რიცხვნი თავი 28

1 . უთხრა უფალმა მოსეს:

2 . "უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: გახსოვდეთ, რომ თავის დროზე მოიტანოთ ჩემი შესაწირი ჩემთან, ჩემი პური საცეცხლო მსხვერპლისთვის, საამო კეთილსურნელებად.

3 . უთხარი: ესაა საცეცხლო მსხვერპლი, რომელსაც შესწირავ უფალს - ორი ერთწლიანი უნაკლო კრავი ყოველდღე, მუდმივ სრულადდასაწველად.

4 . ერთი კრავი დილით შესწირე, მეორე კრავი კი - დაბინდებისას.

5 . პურეულ შესაწირად - მეოთხედ ჰინ სუფთა ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი.

6 . მუდმივი სრულადდასაწველია ეს, რომელიც სინაის მთაზე, საამო კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად იყო შეწირული უფლისთვის;

7 . და სასმელი მასთან ერთად - თითო კრავზე ჰინის მეოთხედი; წმიდა ადგილზე დაღვარე იგი, მაგარი სასმელი უფლისთვის.

8 . მეორე კრავი დაბინდებისას შესწირე; დილანდელი პურეული და საღვრელი შესაწირის მსგავსად, მოამზადე საცეცხლო შესაწირად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.

9 . შაბათ დღეს ორი ერთწლიანი, უნაკლო კრავი და პურეული შესაწირი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი ორი მეათედი ნაწილი გამტკიცული ფქვილი და მისი საღვრელი.

10 . ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი საღვრელი შესაწირის გარდა.

11 . ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი უნაკლო კრავი.

12 . პურეულ შესაწირად, ერთ მოზვერზე, ზეთში აზელილი სამი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი და ერთ ვერძზე ზეთში აზელილი ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი;

13 . პურეულ შესაწირად - ერთ კრავზე, ზეთში აზელილი ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი. ეს სრულადდასაწველი, საამო კეთილსურნელებაა, შესაწირია უფლისა.

14 . მათი საღვრელი შესაწირი: ჰინის ნახევარი ღვინო მოზვერზე, მესამედი ჰინი ვერძზე და მეოთხედი ჰინი - კრავზე. ეს არის სრულადდასაწველი ყოველი თვის დასაწყისში, წელიწადის თვეებში.

15 . და შესწირეთ უფალს ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, მუდმივი სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს იგი, მის საღვრელთან ერთად.

16 . პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს უფლის პასექია.

17 . ამ თვის მეთხუთმეტე დღეს - დღესასწაულია; შვიდ დღეს ხმიადები უნდა იჭამოს.

18 . წმიდა შეკრებაა პირველ დღეს; არავითარი საქმე არ უნდა აკეთოთ.

19 . და შესწირეთ უფალს საცეცხლო, სრულადდასაწველ მსხვერპლად: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი; უნაკლონი უნდა იყვნენ.

20 . მათი პურეული შესაწირი იყოს ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი, სამი მეათედი ეფა მოზვერზე და ორი მეათედი ეფა ვერძზე;

21 . მეათედი ეფა შესწირე თითოეულ კრავზე იმ შვიდთაგან;

22 . ერთი ვაცი ცოდვისთვის შესაწირად, თქვენს გამოსასყიდად.

23 . დილის მუდმივ სრულადდასაწველზე დამატებით შესწირეთ ესენი;

24 . ასე შესწირეთ ყოველდღე შვიდი დღის განმავლობაში; პური, საცეცხლო შესაწირი, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის; მუდმივი სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს მის საღვრელ შესაწირთან ერთად.

25 . მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებაა თქვენთვის, არავითარი საქმე არ გააკეთოთ.

26 . პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალ პურეულ შესაწირს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრება გქონდეთ; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.

27 . და შესწირეთ სრულადდასაწველი, საამო კეთილსურნელებად უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი;

28 . და მათი პურეული შესაწირი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი: სამი მეათედი ეფა თითოეულ მოზვერზე, ორი მეათედი - ვერძზე,

29 . ერთი მეათედი ეფა - თითოეულ კრავზე შვიდ კრავთაგან;

30 . ერთი ვაცი - თქვენს გამოსასყიდად.

31 . მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის გარდა ესენი შესწირეთ მათ სასმლის შესაწირთან ერთად; უნაკლონი უნდა იყვნენ ისინი.