1 . აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი და უთხრა: "ინაყოფიერეთ, იმრავლეთ, და აავსეთ დედამიწა”.
2 . ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
3 . ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება - საჭმელად გქონდეთ, ისევე როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.
4 . მაგრამ ნუ შეჭამთ ხორციელს მის სიცოცხლესთან ერთად, რომელიც მისი სისხლია.
5 . უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს.
6 . ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
7 . თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით დედამიწაზე და მომრავლდით მასზე”.
8 . და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:
9 . "აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან,
10 . ყოველ სულდგმულთან, რომელიც თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა.
11 . აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არცერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად”.
12 . თქვა ღმერთმა: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ:
13 . ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული აღთქმის ნიშანი.
14 . როცა გადავაფარებ ღრუბლებს დედამიწას და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა,
15 . გავიხსენებ აღთქმას, რომელიც ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის დავდე, და აღარ იქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად.
16 . გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.
17 . და უთხრა ღმერთმა ნოეს: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც კი ცხოვრობს დედამიწაზე”.
18 . ესენი იყვნენ ნოეს ძენი, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი ქანაანის მამამთავარი.
19 . ეს სამნი იყვნენ ნოეს ძეები; და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა.
20 . დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და გააშენა ვენახი.
21 . დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22 . დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამამისის სიშიშვლე და შეატყობინა თავის ორ ძმას, რომლებიც კარვის გარეთ იყვნენ.
23 . აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირუკუ, და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ მიმართული არ დაუნახავთ თავიანთი მამის სიშიშვლე.
24 . გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
25 . თქვა: "წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!”.
26 . და თქვა: "კურთხეულია უფალი, სემის ღმერთი; მის მსახურად იყოს ქანაანი.
27 . განავრცოს ღმერთმა იაფეთი და სემის კარვებში დაემკვიდროს. მის მსახურად იყოს ქანაანი.
28 . იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29 . და იყო ნოეს დღეები სულ ცხრაას ორმოცდაათი წელი და გარდაიცვალა.
1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . მიუგო მოსემ: "რომ არ დამიჯერონ და არ შეისმინონ ჩემი ნათქვამი, იქნებ მითხრან, არ გამოგეცხადაო უფალი?”
2 . ჰკითხა უფალმა: "რა გიჭირავს ხელში?” უთხრა: "კვერთხი”.
3 . თქვა უფალმა: "დააგდე მიწაზე”. დააგდო მიწაზე; და იქცა კვერთხი გველად, და გაიქცა მოსე მისგან.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი და კუდით დაიჭირე”. გაიწოდა ხელი, დაიჭირა იგი და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.
5 . "ეს იმისათვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.
6 . კვლავ უთხრა უფალმა: "ჩაიყავი ხელი უბეში!” მანაც ჩაიყო უბეში ხელი და უკან რომ გამოიღო, ხედავს, თოვლივით თეთრი და კეთროვანია ხელი.
7 . უთხრა: "ისევ ჩაიყავი ხელი უბეში”. დააბრუნა ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და ნახა, რომ აღუდგა დანარჩენი ხორცივით.
8 . "თუ არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ პირველ ნიშანს, მეორე ნიშანზე მაინც გერწმუნებიან.
9 . თუ ამ ორივე ნიშანზეც არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ შენს სიტყვას, აიღე წყალი მდინარიდან და დაღვარე ხმელეთზე; წყალი, რომელსაც აიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე”.
10 . უთხრა მოსემ უფალს: "გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ და არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ”.
11 . უთხრა უფალმა: "ვინ მისცა ბაგე კაცს; ვინ შექმნა მუნჯი ან ყრუ, მხედველი ან ბრმა? განა მე არა, უფალმა?
12 . ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რა უნდა თქვა”.
13 . თქვა მოსემ: "გთხოვ, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე”.
14 . და აღინთო უფლის რისხვა მოსეზე და უთხრა მას: "განა შენი ძმა არ არის ლევიანი აჰარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს; და გამოვა იგი შენს შესახვედრად, გიხილავს და გულით გაიხარებს.
15 . ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეებს; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
16 . ის ილაპარაკებს ხალხთან შენს მაგივრად. ის იქნება შენი ბაგე და შენ იქნები მისთვის როგორც ღმერთი.
17 . აიღე ხელში ეგ კვერთხი, რომლითაც მოახდენ სასწაულებს”.
18 . წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან და უთხრა მას: "წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომლებიც ეგვიპტეში არიან, რათა ვნახო, ცოცხლები არიან თუ არა”. და უთხრა ითრომ მოსეს: "მშვიდობით იარე”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: "წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა”.
20 . შესხა მოსემ თავისი ცოლი და ვაჟები სახედრებზე და დაბრუნდა ეგვიპტის ქვეყანაში. და აიღო მოსემ ღვთის კვერთხი ხელში.
21 . უთხრა უფალმა მოსეს: "როცა წახვალ და დაბრუნდები ეგვიპტეში, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. მე გავასასტიკებ ფარაონის გულს და არ გაუშვებს ხალხს.
22 . უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი ძე, ჩემი პირმშოა, ისრაელი;
23 . ამიტომ გეუბნები - გამოუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს და თუ არ გამოუშვებ, აჰა, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს!”
24 . ისე მოხდა, რომ გზაზე, ღამის გასათევში შეხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
25 . აიღო ციფორამ კაჟი, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს და ფერხთით დაუგდო მას და თქვა: "სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის”.
26 . და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ: "სისხლის ნეფე ხარ წინადაცვეთის გამო”.
27 . უთხრა უფალმა აჰარონს: "წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში”. ისიც წავიდა, შეხვდა მოსეს ღვთის მთასთან და აკოცა.
28 . და მოუთხრო მოსემ აჰარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც მოავლინა და ყოველი ნიშანი, რომლის მოხდენაც უბრძანა.
29 . წავიდა მოსე აჰარონთან ერთად და შეკრიბეს ისრაელის ძეთა უხუცესნი.
30 . და მოუთხრო აჰარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა მოსეს უფალმა და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31 . ირწმუნა ხალხმა, რომ გაიხსენა უფალმა ისრაელის ძენი და რომ იხილა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
1 . და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2 . "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3 . არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4 . არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5 . თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
6 . და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
7 . არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
8 . გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.
9 . ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
10 . ხოლო მეშვიდე დღე - უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11 . რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12 . პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
13 . არა კლა.
14 . არ იმრუშო.
15 . არ იქურდო.
16 . არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17 . არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
18 . ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.
19 . უთხრეს მოსეს: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”.
20 . უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ”.
21 . მოშორებით იდგა ხალხი, მოსე კი მივიდა ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.
23 . ნუ გაიკეთებთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთებს, ვერცხლისა და ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24 . გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25 . თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა სატეხს, წაბილწავ მას.
26 . საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
1 . აი, კანონები, რომელთაც დაუდგენ მათ:
2 . თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
3 . თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს.
4 . თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო.
5 . ხოლო თუ ყმა იტყვის: "მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,
6 . მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.
7 . თუ მხევლად გაყიდის კაცი თავის ასულს, ისე ვერ გათავისუფლდება იგი, როგორც ყმა თავისუფლდება.
8 . თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.
9 . თუ თავისი ძისთვის განაწესა იგი, საკუთარი ასულივით მოეპყრას მას.
10 . თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.
11 . თუ არ უზრუნველჰყოფს მისთვის ამ სამ რამეს, მაშინ გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდება ქალი.
12 . თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს.
13 . ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს.
14 . თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.
15 . ვინც თავის მამას ან დედას შემოჰკრავს, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
16 . ვინც ადამიანი მოიპაროს და გაყიდოს ან ხელში აღმოაჩნდეს - სიკვდილით მოკვდეს.
17 . თავისი მამის და დედის მაწყევარი, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
18 . თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბნენ და დაჰკრა ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი და გადარჩა კაცი, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
19 . მერე კი ადგა და გარეთ ყავარჯნით სიარული შეძლო, მაშინ ნუ დაისჯება მისი მცემელი, მხოლოდ სამუშაოდან მისი მოცდენისთვის გადაუხადოს და სრულ გამოჯანმრთელებამდე იზრუნოს მასზე.
20 . თუ კაცმა ჯოხით სცემა თავისი მონა ან მხევალი და შემოაკვდა, შური იძიეთ მასზე.
21 . მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე კიდევ იცოცხლა, მაშინ აღარ იძიოთ მასზე შური, რადგან მისი საკუთრებაა იგი.
22 . თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.
23 . მაგრამ თუ რაიმე ზიანი მიადგა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლის წილ ზღონ.
24 . თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25 . დამწვრობა დამწვრობის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
26 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, მაშინ თვალის წილ გაათავისუფლოს იგი.
27 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ.
28 . თუ ხარმა მამაკაცს ან დედაკაცს ურქინოს და მოკლას, უსათუოდ ჩაიქოლოს ხარი და არ შეიჭამოს მისი ხორცი; ხოლო ხარის პატრონი უდანაშაულოა.
29 . მაგრამ თუ ხარი მანამდეც მარქენალი იყო და გააფრთხილეს პატრონიც, მან კი არ დაამწყვდია და მოკლა ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარიც ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს.
30 . თუ გამოსასყიდი დაეკისრება, მაშინ გადაიხადოს საურავი თავისი სიცოცხლის წილ, დაკისრებულის მიხედვით.
31 . თუ ძეს ან ასულს ურქინოს, ამავე სამართლით მოექეცით მას.
32 . თუ ყმას ან მხევალს ურქინოს ხარმა, მაშინ მიეცეს მათ ბატონს ოცდაათი ვერცხლი, ხარი კი ჩაიქოლოს.
33 . თუ ვინმე თავს მოხდის ან ამოთხრის ორმოს და არ დააფარებს, იქ კი ხარი ან სახედარი ჩავარდება,
34 . მაშინ გადაიხდის ორმოს მფლობელი, ფულით აუნაზღაურებს მათ პატრონს, ხოლო ლეში მისი იქნება.
35 . და თუ ვინმეს ხარი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ფულიცა და ლეშიც შუაზე გაიყონ.
36 . ხოლო თუ მანამდეც ცნობილი იყო, რომ ხარი მარქენალია, მისმა პატრონმა კი არ დაამწყვდია, მაშინ გადაიხადოს ხარის წილ, ხოლო ლეში მისი იქნება.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
4 . ნუ მიბრუნდებით კერპებისკენ და ნუ გაიკეთებთ ჩამოსხმულ ღმერთებს: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . როცა სამშვიდობო შესაწირს შესწირავთ უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ.
6 . თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო, რაც მესამე დღემდე მორჩება - ცეცხლში დაიწვას.
7 . თუ მესამე დღეს შეიჭამა მსხვერპლი, შებღალულად ჩაითვლება და არ იქნება მიღებული.
8 . მისი მჭამელი ცოდვას იტვირთავს, რადგან შებღალა უფლის სიწმინდე და მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
9 . როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
10 . ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
11 . არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
12 . ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.
13 . არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
14 . ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
15 . უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
16 . ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
17 . შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
18 . შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
19 . დაიცავით ჩემი წესები; საქონელი სხვა ჯიშთან არ შეაჯვარო; მინდორზე შერეული ჯიშის თესლი არ დათესო და სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი არ ჩაიცვა.
20 . თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.
21 . მიიტანოს მან დანაშაულის შესაწირი უფლისთვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.
22 . და გამოისყიდოს იგი მღვდელმა დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვიდან, რომლითაც შესცოდა და ეპატიება ცოდვა, რომლითაც შესცოდა.
23 . როცა შეხვალთ ქვეყანაში და რომელიმე მსხმოიარე ხეს დარგავთ, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა შეიჭამოს;
24 . მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი წმიდა, უფლის საქებარ შესაწირად.
25 . მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
26 . არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.
27 . არ შეიკრიჭოთ თმის კიდეები თავის ირგვლივ და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
28 . მკვდართათვის სხეული არ დაიკაწროთ და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
29 . ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.
30 . დაიცავით ჩემი შაბათები და გეშინოდეთ ჩემი საწმიდრისა; მე ვარ უფალი.
31 . ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
32 . წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
33 . როცა ხიზანი შემოგეხიზნებათ თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროოთ იგი.
34 . როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
35 . უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
36 . სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
37 . დაიცავით ყოველი წესი ჩემი და შეასრულეთ ყოველი სამართალი ჩემი. მე ვარ უფალი”.
1 . "ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალი, რომელსაც გასწავლი შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი მამების ღმერთი.
2 . არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.
3 . იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: ყველა, ვინც ბაყალ-ფეღორს აჰყვა, მოსპო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენგან.
4 . ხოლო თქვენ, ვინც უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, დღემდე ცოცხლები ხართ ყველანი.
5 . აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
6 . დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.
7 . რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას?
8 . რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?
9 . მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს
10 . იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: "შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.
11 . მიუახლოვდით და დადექით მთის ძირში, რომელიც ზეცის გულამდე იყო ცეცხლით აალებული და იდგა სიბნელე, ღრუბელი და ნისლი.
12 . და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
13 . გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;
14 . მაშინ მიბრძანა უფალმა თქვენთვის წესებისა და სამართლის სწავლება, რათა აღასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
15 . იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,
16 . რათა არ გაირყვნა და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება;
17 . დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება,
18 . რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება;
19 . რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
20 . თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.
21 . გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.
22 . არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.
23 . გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
24 . რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი - თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
25 . იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად.
26 . ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით.
27 . მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი.
28 . და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.
29 . მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.
30 . როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.
31 . რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.
32 . აბა ჰკითხეთ გარდასულ დღეებს, რომლებიც თქვენამდე იყვნენ, დღიდან ღმერთის მიერ ადამიანის შექმნისა დედამიწაზე, ცის ქვეშეთში თუ მომხდარა რაიმე, მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი?
33 . თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?
34 . თუ უცდია რომელიმე ღმერთს ამდგარიყო და გამოეყვანა ხალხთაგან ერი თავისთვის, გამოცდებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლითა და ძლიერი ხელით, შემართული მკლავითა და დიდი საშინელებით, როგორც ეს თქვენმა ღმერთმა გააკეთა თქვენს თვალწინ ეგვიპტეში?
35 . ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.
36 . ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
37 . ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,
38 . რათა განდევნოს თქვენზე უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხები თქვენგან და მიგიყვანოთ მათი ქვეყნის მოსაცემად და დასამკვიდრებლად, როგორც ამ დღეს.
39 . გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.
40 . დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი”.
41 . მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,
42 . მკვლელის გასაქცევად, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა მოყვასი და არ ჰქონია მანამდე მისი სიძულვილი; რომ გაქცეულიყო ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანში და ეცოცხლა.
43 . ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში - გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში - მენაშესი.
44 . და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.
45 . ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
46 . იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;
47 . დაიმკვიდრეს მისი და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ამორელთა ორი მეფისა, რომლებიც იორდანეს გამოღმა იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
48 . ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირზეა, სიონის (ხერმონის) მთამდე.
49 . ასევე ყოველი ველი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობზე.
1 . "ასეთია მცნებანი, წესები და სამართალი, რომელთა სწავლებაც მიბრძანა თქვენთვის უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რათა აღასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ.
2 . გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, რათა მთელი თქვენი ცხოვრების დღეებში დაიცვათ ყველა მისი დადგენილება და მცნება, რომელსაც გამცნებთ თქვენ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რათა იდღეგრძელოთ.
3 . ისმინე, ისრაელ და იფხიზლე მათ შესასრულებლად, რათა კარგად იყო და ფრიად გამრავლდე, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, იმ ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
4 . ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი - ერთი უფალია.
5 . შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.
6 . გულში ჩაიდე ეს სიტყვები, რომელთაც გამცნებ დღეს.
7 . შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
8 . ნიშნად შეიბი ხელზე და შუბლსაკრავად თვალთა შორის.
9 . დააწერე შენი სახლის წირთხლსა და კარებს.
10 . როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს - აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, რათა მოგცეს დიდი და კარგი ქალაქები, რომლებიც შენ არ აგიშენებია;
11 . და ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, რომლებიც შენ არ აგივსია და ამოკვეთილი ჭები, რომლებიც შენ არ ამოგიკვეთავს, ბაღ-ვენახები და ზეთისხილის ხეები, რომლებიც არ დაგირგავს; და, როცა შეჭამ და გაძღები,
12 . გაფრთხილდი, არ დაივიწყო შენი უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
13 . გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.
14 . ნუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, შენს გარშემო მყოფი ხალხების ღმერთებს,
15 . ვინაიდან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენს შორის რომ არის, ეჭვიანია, არ აღინთოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ მოგსპოთ მიწის პირისგან.
16 . არ გამოსცადო უფალი, შენი ღმერთი, როგორც მასაში გამოსცადე.
17 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, მისი მოწმობანი და დადგენილებანი, რომლებიც ნაბრძანები აქვს.
18 . სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის წინაშე, რათა კარგად იყო, მიხვიდე და დაიმკვიდრო ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
19 . რათა განდევნოს ყოველი შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
20 . და როცა გკითხავს შენი შვილი: "რა მოწმობები, წესები და სამართალია ეს, უფლის, ჩვენი ღმერთისგან რომაა ნაბრძანები?”
21 . უპასუხე: "მონებად ვიყავით ფარაონთან ეგვიპტეში და უფალმა ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან.
22 . ჩვენს თვალწინ მოავლინა უფალმა ნიშნები და დამღუპველი სასწაულები ეგვიპტის ფარაონისა და მთელი მისი სახლეულის წინააღმდეგ.
23 . გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა ჩვენს მამებს;
24 . და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.
25 . სიმართლედ ჩაგვეთვლება თუ გულმოდგინედ აღვასრულებთ ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც ნაბრძანები გვაქვს”.
1 . "თუ ნახავ მოკლულს ან ველზე დაცემულს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, და არავის ეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2 . უნდა გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა;
3 . რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ უზიდია,
4 . ჩაიყვანონ დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ მას ამ ხევში.
5 . მივიდნენ ახლოს ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით და მათი პირით წყდება ყველა დავა და ყველა ზარალი.
6 . მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა ხელი დაიბანოს ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე,
7 . ილაპარაკებენ და იტყვიან: ჩვენს ხელს არ დაუღვრიაო ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ დაუნახავს;
8 . მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.
9 . უნდა მოაშორო უდანაშაულო სისხლი შენს წიაღს, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10 . როცა ომში შენი მტრის წინააღმდეგ გახვალ, ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი და წამოასხამ ტყვეებს,
11 . დაინახავ ტყვეთა შორის მშვენიერი გარეგნობის ქალს, ისურვებ მას და ცოლად წაყვანას დაუპირებ;
12 . მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,
13 . გაიხადოს ტყვეობის სამოსელი, დარჩეს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეუღლდით და გახდება შენი ცოლი.
14 . თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ფულზე არ გაყიდო, მონასავით არ მოექცე, რადგან დაიმორჩილე იგი.
15 . თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,
16 . ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;
17 . არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18 . თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,
19 . მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე.
20 . უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21 . ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.
22 . თუ სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს კაცი, მოკლავენ მას და ჩამოკიდებენ ხეზე.
23 . არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
1 . მამაცი კაცი იყო გილყადელი იფთახი, მეძავი ქალის ძე იყო და გილყადმა შვა იფთახი.
2 . გილყადის ცოლმაც შვა ძეები. დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი, გააძევეს იფთახი და უთხრეს: "ვერ დაიმკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ”.
3 . გაექცა იფთახი თავის ძმებს და ტობის ქვეყანაში დამკვიდრდა; უღირსმა კაცებმა მოიყარეს თავი იფთახთან და თარეშობდნენ მასთან ერთად.
4 . რამდენიმე ხნის შემდეგ ყამონელები შეებრძოლნენ ისრაელს.
5 . როცა ყამონის ძენი შეებრძოლნენ ისრაელს, წავიდნენ გილყადელი უხუცესები ტობის ქვეყნიდან იფთახის წამოსაყვანად.
6 . უთხრეს: "მოდი და დაგვიდექი მეთაურად, რომ ვეომოთ ყამონელებს”.
7 . უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: "ხომ მომიძულეთ და გამაძევეთ მამაჩემის სახლიდან, ახლა რაღად მოხვედით, როცა გაგიჭირდათ?”
8 . და მიუგეს გილყადის უხუცესებმა: "იმიტომ მოვედით, რომ წამოხვიდე, ყამონელებს შეება და გილყადის ყველა მკვიდრის მეთაური გახდე”.
9 . უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: "თუ წამოვედი ყამონელებთან საბრძოლველად და ხელში ჩამიგდო ისინი უფალმა, კვლავ დავრჩები თქვენს მეთაურად?
10 . უპასუხეს გილყადის უხუცესებმა: "უფალი იყოს მოწმე ჩვენ შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ”.
11 . გაჰყვა იფთახი გილყადის უხუცესებს და მეთაურად და წინამძღოლად დანიშნა ხალხმა; და თქვა იფთახმა ყველა ეს სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.
12 . მოციქულნი გაგზავნა იფთახმა ყამონელთა მეფესთან და შეუთვალა: "რა გვაქვს გასაყოფი მე და შენ, საომრად რომ მოსულხარ ჩემს მიწაზე?”
13 . უპასუხა ყამონელთა მეფემ იფთახის წარგზავნილებს: "ჩემი ქვეყანა მიითვისა ისრაელმა ეგვიპტიდან გამოსვლისას, არნონიდან - იაბოკამდე და იორდანემდე; ახლა მშვიდობით დამიბრუნე ისინი”.
14 . და კვლავ გაგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონელთა მეფესთან.
15 . უთხრეს, ასე ამბობსო იფთახი: "არ მიუთვისებია ისრაელს მოაბისა და ყამონის მიწა,
16 . რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდა, უდაბნოში წავიდა ისრაელი წითელ ზღვამდე და კადეშში მივიდა.
17 . მოციქულები გაგზავნა ისრაელმა ედომის მეფესთან და შეუთვალა: გთხოვ, შენს ქვეყანაზე გავლის უფლება მომეციო, მაგრამ არ ისმინა ედომის მეფემ; მოაბის მეფესთანაც მიგზავნა მოციქულები, მაგრამ არც მან ინება; და დამკვიდრდა ისრაელი კადეშში.
18 . წავიდა უდაბნოში და შემოუარა ედომისა და მოაბის ქვეყნებს. მოვიდა მოაბის ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან და დაიბანაკა არნონის გაღმა, არ გადაულახავს მოაბის საზღვარი, რადგან არნონი იყო მისი საზღვარი.
19 . გაუგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონს, ამორელთა მეფეს, ხეშბონის მეფეს და შეუთვალა: "გთხოვ, გამატარო შენს ქვეყანაზე, რათა მივიდე ჩემს ადგილამდე!”
20 . არ დართო სიხონმა ნება ისრაელს, რომ გაევლო მის ქვეყანაზე; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, დაიბანაკეს იაჰცაში და შეებრძოლნენ ისრაელს.
21 . ხელში ჩაუგდო უფალმა, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი ისრაელს და მოსრეს ისინი. ასე დაიმკვიდრა ისრაელმა ამორელთა მთელი ქვეყანა;
22 . და დაიმკვიდრეს ამორელთა მთელი საზღვარი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
23 . აჰა, უფალმა, ისრაელის ღმერთმა, განდევნა ამორელნი თავისი ხალხის, ისრაელის პირისგან და შენ ეცილები?
24 . განა იმას არ ფლობ, რაც ქემოშმა, შენმა ღმერთმა, მოგცა? ჩვენ კი, ვისაც უფალი, ჩვენი ღმერთი, განდევნის ჩვენგან, იმას ვიმკვიდრებთ.
25 . განა სჯობნი ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? განა შეწინააღმდეგებია ისრაელს ან უომია მასთან?
26 . უკვე სამასი წელია, რაც ხეშბონსა და მის სოფლებში, ყაროყერსა და მის სოფლებში და არნონის ყველა ქალაქში მკვიდრობს ისრაელი. ამდენ ხანს რატომ არ დაიბრუნე ისინი?
27 . მე არაფერი დამიშავებია შენთვის, შენ კი - ბოროტს სჩადიხარ, საომრად რომ მოდიხარ ჩემთან. დაე, უფალმა, რომელიც მსაჯულია, განსაჯოს ამ დღეს ისრაელიანთა და ყამონელთა შორის!”
28 . და არ შეისმინა ყამონელთა მეფემ იფთახის შეთვლილი სიტყვები.
29 . უფლის სული გადმოვიდა იფთახზე; გაიარა გილყადი და მენაშე, გაიარა გილყადის მიცფა და იქიდან გავიდა ყამონელთა წინააღმდეგ.
30 . აღთქმა დაუდო უფალს იფთახმა: "თუ ხელში ჩამიგდებ ყამონის ძეებს
31 . და შინ მშვიდობით დამაბრუნებ ყამონელთაგან, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის კარიდან, უფლისთვის იქნება და სრულადდასაწველად აღვავლენ მას”.
32 . გაემართა იფთახი ყამონელებთან საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ისინი.
33 . წარხოცა ისინი ყაროყერიდან მინითის შესასვლელამდე - ოცი ქალაქი და აბელ-ქერამიმამდე - დიდი მოსვრით; და დამორჩილდნენ ყამონელები ისრაელის ძეთა წინაშე.
34 . დაუბრუნდა იფთახი მიცფას, თავის სახლს და, აჰა, თავისი ასული გამოეგება სიმღერითა და ცეკვით; ის ერთი ჰყავდა იფთახს, მის გარდა არც ძე ჰყავდა და არც ასული.
35 . მის დანახვაზე შემოიხია იფთახმა სამოსი და თქვა: "ვაიმე, შვილო! შენ დამღუპე, შენ დამატეხე უბედურება; სიტყვა მივეცი უფალს და არ ძალმიძს მისი უარყოფა”.
36 . უთხრა ასულმა: "მამა, თუ სიტყვა მიეცი უფალს, უნდა აღასრულო, რადგან შენი ხელით იძია შური უფალმა მტრებზე, ყამონის ძეებზე”.
37 . უთხრა მამამისს: "ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულე: გამიშვი ორი თვით, წავალ მთაში და ჩემს მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ქალწულობას”.
38 . უთხრა იფთახმა: "წადი” და გაუშვა იგი ორი თვით. ისიც წავიდა თავის მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად და იგლოვა მთებში თავისი ქალწულობა.
39 . ორი თვის დასასრულს დაბრუნდა მამასთან და აღასრულა იფთახმა თავისი აღთქმა, რომელიც დადებული ჰქონდა; არ შეუცვნია მას მამაკაცი. და წესად იქცა ეს ისრაელში:
40 . წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . ილოცა ხანამ და თქვა: "ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.
2 . არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.
3 . აღარ ილაპარაკოთ ქედმაღლურად; კვეხნა ნუ გამოვა თქვენი ბაგეებიდან, რადგან ცოდნის ღმერთია უფალი, ის განსჯის ყველა საქმეს.
4 . ძლიერთა მშვილდი დაიმსხვრევა, უძლურნი კი ძალას შემოისარტყლავენ.
5 . მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ; უშვილომ შვიდი დაბადა; მრავალშვილიანი კი დაჭკნა.
6 . უფალი კლავს და აცოცხლებს, საფლავში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
7 . უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
8 . მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
9 . იცავს თავის წმიდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი.
10 . უფალი მოსპობს მის მოწინააღმდეგეთ, ციდან იგრგვინებს მათზე. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს, ძალას მისცემს თავის მეფეს და მოამაღლებს თავისი ცხებულის რქას!”
11 . წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი ყელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად.
12 . უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები, არ იცნობდნენ უფალს.
13 . არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ ხალხის წინაშე: როცა ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის მსახური სამკაპით ხელში.
14 . ჩაჰკრავდა ქვაბში, ან ქვაბქოთანში, ან ტაფაში, ანდაც ქილაში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდლის ძეს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მიმსვლელ ყველა ისრაელიანელს.
15 . უფრო მეტიც: ქონის კმევამდეც მოდიოდა მღვდლის მსახური და ეუბნებოდა შესაწირის პატრონს: "შესაწვავი ხორცი მიეცი მღვდელს, მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი”.
16 . თუ ეტყოდა კაცი: "ჯერ ქონს ვაკმევ და მერე წაიღე, რაც გენებოსო,” მიუგებდა: "არა, ახლა მომეცი, თორემ ძალით წაგართმევ”.
17 . ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.
18 . ყმაწვილი სამუელი კი მსახურებდა უფლის წინაშე და სელის ეფოდი ემოსა.
19 . პატარა სამოსელს უმზადებდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ამოდიოდა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად.
20 . აკურთხებდა ხოლმე ყელი ელკანასა და მის ცოლს და ეტყოდა: "უფალმა მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა, უფლისთვის მიძღვნილის სანაცვლოდ!” და ბრუნდებოდნენ სახლში.
21 . მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ძე და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფლის წინაშე იზრდებოდა.
22 . ძალზე მოხუცდა ყელი; ესმოდა, როგორც ექცეოდნენ მისი ვაჟები ისრაელს, და როგორ წვებოდნენ იმ ქალებთან, რომლებიც კარვის კართან მსახურებისთვის იკრიბებოდნენ.
23 . ეუბნებოდა: "რატომ იქცევით ასე? ხალხისგან მესმის თქვენი ბოროტების ამბავი.
24 . არ გინდათ, შვილებო, არ არის კარგი, რაც მესმის: თქვენგან ირყვნება უფლის ერი.
25 . თუ კაცმა კაცს შესცოდა, უფალი უშუამდგომლებს, მაგრამ თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ უშუამდგომლებს?” და არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან უფალმა ინება მათი დაღუპვა.
26 . ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მადლს იხვეჭდა უფლისა და ხალხის თვალში.
27 . მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის მონობის სახლში ყოფნისას?
28 . ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა ტომიდან ჩემს მღვდლად, რომ ჩემს სამსხვერპლოზე ასულიყო კეთილსურნელების საკმევად და ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე მივეცი მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო შესაწირი.
29 . რატომ თელავთ ფეხქვეშ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირს, მე რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირის საუკეთესო წილით?
30 . ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან!
31 . აჰა, დგება ჟამი და მოვკვეთ შენს მკლავს და მამაშენის სახლის მკლავს ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩება შენს სახლში.
32 . მეტოქეს დაინახავ ჩემს სამყოფელში, მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც ისრაელში მოხდება; შენს სახლში კი უკუნისამდე აღარ იქნება მოხუცებული.
33 . მაგრამ ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რათა თვალები დაგებინდოს და სული შეგიწუხდეს; და შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება კაცობის ასაკში.
34 . და აჰა, ნიშანი, რომელიც შენს ორ ვაჟზე, ხოფნიზე და ფინხასზე აღსრულდება: ერთ დღეს მოკვდებიან ორივენი.
35 . და დავიდგენ ჩემთვის ერთგულ მღვდელს, რომელიც იმას აღასრულებს, რაც ჩემს გულსა და აზრშია. მყარ სახლს ავუშენებ და ივლის მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე.
36 . და ყოველი გადარჩენილი შენს სახლში, მივა მასთან, მოიდრიკება მის წინაშე ვერცხლის ფულისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: დამადგინე რაიმე სამღვდლო მსახურებაზე, რომ ვჭამო ლუკმაპური”.
1 . აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და დაუდგინა ათასისთავები და ასისთავები.
2 . გაგზავნა დავითმა ხალხის მესამედი და იოაბს ჩააბარა, მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და მესამედი - ითაი გითელს. უთხრა მეფემ ხალხს: "მეც თქვენთან ერთად გამოვალ”.
3 . უპასუხა ხალხმა მეფეს: "არ უნდა გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ გავიქცევით, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ აღელდებიან, რადგან, შენ ერთი, ათიათას ჩვენნაირს უტოლდები. ამიტომ გვიჯობს, ქალაქიდან შეგვეწიო”.
4 . მიუგო მეფემ: "როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი”. კარიბჭესთან დადგა მეფე, მთელი ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად დაწყობილი გავიდა.
5 . უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: "დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.
6 . გავიდა ხალხი ისრაელის წინააღმდეგ ველზე და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7 . დამარცხდა ისრაელი დავითის მსახურებთან; დიდი ჟლეტა იყო იმ დღეს, ოცი ათასი კაცი დაეცა.
8 . მთელ იმ მხარეში განივრცო ბრძოლა; ტყემ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილმა იმ დღეს.
9 . შეეჩეხა აბესალომი დავითის მსახურებს. ჯორზე იჯდა აბესალომი. დიდი მუხის ხშირი ტოტების ქვეშ გარბოდა ჯორი; წამოედო აბესალომის თმები მუხას და ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, ხოლო მის ქვეშ მყოფმა ჯორმა გაიარა და გაიქცა.
10 . დაინახა ეს ერთმა კაცმა და უთხრა იოაბს: "მუხაზეა აბესალომი ჩამოკიდებული”.
11 . მიუგო იოაბმა კაცს, რომელმაც ამბავი მიუტანა: "თუ დაინახე, იქვე რატომ არ მოკალი? ვერცხლის ათ შეკელსა და ერთ სარტყელს მოგცემდი”.
12 . უპასუხა იმ კაცმა იოაბს: "ვერცხლის ათასი შეკელიც რომ ჩაგეთვალა ხელში, მაინც არ აღვმართავდი ხელს მეფისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის: დაზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13 . კიდეც რომ ჩამედინა ეს უმართლობა, მაინც არ დაიფარებოდა ეს მეფისგან და შენც განზე გადგებოდი”.
14 . მიუგო იოაბმა: "ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!” აიღო სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15 . გარშემოერტყა აბესალომს ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველები, და განგმირეს აბესალომი.
16 . ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და უკან გამობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეიწყალა ისინი იოაბმა.
17 . აიღეს აბესალომი და ტყეში, დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს. მერე თავ-თავის კარვებში მიმოიფანტა მთელი ისრაელი.
18 . თავის სიცოცხლეშივე დაიდგა აბესალომმა სვეტი სამეფო ველზე, რადგან ამბობდა: ძე არ მყავს, რომ ჩემი სახელი მოიხსენიოსო; და უწოდა იმ სვეტს თავისი სახელი, დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19 . და უთხრა იოაბს ახიმაყაც ცადოკის ძემ: "გავიქცევი და ვაუწყებ მეფეს, რომ იხსნა იგი მტრის ხელიდან უფალმა”.
20 . მიუგო იოაბმა: "ვერ იქნები დღეს კეთილის მაუწყებელი, სხვა დღეს ახარე. დღეს კი ვერ მიიტან ამბავს, რადგან მოკვდა მეფისწული”.
21 . უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: "წადი, უამბე მეფეს, რაც იხილე”. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22 . კვლავ მიმართა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: "რაც უნდა მოხდეს, მეც გავიქცევი ქუშელის უკან”. უპასუხა იოაბმა: "შვილო, რად უნდა გაიქცე, კარგ ამბავს ვერ მიიტან”.
23 . დაიჟინა ახიმაყაცმა: "რაც უნდა მოხდეს, გავიქცევი!” და დათანხმდა იოაბი: "გაიქეცი”. გაიქცა ახიმაყაცი იორდანეს დაბლობის გზით და გაუსწრო ქუშელს.
24 . იჯდა დავითი ორ კარიბჭეს შორის. ავიდა გუშაგი გალავნის კარიბჭეზე ერდოსკენ, აღაპყრო თვალები და ხედავს, კაცი მორბის მარტო.
25 . შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: "თუ მარტოა, კარგი ამბავი ექნება”. მორბენალი სულ უფრო ახლოვდებოდა.
26 . დაინახა გუშაგმა სხვა მორბენალი კაციც და უთხრა მეკარეს: "კიდევ ერთი კაცი მორბის”. თქვა მეფემ: "მასაც კარგი ამბავი ექნება”.
27 . თქვა გუშაგმა: "სირბილით ვცნობ, პირველი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს”. თქვა მეფემ: "კარგი კაცია და კარგის საუწყებლადაც უნდა მორბოდეს!”
28 . შესძახა ახიმაყაცმა მეფეს: "მშვიდობა!” თაყვანისცა მიწამდე და უთხრა: "კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!”
29 . ჰკითხა მეფემ: "ხომ მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” უთხრა ახიმაყაცმა: "დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი შენს მსახურს აგზავნიდა, ოღონდ არ ვიცი, რა ხდებოდა”.
30 . უთხრა მეფემ: "განზე გადი და იქ დადექი”. ისიც განზე გავიდა და დადგა.
31 . აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: "ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”.
32 . ჰკითხა მეფემ ქუშელს: "მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” მიუგო ქუშელმა: "ისე გახდნენ მეფის, ჩემი ბატონის მტრები და ყოველი, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგა, როგორც ის ჭაბუკია!”
33 . შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
1 . იერობყამ ნებატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს, აბიამი გამეფდა იუდაზე.
2 . სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
3 . და დადიოდა ყველა იმ ცოდვაში, რომელიც მასზე უწინ მამამისს ჰქონდა ჩადენილი. მისი გული ისე არ ყოფილა მინდობილი უფალზე, როგორც მამამისის, დავითის გული იყო.
4 . დავითის გამო მისცა უფალმა, მისმა ღმერთმა, მას ლამპარი იერუსალიმში, მისი ძე დასვა მის შემდეგ, რათა განემტკიცებინა იერუსალიმი.
5 . რადგან სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში და არ გადაუხვევია უფლის მცნებისგან, გარდა ურია ხეთელის შემთხვევისა.
6 . გამუდმებული ომი იყო იერობყამსა და აბიამს შორის, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.
7 . აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ომი იყო აბიამსა და იერობყამს შორის.
8 . განისვენა აბიამმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე გამეფდა.
9 . ისრაელის მეფის, იერობყამის მეფობის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე.
10 . ორმოცდაერთ წელს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
11 . სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა, მამამისის, დავითის მსგავსად.
12 . გაყარა ტაძრის მეძავი კაცები ქვეყნიდან და ყველა კერპი მოაცილა, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ მის მამებს.
13 . დედამისი მაყაქაც მოაშორა დედოფლობას, რადგან აშერას ქანდაკება ჰქონდა დადგმული. აჩეხა ასამ მისი კერპი და დაწვა კედრონის ღელესთან.
14 . მაღლობები კი არ მოუშორებია, თუმცა მთელი მისი სიცოცხლე ერთგული იყო ასა უფლისადმი.
15 . უფლის სახლში შეიტანა მან მამამისის მიერ მიძღვნილი ნივთები და თვითონაც მიუძღვნა ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი.
16 . გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბაყაშას შორის.
17 . გავიდა ბაყაშა, ისრაელის მეფე, იუდას წინააღმდეგ და დაიწყო რამის შენება, რათა არავინ გამოსულიყო ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შესულიყო მასთან.
18 . აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი და მისცა ხელში თავის მსახურებს. და გაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ტაბრიმონის ძესთან, ხეზიონის ძესთან, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ მკვიდრობდა. შეუთვალა:
19 . "იყოს კავშირი ჩემსა და შენ შორის, როგორც მამაჩემსა და მამაშენს შორის იყო; აჰა, ოქრო-ვერცხლს გიგზავნი ძღვნად, გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან და უკან დაიხევს იგი”.
20 . უსმინა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ და დაიპყრო ყიონი, დანი, აბელ-თებ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი ქვეყანა.
21 . ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დაბრუნდა.
22 . და მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელ იუდას, გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც აშენებდა ბაყაშა და ამით ააშენა მეფე ასამ ბენიამინის გებაყი და მიცფა.
23 . ასას დანარჩენი საქმეები, მისი გმირობა, ყველაფერი, რაც გააკეთა და ქალაქები, რომლებიც ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი; გარდა იმისა, რომ სიბერეში ფეხები დაუსნეულდა.
24 . განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით, დავითის, მამამისის ქალაქში. მისი ძე, იოშაფატი გამეფდა მის ნაცვლად.
25 . იუდას მეფის, ასას გამეფების მეორე წელს, ნადაბ იერობყამის ძე გამეფდა ისრაელში და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელზე.
26 . ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში; მამამისის გზასა და ცოდვებს მიჰყვებოდა და ისრაელსაც აცდუნებდა.
27 . და აუმხედრდა მას ბაყაშა, ახიას ძე, ისაქარის სახლეულიდან; და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმელთა ქალაქ გიბეთონში, როცა ალყად ედგნენ გიბეთონს ნადაბი და მთელი ისრაელი.
28 . მოკლა იგი ბაყაშამ, იუდას მეფის, ასას გამეფების მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
29 . გამეფდა თუ არა, მოსრა იერობყამის მთელი სახლი, ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობყამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ბრძანა თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით
30 . იერობყამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელსაც რომ აცდუნებდა და ამით უფლის, ისრაელის ღმერთის რისხვა გამოიწვია.
31 . ნადაბის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
32 . გამუდმებული ომი იყო ასასა და ბაყაშას, ისრაელის მეფეს შორის.
33 . იუდას მეფის, ასას გამეფების მესამე წელს გამეფდა ბაყაშა ახიას ძე მთელს ისრაელზე, თირცაში. ოცდაოთხი წელი იმეფა.
34 . ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობყამის გზას, მის ცოდვებს და ისრაელსაც აცდუნებდა.
1 . მეთორმეტე თვის, ადარის მეცამეტე დღეს, როცა მეფის ბრძანების აღსრულების დრო მოახლოვდა, იმ დღეს, როცა ებრაელთა მტრები მათ დამორჩილებას იმედოვნებდნენ, საქმე ისე შემობრუნდა, რომ თვით ებრაელებმა დაიმორჩილეს თავიანთი მოძულენი.
2 . და შეიკრიბნენ ებრაელნი თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე და წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა შეიპყრო მთელი ხალხი.
3 . მხარეთა ყველა მთავარი, სატრაპი, გამგებელი და მეფის საქმის აღმსრულებელი ებრაელთ ედგნენ მხარში, რადგან მორდექაის შიში დაეცათ.
4 . დიახ, დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში, მისი ამბავი ყველა სამთავროს მოედო და სულ უფრო იზრდებოდა ამ კაცის, მორდექაის სიდიადე.
5 . მახვილით დასცეს ებრაელებმა თავიანთი მტრები, კლავდნენ და ანადგურებდნენ თავიანთ მოძულეთ, როგორც უნდოდათ.
6 . ხუთასი კაცი დახოცეს და მოსპეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში.
7 . ფარშანდათა, დალფონი, ასფათა,
8 . ფორათა, ადალია, არიდათა,
9 . ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიეზათა -
10 . ჰამან ჰამედათას ძის, იუდეველთა მტრის ათი ძე მოკლეს, ნადავლისთვის კი ხელი არ დაუდიათ.
11 . იმ დღესვე აუწყეს მეფეს შუშანის ციხე-ქალაქში მოკლულთა რიცხვი.
12 . უთხრა მეფემ დედოფალ ესთერს: "ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი დახოცეს და გაანადგურეს ებრაელებმა შუშანის ციხე-ქალაქში; დანარჩენ სამთავროებში რაღას იზამდნენ! აბა, კიდევ რა თხოვნა გაქვს? აგისრულდება! რა არის შენი სათხოვარი? აღსრულებულ იქნება!”
13 . მიუგო ესთერმა: "თუ ინებებს მეფე, ხვალაც მიეცეთ უფლება ებრაელებს, რომლებიც შუშანში იმყოფებიან, დღევანდელი ბრძანებისამებრ იმოქმედონ და ძელებზე ჩამოკიდონ ჰამანის ათი ძე”.
14 . და ბრძანა მეფემ, რომ ასე გაკეთებულიყო! გაიცა ბრძანება შუშანში და ძელებზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
15 . ადარის თვის მეთოთხმეტე დღესაც შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი და დახოცეს შუშანში სამასი კაცი, ქონებას კი ხელი არ ახლეს.
16 . დანარჩენი ებრაელები კი მეფის სამთავროებში შეიკრიბნენ, რათა თავი დაეცვათ და მტრებისაგან მოესვენათ. და დახოცეს სამოცდათხუთმეტი ათასი, მაგრამ მათ ქონებას ხელი არ ახლეს.
17 . ადარის თვის მეცამეტე დღეს მოხდა ეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ჭამა-სმისა და მხიარულების დღედ აქციეს.
18 . შეიკრიბნენ შუშანში მყოფი ებრაელნი, როგორც მეცამეტე, ისე მეთოთხმეტე დღესაც; მეთხუთმეტე დღეს კი მშვიდობა იყო და ნადიმობდნენ და მხიარულობდნენ.
19 . ამიტომ არის, რომ უგალავნო ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ებრაელნი ადარის თვის მეთოთხმეტე დღეს ზეიმობენ, ნადიმობენ, დღესასწაულობენ და საჩუქრებს უგზავნიან ერთმანეთს.
20 . აღწერა მორდექაიმ ეს ამბები და წერილები დაუგზავნა მეფე ახაშვეროშის სამთავროების ყველა ებრაელს, ახლო მაცხოვრებლებსა და შორს მაცხოვრებლებს,
21 . რათა დაედგინათ თავისთვის და ყოველწლიურად ეზეიმათ ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღე,
22 . დღეები, როცა თავიანთი მტრებისგან მოისვენეს ებრაელებმა და მწუხარება - სიხარულად, გლოვა კი დღესასწაულად ექცათ; რათა ნადიმისა და მხიარულების დღეებად ექციათ ისინი, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღეებად.
23 . და მიიღეს ებრაელებმა ის, რასაც თავადაც აკეთებდნენ და რაც მისწერა მათ მორდექაიმ,
24 . რადგან ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, ყველა ებრაელის მოძულე, ფიქრობდა ებრაელთა მოსპობას და "ფური” ჰყარა მათ აღმოსაფხვრელად და დასაღუპად.
25 . მაგრამ როცა წარსდგა ესთერი მეფის წინაშე, მან მაშინვე ბრძანა წერილობით, რომ ჰამანის ბოროტი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული მასვე დაბრუნებოდა და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ძენი!”
26 . ამიტომ უწოდეს ამ დღეს "ფურიმი”, წილისყრის გამო და თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და ყოველივე იმისა, რაც თვითონ იხილეს და შეემთხვათ.
27 . და დაიდგინეს ებრაელებმა თავისთვის, თავისი მოდგმისა და ყველა მათთან მიკედლებულისთვის, რომ გარდაუვლად ედღესასწაულათ ეს ორი დღე მითითებისამებრ და დადგენილ დროს, ყოველწლიურად.
28 . რათა გაეხსენებინათ ამ დღეს და ეზეიმათ თაობიდან თაობაში, ოჯახიდან ოჯახში, სამთავროდან სამთავროში და ქალაქიდან ქალაქში; ხოლო ფურიმის ეს დღეები არ დავიწყებულიყო მათ შთამომავლობაში.
29 . მთელი ძალაუფლებით დაწერეს დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის ასულმა და ებრაელმა მორდექაიმ დასტური, რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს მეორე წერილი.
30 . გაგზავნეს წერილები მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვებით, ყველა ებრაელთან, ახაშვეროშის სამეფოს ას ოცდაშვიდივე სამთავროში,
31 . რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც ამას მორდექაი და დედოფალი ესთერი აღასრულებდნენ და როგორც დაიდგინეს თავისთვის და თავისი შთამომავლობისთვის, მარხვებისა და ლოცვების დღეებში.
32 . ასე განამტკიცა ესთერის ბრძანებამ სიტყვები ფურიმის შესახებ და ჩაწერილ იქნა წიგნში.
1 . სიტყვები აგურ იაქეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი ითიელის, ითიელისა და უქალის მიმართ:
2 . მართლაც უმეცარი ვარ კაცთა შორის და ადამიანური გონიერება არ გამაჩნია.
3 . ვერც სიბრძნე მისწავლია და წმიდის შემეცნებაც არ გამაჩნია.
4 . ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ დაიჭირა მუჭით? წყალი ვინ შეკრა მოსასხამით? ვინ დაადგინა დედამიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
5 . ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.
6 . ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხელს და მატყუარა გამოხვალ.
7 . ორ რამეს გთხოვ და სანამ მოვკვდებოდე, უარს ნუ მეტყვი:
8 . ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,
9 . რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი, ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო ჩემი ღმერთის სახელი.
10 . ცილს ნუ დასწამებ მონას ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
11 . არიან ისეთნი, ვინც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ აკურთხებს.
12 . არიან, საკუთარ თვალში სუფთანი, მაგრამ არ განბანილან საკუთარი სიბინძურისგან,
13 . არიან ისეთნი - და რა ზვიადია მათი თვალები, როგორ აუზიდავთ ქუთუთოები.
14 . არიან, რომელთა კბილებიც მახვილებია და ყბები - დანები, რათა გადაჭამონ ქვეყნის ჩაგრულნი და კაცთა შორის უქონელნი.
15 . წურბელას ორი ასული ჰყავს: მომეცი, მომეცი! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
16 . ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა!
17 . მამის დამცინავ და დედის მორჩილების მოძულე თვალებს ხევის ყორნები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
18 . სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია:
19 . ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.
20 . მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის - არაფერი დამიშავებიაო!
21 . სამი რამის ქვეშ ზანზარებს მიწა და ოთხ რამეს ვერ იტვირთავს:
22 . გამეფებულ მონას და უგუნურს - პურით რომ ძღება,
23 . კახპა ქალს, როცა გათხოვდება და მხევალს, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იმკვიდრებს.
24 . ოთხნი არიან დედამიწაზე, მცირედნი, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
25 . ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან, მაგრამ საზრდოს ზაფხულობით იმარაგებენ;
26 . კლდის ბოცვერი ძლიერი არ არის, მაგრამ კლდეზე იდგამს სახლს;
27 . კალიებს მეფე არა ჰყავთ, მაგრამ მწყობრად გამოდიან;
28 . ხვლიკს ხელით დაიჭერ, ის კი მეფის სასახლეებშია.
29 . ეს სამნი მედიდურად დააბიჯებენ, ოთხნი თამამად დადიან:
30 . ლომი - ცხოველთა შორის ძლიერი, არავის წინაშე დაიხევს უკან.
31 . შემართული მამლაყინწა, ვაცი და მეფე ჯარს რომ მიუძღვის!
32 . თუ ბრიყვულად მოიქეცი და თავი აღიმაღლე ან ბოროტება განიზრახე - ხელი მიიფარე პირზე!
33 . რადგან რძის ჯანჯღარით, კარაქი გამოდის; ცხვირის ქექვით, სისხლი გამოდის; ბრაზის ჯანჯღარით, ჩხუბი გამოდის”.
1 . სიტყვა, რომელიც ესმა იერემიას უფლისგან იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში:
2 . "წადი რექაბიანთა სახლში, ელაპარაკე, მიიყვანე უფლის სახლის ერთ-ერთ ოთახში და ღვინო შესთავაზე”.
3 . წავიყვანე იაყაზანია ირმიაჰუს ძე, ხაბაცინიას ძისა, მისი ძმა და მისი ყველა ძე და რექაბიანთა მთელი სახლი.
4 . მივიყვანე ისინი უფლის სახლში იგდალიას, ღვთის კაცის შვილის, ხანანის ძის ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო, მაყასეია შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ.
5 . და დავუდგი რექაბიანთა სახლიკაცებს ღვინით სავსე თასები და ჭიქები; ვუთხარი: "დალიეთ ღვინო!”
6 . მითხრეს: "ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან ასე გვიბრძანა იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ: ღვინო არც თქვენ დალიოთ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდეო!
7 . სახლები არ აიშენოთ, ნურც თესლს დათესავთ, ნურც ვენახს გააშენებთო და არც შეიძინოთო! კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა დიდხანს იცოცხლოთ იმ მიწაზე, რომელზეც ხიზნობთო!
8 . გავუგონეთ იონადაბ რექაბის ძის, ჩვენი მამის ხმას, ყველაფერში, რაც გვიბრძანა: ღვინოს მთელი ჩვენი დღეების განმავლობაში არ ვსვამთ, არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ძეები და არც ჩვენი ასულები;
9 . არც სახლებს ვიშენებთ საცხოვრებლად; არც ვენახი გვაქვს, არც მინდორი და არც თესლი.
10 . კარვებში ვცხოვრობთ. დავემორჩილეთ და ყოველივე ისე აღვასრულეთ, როგორც იონადაბმა, ჩვენმა მამამ გვიბრძანა.
11 . მაგრამ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამოვიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ვთქვით: იერუსალიმში წავიდეთ, გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს! და დავრჩით იერუსალიმში”.
12 . ასეთი სიტყვა მოვიდა იერემიასადმი უფლისგან:
13 . "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მცხოვრებთ: არ მიიღებთ დარიგებას და არ შეისმენთ ჩემს სიტყვებს? ამბობს უფალი.
14 . შეასრულეს იონადაბ რექაბის ძის სიტყვები, რომელმაც თავის შთამომავლებს უბრძანა, ღვინო არ დაელიათ; და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს მამის ბრძანება. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, გეუბნებოდით და არ მომისმინეთ!
15 . გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ამ სიტყვებით: თითოეული მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწოროს საქციელი, ნუ გაჰყვება უცხო ღმერთებს სამსახურებლად და დამკვიდრდებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით-მეთქი; მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ შეისმინეთ.
16 . იონადაბ რექაბის ძის შვილებმა შეასრულეს თავიანთი მამის ბრძანება, ამ ხალხმა კი ჩემი არ შეისმინა!
17 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა ის უბედურება, რაც ვთქვი, რადგან ვეუბნებოდი და არ შეისმინეს, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ”.
18 . რექაბიანთა სახლს კი უთხრა იერემიამ: "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ გაიგონეთ იონადაბის, თქვენი მამის ნათქვამი და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და ყოველივე ისე შეასრულეთ, როგორც გიბრძანათ,
19 . ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ მოეკვეთება იონადაბ რექაბის ძეს ჩემ წინაშე მჯდომი კაცი უკუნისამდე”.
1 . უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.
2 . აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.
3 . მან კი იგავი უთხრა მათ:
4 . "რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?
5 . იპოვის და სიხარულით შეისვამს მხარზე.
6 . შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად გაიხარეთ, ვიპოვე ჩემი ცხვარი, დაკარგული რომ იყოო.
7 . თქვენ გეუბნებით: უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.
8 . ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
9 . და როცა იპოვის, დაუძახებს დობილებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, რადგან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.
10 . ამას გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო”.
11 . კიდევ თქვა: "ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.
12 . უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება.
13 . რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.
14 . ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.
15 . ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.
16 . და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.
17 . როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.
18 . ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,
19 . ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!
20 . ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
21 . უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.
22 . მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით!
23 . მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ!
24 . ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა.
25 . უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.
26 . დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია?
27 . მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა.
28 . ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა.
29 . მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა.
30 . ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი.
31 . მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია.
32 . მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,
2 . წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3 . თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
4 . სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
5 . რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
6 . რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი,
7 . ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
8 . უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება.
9 . მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10 . მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
11 . ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12 . რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13 . მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
14 . ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15 . ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16 . ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
17 . ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
18 . ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19 . იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.
20 . ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
21 . რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22 . თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23 . და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
25 . რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!
26 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27 . ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28 . და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
29 . აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30 . ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31 . უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
32 . იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
1 . თუმცა არაფერს მარგებს კვეხნა, მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან.
2 . ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ - არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, - მესამე ცამდე იქნა ატაცებული.
3 . და ვიცი ამ კაცის შესახებ - თუმცა სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, -
4 . რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს.
5 . ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, თუ არა ჩემი უძლურებებით.
6 . ხოლო თუ კვეხნას მოვისურვებ, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი; მაგრამ თავს ვიკავებ, რათა იმაზე მეტად არავინ ჩამთვალოს, ვიდრე ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს.
7 . და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს - რათა არ გავმედიდურდე.
8 . ამისათვის, სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი.
9 . და მითხრა: "საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!
10 . ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!
11 . უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერს წარმოვადგენ.
12 . მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებითა და ძალებით.
13 . ვინაიდან რა მოგაკლდათ სხვა ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მძიმე ტვირთად არ დაგაწექით? მაპატიეთ ეს დანაშაული!
14 . აჰა, მზად ვარ, მესამედაც მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას; რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისთვის, არამედ მშობლები - შვილებისთვის.
15 . ხოლო მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენთვის, თუმცა, რაც უფრო მეტად მიყვარხართ, ნაკლებად გიყვარვართ.
16 . ასე იყოს, თუმცა არ დამიმძიმებიხართ! იქნებ როგორც მატყუარამ, მზაკვრობით წარგიტაცეთ და დაგიმორჩილეთ?
17 . ან იქნებ ჩემი რომელიმე წარმოგზავნილის მეშვეობით ვეძიებდი თქვენგან სარგებელს?
18 . ტიტეს ვთხოვე და მასთან ერთად წარმოვგზავნე სხვა ძმაც - განა ტიტემ გამოგიყენათ? განა იმავე სულით არ დავდიოდით, იმავე ნაკვალევზე?
19 . ისევ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებთ თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ, ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლადაა.
20 . ვინაიდან, ვშიშობ, რომ როცა მოვალ, გპოვებთ თქვენ არა ისეთებს, როგორიც მე მსურს რომ იყოთ, და თქვენც ისეთს მპოვებთ, როგორიც არ გსურთ რომ ვიყო; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, სიამაყე და არეულობა.
21 . რათა კვლავ რომ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენს წინაშე და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ.
1 . შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
2 . პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
3 . რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
4 . თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5 . მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
6 . არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
7 . გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.
8 . იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9 . და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10 . დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11 . შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
12 . რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13 . ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.
14 . მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
15 . და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16 . და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17 . აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
18 . ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19 . ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20 . რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21 . რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს ტვიქიკოსი გაუწყებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.
22 . რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23 . მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
24 . მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . ერთხელ მიდიოდა და დაბადებიდან ბრმა კაცი დაინახა.
2 . ჰკითხეს მოწაფეებმა: "რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”
3 . უპასუხა იესომ: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, ღმერთის საქმენი რომ გამოჩდნენ მასში.
4 . სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
5 . სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.
6 . ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა და ბრმას თვალებზე წაუსვა.
7 . უთხრა: "წადი და დაიბანე სილოამის ანუ მოვლინებულის საბანელში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
8 . მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: "ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?”
9 . ერთნი ამბობდნენ - ეს სწორედ ისააო, სხვებმა თქვეს - არა, მაგრამ იმას ჰგავსო. მან კი თქვა: "ეს მე ვარ”.
10 . მაშინ ჰკითხეს: "როგორ აგეხილა თვალები?”
11 . მან უპასუხა: "კაცმა, სახელად იესომ, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები”.
12 . მაშინ ჰკითხეს: "სადაა იგი?” უპასუხა: "არ ვიცი”.
13 . მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, მანამდე რომ ბრმა იყო.
14 . ის დღე, ტალახი რომ მოზილა იესომ და თვალები აუხილა, შაბათი იყო.
15 . ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: "ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ”.
16 . მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: "ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: "როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა.
17 . კვლავ ჰკითხეს ბრმას: "შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: "წინასწარმეტყველია იგი”.
18 . მაინც არ დაიჯერეს იუდევლებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.
19 . ჰკითხეს მათ: "ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?”
20 . მშობლებმა უთხრეს: "ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა.
21 . მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”.
22 . ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.
23 . ამიტომ თქვეს მშობლებმა, ასაკოვანია და თავად მას ჰკითხეთო.
24 . მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო და უთხრეს: "დიდება მიაგე ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი”.
25 . მან კი უპასუხა: "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.
26 . კვლავ ჰკითხეს: "რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?”
27 . უპასუხა: "მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ ხელახლა მოსმენა? იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?”
28 . მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: "შენ თვითონ ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
29 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის”.
30 . უთხრა მათ კაცმა: "საკვირველი სწორედ ისაა, რომ არ იცით, საიდან არის, მან კი თვალები ამიხილა.
31 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.
32 . საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
33 . ეს რომ ღმერთისგან არ ყოფილიყო, ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა”.
34 . უთხრეს მას: "შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?” და გარეთ გამოაგდეს იგი.
35 . იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: "გწამს ძე კაცისა?”
36 . მან უთხრა: "ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?”
37 . იესომ უთხრა: "შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”.
38 . უპასუხა: "მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
39 . უთხრა იესომ: "განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ”.
40 . გაიგონა ეს სიტყვები მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა; და ჰკითხეს: "ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?”
41 . უთხრა მათ იესომ: "ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა თქვენზევე რჩება”.