რიცხვნი თავი 8

1 . უთხრა უფალმა მოსეს:

2 . ელაპარაკე აჰარონს და უთხარი: "ლამპრებს რომ აანთებ, სასანთლის წინ, შვიდი ლამპარი ანათებდეს”.

3 . ასე გააკეთა აჰარონმა: ისე აანთო ლამპრები, რომ სინათლე სასანთლის წინ ანათებდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

4 . ასეთი ნაკეთობის იყო სასანთლე: ნაჭედი ოქროსი იყო; ღეროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო. ისეთი გააკეთა სასანთლე, როგორც უჩვენა უფალმა მოსეს, ისე გააკეთა იგი.

5 . უთხრა უფალმა მოსეს:

6 . "გამოიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთაგან და გაწმიდე ისინი. 7 ასე მოიქეცი, რომ გაწმიდო ისინი: აპკურე მათ გამწმენდი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ სამოსელი და განიწმიდებიან.

7 . ასე მოიქეცი, რომ გაწმიდო ისინი: აპკურე მათ გამწმენდი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ სამოსელი და განიწმიდებიან.

8 . აიყვანონ ნორჩი მოზვერი და პურეული ძღვენი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე ნორჩი მოზვერი ცოდვის შესაწირად.

9 . მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელის ძეთა მთელი თემი.

10 . წარადგინე ლევიანები უფლის წინაშე და ხელები დაასხან ლევიანებს ისრაელის შვილებმა.

11 . წარადგენს აჰარონი ლევიანებს შესარხევ შესაწირად ისრაელის ძეთაგან უფლის წინაშე, რათა შეასრულონ მათ უფლის მსახურება.

12 . დაასხამენ ხელებს ლევიანები მოზვრებს თავზე და შესწირე ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისთვის, ლევიანთა გამოსასყიდად.

13 . დააყენე ლევიანები აჰარონის წინაშე და მისი ძეების წინაშე და წარადგინე ისინი შესარხევ შესაწირად უფლისთვის.

14 . გამოყავი ლევიანები ისრაელის შვილებიდან და ჩემი საკუთრება იქნებიან ისინი.

15 . ამის შემდეგ შევლენ ლევიანნი სამსახურებლად საკრებულო კარავში, გაწმიდე ისინი და წარადგინე შესარხევ შესაწირად.

16 . რადგან ისრაელის შვილებიდან მომეცა ისინი, ყოველი საშოს გამღების, ისრაელის შვილთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ავიყვანე ისინი ჩემთვის.

17 . რადგან ჩემია ისრაელის შვილთა ყოველი პირმშო, ადამიანიდან პირუტყვამდე; იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის გამოვყავი ისინი;

18 . და ავიყვანე ლევიანები ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან.

19 . მივეცი ლევიანები აჰარონსა და მის ძეებს ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ მსახურება ისრაელიანთათვის საკრებულო კარავში და შესწირონ მათთვის გამოსასყიდი; რათა არ იყოს ისრაელიანთა შორის მომსვრელი სენი, როცა კი მიეკარებიან საწმიდარს”.

20 . ასე გააკეთეს მოსემ, აჰარონმა და ისრაელიანთა მთელმა თემმა ლევიანთათვის; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელიანებმა.

21 . განიწმიდნენ ლევიანები, გაირეცხეს სამოსელი და წარადგინა ისინი აჰარონმა უფლის წინაშე, როგორც ძვირფასი შესაწირი და შესწირა გამოსასყიდი აჰარონმა, რათა განეწმიდა ისინი.

22 . ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავისი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აჰარონისა და მისი ძეების წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე მოექცნენ.

23 . უთხრა უფალმა მოსეს:

24 . "ესაა კანონი ლევიანთათვის: ოცდახუთი წლიდან მოყოლებული და უფროსი უნდა შეუდგეს საკრებულო კარავში სამსახურს.

25 . მაგრამ ორმოცდაათი წლის ასაკიდან უნდა შეწყვიტოს სამსახური და აღარ იმსახუროს.

26 . მხოლოდ მიეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის სიწმიდეების დაცვაში, ოღონდ სამსახურს ნუ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუდგინე ლევიანებს”.