1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ახლა იხილავ, რას ვუზამ ფარაონს, რადგან აიძულებს ჩემი მაგარი ხელი გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გააძევოს თავისი ქვეყნიდან”.
2 . ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
3 . მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
4 . აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.
5 . და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6 . ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.
7 . მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი - თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
8 . და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.
9 . ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
10 . და კვლავ ელაპარაკა უფალი მოსეს:
11 . "შედი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან”.
12 . მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: "აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე - ბაგემძიმეს?”
13 . და ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს, და მისცა მათ ბრძანება ისრაელის შვილებისა და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გამოეყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის შვილები.
14 . ესენი არიან მთავრები თავ-თავისი მამების სახლეულისა: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი: ესაა რეუბენის სახლი.
15 . სიმონის ძენი: იემუელი და იამინი, ოჰადი და იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის სახლი.
16 . აჰა ლევის ძეთა სახელები თავ-თავისი გვარტომობით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იყო ლევის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
17 . ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავისი სახლეულით.
18 . კეჰათის ძენი: ყამრამი და იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იყო კეჰათის ცხოვრების წლები ას ოცდაცამეტი.
19 . მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის სახლეული თავ-თავისი გვარტომობით.
20 . და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
21 . იცჰარის ძენი: კორახი, ნეფეგი და ზიქრი.
22 . ყუზიელის ძენი: მიშაელი, ელცაფანი და სითრი.
23 . და მოიყვანა აჰარონმა ცოლად ელიშებაყი, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის და; და შვა ქალმა მისთვის ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
24 . კორახის ძენი: ასირი, ელკანა და აბიასაფი: ესენი არიან კორახის სახლეული.
25 . ელეაზარმა, აჰარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ასულთაგანი შეირთო; შვა ქალმა მისთვის ფინხასი. ესენია ლევის ტომთა მამამთავრები თავ-თავისი სახლეულებით.
26 . ეს ის აჰარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: "გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან თავ-თავისი რაზმების მიხედვით”.
27 . ისინი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ეგვიპტიდან ისრაელის ძეთა გამოსაყვანად. ესენი იყვნენ მოსე და აჰარონი.
28 . ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29 . უთხრა უფალმა მოსეს: "მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები”.
30 . და თქვა მოსემ უფლის წინაშე: "ბაგემძიმე ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?”
1 . დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2 . უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3 . და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4 . აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5 . ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6 . ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
7 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი ძირს, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8 . მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
10 . ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
11 . შეევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: "რად უნდა აინთოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც დიადი ძალითა და მაგარი ხელით გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან?
12 . რად უნდა ილაპარაკონ ეგვიპტელებმა: ბოროტი განზრახვით გაიყვანაო ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირიდან აღსაგველად? დაიცხრე მგზნებარე რისხვა და გადაიფიქრე შენი ხალხის დაღუპვა.
13 . გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
14 . გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.
15 . პირი იბრუნა მოსემ და ჩავიდა მთიდან; ორივე მხრიდან ნაწერი, მოწმობის ორი ქვის დაფა ეჭირა ხელში; აქეთაც და იქითაც წარწერები ჰქონდა.
16 . ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი.
17 . მოესმა იეშუას ხალხის მშფოთვარე ხმა და უთხრა მოსეს: "ბრძოლის ხმაა ბანაკში”.
18 . უთხრა მოსემ: "არც გამარჯვების ყიჟინაა ეს და არც დამარცხების გოდების ხმა: ლხინის ხმა მესმის მე”.
19 . ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.
20 . აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.
21 . უთხრა მოსემ აჰარონს: "რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?”
22 . უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23 . მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24 . ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”
25 . იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.
26 . დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: "ვინც უფლისაა - ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 . უთხრა მათ: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი”.
28 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძენი: სამი ათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ხალხიდან;
29 . უთხრა მათ მოსემ: "მიუძღვენით დღეს თავები უფალს, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი, რათა კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე”.
30 . უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: "დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”.
31 . დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
32 . ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34 . ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითაც გითხარი; აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ; მონახულების დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.
35 . და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.
1 . "არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
2 . ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით იყავით ჩემი საწმიდრის წინაშე, მე ვარ უფალი.
3 . თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ,
4 . მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე - თავის ნაყოფს.
5 . რთვლამდე გაგიგრძელდებათ ლეწვა, რთველი კი - თესვამდე; ძღომამდე შეჭამთ თქვენს პურს და მშვიდად იცხოვრებთ თქვენს ქვეყანაში.
6 . მშვიდობას მოგცემთ ქვეყნად და უშფოთველად დაწვებით; მტაცებელ მხეცებს მოგაშორებთ მიწიდან და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში.
7 . დაედევნებით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით.
8 . ხუთი თქვენიანი ასს განდევნის, ასი კი - ათი ათასს და მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
9 . მოვიხედავ თქვენკენ, მოგაშენებთ, გაგამრავლებთ და განვამტკიცებ თქვენთან ჩემს აღთქმას.
10 . შარშანდელს, ძველს შეჭამთ და გადაყრით ძველს ახლისთვის.
11 . ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული.
12 . ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
13 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად; დავგლიჯე თქვენი უღლის აპეურები და წელგამართულნი წამოგიყვანეთ.
14 . მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებას,
15 . უკუაგდებთ ჩემს წესებს და მოიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ აღასრულოთ ყოველი ჩემი მცნება და დაარღვიოთ ჩემი აღთქმა.
16 . მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.
17 . სახეს მოვაქცევ თქვენს წინააღმდეგ, განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე და თქვენი მოძულენი იბატონებენ თქვენზე; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
18 . თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდჯერ გაგიზრდით სასჯელს თქვენი ცოდვების გამო.
19 . გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად - მიწას.
20 . ფუჭად დაილევა თქვენი ძალა, არ გამოიღებს მოსავალს თქვენი მიწა და არ მოისხამს ხე ნაყოფს.
21 . და თუ მაინც ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ და არ ისურვებთ ჩემთვის ყურის დაგდებას, შვიდმაგად გაგიმრავლებთ ცემას თქვენი ცოდვების გამო.
22 . მოგისევთ ველის მხეცებს და ამოგიწყვეტენ შვილებს, მოგისპობენ საქონელს, შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.
23 . თუ ესეც არ შემოგაბრუნებთ ჩემსკენ და შემეწინააღმდეგებით,
24 . მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგლახვრავთ თქვენი ცოდვებისთვის.
25 . მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
26 . შეგიმუსრავთ პურის მარაგებს, ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში და წონით მოგცემენ თქვენს პურს; შეჭამთ და ვერ გაძღებით.
27 . თუ არც ამის შემდეგ მომისმენთ და ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ,
28 . მეც წამოვალ მძვინვარედ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
29 . შეჭამთ თქვენი ძეებისა და ასულების ხორცს.
30 . გაგინადგურებთ მაღლობებს, აგიჩეხავთ მზის სვეტებს, თქვენს მძორებს კერპების ნანგრევებზე დავყრი და შეგიძულებთ ჩემი სული.
31 . გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს, ავაოხრებ თქვენს საწმიდრებს და არ ვიყნოსავ თქვენს კეთილსურნელებას.
32 . ავაოხრებ თქვენს ქვეყანას და განცვიფრდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები.
33 . გაგფანტავთ ხალხთა შორის და კვალდაკვალ დაგადევნებთ მახვილს; გაუდაბურდება თქვენი ქვეყანა და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები.
34 . აინაზღაურებს მიწა თავის შაბათებს მისი უკაცრიელების დღეებში, როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით; მაშინ დაისვენებს იგი და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით.
35 . მთელი მისი უკაცრიელობის განმავლობაში დაისვენებს მიწა, თითოეული შაბათისთვის, რამდენიც არ დაუსვენია, როცა მასზე მკვიდრობდით.
36 . თქვენგან ცოცხლად გადარჩენილებს, სილაჩრეს ჩავუდებ გულში მათი მტრების ქვეყანაში; დაფრთხებიან შერხეული ფოთლის შრიალზე, გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბოდნენ და დაეცემიან, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი.
37 . ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისგან გაქცეულნი, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი; და არ გექნებათ ძალა მტრების წინააღმდეგ დასადგომად.
38 . დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენი მტრების მიწა.
39 . გადარჩენილნი ჩამოხმებით მტრების ქვეყანაში თქვენი ცოდვების გამო და თქვენი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებით.
40 . და თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და თავისი მამების ბრალს, თავიანთი ორგულობით რომ მიმუხთლეს და ჩემს წინააღმდეგ წამოვიდნენ,
41 . ამიტომ მეც წავედი მათ წინააღმდეგ და მივიყვანე მათი ტყვეობის ქვეყანაში; თუ დამდაბლდება მათი წინადაუცვეთელი გული და აღიარებენ თავის დანაშაულს;
42 . მაშინ გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, ჩემს აღთქმას ისაკთან, ჩემს აღთქმას აბრაჰამთან და მიწასაც გავიხსენებ.
43 . მიწაც მიტოვებული იქნება მათ მიერ და დატკბება თავისი შაბათებით მათგან დაცარიელებული და იგემებენ სასჯელს თავისი ცოდვების გამო, რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და მოიძულა ჩემი წესები მათმა გულმა.
44 . და მაინც, ტყვეობის ქვეყანაში მათი ყოფნისას, არ უკუვაგდებ მათ და ისე არ მოვიძულებ, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან; რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45 . და გავიხსენებ აღთქმას მათ მამებთან, რომლებიც ხალხების თვალწინ გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვყოფილიყავი მათი ღმერთი. მე ვარ უფალი”.
46 . ეს არის წესები, სამართალი და რჯული, რომელიც მოსეს მეშვეობით დაადგინა უფალმა სინაის მთაზე, საკუთარ თავსა და ისრაელიანთა შორის.
1 . "ისმინე, ისრაელ! დღეს გადალახავ იორდანეს, რომ წახვიდე და დაიმკვიდრო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, დიდი, ზეცამდე გამაგრებული ქალაქები.
2 . ხალხი დიდი და მაღალი, ყენაკის ძენი, რომელიც იცი და რომელზეც ამბობენ: ვინ აღუდგებაო წინ ყენაკის ძეებს!
3 . იცოდე დღეს, რომ უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, როგორც მშთანმთქმელი ცეცხლი; ის გაანადგურებს და დაამხობს მათ შენს წინაშე, განდევნი მათ და მალე დაღუპავ, როგორც გითხრა უფალმა;
4 . და როცა განდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი, ნუ იტყვი გულში: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანაო უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად! რადგან ამ ხალხთა ბოროტების გამო დევნის მათ უფალი შენგან.
5 . შენი სიმართლისა და გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად; არამედ მათი სიბოროტის გამო დევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს, შენგან, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
6 . იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ ბარაქიან ქვეყანას დასამკვიდრებლად, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ.
7 . გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ, როგორ ანრისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, მუდამ უჯანყდებოდი უფალს.
8 . ხორებშიც განარისხეთ უფალი და განადგურება დაგიპირათ თქვენზე გამწყრალმა.
9 . როცა მთაზე ავედი, ქვის დაფების ჩამოსატანად, აღთქმის დაფების, რომელიც აღგითქვათ უფალმა, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი მთაზე, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია;
10 . და მომცა უფალმა ღვთის თითით დაწერილი ქვის ორი დაფა, ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც შუაგულ ცეცხლიდან წარმოთქვა მთაზე უფალმა, შეკრების დღეს;
11 . ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის დასასრულს მომცა უფალმა ორი ქვის დაფა.
12 . მითხრა უფალმა: "ადექი, სასწრაფოდ ჩადი აქედან, რადგან გაიხრწნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან; მალევე გადაუხვიეს ჩემ მიერ ნაბრძანებ გზას: კერპი ჩამოისხეს”.
13 . კიდევ მითხრა უფალმა: "ვნახე, რომ ქედმაგარი ყოფილა ეს ხალხი.
14 . დამანებე, გავანადგურებ და წავშლი მათ სახელს ცისქვეშეთიდან, შენ კი მათზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად გაქცევ”.
15 . პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, მთას კი ცეცხლი ეკიდა, ორივე ხელით მეჭირა აღთქმის ორი ქვის დაფა.
16 . ვიხილე: აჰა, შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ჩამოსხმული ხბო გაიკეთეთ, მალევე გადაუხვიეთ უფლის მიერ ნაბრძანებ გზას.
17 . მოვკიდე ხელი ორივე დაფას, გავაგდე ხელებიდან და დავამსხვრიე თქვენს თვალწინ.
18 . დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს თქვენი ცოდვების გამო, რომლებითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით მის თვალში და აჯავრებდით.
19 . რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომლითაც განრისხდა უფალი თქვენზე, რათა გაენადგურებინეთ. ამჯერადაც ისმინა უფალმა ჩემი.
20 . ძლიერ განრისხდა აჰარონზე უფალი, განადგურებას უპირებდა; აჰარონისთვისაც ვილოცე მაშინ.
21 . თქვენი ცოდვა კი, თქვენს მიერ ჩამოსხმული ხბო, ავიღე და ცეცხლში დავწვი, დავნაყე, მტვრად ვაქციე და მთიდან ჩამოდენილ ღელეში ჩავყარე.
22 . ანრისხებდით უფალს თაბყერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში.
23 . როცა გაგგზავნათ უფალმა კადეშ-ბარნეაყიდან სიტყვებით: წადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მოგეცითო, წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას, არ ერწმუნეთ და არ შეისმინეთ მისი ხმა.
24 . მეამბოხენი ხართ უფლის მიმართ იმ დღიდან, რაც გიცნობთ.
25 . დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან თქვა უფალმა, "გავანადგურებ ამ ხალხს”.
26 . ვილოცე უფლისადმი და ვთქვი: "უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი სიდიადით და ძლიერი ხელით გამოიყვანე ეგვიპტიდან.
27 . გაიხსენე შენი მსახურები - აბრაჰამი, ისაკი და იაკობი. ნუ შეხედავ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის უკეთურებასა და ცოდვას,
28 . რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეძლო უფალმა მათი შეყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც აღუთქვა მათ, მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, უდაბნოში რომ დაეხოცაო!
29 . შენი ხალხი და სამკვიდროა იგი, რომელიც შენი დიადი ძალითა და შემართული მკლავით გამოიყვანე”.
1 . "ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 . წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 . რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 . სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 . გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 . ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 . გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 . როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 . რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 . უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 . როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 . მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 . წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 . ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 . გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 . აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 . ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 . შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 . იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 . თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 . მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 . რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 . უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 . მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 . გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 . ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 . რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 . რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 . ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 . როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 . რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 . ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 . გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 . განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 . ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 . რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 . და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 . ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 . ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 . ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 . თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 . სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 . მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 . და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 . და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 . უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 . რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 . იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 . და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 . რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 . შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ,როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
2 . მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
3 . რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
4 . შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
5 . აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
6 . აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
7 . მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
8 . მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
9 . სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
10 . სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
11 . ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
12 . დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
13 . ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
14 . მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
15 . უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
16 . რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
17 . შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
18 . კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
19 . მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
1 . მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
2 . გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
3 . წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
4 . შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5 . ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6 . და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
7 . ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8 . თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9 . ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
10 . ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11 . რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
12 . ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
13 . შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
14 . შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15 . შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
16 . შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17 . შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18 . გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19 . მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20 . მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
21 . ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
22 . ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
1 . მოძღვრება ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
2 . რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი.
3 . დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
4 . უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა.
5 . განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.
6 . რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
7 . ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
8 . უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა.
9 . შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
10 . შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
11 . შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
12 . ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
13 . შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
14 . სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
15 . ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
16 . შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
17 . რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
18 . რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
19 . მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან.
20 . ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
21 . რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.
22 . ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას.
23 . მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
24 . ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.
25 . ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
26 . ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
27 . მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
28 . უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
29 . და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი.
30 . თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
31 . თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
32 . კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
33 . მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.
34 . არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
35 . ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს?
36 . მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ.
37 . მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
38 . მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე.
39 . უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი.
40 . მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი.
41 . გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
42 . მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
43 . თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
44 . გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
45 . შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
46 . როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
47 . გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
48 . ვის არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი, გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა.
49 . სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?
50 . გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.
51 . როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
52 . კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
1 . ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
2 . ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
3 . ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
4 . გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
5 . რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6 . შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7 . ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8 . მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9 . და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10 . და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11 . წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12 . და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
13 . აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14 . და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15 . და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16 . და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
17 . გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18 . და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19 . გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20 . და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21 . დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
22 . საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23 . დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
24 . მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
25 . დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26 . მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27 . და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
28 . დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
29 . განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
30 . წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
31 . ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32 . გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33 . რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34 . არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35 . აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36 . ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
37 . შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
38 . დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39 . შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40 . მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41 . და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
42 . ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43 . მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44 . იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45 . გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46 . აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
47 . გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
48 . კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
1 . ოჰ, ცანი რომ გაგერღვია და ჩამოსულიყავი, შეირყეოდნენ მთები შენ წინაშე,
2 . როგორც ცეცხლი წვავს ფიჩხს და ადუღებს წყალს, რათა აუწყო შენს მტრებს შენი სახელი და შენი სახის წინაშე ათრთოლდნენ ერები.
3 . როცა ახდენდი საოცრებებს, რომელთაც არ ველოდით, ჩამოდიოდი და მთები ირყეოდნენ შენ წინაშე.
4 . არ სმენიათ ძველთაგან, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უნახავს ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს მასზე დაიმედებულთ.
5 . შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით იქმს სიმართლეს და ახსოვხარ შენი გზების მეშვეობით. აჰა, მრისხანებდი, რადგან გამუდმებით ვცოდავდით, როგორღა გადავრჩებით?
6 . უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა.
7 . არავინაა შენს სახელს რომ მოუხმობდეს, თავს რომ იფხიზლებდეს, რათა მოგეჭიდოს, რადგან სახე დაგვიმალე და ჩვენსავე უმართლობას გადაგვეცი.
8 . ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.
9 . მეტისმეტად ნუ განრისხდები, უფალო, სამუდამოდ ნუ დაიხსომებ ჩვენს დანაშაულს. აჰა, შეხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი.
10 . შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა, გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი.
11 . ჩვენი წმიდა და დიდებული სახლი, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლით დაიწვა და ჩვენი სანატრელი ადგილები ნანგრევებად იქცა.
12 . მაინც შეყოვნდები, უფალო? ნუთუ მდუმარედ დარჩები და გაგვტანჯავ მეტისმეტად?
1 . უფლის სიტყვა იერემიასადმი გვალვის შესახებ:
2 . "გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი კარიბჭენი; მიწაზე დაჯდა ხალხი, გლოვობენ; ცას ასწვდა იერუსალიმის კივილი.
3 . დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ მსახურებს; მიდიან ჭებთან, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ, ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან; შერცხვნენ, სირცხვილისგან თავს იბურავენ.
4 . მიწა დასკდა, რადგან არ უწვიმია ქვეყანაზე, შერცხვნენ მიწათმოქმედნი, თავი დაიბურეს.
5 . ფურ-ირემმაც კი მიატოვა ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან აღარ არის ბალახი.
6 . კანჯრები დამდგარან ხრიოკ სიმაღლეებზე და ტურებივით ჰაერს ყლაპავენ; თვალები ებინდებათ, რადგან აღარ არის ბალახი.
7 . ჩვენი უმართლოებანი მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, უფალო, მაგრამ იქნებ მაინც მოიღო წყალობა შენი სახელის გულისთვის; გამრავლდა ჩვენი განდგომილება, შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.
8 . ოჰ, ისრაელის იმედო, მხსნელო, უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში, ღამის გასათევად გაჩერებული მგზავრივით?
9 . რატომ ხარ, როგორც გაოგნებული კაცი, იმ მეომარივით, რომელსაც ხსნა არ შეუძლია? შენ ხომ ჩვენ შორის ხარ, უფალო? ხომ შენი სახელით ვიწოდებით? ნუ მიგვატოვებ!”
10 . ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: "რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.
11 . და მითხრა უფალმა: "ნუ ილოცებ ამ ხალხის კეთილდღეობისთვის;
12 . იმარხულებენ, მაგრამ არ შევისმენ მათ ვედრებას; სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს აღმივლენენ, მაგრამ არ მივიღებ; მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოვუღებ მათ ბოლოს”.
13 . ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: მახვილს არ იხილავთ და შიმშილი არ მოგსრავთ, მტკიცე მშვიდობას მოგცემთო ამ ადგილზე”.
14 . და მითხრა უფალმა: "სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი, არ მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკია მათთან; ცრუ ხილვებს, მისნობას, ამაოებასა და თავიანთი გონებით შეთხზულ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ”.
15 . ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: "ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი მოისპობიან მახვილითა და შიმშილით!
16 . და ის ხალხიც, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, შიმშილისა და მახვილის ძალით დაიყრება იერუსალიმის ქუჩებში. არავინ იქნება მათი ცოლების, მათი ძეებისა და ასულების დამმარხველი; გადმოვღვრი მათზე მათივე ბოროტებას.
17 . ამიტომ უთხარი მათ ეს სიტყვა: ცრემლები ღვარეთ, ჩემო თვალებო, დღისით და ღამით, შეუწყვეტლივ! დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ქალწულს, ჩემი ხალხის ასულს, სასიკვდილო ჭრილობა სჭირს.
18 . ველზე გამოვალ და, აჰა - მახვილით განგმირულნი; ქალაქში შევალ და, აჰა - შიმშილით დასნეულებულნი; წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში და არ იციან რას აკეთებენ”.
19 . სამუდამოდ უარყავი იუდა? სიონი შეიზიზღა შენმა სულმა? ისე რატომ დაგვკარი, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებით? მშვიდობას ველოდით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება.
20 . ვიცი, უფალო, ჩვენი ბოროტება, ჩვენი მამების ურჯულოება, რადგან შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.
21 . ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისთვის, ნუ შეარცხვენ შენი დიდების ტახტს, გაიხსენე და ნუ გააუქმებ ჩვენთან დადებულ აღთქმას.
22 . განა არის ხალხთა კერპების შორის წვიმის მომყვანი? განა ცა თავისით იძლევა თავსხმას? განა ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? ამიტომ ვართ შენზე დაიმედებულნი, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.
1 . როგორ ეულად დამჯდარა ერთ დროს ხალხმრავალი ქალაქი, ქვრივივით გამხდარა ერთ დროს უდიდესი ხალხთა შორის, ოლქთა დედოფალი, დღეს სხვას უნდა ემსახუროს.
2 . მწარედ ტირის ღამღამობით, ცრემლი სდის ღაწვებზე, აღარ ჰყავს ნუგეშისმცემელი მოყვარეთა შორის. ყველა მეგობარმა უღალატა, მტრად გადაეკიდნენ.
3 . გადაიხვეწა იუდა, ჩაგრული და დიდად დაჯაფული, უცხო ხალხებში დასახლდა, ვერ ჰპოვა სიმშვიდე. მდევრები მისწვდნენ გასაჭირში.
4 . გლოვობენ სიონის გზები, რადგან აღარავინ მიდის დადგენილ დღესასწაულებზე, გაუკაცრიელდა მისი ყველა ჭიშკარი, ოხრავენ მღვდლები, ნაღვლობენ მისი ქალწულნი, თავადაც გამწარებულია სიონი.
5 . მისი მეტოქენი გაბატონდნენ, ზეიმობენ მისი მტრები, რადგან უფალმა დაამწუხრა იგი მრავალი დანაშაულის გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები.
6 . გაშორდა სიონის ასულს მთელი ბრწყინვალება. მისი მთავრები იმ ირმებს დამსგავსებიან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ და ღონემიხდილნი გაურბიან მდევარს.
7 . ტანჯვისა და უსახლკარობის დღეებში გაიხსენა იერუსალიმმა ყველაფერი ძვირფასი, ადრეულ დღეებში რომ ჰქონდა. როცა ეცემოდა მისი ხალხი მტრის ხელით და არ ჰყავდა მშველელი. მისი მტრები უყურებდნენ და დასცინოდნენ მის ნგრევას.
8 . დიდად შესცოდა იერუსალიმმა, ამის გამო იქცა უწმიდურად, ყოველმა მისმა პატივისმცემელმა შეიძულა იგი, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავადაც ოხრავს და სირცხვილით პირს არიდებს მათ.
9 . მისი სიბილწე მის კალთაზეა, არ დაუფიქრდა თავის მომავალს და საარაკოდ დაეცა, ნუგეშისმცემელი აღარ დარჩა. დაინახე, უფალო, ჩემი ტანჯვა, რადგან გამედიდურდა მტერი.
10 . მის ყველა საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან დაინახა, რომ მის საწმიდარში შედიან ხალხები, რომლებზეც ბრძანე, რომ არ შესულიყვნენ შენს საკრებულოში.
11 . მთელი მისი ხალხი ოხრავს პურის ძებნაში, საჭმელში იძლევიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან! თვალი მომაპყარ, უფალო, და დაინახე, როგორ მომიძულეს!
12 . არაფერია ეს თქვენთვის, გზაზე ჩამვლელნო? შეხედეთ და დაინახეთ, თუ არსებობს სატკივარი მსგავსი ჩემი სატკივრისა, მე რომ მეწია უფლის ნებით მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
13 . მაღლიდან ცეცხლი დაუშვა ჩემს ძვლებში და მძლია: ბადე გამიშალა ფერხთა წინ და უკან მომაბრუნა, ბეჩავ ქალად მაქცია, ავად ვარ ყოველდღე.
14 . ჩემი დანაშაულის უღელი შეკრულია, მისი ხელით დაიწნა, კისერზე დამადო და ძალა წამართვა; მათ ხელთ გადამცა უფალმა, ვის წინაშეც არ ძალმიძს წამოდგომა.
15 . გათელა უფალმა ჩვენ შორის ყველა ძლიერი, ურდო შემომისია ჩემი ჭაბუკების შესამუსრად; როგორც საწნახელში, ისე წნეხდა უფალი ქალწულს, იუდას ასულს.
16 . ამაზე ვტირი, თვალები ცრემლად დამეღვარა, რადგან შორს არის ჩემგან ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის გამაცოცხლებელი. მიტოვებულნი არიან ჩემი ძენი, რადგან იმძლავრა მტერმა.
17 . გაიწვდინა სიონმა ხელები - არავინაა მისი ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ იაკობს მტრები; უწმიდურებად იქცა იერუსალიმი მათ შორის.
18 . მართალია უფალი, რადგან ვეურჩე მის ნაბრძანებს! ახლა ისმინეთ, ხალხებო, დაინახეთ ჩემი სატკივარი: ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი ტყვედ გაირეკეს.
19 . მოვუხმე ჩემს მოყვარულთ, მათ კი მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები ქალაქში დაიხოცნენ, პურის ძებნაში, სული რომ მოებრუნებინათ.
20 . მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს; სული შემიწუხდა და გული გადამიბრუნდა, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ: გარეთ მახვილმა ამომიხოცა შვილები, და სახლშიც სიკვდილია.
21 . გაიგონეს, რომ ვკვნესი და არავინაა ჩემი ნუგეშისმცემელი; ჩემმა მტრებმა გაიგეს ჩემი უბედურება და გაიხარეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს. ოჰ, ნეტავ მოაწევდე დღეს, რომელიც გამოცხადებული გაქვს, და ისინიც ჩემსავით გახდებოდნენ.
22 . დაე, მოაწიოს მათმა ბოროტებამ შენს წინაშე, რომ ისე მოექცე მათ, როგორც მე მომექეცი ჩემი დანაშაულის გამო, რადგან გამიმრავლდა კვნესა და გული შემიღონდა.
1 . როგორ მოქუფრა უფალმა თავისი რისხვით სიონის ასული. ზეციდან მიწაზე დაამხო მშვენება ისრაელისა, არ გაიხსენა თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.
2 . შეუბრალებლად შემუსრა უფალმა იაკობის ყველა სამკვიდრებელი, რისხვით დააქცია იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა, შებღალა სამეფო და მისი მთავარნი.
3 . შემუსრა თავისი მგზნებარე რისხვით ყოველი რქა ისრაელისა, უკან გააბრუნა მტრისგან თავისი მარჯვენა და ყოვლისმშთანმთქმელი, აგიზგიზებული ცეცხლით შთანთქა იაკობი.
4 . მტერივით მოზიდა მშვილდი, შემაჭირვებელივით აღმართა მარჯვენა და თვალთათვის სანუკვართაგან ყველა გაჟლიტა; ცეცხლივით გადმოღვარა თავისი გულისწყრომა სიონის ასულის კარავში.
5 . მტრად მოეკიდა უფალი, დასცა ისრაელი და მისი ყველა სასახლე, დააქცია მისი ციხე-სიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი.
6 . ბაღივით ჩადგმული ქოხივით დაანგრია თავისი კარავი, ააოხრა თავისი შესაკრებელი, დაავიწყა უფალმა სიონს დღესასწაული და შაბათი; მოიძულა თავისი წყრომის მრისხანებით მეფე და მღვდელი.
7 . მიატოვა უფალმა თავისი სამსხვერპლო და მოიძულა საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელთ მისი სასახლეების გალავნები; ხმა გამოსცეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს.
8 . განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, საბელი გააბა, ხელი არ აიღო მოსპობაზე; რისხვით დასცა მიწაყრილი და გალავანი, ერთად შემუსრა ისინი.
9 . მიწაში ჩაეფლო მისი კარიბჭე, აოხრდა და დაიმსხვრა მისი ურდულები; გაიფანტნენ მეფე და მთავარნი უცხო ხალხებში; აღარც რჯულია და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ღებულობენ ხილვებს უფლისგან.
10 . მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის მოხუცნი, მტვერი წაიყარეს თავებზე, ძაძებით შეიმოსნენ; მიწისკენ ჩაქინდრეს თავები იერუსალიმის ქალწულებმა.
11 . ცრემლებით დამებინდა თვალები, სული მიდუღს და მიწაზე იღვრება ჩემი გული ჩემი ხალხის ასულის დაღუპვის გამო; ბავშვებსა და ჩვილებს შიმშილით გული მისდით ქალაქის მოედნებზე.
12 . შესტირიან თავიანთ დედებს "სად არის პური და ღვინო?” როცა მძიმედ დაჭრილებივით კვნესიან ქალაქის მოედნებზე და სულს ღაფავენ დედების მკერდზე.
13 . რა გითხრა, ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი უბედურება; ვინ განგკურნავს?
14 . ამაო, ტყუილ ხილვებს ხედავდნენ შენი წინასწარმეტყველნი, არ გიმხელდნენ შენს ურჯულოებას, რომ აგცდენოდა ტყვეობა; ყალბ და მაცდუნებელ ხილვებს გიცხადებდნენ.
15 . ტაშს შემოკრავს შენზე ყოველი გზაზე გამვლელი, უსტვენს და თავს აქნევს იერუსალიმის ასულზე: "ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ, სრულყოფილი სილამაზე და მთელი ქვეყნის სიხარულიაო?”
16 . ყველა შენმა მტერმა დააღო შენზე პირი, უსტვენს, კბილებს აკრაჭუნებს, გაიძახის: "გადავყლაპეთ! ეს არის ის დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარით და ვიხილეთ!”
17 . შეასრულა უფალმა, რაც განიზრახა; აასრულა თავისი ნათქვამი, რაც პირველივე დღეებში ბრძანა; დაამხო და არ შეიბრალა, მტერი გაახარა შენზე, შემაჭირვებელთა რქა მოამაღლა.
18 . მათი გული უფალს შესტირის: სიონის ასულის ზღუდევ, მდინარესავით ადინე ცრემლი დღედაღამე, ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას, ნუ შეშრება შენი თვალები.
19 . ადექი, შეჰღაღადე ღამით, საგუშაგოს დასაწყისში, წყალივით გადმოღვარე გული უფლის წინაშე. მისკენ აღმართე ხელები შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილისგან გულწასულები რომ ყრიან ყოველი ქუჩის დასაწყისში.
20 . შეხედე, უფალო, და იხილე, ასე ვის მოქცევიხარ! განა ყოფილა, რომ ქალები თავიანთი მუცლის ნაყოფს ჭამდნენ, ჩვილებს - მათ მიერ გამოზრდილთ?! განა მომხდარა, რომ უფლის საწმიდარში კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს?!
21 . ქუჩებში განრთხმულან ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულნი და ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად ამოჟლიტე.
22 . როგორც დღესასწაულის დღეს ისე მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს დამაფრთხობელთ; ვერავინ გაუძლო, ვერავინ გადაურჩა უფლის რისხვის დღეს. ის, ვინც სიყვარულით გამოვზარდე და გავამრავლე, მტერმა გაანადგურა.
1 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემ მიმართ:
2 . "შენ, ძეო კაცისავ, ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, დასასრული! დასასრული მოადგა ქვეყნის ოთხივე კიდეს.
3 . ახლა დასასრულია შენზე; ჩემს რისხვას დავუშვებ შენს წინააღმდეგ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელ შენს სისაძაგლეებს გაზღვევინებ.
4 . არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, აუცილებლად დაგსჯი შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!
5 . "ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, აჰა, გაუგონარი უბედურება მოდის.
6 . დასასრული დგება; დადგა დასასრული! შენს წინააღმდეგ გამოიღვიძა, აჰა, დადგა!
7 . დადგა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მცხოვრებო! მოვიდა ჟამი, მოახლოვდა დღე, დღე შფოთისა და არა მთებზე მხიარული შეძახილებისა.
8 . მალე გადმოვღვრი ჩემს რისხვას შენზე და დავასრულებ ჩემს რისხვას შენ მიმართ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელი შენი სისაძაგლეებისთვის გაზღვევინებ.
9 . არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!
10 . გაფრთხილდით, დადგა სასჯელის დღე! კვერთხმა კვირტები გამოიღო, აყვავდა ამპარტავნება.
11 . ძალადობა ბოროტების კვერთხად აღიმართა და აღარ იქნებიან ისინი, არც მათი ხალხი, არც მათი ქონება; აღარ იქნება არაფერი გამორჩეული მათში.
12 . დადგა ჟამი, მოაწია დღემ. ნუ გაიხარებს მყიდველი, ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელი მათი სიმრავლის წინააღმდეგ.
13 . გამყიდველი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ დაიბრუნებს გაყიდულს, რადგან ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება; თავისი ურჯულოებით სიცოცხლეს ვერავინ შეინარჩუნებს.
14 . საყვირს ჩაჰბერავენ და გაემზადებიან, მაგრამ ვერავინ გავა საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე.
15 . გარეთ მახვილია, შინ - შავი ჭირი და შიმშილი. მინდორში მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და შავი ჭირი შთანთქავს.
16 . გადარჩენილებიც კი მთებში მყოფი ხეობის მტრედებივით იქნებიან - ყველა თავის ურჯულოების გამო იგლოვებს.
17 . ყველა ხელი მოდუნდება და ყველა მუხლი გაწყალდება.
18 . ძაძას შემოირტყამენ და შიშის ზარი დაეცემათ უცაბედად; სირცხვილი იქნება ყველას სახეზე და სიქაჩლე - ყველას თავზე.
19 . თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო საზიზღრობად ექცევათ; ვერცხლი და ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
20 . მისი მშვენიერი მორთულობით ამაყობდნენ და საძაგელი და ბილწი კერპები გაიკეთეს, ამიტომ სისაძაგლედ გავხდი მას მათთვის.
21 . უცხოთა ხელს გადავცემ მას გასაძარცვად და ქვეყნის ბოროტმოქმედთ - ნადავლად, ისინი შებილწავენ მას.
22 . სახეს მივაბრუნებ მათგან, შებღალავენ ჩემს წმიდა ადგილს, მძარცველები შევლენ მასში და შებილწავენ მას.
23 . ჯაჭვი გააკეთე, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი - ძალადობით.
24 . უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.
25 . როცა ტანჯვა მოვა, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
26 . უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
27 . იგლოვებს მეფე, მთავარი შიშით შეიმოსება და ქვეყნის ხალხს ხელები აუკანკალდებათ. მათი გზების მიხედვით მოვექცევი მათ და მათი სამართლის მიხედვით გავასამართლებ; გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”
1 . დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა,
2 . მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
3 . პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.
4 . ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
5 . აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
6 . ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
7 . სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.
8 . უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ.
9 . უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
10 . ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
11 . დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
12 . დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა.
13 . როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.
14 . ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
15 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
16 . უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
17 . ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18 . ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
19 . უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
20 . ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,
21 . ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
22 . შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
23 . შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.
24 . სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
25 . ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
26 . სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
27 . იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . ამ ნათქვამიდან კი ესაა მთავარი: გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.
2 . ის არის მსახური წმიდაიში და ჭეშმარიტი კარვისა, უფალმა რომ ააშენა და არა ადამიანმა.
3 . ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირად; ამიტომ საჭიროა თავისთვისაც ჰქონდეს რაიმე, რომ შესწიროს.
4 . ხოლო, თუ ქვეყანაზე დარჩებოდა, აღარ იქნებოდა მღვდელი, ვინაიდან აქ არიან მღვდლები, რომლებიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს;
5 . რომლებიც ემსახურებიან ზეციურ ანარეკლსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. აკი ეუბნება: "იხილე და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა”.
6 . ახლა კი უპირატესი მსახურება მიიღო, რამდენადაც იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია, უკეთეს დაპირებებზე რომ არის დადგენილი.
7 . ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოიძიებდნენ.
8 . ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: "აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი - და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
9 . ისეთ აღთქმას კი არა, როგორიც მათ მამებს დავუდე, იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა; ვინაიდან არ დარჩენილან ჩემს აღთქმაში და მეც უგულებელვყავი ისინი - ამბობს უფალი.
10 . აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ - ამბობს უფალი - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და იქნებიან ჩემს ერად.
11 . აღარ ასწავლის თითოეული თავის მოძმეს და არ ეტყვის თითოეული თავის ძმას: შეიცან უფალი, რადგან ყველა მათგანი, დიდიან-პატარიანად, შემიცნობს მე,
12 . ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.
13 . რაკი თქვა "ახალიო”, ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან.
1 . ხმამაღლა მოსთქვამდა მთელი თემი და იტირა ხალხმა იმ ღამეს.
2 . წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: "ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით!
3 . რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!”
4 . უთხრეს ერთმანეთს: "ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში”.
5 . და პირქვე დაემხნენ მოსე და აჰარონი ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე.
6 . და შემოიხიეს სამოსელი იეშუა ნავეს ძემ და ხალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც ქვეყნის მზვერავთაგანნი იყვნენ.
7 . უთხრეს ისრაელის მთელ თემს: "ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა.
8 . მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი.
9 . ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
10 . და თქვა მთელმა თემმა: "ქვებით ჩავქოლოთ ესენი!” მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა მგმოს ამ ხალხმა? როდემდე არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მოვახდინე მათ შორის?
12 . განვგმირავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ და შევქმნი შენგან ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს”.
13 . უთხრა მოსემ უფალს: "მოისმენენ ეგვიპტელნი, რომელთა შუაგულიდანაც გამოიყვანე ეს ხალხი შენი ძლიერებით,
14 . და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც გაიგეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორის ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები მათ, შენი ღრუბელი ადგას თავზე, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლოვან სვეტში;
15 . თუ ერთი კაცივით გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:
16 . რახან ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის იმ ქვეყანაში მიყვანა, რომელიც ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.
17 . ახლა, გთხოვ, განდიდდეს უფლის ძალა, როგორც ნათქვამი გაქვს:
18 . სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.
19 . გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე”.
20 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
21 . ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
22 . ვერცერთი იმ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი ნიშნები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვახდინე, ათჯერ რომ გამომცადეს და მაინც არ ისმინეს ჩემი ხმა,
23 . ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს; ვერცერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას.
24 . მხოლოდ ხალებს, ჩემს მსახურს, მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა; მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
25 . ყამალეკი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში წითელი ზღვის გზით”.
26 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
27 . "როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი ხალხი ჩემზე? ვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ისინი ჩემზე,
28 . უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი. როგორც ილაპარაკეთ ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29 . ამ უდაბნოში დაეყრება თქვენი გვამები, თქვენი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე.
30 . ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.
31 . და თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო, მათ შევიყვან იქ და იხილავენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ.
32 . თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაეყრება.
33 . მწყემსებივით იხეტიალებენ თქვენი ძეები უდაბნოში ორმოც წელს და დაისჯებიან თქვენი ორგულობის გამო, ვიდრე არ დაიყრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34 . იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით, რადგან ორმოცი დღე ზვერავდით - თითო დღე თითო წელიწადზე, ორმოცი წლის განმავლობაში დაისჯებით, რათა გამოსცადოთ ჩემთან დაპირისპირება.
35 . მე, უფალი, ვამბობ: ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც აღდგა ჩემს წინააღმდეგ: აქ, ამ უდაბნოში მოკვდებიან და შთაინთქმებიან”.
36 . ის კაცები კი ქვეყნის დასაზვერად რომ გაგზავნა მოსემ და დაბრუნებისას, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრით აღაშფოთეს მთელი თემი მის წინააღმდეგ,
37 . წყლულებით დაიხოცნენ უფლის წინაშე, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრის გამო.
38 . მხოლოდ იეშუა ნავეს ძე და ხალებ იეფუნეს ძე დარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომლებიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასულები.
39 . თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეთა წინაშე და ფრიად დამწუხრდა ხალხი.
40 . ადგნენ დილაადრიანად, ავიდნენ მთის მწვერვალზე და თქვეს: "მივიდეთ იმ ადგილზე, რომელზეც გვითხრა უფალმა, რადგან შევცოდეთ”.
41 . უთხრა მოსემ: "რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა.
42 . ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე.
43 . რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.
44 . მაგრამ არ შეისმინეს და ავიდნენ მთის მწვერვალზე; უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე კი არ გასულან ბანაკიდან.
45 . ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომლებიც იმ მთაზე მკვიდრობდნენ, და შემუსრეს და განდევნეს ისინი ხორმამდე.