1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი და უთხრა: "ინაყოფიერეთ, იმრავლეთ, და აავსეთ დედამიწა”.
2 . ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
3 . ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება - საჭმელად გქონდეთ, ისევე როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.
4 . მაგრამ ნუ შეჭამთ ხორციელს მის სიცოცხლესთან ერთად, რომელიც მისი სისხლია.
5 . უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს.
6 . ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
7 . თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით დედამიწაზე და მომრავლდით მასზე”.
8 . და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:
9 . "აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან,
10 . ყოველ სულდგმულთან, რომელიც თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა.
11 . აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არცერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად”.
12 . თქვა ღმერთმა: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ:
13 . ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული აღთქმის ნიშანი.
14 . როცა გადავაფარებ ღრუბლებს დედამიწას და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა,
15 . გავიხსენებ აღთქმას, რომელიც ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის დავდე, და აღარ იქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად.
16 . გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.
17 . და უთხრა ღმერთმა ნოეს: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც კი ცხოვრობს დედამიწაზე”.
18 . ესენი იყვნენ ნოეს ძენი, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი ქანაანის მამამთავარი.
19 . ეს სამნი იყვნენ ნოეს ძეები; და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა.
20 . დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და გააშენა ვენახი.
21 . დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22 . დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამამისის სიშიშვლე და შეატყობინა თავის ორ ძმას, რომლებიც კარვის გარეთ იყვნენ.
23 . აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირუკუ, და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ მიმართული არ დაუნახავთ თავიანთი მამის სიშიშვლე.
24 . გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
25 . თქვა: "წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!”.
26 . და თქვა: "კურთხეულია უფალი, სემის ღმერთი; მის მსახურად იყოს ქანაანი.
27 . განავრცოს ღმერთმა იაფეთი და სემის კარვებში დაემკვიდროს. მის მსახურად იყოს ქანაანი.
28 . იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29 . და იყო ნოეს დღეები სულ ცხრაას ორმოცდაათი წელი და გარდაიცვალა.
1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
2 . იხილა იაკობმა ლაბანის სახე და, აჰა, ისეთი აღარ იყო იგი მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3 . და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.
4 . გააგზავნა კაცი იაკობმა და ველზე, თავის ფარასთან მოუხმო რახელსა და ლეას.
5 . უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.
6 . თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
7 . მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.
8 . იტყოდა - ‘დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო’ და დაწინწკლულებს იგებდა მთელი ფარა; იტყოდა - ‘ზოლიანები იყოსო შენი გასამრჯელო’ და ზოლიანებს იგებდა მთელი ფარა.
9 . წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.
10 . ცხვრის ახურების ჟამს, სიზმარში აღვაპყრე თვალნი და ვხედავ, ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელები, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
11 . და დამიძახა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: "იაკობ!” ვუპასუხე: "აქ ვარ”.
12 . მითხრა: "თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13 . მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.
14 . მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15 . განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16 . ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.
17 . ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.
18 . წაასხა მთელი თავისი სამწყსო და წაიღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ფადან-არამში მოაგროვა, რათა ისაკთან, მამამისთან მისულიყო ქანაანის ქვეყანაში.
19 . ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
20 . გააცურა იაკობმა არამელი ლაბანი - დაუმალა რა, რომ გარბოდა მისგან.
21 . გაიქცა და რაც კი რამ ებადა, თან წაიღო. მდინარე გადალახა და გილყადის მთისკენ გაემართა.
22 . მესამე დღეს გაიგო ლაბანმა იაკობის გაქცევა.
23 . წაიყვანა თანამოძმენი, შვიდი დღის სავალზე სდია და გილყადის მთასთან დაეწია.
24 . ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.
25 . დაეწია ლაბანი იაკობს; და აჰა, მთაზე კარავი ჰქონდა გაშლილი იაკობს და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის ხალხთან ერთად.
26 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ეს რა გამიკეთე? გამაცურე და მახვილით ნაშოვნი ტყვეებივით წაასხი ჩემი ასულები.
27 . ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.
28 . ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.
29 . შემიძლია, რომ გიბოროტო, მაგრამ წუხელ მამაშენის ღმერთმა მითხრა, გაფრთხილდი, იაკობს ნურც კარგს ეტყვი და ნურც ავსო.
30 . ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
31 . მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.
32 . და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.
33 . შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34 . აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
35 . და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.
36 . განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37 . მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!
38 . ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ; არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან.
39 . მხეცის მიერ დაგლეჯილი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალდებოდი; როგორც ღამით, ისე დღისით მოპარულის საზღაურს ჩემგან ითხოვდი.
40 . დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს.
41 . ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.
42 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
43 . მიუგო ლაბანმა იაკობს: "ეს ასულნი ჩემი შვილები არიან; ეს ვაჟები ჩემი ძეები არიან; ეს ფარა ჩემი ფარაა. ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. აჰა, რა ვუყო ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს?
44 . ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”.
45 . აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა.
46 . და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.
47 . და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა - გილყადი.
48 . თქვა ლაბანმა: "ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი
49 . და მიცფა, რადგან თქვა: "დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
50 . თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”.
51 . და უთხრა ლაბანმა იაკობს: "აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის.
52 . მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ.
53 . აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
54 . შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.
55 . ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.
1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . აიყარა ისრაელი, თან წაიღო ყოველივე, რაც გააჩნდა და მივიდა ბეერ-შებაყში; და შესწირა მსხვერპლი მამამისის, ისაკის ღმერთს.
2 . და ელაპარაკა ღამის ხილვაში ღმერთი ისრაელს: "იაკობ! იაკობ!” უპასუხა: "აქა ვარ!”
3 . უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლა, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4 . მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები”.
5 . გაემგზავრა იაკობი ბეერ-შებაყიდან და წაიყვანეს ისრაელის ძეებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ფარაონის მიერ გამოგზავნილი ურმებით.
6 . წამოასხეს თავიანთი პირუტყვი და წამოიღეს მთელი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად.
7 . თავისი ძენი, და თავისი ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, მთელი თავისი შთამომავლობა მიიყვანა თავისთან ერთად ეგვიპტეში.
8 . ესენი იყვნენ ეგვიპტეში მისული ისრაელის ძეები; იაკობი და მისი ძენი: იაკობის პირმშო რეუბენი.
9 . რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
10 . სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ქანაანელი ქალის ძე.
11 . ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
12 . იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფერეცის ძენი იყვნენ: ხეცრონი და ხამული.
13 . ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.
14 . ზებულუნის ძენი: სერედი, ელონი და იახლელი.
15 . ესენი იყვნენ ლეას შვილები, რომლებიც ფადან-არამში უშვა იაკობს, და დინა, მისი ასული. სულ ოცდაცამეტი სული - ძენი და ასულნი.
16 . გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი.
17 . აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და სერახი - მათი და. ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი.
18 . ესენი იყვნენ ზილფას ძენი, რომელიც ლაბანმა მოახლედ მისცა ლეას, თავის ასულს. თექვსმეტი სული უშვა მან იაკობს.
19 . რახელის, იაკობის ცოლის ძენი: იოსები და ბენიამინი.
20 . და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მენაშე და ეფრემი, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
21 . ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
22 . ესენი იყვნენ რახელის ძენი, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული.
23 . დანის ძე: ხუშიმი.
24 . ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
25 . ესენი იყვნენ ბილჰას ძენი, რომელიც ლაბანმა რახელს, თავის ასულს გაატანა მოახლედ. ესენი უშვა იაკობს, სულ შვიდი სული.
26 . ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი ნაშიერი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა - სულ სამოცდაექვსი სული.
27 . იოსების ძენი, რომლებიც ეგვიპტეში შეეძინა, ორნი იყვნენ. იაკობის სახლეულის ყველა სული, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ მივიდნენ - სულ სამოცდაათი იყო.
28 . და გაგზავნა იუდა იოსებთან, რომ გოშენისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა მისთვის და მივიდნენ გოშენის ქვეყანაში.
29 . აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან შესახვედრად. და რა იხილა იგი, გადაეხვია და დიდხანს ტიროდა.
30 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!”
31 . და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლეულს: "წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეული, ქანაანის ქვეყანაში რომ ცხოვრობდნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.
32 . ვეტყვი: მეცხვარეები არიან ეს კაცები, მესაქონლეები. და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, რაც გააჩნდათ - წამოასხეს.
33 . და როცა მოგიხმობთ ფარაონი და გკითხავთ: "რა საქმიანობას ეწევით?”
34 . ეტყვით: "მესაქონლე ხალხი იყვნენ შენი მონები სიყრმიდან დღემდე, ჩვენც და ჩვენი მამებიც”. რათა დამკვიდრდეთ გოშენის ქვეყანაში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე”.
1 . და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2 . "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3 . არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4 . არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5 . თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
6 . და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
7 . არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
8 . გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.
9 . ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
10 . ხოლო მეშვიდე დღე - უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11 . რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12 . პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
13 . არა კლა.
14 . არ იმრუშო.
15 . არ იქურდო.
16 . არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17 . არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
18 . ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.
19 . უთხრეს მოსეს: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”.
20 . უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ”.
21 . მოშორებით იდგა ხალხი, მოსე კი მივიდა ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.
23 . ნუ გაიკეთებთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთებს, ვერცხლისა და ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24 . გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25 . თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა სატეხს, წაბილწავ მას.
26 . საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
1 . შეკრიბა იეშუამ ისრაელის ყველა ტომი შექემში და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზემდგომებს და წარდგნენ ისინი უფლის წინაშე.
2 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები - თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.
3 . მამათქვენი აბრაჰამი მდინარის გაღმიდან წამოვიყვანე და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, გავამრავლე მისი თესლი და მივეცი ისაკი.
4 . მივეცი ისაკს იაკობი და ესავი, ესავს სეყირის მთა მივეცი სამკვიდროდ, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.
5 . გავგზავნე მოსე და აჰარონი და დავაწყლულე ეგვიპტე იმ სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში; მერე გამოგიყვანეთ.
6 . გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან და მიადგნენ ზღვას; წითელ ზღვამდე მოსდევდნენ ეგვიპტელნი თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით.
7 . შეჰღაღადეს უფალს და მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი; თქვენი თვალით ნახეთ, რაც მოვიმოქმედე ეგვიპტეში; და მკვიდრობდით უდაბნოში მრავალი დღე.
8 . მიგიყვანეთ ამორელთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ მკვიდრობდნენ. შეგებრძოლნენ, მაგრამ ხელში ჩაგიგდეთ ისინი, თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენი პირისგან.
9 . ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, შეებრძოლა ისრაელს და მიავლინა ბილყამ ბეყორის ძის მოსახმობად, რათა დაეწყევლეთ.
10 . მაგრამ არ ვინებე ბილყამის მოსმენა და კურთხევით გაკურთხათ მან. ასე გიხსენით მისი ხელისგან.
11 . გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. შეგებრძოლნენ იერიხოს პატრონები: ამორელები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელნი, გირგაშელნი, ხიველნი და იებუსელნი და ხელში ჩაგიგდეთ ისინი.
12 . კრაზანები მივუსიე და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორელი მეფე, მაგრამ არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.
13 . და მოგეცით ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ და ქალაქები, რომლებიც არ გიშენებიათ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ მათში; ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც არ დაგირგავთ, მაგრამ თქვენ ჭამთ.
14 . ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ.
15 . და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
16 . მიუგო ხალხმა და თქვა: "შორს იყოს ჩვენგან ისეთი საქმე, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
17 . რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ჩვენს თვალწინ დიადი სასწაულები და გვიცავდა ყოველ გზაზე, რომელზეც დავდიოდით და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გავიარეთ.
18 . განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი”.
19 . უთხრა იეშუამ ხალხს: "ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი - ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.
20 . თუ მიატოვებთ უფალს და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას, მოგიბრუნდებათ, ბოროტებას დაგათევთ და ბოლოს მოგიღებთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ”.
21 . უპასუხა ხალხმა იეშუას: "არა, მხოლოდ უფალს გვინდა ვემსახუროთ!”
22 . უთხრა იეშუამ ხალხს: "თქვენვე ხართ თქვენი თავის მოწმენი, რომ უფალი აირჩიეთ, რათა მას ემსახუროთ!” უპასუხეს: "მოწმენი ვართ!”
23 . "ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ”.
24 . უთხრა ხალხმა იეშუას: "უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”.
25 . იმ დღეს დადო იეშუამ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
26 . და ჩაწერა იეშუამ ეს სიტყვები ღმერთის რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს: "აჰა, ეს ქვა იქნება მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც გვითხრა უფალმა; და იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი”.
28 . და გაუშვა იეშუამ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29 . ამ ამბების შემდედ, ას ათი წლის მოკვდა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური.
30 . და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომაა, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31 . ემსახურებოდა ისრაელი უფალს იეშუას სიცოცხლის დღეებში და უხუცესთა სიცოცხლის დღეებში, რომლებიც ცხოვრობდნენ იეშუას მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისთვის.
32 . დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების მიერ ამოტანილი იოსების ძვლები შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც იოსების ძეების საკუთრება გახდა და ას კესიტად ჰქონდა ნაყიდი იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან.
33 . და მოკვდა ელეაზარი, აჰარონის ძე და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეცა მას.
1 . სიტყვა, რომელიც ესმა იერემიას უფლისგან იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში:
2 . "წადი რექაბიანთა სახლში, ელაპარაკე, მიიყვანე უფლის სახლის ერთ-ერთ ოთახში და ღვინო შესთავაზე”.
3 . წავიყვანე იაყაზანია ირმიაჰუს ძე, ხაბაცინიას ძისა, მისი ძმა და მისი ყველა ძე და რექაბიანთა მთელი სახლი.
4 . მივიყვანე ისინი უფლის სახლში იგდალიას, ღვთის კაცის შვილის, ხანანის ძის ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო, მაყასეია შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ.
5 . და დავუდგი რექაბიანთა სახლიკაცებს ღვინით სავსე თასები და ჭიქები; ვუთხარი: "დალიეთ ღვინო!”
6 . მითხრეს: "ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან ასე გვიბრძანა იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ: ღვინო არც თქვენ დალიოთ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდეო!
7 . სახლები არ აიშენოთ, ნურც თესლს დათესავთ, ნურც ვენახს გააშენებთო და არც შეიძინოთო! კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა დიდხანს იცოცხლოთ იმ მიწაზე, რომელზეც ხიზნობთო!
8 . გავუგონეთ იონადაბ რექაბის ძის, ჩვენი მამის ხმას, ყველაფერში, რაც გვიბრძანა: ღვინოს მთელი ჩვენი დღეების განმავლობაში არ ვსვამთ, არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ძეები და არც ჩვენი ასულები;
9 . არც სახლებს ვიშენებთ საცხოვრებლად; არც ვენახი გვაქვს, არც მინდორი და არც თესლი.
10 . კარვებში ვცხოვრობთ. დავემორჩილეთ და ყოველივე ისე აღვასრულეთ, როგორც იონადაბმა, ჩვენმა მამამ გვიბრძანა.
11 . მაგრამ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამოვიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ვთქვით: იერუსალიმში წავიდეთ, გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს! და დავრჩით იერუსალიმში”.
12 . ასეთი სიტყვა მოვიდა იერემიასადმი უფლისგან:
13 . "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მცხოვრებთ: არ მიიღებთ დარიგებას და არ შეისმენთ ჩემს სიტყვებს? ამბობს უფალი.
14 . შეასრულეს იონადაბ რექაბის ძის სიტყვები, რომელმაც თავის შთამომავლებს უბრძანა, ღვინო არ დაელიათ; და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს მამის ბრძანება. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, გეუბნებოდით და არ მომისმინეთ!
15 . გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ამ სიტყვებით: თითოეული მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწოროს საქციელი, ნუ გაჰყვება უცხო ღმერთებს სამსახურებლად და დამკვიდრდებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით-მეთქი; მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ შეისმინეთ.
16 . იონადაბ რექაბის ძის შვილებმა შეასრულეს თავიანთი მამის ბრძანება, ამ ხალხმა კი ჩემი არ შეისმინა!
17 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა ის უბედურება, რაც ვთქვი, რადგან ვეუბნებოდი და არ შეისმინეს, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ”.
18 . რექაბიანთა სახლს კი უთხრა იერემიამ: "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ გაიგონეთ იონადაბის, თქვენი მამის ნათქვამი და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და ყოველივე ისე შეასრულეთ, როგორც გიბრძანათ,
19 . ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ მოეკვეთება იონადაბ რექაბის ძეს ჩემ წინაშე მჯდომი კაცი უკუნისამდე”.
1 . ეს სიტყვები რომ დაასრულა, გალილეიდან იუდეის საზღვრებში წავიდა იესო და იორდანეს გაღმა მივიდა.
2 . დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ.
3 . მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: "თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
4 . ხოლო მან უთხრა პასუხად: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
5 . და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
6 . ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
7 . უთხრეს მას: "აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?”
8 . უთხრა მათ: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
9 . მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
10 . უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”.
11 . უთხრა მათ: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
12 . ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.
13 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
14 . იესომ თქვა: "გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
15 . დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
16 . და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”
17 . ხოლო მან უთხრა: "რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.
18 . ჰკითხა: "რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.
19 . პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
20 . უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?”
21 . უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!
24 . კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
25 . ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
26 . გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.
27 . მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?”
28 . ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.
29 . და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
30 . ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
1 . თავის მოწაფეებსაც უთხრა: "იყო ერთი მდიდარი კაცი; ჰყავდა სახლმმართველი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, ქონებას გინიავებსო.
2 . დაიბარა და უთხრა: ეს რა გავიგე შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში, რადგან სახლმმართველი ვეღარ იქნებიო.
3 . მაშინ თქვა სახლმმართველმა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მმართველობას მართმევს. ბარვა მე არ შემიძლია, მათხოვრობის კი მრცხვენია.
4 . ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მმართველობას ჩამომაშორებენ.
5 . სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის მოვალეები; ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
6 . მიუგო: ასი საწყაო ზეთი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი, ახლავე დაჯექი და ორმოცდაათი დაწერე.
7 . შემდეგ სხვას ჰკითხა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: ასი საწყაო ხორბალი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი და ოთხმოცი დაწერე.
8 . და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.
9 . მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში.
10 . მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.
11 . ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?
12 . და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13 . არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!”
14 . ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.
15 . უთხრა მათ: "თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან, რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
16 . რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; ხოლო მას მერე ღმერთის სამეფო იქადაგება და ყველანი ძალისხმევით შედიან მასში.
17 . უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდეს რჯულიდან.
18 . ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს”.
19 . "იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
20 . ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული.
21 . ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
22 . მოკვდა გლახაკი და ანგელოზებმა აბრაჰამის წიაღში მიიყვანეს. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
23 . და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.
24 . შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.
25 . უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი - სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
26 . გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.
27 . უთხრა: რაკი ასეა, გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც მიავლინე იგი.
28 . რადგან ხუთი ძმა მყავს, მივიდეს და გააფრთხილოს, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველში.
29 . მაგრამ უთხრა მას აბრაჰამმა: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ.
30 . მან კი თქვა: არა, მამაო აბრაჰამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.
31 . და უთხრა მას აბრაჰამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ დაუგდეს ყური, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, იმასაც არ ერწმუნებიან”.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებულ იტალიურ კოჰორტას ასისთავობდა.
2 . მთელი თავისი სახლეულით მართალი და ღვთისმოშიში, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისთვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის მიმართ.
3 . მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!”
4 . მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: "რა არის, უფალო?” უთხრა: "შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.
5 . გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება.
6 . იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”.
7 . მასთან მოსაუბრე ანგელოზი რომ წავიდა, დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ ღვთისმოსავ ჯარისკაცს, მუდმივად თან რომ ახლდა.
8 . უამბო ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
9 . მეორე დღეს, გაგზავნილები ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცად. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
10 . მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა და ჩვენება იხილა.
11 . დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე.
12 . დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი იყო მასში.
13 . და იყო ხმა მის მიმართ: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე”.
14 . მიუგო პეტრემ: "არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”.
15 . მეორედაც იყო ხმა მის მიმართ: "რაც ღმერთმა განწმიდა, უწმიდურად ნუ მიიჩნევ”.
16 . ასე მოხდა სამგზის და მყისვე ცისკენ ამაღლდა ჭურჭელი.
17 . ვიდრე პეტრე თავისთვის ფიქრობდა, როგორ უნდა გაეგო ჩვენება, რომელიც იხილა, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა იკითხეს სიმონის სახლი და ჭიშკართან დადგნენ.
18 . დაიძახეს და იკითხეს: "აქ დგას ბინად სიმონი, პეტრედ წოდებული?”
19 . სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: "აი, სამი კაცი გეძებს.
20 . ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.
21 . ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: "მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?”
22 . ხოლო მათ უთხრეს: "ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”.
23 . მაშინ მიიწვია ისინი პეტრემ და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ. თან ზოგიერთი იაფოელი ძმაც გაიყოლა.
24 . კესარიას მეორე დღეს მიაღწიეს. კორნელიუსს თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა და მათ ელოდებოდა.
25 . პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
26 . პეტრემ წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ადამიანი ვარ”.
27 . მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც მრავალი დახვდა შეკრებილი.
28 . უთხრა: "როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.
29 . ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?”
30 . მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა.
31 . მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.
32 . ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას.
33 . მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”.
34 . გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
35 . არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.
36 . მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!
37 . თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა;
38 . როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
39 . ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით.
40 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა,
41 . არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
42 . მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
43 . მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.
44 . პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა.
45 . მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი,
46 . რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ:
47 . "ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”
48 . და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
1 . ჩავიდა დერბესა და ლისტრას. იქ იყო ერთი მოწაფე, ტიმოთედ წოდებული, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
2 . რომელზეც ამოწმებდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
3 . პავლემ მისი თან წაყვანა მოისურვა. წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადაცვითა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
4 . ქალაქებში გავლისას ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
5 . ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
6 . კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
7 . მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
8 . გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ.
9 . და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო;
10 . ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.
11 . გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი - ნეაპოლისს;
12 . იქიდან - ფილიპეს, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი-კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
13 . შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ.
14 . გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.
15 . ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.
16 . ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17 . იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.
18 . ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.
19 . დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.
20 . მთავრებს რომ მიჰგვარეს, უთხრეს: "ეს კაცები იუდეველნი არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
21 . გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ”.
22 . აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23 . მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
24 . ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.
25 . შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26 . უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
27 . ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
28 . მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: "შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”.
29 . მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
30 . გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”
31 . მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.
32 . უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს.
33 . იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
34 . სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.
35 . გათენებისთანავე, მსახურები გაგზავნეს მთავრებმა და უთხრეს: "გაუშვი ის კაცები”.
36 . შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: "მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და წადით მშვიდობით”.
37 . მაგრამ პავლემ შეუთვალა: "ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, სახალხოდ, განუკითხავად გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, დაე მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ”.
38 . ეს სიტყვები მთავრებს მოახსენეს მსახურებმა. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
39 . მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილედან და სთხოვეს, ქალაქიდან წასულიყვნენ.
40 . საპყრობილედან გამოსვლისთანავე მივიდნენ ლიდიას სახლში, ძმები მოინახულეს, ანუგეშეს და გაემგზავრნენ.
1 . მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს.
2 . იმისთვის გაქებთ თქვენ ძმებო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ისე ინახავთ მოძღვრებას, როგორც გადმოგეცით.
3 . ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი - ქმარია და ქრისტეს თავი - ღმერთია.
4 . ყოველი მამაკაცი, ვინც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
5 . ხოლო ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგან ეს იგივეა, ვითომც გადაპარსული იყოს;
6 . თუ დედაკაცი არ დაიხურავს, გადაიპარსოს, ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია იყოს თმაშეჭრილი ან გადაპარსული, თავდაბურული იყოს.
7 . მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.
8 . ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი - მამაკაცისგან.
9 . ასევე, მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცისთვის, არამედ დედაკაცი - მამაკაცისთვის.
10 . ამიტომ დედაკაცი ვალდებულია თავზე ძალაუფლების ნიშანი ჰქონდეს ანგელოზების გულისთვის.
11 . თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.
12 . ვინაიდან, ისევე როგორც დედაკაცია მამაკაცისგან, მამაკაციც დედაკაცის მეშვეობით იშვება; ხოლო ყოველივე ღვთისგან არის.
13 . თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუბურავი ლოცვა?
14 . ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისათვის სამარცხვინოა გრძელთმიანობა?
15 . მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის: გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული.
16 . და თუ ვინმე დავას განიზრახავს, არც ჩვენ და არც ღვთის ეკლესიებს ასეთი ჩვეულება არა გვაქვს.
17 . ხოლო ამას რომ გამცნობთ, არ გაქებთ, იმიტომ რომ იკრიბებით არა უმჯობესისთვის, არამედ უარესისთვის.
18 . რადგან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა.
19 . თუმცა აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი.
20 . ამიტომ, ერთადშეკრებილნიც კი არ ჭამთ უფლის სერს.
21 . რადგან თითოეული ჯერ თავის საჭმელს მიირთმევს სერობისას და ზოგი მშიერია, ზოგი კი მთვრალი.
22 . განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.
23 . ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით; რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,
24 . მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: "მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”.
25 . სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.
26 . რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.
27 . ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
28 . ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოს ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან.
29 . ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული.
30 . ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს.
31 . თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.
32 . ხოლო მსჯავრდადებულნი, უფლის მიერ ვიწვრთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
33 . ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ.
34 . და თუ ვინმეს შია, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.
1 . რაც შეეხება წმიდანებისთვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
2 . ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, რათა მანდ რომ მოვალ, მაშინ არ გროვდებოდეს.
3 . ხოლო, როცა მოვალ, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის იერუსალიმში წასაღებად.
4 . და თუ იქ ჩემი წასვლაც საჭირო იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
5 . ხოლო თქვენთან, მაკედონიის გავლის შემდეგ მოვალ; ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო.
6 . თქვენთან კი, შესაძლოა, დავრჩე ან იქნებ გამოვიზამთრო კიდეც, რათა იქ გამაცილოთ, სადაც წავალ,
7 . ვინაიდან ახლა გავლით არ მინდა თქვენი ნახვა, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ დამრთავს ნებას უფალი.
8 . ხოლო ეფესოში ორმოცდამეათე დღის ზეიმამდე დავრჩები,
9 . ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
10 . ტიმოთე თუ მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან; ვინაიდან ისევე, როგორც მე, ისიც უფლის საქმეს აკეთებს.
11 . ამიტომ არავინ უგულებელყოს, არამედ გამოისტუმრეთ მშვიდობიანად, რათა ჩემთან მოვიდეს; ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.
12 . რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწე, მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ ახლა არ ისურვა წამოსვლა. მოვა, როცა შეძლებს.
13 . იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.
14 . ყოველივე სიყვარულით გააკეთეთ.
15 . ჰოდა შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი წმიდანთა მსახურებას მიუძღვნეს.
16 . თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა.
17 . მე კი ვხარობ სტეფანეს, ფორტუნატესა და აქაიკეს მოსვლით, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა,
18 . რადგან ჩემი სულიც დაამშვიდეს და თქვენიც. ამიტომ აღიარეთ ასეთები.
19 . მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები; დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საოჯახო ეკლესია.
20 . მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
21 . მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს ხელით.
22 . ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!
23 . ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან,
24 . ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში, ამინ!
1 . შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
2 . პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
3 . რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
4 . თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5 . მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
6 . არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
7 . გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.
8 . იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9 . და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10 . დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11 . შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
12 . რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13 . ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.
14 . მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
15 . და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16 . და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17 . აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
18 . ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19 . ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20 . რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21 . რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს ტვიქიკოსი გაუწყებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.
22 . რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23 . მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
24 . მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!
1 . პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული, სიცოცხლის აღთქმისამებრ ქრისტე იესოში,
2 . ტიმოთეს, საყვარელ შვილს - მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან.
3 . ვმადლობ ღმერთს, რომელსაც წმიდა სინდისით ვემსახურები წინაპრებივით და განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.
4 . ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, მენატრება შენი ნახვა, რათა აღვივსო სიხარულით.
5 . მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;
6 . ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;
7 . რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
8 . მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი - მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,
9 . რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;
10 . ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით,
11 . რომლის მოქადაგედ, მოციქულად და მასწავლებლადაც ვარ დადგენილი.
12 . ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო.
13 . ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.
14 . შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
15 . ეს იცი, რომ ყველამ მიმატოვა აზიაში, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც.
16 . უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მრავალჯერ გამამხნევა მან და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა,
17 . არამედ რომში მოსულმა გულმოდგინედ მეძება და მომნახა.
18 . ინებოს ღმერთმა, რომ უფლის მიერი წყალობა ჰპოვოს იმ დღეს; ხოლო ეფესოში როგორც იმსახურა, შენ უკეთ იცი.
1 . მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: "მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩო-საბადებლით; უკვე გოშენის მიწაზე არიან”.
2 . ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
3 . ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: "რა საქმიანობას ეწევით?” უთხრეს: "ცხვრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა”.
4 . უთხრეს ფარაონს: "ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე”.
5 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მამაშენი და შენი ძმები მოგივიდნენ.
6 . შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. დაე იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინე ჩემს საქონელს”.
7 . მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8 . ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”
9 . უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.
10 . აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან.
11 . დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა.
12 . ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13 . და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14 . შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა.
15 . და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: "მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!”
16 . უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
17 . მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.
18 . გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19 . რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”.
20 . და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა.
21 . მონებად აქცია ხალხი ქალაქებში - ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
22 . მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები.
23 . უთხრა იოსებმა ხალხს: "აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა.
24 . მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”.
25 . თქვეს: "სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”.
26 . დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
27 . და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავლდნენ ფრიად.
28 . იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო მისი სიცოცხლის დღენი ასორმოცდაშვიდი წელი.
29 . როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე! ნუ დამმარხავ ეგვიპტეში!
30 . და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში”. უთხრა იოსებმა: "შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი!”
31 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” შეჰფიცა იოსებმა. და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.
1 . მიუგო მოსემ: "რომ არ დამიჯერონ და არ შეისმინონ ჩემი ნათქვამი, იქნებ მითხრან, არ გამოგეცხადაო უფალი?”
2 . ჰკითხა უფალმა: "რა გიჭირავს ხელში?” უთხრა: "კვერთხი”.
3 . თქვა უფალმა: "დააგდე მიწაზე”. დააგდო მიწაზე; და იქცა კვერთხი გველად, და გაიქცა მოსე მისგან.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი და კუდით დაიჭირე”. გაიწოდა ხელი, დაიჭირა იგი და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.
5 . "ეს იმისათვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.
6 . კვლავ უთხრა უფალმა: "ჩაიყავი ხელი უბეში!” მანაც ჩაიყო უბეში ხელი და უკან რომ გამოიღო, ხედავს, თოვლივით თეთრი და კეთროვანია ხელი.
7 . უთხრა: "ისევ ჩაიყავი ხელი უბეში”. დააბრუნა ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და ნახა, რომ აღუდგა დანარჩენი ხორცივით.
8 . "თუ არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ პირველ ნიშანს, მეორე ნიშანზე მაინც გერწმუნებიან.
9 . თუ ამ ორივე ნიშანზეც არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ შენს სიტყვას, აიღე წყალი მდინარიდან და დაღვარე ხმელეთზე; წყალი, რომელსაც აიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე”.
10 . უთხრა მოსემ უფალს: "გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ და არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ”.
11 . უთხრა უფალმა: "ვინ მისცა ბაგე კაცს; ვინ შექმნა მუნჯი ან ყრუ, მხედველი ან ბრმა? განა მე არა, უფალმა?
12 . ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რა უნდა თქვა”.
13 . თქვა მოსემ: "გთხოვ, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე”.
14 . და აღინთო უფლის რისხვა მოსეზე და უთხრა მას: "განა შენი ძმა არ არის ლევიანი აჰარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს; და გამოვა იგი შენს შესახვედრად, გიხილავს და გულით გაიხარებს.
15 . ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეებს; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
16 . ის ილაპარაკებს ხალხთან შენს მაგივრად. ის იქნება შენი ბაგე და შენ იქნები მისთვის როგორც ღმერთი.
17 . აიღე ხელში ეგ კვერთხი, რომლითაც მოახდენ სასწაულებს”.
18 . წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან და უთხრა მას: "წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომლებიც ეგვიპტეში არიან, რათა ვნახო, ცოცხლები არიან თუ არა”. და უთხრა ითრომ მოსეს: "მშვიდობით იარე”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: "წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა”.
20 . შესხა მოსემ თავისი ცოლი და ვაჟები სახედრებზე და დაბრუნდა ეგვიპტის ქვეყანაში. და აიღო მოსემ ღვთის კვერთხი ხელში.
21 . უთხრა უფალმა მოსეს: "როცა წახვალ და დაბრუნდები ეგვიპტეში, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. მე გავასასტიკებ ფარაონის გულს და არ გაუშვებს ხალხს.
22 . უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი ძე, ჩემი პირმშოა, ისრაელი;
23 . ამიტომ გეუბნები - გამოუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს და თუ არ გამოუშვებ, აჰა, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს!”
24 . ისე მოხდა, რომ გზაზე, ღამის გასათევში შეხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
25 . აიღო ციფორამ კაჟი, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს და ფერხთით დაუგდო მას და თქვა: "სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის”.
26 . და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ: "სისხლის ნეფე ხარ წინადაცვეთის გამო”.
27 . უთხრა უფალმა აჰარონს: "წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში”. ისიც წავიდა, შეხვდა მოსეს ღვთის მთასთან და აკოცა.
28 . და მოუთხრო მოსემ აჰარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც მოავლინა და ყოველი ნიშანი, რომლის მოხდენაც უბრძანა.
29 . წავიდა მოსე აჰარონთან ერთად და შეკრიბეს ისრაელის ძეთა უხუცესნი.
30 . და მოუთხრო აჰარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა მოსეს უფალმა და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31 . ირწმუნა ხალხმა, რომ გაიხსენა უფალმა ისრაელის ძენი და რომ იხილა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
1 . ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს, სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "მთლიანად აღრიცხეთ ისრაელის ძენი, ოჯახების, მამის სახლეულისა და სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამაკაცი, მათი სულადობით.
3 . ყველა, ოცი წლის და მასზე უფროსი, ვინც კი ბრძოლისუნარიანია ისრაელში, თავისი ლაშქრის მიხედვით აღრიცხეთ შენ და აჰარონმა.
4 . და იყოს თქვენთან თითო კაცი ყოველი ტომიდან; თავკაცი უნდა იყოს იგი თავისი მამისეული სახლისა.
5 . ეს არის მამაკაცთა სახელები, რომლებიც თქვენთან ერთად დადგებიან: რეუბენიდან ელიცური, შედეურის ძე;
6 . სიმონიდან შელუმიელი, ცურიშადაის ძე,
7 . იუდასგან ნახშონი, ყამინადაბის ძე;
8 . ისაქარისგან ნათანელი, ცუარის ძე;
9 . ზებულონისგან ელიაბი, ხელონის ძე;
10 . იოსების ძეთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ყამიჰუდის ძე; მენაშედან გამალიელი, ფედაცურის ძე;
11 . ბენიამინიდან აბიდანი, გედეონის ძე;
12 . დანიდან ახიყეზერი, ყამიშადაის ძე;
13 . აშერიდან ფაგეყიელი, ყაქრანის ძე;
14 . გადიდან ელიასაფი, რეღუელის ძე;
15 . ნაფთალიდან ახირაყი, ყენანის ძე.
16 . ესენი იყვნენ გაწვეულნი მთელი ისრაელიდან, მთავარნი თავიანთი მამების ტომებისა, ათასეულთა მეთაურები.
17 . მოიყვანეს მოსემ და აჰარონმა ეს კაცები, რომლებიც სახელებით იყვნენ მოწოდებულნი;
18 . შეკრიბეს მთელი თემი, მეორე თვის პირველ დღეს და გამოაცხადეს თავისი გვარეულობა ოჯახებისა და მამის სახლეულის მიხედვით, სახელთა რიცხვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი სულადობისამებრ.
19 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში.
20 . ისრაელის პირმშოს, რეუბენის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
21 . რეუბენის ტომიდან, ორმოცდაექვსი ათას ხუთასი აღრიცხა.
22 . სიმონის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
23 . სიმონის ტომიდან, ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი აღრიცხა.
24 . გადის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
25 . გადის ტომიდან, ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი აღრიცხა.
26 . იუდას ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
27 . იუდას ტომიდან, სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი აღრიცხა.
28 . ისაქარის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
29 . ისაქარის ტომიდან, ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
30 . ზებულონის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
31 . ზებულონის ტომიდან, ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
32 . იოსების ძეთაგან: ეფრემის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
33 . ეფრემის ტომიდან, ორმოცი ათას ხუთასი აღრიცხა.
34 . მენაშეს ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
35 . მენაშეს ტომიდან, ოცდათორმეტი ათას ორასი აღრიცხა.
36 . ბენიამინის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
37 . ბენიამინის ტომიდან ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
38 . დანის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
39 . დანის ტომიდან, სამოცდაორი ათას შვიდასი აღრიცხა.
40 . აშერის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
41 . აშერის ტომიდან, ორმოცდაერთი ათას ხუთასი აღრიცხა.
42 . ნაფთალის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
43 . ნაფთალის ტომიდან, ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
44 . ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც მოსემ, აჰარონმა და ისრაელის თორმეტმა მთავარმა, თითო კაცმა თავისი მამის სახლეულიდან, აღრიცხა.
45 . ისრაელის ყოველი ძე, მამის სახლთა მიხედვით აღრიცხული, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყველა, ვინც ბრძოლისუნარიანი იყო და ისრაელის დასაცავად გასვლას შეძლებდა,
46 . ყოველმა აღრიცხულმა ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი შეადგინა.
47 . არ აღრიცხულან მათ შორის ლევიანნი, მათი მამისეული ტომის მიხედვით.
48 . უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "მხოლოდ ლევის ტომი არ აღრიცხო და ნუ მიათვლი მათ ისრაელის ძეებს.
50 . დაადგინე ლევიანები მოწმობის კარავზე, ყოველ მის ჭურჭელზე და ყოველივეზე, რაც მასშია; დაე, ისინი ატარებდნენ მას თავის ჭურჭელთან ერთად და დაიბანაკონ კარვის გარშემო.
51 . გამგზავრებისას ან დაბანაკებისას ლევიანებმა დაშალონ და აღმართონ სავანე; უცხოთაგან მიახლოებული კი მოიკლას.
52 . ისრაელის ძეთ, თითოეულმა თავის ბანაკში, თავის დროშასთან დაიბანაკოს, თავისი ლაშქრით.
53 . ლევიანებმა კი დაიბანაკონ მოწმობის კარვის ირგვლივ, რათა არ იყოს რისხვა ისრაელიანებზე; და იფხიზლებენ ლევიანები მოწმობის კარვის სადარაჯოზე”.
54 . ყოველივე ისე აღასრულეს ისრაელის ძეებმა, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს.
1 . ასეთია აჰარონისა და მოსეს შთამომავლობა იმ დღისთვის, უფალი რომ ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე.
2 . ესენია აჰარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
3 . ესაა აჰარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც დაადგინა მსახურებისთვის.
4 . დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა სინაის უდაბნოში, უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, შვილები კი არ ჰყავდათ მათ; და მსახურებდნენ ელეაზარი და ითამარი აჰარონის, მათი მამის სიცოცხლეში.
5 . უთხრა უფალმა მოსეს:
6 . "დაუახლოვე ლევის ტომი აჰარონ მღვდელს და დაადგინე მის წინაშე, რათა ემსახურონ.
7 . ისინი აასრულებენ მოვალეობას აჰარონისა და მთელი თემის წინაშე საკრებულო კარვისა და სავანის სამსახურებლად.
8 . იფხიზლებენ საკრებულო კარვის ყოველ ჭურჭელსა და ისრაელიანთა ვალდებულებებზე, სავანის მსახურების გასაწევად.
9 . გადაეცი ლევიანები აჰარონსა და მის ძეებს, მთლიანად იქნებიან გადაცემულნი ისრაელის ძეთაგან.
10 . მღვდლობა აჰარონსა და მის ძეებს დაავალე, უცხო თუ მიუახლოვდეს, მოიკლას”.
11 . უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "აჰა, ავიყვანე ლევიანნი ისრაელიანთაგან, ყოველი პირმშოს სანაცვლოდ, რომელიც საშოს გააპობს; ჩემები იქნებიან ისინი;
13 . ვინაიდან ჩემია ყველა პირველშობილი, რადგან იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი ეგვიპტელი პირმშო, ჩემთვის განვიწმიდე ყველა პირველშობილი ისრაელიანთაგან; ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან, მე ვარ უფალი”.
14 . უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში:
15 . "აღრიცხე ლევის ძენი მათი მამის სახლეულითა და გვარებით; აღრიცხე ყოველი მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი”.
16 . და აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა.
17 . ესენი იყვნენ ლევის ძენი თავისი სახელებით: გერშონი, კეჰათი და მერარი.
18 . ესენია გერშონის ძეთა სახელები საგვარეულოთა მიხედვით: ლიბნი და შიმყი.
19 . და კეჰათის ძენი საგვარეულოთა მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
20 . მერარის ძენი საგვარეულოთა მიხედვით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლთა მიხედვით.
21 . გერშონისგან: ლიბნისა და შიმყის ოჯახი; ესაა გერშონის საგვარეულო.
22 . ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, შვიდი ათას ხუთასს შეადგენდა.
23 . სავანის უკან, დასავლეთით უნდა დაებანაკა გერშონიანთა საგვარეულოს.
24 . გერშონის მამისეული სახლის მთავარი ლაელის ძე, ელიასაფი იყო.
25 . გერშონიანების პასუხისმგებლობაში შედიოდა სავანე, კარავი თავისი გადასაფარებლით და კრეტსაბმელი, საკრებულო კარვის შესასვლელში;
26 . ეზოს ფარდები, აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ ეზოს კარიბჭის ფარდა, თავისი მისაბმელებითა და სრული აღჭურვილობით.
27 . კეჰათისგან: ყამრამის, იცჰარის, ხებრონისა და ყუზიელის საგვარეულო: ესენი იყვნენ კეჰათიანები.
28 . ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, რომელიც საწმიდრის მსახურებას ასრულებდა, რვა ათას ექვსას შეადგენდა.
29 . სავანის გვერდით, სამხრეთისკენ უნდა დაებანაკა კეჰათიანთა საგვარეულოს.
30 . კეჰათიანთა მამისეული სახლის მთავარი ყუზიელის ძე, ელიცაფანი იყო.
31 . მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა კიდობანი, მაგიდა და სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლეული, რომლითაც მსახურებდნენ და კრეტსაბმელი მთელი მისი აღჭურვილობით.
32 . ლევიანების მთავართა მთავარი აჰარონ მღვდლის ძე, ელეაზარი იყო: მისი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ საწმიდრის მომსახურენი.
33 . მერარისგან: მახლისა და მუშის საგვარეულო: ესენი იყვნენ მერარიანები.
34 . ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ექვსი ათას ორასს შეადგენდა.
35 . მერარის მამისეული სახლის მთავარი აბიჰაილის ძე, ცურიელი იყო; სავანის გვერდით, ჩრდილოეთით უნდა დაებანაკათ მათ.
36 . მერარიანებს სავანის ძელების, მისი ურდულების, სვეტების, კვარცხლბეკების, ჭურჭლისა და მთელი მისი აღჭურვილობის მოვლა ევალებოდათ;
37 . ასევე სვეტები ეზოს გარშემო, მისი კვარცხლბეკები და პალოები თავისი თოკებით.
38 . სავანის წინ, აღმოსავლეთით, საკრებულო კარვის წინ, მზის აღმოსავალისკენ დაბანაკდნენ მოსე, აჰარონი და მისი ძენი, საწმიდრის მსახურების გასაწევად და ისრაელიანთა ვალდებულებების შესასრულებლად; უცხო კი, ვინც მიუახლოვდებოდა, უნდა მომკვდარიყო;
39 . ყველა ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა თავისი საგვარეულოებით, ყოველი მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ოცდაორ ათასს შეადგენდა.
40 . უთხრა უფალმა მოსეს: "აღრიცხე ისრაელიანთაგან ყოველი მამრი პირმშო, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, გადათვალე ისინი სახელებით
41 . და აიყვანე ჩემთვის ლევიანნი, მე ვარ უფალი, ყოველი პირმშოს სანაცვლოდ ისრაელიანთაგან, ლევიანთა პირუტყვი კი, ისრაელიანთა პირუტყვის ყოველი პირველმონაგების სანაცვლოდ”.
42 . და აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა, ისრაელიანთა ყოველი პირმშო,
43 . ყოველი მამრი პირმშო, სახელდებითი აღრიცხვით, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი იყო.
44 . უთხრა უფალმა მოსეს:
45 . "აიყვანე ლევიანნი ისრაელიანთა ყოველი პირმშოს სანაცვლოდ, ლევიანების პირუტყვი, მათი საქონლის სანაცვლოდ და ჩემი იქნებიან ლევიანები; მე ვარ უფალი.
46 . ხოლო იმ ორას სამოცდაცამეტის გამოსასყიდად, რომლითაც აღემატებიან ლევიანებს ისრაელიანთა პირმშონი,
47 . ხუთ-ხუთი შეკელი აიღე ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც ოც გერას იწონის.
48 . და მიეცი ეს ფული აჰარონსა და მის ძეთ, ზედმეტის გამოსასყიდად”.
49 . აიღო მოსემ ზედმეტის გამოსასყიდი ფული, ლევიანთა მიერ შენაცვლებულთა საპირწონედ.
50 . ისრაელიანთა პირმშოებისგან აიღო ეს ფული, საწმიდრის ათას სამას სამოცდახუთი შეკელით;
51 . და მისცა მოსემ გამოსასყიდი ფული აჰარონსა და მის ძეებს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.