ჩვეულებები, ადათ-წესები და ტრადიციები - ხელისშემშლელი ქრისტეს მიღებაში


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 18 : 30 ; ლევიანნი 20 : 23 ; მსაჯულნი 11 : 39 ; რუთი 4 : 7 ; 1მეფეთა 20 : 25 ; 3მეფეთა 18 : 28 ; 4მეფეთა 16 : 3 ; 4მეფეთა 17 : 8 ; 2ნეშტთა 28 : 3 ; იერემია 10 : 2 ; მიქა 6 : 16 ; მათე 15 : 2 ; ლუკა 4 : 16 ; საქმენი მოციქულთა 6 : 14 ; საქმენი მოციქულთა 16 : 21 ; საქმენი მოციქულთა 21 : 21 ; 1კორინთელთა 3 : 3 ; 1კორინთელთა 8 : 7 ; ეფესელთა 2 : 2 ;
1.9.25 ჩვეულებები, ადათ-წესები და ტრადიციები - ხელისშემშლელი ქრისტეს მიღებაში

გაურკვეველ ვითარებაში ჩამოყალიბებული სამოქმედო წესები, რომლებიც მიღებულია თანამედროვეთაგან და ბრმად სრულდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ძველები სწორედ ასე ასრულებდნენ

წმ. წერილში დახასიათებულია როგორც...
- საძაგელი ლევ.18,30; 20,23
- არარაობა იერ.10,2-5
- არ ესმით მისი არსი 4მფ.17,40; 1კორ.8,7
- ტრადიციული საქ.21,21
- მოვლენის აღსანიშნავი კალენდარულად მსაჯ.11,39.40
- ეთნიკური წესი ერთ რომელიმე ეპოქაში რუთ.4,7
- უცხოტომელთა სახლების დადგენილებები მიქ.6,16
- არის კეთილი, ღირსეული ლუკ.4,16
- ჩვეული საკუთრებად ქცეული ადგილი 1მფ.20.25
- ასწავლიან ღვთიურს 4მფ.17,26.27
- ღვთიურ ჩვეულებას და წარმართულს ერთმანეთს უთავსებენ 4მფ.17,33.34

ასრულებდნენ:
- წარმართები 3მფ.18,28
- მათ მსგავსად ისრაელიანებიც 4მფ.16,3; 17,8; 2ნეშ.28,3
- თავადაც ადგენდნენ დროთა განმავლობაში, რაც უცხო ხდებოდა ღვთის ხალხის მეორე განშტოებისთვის 4მფ.17,19
- ჩვეულებათა აღსრულებას შეუძლია დაარღვიოს ღვთის მცნებები მათ.15,2-6
- ქრისტიანები იქცევიან არაქრიტიანი ადამიანების მსგავსად 1კორ.3,3; ეფ.2,2
- ქრისტეს და მის მოწაფეებს აბრალებდნენ ჩვეულებების დარღვევას და შეცვლას საქ.6,14; 21,21
- წარმართებს არ სურთ მათი ადათ-წესები და მამა-პაპათა ტრადიციები დაარღვიოს ქრისტიანობამ და ამიტომაც უჭირდათ და უჭირთ შეჩვეულის დათმობა საქ.16,21

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 18
30. დაიცავით ჩემი ბრძანებანი და ნუ ჩაიდენთ საძაგელ საქმეებს, რაც თქვენამდე კეთდებოდა, რათა არ შეიბილწოთ მათით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.

ლევიანნი 20
23. ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებისამებრ, რომელთაც ვდევნი თქვენგან; ვინაიდან ამ ყოველივეს სჩადიოდნენ და მძაგს ისინი.

მსაჯულთა 11
39. ორი თვის დასასრულს დაბრუნდა მამასთან და აღასრულა იფთახმა თავისი აღთქმა, რომელიც დადებული ჰქონდა; არ შეუცვნია მას მამაკაცი. და წესად იქცა ეს ისრაელში:
40. წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს.

რუთი 4
7. იმ დღეებში ასეთი წესი იყო ისრაელში: ყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს, ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.

1მეფეთა 20
25. და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.

3მეფეთა 18
28. დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.

4მეფეთა 16
3. დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით; თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა, იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.

4მეფეთა 17
8. აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ,
19. იუდამაც არ დაიცვა უფლის, თავისი ღმერთის მცნებები და ისრაელის მიერ დადგენილ წესებს მისდევდა.
26. უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.
27. ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.
33. უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.
34. დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად,
40. მაგრამ არ ესმოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ.

2ნეშტთა 28
3. საკმეველს აკმევდა ბენ-ჰიმონის ველზე. ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.

იერემია 10
2. ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ.
3. რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.
4. ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს.
5. ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე.

მიქა 6
16. ყომრის დადგენილებებსა და ახაბის სახლის ყველა საქმეს ასრულებთ და დადიხართ მათი რჩევებით. ამიტომ გადაგცემ ასაოხრებლად და შენს მცხოვრებთ - სასირცხვოდ; იტვირთავს ჩემი ხალხი შერცხვენას.

მათე 15
2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.
3. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით?
6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.

ლუკა 4
16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.

საქმეები 6
14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.

საქმეები 16
21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.

საქმეები 21
21. შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ.

1კორინთელთა 3
3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?

1კორინთელთა 8
7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.

ეფესელთა 2
2. რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.

__თემაზე წერდნენ__
***
მონტენი ცდება: ჩვეულებას იმიტომ უნდა მისდიო, რომ ის ჩვეულებაა და არა იმიტომ რომ ის გონივრულია, ანდა სამართლიანი. თუმცა ხალხი მტკიცედ იცავს ჩვეულებას, ვინაიდან სამართლიანი ჰგონია იგი; ასე რომ არ იყოს, სულაც ხელს აიღებდა ჩვეულებაზე, რადგანაც ხალხი, ნებაყოფლობით, მხოლოდ გონებასა და სამართლიანობას ემორჩილება. უგუნური და უსამართლო ჩვეულება ტირანიად იქნებოდა შერაცხული, ხოლო გონებისა და სამართლიანობის, ისევე როგორც განცხრომის ძალას არავინ მიიჩნევს ტირანიულად, ვინაიდან ესაა საწყისები, რომლებზედაც დაფუძნებულია კაცის ბუნება.
ამრიგად, ყველაზე მართებული იქნებოდა ქედი მოგვეხარა კანონებისა და ჩვეულებების წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კანონებია, შევრიგებოდით იმ აზრს, რომ ჭეშმარიტად სამართლიანს მაინც ვერაფერს მოვიგონებთ, რომ მათში გარკვევა ჩვენს ძალ-ღონეს აღემატება და ამიტომ უნდა ვაღიაროთ მხოლოდ ის, რაც უკვე არსებობს, ისი იგი, ყველაფერი უცვლელად და ხელუხლებლად უნდა დავტოვოთ. მაგრამ ხალხო ყრუა ამნაირი მსჯელობის მიმართ; მას ჰგონია, რომ ჭეშმარიტება მისაწვდომია, რომ სწორედ მან მისცა დასაბამი კანონებსა და ჩვეულებებს, და ამიტომაც ურყევ კერპებად მიაჩნია ისინი, მათ სიძველეს არა მარტო მათი სავალდებულობის, არამედ მათი ჭეშმარიტების საბუთადაც თვლის და მხოლოდ ამიტომ ემორჩილება მათ. მაგრამ, აბა, დაუმტკიცე ხალხს, რომ ესა თუ ის ჩვეულება ანდა კანონი უსაფუძვლოა: მტრისას, ხელად აგიჯანყდება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, გარკვეული თვალსაზრისით, განა უსაფუძვლო არ არის ყველა ჩვეულება, ყველა კანონი?
__ ბლეზ პასკალი __


***
რა არის ტრადიცია? ის, რაც გამჯდარია ჩვენში და საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ისინი დაუწერელი კანონების სახით გვევლინებიან.
კონსერვატიზმი
ქართველთა უმთავრეს საზრუნავს წარმოადენს ტრადიციებისა და ადათ-წესების დაცვა. ხშირად ვერიდებოდით რაიმე ახლის მიღებას და თავგამოდებით ვიცავდით ძველს (მამაპაპისეულს). მისი უარყოფა გარიყულობის ან საკუთარი თავის დაღუპვის ტოლფასი იყო. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა’’ - მამა საკუთარ შვილს კლავს მამაპაპური ტრადიციების უგულებელყოფისა და თემური ცხოვრების წესის დარღვევის გამო.
დღეს კონსერვატიზმს ამ დოზით ვერ შევხვდებით, თუმცა ადათ-წესების დაცვა და შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ხშირად ხდება ტრადიციების არასწორად ინტერპრეტაცია. ვფიქრობ, თანამედროვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, აქციოს ტრადიცია წარსულად და ეს იყოს მისი ხერხემალი თუ პარალელურად დაიწყოს ახლის შექმნაც.
მართლმადიდებლობა
ქართული ეროვნება და მართლმადიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. მართლმადიდებლობის დაკარგვა ნიშნავდა ეროვნების დაკარგვას. ქვეყნის წარმატებასა და წარუმატებლობას რელიგიასთან აკავშირებდნენ. წარმატებული მეფე ღვთისაგან კურთხეული იყო, ხოლო წაგებული ბრძოლა - ცოდვების საზღაური. ქრისტიანობას ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად მივიჩნევდით და დღესაც ესეა.
__ სოფიკო აბაშიძე __

***
ხევსურეთსა და ფშავში, ასევე სვანეთშიც, შემორჩენილია რამდენიმე დღესასწაული, ე.წ. ხატობა, რომლებიც სინკრეტული (წარმართული და ქრისტიანული ელემენტების შერევით ხდება) დღესასწაულებია, ანუ ქრისტიანობისა და წარმართული წეს-ჩვეულებების ნაზავი.
როცა 70-წლიანი ათეისტური პერიოდი დასრულდა, ხალხი მასობრივად მიუბრუნდა ქრისტიანობას და ტაძრებში სიარული დაიწყო. ნაწილობრივ სწორედ ამ დროს გაქრა როგორც ცრურწმენები, ასევე წარმართული წეს-ჩვეულებები, თუმცა მათი სრულად აღმოფხვრა, როგორც ჩანს, მაინც შეუძლებელია.
__ ილია ლიპარტელიანი __