1 . და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.
2 . და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.
3 . და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: "აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4 . მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
5 . და თქვა ტახტზე მჯდომმა: "აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: "დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.
6 . და მითხრა: "აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.
7 . გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.
8 . ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
9 . და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.
10 . წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;
11 . ღვთის დიდების მქონე, მისი შუქი პატიოსან თვალს ჰგავს, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
12 . დიდი და მაღალი გალავანი აქვს, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებში - თორმეტი ანგელოზი; და ზედ დაწერილი სახელები, რომლებიც ისრაელიანთა თორმეტ ტომს ეკუთვნის.
13 . სამი კარიბჭე - აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე - ჩრდილოეთიდან, სამი - სამხრეთიდან და სამიც - დასავლეთიდან.
14 . ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი აქვს და მათზეა კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.
15 . ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად.
16 . ქალაქი ოთხკუთხედია. მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე; და გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე; მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარია.
17 . გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.
18 . გალავანი იასპით არის ნაგები, ხოლო ქალაქი - წმიდა მინის მსგავსი სუფთა ოქროთი.
19 . ქალაქის გალავნის საძირკვლები ყოველგვარი ძვირფასი ქვით არის მოპირკეთებული; პირველი საძირკველი იასპია, მეორე - საფირონი, მესამე - ქალკედონი, მეოთხე - ზურმუხტი;
20 . მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო.
21 . თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტია: ყოველი კარიბჭე - თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქროა, გამჭვირვალე მინის მსგავსი.
22 . ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, ვინაიდან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
23 . ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი.
24 . ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს.
25 . არ დაიკეტება დღისით მისი კარიბჭენი, რადგან ღამე აღარ იქნება იქ.
26 . და მიიტანენ მასში ერების დიდებასა და პატივს.
27 . ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს აჰარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა მიუახლოვდნენ უფლის თანდასწრებას და დაიხოცნენ;
2 . უთხრა უფალმა მოსეს: "ელაპარაკე აჰარონს, შენს ძმას, ყოველთვის ნუ შევა კრეტსაბმელს მიღმა წმიდაში, კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, ვინაიდან სარქველს ზემოთ, ღრუბელში გამოვჩნდები.
3 . აი, რით შევიდეს აჰარონი წმიდაში: ცოდვისთვის შესაწირი ნორჩი მოზვრითა და სრულადდასაწველი ვერძით.
4 . წმიდა სელის კვართი შეიმოსოს, სელის ქვედა სამოსი ამოიცვას სხეულზე, სელის სარტყელი შემოირტყას და სელის მიტრა დაიფაროს, რადგან წმიდაა ეს სამოსელი. ჯერ წყლით განიბანოს სხეული და მერე შეიმოსოს.
5 . აიყვანოს ისრაელიანთა კრებულისგან ორი ვაცი ცოდვის მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად.
6 . შეწიროს აჰარონმა მოზვერი ცოდვისთვის და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული.
7 . აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან;
8 . წილი ჰყაროს აჰარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი უფლისთვის, მეორე - განტევებისთვის.
9 . მიჰგვაროს აჰარონმა უფალს მისი წილხვდომილი ვაცი და შესწიროს ცოდვის მსხვერპლად.
10 . ხოლო ვაცი, რომელსაც განტევება ხვდა წილად, ცოცხლად დააყენოს უფლის წინაშე, რათა გამოისყიდოს იგი და გაუშვას უდაბნოში განსატევებლად.
11 . წარადგინოს აჰარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული და დაკლას მისთვის განკუთვნილი მოზვერი ცოდვის მსხვერპლად.
12 . აიღოს სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური და წმიდა, დაფხვნილი, კეთილსურნელოვანი საკმევლით სავსე პეშვი და შეიტანოს კრეტსაბმელის მიღმა;
13 . ცეცხლზე დადოს საკმეველი უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის კვამლმა სარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს;
14 . აიღოს მოზვერის სისხლი და მოასხუროს თითით სარქვლის ზედაპირს აღმოსავლეთ მხარეს, სარქვლის წინ კი შვიდჯერ მოასხუროს თითით სისხლი.
15 . დაკლას ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელიც ხალხისთვისაა და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის მიღმა და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც მოზვერის სისხლით გააკეთა და ასხუროს სარქველს და სარქვლის წინ.
16 . გამოისყიდოს საწმიდრისთვის ისრაელიანების უწმიდურება, მათი ურჩობა და ყოველი ცოდვა, ასევე მოიქცეს საკრებულო კარვისთვის, რომელიც მკვიდრობს მათთან, მათ უწმიდურობათა შორის.
17 . არავინ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის გამოსყიდვისთვის შედის წმიდაში, მის გამოსვლამდე. სანამ არ გამოისყიდის თავის თავს, თავის სახლეულს და ისრაელის მთელ კრებულს.
18 . გამოვა სამსხვერპლოსთან, რომელიც უფლის წინაშეა და აღასრულებს გამოსყიდვას. აიღებს მოზვერისა და ვაცის სისხლს და სცხებს ირგვლივ სამსხვერპლოს რქებს.
19 . შვიდჯერ მოასხურებს მასზე სისხლს თითით და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.
20 . და როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს გამოსყიდვას, მაშინ მიჰგვრის ცოცხალ ვაცს.
21 . დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში.
22 . იტვირთავს ვაცი ყველა მათ ცოდვას, წაიღებს უდაბურ ქვეყანაში; და გაუშვებს კაცი თხას უდაბნოში.
23 . შევა აჰარონი საკრებულო კარავში, გაიხდის სელის სამოსელს, რომლითაც შეიმოსა წმიდაში შესვლისას და იქ დატოვებს.
24 . წყალში განიბანს სხეულს წმიდა ადგილზე, შეიმოსავს თავის სამოსელს, გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის და გამოისყიდის თავის თავს და ხალხს.
25 . ცოდვის მსხვერპლის ქონს კი დააკმევს სამსხვერპლოზე.
26 . ვინც გაუშვა განტევების ვაცი, გაირეცხოს სამოსი, წყალში განიბანოს სხეული და მერე დაბრუნდეს ბანაკში.
27 . ცოდვისთვის შენაწირი მოზვერი და ვაცი, რომელთა სისხლიც გამოსყიდვისთვის იქნა შეტანილი წმიდაში, გაიტანონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავი, ხორცი და განავალი.
28 . მათმა დამწველმა კი ჯერ სამოსი გაირეცხოს, სხეული წყალში განიბანოს და მერე დაბრუნდეს ბანაკში.
29 . და იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, მარხვით დაიმდაბლეთ თავები და არ გააკეთოთ არავითარი საქმე, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა.
30 . რადგან ამ დღეს გამოგისყიდით მღვდელი, განიწმიდებით ყოველი თქვენი ცოდვისგან და წმიდა იქნებით უფლის წინაშე.
31 . დასვენების შაბათია ეს თქვენთვის, დაიმდაბლეთ თავი. ეს სამუდამო წესია.
32 . მღვდელმა, რომელსაც მსახურებაზე განაწესებენ, რათა თავისი მამის მაგიერ გასწიოს მღვდლობა, შეიმოსოს სელის წმიდა სამოსი
33 . და გამოისყიდოს წმიდა ადგილი, საკრებულო კარავი, სამსხვერპლო, ყოველი მღვდელი და ხალხის მთელი საკრებულო.
34 . იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის გამოსასყიდად წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
1 . წმიდა შეკრება გქონდეთ მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ; საყვირით მოწოდების დღე იყოს თქვენთვის.
2 . მოუმზადეთ უფალს სრულადდასაწველი საამო კეთილსურნელებად, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
3 . თან მათი პურეული ძღვენი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილის სამი მეათედი ეფა ზვარაკზე, ორი მეათედი - ვერძზე,
4 . ერთი მეათედი - თითოეულზე შვიდ კრავთაგან.
5 . და ერთი თიკანი - ცოდვისთვის შესაწირად, თქვენს გამოსასყიდად.
6 . დამატებით, ახალი თვის სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმელ შესაწირთან ერთად, თავისი წესისამებრ, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
7 . წმიდა შეკრება გქონდეთ მეშვიდე თვის მეათე დღეს; დაიმდაბლეთ თავები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
8 . მიჰგვარეთ სრულადდასაწველი უფალს, საამო კეთილსურნელებად, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
9 . თან ერთვოდეს ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილის პურეული ძღვენი, სამი მეათედი ეფა - მოზვერზე, ორი მეათედი - ერთ ვერძზე,
10 . ერთი მეათედი - თითოეულ კრავზე შვიდ კრავთაგან.
11 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, გამოსასყიდ შესაწირსა და მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
12 . წმიდა შეკრება გქონდეთ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შვიდი დღე იზეიმეთ უფლის დღესასწაული.
13 . მიჰგვარეთ უფალს სრულადდასაწველი საამო კეთილსურნელებად: ცამეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
14 . თან ერთვოდეს ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილის პურეული ძღვენი, სამი მეათედი ეფა - თითოეულ მოზვერზე ცამეტთაგან, ორი მეათედი - თითოეულ ვერძზე ორიდან,
15 . ეფის მეათედი - თითოეულ კრავზე თოთხმეტთაგან.
16 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
17 . მეორე დღეს: თორმეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
18 . თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად,
19 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
20 . მესამე დღეს: თერთმეტი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
21 . თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
22 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
23 . მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
24 . თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
25 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
26 . მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
27 . თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
28 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
29 . მეექვსე დღეს: რვა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
30 . თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
31 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
32 . მეშვიდე დღეს: შვიდი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
33 . თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
34 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
35 . მერვე დღეს კი იდღესასწაულეთ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
36 . მიჰგვარეთ უფალს სრულადდასაწველი საამო კეთილსურნელებად: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.
37 . თან ერთვოდეს პურეული ძღვენი და სასმლის შესაწირი მოზვრისთვის, ვერძისა და კრავებისთვის, მათი რაოდენობისა და წესის შესაბამისად.
38 . და დამატებით: ერთი თიკანი ცოდვისთვის შესაწირად, მუდმივ სრულადდასაწველთან, მის პურეულ და სასმლის შესაწირებთან ერთად.
39 . ესენი მოუმზადეთ უფალს თქვენს დღესასწაულებზე, გარდა თქვენი აღთქმებისა და კეთილი ნების შესაწირებისა: თქვენი სრულადდასაწველნი, პურეული ძღვენნი, სასმელები და სამშვიდობო შესაწირები”.
40 . უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
1 . შეიტყო მორდექაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა, თავზე ნაცარი დაიყარა და შუაგულ ქალაქში გავიდა; ხმამაღლა მოსთქვამდა და მწარედ ღაღადებდა.
2 . მეფის კარიბჭემდე მივიდა, რადგან ჯვალოთი შემოსილი ვერავინ შევიდოდა მეფის კარიბჭეში.
3 . ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ გამართული ებრაელებს, მარხვა, გოდება და ქვითინი; ბევრს ქვეშ ჯვალო და ნაცარი ეგო.
4 . მივიდნენ ესთერთან მისი მხევლები და საჭურისები და უამბეს ეს ამბავი. დიდად დამწუხრდა დედოფალი. სამოსელი გაუგზავნა, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.
5 . მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მეფემ მიუჩინა და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა ხდებოდა.
6 . და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ.
7 . უამბო მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და იმ ვერცხლის ზუსტი რაოდენობაც აუწყა, რომელიც ჰამანს უნდა შეეტანა მეფის საუნჯეში იუდეველთა მოსასპობად.
8 . დაწერილი განკარგულების პირიც გადასცა, შუშანში რომ გაიცა მათ გასანადგურებლად, რათა ესთერისთვის ეჩვენებინა და ყველაფერი ეამბნა; დაავალა ესთერს, რომ მეფესთან მისულიყო, შევედრებოდა და წყალობა გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.
9 . მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის სიტყები.
10 . ელაპარაკა ესთერი ჰათაქს და დააბარა მორდექაისთან:
11 . "მეფის ყველა მსახურმა და სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, კანონის თანახმად ერთი სასჯელი - სიკვდილი ელის; მხოლოდ ის იცოცხლებს, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც თავისთან არ მივუხმივარ მეფეს”.
12 . და გადასცეს მორდექაის ესთერის სიტყვები.
13 . შეუთვალა მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ: "ნუ იფიქრებ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები ებრაელთაგან მეფის სახლში.
14 . რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?”
15 . და მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის:
16 . "წადი და შეკრიბე შუშანის მთელი ებრაელობა, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად და ისე მივალ მეფესთან, თუმცა ამით წესს დავარღვევ; თუ დავიღუპები, დავიღუპო!”
17 . წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ესთერმა.