რიცხვნი თავი 20

1 . მივიდნენ ისრაელის ძენი, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს. და შეჩერდა ხალხი კადეშში, იქ მოკვდა მირიამი და იქვე დაიკრძალა.

2 . არ ჰქონდა თემს წყალი და შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ.

3 . ედავებოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: "ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე.

4 . რისთვის მოიყვანეთ უფლის კრებული ამ უდაბნოში, რათა აქ დავიხოცოთ ჩვენ და ჩვენი საქონელი?

5 . რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან? იმისათვის, რომ ამ უკაცრიელ ადგილზე მოგეყვანეთ, სადაც არც სათესი ადგილია, არც ლეღვია, არც ვაზი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალი?”

6 . წავიდნენ მოსე და აჰარონი კრებულისგან საკრებულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადათ უფლის დიდება.

7 . უთხრა უფალმა მოსეს:

8 . "აიღე კვერთხი და შეკრიბეთ თემი შენ და აჰარონმა, შენმა ძმამ; მათ თვალწინ უთხარით კლდეს და მოგცემთ თავის წყალს; გადმოსჩქეფს კლდიდან წყალი და ასვი შენს თემსა და მათ პირუტყვს”.

9 . და აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა.

10 . შეკრიბეს მოსემ და აჰარონმა კრებული კლდესთან და უთხრა მათ: "ისმინეთ, ურჩებო, ამ კლდიდან გადმოგიჩქეფოთ წყალი?”

11 . აღმართა მოსემ ხელი და ორჯერ დაჰკრა კვერთხი კლდეს. გადმოსკდა წყალი უხვად და სვა თემმა და მისმა პირუტყვმა.

12 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "რადგან არ მერწმუნეთ და არ გამოავლინეთ ჩემი სიწმიდე ისრაელის ძეთა თვალწინ, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული”.

13 . მერიბას წყალი იყო ეს, სადაც უფალს შეედავნენ ისრაელიანნი და წმიდად გამოჩნდა იგი მათში.

14 . და გააგზავნა მოსემ მოციქულები კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: "ასე ამბობს შენი ძმა, ისრაელი: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც თავს გადაგვხდა.

15 . როგორ ჩავიდნენ ჩვენი მამები ეგვიპტეში, დიდხანს ვცხოვრობდით იქ და ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელნი ჩვენც და ჩვენს მამებსაც.

16 . შევღაღადეთ უფალს და ისმინა მან ჩვენი ხმა, ანგელოზი მოავლინა, გამოგვიყვანა ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ, შენს მოსაზღვრე ქალაქში.

17 . გთხოვთ, გაგვატარო, შენს ქვეყანაზე; არ გავივლით ყანებზე და ვენახებზე, არც შენი ჭის წყალს დავლევთ. სამეფო გზით ვივლით, არ გადავუხვევთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვარს”.

18 . უთხრა ედომმა: "არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით გამოვალ შენს წინააღმდეგ”.

19 . უთხრეს ისრაელიანებმა: "მთავარი გზით ვივლით, თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საფასურს გადაგიხდით; არ გთხოვ არაფერს, მხოლოდ ფეხით გავივლით”.

20 . მაგრამ მან შეუთვალა: "არ გაიარო!” და გამოვიდა ედომი მის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ხალხით და ძლიერი ხელით.

21 . არ დათანხმდა ედომი ისრაელისთვის გზის მიცემაზე, რათა გაევლო მის საზღვრებში; გვერდი აუარა მას ისრაელმა.

22 . დაიძრნენ კადეშიდან და მივიდა ისრაელიანთა მთელი თემი ჰორის მთასთან.

23 . უთხრა უფალმა მოსესა და აჰარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე:

24 . "შეერთოს აჰარონი თავის ხალხს, ვინაიდან ვერ შევა იგი იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი ისრაელიანებს, რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან.

25 . წაიყვანე აჰარონი და ელეაზარი, მისი ძე და აიყვანე ჰორის მთაზე.

26 . გახადე აჰარონს სამოსი და მისი ძე, ელეაზარი შემოსე მისით, რადგან შეერთვება აჰარონი მის ხალხს და მოკვდება იქ”.

27 . ისე გააკეთა მოსემ, როგორც უფალმა ბრძანა და ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი თემის თვალწინ.

28 . გახადა მოსემ აჰარონს სამოსი და მისი ძე, ელეაზარი შემოსა. და მოკვდა აჰარონი იქ, მთის მწვერვალზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.

29 . იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აჰარონი და დასტიროდა აჰარონს ისრაელის მთელი სახლი ოცდაათ დღეს.