რიცხვნი თავი 23

1 . უთხრა ბილყამმა ბალაკს: "ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი ზვარაკი და შვიდი ვერძი”.

2 . გააკეთა ბალაკმა ბილყამის ნათქვამისამებრ და აიტანეს მან და ბილყამმა თითო მოზვერი და ვერძი ყოველ სამსხვერპლოზე.

3 . უთხრა ბილყამმა ბალაკს: "დაუდექი შენს სრულადდასაწველს და მე კი წავალ, ვინძლო მოვიდეს უფალი ჩემთან შესახვედრად და რასაც მეტყვის, შეგატყობინებ”. და ამაღლებული ადგილისკენ წავიდა იგი.

4 . გამოეცხადა ღმერთი ბილყამს და უთხრა მას ბილყამმა: "მოვაწყე შვიდი სამსხვერპლო, თითო მოზვერი და ვერძი აღვავლინე ყოველ მათგანზე”.

5 . ჩადო ბილყამის ბაგეებში უფალმა სიტყვები და უთხრა: "დაბრუნდი ბალაკთან და ეს სიტყვები უთხარი”.

6 . დაბრუნდა მასთან და, აჰა, დგას იგი თავის სრულადდასაწველთან, მოაბის ყველა უხუცესთან ერთად.

7 . და თქვა მან თავისი იგავი: "არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: წამოდი და დამიწყევლე იაკობი, წამოდი და შერისხე ისრაელი.

8 . როგორ დავწყევლო? ღმერთი არ წყევლის! როგორ შევრისხო? უფალი არ რისხავს!

9 . კლდეთა მწვერვალებიდან ვხედავ მას და მთებიდან დავცქერი: აჰა, ხალხი მკვიდრობს განცალკევებით და ხალხთა შორის არ ირიცხება.

10 . ვინ აღრიცხავს იაკობის მტვერს და ვინ გამოთვლის ისრაელის მეოთხედს? დაე მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი”.

11 . უთხრა ბალაკმა ბილყამს: "ეს რა მიყავი? ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიყვანე და, აჰა, ლოცვით აკურთხე”.

12 . უპასუხა: "განა რასაც უფალი დამიდებს ბაგეზე, ზუსტად არ უნდა ვთქვა?”

13 . უთხრა მას ბალაკმა: "გამომყევი სხვა ადგილზე, საიდანაც დაინახავ მას. დაინახავ, მაგრამ მხოლოდ მის ნაწილს, მთლიანად კი ვერ იხილავ; იქიდან დამიწყევლე ისინი”.

14 . წაიყვანა იგი ცოფიმის ველზე, ფისგას მწვერვალზე; ააგო შვიდი სამსხვერპლო და მოზვერი და ვერძი აღავლინა თითოეულ სამსხვერპლოზე.

15 . უთხრა მან ბალაკს: "აქ დადექი, შენს სრულადდასაწველთან და მე კი წავალ უფალთან შესახვედრად”.

16 . შეხვდა უფალი ბილყამს, ჩაუდო სათქმელი ბაგეებში და უთხრა: "დაბრუნდი ბალაკთან და ეს ელაპარაკე”.

17 . დაბრუნდა მასთან და, აჰა, თავის სრულადდასაწველთან დგას იგი მოაბის ყველა უხუცესთან ერთად. ჰკითხა ბალაკმა: "რა თქვა უფალმა?”

18 . თქვა თავისი იგავი: "ადექი, ბალაკ, და ისმინე; ყურად იღე ჩემი, ციფორის ძეო.

19 . ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს და არც კაცის ძეა, რომ აზრი შეიცვალოს. განა უთქვამს და არ გაუკეთებია?

20 . აჰა, კურთხევა მებრძანა, აკურთხა მან და არ ძალმიძს მისი შებრუნება.

21 . ბოროტება არ შეუმჩნევია იაკობში და უმართლობა არ დაუნახავს ისრაელში; უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა და სამეფო ყიჟინაა მასში.

22 . ღმერთმა გამოიყვანა ის ეგვიპტიდან; მარტორქასავით ძლიერია იგი.

23 . რადგან არაა შელოცვა იაკობის წინააღმდეგ და ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. იტყვიან თავის დროზე იაკობსა და ისრაელზე: აი, რას აკეთებს ღმერთი!

24 . აჰა, წამოიმართება ხალხი ლომის ბოკვერივით და ლომივით აღიმართება; სანამ ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს, არ დაწვება”.

25 . უთხრა ბალაკმა ბილყამს: "თუ არ წყევლი, ნურც აკურთხებ!”

26 . მიუგო ბილყამმა და უთხრა ბალაკს: "განა არ გითხარი, ისე მოვიქცევი, როგორც უფალი მიბრძანებს-თქო?”

27 . უთხრა ბალაკმა ბილყამს: "წამოდი, სხვა ადგილზე წაგიყვან; იქნებ იქ მოინდომოს ღმერთმა და დამიწყევლე იქიდან”.

28 . და აიყვანა ბალაკმა ბილყამი ფეღორის მწვერვალზე, რომელიც უდაბნოს დასცქერის.

29 . უთხრა ბილყამმა ბალაკს: "ამიშენე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი”.

30 . ბილყამის ნათქვამისამებრ მოიქცა ბალაკი და აღავლინა ზვარაკი და ვერძი სამსხვერპლოზე.