იერემია თავი 18

1 . სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიას მიმართ:

2 . "ადექი, ჩადი მექოთნის სახლში და იქ გამოგიცხადებ ჩემს სიტყვას!”

3 . ჩავედი მექოთნის სახლში და, აჰა, რაღაცას აკეთებდა იგი საქოთნე ბორბალზე,

4 . მაგრამ ჭურჭელი, რომელსაც იგი თიხისგან აკეთებდა, გაფუჭდა მექოთნის ხელში; მაშინ მიუბრუნდა იმავე თიხას და სხვა ჭურჭელი გააკეთა, ისეთი, როგორიც სურდა.

5 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:

6 . "განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.

7 . ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აღმოფხვრას, დამხობასა და განადგურებას;

8 . მაგრამ ის ერი, რომელზეც ვთქვი, თუ მოიქცევა თავისი ბოროტებისგან, გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ იმ ბოროტებას, მას რომ ვუპირებდი.

9 . ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აშენებასა და გამაგრებას;

10 . მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში და არ შეისმენს ჩემს ხმას, მაშინ მეც გადავიფიქრებ იმ სიკეთეს, მას რომ ვუპირებდი.

11 . ახლა უთხარი იუდას კაცებსა და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას ვამზადებ თქვენთვის, ბოროტი განვიზრახე თქვენს წინააღმდეგ. დატოვოს თითოეულმა თავისი უკუღმართი გზა, გამოისწოროს გზა და საქმეები!

12 . მაგრამ იტყვიან: უგუნურებაა! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალს გავყვებით და თითოეული ჩვენგანი ჩვენი ბოროტი გულის სიჯიუტის მიხედვით მოვიქცევითო.

13 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: აბა, გამოიკითხეთ ხალხებში, ვის სმენია ამგვარი ამბავი? მრავალი საშინელება ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა.

14 . განა მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა მწვერვალებს? განა შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები?

15 . მაგრამ დამივიწყა ჩემმა ხალხმა, უსარგებლო კერპებს უკმევენ, თავიანთ გზაზე, უძველეს ბილიკზე წაბორძიკდნენ, რომ გაუკვალავი გზით ევლოთ,

16 . რომ უდაბურ ადგილად ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად ესტვინათ მისთვის, რომ ყოველი გამვლელი გაოცებულიყო და თავი გაექნია.

17 . აღმოსავლეთის ქარივით მიმოვფანტავ მათ მტრის წინაშე, მათი უბედურების დღეს ზურგს ვუჩვენებ მათ და არა სახეს”.

18 . თქვეს: "მოდით, პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რადგან მღვდელს რჯული არ დაეკარგება, ბრძენს - რჩევა და წინასწარმეტყველს - სიტყვა; მოდით და ენით განვგმიროთ იგი, რომ ყური აღარ ვუგდოთ მის სიტყვებსო”.

19 . ყური მომაპყარ, უფალო, ისმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმა.

20 . განა სიკეთეს ბოროტებით უხდიან, ორმო რომ გამითხარეს? გაიხსენე, შენ წინაშე რომ ვიდექი და მათდა სასიკეთოდ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ შემებრუნებინა მათგან.

21 . ამიტომ შიმშილი დაუშვი მათ შვილებზე, მახვილის კერძი გახადე; დაე, უშვილოდ დარჩნენ მათი ცოლები და დაქვრივდნენ. სიკვდილმა მოსრას მათი კაცები და მახვილით დაეცნენ მათი ჭაბუკნი ომში.

22 . დაე, კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა უცაბედად მძარცველები წამოადგებიან თავს, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფარულად მახე დაუგეს ჩემს ფეხს.

23 . უფალო, შენ იცი მათი ყველა ბოროტი განზრახვა ჩემ წინააღმდეგ; ნუ აპატიებ დანაშაულს, ნუ წაშლი მათ ცოდვებს შენს თვალთაგან. დაე, დაემხონ შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ.