1 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და მოაბის ველზე, იორდანეს გაღმა მხარეს, იერიხოსთან დაბანაკდნენ.
2 . იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც ისრაელმა დამართა ამორელებს.
3 . და ფრიად შეუშინდნენ ამ ხალხს მოაბელნი, რადგან მრავალრიცხოვანი იყო იგი; დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.
4 . უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: "გააჩანაგებს ეს აურაცხელი ხალხი ყოველივეს, რაც ჩვენს გარშემოა, როგორც ხარი აჩანაგებს ველის ბალახს”. ბალაკ ციფორის ძე კი მოაბის მეფე იყო მაშინ.
5 . და გაუგზავნა მოციქულები ბილყამ ბეყორის ძეს, ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს; მისი ხალხის ძეთა ქვეყანაში და დაუძახა ამ სიტყვებით: აჰა, ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან; აჰა, დაფარა მან მიწის პირი და დამკვიდრდა ჩემს პირდაპირ.
6 . გთხოვ, მოდი და დაწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი: ეგების შევძლო და განვდევნო ამ ქვეყნიდან; რადგან ვიცი: ვისაც აკურთხებ, კურთხეული იქნება და ვისაც დაწყევლი, წყეული იქნება”.
7 . წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები; სამისნო საზღაურით ხელში მივიდნენ ბილყამთან და გადასცეს ბალაკის სიტყვები.
8 . უთხრა მათ ბილყამმა: "აქ გაათიეთ ეს ღამე და გაგცემთ პასუხს, როგორც მეტყვის უფალი”. დარჩნენ მოაბის მთავრები ბილყამთან.
9 . მივიდა ღმერთი ბილყამთან და ჰკითხა: "ვინ არიან ეს კაცები?”
10 . უთხრა ბილყამმა ღმერთს: "ბალაკმა, ციფორის ძემ, მოაბის მეფემ, გამოგზავნა ჩემთან ამ სიტყვებით:
11 . აჰა, ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა და დაფარა მიწის პირი; ახლა წადი და დამიწყევლე იგი, ეგების შევძლო შებრძოლება მასთან, რომ განვდევნოო იგი”.
12 . უთხრა ღმერთმა ბილყამს: "არ წაჰყვე მათ და არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი”.
13 . ადგა ბილყამი დილით და უთხრა ბალაკის მთავრებს: "წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ”.
14 . ადგნენ მოაბელი მთავრები, მივიდნენ ბალაკთან და უთხრეს: "არ მოინდომა ბილყამმა ჩვენთან წამოსვლა”.
15 . კვლავ გაგზავნა ბალაკმა მრავალი მთავარი, ამჯერად უფრო პატივსაცემნი.
16 . მივიდნენ ბილყამთან და უთხრეს: "ასე თქვა ბალაკმა, ციფორის ძემ: ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე.
17 . რადგან დიდ პატივს გცემ და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ; გთხოვ, წამოდი და დაწყევლე ეს ხალხი”.
18 . მიუგო ბილყამმა და უთხრა ბალაკის მსახურებს: "თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც პატარა საქმეს გავაკეთებ და ვერც დიდს.
19 . გთხოვთ, დარჩით აქ ეს ღამე და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი”.
20 . მივიდა ღმერთი ბილყამთან ღამით და ჰკითხა: "თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და გაჰყევი მათ; ოღონდ, რასაც მე გეტყვი, იმას გააკეთებ”.
21 . ადგა ბილყამი დილით, შეკაზმა თავისი ვირი და გაჰყვა მოაბელთა მთავრებს.
22 . აღინთო ღმერთის რისხვა, მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ამხედრებული იყო იგი თავის ვირზე და ორი მსახური ახლდა თან.
23 . და დაინახა ვირმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია ვირმა გზიდან და წავიდა მინდორზე. ცემა დაუწყო ვირს ბილყამმა, რათა გზისკენ მოებრუნებინა.
24 . დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის: ერთი მხრიდანაც ღობე იყო და მეორე მხრიდანაც.
25 . დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, მიეკრა კედელს და ბილყამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ; ისევ დაუწყო ცემა ვირს.
26 . კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არც მარჯვნივ იყო გადასახვევი გზა და არც მარცხნივ.
27 . დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და გაწვა ბილყამის ქვეშ. აღინთო ბილყამის რისხვა და ჯოხით ცემა დაუწყო ვირს.
28 . პირი გაუხსნა ვირს უფალმა და უთხრა ვირმა ბილყამს: "რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?”
29 . უთხრა ბილყამმა ვირს: "მასხრად ამიგდე; მახვილი რომ მქონოდა ხელში, ახლავე მოგკლავდი”.
30 . უთხრა ვირმა ბილყამს: "განა შენი ვირი არა ვარ, რომლითაც მთელი შენი ცხოვრება დადიხარ? ოდესმე თუ მოგქცევივარ ასე?” უპასუხა: "არა”.
31 . აუხილა უფალმა თვალები ბილყამს და დაინახა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში; მოიდრიკა ბილყამი და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა.
32 . უთხრა მას უფლის ანგელოზმა: "რად სცემე ვირი სამჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.
33 . დამინახა ვირმა და სამჯერ გადაუხვია ჩემგან; რომ არ გადაეხვია, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი”.
34 . უთხრა ბილყამმა უფლის ანგელოზს: "შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ დამიდექი გზაზე; ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები”.
35 . უთხრა უფლის ანგელოზმა ბილყამს: "წაჰყევი ამ კაცებს, მაგრამ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი”. და გაჰყვა ბილყამი ბალაკის თავკაცებს.
36 . გაიგო ბალაკმა, რომ მოვიდა ბილყამი და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვარზე მდებარეობს, მის კიდეზე.
37 . უთხრა ბალაკმა ბილყამს: "ხომ გამოვგზავნე შენს დასაძახებლად? რად არ მოხვედი ჩემთან? ნუთუ არ ძალმიძს შენი პატივისცემა?”
38 . უთხრა ბილყამმა ბალაკს: "აჰა, მოვედი. ნუთუ ძალმიძს რაიმეს თქმა? რასაც ღმეთი მოათავსებს ჩემს ბაგეებში, იმას ვიტყვი”.
39 . წავიდა ბილყამი ბალაკთან და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში.
40 . დაკლა ბალაკმა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და გაუგზავნა ბილყამს და თავკაცებს, რომლებიც მასთან იყვნენ.
41 . დილით წაიყვანა ბალაკმა ბილყამი და აიყვანა ბაყალის გორაკებზე. და დაინახა იქიდან ბილყამმა ხალხის განაპირა ბანაკი.