1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . "იმ დროს, ამბობს უფალი, ამოყრიან იუდას მეფეების ძვლებს, მის მთავართა ძვლებს, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა ძვლებს მათი საფლავებიდან.
2 . და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის მთელი ლაშქრის წინ, რომლებიც უყვარდათ მათ, რომლებსაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მიყვებოდნენ, რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; აღარ მოაგროვებენ და აღარ დაკრძალავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის ზედაპირზე.
3 . სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ დარჩენილნი, ვინც ამ ბოროტი მოდგმიდან დარჩება ყველა ადგილზე, სადაც გავფანტე ისინი”, ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . ასე ეტყვი: "ასე ამბობს-თქო უფალი, განა დაცემულა კაცი და ფეხზე აღარ ამდგარა, განა განდგომილა კაცი და არ მოუნანიებია?
5 . რატომ განმიდგა ეს ხალხი, იერუსალიმი, სამუდამო განდგომით? ჩასჭიდებიან სიცრუეს და მობრუნებას უარობენ.
6 . ყური მივუგდე და მოვისმინე: სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ბოროტებას, ამბობენ: განა რა დავაშავეო? ყველა თავის გზაზე მიიჩქარის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.
7 . ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.
8 . როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ, ვინაიდან უფლის რჯულია ჩვენთანო? აჰა, სიცრუედ აქცია იგი მწიგნობართა ცრუ კალამმა.
9 . შერცხვნენ ბრძენები, დაიბნენ და გაებნენ; აჰა, უარყვეს უფლის სიტყვა, რაღა სიბრძნე აქვთ?
10 . ამიტომ მათ ცოლებს სხვებს მივცემ და მათ მინდვრებს - ახალ პატრონებს, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა ანგარია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მქმნელია.
11 . ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს; გაიძახიან: მშვიდობაა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.
12 . რცხვენიათ კი იმ სისაძაგლის გამო, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომ დაეცემიან დაცემულთა შორის; სასჯელს მოვუვლენ და დაეცემიან”, - ამბობს უფალი.
13 . "მე წავართმევ მათ მოსავალს, ამბობს უფალი, ყურძენი აღარ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვის ხეს; ფოთოლი დაჭკნება და, რაც მივეცი, ხელიდან გამოეცლებათ”.
14 . რატომ ვსხედვართ? შეიყარეთ, წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში და იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა და მოწამლული წყალი გვასვა, ვინაიდან უფალს შევცოდეთ.
15 . მშვიდობის მოლოდინი გვქონდა და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს მოველოდით და, აჰა, საშინელებაა!
16 . დანიდან ისმის მისი ცხენების ქშენა; მისი ულაყების ჭიხვინის ხმაზე მთელი ქვეყანა ზანზარებს; რადგან მოდიან, ჭამენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქებსა და მათში მცხოვრებთ.
17 . რადგანაც, "აჰა, შემოგისევთ გველებსა და მოუნუსხავ ასპიტებს და დაგგესლავენ”, - ამბობს უფალი.
18 . ჩემი მწუხარება უსაზღვროა, გული დამისუსტდა.
19 . აჰა, ისმის ჩემი ხალხის, ჩემი ასულის ტირილის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? აღარ არის იქ მისი მეფე? "რატომ გამაბრაზეს თავიანთი ქანდაკებებით, უცხო ქვეყნების კერპებით?”
20 . მკის დრო გავიდა, ზაფხული მიილია, ჩვენ კი დახსნილნი არა ვართ.
21 . ჩემი ხალხის, ჩემი ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, ვგლოვობ, მღელვარებამ შემიპყრო.
22 . განა აღარ არის მალამო გილყადში? განა აღარ არის იქ მკურნალი? მაშ, რატომ არ გამოჯანმრთელდა ჩემი ხალხი, ჩემი ასული?
1 . სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიასადმი:
2 . "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წიგნში ჩაიწერე ყველა სიტყვა, მე რომ გითხარი.
3 . რადგან, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ჩემი ერი - ისრაელი და იუდა უნდა დავაბრუნო ტყვეობიდან; იმ ქვეყანაში დავაბრუნებ, მათ მამებს რომ მივეცი, და დაიმკვიდრებენ მას, ამბობს უფალი”.
4 . ეს არის სიტყვები, უფალმა რომ ილაპარაკა ისრაელსა და იუდაზე:
5 . "ასე ამბობს უფალი: შიშისა და ძრწოლის ხმა მესმის; მშვიდობა არ არის;
6 . იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი? მაშ რატომ ვხედავ, რომ ყოველ მამაკაცს მშობიარე ქალივით ხელები წელზე შემოულაგებია? რატომ გაფითრებია ყველას სახე?
7 . ვაი, ვინაიდან დიდია ეს დღე; არასოდეს ყოფილა მისი მსგავსი; გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის, მაგრამ გამოხსნილ იქნება მისგან.
8 . და იქნება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავამსხვრევ მის უღელს მათ ქედზე და დავწყვეტ მათ ბორკილებს; ვეღარ დაიმონებენ მას უცხონი.
9 . თავიანთ უფალ ღმერთს მოემსახურებიან და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.
10 . ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მსახურო! ამბობს უფალი, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, გამოგიხსნი შორეული მიწიდან და შენს შთამომავალთ - მათი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და აღარავინ იქნება მისი შემშინებელი.
11 . რადგან, შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, რომლებშიც გაგფანტე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, არამედ სამართლიანად დაგსჯი; დაუსჯელს არ გაგიშვებ”.
12 . რადგან, ასე ამბობს უფალი: "განუკურნებელია შენი ჭრილობა და ფრიად მძიმეა შენი წყლული.
13 . არავინ გამოგესარჩლება, ჭრილობას არავინ შეგიხვევს, კურნება არ არის შენთვის.
14 . ყველა მოყვარემ დაგივიწყა, აღარ გკითხულობენ, რადგან მტერივით დაგჭერი და სასტიკად დაგსაჯე დიდი დანაშაულის გამო; აღურიცხავია შენი ცოდვები.
15 . რატომ კვნესი? დაჭრილი ხარ, განუკურნებელია შენი სატკივარი, რადგან დიდია შენი დანაშაული და აღურიცხავია შენი ცოდვები. მე მოგწიე ეს ყველაფერი.
16 . ყველა შენი მჭამელი შეიჭმევა, ყველა შენი მტერი, ყველა მათგანი დატყვევდება; შენი ამაოხრებელი თავად აოხრდება, შენს მძარცველებს მე გავაძარცვინებ.
17 . მე გამოგაჯანსაღებ და ჭრილობებისგან განგკურნავ, ამბობს უფალი, იმის გამო, რომ გაძევებული გიწოდეს; ეს არის სიონი, არავის ადარდებს მისი ამბავი.
18 . ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავაბრუნებ იაკობის კარვების ქონებას და შევიბრალებ მის სამკვიდრო ადგილებს; ქალაქი თავის ნანგრევებზე აშენდება და სასახლე თავის კანონიერ ადგილზე აღიმართება.
19 . მადლიერებისა და მოდღესასწაულეთა ხმა გამოვა მათგან; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; პატივს მივაგებ და არად ჩასაგდებნი აღარ იქნებიან.
20 . უწინდელივით იქნებიან მათი ძენი და დაფუძნდება მისი კრებული ჩემ წინაშე; მე დავსჯი ყველა მის შემჭირვებელს.
21 . მისგან გამოვა მისი წინამძღოლი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი მთავარი. მივიზიდავ და ისიც მომიახლოვდება; განა ვინმე შეძლებს, რომ თვითნებურად მომიახლოვდეს? ამბობს უფალი.
22 . ჩემი ხალხი იქნებით და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.
23 . აჰა, ქარიშხალივით, ყოველივეს აღმგველი გრიგალივით გამოდის უფალი; ბოროტეულთა თავზე დატრიალდება ის.
24 . არ შებრუნდება უფლის მგზნებარე რისხვა, ვიდრე არ აახდენს და არ აღასრულებს განზრახულს; უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.
1 . მეორედაც გამოეცხადა უფლის სიტყვა იერემიას, როცა ჯერ კიდევ საყარაულო ეზოში იყო დაპატიმრებული.
2 . ასე ამბობს უფალი, სამყაროს შემოქმედი, უფალი, რომელმაც გამოძერწა და დააფუძნა იგი. უფალია მისი სახელი!
3 . "მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ”.
4 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებსა და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც ალყისა და მახვილის გამო დაემხო:
5 . და მათზე, რომლებიც ქალდეველებთან საბრძოლველად მოდიან, რათა არემარე იმ ადამიანთა გვამებით აივსოს, მე რომ დავხოცე ჩემი რისხვითა და გულისწყრომით, და სახე დავუმალე ამ ქალაქს მათი ბოროტების გამო;
6 . აჰა, მევე მოვუტან მათ განკურნებასა და შვებას, განვკურნავ და მშვიდობისა და უსაფრთხოების სიუხვეს გამოვუჩენ.
7 . ტყვეობიდან დავაბრუნებ იუდასა და ისრაელს, და პირვანდელივით ავაშენებ მათ.
8 . განვწმედ ყველა უმართლობისგან, რითაც შემცოდეს; მივუტევებ ყველა დანაშაულს, რითაც შემცოდეს და ამიჯანყდნენ;
9 . და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც შეიტყობენ ყველა იმ სიკეთეზე, მე რომ ვიქმ; შეშინდებიან და ათრთოლდებიან იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მოვიმოქმედებ.
10 . ასე ამბობს უფალი: ამ ადგილზე, რომელზეც ამბობთ: აოხრდა, გაუკაცრიელდა, გაუდაბურდა იუდას ქალაქები და იერუსალიმის ქუჩები, ადამიანებისა და საქონლის გარეშე დარჩაო,
11 . კვლავ გაისმება ხმა ლხინისა და სიხარულისა, ხმა ნეფისა და პატარძლისა, ხმა მოლაპარაკისა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი და უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლიერებით შედით უფლის სახლში, ვინაიდან დავაბრუნებ ტყვეებს ამ მიწისას, როგორც თავდაპირველად იყო, - ამბობს უფალი.
12 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ამ ადგილზე, ახლა რომ აოხრებული, გაუკაცრიელებული და უსაქონლოა, მის ყველა ქალაქში, კვლავ გაჩნდება მწყემსთა სადგომები, რომლებიც ფარებს მოასვენებენ.
13 . მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში და ბენიამინის მიწაზე, იერუსალიმის გარშემო და იუდას ქალაქებში კიდევ გაატარებენ ფარას, მისი დამთვლელის ხელით, ამბობს უფალი.
14 . აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და მე ავახდენ იმ კეთილ სიტყვას, რაც ისრაელისა და იუდას სახლზე ვთქვი.
15 . იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში.
16 . იმ დღეებში გადარჩება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება იერუსალიმი. ესაა სახელი, მას რომ უწოდებენ: უფალია ჩვენი სამართლიანობა!
17 . ვინაიდან ასე ამბობს უფალი: არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი,
18 . არც ლევიან მღვდლებს მოეკვეთებათ ჩემ წინაშე კაცი, სრულადდასაწველისა და ძღვენის აღმავლენელი და მსხვერპლის შემომწირველი ყოველდღიურად”.
19 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასთან:
20 . ასე ამბობს უფალი: "თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რომ თავის დროზე აღარ თენდებოდეს და აღარ ღამდებოდეს,
21 . მაშინ ჩემი აღთქმაც დაირღვევა დავითთან, ჩემს მსახურთან, რომ აღარ ჰყავდეს ძე თავის ტახტზე გასამეფებლად, და ლევიანებთან - ჩემს მომსახურე მღვდლებთან.
22 . ცის მხედრობასავით აღურიცხავი და ზღვის ქვიშასავით დაუთვლელი იქნება ჩემი მსახურის, დავითის შთამომავალთა და ლევიანთა, ჩემს მსახურთა სიმრავლე”.
23 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასთან:
24 . "ვერ დაინახე რას ამბობდა ეს ხალხი: ორი შტო, რომელიც ამოარჩია უფალმა, თვითონვე უკუაგდოო? მოიძულეს ჩემი ერი და ხალხადაც აღარ თვლიან საკუთარ თვალში.
25 . ასე ამბობს უფალი: თუ მე არ დავუდე აღთქმა დღესა და ღამეს და დავადგინე ცისა და ქვეყნის წესი,
26 . მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემი მსახურების თესლსაც უკუვაგდებ და არ აღვადგენ მთავრებს მისი შთამომავლობიდან აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის თესლისთვის. რადგან მოვაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ!”
1 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს:
2 . "ძეო კაცისავ! ჩაიწერე, ჩაიწერე შენთვის ამ დღის სახელი, ზუსტად ამ დღისა; ზუსტად ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს.
3 . ელაპარაკე მეამბოხე სახლს იგავით და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქვაბი შემოდგი ცეცხლზე, შემოდგი და შიგ წყალი ჩაასხი.
4 . ნაჭრები ჩაყარე შიგ, კარგი ნაჭრები, ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით გაავსე.
5 . ნარჩევი ცხვრებისგან აიღე, ქვეშ შეშა შეუკეთე და ადუღე, რომ ძვლები მოიხარშოს.
6 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ჟანგიან ქვაბს რომ ჰგავს და რომლის ჟანგიც არ გადმოდის მისგან. ნაჭერ-ნაჭერ ამოიღე ნაჭრები, რჩევის გარეშე.
7 . რადგან მისი სისხლი მის წიაღშია, სალ კლდეზე დაასხა, მიწაზე არ დაუღვრია, მტვრით რომ არ დაფარულიყო.
8 . რათა რისხვით ავნთებულიყავი შურისძიებისთვის; მე დავასხი მისი სისხლი სალ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო.
9 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, მე გავაღვივებ კოცონს.
10 . შეშა მიუმატე, ცეცხლი გააღვივე, ბოლომდე ჩახარშე ხორცი, ისე, რომ ძვლებიც ჩაიხარშოს.
11 . ცარიელი იდგას ნაკვერჩხლებზე, რათა გაცხელდეს და სპილენძი გავარვარდეს, გადნეს შიგნით მისი სიბილწე და გამოიწვას მისი ჟანგი.
12 . ჯაფისგან მოიქანცე, და მაინც არ მოცილდა ღრმა ჟანგი, ამიტომ ცეცხლს მიეცი ქვაბი, თავის ჟანგთან ერთად.
13 . შენს უწმიდურებაშია შენი სისაძაგლე, რადგან გწმენდდი და არ განიწმინდე შენი უწმიდურებისგან! მეტად აღარ განიწმინდები, სანამ არ დაცხრება შენზე ჩემი გულისწყრომა.
14 . მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
16 . "ძეო კაცისავ! ერთი ხელის მოსმით წაგართმევ შენი თვალისთვის სასურველს. არ დაიჩივლო, არც იტირო და არც ცრემლი გადმოყარო.
17 . მდუმარედ იგლოვე, მკვდრებს ნუ დაიტირებ, თავი დაიბურე და ფეხსაცმელი ჩაიცვი ფეხებზე, ულვაშს ნუ დაიფარავ და უცხოთა პურს ნუ შეჭამ”.
18 . დილით ხალხს ველაპარაკე საღამოს კი მოკვდა ჩემი ცოლი. და შევასრულე დილით, რაც ნაბრძანები მქონდა.
19 . მითხრა ხალხმა: "ნუთუ არ გვეტყვი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ?”
20 . ვუპასუხე: "ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:
21 . უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, აჰა, შევბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალებისთვის სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენს ძეებსა და ასულებს კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დავცემ.
22 . იმას გააკეთებთ, რაც მე გავაკეთე, ულვაშს არ დაიფარავთ და უცხოთა პურს არ შეჭამთ.
23 . საბურველი გექნებათ თავზე და ფეხსაცმელი - ფეხებზე. ნუ იგლოვებთ და ნუ დაიტირებთ; დალპებით თქვენს უმართლობაში და იკვნესებთ თითოეული თქვენს ძმაზე.
24 . ეზეკიელი იქნება ყველა თქვენგანისთვის ნიშნად: როგორც ის მოიქცა, თქვენც ისე მოიქცევით. ეს რომ მოხდება, მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
25 . და შენ, ძეო კაცისავ! იმ დღეს იქნება, როცა წავართმევ მათ საყრდენს, მათი სიხარულის სიამაყეს და თვალთათვის სასურველს, მათი გულების დარდს - მათ ძეებსა და ასულებს.
26 . იმ დღეს მოგივა იქიდან თავდაღწეული, რათა გაცნობოს.
27 . და იმ დღეს გაგეხსნება პირი და ალაპარაკდები თავდაღწეულის ხილვისას და აღარ დამუნჯდები; იქნები მათთვის ნიშნად და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!”
1 . ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.
2 . შოლტის ცემისა და ბორბლების გრიალის ხმაა; ცხენები ჭიხვინებენ და ეტლები გრიალებენ.
3 . მხედრები მიჰქრიან, მახვილები ელავენ, შუბები ბრწყინავენ; ბევრია განგმირული, გვამების გროვაა! არ დაითვლება ცხედრები, გვამებზე ბრკოლდებიან მეომრები.
4 . ეს მეძავის უზომო მრუშობის გამო ხდება, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, თავისი მრუშობით რომ ჰყიდის ხალხებს და თავისი ჯადოქრობით - ტომებს.
5 . აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - ბოლომდე აგიწევ კალთას, დავანახებ შენს სიშიშვლეს ხალხებს და შენს სირცხვილს - სამეფოებს.
6 . მოგაყრი სიბინძურეს, წაგბილწავ და სასეიროდ გაქცევ.
7 . ვინც დაგინახავს, გაგშორდება და იტყვის: ‘გაძარცულია ნინევე! ვინ იგლოვებს მისთვის? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელნი?’
8 . რითი სჯობიხარ თებეს? ნილოსის მდინარესთან რომ იყო და წყლები რომ ერტყა გარშემო? მისი სიმაგრე ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი.
9 . ქუშის ქვეყანა იყო მისი ძლიერება და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი იყვნენ მის შემწედ.
10 . ისიც განდევნეს, ტყვედ წაიყვანეს, მისი ბავშვები ნაკუწებად აქციეს ყოველი ქუჩის თავში; მის დიდებულებზე წილი ყარეს, წარჩინებულებს ბორკილები დაადეს.
11 . შენც დათვრები და დამალვას მოინდომებ, მტრებისგან თავშესაფარს დაუწყებ ძებნას.
12 . მწიფენაყოფიანი ლეღვის ხესავითაა ყველა შენი ციხე-სიმაგრე, თუ შეარხიე პირში ჩაუცვივდება მჭამელს.
13 . აჰა, დიაცებივით არის შენი ხალხი შენს შორის. ფართოდ გაიღო შენი ქვეყნის კარიბჭენი შენი მტრებისთვის, ცეცხლი ჭამს შენს ურდულებს.
14 . ალყისთვის მოემზადე, წყალი მოიმარაგე და ციხე-სიმაგრენი გაამაგრე; მიდი თიხასთან, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.
15 . იქ შეგჭამს ცეცხლი, დაგცემს მახვილი და განადგურდები, როგორც კალიისგან ნადგურდებიან! გამრავლდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.
16 . ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია მოვაჭრენი, მაგრამ კალიაც კი მიფრინავს, როცა ფრთებს გაშლის.
17 . შენი მოხელეები კალიის ღრუბლებს ჰგვანან, შენი მხედართმთავრები ბოცომკალს, ცივ დღეს ქვის კედლებზე მჯდომს; მზე ამოვა, გაფრინდებიან და ვერ გაიგებ მათ ადგილსამყოფელს.
18 . სძინავთ შენს მწყემსებს, აშურის მეფევ, ისვენებენ შენი დიდებულნი, მთებზე გაიფანტა შენი ხალხი და არავინაა შემკრები;
19 . არ გიშუშდება ჭრილობა, არ არის კურნება შენი წყლულისთვის; ვინც კი მოისმენს შენს ამბავს, ტაშს შემოჰკრავს შენზე, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?
1 . რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე - ამბობს ცაბაოთ უფალი - არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!
2 . და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.
3 . გათელავთ ბოროტთ, ვინაიდან ნაცრად იქცევიან ისინი თქვენს ფერხთა ქვეშ იმ დღეს, მე რომ ვამზადებ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . გახსოვდეთ მოსეს, ჩემი მსახურის რჯული, წესდებანი და სამართალნი ხორებზე რომ გამოვუცხადე, მთელი ისრაელისთვის.
5 . აჰა, გამოგიგზავნით წინასწარმეტყველ ელიას უფლის უდიდესი და საშინელი დღის მოსვლამდე.
6 . და მოაქცევს მამების გულს ძეთა მიმართ და ძეთა გულს მამების მიმართ, რომ ჩემი მოსვლისას წყევლით არ შევმუსრო ქვეყანა!
1 . თავის მოწაფეებსაც უთხრა: "იყო ერთი მდიდარი კაცი; ჰყავდა სახლმმართველი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, ქონებას გინიავებსო.
2 . დაიბარა და უთხრა: ეს რა გავიგე შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში, რადგან სახლმმართველი ვეღარ იქნებიო.
3 . მაშინ თქვა სახლმმართველმა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მმართველობას მართმევს. ბარვა მე არ შემიძლია, მათხოვრობის კი მრცხვენია.
4 . ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მმართველობას ჩამომაშორებენ.
5 . სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის მოვალეები; ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
6 . მიუგო: ასი საწყაო ზეთი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი, ახლავე დაჯექი და ორმოცდაათი დაწერე.
7 . შემდეგ სხვას ჰკითხა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: ასი საწყაო ხორბალი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი და ოთხმოცი დაწერე.
8 . და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.
9 . მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში.
10 . მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.
11 . ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?
12 . და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13 . არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!”
14 . ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.
15 . უთხრა მათ: "თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან, რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
16 . რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; ხოლო მას მერე ღმერთის სამეფო იქადაგება და ყველანი ძალისხმევით შედიან მასში.
17 . უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდეს რჯულიდან.
18 . ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს”.
19 . "იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
20 . ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული.
21 . ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
22 . მოკვდა გლახაკი და ანგელოზებმა აბრაჰამის წიაღში მიიყვანეს. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
23 . და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.
24 . შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.
25 . უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი - სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
26 . გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.
27 . უთხრა: რაკი ასეა, გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც მიავლინე იგი.
28 . რადგან ხუთი ძმა მყავს, მივიდეს და გააფრთხილოს, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველში.
29 . მაგრამ უთხრა მას აბრაჰამმა: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ.
30 . მან კი თქვა: არა, მამაო აბრაჰამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.
31 . და უთხრა მას აბრაჰამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ დაუგდეს ყური, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, იმასაც არ ერწმუნებიან”.
1 . და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, შვიდი ანგელოზისადმი მიმართული: "წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი”.
2 . წავიდა პირველი და გადმოღვარა თავისი თასი მიწაზე; და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები იმ ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
3 . გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა სისხლად თითქოს მკვდრისა; და დაიხოცა ყოველი ცოცხალი არსება ზღვაში.
4 . გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად.
5 . გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: "მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.
6 . ვინაიდან დაღვარეს მათ წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და სისხლი მიეცი მათ სასმელად, რადგან დაიმსახურეს”.
7 . გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: "დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.
8 . გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და ადამიანების ცეცხლით დაწვა მიეცა მას.
9 . იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს წყლულებზე; და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
10 . გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ.
11 . გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო; და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
12 . გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან.
13 . ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა.
14 . ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.
15 . "აი, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი”.
16 . და მოაგროვა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.
17 . გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელმაც თქვა: "აღსრულდა!”
18 . იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა!
19 . სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
20 . და გაიქცა ყველა კუნძული და აღარ იყო მთები.
21 . ციდან ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ადამიანებზე; და გმობდნენ დასეტყვილი ადამიანები ღმერთს, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მათი წყლული.