რიცხვნი თავი 11

1 . ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.

2 . შეღაღადა ხალხმა მოსეს; ლოცვით შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.

3 . და უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბერა - მწველი, რადგან უფლის ცეცხლი მოეკიდათ იქ.

4 . გულისთქმა დაეუფლა მათ შორის მყოფ ბრბოს, მათთან ერთად ისრაელიანებიც მოთქვამდნენ და ამბობდნენ - ვინ გვაჭმევსო ხორცს.

5 . გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე - კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.

6 . ახლა ჩამოვხმით, რადგან მანნას გარდა არაფერია ჩვენს თვალწინ”.

7 . ქინძის თესლივით იყო მანნა და ქარვის შეხედულება ჰქონდა.

8 . დადიოდა ხალხი და კრეფდა, ფქვავდა წისქვილის ქვაზე ან ფილით ნაყავდა; ხარშავდნენ ქვაბში და კვერებს აცხობდნენ მისგან; ზეთიანი კვერის გემო ჰქონდა.

9 . როცა ღამით ცვარი დაეფინებოდა ბანაკს, მანნაც ეფინებოდა მას.

10 . გაიგონა მოსემ ხალხის ტირილი თავთავის სახლებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ტიროდა; და ფრიად აღინთო უფლის რისხვა. ეს მოსეს თვალშიც ბოროტება იყო.

11 . უთხრა მოსემ უფალს: "რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?

12 . ნუთუ მე ვატარე მთელი ეს ხალხი მუცლით და მე ვშობე იგი, რომ მეუბნები: ატარე შენი უბით, როგორც ძიძა ატარებს ძუძუმწოვარ ჩვილს, და წაიყვანე იმ მიწაზე, რომელიც შევფიცეო მის მამებს?

13 . სად მაქვს ხორცი ამდენი ხალხისთვის? ჩემს წინ მოთქვამენ - ხორცი მოგვეცი, რომ შევჭამოთო.

14 . მე ერთი ვერ ვატარებ ამ ხალხს; რადგან მძიმეა ეს ტვირთი ჩემთვის,

15 . და თუ ასე მექცევი, გთხოვ მომკალი, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, რათა აღარ ვუყურო ჩემს გაჭირვებას”.

16 . უპასუხა უფალმა მოსეს: "შეკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, ვინც იცი, რომ ხალხის უხუცესები და ზედამხედველნი არიან. მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად.

17 . ჩამოვალ და დაგელაპარაკები, ავიღებ სულიდან, რომელიც შენზეა და მათაც მოვაფენ, რათა შენთან ერთად ზიდონ ხალხის ტვირთი და მარტომ აღარ ატარო.

18 . უთხარი ხალხს: განიწმიდეთო ხვალისთვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ყურში ჩასტიროდით უფალს, ხორცს ვინ გვაჭმევსო, ეგვიპტეში გვერჩივნაო; მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.

19 . ოღონდ, ერთ დღეს კი არ შეჭამთ, არც ორ დღეს, არც ხუთ დღეს, არც ათ დღეს და არც ოც დღეს,

20 . არამედ მთელ თვეს, სანამ არ შეგზიზღდებათ და ნესტოებიდან არ გადმოანთხევთ, რადგან უარყავით უფალი, რომელიც თქვენ შორისაა და მოსთქვამდით მის წინაშე, რად გამოვედითო ეგვიპტიდან”.

21 . თქვა მოსემ: "ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც ვიმყოფები, შენ კი ამბობ: ერთი თვის საჭმელ ხორც მივცემო.

22 . მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ? ან ზღვის მთელი თევზიც რომ მივცეთ, ნუთუ საკმარისი იქნება?”

23 . უპასუხა უფალმა მოსეს: "განა დამოკლდა უფლის ხელი? ახლა იხილავ, აგისრულდება თუ არა ჩემი სიტყვა”.

24 . გამოვიდა მოსე და უამბო ხალხს უფლის ნათქვამი, შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან და დააყენა ისინი კარვის გარშემო.

25 . და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, თან ელაპარაკებოდა მას, აიღო სულისგან, რომელიც მოსეზე იყო და მოჰფინა სამოცდაათ უხუცეს მამაკაცს; დაივანა მათზე სულმა და განუწყვეტლივ იწყეს წინასწარმეტყველება.

26 . მაგრამ ორი კაცი დარჩა ბანაკში; ერთის სახელი იყო ელდადი, მეორისა - მედადი; ისინიც ჩაწერილნი იყვნენ, მაგრამ არ გასულან სავანესთან; მათზეც დაივანა სულმა და იწყეს წინასწარმეტყველება ბანაკში.

27 . გაიქცა ერთი ჭაბუკი და აუწყა მოსეს: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში.

28 . მიუგო იეშუამ, ნავეს ძემ, რომელიც სიყრმიდან მოსეს მსახური იყო: "მოსე, ჩემო ბატონო! აუკრძალე!”

29 . უთხრა მას მოსემ: "ჩემ გამო ხომ არ ეჭვიანობ? ნეტავ უფლის მთელი ხალხი გაწინასწარმეტყველდებოდეს და მათზეც მოაფენდეს უფალი თავის სულს”.

30 . და დაბრუნდნენ მოსე და უხუცესები ისრაელის ბანაკში.

31 . ამოვარდა ქარი უფლისგან, მოზიდა ზღვიდან მწყერი და დაყარა ბანაკიდან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, მიწიდან თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე.

32 . მთელ იმ დღე-ღამეს და მთელ მეორე დღეს აგროვებდა ხალხი მწყერს; ყველაზე ცოტას ამკრეფმაც კი ათი ხომერი აკრიფა. ბანაკის გარშემო დაილაგეს თავისთვის.

33 . ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი, დაღეჭვაც ვერ მოასწრეს, რომ უფლის რისხვა აღინთო ხალხზე და მოსრა უფალმა მრავალი.

34 . ეწოდა იმ ადგილს კიბროთ ჰათაავა - გულისთქმათა საფლავი, რადგან იქ დამარხეს ხალხი.

35 . კიბროთ ჰათაავადან ხაცეროთისკენ დაიძრა ხალხი; და დადგნენ ხაცეროთში.