იერემია თავი 12

1 . მართალი ხარ, უფალო, თუნდაც შეგედავო. მაგრამ მაინც დაგელაპარაკები სამართლის შესახებ. რატომ ემართება ხელი ბოროტმოქმედს? რატომ არიან მშვიდად მოღალატეები?

2 . შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი - ძალიან შორს.

3 . მაგრამ მე მიცნობ, უფალო; მხედავ და გამოსცადე ჩემი გული; ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და გამოაცალკევე განკითხვის დღისთვის.

4 . როდემდე უნდა გლოვობდეს ქვეყანა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? ცხოველი და ფრინველი მოისრა ქვეყნის მცხოვრებთა ბოროტების გამო. ამბობენ: "ის ვერ ხედავს ჩვენს ბოლოსო”.

5 . "თუ მორბენლებთან ირბინე და დაიქანცე, ცხენებს როგორღა შეეჯიბრები? თუ მშვიდობიან ქვეყანაში წაიქეცი, მაშინ რაღას იზამ, როცა იორდანე ადიდდება?

6 . რადგან შენმა ძმებმაც და მამაშენის სახლმაც გიღალატა, ისინიც ხმამაღლა დაგყვირიან. სასიკეთოდაც რომ გელაპარაკონ, ნუ ერწმუნები”.

7 . დავტოვე ჩემი სახლი, მივატოვე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულის სიყვარული მტრებს ჩავუგდე ხელში.

8 . ტყის ლომივით არის ჩემთვის ჩემი სამკვიდრო, ჩემ წინააღმდეგ ღრიალებს, ამიტომ შევიძულე.

9 . ჭრელი მტაცებელი ფრინველივითაა ჩემი სამკვიდრო ჩემთვის; ჭრელი მტაცებელი ფრინველებივით შემოადგნენ ირგვლივ; წადით, შეყარეთ მინდვრის ყველა მხეცი და მის შესაჭმელად მოიყვანეთ.

10 . მრავალმა მწყემსმა გააოხრა ჩემი ვენახი, ფეხქვეშ გათელა ჩემი მინდორი; ჩემი სასურველი მინდორი ტიალ უდაბნოდ აქციეს.

11 . გააოხრეს და შემომტირის გაოხრებული; მთელი ქვეყანა გაოხრდა და არავინ ზრუნავს მასზე.

12 . მოძალადენი შეესივნენ უდაბნოს ყველა ხრიოკ სიმაღლეს, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არა აქვს მშვიდობა.

13 . ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს, ეცადნენ, მაგრამ სარგებელი ვერ ნახეს. ასე რომ, გრცხვენოდეთ თქვენი მოსავლისა - უფლის მგზნებარე რისხვის გამო.

14 . ასე ამბობს უფალი: "ჩემს ყველა ბოროტ მეზობელს, ის სამკვიდრო რომ ხელჰყვეს, ჩემს ხალხს, ისრაელს, რომ დავუმკვიდრე, აღმოვფხვრი მათი მიწიდან; იუდას სახლს კი გამოვიყვან მათგან.

15 . რომ აღმოვფხვრი, მერე ისევ შევიბრალებ, თითოეულს თავის სამკვიდროში და თითოეულს თავის ქვეყანაში დავაბრუნებ.

16 . და თუ ჩემი ხალხის გზებს ისწავლიან, თუ დაიფიცებენ ჩემი სახელით - ცოცხალია უფალი! - როგორც თვითონ ასწავლეს ჩემს ხალხს ბაყალის დაფიცება, მაშინ ისინიც აშენდებიან ჩემს ხალხთან ერთად.

17 . მაგრამ თუ არ მომისმენენ, მაშინ აღმოვფხვრი იმ ერს, აღმოვფხვრი და გავანადგურებ!” - ამბობს უფალი.