1 . უფლის სიტყვა, რომელიც ესმა წინასწარმეტყველ იერემიას ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დასცემდა.
2 . ასე ამბობს უფალი: "აჰა, წყლები მაღლდებიან ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრებად გადაიქცევიან. და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. იკივლებენ ადამიანები, იქვითინებენ ქვეყნის მცხოვრებნი,
3 . მისი ძლიერი ცხენების თქარუნის, მისი ეტლების გრუხუნის, მისი ბორბლების გრიალის გამო. მამები ვეღარ ბრუნდებიან შვილებისკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები.
4 . მომავალი დღის გამო, როცა გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ტვიროსსა და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, ქაფთორის კუნძულის მონარჩენს.
5 . გამელოტდა ღაზა, დაინგრა აშკელონი; მათი ხეობების ნაშთო, როდემდე დაიკაწრავ თავს?
6 . ჰოი, უფლის მახვილო, სანამდე იბობოქრებ? დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და დადუმდი!
7 . როგორ დადუმდება, როცა უფალმა უბრძანა! აშკელონისა და ზღვის ნაპირის წინააღმდეგ განაწესა”.