რიცხვნი თავი 32

1 . დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს იაყზერისა და გილყადის ქვეყანა და, აჰა, გამოსადეგი იყო ის ადგილი საქონლისთვის.

2 . მივიდნენ გადისა და რეუბენის ძენი და უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და თემის თავკაცებს:

3 . "ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი -

4 . ქვეყანა, რომელიც მოსრა უფალმა ისრაელის თემის წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისთვის, შენს მსახურებს კი ჰყავთ საქონელი”.

5 . კიდევ უთხრეს: თუ ვპოვეთ მადლი შენს თვალში, მიეცეს ეს ქვეყანა შენს მსახურთ სამკვიდრებლად; ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა”.

6 . უთხრა მოსემ გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: "თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ ისხდებით?

7 . რატომ უცრუებთ გულს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელიც მათთვის აქვს მიცემული უფალს?

8 . ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა ქვეყნის დასაზვერად გავგზავნე ისინი კადეშ-ბარნეაყიდან.

9 . მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, იხილეს ქვეყანა და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.

10 . და აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა:

11 . ვერ იხილავს ეგვიპტიდან გამოსული ეს ხალხი, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ გამომყვნენ მთელი გულით.

12 . გარდა ხალებისა, კენიზელი იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა, რადგან ისინი მიჰყვებიან უფალს.

13 . აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ახეტიალა უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ შთაინთქა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

14 . და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის მრისხანება ისრაელის მიმართ.

15 . თუ მიიქცევით მისგან, მაშინ კვლავ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს”.

16 . ეახლნენ მას და უთხრეს: "აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი საქონლისთვის და ქალაქებს ჩვენი ბავშვებისთვის.

17 . ჩვენ თვითონ კი შეიარაღებულნი წავალთ ისრაელის ძეთა წინ, ვიდრე არ მივიყვანთ თავ-თავის ადგილებამდე; ხოლო ჩვენი ბავშვები დარჩნენ გამაგრებულ ქალაქებში ამ ქვეყნის მკვიდრთა გამო.

18 . არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე ისრაელის თითოეული ძე არ დაიმკვიდრებს თავის სამკვიდრებელს.

19 . რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, ვინაიდან გვერგო ჩვენ სამკვიდროდ იორდანეს აღმოსავლეთი მხარე.

20 . უთხრა მათ მოსემ: "თუ ასე მოიქცევით, შეიარაღდებით და წახვალთ ომში უფლის წინაშე,

21 . თითოეული თქვენგანი შეიარაღებული გადავა იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ განდევნის თავის მტრებს თავის პირისგან,

22 . და დაპყრობილი იქნება ქვეყანა უფლის წინაშე.

23 . თუ ასე არ მოიქცევით, აჰა, შესცოდავთ უფალს: იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.

24 . აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები თქვენი ცხვრისთვის და ის, რაც წარმოთქვა თქვენმა ბაგემ - შეასრულეთ.

25 . და უთხრეს მოსეს გადისა და რეუბენის ძეებმა: "ისე მოიქცევიან შენი მსახურნი, როგორც ბრძანებს ჩვენი ბატონი.

26 . ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი პირუტყვი და მთელი ჩვენი საქონელი აქ დარჩებიან, გილყადის ქალაქებში;

27 . ყველა შენი მსახური გადავა, ვინც საბრძოლველადაა შეიარაღებული უფლის წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი”.

28 . და უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იეშუა ნავეს ძესა და ისრაელიანთა ტომების მამისსახლთა მთავრებს.

29 . უთხრა მათ მოსემ: "თუ თქვენთან ერთად გადავლენ გადისა და რეუბენის ძენი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე საომრად შეიარაღებულნი და დაგემორჩილებათ ის ქვეყანა, მაშინ მიეცით მათ გილყადის ქვეყანა სამკვიდრებლად.

30 . ხოლო თუ არ გადავლენ შეიარაღებულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენ შორის მიიღებენ ისინი წილს ქანაანის ქვეყანაში”.

31 . მიუგეს გადისა და რეუბენის ძეებმა: "როგორც უთხრა უფალმა შენს მსახურებს, ისე მოვიქცევით.

32 . შეიარაღებულნი გადავალთ ქანაანის ქვეყანაში უფლის წინაშე, სამკვიდრებელი კი იორდანეს გამოღმა გვექნება”.

33 . და მისცა მოსემ გადისა და რეუბენის ძეთ და იოსების ძის - მენაშეს ნახევარტომს, ამორელთა მეფის სიხონისა და ბაშანის მეფის ყოგის სამეფო, მიწა თავისი ქალაქებითა და სავარგულებით, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.

34 . და ააშენეს გადის ძეებმა დიბონი, ყატაროთი, ყაროყერი,

35 . ყატაროთ-შოფანი, იაყზერი, იაგბეჰა,

36 . ბეთნიმრა და ბეთჰარანი, გამაგრებული ქალაქები ცხვრის ფარეხებიანად.

37 . რეუბენის ძეებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე და კირიათაიმი,

38 . ნებო და ბაყალ-მეყონი (რომელთაც შეცვლილი აქვთ სახელები) და სიბმა; დაარქვეს თავის აშენებულ ქალაქებს სახელები.

39 . წავიდნენ მენაშეს ძის, მაქირის შთამომავალნი გილყადში, დაიპყრეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორელნი.

40 . და მისცა მოსემ გილყადი მაქირს, მენაშეს ძეს და ის დამკვიდრდა იქ.

41 . მენაშეს ძე, იაირი კი წავიდა, დაიპყრო მათი სოფლები და უწოდა მათ "ჰავოთ იაირ”.

42 . და წავიდა ნობახი, დაიპყრო კენათი თავის სოფლებიანად და მას თავისი სახელი, ნობახი უწოდა.