იერემია თავი 4

1 . "თუ მობრუნდები, ისრაელ, ამბობს უფალი, ჩემკენ უნდა მობრუნდე; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ.

2 . თუ დაიფიცებ უფლის სახელს - ჭეშმარიტებაში, სამართალსა და სიმართლეში, მაშინ გახდები კურთხევად ხალხებისთვის და ღმერთში იდიდებენ ისინიც”.

3 . რადგან ასე ეუბნება უფალი იუდას კაცებსა და იერუსალიმს: "გატეხეთ ყამირი, ეკალბარდებში ნუ დათესავთ.

4 . წინადაიცვითეთ უფლისთვის და მოიცილეთ გულის ჩუჩა, იუდას კაცნო და იერუსალიმში მცხოვრებნო, რათა ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აგიზგიზდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.

5 . აუწყეთ იუდაში და გამოაცხადეთ იერუსალიმში, საყვირს ჩაბერეთ ქვეყანაში, მთელი ძალით იყვირეთ და თქვით: მოდით, შევიკრიბოთ და გამაგრებულ ქალაქებში წავიდეთ.

6 . სიონისკენ აღმართეთ ალამი. გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი ნგრევა მომაქვს ჩრდილოეთიდან.

7 . ლომი გამოვიდა თავისი ტევრიდან და დაიძრა ხალხთა მომსპობი; გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გააპარტახოს შენი ქვეყანა; აოხრდება და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები.

8 . ამის გამო ძაძით შეიმოსეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ, რადგან უფლის მგზნებარე მძვინვარება ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან.

9 . იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი, შედრკება მეფისა და მთავართა გულები, მღვდლები შეძრწუნდებიან და წინასწარმეტყველნი გაოგნდებიან”.

10 . და ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო! მართლაც შენ მოატყუე ეს ხალხი და იერუსალიმი, რომ უთხარი: მშვიდობა გექნებათო, არადა მახვილი მისწვდა მათ ყელს”.

11 . იმ დროს ეტყვიან ამ ხალხსა და იერუსალიმს: "მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხრიოკი სიმაღლეებიდან ჩემი ხალხის ასულის გზისკენ - არც გასანიავებლად და არც გასაწმენდად.

12 . ამაზე ძლიერი ქარი დაუბერავს ჩემს ბრძანებაზე. მერე მეც წარმოვთქვამ განაჩენს მათ წინააღმდეგ.

13 . აჰა, ღრუბელივით ამოვა იგი, ქარიშხალივით არიან მისი ეტლები. არწივებზე სწრაფნი არიან მისი ცხენები, ვაი ჩვენ, რადგან გავნადგურდით”.

14 . ბოროტება ამოირეცხე გულიდან, იერუსალიმო, რათა გადარჩე; როდემდე უნდა იბუდოს შენში ბოროტმა ზრახვებმა?

15 . რადგან ხმა გვწვდება დანიდან და უბედურების მაცნე - ეფრემის მთიდან.

16 . ახლავე უთხარით ხალხებს, გამოუცხადეთ იერუსალიმს: აჰა, დამპყრობელნი მოდიან შორი ქვეყნიდან და დიდი ხმით დასცემენ ყიჟინას იუდას ქალაქებს.

17 . მეველეებივით გარს უვლიან იერუსალიმს, რადგან მე ამიჯანყდა, ამბობს უფალი.

18 . შენმა გზამ და შენმა საქმეებმა დაგატეხა ეს ყველაფერი; ასეთია შენი ბოროტება, იმდენად მწარეა იგი, რომ გულამდე მოგწვდა!

19 . ვაიმე, მუცელი, ჩემი მუცელი! ვიტანჯები! გული მტკივა! ლამის ამომივარდეს! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საომარი ყიჟინა.

20 . უბედურებას უბედურება მოსდევს, გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ განადგურდა ჩემი კარვები, ერთ წამში - ჩემი ფარდაგები.

21 . როდემდე უნდა ვუყურებდე ალამს და ბუკის ხმა მესმოდეს?

22 . უგუნურია ჩემი ხალხი, არ მიცნობს; ბრიყვი შვილები არიან, გონიერება აკლიათ. ბოროტების ჩასადენად ჰყოფნით გონება, მაგრამ სიკეთის კეთება არ იციან.

23 . შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია, ცებს - და არ ჰქონდათ ნათელი.

24 . მთებს შევხედე და, აჰა, ირყევიან, ბორცვები ერთიანად ზანზარებენ.

25 . შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, ცის ყველა ფრინველიც გაფრენილა.

26 . შევხედე და, აჰა, ნაყოფიერი მხარე უდაბნოდ ქცეულა, და ყველა ქალაქი გაუკაცრიელებულა უფლის წინაშე, მისი მგზნებარე რისხვისგან.

27 . რადგან ასე ამბობს უფალი: "მთელი ქვეყანა გაუდაბურდება, მაგრამ ბოლომდე არ მოვსპობ მას.

28 . იგლოვებს ქვეყანა, მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე ვთქვი და მე განვიზრახე, აზრს არ შევიცვლი და არ გადავთქვამ.

29 . მხედართა და მშვილდოსანთა ხმაზე გარბის ყველა ქალაქი, უღრანებში შერბიან, კლდეებზე ცოცდებიან; ყველა ქალაქი მიტოვებულია, აღარავინ ცხოვრობს მათში”.

30 . შენ კი, გაპარტახებულო, რას გააკეთებ? თუმცა მეწამული ჩაგიცვამს, ოქროს მოსართავებით მორთულხარ და თვალები სურმით მოგიხატავს, ამაოდ ილამაზებ თავს. შენმა საყვარლებმა შეგიზიზღეს, შენს სულს ეძიებენ.

31 . თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: "ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!”