1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "აღრიცხე კეჰათის ძენი ლევის ძეთაგან, მათი ოჯახებითურთ, მათი მამისსახლების მიხედვით.
3 . ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეუძლია, საკრებულო კარავში სამსახურებლად.
4 . ეს არის კეჰათის ძეთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდაში.
5 . ბანაკის დაძვრისას შევიდნენ აჰარონი და მისი ძენი, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი კრეტსაბმელი და გადააფარონ მოწმობის კიდობანს.
6 . ზედ მაჩვის ტყავის საბურველი დააფარონ, ზემოდან გადააფარონ ცისფერი ქსოვილი და გაუყარონ კეტები.
7 . საწინაშეო პურის მაგიდაზე გაშლიან ცისფერ ქსოვილს და დააწყობენ მასზე ლანგრებსა და კოვზებს, ჯამებსა და საღვრელ ფიალებს, მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.
8 . გაშლიან ზედ ძოწეულ ქსოვილს, გადააფარებენ მაჩვის ტყავის საბურველს და გაუყრიან კეტებს.
9 . აიღებენ ცისფერ ქსოვილს და გადააფარებენ სასანთლეს მისი ლამპრებით, მის მაშებს, აქანდაზებს და მთელ ჭურჭელს მისი ზეთისთვის, რომელთაც მისთვის იყენებენ.
10 . მოათავსებენ მას და მთელ მის ჭურჭელს მაჩვის ტყავის საფარველში და ძელზე ჩამოკიდებენ.
11 . ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ცისფერ ქსოვილს, გადააფარებენ მაჩვის ტყავის საფარველს და კეტებს გაუყრიან.
12 . აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომლითაც საწმიდარში მსახურებენ, დააწყობენ ცისფერ ქსოვილზე, დაბურავენ მაჩვის ტყავის საბურველით და ძელზე ჩამოკიდებენ.
13 . მოაშორებენ სამსხვერპლოს ნაცარს და მასზე წითელისფერ ქსოვილს გაშლიან.
14 . დააწყობენ ზედ ყოველ მის ჭურჭელს, რომლითაც მსახურებენ: აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს და სასხურებლებს - სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას; გადააფარებენ მაჩვის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.
15 . როცა დაასრულებენ აჰარონი და მისი ძენი საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლეულის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ კეჰათის ძენი წასაღებად; არ შეეხონ წმიდას, რათა არ მოკვდნენ. ესაა კეჰათის ძეთა ტვირთი საკრებულო კარვიდან.
16 . ელეაზარს, აჰარონ მღვდლის ძეს ევალება ზედამხედველობა: ლამპრის ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივი პურის შესაწირზე და ზეთსაცხებელზე, ზედამხედველობა მთლიანად კარავსა და ყოველივეზე, რაც მასშია, წმიდაზე და მის ჭურჭელზე.
17 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
18 . "ნუ მოკვეთავთ კეჰათის საგვარეულოთა ტომს ლევიანთაგან.
19 . ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ იცოცხლონ და არ მოკვდნენ, როდესაც მიუახლოვდებიან ისინი წმიდა საგნებს: შევიდნენ აჰარონი და მისი ძენი და თითოეული მათგანი თავის სამსახურზე, თავის ტვირთთან დააყენონ.
20 . ნუ მივლენ შეფუთული საწმიდრის სახილველად, თორემ დაიხოცებიან”.
21 . უთხრა უფალმა მოსეს:
22 . "აღრიცხე აგრეთვე გერშონის ძენი მათი მამისეული სახლით და მათი საგვარეულოების მიხედვით.
23 . ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეუძლია, საკრებულო კარავში მსახურებისთვის.
24 . ეს გერშონის საგვარეულოს სამსახურია, მსახურებად და ტვირთის სატარებლად.
25 . მათ უნდა ატარონ სავანის და საკრებულო კარვის გადასაფარებლები, მისი საბურველი და მაჩვის ტყავის საბურველი, რომელიც მასზეა ზემოდან და საკრებულო კარვის შესასვლელის კრეტსაბმელი.
26 . ეზოს ფარდები და ეზოს კარიბჭის შესასვლელის ფარდა, რომელიც აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, მათი საბელები, მთელი მათი ჭურჭელი მსახურებისთვის და ყოველივე, რაც მისთვისაა საჭირო, რათა შეძლონ მსახურება.
27 . აჰარონისა და მისი ძეების ბრძანების მიხედვით უნდა სრულდებოდეს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, ყოველი ტვირთის ტარება და საქმის კეთება; მათ დაავალე ყველაფრის დაცვა, რაც მათი სატარებელია.
28 . ესაა გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური საკრებულო კარავში და მათი მოვალეობანი აჰარონ მღვდლის ძის ითამარის მეთვალყურეობით.
29 . აღრიცხე მერარის ძენი მათი საგვარეულოს, მათი მამისსახლის მიხედვით.
30 . აღრიცხე ყველა, ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეუძლია, საკრებულო კარავში მსახურებისთვის.
31 . აი, რისი ტარება ევალებათ მათ საკრებულო კარვის სამსახურში: სავანის ძელების, ურდულების, სვეტებისა და კვარცხლბეკების.
32 . სვეტებისა ეზოს გარშემო, მათი კვარცხლბეკების, პალოების, საბელების, მთელი მათი ჭურჭლისა და აღჭურვილობის; სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ.
33 . ეს მერარის ძეთა საგვარეულოს სამსახურია; მათი სამსახური საკრებულო კარავთან აჰარონ მღვდლის ძის ითამარის მეთვალყურეობის ქვეშაა”.
34 . აღრიცხეს მოსემ, აჰარონმა და თემის მთავრებმა კეჰათის ძენი მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით,
35 . ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეეძლო, საკრებულო კარავში სამსახურებლად.
36 . და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით ორი ათას შვიდას ორმოცდაათი.
37 . ესენი იყვნენ აღრიცხულნი კეჰათის საგვარეულოდან, ყველა, ვინც საკრებულო კარავში მსახურებდა, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით.
38 . და აღრიცხულნი გერშონის ძეთაგან მათი საგვარეულოსა და მამისსახლების მიხედვით:
39 . ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც კი სამსახურში ჩადგა, საკრებულო კარავში მსახურებისთვის;
40 . აღირიცხნენ, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლის მიხედვით, ორი ათას ექვსას ოცდაათი.
41 . ესენი იყვნენ აღრიცხულნი გერშონის ძეთა საგვარეულოდან, ყველა, ვინც საკრებულო კარავში მსახურებდა, რომლებიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა.
42 . აღრიცხულნი მერარის ძეთა საგვარეულოდან მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით.
43 . ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც კი სამსახურში ჩადგა, საკრებულო კარავში მსახურებისთვის;
44 . იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით სამი ათას ორასი.
45 . ესენი იყვნენ აღრიცხულნი მერარის საგვარეულოდან, რომლებიც უფლის ბრძანებით, აღრიცხეს მოსემ და აჰარონმა, მოსეს ხელით.
46 . ყოველი, ვინც მოსემ, აჰარონმა და ისრაელის მთავრებმა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით აღრიცხეს,
47 . ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც კი სამსახურში ჩადგა, რათა საკრებულო კარვის ზიდვის მსახურება გაეწია,
48 . აღრიცხული იქნა და რვა ათას ხუთას ოთხმოცი შეადგინა.
49 . უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით აღრიცხეს ისინი - თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთზე დადგა; და აღირიცხა თითოეული, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.