1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის ძეთ და აიღე მათგან კვერთხები, მამისსახლიდან თითო, მამისსახლთა თითოეული მთავრისგან, სულ თორმეტი კვერთხი; და თითოეულის სახელი წააწერე მის კვერთხზე.
3 . ხოლო აჰარონის სახელი ლევის კვერთხს წააწერე, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის მთავარისთვის.
4 . და დააწყვე ისინი საკრებულო კარავში მოწმობის წინ, სადაც გეცხადებით.
5 . კაცს, რომელსაც ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება და ასე დავაცხრობ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებულ ისრაელიანთა დრტვინვას”.
6 . უთხრა მოსემ ეს ყველაფერი ისრაელის ძეთ და მისცა ყველა მთავარმა თითო კვერთხი ყოველი მამისსახლიდან, სულ თორმეტი კვერთხი; აჰარონის კვერთხიც მათ შორის იყო.
7 . და აღთქმის კარავში, უფლის წინაშე დააწყო მოსემ კვერთხები.
8 . შევიდა მეორე დღეს, მოსე მოწმობის კარავში და აჰა, აყვავებულა აჰარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, კვირტი გამოსცა და ნუში დამწიფდა.
9 . და გამოიტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლის პირისგან ისრაელის ყოველი ძის წინაშე, იხილეს მათ და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.
10 . უთხრა უფალმა მოსეს: "დააბრუნე აჰარონის კვერთხი მოწმობის წინ შესანახად, რათა იყოს ნიშნად დაუმორჩილებელთათვის, შეწყდება მათი დრტვინვა ჩემს წინაშე და აღარ მოისრებიან”.
11 . ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა უფალმა.
12 . უთხრეს ისრაელის ძეებმა მოსეს: "აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი!
13 . ყოველი, ვინც უახლოვდება უფლის სავანეს, კვდება; ნუთუ ყველას სიკვდილი გვშთანთქავს?”