იერემია თავი 13

1 . მითხრა უფალმა: "წადი, სელის სარტყელი იყიდე, შემოირტყი წელზე, წყალში ნუ ჩადებ”.

2 . უფლის სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და შემოვირტყი წელზე;

3 . მეორედ მოვიდა უფლის სიტყვა ჩემდამი; მითხრა:

4 . "აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს შემორტყმული; ადექი, წადი ეფრათში და იქ, კლდის ნაპრალში დამალე”.

5 . წავედი და დავმალე ეფრათში, როგორც უფალმა მიბრძანა.

6 . მრავალი დღის შემდეგ უფალმა მითხრა: "ადექი, წადი ეფრათში და აიღე ის სარტყელი, მე რომ დამალვა გიბრძანე”.

7 . წავედი ეფრათში. ამოვთხარე და ავიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დავმალე. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარ გამოდგებოდა.

8 . მოვიდა უფლის სიტყვა ჩემდამი; მითხრა:

9 . ასე ამბობს უფალი: "ასე დავალპობ იუდას სიამაყეს და იერუსალიმის უზომო მედიდურობას.

10 . ეს ბილწი ხალხი, ჩემი სიტყვების გაგონებაც რომ არ უნდა და ჯიუტად დადის სხვა ღმერთების კვალზე, რათა მათ ემსახუროს და ეთაყვანოს, ამ სარტყელივით გახდება, აღარაფრისთვის რომ აღარ გამოდგება.

11 . რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის წელს, ისე მინდოდა მომკრობოდა მთელი ისრაელისა და იუდას სახლი, ამბობს უფალი, რათა ყოფილიყვნენ ჩემს ხალხად, სასახელოდ, საქებრად და სადიდებლად. მაგრამ არ შეისმინეს.

12 . უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ყველა ტიკი ღვინით ივსება. მოგიგებენ: განა არ ვიცით, რომ ყველა ტიკი ღვინით ივსებაო?

13 . უპასუხე, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, სიმთვრალით ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს, დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს, ღვთისმსახურთ და წინასწარმეტყველთ, იერუსალიმში მცხოვრებთ.

14 . ერთი-მეორეზე დავლეწავ მამებსა და ძეებს ერთიანად, ბრძანებს უფალი, არ დავინდობ, არ შევიბრალებ და არც მათ გაწყვეტას შევინანებ!”

15 . ისმინეთ, ყური დაუგდეთ, ნუ გადიდგულდებით, რადგან ეს უფლის ნათქვამია.

16 . პატივი მიაგეთ ღმერთს, თქვენს უფალს, სანამ დაგიბნელდებათ, სანამ წაიბორძიკებთ დაბინდულ მთაზე; თუმცა სინათლეს მოელით, ის სიკვდილის აჩრდილად გარდაქმნის მას და წყვდიადის ბურუსად.

17 . თუ არ მოისმენთ, მალულად იტირებს ჩემი გული თქვენი ამპარტავნების გამო, აქვითინდება, მწარედ იტირებს, აცრემლდება ჩემი თვალები, რადგან ტყვედ იქნება წაყვანილი უფლის სამწყსო.

18 . უთხარი მეფე-დედოფალს: "ჩამოდით ტახტიდან, რადგან მოგძვრებათ თავიდან თქვენი ლამაზი გვირგვინი”.

19 . დაიხშო სამხრეთის ქალაქები და არავინაა გამღები - ტყვედ გაირეკეს მთელი იუდა, სრულად წაასხეს.

20 . აღაპყარით თვალნი და დაინახეთ ჩრდილოეთიდან მომავალნი. სადაა სამწყსო, რომელიც მოგეცა, შენი მშვენიერი ფარა?

21 . მაშინ რას იტყვი, სიონის ასულო, როცა მოგინახულებს უფალი? განა შენ არ შეაჩვიე შენზე ბატონობას? განა ტკივილები არ შეგიპყრობს მშობიარე ქალივით?

22 . თუ იტყვი გულში - რატომ დამემართა ეს ყველაფერიო? ურჯულოებათა სიმრავლის გამოა ახდილი შენი კალთები და ნაცემი შენი ტერფები.

23 . განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს ან ჯიქი თავის ლაქებს? ასევე თქვენც ვერ შეძლებთ სიკეთის გაკეთებას - ბოროტებაში გაწაფულნი!

24 . მიმოგფანტავთ უდაბნოს ქარით მიმოტაცებული ბზესავით.

25 . ესაა შენი ხვედრი, შენთვის განკუთვნილი წილი, ამბობს უფალი, რადგან დამივიწყე და სიყალბეს მიენდე.

26 . მეც აგიწიე კალთები სახემდე, რათა გამოჩენილიყო შენი სირცხვილი.

27 . შენი მრუშობა და ავხორცი ჭიხვინი, შენი სიძვის უხამსობა. მაღლობებსა და ველებზე გამოჩნდა შენი სისაძაგლე; ვაი შენ, იერუსალიმო, როდისღა განიწმიდები?