1 . როცა გამრავლდნენ ადამიანები ქვეყანაზე და შეეძინათ ასულები,
2 . იხილეს ღმერთის შვილებმა რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა.
3 . და თქვა უფალმა: "არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
4 . ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანნი იყვნენ ისინი.
5 . და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.
6 . მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.
7 . თქვა უფალმა: "აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
8 . მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9 . ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.
10 . და ეყოლა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11 . მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით.
12 . გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.
13 . უთხრა ღმერთმა ნოეს: "დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ.
14 . გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი.
15 . ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე - ორმოცდაათი და სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.
16 . სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.
17 . და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე.
18 . შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19 . ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ.
20 . ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ.
21 . მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”.
22 . და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.
1 . უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.
2 . ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.
3 . ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი, რათა გადარჩეს მათი თესლი დედამიწაზე.
4 . რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.
5 . და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.
6 . ექვსასი წლის იყო ნოე, როცა წარღვნის წყალი მოვიდა დედამიწაზე.
7 . და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.
8 . ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,
9 . დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.
10 . და შვიდი დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა.
11 . ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
12 . ორმოცი დღე და ორმოცი ღამე აწვიმდა დედამიწას.
13 . იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, მისი ძენი: სემი, ქამი და იაფეთი და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი ძეების ცოლები.
14 . ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.
15 . შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო.
16 . მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა; და დაგმანა უფალმა კარი.
17 . ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი.
18 . გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19 . მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცისქვეშეთში.
20 . აიწია წყალი და დაფარა მთები თხუთმეტი წყრთით.
21 . და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
22 . და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე რაც ხმელეთზე იყო - მოისპო.
23 . აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან. ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.
24 . ას ორმოცდაათი დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.
1 . ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.
2 . ძალზედ მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
3 . ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის.
4 . იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს.
5 . ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
6 . და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.
7 . დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
8 . და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.
9 . განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.
10 . აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.
11 . და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.
12 . აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13 . ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.
14 . და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან გაყრის შემდეგ: "აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.
15 . რადგან, მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე.
16 . მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
17 . ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას”.
18 . აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია; და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . გუნდისლოტბარს, დავითისფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“.
2 . რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3 . თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
4 . უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
5 . უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
6 . ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
7 . რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
1 . გაიქეცით, იერუსალიმის შუაგულიდან, თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო; თეკოაყში ჩაბერეთ ბუკს და ნიშანი მიეცით ბეთ-ჰაქერემს, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან.
2 . მშვენიერი და ნებიერია სიონის ასული, მე მოვკვეთ მას.
3 . მწყემსები თავიანთი ფარებით მივლენ მასთან, მის ირგვლივ დასცემენ კარვებს და თავ-თავიანთ წილ მიწაზე დამწყემსავენ.
4 . მოემზადეთ მასთან საბრძოლველად, ადექით და შუადღისას დავეცეთ მათ; მაგრამ ვაი ჩვენ, რადგან დღე იწურება, რადგან დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.
5 . ადექით, ღამით დავეცეთ და დავანგრიოთ მათი სასახლეები.
6 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჩეხეთ ხეები, აღმართეთ იერუსალიმის გარშემო მიწაყრილები, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ძალადობაა მის შუაგულში.
7 . როგორც ჭაში გროვდება წყალი, ისე დაგროვდა მასში ბოროტება, ძალადობისა და ნგრევის ხმა ისმის მასში, სნეულება და ჭრილობებია ჩემ წინაშე გამუდმებით.
8 . გონს მოდი, იერუსალიმო, სანამ ზურგს შეგაქცევდეს ჩემი სული, სანამ უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყნად მიქცევიხარ”.
9 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ყურძენივით გაკრიფავენ ისრაელის ნატამალს, გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის ვაზისკენ”.
10 . ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყურები და არ შეუძლიათ მოსმენა; აჰა, უფლის სიტყვა სამარცხვინოდ მიუჩნევიათ, აღარ სურთ იგი.
11 . სავსე ვარ უფლის რისხვით, აღარ შემიძლია მისი შეკავება; "გადმოანთხიე იგი ქუჩაში ბავშვებზე და ერთად შეკრებილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარს ცოლთან ერთად შეიპყრობენ და ჭარმაგს მოხუცებთან ერთად.
12 . სხვებს გადაეცემა მათი სახლები მინდვრებთან და ცოლებთან ერთად, რადგან მე გავიწვდენ ხელს ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე”, - ამბობს უფალი.
13 . "რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ანგარება შეჰყრია და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.
14 . ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.
15 . იმ სისაძაგლის გამო თუ რცხვენიათ, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან, ამიტომ დაცემულთა შორის დაეცემიან; იმ დროს, როცა დავსჯი, დაეცემიან”, - ამბობს უფალი.
16 . ასე ამბობს უფალი: "დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
17 . გუშაგნი დაგიყენეთ და გითხარით; ბუკის ხმას დაუგდეთ-მეთქი ყური; თქვეს, არ დავუგდებთო!
18 . ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, იცოდე, საკრებულოვ, რა მოუვა მათ.
19 . ისმინე, დედამიწავ! აჰა, უბედურებას მოვავლენ ამ ხალხზე, მათი ზრახვების ნაყოფს, რადგან ყური არ დაუგდეს ჩემს სიტყვებს და ჩემი რჯული შეიძულეს.
20 . რისთვის მინდა შებადან მოტანილი გუნდრუკი და შორეული ქვეყნიდან მოტანილი ტკბილი ლერწამი? თქვენი სრულადდასაწველი მიუღებელია ჩემთვის და თქვენი მსხვერპლები აღარ მეამება”.
21 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, დაბრკოლების ლოდს დავუდებ წინ ამ ხალხს და წაბორძიკდებიან მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, ყველანი დაიღუპებიან”.
22 . ასე ამბობს უფალი: "აჰა, მოდის ხალხი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დიდი ერი აღსდგება ქვეყნის კიდეებიდან.
23 . მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი და უმოწყალონი არიან, ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა, ცხენებზე ამხედრებულნი მოდიან. ერთი კაცივით არიან შემართულნი შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო”.
24 . ამბავი გვესმა მათზე და ხელები მოგვიდუნდა, ტანჯვამ ისე შეგვიპყრო, როგორც მშობიარე ქალი ტკივილმა.
25 . მინდორში ნუ გახვალთ და გზაზე ნუ ივლით, რადგან მტერს მახვილი აქვს და საშინელება მოდის ყოველი მხრიდან.
26 . ჩემი ერის ასულო, ძაძა შემოირტყი და ნაცარში ჩაწექი, მწარე გოდებით იგლოვე, როგორც დედისერთაზე გლოვობენ, რადგან უეცრად მოვა მომსვრელი.
27 . შემფასებლად დაგადგინე ჩემს ხალხში და სიმაგრედ, რომ შეიცნო და შეაფასო მათი გზები.
28 . ყველანი ჯიუტად მოჯანყენი არიან, ცილისმწამებელნი, სპილენძი და რკინა, ყველანი გაიხრწნენ.
29 . ქშინავს საბერველი, ტყვია შთაინთქა ცეცხლში, ამაოდ ადნობდა მდნობელი, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.
30 . საძულველ ვერცხლს უწოდებენ მათ, რადგან უფალმა მოიძულა ისინი.
1 . ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელის ძენო; რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მცხოვრებლებთან, ვინაიდან არ არის ერთგულება, არ არის მოწყალება და არ არის ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.
2 . ცრუ ფიცი, მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა გახშირდა; სისხლის ღვრა სისხლის ღვრას მოსდევს.
3 . ამის გამო გლოვობს მიწა და ღონემიხდილია ყველა მცხოვრები მასში, ველის ცხოველებთან და ცის ფრინველებთან ერთად, ზღვის თევზებიც იღუპებიან.
4 . ნურავინ იდავებს და ნურც ამხელს კაცს, რადგან შენი ხალხი მღვდელთან მოდავეებს ჰგავს.
5 . და დაეცემი შენ დღისით, ღამით კი _ წინასწარმეტყველიც, შენთან ერთად; და გავანადგურებ დედაშენს.
6 . ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, რაკი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მღვდლობიდან; ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძეებს.
7 . რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
8 . ჩემი ხალხის ცოდვებით იკვებებიან და მათ უკეთურებაში ნეტარებენ.
9 . რაც ხალხს მოუვა, ის მოეწევა მღვდელსაც; მოვკითხავ მათ მათი გზებისამებრ და მათი ნამოქმედარისამებრ მივუზღავ!
10 . შეჭამენ და ვერ გაძღებიან, იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, ვინაიდან მიატოვეს უფლის სამსხვერპლო.
11 . სიძვამ, ღვინომ და მაჭარმა წარიტაცა მათი გული.
12 . ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით.
13 . მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი.
14 . არ მოვკითხო თქვენს ასულებს, რომ მეძავობენ და თქვენს საპატარძლოთ, რომ მრუშობენ? თქვენც მათთან ერთად ხართ და ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავთ მსხვერპლს; უმეცარი, მიუხვედრელი ხალხი კი იღუპება!
15 . აკი მეძავობ, ისრაელ! იუდა მაინც ნუ შესცოდავს! ნუ მიხვალ გილგალს და ნუ ახვალ ბეთ-ავენში! ნუ დაიფიცებ, ცოცხალიაო უფალი!
16 . რადგან ურჩი ფურივით ჯიუტია ისრაელი; განა დამწყემსავს მათ უფალი, როგორც კრავებს ტრიალ მინდორზე?
17 . კერპებს მიეკრა ეფრემი, მარტოდ დატოვე იგი!
18 . მჟავეა მათი სასმელი - მრუშობენ, მათმა მთავრებმა მეტად შეიყვარეს უზნეობა.
19 . შეავიწროებს მათ ქარი თავისი ფრთებით და შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლებისა.
1 . 1. ჩვენი ქალაქის დაქცევის ოცდამეათე წლისთავზე ბაბილონში ვიყავი. მოუსვენარი ვიწექი საწოლზე და ფიქრები აშფოთებდა ჩემს გულს. 2. რადგან ვიხილე სიონის გაუკაცრიელება და ბაბილონში მცხოვრებთა კეთილდღეობა. 3. და შეძრწუნდა ძლიერ ჩემი სული და შევკადრე უზენაესს მოკრძალებული სიტყვა, 4. და ვუთხარი: მბრძანებელო უფალო, შენ თავიდანვე, როცა რგავდი მიწას სრულიად მარტო, უბრძანე მტვერს 5. და მიეცი ადამს მოკვდავის სხეული, მაგრამ ისიც ხომ შენს ხელთა ქმნილებაა და შენ ჩაბერე მას სიცოცხლის სული, და ცოცხალი შეიქნა იგი შენს წინაშე. 6. შეიყვანე იგი სამოთხეში, რომელიც დანერგა შენმა მარჯვენამ, ვიდრე მიწა გამოჩნდებოდა. 7. მცნებად მიეცი შენი გზის სიყვარული, მან კი დაარღვია იგი, და შენ უმალვე დაუწესე სიკვდილი მას და მის მოდგმას. გაჩნდნენ ხალხები, ერები და ტომები, რომელთაც სათვალავი არა აქვთ. 8. დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები. 9. იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი. 10. თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე მათთვის წარღვნა. 11. დატოვე მათგან ერთადერთი ნოე თავისი სახლით და მისგან არის ყოველი მართალი. 12. როცა დაიწყეს გამრავლება მიწის მკვიდრებმა და მომრავლდნენ მათი შვილები, ერები და მრავალი ხალხი, თავიანთ წინაპრებზე უფრო მეტად დაიწყეს უკეთურების ქმნა. 13. და როცა უკანონობას ჩადიოდნენ შენს წინაშე, აირჩიე მათგან ერთი კაცი, სახელად აბრაამი; 14. შეიყვარე იგი, და მხოლოდ მას განუცხადე შენი ნება. 15. მიეცი მას მარადიული აღთქმა და უთხარი, რომ არასოდეს გაწირავდი მის მოდგმას; მიეცი მას ისაკი და ისაკს მიეცი იაკობი და ესავი. 16. გამოაცალკევე შენთვის იაკობი, ესავი კი უარყავი. დიდი სიმრავლე შეიქნა იაკობი. 17. გამოიყვანე შენი მოდგმა ეგვიპტიდან და სინაის მთასთან მიიყვანე. 18. მოდრიკე ცანი, შეარყიე მიწა და შესძარი სამყარო, შეაძრწუნე ქვესკნელი და ააფორიაქე წუთისოფელი. 19. ოთხ კარიბჭეში გაიარა შენმა დიდებამ ცეცხლისა და მიწის, სუნთქვისა და ყინვის კარიბჭეებში, რათა იაკობის მოდგმისთვის რჯული მიგეცა და სიმტკიცე - ისრაელის თაობებისთვის. 20. არ წაართვი მათ ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო მათში. 21. რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია, ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა. 22. მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა; განშორდა, რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება. 23. გამოხდა ხანი და გასრულდა წლები, და შენ აღადგინე შენთვის კაცი მორჩილი, სახელად დავითი, 24. და უთხარი მას, აეგო ქალაქი შენს სახელზე და ეკმია შენთვის და მსხვერპლი შეეწირა. 25. ასე იყო მრავალი წელი, მაგრამ შესცოდეს ამ ქალაქის მცხოვრებლებმა. 26. ყველაფერში ისე იქცეოდნენ, როგორც ადამი და მთელი მისი შთამომავლობა, რადგან მათაც ბოროტი გული ჰქონდათ. 27. და შენს მტრებს ჩაუგდე ხელში შენი ქალაქი. 28. ნუთუ უკეთესად იქცევიან ბაბილონის მკვიდრნი და ამის გამო გაბატონდებიან სიონზე? 29. როცა მივედი იქ, ვიხილე უკეთურებანი, რომელთაც სათვალავი არ ჰქონდა; ბევრი ცოდვილი ჰყავს ნანახი ჩემს სულს ამ ოცდაათ წელიწადში. გულიც მაქვს შეღონებული, 30. რადგან ხედავს იგი, როგორ ემხრობი ცოდვილთ, როგორ დაინდე ბოროტისმოქმედნი, დაღუპე შენი ხალხი, შენი მტრები კი დაიცავი და არ ამხილე. 31. ვერ ვიხსენებ, როგორ უნდა დაკარგულიყო ეს გზა? ნუთუ ბაბილონი სიონზე უკეთესად იქცევა? 32. ან ისრაელის გარდა სხვა ხალხს თუ შეუცვნიხარ შენ? ან რომელმა ტომმა ირწმუნა შენი აღთქმა იაკობის მსგავსად? 33. მათი საზღაურიც არ გამოჩენილა, არც მათ საქმეს მოუღია ნაყოფი. გავედი და მოვიარე ხალხები, ვიხილე ისინი გამდიდრებულნი, მაგრამ არ ახსოვდათ შენი მცნებები. 34. ახლა დადე სასწორზე უკეთურებანი - ჩვენიცა და მათიც, წუთისოფელში რომ ცხოვრობენ; მხოლოდ ისრაელში იპოვება შენი სახელი. 35. ან როდის არ შეუცოდავს შენს წინაშე დედამიწის მკვიდრს? ან სხვა რომელ ხალხს დაუცავს შენი მცნებები? 36. ერთ ვინმეს კი იპოვნი მათ შორის შენს მცნებათა დამცველს, მთელ ხალხს კი ვერ იპოვნი.