1 . უთხრა უფალმა აჰარონს: "შენ უნდა იტვირთო სავანის დანაშაული, შენს ძეებთან და მამისსახლთან ერთად; შენ და შენმა ძეებმა შენთან ერთად უნდა იტვირთოთ თქვენი მღვდლობის დანაშაული.
2 . დაიახლოვე შენი ძმები - ლევის ტომი, მამაშენის ტომი; რათა თან გახლდნენ და გემსახურებოდნენ; ხოლო შენ და შენი ძენი ერთად იყავით მოწმობის კარვის წინ.
3 . და აღასრულონ მოვალეობანი შენი და მთელი კარვის მიმართ, მაგრამ საწმიდრის ჭურჭელსა და სამსხვერპლოს არ მიუახლოვდნენ, რათა არ შეიმუსრნონ, თვითონაც და თქვენც.
4 . მუდამ თან გახლდნენ, რათა აღასრულონ მოვალეობა საკრებულო კარვისადმი და ყოველი მისი სამუშაო; უცხო კი არ მოგიახლოვდეთ.
5 . აღასრულეთ საწმიდრისა და სამსხვერპლოს წინაშე მოვალეობა და აღარ დაატყდება რისხვა ისრაელის ძეებს.
6 . ავიყვანე ისრაელის ძეთაგან თქვენი ძმები, ლევიანები, თქვენთვის არიან ისინი ძღვნად, უფლისადმი არიან მიძღვნილნი, რათა ასრულებდნენ საკრებულო კარვის მსახურებას.
7 . ხოლო შენ, შენს ძეებთან ერთად, აღასრულე მღვდლობა ყველაფერში, სამსხვერპლოსთან და კრეტსაბმელის მიღმა და იმსახურეთ; თქვენ გაძლევთ მღვდლობას, როგორც ძღვენს, ხოლო უცხო თუ მიუახლოვდება, მოკვდება”.
8 . უთხრა უფალმა აჰარონს: "აჰა, ჩემს აღსავლენზე დაგავალე მეთვალყურეობა, შენ და შენს ძეებს მოგეცით წილად ისრაელის ძეთა ყოველი სიწმიდე, საუკუნო წესით.
9 . ეს გეკუთვნის წმიდათა წმიდიდან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირი, მათი პურეული ძღვენი, ყოველი მათი ცოდვის მსხვერპლი და ყოველი მათი დანაშაულის შესაწირი, რასაც მე მომიტანენ; ყოვლად წმიდაა შენთვის და შენი ძეებისთვის.
10 . წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი; მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ. წმიდა უნდა იყოს შენთვის.
11 . შენია აღსავლენი ძღვენიდან: ისრაელის ძეთა ყოველი შესარხევი შესაწირი მოგეცი შენ, შენს ძეებსა და შენს ასულებს შენთან ერთად საუკუნო წესად. ყოველ გაწმედილს შენს სახლში, შეუძლია ჭამოს.
12 . საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ღვინო და საუკეთესო მარცვლეული, პირველნაყოფთაგან, უფალს რომ მოუტანენ, შენთვის მომიცია.
13 . პირველნაყოფი, რომელიც მათ ქვეყანაშია, უფალს რომ მოუტანენ, შენი იქნება. ყოველ გაწმედილს შენს სახლში, შეუძლია ჭამოს.
14 . ყოველივე, რასაც მიუძღვნიან ისრაელში, შენი იქნება.
15 . ყოველი ხორციელის საშოს პირველგამპობი, რომელსაც უფალს მიართმევენ შესაწირად, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი - შენ გეკუთვნის; ოღონდ ადამიანის პირმშო და არაწმიდა პირუტყვის პირველმონაგები გამოისყიდე.
16 . აი, მათი გამოსასყიდი: ერთი თვიდან გამოისყიდე შენი შეფასებით: ხუთ ვერცხლის შეკელად, საწმიდრის შეკელით, რომელიც ოცი გერაა.
17 . მაგრამ პირველმონაგები ხარი, პირველმონაგები ცხვარი ან პირველმონაგები თხა - არ გამოისყიდო: რადგან წმიდაა, სამსხვერპლოზე მოაპკურე მათი სისხლი და უფლისთვის აკმიე მათი ქონი სრულადდასაწველ კეთილსურნელებად.
18 . მათი ხორცი შენ გეკუთვნის, ისევე, როგორც აღსავლენი ბეჭი და მარჯვენა ბარკალი გეკუთვნის.
19 . მთელი წმიდა შესარხევი შესაწირი, რომელსაც უფლისთვის აღავლენენ ისრაელის ძენი, შენ მოგეცი, შენს ძეებსა და შენს ასულებს შენთან ერთად, საუკუნო წესად. ეს არის მარილის საუკუნო აღთქმა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისთვის შენთან ერთად”.
20 . უთხრა უფალმა აჰარონს: "არ იქონიო მათ მიწაზე სამკვიდრებელი, არც წილი გქონდეს მათ შორის: მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრებელი ისრაელის ძეთა შორის.
21 . ლევიანებს კი, აჰა, ყველაფრის მეათედი ვარგუნე წილად, მათი მსახურების ნაცვლად, რასაც საკრებულო კარავში ასრულებენ.
22 . ნუღარ მიუახლოვდებიან ისრაელის ძენი საკრებულო კარავს, რათა ცოდვა არ იტვირთონ და არ დაიხოცნონ.
23 . მხოლოდ ლევიანებმა შეასრულონ საკრებულო კარვის მსახურება და იტვირთონ მათი ცოდვები. საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; არ დაიმკვიდრონ სამკვიდრებელი ისრაელის ძეთა შორის,
24 . რადგან ისრაელის ძეთა მეათედი, რომელსაც აღსამართ ძღვნად გამოყოფენ უფლისთვის, ლევიანებს მივეცი სამკვიდრებლად. ამისთვის ვუთხარი მათ: ისრაელის ძეთა შორის არ დაიმკვიდროთ-თქო სამკვიდრებელი”.
25 . უთხრა უფალმა მოსეს:
26 . "განუცხადე ლევიანებს და უთხარი: როდესაც აიღებთ მეათედს ისრაელის ძეთაგან, რომელიც თქვენ მოგეცით სამკვიდრებლად, მაშინ გამოყავით მისგან ძღვენი უფლისთვის - მეათედის მეათედი.
27 . და ჩაგეთვლებათ ეს თქვენი შესაწირი, როგორც მარცვლეული კალოდან და როგორც ღვინო საწნახელიდან.
28 . ასე შესწირეთ თქვენი შესაწირი უფალს ყოველი თქვენი მეათედიდან, რომელსაც მიიღებთ ისრაელის ძეთაგან და მისცემთ უფლისთვის გამოყოფილ ძღვენს აჰარონ მღვდელს.
29 . და ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, შესაწირი გაიღეთ უფლისთვის, რჩეული ყოველივე საუკეთესოდან.
30 . უთხარი: როცა საუკეთესოს შესწირავთ მიღებულიდან, კალოს მოსავალივით და საწნახლის მოსავალივით ჩაითვლება ეს ლევიანთათვის.
31 . ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა სახლეულმა, რადგან თქვენი საზღაურია ეს საკრებულო კარავში სამსახურისთვის.
32 . არ დაგედებათ ცოდვა, როცა მიღებულიდან საუკეთესოს შესწირავთ. არ შებილწოთ ისრაელის ძეთა სიწმიდენი და არ დაიხოცებით.