რიცხვნი თავი 19

1 . ელაპარაკა უფალი მოსესა და აჰარონს:

2 . "ესაა რჯულის დადგენილება, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელიანებს, რომ მოგიყვანონ წითელი, უნაკლო დეკეული, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღლის ქვეშ არ მდგარა.

3 . მიეცით ელეაზარ მღვდელს, გაიყვანოს იგი ბანაკის გარეთ და დაიკლას მის წინაშე.

4 . თითით აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი და შვიდჯერ მოაპკუროს საკრებულო კარვის წინ.

5 . და დაწვან დეკეული მის თვალინ: მისი ტყავი, ხორცი და სისხლი, განავალთან ერთად დაიწვას.

6 . აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი, წითელი ძაფი და მიაგდოს ცეცხლმოკიდებულ დეკეულზე.

7 . გაირეცხოს მღვდელმა სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და მერე შევიდეს ბანაკში; უწმიდური იქნება იგი საღამომდე.

8 . მისმა დამწველმაც გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და უწმიდური იქნება საღამომდე.

9 . მოაგროვოს სუფთა კაცმა დეკეულის ფერფლი და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე დადოს, სადაც შეინახება ისრაელის ძეთა თემისთვის, სასხურებელი წყლისთვის, ცოდვისგან გასაწმენდად.

10 . გაირეცხოს სამოსელი დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა და უწმიდური იქნება საღამომდე. იყოს ეს მარადიულ დადგენილებად ისრაელიანებისა და მათ შორის მცხოვრები ხიზნებისთვის.

11 . ნებისმიერი გვამის შემხები კაცი, უწმიდური იქნება შვიდი დღე.

12 . თუ მესამე და მეშვიდე დღეს ფერფლით გაიწმინდება, სუფთა იქნება; ხოლო, თუ არ გაიწმინდება მესამე და მეშვიდე დღეს, მაშინ არ იქნება სუფთა.

13 . ნებისმიერი, ვინც მკვდარს შეეხო, რომელიმე გარდაცვლილ კაცს და არ განიწმიდა, უფლის აღთქმის კარავი შებილწა მან; უნდა მოისპოს იგი ისრაელისგან, ვინაიდან არ ესხურა ფერფლიანი გამწმენდი წყალი, უწმიდურია იგი და ჯერ კიდევ მასზეა მისი უწმიდურება.

14 . ასეთია რჯული: თუ კარავში მოკვდება კაცი, მაშინ ყოველი კარავში მყოფი და იქ შემსვლელი უწმიდურია შვიდი დღე.

15 . ყოველი ღია ჭურჭელი, რომელიც თავსახურით არაა დახურული, უწმიდურია.

16 . ყველა, ვინც მინდორში მახვილით განგმირულს, მკვდარს, ადამიანის ძვალს ან საფლავს შეეხება, უწმიდურია იგი შვიდი დღე.

17 . აიღონ უწმიდურისთვის ფერფლი ცოდვის გაწმენდისთვის დამწვარი დეკეულისგან და დაასხან ზედ წყაროს წყალი ჭურჭელში

18 . აიღოს სუფთა კაცმა უსუპი, ამოავლოს ამ წყალში, მოაპკუროს კარავს, მთელ ჭურჭელს და ყველა კაცს, რომელიც იქ იყო და შეეხო ან ძვალს ან მკვდარს ან მოკლულს ან საფლავს.

19 . აპკუროს სუფთამ უწმიდურს მესამე და მეშვიდე დღეს და გაიწმიდება მეშვიდე დღეს. გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და გაიწმიდება საღამოს.

20 . თუ გაუწმიდურდება ვინმე და არ გასუფთავდება, კრებულიდან მოისპობა იგი, ვინაიდან შებილწა უფლის საწმიდარი: არ უსხურებია წყალი განსაწმედად, უწმიდურია იგი.

21 . და იყოს ეს მათთვის მარადიულ დადგენილებად: ვინც ასხუროს წყალი გასაწმენდად, უნდა გაირეცხოს სამოსელი და ვინც გამწმედ წყალს შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე.

22 . ყველაფერი, რასაც უწმიდური შეეხება, უწმიდური იქნება და მისი შემხები ადამიანიც უწმიდური იქნება საღამომდე.