1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი და აჰა, სამოსელი ჰქონდა შემოგლეჯილი და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა.
2 . ჰკითხა დავითმა: "საიდან მოდიხარ?” მიუგო: "ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი”.
3 . უთხრა დავითმა: "რა მოხდა, მიამბე!” უპასუხა: "ბრძოლის ველიდან გაიქცა ხალხი, ბევრია დაცემული და მკვდარი, საული და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ”.
4 . უთხრა დავითმა ყმაწვილს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "საიდან იცი, რომ საული და მისი ვაჟი იონათანი დაიხოცნენ?”
5 . და თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: "შემთხვევით გილბოაყის მთაზე აღმოვჩნდი”, მიუგო ყმაწვილმა, "ვხედავ, შუბზეა საული დაგებული და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან.
6 . უკან მოიხედა, დამინახა და მიმიხმო. მივუგე, აქა ვარ, ბატონო-მეთქი.
7 . მკითხა: "ვინ ხარ?” ვუპასუხე: "ყამალეკელი ვარ”.
8 . მითხრა: მოდი და მომკალი! ვიტანჯები, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
9 . მეც დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, მოვხსენი სამაჯური, მკლავზე რომ ეკეთა და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს”.
10 . ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო.
11 . გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
12 . ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "სადაური ხარ?” მიუგო: "ხიზანი ყამალეკელის შვილი ვარ”.
13 . უთხრა დავითმა: "როგორ არ შეგეშინდა და ხელი როგორ აღმართე უფლის ცხებულის მოსაკლავად?”
14 . დაუძახა დავითმა ერთ მსახურ ყმაწვილს და უთხრა: "მოდი და მოკალი ეს კაცი”. მანაც დაჰკრა და მოკლა.
15 . თქვა დავითმა: "შენს თავზე იყოს შენივე სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული”.
16 . ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე.
17 . და ბრძანა, რომ საგალობელი ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის მშვილდზე. როგორც წერია იაშირის (მართალთა) წიგნში:
18 . "შენს მაღლობებზე გაიგმირა შენი მშვენება, ისრაელო! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
19 . ნუ იტყვით ამ ამბავს გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
20 . გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, არც ნაყოფის მომტანი მინდვრები, რადგან მანდ შეიბილწა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
21 . არც განგმირულთა უსისხლოდ და არც ვაჟკაცთა ხორცის დაუგლეჯად უკან არ დაბრუნებულა იონათანის მშვილდი; ფუჭად არ დაბრუნებულა საულის მახვილი!
22 . საული და იონათანი! სიცოცხლეშიც საამონი და საყვარელნი, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე სწრაფნი და ლომზე ძლიერნი!
23 . ისრაელის ასულნო! დაიტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ სამოსელს.
24 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
25 . ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე აღმატებული.
26 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საბრძოლო საჭურველი!”
1 . იყო იქ ერთი უღირსი კაცი, სახელად შება, ბიქრის ძე, ბენიამინის ტომიდან; ჩაჰბერა საყვირს და გამოაცხადა: "არა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს სამკვიდრებელი იესეს ძეში! ყველა თავის კარავს დაუბრუნდეს, ისრაელიანნო!”
2 . ზურგი აქციეს ისრაელიანებმა დავითს და გაჰყვნენ შებას, ბიქრის ძეს. იუდა კი იორდანედან იერუსალიმამდე თავის მეფესთან დარჩა.
3 . როცა დაუბრუნდა დავითი თავის სახლს იერუსალიმში, გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა, რომლებიც სასახლის მისახედად ჰყავდა დატოვებული, სახლში ჩაკეტა და მცველები დაუყენა. არჩენდა, მაგრამ აღარ შესულა მათთან. სიკვდილამდე გამოკეტილნი იყვნენ ისინი და ქვრივებივით ცხოვრობდნენ.
4 . უთხრა მეფემ ყამასას: "სამ დღეში შემიყარე იუდა და მაშინვე აქ დაბრუნდი”.
5 . წავიდა ყამასა იუდას მოსახმობად, მაგრამ მეფის მიერ დადებულ ვადაზე მეტად დაყოვნდა.
6 . უთხრა დავითმა აბიშაის: "აბესალომზე მეტად გვიბოროტებს შება, ბიქრის ძე; წაიყვანე შენი ბატონის მსახურნი და მისდიე, სანამ არ იპოვნი, რომ გამაგრებული ქალაქები არ შეიგულოს და არ მიეფაროს ჩვენს თვალთაგან”.
7 . და მიჰყვნენ იოაბის ხალხს ქერეთელნი და ფერეთელნი, ყველა ძლევამოსილი ვაჟკაცი; წავიდნენ იერუსალიმიდან შებას, ბიქრის ძის სადევნად.
8 . გაბაონის დიდ ქვასთან იყვნენ მისული და ყამასაც მივიდა მათთან შესახვედრად. თავისი მხედრული სამოსით იყო იოაბი შემოსილი, ზედ მახვილი ეკიდა თავისი ქარქაშით; წინ რომ გამოვიდა, ქარქაშიდან ამოუვარდა მახვილი.
9 . მოიკითხა იოაბმა ყამასა: "ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?” და მარჯვენა ხელი წვერზე მოკიდა ყამასას, საამბორებლად.
10 . ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისგან, იოაბს რომ ეჭირა, ჩასცა იოაბმა მუცელში და ნაწლავები მიწაზე გადმოაყრევინა. მეორედ აღარ დაურტყამს იოაბს. მოკვდა ყამასა, იოაბი და მისი ძმა აბიშაი კი შება ბიქრის ძის კვალს მიჰყვნენ.
11 . იოაბის მსახურთაგან ერთ-ერთმა შესძახა: "ვისაც უყვარს იოაბი და ვინც დავითთანაა, მიჰყვეს იოაბის კვალს”.
12 . ყამასა კი შუა გზაზე ეგდო და სისხლში ცურავდა; დაინახა იმ კაცმა, რომ ყოვნდებოდა ხალხი, გზიდან მინდორზე გადაათრია ყამასა და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, რომ ყოველი გამვლელი ჩერდებოდა და უყურებდა.
13 . როგორც კი გზიდან გადაათრია, ყველანი იოაბის კვალს მიჰყვნენ, რათა შება ბიქრის ძეს დადევნებოდნენ.
14 . ისრაელის ყოველი ტომი მოიარა შებამ აბელ-ბეთ-მაყაქამდე და მთელი ბერიმი. იკრიბებოდნენ და მიჰყვებოდნენ.
15 . მოვიდა იოაბის ხალხი და ალყა შემოარტყეს აბელ-ბეთ-მაყაქაში; მიწაყრილი აღმართეს ქალაქთან და გალავანს გაუტოლეს. იოაბის მთელმა ხალხმა კი კედლის ნგრევა იწყო.
16 . დაიძახა ერთმა ბრძენმა დედაკაცმა ქალაქიდან: "მომისმინეთ, მომისმინეთ, უთხარით იოაბს, ახლოს მოდგეს, უნდა ველაპარაკო”.
17 . მიუახლოვდა. ჰკითხა დედაკაცმა: "შენ ხარ იოაბი?” უპასუხა: "მე ვარ”. უთხრა დედაკაცმა: "ყური უგდე შენი მხევლის სიტყვას”. მიუგო: "გისმენ”.
18 . თქვა დედაკაცმა: "ძველად ამბობდნენ, ვისაც კითხვა სურს, აბელში მოიკითხოსო. ასე წყვეტდნენ საქმეს.
19 . მე ერთი მშვიდობიანი და ერთგული ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებს შორის; შენ კი ქალაქი გინდა დააქციო, დედა ისრაელში; რად უნდა ჩაყლაპო უფლის სამკვიდრებელი?”
20 . მიუგო იოაბმა: "შორს ჩემგან, შორს ჩემგან, დაქცევა და განადგურება!
21 . სხვაგვარადაა საქმე. კაცმა ეფრემის მთიდან, ბიქრის ძემ, შებამ, ხელი აღმართა მეფე დავითის წინააღმდეგ; მომეცით ის კაცი და წავალ აქედან”. უთხრა იოაბს დედაკაცმა: "აჰა, გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს”.
22 . ბრძნულად მიუდგა დედაკაცი ხალხს. თავი მოკვეთეს შებას, ბიქრის ძეს და იოაბს გადაუგდეს. ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და ყველა თავ-თავის კარავს დაუბრუნდა ქალაქიდან. იოაბი კი მეფესთან დაბრუნდა იერუსალიმში.
23 . ისრაელის მთელ ლაშქარს სარდლობდა იოაბი; ბენაია იეჰოიადაყის ძე კი - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
24 . ყადორამი - ხარკის აკრეფას უძღვებოდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
25 . შევა - მწერლობდა და ცადოკი და აბიათარი - მღვდლები იყვნენ.
26 . ყირა იაირელიც მღვდლობდა დავითთან.
1 . აღდგა სატანა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.
2 . უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და შემატყობინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი”.
3 . უთხრა იოაბმა: „დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ხალხი, განა ყველა მათგანი ჩემი ბატონი მეფის მონები არ არიან? მაშ რაღად ითხოვს ამას ჩემი ბატონი? ცოდვისკენ რად უნდა უბიძგო ისრაელს?”
4 . მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბზე. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და დაბრუნდა იერუსალიმში.
5 . მიუტანა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რიცხვი და მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღმოჩნდა ისრაელში, იუდაში კი ოთხას სამოცდაათი ათასი მახვილის ამღები კაცი იყო.
6 . ლევიანები და ბენიამინი არ აღურიცხავს, რადგან სისაძაგლედ მიიჩნია იოაბმა მეფის ბრძანება.
7 . ბოროტი იყო ეს საქმე ღმერთის თვალში და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.
8 . უთხრა დავითმა ღმერთს: „ფრიად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე! ახლა გევედრები, მიუტევე უფალო, დანაშაული შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი”.
9 . დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის წინასწარმეტყველს და უთხრა:
10 . „წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო”.
11 . მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,
12 . სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვით შევიწროება შენი მტრისაგან და თან მისი მახვილი გემუქრებოდეს თუ სამი დღის მანძილზე შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი მძვინვარებდეს ისრაელის მთელ საზღვრებში. რა ვუპასუხო ჩემს წარმომგზავნელს?”
13 . უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან ძალზედ დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები”.
14 . მოუვლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელს და სამოცდაათი ათასი კაცი დაეცა ისრაელში.
15 . და წარგზავნა ღმერთმა ანგელოზი იერუსალიმში მის გასანადგურებლად. დაინახა უფალმა, როგორ ანადგურებდა და გადაიფიქრა ეს უბედურება. უთხრა უფალმა ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი”. ორნან იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
16 . აღაპყრო დავითმა თვალები და დაინახა დედამიწასა და ცას შორის მდგარი უფლის ანგელოზი, რომელსაც ხელში იერუსალიმზე გაწვდილი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. და პირქვე დაემხნენ ჯვალოთი შემოსილი დავითი და უხუცესნი.
17 . უთხრა დავითმა ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე შენი ხალხის აღრიცხვა? მე შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე, ამ ცხვრებს ხომ არაფერი დაუშავებიათ? უფალო, ღმერთო ჩემო! გევედრები, ჩემზე და მამაჩემის სახლეულზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად”.
18 . და უბრძანა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა ორნან იებუსელის კალოზე.
19 . წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.
20 . შემობრუნდა ორნანი, დაინახა ანგელოზი და დაიმალა თავის ოთხ ვაჟთან ერთად. ხორბალს ლეწავდა მაშინ ორნანი.
21 . მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
22 . უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი ამ კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ; სრულ ფასს გადაგიხდი, რათა შეწყდეს ხალხის განადგურება”.
23 . უთხრა ორნანმა დავითს: „მეფე ბატონო, აიღე და გააკეთე, რაც გენებოს. მოგცემ ხარებს სრულადდასაწველად, კევრებს - შეშად და ხორბალს - პურეულის შესაწირად. ყველაფერს მოგცემ!”
24 . უპასუხა ორნანს მეფე დავითმა: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, ვერც შენს საკუთრებას შევწირავ უფალს და ვერც მუქთ სრულადდასაწველს აღვუვლენ”.
25 . ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს იმ ადგილის საფასურად.
26 . იქ აუშენა დავითმა უფალს სამსხვერპლო და აღავლინა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო მსხვერპლები, მოუხმო უფალს, მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის დაშვებით უპასუხა.
27 . უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც ქარქაშში ჩააგო თავისი მახვილი.
28 . დაინახა დავითმა, რომ უპასუხა უფალმა ორნან იებუსელის კალოზე და იქ შესწირა მსხვერპლი.
29 . ხოლო უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა და სრულადდასაწველის სამსხვერპლო, იმჟამად გაბაონის მაღლობზე იყო.
30 . არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის ეშინოდა.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც ესმა წინასწარმეტყველ იერემიას ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დასცემდა.
2 . ასე ამბობს უფალი: "აჰა, წყლები მაღლდებიან ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრებად გადაიქცევიან. და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. იკივლებენ ადამიანები, იქვითინებენ ქვეყნის მცხოვრებნი,
3 . მისი ძლიერი ცხენების თქარუნის, მისი ეტლების გრუხუნის, მისი ბორბლების გრიალის გამო. მამები ვეღარ ბრუნდებიან შვილებისკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები.
4 . მომავალი დღის გამო, როცა გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ტვიროსსა და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, ქაფთორის კუნძულის მონარჩენს.
5 . გამელოტდა ღაზა, დაინგრა აშკელონი; მათი ხეობების ნაშთო, როდემდე დაიკაწრავ თავს?
6 . ჰოი, უფლის მახვილო, სანამდე იბობოქრებ? დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და დადუმდი!
7 . როგორ დადუმდება, როცა უფალმა უბრძანა! აშკელონისა და ზღვის ნაპირის წინააღმდეგ განაწესა”.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! იერუსალიმისკენ მიმართე სახე, საწმიდარის წინააღმდეგ იქადაგე და ისრაელის მიწის წინააღმდეგ იწინასწარმეტყველე.
3 . უთხარი ისრაელის მიწას: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, მახვილს ვიშიშვლებ ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალსაც და ბოროტეულსაც.
4 . რადგან მოვკვეთავ შენგან მართალსაც და ბოროტეულსაც, ამიტომ ვიშიშვლებ მახვილს ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
5 . გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ვიშიშვლე მახვილი ქარქაშიდან და მეტად აღარ ჩაეგება.
6 . შენ კი, ძეო კაცისავ! იგლოვე გულგატეხილმა, სიმწრით იკვნესე მათ თვალწინ!
7 . როცა გკითხავენ: რაზე კვნესიო? უთხარი: იმ ამბის გამო, რომელიც მოდის, ყოველი გული დადნება, ყოველი ხელი მოდუნდება, ყოველი სული დაუძლურდება, ყოველი მუხლი გაწყალდება. აჰა, მოდის და ასეც მოხდება! ამბობს უფალი ღმერთი”.
8 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
9 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გაილესა და გაპრიალდა.
10 . გალესილია, რომ დაკლას; გაპრიალდა, რომ ელვასავით განათდეს! არ უნდა გვიხაროდეს, რომ ჩემი ძის კვერთხმა მოიძულა ყველა ხე?
11 . მიცემულია ასაპრიალებლად, რომ ხელი მოეჭიდოს; გალესილია ეს მახვილი და გაპრიალებული, რომ მკვლელს გადაეცეს ხელში.
12 . იტირე, მოთქმით იტირე, ძეო კაცისავ! რადგან ჩემი ხალხის წინააღმდეგ არის იგი, ისრაელის ყველა მთავრის წინააღმდეგ. მახვილს არიან გადაცემულნი ჩემს ხალხთან ერთად, ამიტომ მკერდზე ირტყი ხელი უბედურებისგან.
13 . რადგან დადგა გამოცდის ჟამი, და რა იქნება, თუ კვერთხი, რომელსაც მსჯავრი გამოაქვს, აღარ იქნება!” - ამბობს უფალი ღმერთი.
14 . "შენ კი, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე, ხელი ხელს შემოჰკარი და სამგზის გაორკეცდეს მუსვრის მახვილი, დიდი შემუსვრის მახვილია ეს, მათ გარშემო რომ არის.
15 . რომ გული დაუდნეთ და მრავალი დაეცეს მათ კარიბჭეებთან. ელვასავით ბრწყინვალე მახვილი მივეცი, აჰა, დასაკვრელად არის გაკეთებული, შესამუსრად არის ალესილი.
16 . მახვილო! მარჯვნივ გასწი, მარცხნივ გასწი, საითკენაც შენი პირია მიმართული.
17 . მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ; მე, უფალმა ვილაპარაკე”.
18 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
19 . "შენ კი, ძეო კაცისავ! ორი გზა დაადგინე ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. მონიშნე ადგილი, ქალაქის გზის დასაწყისში მონიშნე.
20 . ერთი გზა დაადგინე მახვილის მოსასვლელად ყამონის ძეთა რაბაში და მეორე იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში.
21 . მარჯვენა ხელით იერუსალიმს ერგო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები და პირი გაეღოთ ჟლეტვისთვის, ხმა აღემაღლებინათ საომარი ყიჟინით და ტარანები კარიბჭეებისკენ მიემართათ, აღემართათ მიწაყრილები, აეშენებინათ გოდლები.
22 . მარჯვენა ხელით იერუსალიმს ერგო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები და პირი გაეღოთ ჟლეტვისთვის, ხმა აღემაღლებინათ საომარი ყიჟინით და ტარანები კარიბჭეებისკენ მიემართათ, აღემართათ მიწაყრილები, აეშენებინათ გოდლები.
23 . ეს კი ამაო მკითხაობასავით იქნება მათ თვალში, ფიცით კი შეჰფიცეს, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და შეიპყრობს მათ.
24 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თავად გაიხსენეთ თქვენი ურჯულოება, გამოაშკარავდა თქვენი დანაშაული და გამოჩნდა თქვენი ცოდვა თქვენს ყველა ნამოქმედარში, ხელით იქნებით შეპყრობილნი.
25 . შენ კი, უწმიდურო ბოროტეულო, ისრაელის მთავარო, რომლის დღეც დადგა, რომ ბოლო მოეღოს დანაშაულს,
26 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე დოლბანდი და ჩამოიღე გვირგვინი. ასე აღარ იქნება, დამდაბლებული ამაღლდება და ამაღლებული დამდაბლდება.
27 . ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ და ესეც აღარ ექნება, სანამ არ მოვა ის, რომელსაც სამართლიანად ეკუთვნის იგი - მე გადავცემ მას.
28 . შენ კი, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონის ძეებზე და მათ შერცხვენაზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული ჩასახოცად, გაპრიალებულია შესამუსრად, რომ ელვასავით იყოს.
29 . ყალბ ხილვებს ხედავენ შენთვის და ტყუილს მკითხაობენ, რათა დახოცილ ბოროტეულთა კისერზე დაგდონ, რომელთაც დაუდგათ დღე, რომ ბოლო მოეღოს დანაშაულს.
30 . ჩააგე ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში გაგასამართლებ.
31 . ჩემს რისხვას გადმოვღვრი და ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე; ხელთ მიგცემ ხალხს, მძვინვარესა და მკვლელობაში დახელოვნებულს.
32 . ცეცხლის შესაჭმელი გახდები, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში დაგუბდება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე უფალმა ვილაპარაკე”.
1 . ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს:
2 . "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
3 . მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4 . მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5 . მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
6 . ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო,
7 . მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა.
8 . ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა?
9 . ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”.
10 . იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა.
11 . ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12 . ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
14 . მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა.
15 . ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.
16 . მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
17 . უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
18 . მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.
19 . მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
20 . რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21 . ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.
22 . ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”
23 . ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.
24 . ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
25 . მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
26 . ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
27 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან,
28 . რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29 . და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
30 . იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.
31 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.
32 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.
33 . მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”.
34 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
35 . უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36 . მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.
37 . თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38 . მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
39 . ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.
40 . მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
42 . მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
43 . კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44 . მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45 . მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
46 . ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48 . ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”
49 . მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
50 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51 . და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52 . მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53 . ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?
54 . მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
55 . და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56 . მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57 . იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.
58 . ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59 . მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60 . და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61 . და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
62 . მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”
63 . იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”
64 . უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
65 . მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66 . რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”.
67 . მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ.
68 . და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
69 . პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”.
70 . მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.
71 . კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.
72 . მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
73 . ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”.
74 . მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
75 . და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
1 . ეს რომ თქვა, იესო კედრონის ხევს გაღმა გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ ის და მისი მოწაფეები.
2 . ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო ხშირად ხვდებოდა აქ თავის მოწაფეებს.
3 . ამიტომ, იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და მღვდელმთავრებისა და ფარისეველების მსახურები იახლა და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.
4 . იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?”
5 . მიუგეს მას: "იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
6 . როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
7 . ხელახლა ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” უთხრეს: "იესო ნაზარეველს”.
8 . იესომ მიუგო: "ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.
9 . ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიკარგავს.
10 . სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, იშიშვლა ის, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა.
11 . უთხრა იესომ პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, მამამ რომ მომცა?”
12 . მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.
13 . პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას, იმდროინდელი მღვდელმთავრის სიმამრთან.
14 . ეს ის კაიაფა იყო, იუდევლებს რომ ურჩია, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
15 . იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
16 . პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა.
17 . მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.
18 . ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.
19 . მღვდელმთავარმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა.
20 . მიუგო მას იესომ: "მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს; მუდამ სინაგოგებსა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იკრიბება ყველა იუდეველი. ფარულად არაფერი მილაპარაკია.
21 . მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”.
22 . ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ხელი გაარტყა იესოს და უთხრა: "ასე ელაპარაკები მღვდელმთავარს?”
23 . მიუგო იესომ: "თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?”
24 . მაშინ ანამ შებოჭილი იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა.
25 . სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”.
26 . მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?”
27 . კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.
28 . იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.
29 . პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: "რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?”
30 . უთხრეს: "ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”.
31 . უთხრა მათ პილატემ: "წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: "ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.
32 . რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
33 . პილატე პრეტორიუმში შებრუნდა, მოუხმო იესოს და ჰკითხა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?”
34 . მიუგო იესომ: "შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?”
35 . მიუგო პილატემ: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?”
36 . თქვა იესომ: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური”.
37 . უთხრა პილატემ: "მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: "შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”.
38 . ჰკითხა პილატემ: "რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: "მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში.
39 . ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?
40 . მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: "ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.