1 . სიტყვა, რომელიც იერემიასადმი იყო უფლისგან მას შემდეგ, რაც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა გაათავისუფლა იგი რამადან, როცა შებორკილი იპოვა დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდეველებს შორის, რომელთაც ბაბილონში ასახლებდნენ.
2 . გამოიყვანა მცველთა უფროსმა იერემია და უთხრა: "უფალმა, შენმა ღმერთმა დამართა ეს ბოროტება ამ ადგილს.
3 . უფალმა დამართა; ისე აახდინა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან უფალს შესცოდეთ და არ შეისმინეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი.
4 . აჰა, დღეს გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელებზე რომ გადევს; თუ მოინდომებ ჩემთან ბაბილონში წამოსვლას, წამოდი და მე ვიზრუნებ შენზე; თუ არ გსურს ჩემთან ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შეხედე, მთელი ქვეყანა შენს წინაა, სადაც უკეთესად და სწორად მიგაჩნია, იქ წადი”.
5 . ჯერ არ გაბრუნებულიყო იერემია, რომ უთხრა ნაბუზარადანმა: "ან დაბრუნდი გედალიაჰუსთან, შაფანის ძის ახიკამის ძესთან, რომელიც ბაბილონის მეფემ უფროსად დააყენა იუდას ქალაქებზე, და იცხოვრე იქ, ხალხში, ან სადაც სწორად მიგაჩნია, იქ წადი!” მისცა მას მცველთა უფროსმა საგზალი, დაასაჩუქრა და გაუშვა.
6 . მოვიდა იერემია გედალიაჰუსთან, ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დარჩა მასთან ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის.
7 . გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ, ახიკამის ძე დაადგინა ქვეყნის მმართველად და მისთვის ჰყავდა მიბარებული კაცები, ქალები, ბავშვები და ქვეყნის ღარიბები, რომელნიც არ გადასახლებულან ბაბილონში.
8 . მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში: ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანან და იონათან კარეახის ძენი, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი ეფაიას ძენი, იეზანია მააქათელის ძე და მათი კაცები.
9 . შეჰფიცა გედალიაჰუმ, შაფანის ძის ახიკამის ძემ მათ და მათ კაცებს: "ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება, დარჩით ქვეყანაში და ემსახურეთ ბაბილონის მეფეს, რათა სიკეთე გქონდეთ.
10 . ხოლო მე მიცფაში დავრჩები, რათა ვიდგე ქალდეველთა წინაშე, ჩვენთან რომ მოვლენ. თქვენ შეაგროვეთ ღვინო, ზაფხულის ხილი და ზეთი და თქვენს ჭურჭლებში შეინახეთ; დასახლდით იმ ქალაქებში, რომლებიც დაიკავეთ”.
11 . გაიგეს სხვა იუდევლებმაც, მოაბში, ყამონიანებში, ედომში და სხვა ქვეყნებში რომ იყვნენ, რომ ბაბილონის მეფემ იუდეველთა ნაწილი დატოვა და გედალიაჰუ, შაფანის ძის ახიკამის ძე დაუდგინა მათ.
12 . დაბრუნდა ყველა იუდეველი იმ ადგილებიდან, სადაც გაძევებულნი იყვნენ. მოვიდნენ იუდას ქვეყანაში, გედალიაჰუსთან მიცფას და შეაგროვეს ფრიად ბევრი ღვინო და ზაფხულის ხილი.
13 . მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების მხედართმთავრები გედალიაჰუსთან მიცფას;
14 . უთხრეს: "იცი, რომ ბაყალისმა, ყამონიანთა მეფემ შენს მოსაკლავად გამოგზავნა ისმაელ ნეთანიას ძე?” მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალიაჰუ ახიკამის ძემ.
15 . უთხრა იოხანან კარეახის ძემ გედალიაჰუს მიცფაში საიდუმლოდ: "გამიშვი და მოვკლავ ისმაელ ნეთანიას ძეს, ვერავინ ვერაფერს გაიგებს; რად უნდა მოგკლას შენ და რად უნდა გაიფანტოს შენთან შეკრებილი იუდეველები და დაიღუპოს იუდას ნატამალი?”
16 . უთხრა გედალიაჰუ ახიკამის ძემ იოხანან კარეახის ძეს: "ნუ იზამ ამ საქმეს, რადგან ტყუილს ლაპარაკობ ისმაელზე”.