იერემია თავი 14

1 . უფლის სიტყვა იერემიასადმი გვალვის შესახებ:

2 . "გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი კარიბჭენი; მიწაზე დაჯდა ხალხი, გლოვობენ; ცას ასწვდა იერუსალიმის კივილი.

3 . დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ მსახურებს; მიდიან ჭებთან, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ, ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან; შერცხვნენ, სირცხვილისგან თავს იბურავენ.

4 . მიწა დასკდა, რადგან არ უწვიმია ქვეყანაზე, შერცხვნენ მიწათმოქმედნი, თავი დაიბურეს.

5 . ფურ-ირემმაც კი მიატოვა ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან აღარ არის ბალახი.

6 . კანჯრები დამდგარან ხრიოკ სიმაღლეებზე და ტურებივით ჰაერს ყლაპავენ; თვალები ებინდებათ, რადგან აღარ არის ბალახი.

7 . ჩვენი უმართლოებანი მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, უფალო, მაგრამ იქნებ მაინც მოიღო წყალობა შენი სახელის გულისთვის; გამრავლდა ჩვენი განდგომილება, შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.

8 . ოჰ, ისრაელის იმედო, მხსნელო, უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში, ღამის გასათევად გაჩერებული მგზავრივით?

9 . რატომ ხარ, როგორც გაოგნებული კაცი, იმ მეომარივით, რომელსაც ხსნა არ შეუძლია? შენ ხომ ჩვენ შორის ხარ, უფალო? ხომ შენი სახელით ვიწოდებით? ნუ მიგვატოვებ!”

10 . ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: "რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.

11 . და მითხრა უფალმა: "ნუ ილოცებ ამ ხალხის კეთილდღეობისთვის;

12 . იმარხულებენ, მაგრამ არ შევისმენ მათ ვედრებას; სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს აღმივლენენ, მაგრამ არ მივიღებ; მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოვუღებ მათ ბოლოს”.

13 . ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: მახვილს არ იხილავთ და შიმშილი არ მოგსრავთ, მტკიცე მშვიდობას მოგცემთო ამ ადგილზე”.

14 . და მითხრა უფალმა: "სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი, არ მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკია მათთან; ცრუ ხილვებს, მისნობას, ამაოებასა და თავიანთი გონებით შეთხზულ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ”.

15 . ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: "ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი მოისპობიან მახვილითა და შიმშილით!

16 . და ის ხალხიც, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, შიმშილისა და მახვილის ძალით დაიყრება იერუსალიმის ქუჩებში. არავინ იქნება მათი ცოლების, მათი ძეებისა და ასულების დამმარხველი; გადმოვღვრი მათზე მათივე ბოროტებას.

17 . ამიტომ უთხარი მათ ეს სიტყვა: ცრემლები ღვარეთ, ჩემო თვალებო, დღისით და ღამით, შეუწყვეტლივ! დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ქალწულს, ჩემი ხალხის ასულს, სასიკვდილო ჭრილობა სჭირს.

18 . ველზე გამოვალ და, აჰა - მახვილით განგმირულნი; ქალაქში შევალ და, აჰა - შიმშილით დასნეულებულნი; წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში და არ იციან რას აკეთებენ”.

19 . სამუდამოდ უარყავი იუდა? სიონი შეიზიზღა შენმა სულმა? ისე რატომ დაგვკარი, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებით? მშვიდობას ველოდით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება.

20 . ვიცი, უფალო, ჩვენი ბოროტება, ჩვენი მამების ურჯულოება, რადგან შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.

21 . ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისთვის, ნუ შეარცხვენ შენი დიდების ტახტს, გაიხსენე და ნუ გააუქმებ ჩვენთან დადებულ აღთქმას.

22 . განა არის ხალხთა კერპების შორის წვიმის მომყვანი? განა ცა თავისით იძლევა თავსხმას? განა ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? ამიტომ ვართ შენზე დაიმედებულნი, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.