1 . და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი.
2 . დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი და შეწყდა წვიმა ციდან.
3 . უკუიქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
4 . დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე, მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
5 . იკლებდა წყალი მეათე თვემდე; და გამოჩნდა მთის მწვერვალები მეათე თვის პირველ დღეს.
6 . ორმოცი დღის დასასრულს, გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული.
7 . და გამოუშვა ყორანი, რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
8 . .მერე მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე.
9 . ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე; და გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
10 . მოიცადა კიდევ შვიდი დღე, და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11 . მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე.
12 . კიდევ მოიცადა შვიდი დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და აღარ დაბრუნებულა იგი უკან.
13 . ნოეს დაბადებიდან ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი.
14 . მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
15 . და უთხრა ღმერთმა ნოეს:
16 . "გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები.
17 . თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება - ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ”.
18 . გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები.
19 . და ყოველი ცოცხალი არსება: ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი თავიანთი ჯიშებისამებრ გამოვიდა კიდობნიდან.
20 . აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულადდასაწველად სამსხვერპლოზე.
21 . იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: "აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.
22 . სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.
1 . აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
2 . რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
3 . დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
4 . ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
5 . წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
6 . გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
7 . მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
8 . ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.
9 . არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!
1 . ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.
2 . მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა, მისი განმარისხებელი თავს საფრთხეში იგდებს.
3 . დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.
4 . ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.
5 . კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მას.
6 . ბევრს მოაქვს თავი ერთგულ ადამიანად, მაგრამ სანდო კაცს ვინ იპოვის?
7 . მართალი თავის უბიწობით დადის, ნეტარნი არიან მისი ძენი მის შემდეგ.
8 . მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
9 . ვინ იტყვის: გული გავისუფთავე, განწმედილი ვარო ჩემი ცოდვისგან?
10 . მრუდე საწონი, მრუდე საზომი - ერთიც და მეორეც სისაძაგლეა უფლისთვის.
11 . ბავშვიც კი იცნობა თავისი საქციელით, სუფთა და მართალი თუა მისი ნამოქმედარი.
12 . მსმენელი ყური და მხილველი თვალი - ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
13 . ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.
14 . არ ვარგა, არ ვარგაო - ამბობს მყიდველი; მაგრამ წავა და ნავაჭრით ტრაბახობს.
15 . არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული - გონიერი ბაგეებია.
16 . აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს უდგება თავდებად. უცხოს წილად გამოართვი გირაო.
17 . ტკბილია კაცისთვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაევსება პირი.
18 . ყველა გეგმა რჩევით მტკიცდება; ბრძნული მითითებით წარმართე ომი.
19 . დაიარება ცილისმწამებელი და საიდუმლოს ამხელს; ჭორიკანას ნუ დაუახლოვდები.
20 . დედ-მამის მაწყევარს უკუნეთ სიბნელეში ჩაუქრება ლამპარი.
21 . სწრაფად შეძენილი ქონება, საბოლოოდ კურთხეული არ იქნება.
22 . ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.
23 . სისაძაგლეა უფლისთვის ორგვარი საწონი, მატყუარა სასწორი არ არის კარგი.
24 . ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
25 . კაცისთვის მახეა რაიმეს ნაჩქარევად შერაცხვა ‘წმიდად’ და აღთქმის დადების შემდეგ დაფიქრება.
26 . გაფანტავს ბოროტეულთ ბრძენი მეფე და კევრით გალეწავს მათ.
27 . უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.
28 . წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.
29 . ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.
30 . ბოროტისგან განწმენდს მათრახით მიყენებული ჭრილობები და დარტყმები - შიგანს რომ წვდება.
1 . ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.
2 . საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა - მეფეთა დიდება.
3 . როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა - ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
4 . გააცალკევე ვერცხლისგან წიდა და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს;
5 . მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
6 . მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,
7 . რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.
8 . ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
9 . იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,
10 . თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.
11 . მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა.
12 . ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
13 . როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.
14 . რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.
15 . დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
16 . თაფლს მიაგენი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო.
17 . ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.
18 . კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი, რომელიც სიცრუეს ამოწმებს თავისი მოყვასის წინააღმდეგ.
19 . რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.
20 . რაღა ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში ან ძმარი დაგისხამს ტუტეზე და რაღა სიმღერა შემოგიძახებია გულდამწუხრებული კაცისთვის.
21 . თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,
22 . ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
23 . ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას - მრისხანე სახე.
24 . სხვენის კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ სახლში ცხოვრებას.
25 . როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის, ისეა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.
26 . როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.
27 . არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.
28 . უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.
1 . სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიას მიმართ:
2 . "ადექი, ჩადი მექოთნის სახლში და იქ გამოგიცხადებ ჩემს სიტყვას!”
3 . ჩავედი მექოთნის სახლში და, აჰა, რაღაცას აკეთებდა იგი საქოთნე ბორბალზე,
4 . მაგრამ ჭურჭელი, რომელსაც იგი თიხისგან აკეთებდა, გაფუჭდა მექოთნის ხელში; მაშინ მიუბრუნდა იმავე თიხას და სხვა ჭურჭელი გააკეთა, ისეთი, როგორიც სურდა.
5 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
6 . "განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
7 . ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აღმოფხვრას, დამხობასა და განადგურებას;
8 . მაგრამ ის ერი, რომელზეც ვთქვი, თუ მოიქცევა თავისი ბოროტებისგან, გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ იმ ბოროტებას, მას რომ ვუპირებდი.
9 . ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აშენებასა და გამაგრებას;
10 . მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში და არ შეისმენს ჩემს ხმას, მაშინ მეც გადავიფიქრებ იმ სიკეთეს, მას რომ ვუპირებდი.
11 . ახლა უთხარი იუდას კაცებსა და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას ვამზადებ თქვენთვის, ბოროტი განვიზრახე თქვენს წინააღმდეგ. დატოვოს თითოეულმა თავისი უკუღმართი გზა, გამოისწოროს გზა და საქმეები!
12 . მაგრამ იტყვიან: უგუნურებაა! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალს გავყვებით და თითოეული ჩვენგანი ჩვენი ბოროტი გულის სიჯიუტის მიხედვით მოვიქცევითო.
13 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: აბა, გამოიკითხეთ ხალხებში, ვის სმენია ამგვარი ამბავი? მრავალი საშინელება ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა.
14 . განა მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა მწვერვალებს? განა შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები?
15 . მაგრამ დამივიწყა ჩემმა ხალხმა, უსარგებლო კერპებს უკმევენ, თავიანთ გზაზე, უძველეს ბილიკზე წაბორძიკდნენ, რომ გაუკვალავი გზით ევლოთ,
16 . რომ უდაბურ ადგილად ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად ესტვინათ მისთვის, რომ ყოველი გამვლელი გაოცებულიყო და თავი გაექნია.
17 . აღმოსავლეთის ქარივით მიმოვფანტავ მათ მტრის წინაშე, მათი უბედურების დღეს ზურგს ვუჩვენებ მათ და არა სახეს”.
18 . თქვეს: "მოდით, პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რადგან მღვდელს რჯული არ დაეკარგება, ბრძენს - რჩევა და წინასწარმეტყველს - სიტყვა; მოდით და ენით განვგმიროთ იგი, რომ ყური აღარ ვუგდოთ მის სიტყვებსო”.
19 . ყური მომაპყარ, უფალო, ისმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმა.
20 . განა სიკეთეს ბოროტებით უხდიან, ორმო რომ გამითხარეს? გაიხსენე, შენ წინაშე რომ ვიდექი და მათდა სასიკეთოდ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ შემებრუნებინა მათგან.
21 . ამიტომ შიმშილი დაუშვი მათ შვილებზე, მახვილის კერძი გახადე; დაე, უშვილოდ დარჩნენ მათი ცოლები და დაქვრივდნენ. სიკვდილმა მოსრას მათი კაცები და მახვილით დაეცნენ მათი ჭაბუკნი ომში.
22 . დაე, კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა უცაბედად მძარცველები წამოადგებიან თავს, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფარულად მახე დაუგეს ჩემს ფეხს.
23 . უფალო, შენ იცი მათი ყველა ბოროტი განზრახვა ჩემ წინააღმდეგ; ნუ აპატიებ დანაშაულს, ნუ წაშლი მათ ცოდვებს შენს თვალთაგან. დაე, დაემხონ შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ.
1 . გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2 . ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
3 . ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
4 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6 . ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 . რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8 . ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10 . მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
11 . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
12 . და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13 . მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
14 . და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15 . ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
16 . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
17 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
18 . ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19 . მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20 . ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21 . რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
22 . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
24 . რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25 . აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26 . თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 . რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
28 . რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
29 . მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30 . მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31 . იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32 . ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33 . ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
34 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
36 . მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
38 . რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
39 . და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
40 . მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41 . ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 . ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44 . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45 . ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46 . ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48 . ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49 . და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
50 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51 . შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
1 . ეს რომ თქვა, იესო კედრონის ხევს გაღმა გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ ის და მისი მოწაფეები.
2 . ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო ხშირად ხვდებოდა აქ თავის მოწაფეებს.
3 . ამიტომ, იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და მღვდელმთავრებისა და ფარისეველების მსახურები იახლა და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.
4 . იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?”
5 . მიუგეს მას: "იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
6 . როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
7 . ხელახლა ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” უთხრეს: "იესო ნაზარეველს”.
8 . იესომ მიუგო: "ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.
9 . ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიკარგავს.
10 . სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, იშიშვლა ის, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა.
11 . უთხრა იესომ პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, მამამ რომ მომცა?”
12 . მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.
13 . პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას, იმდროინდელი მღვდელმთავრის სიმამრთან.
14 . ეს ის კაიაფა იყო, იუდევლებს რომ ურჩია, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
15 . იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
16 . პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა.
17 . მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.
18 . ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.
19 . მღვდელმთავარმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა.
20 . მიუგო მას იესომ: "მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს; მუდამ სინაგოგებსა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იკრიბება ყველა იუდეველი. ფარულად არაფერი მილაპარაკია.
21 . მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”.
22 . ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ხელი გაარტყა იესოს და უთხრა: "ასე ელაპარაკები მღვდელმთავარს?”
23 . მიუგო იესომ: "თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?”
24 . მაშინ ანამ შებოჭილი იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა.
25 . სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”.
26 . მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?”
27 . კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.
28 . იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.
29 . პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: "რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?”
30 . უთხრეს: "ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”.
31 . უთხრა მათ პილატემ: "წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: "ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.
32 . რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
33 . პილატე პრეტორიუმში შებრუნდა, მოუხმო იესოს და ჰკითხა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?”
34 . მიუგო იესომ: "შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?”
35 . მიუგო პილატემ: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?”
36 . თქვა იესომ: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური”.
37 . უთხრა პილატემ: "მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: "შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”.
38 . ჰკითხა პილატემ: "რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: "მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში.
39 . ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?
40 . მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: "ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.