1 . და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი.
2 . დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი და შეწყდა წვიმა ციდან.
3 . უკუიქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
4 . დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე, მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
5 . იკლებდა წყალი მეათე თვემდე; და გამოჩნდა მთის მწვერვალები მეათე თვის პირველ დღეს.
6 . ორმოცი დღის დასასრულს, გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული.
7 . და გამოუშვა ყორანი, რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
8 . .მერე მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე.
9 . ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე; და გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
10 . მოიცადა კიდევ შვიდი დღე, და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11 . მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე.
12 . კიდევ მოიცადა შვიდი დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და აღარ დაბრუნებულა იგი უკან.
13 . ნოეს დაბადებიდან ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი.
14 . მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
15 . და უთხრა ღმერთმა ნოეს:
16 . "გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები.
17 . თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება - ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ”.
18 . გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები.
19 . და ყოველი ცოცხალი არსება: ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი თავიანთი ჯიშებისამებრ გამოვიდა კიდობნიდან.
20 . აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულადდასაწველად სამსხვერპლოზე.
21 . იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: "აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.
22 . სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.
1 . და მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას, ხორებს.
2 . და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: "ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3 . თქვა მოსემ: "მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.
4 . იხილა უფალმა, რომ მობრუნდა მოსე სანახავად და მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: "მოსე! მოსე!” უთხრა: "აქა ვარ”.
5 . უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.
6 . უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა”. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა.
7 . უთხრა უფალმა: "ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
8 . და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
9 . აჰა, მოაღწია ჩემამდე ისრაელის შვილთა ღაღადმა და ვიხილე ჩაგვრაც, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.
10 . ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან”.
11 . უთხრა მოსემ ღმერთს: "ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”
12 . უთხრა ღმერთმა: "მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.
13 . უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?”
14 . უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.
15 . კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16 . წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
17 . და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
18 . შეისმენენ შენს ნათქვამს, მიხვალ ეგვიპტის მეფესთან ისრაელის უხუცესებთან ერთად და ეტყვით მას: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფლისთვის, ჩვენი ღმერთისთვის.
19 . ვიცი, რომ არ დაგრთავთ ეგვიპტის მეფე წასვლის ნებას, თუ მაგარი ხელით არ ვაიძულებ.
20 . გავიწვდი ხელს და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ მის შუაგულში; და ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21 . მადლს ვაპოვნინებ ამ ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და როცა გამოხვალთ, არ იქნებით ხელცარიელნი.
22 . ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი მდგმური ქალისგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი და სამოსელი; შემოსეთ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი და ასე გაძარცვეთ ეგვიპტელნი”.
1 . მწყობრად დაიძრა ისრაელიანთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკა რეფიდიმში, სადაც არ იყო წყალი, ხალხისთვის სასმელად.
2 . ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: "მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: "რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?”
3 . სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: "რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”
4 . და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ”.
5 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიარე ხალხის წინ და თან გაიყოლე ისრაელის უხუცესები. ხელში აიღე კვერთხი, რომლითაც მდინარეს დაჰკარი და წადი.
6 . აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა”. ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7 . და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: "არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”
8 . მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9 . უთხრა მოსემ იეშუას: "გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად; დავდგები ხვალ ბორცვის თხემზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში”.
10 . ისე მოიქცა იეშუა, როგორც მოსემ უთხრა და შეებრძოლა ყამალეკს, ხოლო მოსე, აჰარონი და ხური ბორცვის თხემზე ავიდნენ.
11 . როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.
12 . დაუმძიმდა მოსეს ხელები; აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე, ხოლო აჰარონმა და ხურმა ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი და მეორემ მეორე მხრიდან. მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი ხელები.
13 . დაამარცხა იეშუამ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით.
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან”.
15 . ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა მას სახელად "იაჰვე-ნისი”
16 . და თქვა: რადგან დაიფიცა უფალმა, ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.
1 . "და თუ გულდასმით მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო მისი ყველა მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე მაღლა.
2 . გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და მოგეწევა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
3 . კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში.
4 . კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
5 . კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი;
6 . კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას.
7 . და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
8 . კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9 . დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.
10 . იხილავს ყოველი ხალხი, რომ უფლის სახელით ხარ წოდებული და შეეშინდება შენი.
11 . სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
12 . გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.
13 . თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო.
14 . ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
15 . მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.
16 . წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში.
17 . წყეული იქნება შენი კალათა და გობი.
18 . წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.
19 . წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.
20 . გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.
21 . მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გაქრები შენი მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ.
22 . წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.
23 . ცა სპილენძად გექცევა თავზე და ფეხქვეშ მიწა - რკინად.
24 . წვიმის ნაცვლად მტვერს მისცემს უფალი შენს მიწას და ფერფლი დაგეყრება ციდან, სანამ არ განადგურდები.
25 . დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში.
26 . და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი.
27 . მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ქავილით, ბუგრითა და ქეცით და ვერ განიკურნები მათგან.
28 . მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
29 . ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის.
30 . საცოლეს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში; ვენახს დარგავ და ვერ მოიხმარ;
31 . დაიკვლება შენი ხარი შენს თვალწინ და ვერ შეჭამ; მიიტაცებენ შენს სახედარს და აღარ დაგიბრუნდება; მიეცემა შენი ცხვარი შენს მტრებს და არავინ გეყოლება შემწე.
32 . სხვა ხალხები წარატყვევებენ შენს ძეთ და ასულთ; ყოველდღე მათ მოლოდინში დაგეღლება თვალები და არ გექნება ძალა მკლავში.
33 . და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული.
34 . და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ.
35 . გაგიჩენს უფალი სასტიკ წყლულებს მუხლებსა და წვივებზე, რომლისგანაც ვერ შეძლებ განკურნებას, ტერფიდან თხემამდე.
36 . წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს.
37 . საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.
38 . უხვად გაიტან თესლს მინდორში და ცოტას მოიწევ, რადგან მოგისპობს კალია.
39 . დარგავ და დაამუშავებ ვენახებს, ღვინოს კი ვერ დალევ და ნაყოფს ვერ მოკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
40 . ზეთისხილი გექნება მთელ შენს მიწაზე და ზეთს კი ვერ იცხებთ, რადგან დაცვივდება ნაყოფი.
41 . გააჩენ ძეებსა და ასულებს, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვედ წავლენ.
42 . ყოველი ხე და ნაყოფი შენი მიწისა კალიის მიერ გაჩანაგდება.
43 . ხიზანი, რომელიც შენთანაა, ამაღლდება და ამაღლდება შენზე, შენ კი დამცირდები და დამცირდები.
44 . ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი - კუდი.
45 . და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.
46 . საუკუნო ნიშნად და სასწაულად იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე.
47 . რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;
48 . ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.
49 . შორიდან, დედამიწის კიდიდან მოიყვანს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ; არწივივით დაგეძგერება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ;
50 . ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
51 . შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.
52 . შეგავიწროებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომლებზეც დანდობილი ხარ მთელ შენს მიწაზე; შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელ შენს მიწაზე, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა,
53 . და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.
54 . ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,
55 . რომ არავის დაუთმოს ხორცი თავისი შვილებისა, რომელსაც შეჭამს, რადგან აღარაფერი დარჩება მას ალყასა და გაჭირვებაში, რითაც შეგაჭირვებს მტერი ყოველ შენს კარიბჭეში.
56 . შენში მცხოვრები განაზებული და განებივრებული ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო, მიწაზე ტერფის დადგმაც არ უცდია, მტრულად შეხედავს თავის ქმარს, ძესა და ასულს,
57 . და თანმოყოლილს, რომელიც დაბადებისას მოჰყვა თავის შვილებს მის ფერხთა შორის; რადგან ფარულად შეჭამს მათ გაჭირვებაში, ალყასა და სიდუხჭირეში, როცა შეგაჭირვებს მტერი შენს საცხოვრებლებში.
58 . თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
59 . მოავლენს უფალი შენზე და შენს შთამომავლობაზე უჩვეულო წყლულებს, დიად, სასტიკ და უკურნებელ წყლულებსა და სნეულებებს.
60 . მოგივლენს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისგანაც შეძრწუნებული იყავი და მოგეტმასნებიან.
61 . ყველა იმ ავადმყოფობასა და უბედურებასაც მოგივლენს უფალი, რომელიც არ არის ჩაწერილი რჯულის ამ წიგნში, სანამ არ მოისპობი.
62 . დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
63 . და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
64 . გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.
65 . ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.
66 . ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.
67 . გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
68 . და კვლავ დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარასოდეს იხილავ-მეთქი! მიეყიდები იქ შენს მტრებს მონებად და მხევლებად, მყიდველი კი არ იქნება”.
1 . და მოედო სამუელის სიტყვები მთელ ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
2 . დადგნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ, გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან. ოთხი ათასამდე კაცი მოისრა ბრძოლის ველზე.
3 . მოვიდა ხალხი ბანაკში და თქვეს ისრაელის უხუცესებმა: "რატომ დაგვამარცხა უფალმა დღეს ფილისტიმელთა წინაშე? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, ჩვენს შორის იყოს და გვიხსნას მტრების ხელიდან”.
4 . კაცები გაგზავნეს შილოში და მოიტანეს ქერუბებზე ამხედრებული ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ღვთის აღთქმის კიდობანს თან ყელის ორი ძე - ხოფნი და ფინხასი ახლდა.
5 . როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში შევიდა, მაღალი ხმით გამართა ყიჟინი მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.
6 . როცა მოესმათ ფილისტიმელებს შეძახილის ყიჟინი, თქვეს: "ეს რა ყიჟინია ებრაელთა ბანაკში?” და შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.
7 . შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან თქვეს: "ღმერთი მოვიდაო ბანაკში”. ამბობდნენ: "ვაი ჩვენ, რადგან არ მომხდარა ასეთი რამ არც გუშინ და არც გუშინწინ.
8 . ვაი ჩვენ! ვინ დაგვიხსნის ამ ძლიერი ღმერთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, ეგვიპტელები რომ მოსრა უდაბნოში ყოველგვარი წყლულებით.
9 . გაძლიერდით და ივაჟკაცეთ ფილისტიმელნო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც ისინი გვემონებოდნენ. ვაჟკაცურად დადექით და იბრძოლეთ!”
10 . შეებრძოლნენ ფილისტიმელები და გაანადგურეს ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; ფრიად დიდი იყო მარცხი, ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
11 . წაიღეს ღვთის კიდობანი; და დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი, ხოფნი და ფინხასი.
12 . გაიქცა ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში, სამოსელი ჰქონდა შემოხეული და თავზე მიწის მტვერი ეყარა.
13 . მივიდა და, აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მივიდა ის კაცი ქალაქში და მოყვა, რაც მოხდა; და გლოვა გამართა მთელმა ქალაქმა.
14 . მოესმა ყელის გლოვის ხმა და იკითხა: "ეს რა ხმაურია?” საჩქაროდ მივიდა ის კაცი და უამბო ყველაფერი.
15 . ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
16 . უთხრა კაცმა ყელის: "ლაშქრიდან წამოვედი, დღეს გამოვიქეცი”. ჰკითხა ყელიმ: "რა მოხდა, შვილო?”
17 . მიუგო მაცნემ და უთხრა: "უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს, დიდი მუსვრა იყო ხალხში, შენი ორი ვაჟი, ხოფნი და ფინხასიც დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია”.
18 . ღვთის კიდობნის ხსენებაზე უკან, სკამიდან კარისკენ, გადაიქცა ყელი, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული და მძიმე იყო. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
19 . ყელის რძალი, ფინხასის ცოლი მოსალოგინებელი იყო. როგორც კი ღვთის კიდობნის წაღების, თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მუხლებზე დაეცა და შვა, რადგან უცაბედად დაეწყო მშობიარობის ტკივილები.
20 . როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ მასთან მყოფი ქალები: "ნუ გეშინია, რადგან ვაჟი შეგეძინა”. მაგრამ ქალი არ პასუხობდა, რადგან უგრძნობი იყო მისი გული;
21 . და დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი. თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს” - ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის გამო თქვა ეს.
22 . თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს, რადგან წაიღეს ღვთის კიდობანი”.
1 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში გადაიტანეს.
2 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი, მიიტანეს დაგონის საკერპეში და დადგეს დაგონთან.
3 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მეორე დღეს და აჰა, ნახეს, პირქვე აგდია დაგონი უფლის კიდობნის წინაშე. აიღეს და დააბრუნეს დაგონი თავის ადგილზე.
4 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მომდევნო დღეს, და აჰა, ნახეს, პირქვე დაცემულა დაგონი უფლის კიდობნის წინაშე, ხოლო დაგონის თავი და ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი ეყარა ზღურბლთან; მხოლოდ ტანიღა შერჩენოდა დაგონს.
5 . ამიტომ ერიდებიან აშოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე.
6 . დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე, გვემდა და სპობდა მათ ბუგრებით, მთელ აშდოდსა და მის შემოგარენს.
7 . დაინახეს აშდოდელმა კაცებმა ყოველივე და თქვეს: "არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღმერთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე - დაგონზე”.
8 . შეუთვალეს და შეიკრიბა მათთან ფილისტიმელთა ყველა მთავარი; ჰკითხეს: "როგორ მოვექცეთ ისრაელის ღმერთის კიდობანს?” უპასუხეს: "გათში გადავიდეს ისრაელის ღმერთის კიდობანი”. და გადაიტანეს გათში.
9 . აჰა, გადაიტანეს იგი და უფლის ხელი იყო ქალაქზე და შეიქნა დიდი არეულობა; ქალაქის მკვიდრნი, დიდებიც და პატარებიც, დიდად იგვემნენ და ბუგრები გამოაჩნდათ.
10 . გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონში; როცა ყეკრონში მივიდა ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები: "ისრაელის ღვთის კიდობანი მოგვიტანეს, რათა ჩვენც ამოგვხოცონ და ჩვენი ხალხიც”.
11 . კვლავ შეიკრიბა ფილისტიმელთა ყველა მთავარი და თქვეს: "წარვგზავნოთ ისრაელის ღმერთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რათა არ მოგვსრას ჩვენ და ჩვენი ხალხი”. დიდი შიში იყო მთელ ქალაქში, რადგან ფრიად დამძიმდა იქ ღმერთის ხელი.
12 . ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრებით დაწყლულდა; და ზეცამდე მიაღწია ქალაქის მოთქმამ.
1 . იყო ერთი კაცი მაყონში; ქარმელში ჰქონდა მამული; ფრიად შეძლებული იყო ეს კაცი - სამი ათასი ცხვარი და ათასი თხა ჰყავდა, პარსვის დროს ისიც ქარმელში იმყოფებოდა.
2 . ნაბალი ერქვა კაცს, მის ცოლს კი - აბიგაილი; კეთილგონიერი და მშვენიერი იყო ქალი, კაცი კი - ულმობელი და ბოროტმოქმედი; ხალების შთამომავალი იყო იგი.
3 . გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
4 . გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა: "ქარმელში ადით, ნაბალთან მიდით და ჩემი სახელით მოიკითხეთ.
5 . უთხარით: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს და მთელ შენს საბადებელს.
6 . გავიგე მპარსველები გყოლია; ამას წინათ შენი მწყემსები იყვნენ ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს და არაფერი დაუკარგავთ ქარმელში ყოფნის დღეებში.
7 . ჰკითხე შენს ჭაბუკებს და თავადაც გეტყვიან. დაე, მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რადგან სასიკეთო დღეს მოვედით; მიეცი შენს მსახურთ და შენს ძეს, დავითს, რასაც შესძლებ”.
8 . მივიდნენ დავითის ჭაბუკნი, გადასცეს ნაბალს დაბარებული სიტყვები და დაელოდნენ.
9 . მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ: "ვინაა დავითი და ვინაა იესეს ძე? მომრავლდნენ დღეს თავიანთი ბატონებისგან გაქცეული მონები.
10 . ჩემი პური, წყალი და ცხვრის მპარსველთათვის დაკლული საკლავი იმ კაცებს მივცე, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?”
11 . გამობრუნდნენ დავითის ჭაბუკნი თავის გზაზე, მივიდნენ და გადასცეს ეს სიტყვები დავითს.
12 . უთხრა დავითმა თავის კაცებს: "შეიბით ყველამ თქვენ-თქვენი მახვილი!” შემოირტყა ყოველმა მახვილი და დავითმაც შეიბა თავისი მახვილი. ოთხასამდე კაცი გაჰყვა დავითს, ორასი კი აღალთან დარჩა.
13 . უთხრა ერთმა ჭაბუკმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს: "აჰა, მოციქულნი გამოგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენი ბატონის მოსაკითხად, მან კი აბუჩად აიგდო ისინი.
14 . ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, სანამ ველზე ვიყავით მათთან ერთად, არ გვჩაგრავდნენ და არც არაფერი დაგვიკარგავს.
15 . ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის ღამით და დღისით, მთელი დროის მანძილზე, სანამ მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს.
16 . ახლა იფიქრე და როგორც გიჯობს ისე მოიქეცი, რადგან გარდაუვალია უბედურება ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლეულზე, ის კი უღირსი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება”.
17 . აჩქარდა აბიგაილი; აიღო ორასი პური, ორი ტიკჭორა ღვინო, ხუთი მომზადებული ცხვარი, ხუთი საწყაული მშრალი მარცვლეულობა, ასი ასხმა დაჩამიჩებული ყურძენი, ორასი ასხმა ლეღვი და სახედრებს აჰკიდა.
18 . უთხრა თავის ჭაბუკებს: "ჩემს წინ გასწით და მეც გამოგყვებით”. ხოლო ნაბალს, თავის ქმარს, არაფერი უთხრა.
19 . მთის ხრიოკებზე ეშვებოდა ვირზე შემჯდარი და, აჰა, დავითი და მისი კაცებიც მოდიან; და შეეგება მათ აბიგაილი.
20 . ამბობდა დავითი: "ნამდვილად ამაოდ ვიცავდი უდაბნოში ნაბალის ქონებას, არაფერი დაუკარგავს თავისი საბადებლიდან, მაგრამ ბოროტებით გადამიხადა სიკეთეზე.
21 . ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ მთელ მის მოდგმაში ერთი კედელთან მიმშარდავი მაინც დავტოვო ცოცხლად დილამდე”.
22 . დაინახა აბიგაილმა დავითი, სწრაფად ჩამოხტა ვირიდან, პირქვე დაეცა დავითის წინაშე და მიწამდე სცა თაყვანი.
23 . დაეცა მის ფეხებთან და თქვა: "ჩემზეა, ბატონო, დანაშაული; გთხოვ, ალაპარაკე შენი მხევალი და შეისმინე შენი მხევლის სიტყვები.
24 . ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უღირს კაცს, ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს - ნაბალი (უღირსი), თვითონაც ისეთია; მე კი, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ჭაბუკნი.
25 . ახლა, ჩემო ბატონო, ცოცხალია უფალი და ცოცხალია შენი სული, შეგაკავებს უფალი სისხლისღვრისა და შურისძიებისგან. დაე, ნაბალივით იყვნენ შენი მტრები და ჩემი ბატონისთვის ბოროტის მსურველნი.
26 . აი, ეს ძღვენი, რომელიც შენმა მხევალმა მოართვა ჩემს ბატონს, რათა მიეცეს ჭაბუკებს, ჩემი ბატონის ნაკვალევს რომ მიჰყვებიან.
27 . აპატიე შენს მხევალს დანაშაული, რადგან უსათუოდ აუშენებს მტკიცე სახლს უფალი ჩემს ბატონს, ვინაიდან საღვთო ომშია ჩართული ჩემი ბატონი და მთელი სიცოცხლე არ გაივლებს გულში ბოროტებას.
28 . და თუნდაც აღდგეს კაცი და გდევნოს და ეძიოს სული შენი, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალთან, შენს ღმერთთან, ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით გასტყორცნი.
29 . და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყოველ სიკეთეს, რაც ნათქვამი აქვს მისთვის და დაგადგენს ისრაელის წინამძღვრად,
30 . ნუ ექნება ჩემს ბატონს გულის ქეჯნა და წუხილი ამაო სისხლისღვრისა და შურისძიების გამო. და როცა კეთილს მიაგებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გაიხსენე შენი მხევალი”.
31 . მიუგო აბიგაილს დავითმა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელმაც მოგავლინა დღეს ჩემთან შესახვედრად.
32 . კურთხეულია გონიერება შენი და კურთხეული ხარ შენ, რომ გადამაფიქრებინე დღეს სისხლისღვრა და შურისძიება.
33 . ცოცხალია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც არ ჩამადენინა შენთვის ბოროტება, რადგან საჩქაროდ რომ არ წამოსულიყავ ჩემთან შესახვედრად, არ დარჩებოდა ნაბალს განთიადამდე არც ერთი კედელთან მიმშარდავი”.
34 . მიიღო დავითმა მისი ხელიდან, რაც ჰქონდა მოტანილი და უთხრა: "მშვიდობით გაბრუნდი შენს სახლში; აჰა, ვისმინე შენი ხმა და პატივი დავდე შენს სახეს”.
35 . დაბრუნდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ნადიმობს სახლში, როგორც სამეფო ნადიმზე; მხიარულობდა ნაბალის გული და თან მთვრალი იყო ფრიად; დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
36 . დილით კი, როცა გამოფხიზლდა ნაბალი, ყოველივე უამბო ცოლმა. გული ჩაუკვდა ნაბალს მკერდში და ქვასავით გახდა.
37 . დაჰკრა უფალმა ნაბალს ათი დღის შემდეგ და მოკვდა იგი.
38 . გაიგო დავითმა, რომ მოკვდა ნაბალი და თქვა: "კურთხეულია უფალი, რომელმაც უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისთვის და აარიდა ბოროტებას თავისი მსახური; ნაბალს თავისივე სიავე მიუბრუნა უკან უფალმა!” და სიტყვა შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
39 . მივიდნენ დავითის მსახურნი აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: "დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად შეგირთოს”.
40 . ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: "აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი”.
41 . აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.
42 . იზრეყელელი ახინოყამიც მოიყვანა დავითმა და ეს ორნი იყვნენ მისი ცოლები.
43 . საულმა კი მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, ფალტის, გალიმელი ლაიშის ძეს მიათხოვა.
44 . მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: "იცი, რომ დავითი ხაქილას გორაზე იმალება, იეშიმონის პირდაპირ?”
1 . როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, მხნეობა წაერთვა და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.
2 . ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს ლაშქრის წინამძღოლებად. ერთს ბაყანა ერქვა, მეორეს - რეხაბი, ბეეროთელი რიმონის ძენი, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთიც ბენიამინში ირიცხებოდა.
3 . გაიქცნენ ბეეროთელნი გითაიმს და იქ დამკვიდრდნენ საცხოვრებლად.
4 . კოჭლი ძე ჰყავდა იონათანს, საულის შვილს. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან; აიყვანა იგი მისმა ძიძამ და გაიქცა; სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მეფიბოშეთი ერქვა სახელად.
5 . წავიდნენ ბეეროთელი რიმონის ძენი, რეხაბი და ბაყანა, მივიდნენ შუადღის ხვატში იშბოშეთის სახლთან; ის კი შუადღის ძილით ისვენებდა.
6 . და აჰა, სახლში შევიდნენ, ვითომდა ხორბლის საყიდლად, ჩასცეს მახვილი მუცელში და გაიქცნენ რეხაბი და ბაყანა.
7 . როცა შევიდნენ სახლში, ტახტზე იწვა იგი, თავის საწოლ ოთახში; მახვილი უგმირეს, მოკლეს და თავი მოკვეთეს; შემდეგ აიღეს მისი თავი და ყარაბას გზით იარეს მთელი ღამე.
8 . და მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს: "აჰა, იშბოშეთის, საულის ძის, შენი მტრის თავი, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა; შური უძია დღეს უფალმა ჩვენს ბატონ მეფეს საულზე და მის შთამომავლობაზე”.
9 . მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ძეებს, რეხაბსა და მის ძმას ბაყანას: "ცოცხალია უფალი, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან!
10 . თუ ამბის მომტანი, რომელმაც საულის სიკვდილი შემატყობინა და მახარებელი ეგონა თავი, შევიპყარი ციკლაგში და მოვკალი, სამახარებლოს მიცემის ნაცვლად,
11 . რაღას ვუზამ ბოროტმოქმედებს, რომელთაც მართალი კაცი თავის სახლში, თავის სარეცელზე მოკლეს?! განა არ უნდა მოვიკითხო მისი სისხლი თქვენი ხელიდან და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?”
12 . უბრძანა დავითმა მსახურებს და მოკლეს ძმები; ხელფეხი მოჰკვეთეს და ხებრონის წყალსატევზე გამოკიდეს. იშბოშეთის თავი კი აიღეს და ხებრონს დაკრძალეს, აბნერის აკლდამაში.
1 . განისვენა აბიამ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი ასა, მისი ძე გამეფდა. ათი წლით მოისვენა ქვეყანამ მის დღეებში.
2 . კეთილად და სიმართლით იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.
3 . მოშალა უცხო სამსხვერპლონი და მაღლობები; და აჩეხა (ფინიკიელთა ქალღმერთის) აშერები.
4 . იუდევლებს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის ძიება და რჯულისა და მცნების შესრულება უბრძანა.
5 . გააუქმა იუდას ქალაქებში სამსხვერპლო მაღლობები და მზის სვეტები. და მოისვენა სამეფომ მისი მეფობის დროს.
6 . ააშენა გამაგრებული ქალაქები იუდაში, რადგან დამშვიდდა ქვეყანა და ომები არ ჰქონია იმ წლებში, რადგან უფალმა მოასვენა იგი.
7 . უთხრა მან იუდეველთ: „ავაშენოთ ეს ქალაქები და შემოვავლოთ გალავნები კოშკებით, კარიბჭეებითა და ურდულებით, ჯერ კიდევ ჩვენია ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან ვეძიებდით უფალს, ჩვენს ღმერთს; ვიპოვეთ იგი და მშვიდობა გვიბოძა ყოველი მხრიდან!” აშენებდნენ ისინი და იმარჯვებდნენ.
8 . გაძლიერდა ასა, იუდეველთაგან სამასი ათასი ფარ-შუბის ამღები ჰყავდა, ბენიამინელთაგან კი - ორას ოთხმოცი ათასი ფარისა და მშვილდის ამღები; ყველა ერთიმეორეზე ძლევამოსილი მეომარი იყო.
9 . გამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი (ეთიოპიელი) ათასჯერ ათასიანი ლაშქრით, სამასი ეტლით და მარეშას მიადგა.
10 . გავიდა ასა მის წინააღმდეგ და საომრად დაეწყვნენ ცეფათას ველზე, რომელიც მარეშას გადასცქეროდა.
11 . მოუხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს და თქვა: „უფალო! მხოლოდ შენ შეგიძლია შეეწიო უძლურს ძლიერის წინააღმდეგ. შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენს სახელზე მინდობილნი გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო! ჩვენი ღმერთი ხარ შენ, დაე ნურავინ შეძლებს შენზე აღმატებას!”
12 . შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.
13 . გერარამდე მისდევდა ასა და მასთან მყოფი ხალხი და დაეცნენ ქუშელნი და არავინ გადარჩენილა მათგან ცოცხალი, რადგან შეიმუსრნენ უფლისა და მისი მხედრობის წინაშე. დიდძალი ნადავლი წამოიღო იუდამ.
14 . ყველა ქალაქი ააოხრეს გერარის ირგვლივ, რადგან უფლის ძრწოლა იყო მათზე და გაძარცვეს ყველა ქალაქი, ვინაიდან სავსე იყო ნადავლით.
15 . მწყემსთა კარვებიც აიკლეს და დიდძალი წვრილფეხა საქონელი და აქლემი გამოირეკეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
1 . განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავისი მამების გვერდით, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
2 . ჰყავდა მას ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იეხელი, ზაქარია, ყაზარიაჰუ, მიქაელი და შეფატიაჰუ. ესენი იყვნენ იოშაფატის, ისრაელის მეფის ძენი.
3 . მისცა მათ მამამ დიდძალი საჩუქრები: იუდას გამაგრებულ ქალაქებთან ერთად უბოძა ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, სამეფო კი იორამს მისცა, რადგან პირმშო იყო იგი.
4 . დადგა იორამი მამამისის სამეფოზე, გაძლიერდა და მახვილით ამოხოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი.
5 . ოცდათორმეტი წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
6 . ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, ახაბის სახლის მსგავსად იქცეოდა, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში,
7 . მაგრამ არ ინება უფალმა დავითის სახლის განადგურება იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეჰპირდა, რომ მას და მის ძეებს სამარადისოდ მისცემდა ლამპარს.
8 . მის დღეებში განუდგნენ ედომელები იუდას და მეფე დაისვეს.
9 . და გაემართა იორამი თავისი მეთაურებით და ეტლებით. ადგა ღამით და შეუტია ედომელებს და ეტლების მეთაურებს, რომლებიც გარს ეხვივნენ მას.
10 . განუდგნენ ედომელები იუდას და ასეა დღემდე. ლიბნაც იმ დღეებში განუდგა იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამების ღმერთი.
11 . მანაც გააკეთა მაღლობები იუდას მთებში, გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.
12 . წერილი მოუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა: „ასე ამბობს უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ არ იარე მამაშენის, იოშაფატის, გზებით და არც იუდას მეფის, ასას გზებით,
13 . არამედ ისრაელის მეფეთა გზებით დადიოდი და გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი ახაბის სახლის გარყვნილების მსგავსად და ამოხოცე მამაშენის სახლი - შენი ძმები, რომლებიც შენზე უკეთესები იყვნენ;
14 . აჰა, უფალი დიდი სენით მოსრავს შენს ხალხს, შენს ძეებსა და შენს ცოლებს და მთელ შენს ქონებას;
15 . შენ კი მძიმედ დაავადდები ნაწლავების სენით, ისე რომ სნეულების გამო ნაწლავები დღე და დღე გარეთ გამოგივა”.
16 . აღძრა უფალმა იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სული, ეთიოპიელებს რომ ესაზღვრებოდნენ.
17 . გამოვიდნენ იუდას წინააღმდეგ, დაიპყრეს და დაიტაცეს მთელი ქონება, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, მისი ძეების და ცოლების ჩათვლით. ძე აღარ დარჩა, გარდა უმცროსი იოახაზისა.
18 . ყოველივე ამის შემდეგ დაუშვა უფალმა მის ნაწლავებზე განუკურნებელი სენი.
19 . ორი წლის შემდეგ გამოსცვივდა ნაწლავები სენისგან და დიდი ტანჯვით მოკვდა; კოცონიც არ აუნთია ხალხს მისთვის, როგორც მისი მამებისთვის ანთებდნენ.
20 . ოცდათორმეტი წლის იყო, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არავის დანანებია. დამარხეს იგი დავითის ქალაქში, ოღონდ არა სამეფო სამარხში.
1 . გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს.
2 . და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
3 . უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს.
4 . სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.
5 . სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.
6 . იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.
7 . ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი.
8 . ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს.
9 . არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
10 . და იქნება იმ დღეს: ნიშნად დადგება ხალხებისთვის იესეს ფესვი და მისკენ იდენენ ერები. დიდებული იქნება სავანე მისი.
11 . იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.
12 . ნიშანს აამაღლებს ერებისთვის, შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დაფანტულთ იუდადან - დედამიწის ოთხივე კიდიდან შეაგროვებს.
13 . გაუჩინარდება ეფრემის შური და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან; არა, აღარ შეშურდება ეფრემს იუდასი და აღარც იუდა შეაჭირვებს ეფრემს.
14 . დააცხრებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, დამძიმდება მათი ხელი ედომსა და მოაბზე, დაემორჩილებიან ყამონის ძენი.
15 . უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს და ხელს მოუქნევს მდინარეს თავის ძლიერ ქარში, შვიდ ტოტად განშლის მას და ფეხშემოსილთ წარუძღვება ხალხს, როგორც ხმელეთზე.
16 . გაიკვეთება გზა აშურში დარჩენილი მისი ხალხის ნატამალისთვის, როგორც გაიკვეთა ისრაელისთვის, ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.
1 . ასე ამბობს უფალი: "სად არის გაყრის წერილი, რომლითაც დედათქვენი გავუშვი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ? აჰა, თქვენი ურჯულოების გამო გაიყიდეთ და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული.
2 . რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.
3 . მე ვმოსავ ცებს წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.
4 . უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
5 . უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის.
6 . ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები - წვერების მგლეჯელთ; არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისგან.
7 . მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები; სახე გავიკაჟე, ვიცი, რომ არ დავრჩები შერცხვენილი.
8 . ახლოს არის ჩემი გამმართლებელი, ვინ შემედავება? ერთად დავდგეთ! ვინ არის ჩემი მომჩივანი? მომიახლოვდეს.
9 . აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება, მსჯავრს ვინ დამდებს? აჰა, სამოსელივით გაიცრიცებიან ყველანი, ჩრჩილის კერძად იქცევიან.
10 . ვის ეშინია თქვენში უფლისა და ვინ ემორჩილება მისი მსახურის ხმას? ვინ დადის ბნელში უსინათლოდ? მიენდოს უფლის სახელს და თავის ღმერთს დაეყრდნოს.
11 . აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, აალებული ისრებით გარშემორტყმულნო, იარეთ თქვენი ცეცხლისა და თქვენს მიერ აალებული ისრების სინათლეში! ამას მიიღებთ ჩემი ხელიდან; ტანჯვებში განერთხმებით!”
1 . ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
2 . ყლორტივით ამოიზარდა მის წინაშე და ფესვივით - ურწყული მიწიდან, არც გარეგნობა ჰქონია და არც სიდიადე რომ შეგვეხედა მისთვის, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
3 . მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით;
4 . მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული.
5 . ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.
6 . ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა.
7 . შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
8 . შეიპყრეს და სამსჯავროს გადასცეს და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან. ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა.
9 . ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე.
10 . უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.
11 . იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
12 . ამიტომაც უდიდესთა შორის დავუმკვიდრებ მას წილს და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავი და დამნაშავედ შეირაცხა. მრავალთა ცოდვა იტვირთა და ურჩთათვის შუამდგომლობდა.
1 . იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მკვიდრთათვის, ცოდვისა და უწმინდურებისგან განსაბანად.
2 . იმ დღეს იქნება - ამბობს ცაბაოთ უფალი - მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყანაზე, რომ მეტად აღარ იხსენებოდნენ; ცრუ წინასწარმეტყველებსა და უწმიდურ კაცსაც აღვგვი ამ ქვეყნიდან.
3 . ხოლო თუ ისევ იწინასწარმეტყველებს ვინმე, მაშინ ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ იცოცხლებ, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო; და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა იწინასწარმეტყველებს.
4 . იმ დღეს შერცხვებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვების გამო, როცა იწინასწარმეტყველებენ და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს ხალხთა მოსატყუებლად.
5 . იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწათმოქმედი კაცი ვარ, რადგან სიყრმიდანვე კაცთაგან ვისწავლე მესაქონლეობა.
6 . ეტყვიან: ეგ რა ჭრილობები გაქვს ხელზე? უპასუხებს: ჩემი მეგობრების სახლში ვარ ნაგვემი.
7 . აღსდექ, მახვილო, ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი ახლობელი კაცის წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ აღვმართავ კრავებზე ხელს.
8 . მთელ ქვეყანაზე - ამბობს უფალი - ორი მესამედი მოისპობა და დაიღუპება, ერთი მესამედი კი გადარჩება.
9 . ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.
1 . დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 . და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 . "ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
4 . ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 . ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 . ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
7 . ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
8 . ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 . ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
10 . ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
11 . ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.
12 . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13 . თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
14 . თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 . არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.
16 . ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17 . არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19 . მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
20 . გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
21 . გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
22 . მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23 . ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო,
24 . მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
25 . სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 . ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
27 . გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
28 . მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 . თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30 . თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31 . ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.
32 . მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 . ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
34 . მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი;
35 . არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 . არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია.
37 . არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
38 . გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
39 . მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 . თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.
41 . ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42 . ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43 . გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 . მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45 . რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
46 . რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 . და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 . მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 . "თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.
2 . თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, რამდენსაც იმსახურებს.
3 . ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
4 . პირს ნუ აუკრავთ ხარს ლეწვისას.
5 . თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი.
6 . პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.
7 . თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა.
8 . დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო,
9 . მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას.
10 . და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში.
11 . თუ კაცები ერთმანეთს ეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,
12 . ხელი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
13 . ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
14 . ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.
15 . სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
16 . რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყველა, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის.
17 . გახსოვდეს, როგორ მოგექცა ყამალეკი გზაზე, როცა გამოდიოდი ეგვიპტიდან,
18 . გზაზე რომ დაგხვდა და შეგიმუსრა დაქანცულები უკანა რიგებში, შენ კი დაღლილი იყავი და ღონემიხდილი; და არ შეეშინდა მას ღვთისა.
19 . როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისგან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, აღგავე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან და არ დაივიწყო ეს!
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; და შენი ძმა აჰარონი შენი წინასწარმეტყველი იქნება.
2 . შენ ეტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო აჰარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.
3 . გავასასტიკებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.
4 . არ მოგისმენთ ფარაონი, მაშინ ხელს გავიწვდი ეგვიპტეზე და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეებს, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.
5 . და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის შვილებს”.
6 . ასეც მოიქცნენ მოსე და აჰარონი; როგორც უბრძანა უფალმა, ასე მოიქცნენ.
7 . ოთხმოცი წლის იყო მოსე, ხოლო აჰარონი - ოთხმოცდასამის, ფარაონს რომ დაუწყეს ლაპარაკი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
9 . "თუ გეტყვით ფარაონი - მოახდინეთ სასწაული, მაშინ ეტყვი აჰარონს: აიღე შენი კვერთხი, დააგდე ფარაონის წინაშე და გველად იქცევა იგი”.
10 . მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა უფალმა. წინ დაუგდო აჰარონმა თავისი კვერთხი ფარაონსა და მის მსახურებს და იქცა იგი გველად.
11 . უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით.
12 . დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და იქცნენ გველებად; და შთანთქა აჰარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13 . გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
15 . წადი ფარაონთან დილით; გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირზე; კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
16 . უთხარი, უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა-თქო შენთან ამის სათქმელად: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში; აჰა, არ შეისმინე აქამდე.
17 . ასე ამბობს უფალი: ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი - კვერთხს, რომელიც ხელში მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს და სისხლად იქცევა;
18 . თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება და მდინარე ამყრალდება, ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი მდინარის წყალს”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: ‘აიღე შენი კვერთხი, გაიწოდე შენი ხელი ეგვიპტელთა წყლებზე - მათ მდინარეებზე, ნაკადულებზე, მათ ტბებსა და ყველა მათ წყალსატევზე!’ და იქცევიან სისხლად და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ასევე ქვებშიც”.
20 . ისე მოიქცნენ მოსე და აჰარონი, როგორც უბრძანა უფალმა. ფარაონის და მისი მსახურების თვალწინ აღმართა კვერთხი, დასცა მდინარის წყალს და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად.
21 . ამოწყდა თევზი მდინარეში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები მდინარის წყალს; და იყო სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
22 . და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
23 . გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
24 . თხრიდა ყოველი ეგვიპტელი მდინარის გასწვრივ, რომ სასმელი წყალი ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს.
25 . და გასრულდა შვიდი დღე მას შემდეგ, რაც დაჰკრა უფალმა მდინარეს.
1 . აი, კანონები, რომელთაც დაუდგენ მათ:
2 . თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
3 . თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს.
4 . თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო.
5 . ხოლო თუ ყმა იტყვის: "მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,
6 . მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.
7 . თუ მხევლად გაყიდის კაცი თავის ასულს, ისე ვერ გათავისუფლდება იგი, როგორც ყმა თავისუფლდება.
8 . თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.
9 . თუ თავისი ძისთვის განაწესა იგი, საკუთარი ასულივით მოეპყრას მას.
10 . თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.
11 . თუ არ უზრუნველჰყოფს მისთვის ამ სამ რამეს, მაშინ გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდება ქალი.
12 . თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს.
13 . ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს.
14 . თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.
15 . ვინც თავის მამას ან დედას შემოჰკრავს, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
16 . ვინც ადამიანი მოიპაროს და გაყიდოს ან ხელში აღმოაჩნდეს - სიკვდილით მოკვდეს.
17 . თავისი მამის და დედის მაწყევარი, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
18 . თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბნენ და დაჰკრა ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი და გადარჩა კაცი, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
19 . მერე კი ადგა და გარეთ ყავარჯნით სიარული შეძლო, მაშინ ნუ დაისჯება მისი მცემელი, მხოლოდ სამუშაოდან მისი მოცდენისთვის გადაუხადოს და სრულ გამოჯანმრთელებამდე იზრუნოს მასზე.
20 . თუ კაცმა ჯოხით სცემა თავისი მონა ან მხევალი და შემოაკვდა, შური იძიეთ მასზე.
21 . მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე კიდევ იცოცხლა, მაშინ აღარ იძიოთ მასზე შური, რადგან მისი საკუთრებაა იგი.
22 . თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.
23 . მაგრამ თუ რაიმე ზიანი მიადგა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლის წილ ზღონ.
24 . თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25 . დამწვრობა დამწვრობის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
26 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, მაშინ თვალის წილ გაათავისუფლოს იგი.
27 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ.
28 . თუ ხარმა მამაკაცს ან დედაკაცს ურქინოს და მოკლას, უსათუოდ ჩაიქოლოს ხარი და არ შეიჭამოს მისი ხორცი; ხოლო ხარის პატრონი უდანაშაულოა.
29 . მაგრამ თუ ხარი მანამდეც მარქენალი იყო და გააფრთხილეს პატრონიც, მან კი არ დაამწყვდია და მოკლა ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარიც ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს.
30 . თუ გამოსასყიდი დაეკისრება, მაშინ გადაიხადოს საურავი თავისი სიცოცხლის წილ, დაკისრებულის მიხედვით.
31 . თუ ძეს ან ასულს ურქინოს, ამავე სამართლით მოექეცით მას.
32 . თუ ყმას ან მხევალს ურქინოს ხარმა, მაშინ მიეცეს მათ ბატონს ოცდაათი ვერცხლი, ხარი კი ჩაიქოლოს.
33 . თუ ვინმე თავს მოხდის ან ამოთხრის ორმოს და არ დააფარებს, იქ კი ხარი ან სახედარი ჩავარდება,
34 . მაშინ გადაიხდის ორმოს მფლობელი, ფულით აუნაზღაურებს მათ პატრონს, ხოლო ლეში მისი იქნება.
35 . და თუ ვინმეს ხარი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ფულიცა და ლეშიც შუაზე გაიყონ.
36 . ხოლო თუ მანამდეც ცნობილი იყო, რომ ხარი მარქენალია, მისმა პატრონმა კი არ დაამწყვდია, მაშინ გადაიხადოს ხარის წილ, ხოლო ლეში მისი იქნება.
1 . გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს პირდაპირ.
2 . დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
3 . გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
4 . მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
5 . აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.
6 . ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
7 . და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.
8 . ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.
9 . დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.
10 . ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
11 . თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.
12 . მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა- პაპანი.
13 . განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.
1 . მოძღვრება ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
2 . რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი.
3 . დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
4 . უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა.
5 . განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.
6 . რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
7 . ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
8 . უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა.
9 . შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
10 . შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
11 . შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
12 . ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
13 . შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
14 . სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
15 . ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
16 . შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
17 . რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
18 . რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
19 . მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან.
20 . ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
21 . რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.
22 . ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას.
23 . მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
24 . ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.
25 . ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
26 . ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
27 . მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
28 . უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
29 . და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი.
30 . თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
31 . თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
32 . კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
33 . მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.
34 . არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
35 . ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს?
36 . მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ.
37 . მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
38 . მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე.
39 . უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი.
40 . მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი.
41 . გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
42 . მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
43 . თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
44 . გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
45 . შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
46 . როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
47 . გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
48 . ვის არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი, გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა.
49 . სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?
50 . გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.
51 . როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
52 . კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
1 . ხმელი პურის ნაჭერი და სიმშვიდე სჯობს, საკლავით სავსე სახლსა და დავიდარაბას.
2 . გონიერი მსახური იბატონებს შემარცხვენელ შვილზე და ძმებს შორის გაინაწილებს მემკვიდრეობას.
3 . ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, გულებს კი უფალი გამოსცდის.
4 . ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.
5 . ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.
6 . სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.
7 . უგუნურს მჭევრმეტყველება არ უხდება, მითუმეტეს წარჩინებულს - ცრუ ბაგენი.
8 . ქრთამი ჯადოსნური ქვაა მისი მფლობელის თვალში, საითაც მიმართავს, წარმატებას აღწევს.
9 . დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულს ეძებს, ხოლო დანაშაულის შემხსენებელი ახლობლებს აშორებს.
10 . გაკიცხვა უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
11 . მეამბოხე მხოლოდ ბოროტებას დაეძებს, ამიტომ სასტიკი ანგელოზი გაეგზავნება მას.
12 . სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით.
13 . ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.
14 . წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს.
15 . ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.
16 . რისთვის აქვს ბრიყვს სიბრძნის შესაძენი ფული ხელში, მას ხომ გონიერება არ გააჩნია?!
17 . მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ძმა კი უბედურებაში დასახმარებლად არის შობილი.
18 . უგუნური ადამიანი ხელს ხელზე ურტყამს და თავდებად უდგება სხვას.
19 . დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.
20 . გულმრუდი ვერ ჰპოვებს სიკეთეს, მზაკვარი ენის პატრონი უბედურებაში ჩავარდება.
21 . ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავისდა სამწუხაროდ; ვერ ხარობს უგუნურის მამა.
22 . მხიარული გული კარგი მკურნალია, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
23 . ქრთამს უბიდან იღებს უკეთური, რათა მართლმსაჯულების გზები გაამრუდოს.
24 . გონიერი კაცი სიბრძნეს უმზერს, ბრიყვი კი თვალებს დედამიწის კიდემდე აცეცებს.
25 . ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.
26 . არ არის კარგი მართლის დაჯარიმება და არც კეთილშობილთა ცემა მათი სიმართლის გამო.
27 . სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული - გაგების უნარის მქონე.
28 . მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული - გონიერად.
1 . როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
2 . აიყვანენ მათ ხალხები, მოიყვანენ თავიანთ ადგილზე და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, თავიანთ დამატყვევებლებს დაატყვევებენ და თავიანთ მჩაგვრელებზე გაბატონდებიან.
3 . და იქნება: იმ დღეს, როცა მოგასვენებს უფალი შენი ტკივილისგან, შფოთისა და ჯაფისაგან, რომლითაც იტანჯებოდი,
4 . მაშინ წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: "როგორ შეაჩერეს მოძალადე, როგორ აღიკვეთა ჩაგვრა.
5 . შემუსრა უფალმა ბოროტეულთა არგანი, დაამსხვრია ხელმწიფეთა კვერთხი.
6 . რისხვით რომ მუსრავდა ხალხებს უკურნებელი წყლულებით, ბრაზით იმორჩილებდა ერებს და დაუოკებლად დევნიდა მათ.
7 . დაწყნარდა და დამშვიდდა მთელი ქვეყანა, ხმამაღლა ყიჟინებს.
8 . კვიპაროსებიც შემოგხარიან და ლიბანის კედრებიც - რაც ძირს განერთხე, ხის მჭრელი აღარ მოსულა ჩვენთან.
9 . შავეთი, ქვესკნელი შეიძრა შენს შესახვედრად, შენი მოსვლისას; გამოაღვიძა შენთვის აჩრდილნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; ხალხთა მეფენი წამოაყენა თავ-თავისი ტახტებიდან.
10 . მოგიგებს ყველა და გეტყვის: შენც ჩვენსავით დაუძლურდი და ჩვენ დაგვემსგავსე.
11 . ქვესკნელს ჩაეშვა შენი ბრწყინვალება და შენი ებნების ხმა; ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს.
12 . როგორ ჩამოვარდი ციდან, მნათობო, ძეო განთიადისა; მიწამდე ჩამოემხე, ერთა დამძაბუნებელო.
13 . გულში ამბობდი: "ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე.
14 . ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”
15 . თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.
16 . დაგაკვირდებიან შენი დამნახავნი და ჩაფიქრდებიან - ესაა ის კაცი, მიწას რომ ათრთოლებდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა,
17 . ქვეყნიერებას რომ აუდაბურებდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს არ ათავისუფლებდა ტყვეობის სახლიდან?
18 . ხალხების მეფეები დიდებაში განისვენებენ, თავ-თავიანთ სამყოფელში.
19 . შენ კი უსამაროდ ხარ დატოვებული, გადაგდებული, როგორც საძაგელი ლერწი, შემოსილი ხარ მახვილით დახოცილებით, რომლებსაც ქვის ორმოებში ყრიან; გათელილ გვამს ჰგავხარ.
20 . მათთან ერთად ვერ დაიმარხები, რადგან ააოხრე შენი ქვეყანა და გაჟლიტე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა თაობა, ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.
21 . სასაკლაო გაამზადეთ მისი შვილებისთვის, მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ, არ დაიპყრონ ქვეყანა და მღელვარებით არ აავსონ მიწის ზედაპირი.
22 . "აღვდგები მათ წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მოვკვეთ ბაბილონის სახელს, მისი მონაგარისა და შთამომავლობის მონარჩენს!” - ამბობს უფალი.
23 . "მაჩვზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ ვაქცევ და განადგურების ცოცხით გავხვეტ!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
24 . დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: "როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება, როგორც განვიზრახე, ისე აღსრულდება.
25 . ჩემს მიწაზე შევმუსრავ აშურს და ჩემს მთებზე გავთელავ მას; გადაიგდება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი ჩამოეხსნებათ მხრებიდან”.
26 . ეს არის განაჩენი, მთელი ქვეყნის მიმართ გამოტანილი და, ეს არის, ხელი მოღერებული ყველა ხალხზე.
27 . რადგან გადაწყვიტა ცაბაოთ უფალმა და ვინ დაარღვევს? ხელი შემართა და ვინ შეაბრუნებს?
28 . მეფე ახაზის სიკვდილის წელს იქნა ეს წარმოთქმული.
29 . ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, თქვენი მგვემელი კვერთხის დამსხვრევა, რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.
30 . უმწეოთა პირმშონი გამოიკვებებიან და გაჭირვებულნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; შიმშილით გავანადგურებ შენს ფესვს და გავჟლეტ შენს მონარჩენს.
31 . იქვითინე, კარიბჭევ! იტირე, ქალაქო! მთლიანად დადნები, ფილისტიმო, რადგან ჩრდილოეთიდან მოდის კვამლი და არავინ ჩამორჩება მის ბანაკს.
32 . რა პასუხს გასცემს ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა დააფუძნა სიონი და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი”.
1 . "ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
2 . ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.
3 . მაგრამ სირცხვილად გექცევათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში თავის შეფარება - დამცირებად.
4 . რადგან მისი მთავრები ცოყანში არიან და მისმა წარგზავნილებმა ხანესამდე მიაღწიეს.
5 . ყველა შერცხვება იმ ხალხის გამო, რომელიც უსარგებლოა, ვერ იხსნის, სარგებლობას ვერ მოუტანს, მხოლოდ შეარცხვენს და შეურაცხყოფს.
6 . წინასწარმეტყველება ნეგების პირუტყვზე: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი, ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მიაქვთ მათ თავიანთი სიმდიდრე და აქლემთა კუზით - თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან.
7 . ეგვიპტის შემწეობა ფუჭია და ამაო, ამიტომ განვაცხადე: ‘მათი ძალა უქმად ჯდომაშია.’
8 . ახლა მიდი, ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოუკვეთე და დარჩეს უკანასკნელ დღემდე, მოწმობად უკუნითი უკუნისამდე.
9 . რადგან მეამბოხეა ეს ხალხი, ცრუ ძენი არიან, შვილები, რომლებსაც უფლის შეგონების მოსმენა არ სურთ;
10 . მხედველებს ეუბნებიან: "ნუ ხედავთ ხილვებს”, წინასწარმეტყველებს: "სიმართლეს ნუ გვიწინასწარმეტყველებთ, სასიამოვნო სიტყვები გვითხარით, სიცრუე გვიწინასწარმეტყველეთ.
11 . გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, მოგვაშორეთ ისრაელის წმიდა”.
12 . ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: "რადგან უარყავით ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედად ხართ და ამას ეყრდნობით,
13 . ამიტომ ეს დანაშაული თქვენთვის დამანგრეველი ბზარივით იქნება, მაღალ კედელზე გაჩენილი ნაპრალივით, რომლის ჩამოქცევაც უცაბედად, ერთ წამში მოხდება.
14 . ისე დალეწავს, როგორც მექოთნის ჭურჭელს ლეწავენ, ისე შეუბრალებლად, რომ ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვის ნამსხვრევებში, რათა კერიდან ცეცხლი აიღოს ან ჭურჭლიდან წყალი ამოხაპოს.
15 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: "მონანიებასა და სიმშვიდეში იქნებოდით დახსნილნი, სიწყნარესა და მყუდროებაში იქნებოდა თქვენი ძალა. მაგრამ არ ინდომეთ.
16 . ამბობდით: არა, ცხენებით გავიქცევითო - ამიტომაც გაიქცევით; კიდევ: სწრაფად გავაჭენებთო! - ამიტომაც სწრაფები იქნებიან თქვენი მდევრები.
17 . ერთის მუქარა ათასს გააქცევს, ხუთის მუქარაზე კი ყველანი გაიქცევით, ვიდრე ალამივით არ შერჩებით მთის თხემზე და ნიშანივით - მაღლობზე”.
18 . მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.
19 . რადგან, აღარ იტირებ და მოსთქვამ, ხალხო სიონისა, მცხოვრებო იერუსალიმში. შეგიწყალებს შენი ღაღადის ხმაზე; მოსმენისთანავე გიპასუხებს.
20 . უფალი მოგცემს გაჭირვებაში პურს და ძალადობისას წყალს, აღარ დაიმალება შენი წარმმართველი და შენი თვალები იხილავენ მას.
21 . შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: "ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.
22 . სიბილწედ მიიჩნევთ ვერცხლით დაფარულ თქვენს ქანდაკებებს და ოქროთი მოჭედილ ჩამოსხმულ კერპებს, გაფანტავთ მათ როგორც სისაძაგლეს და იტყვით: მოგვცილდითო.
23 . და იქნება: წვიმას მისცემს იგი შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე; და პური, მიწის ნაყოფი, მსუყე იქნება და ნოყიერი. იბალახებს იმ დღეს შენი პირუტყვი გაშლილ საძოვარზე.
24 . ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა და ფოცხებით გასუფთავებულს.
25 . ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ მომაღლებულ ბორცვზე წყლის ნაკადები იდინებენ, მრავალთა შემუსვრის დღეს, როცა დაეცემიან კოშკები.
26 . მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი შვიდჯერ მეტად გაბრწყინდება, შვიდი დღის ნათელივით; იმ დღეს უფალი შეუხვევს ჭრილობებს თავის ერს და მის მიერ მიყენებულ ჭრილობებს განუკურნავს.
27 . აჰა, შორიდან მოდის უფლის სახელი, გიზგიზებს მისი რისხვა, შენივთდა კვამლი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით, მისი ენა მჭამელი ცეცხლია.
28 . მისი სუნთქვა მოვარდნილ ნიაღვარს ჰგავს და ყელამდე უწვდენს; რომ ცხრილით გაცხრილოს ხალხები, ლაგამი ამოსდოს ყბაზე და ნგრევისკენ გაუძღვეს.
29 . სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის კურთხევის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურის ჰანგებით მიმავალს, რომ ავიდეთ უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე.
30 . უფალი მოასმენინებს თავისი ძალაუფლების ხმას და შემართულ მკლავს გაიწვდენს მძვინვარე რისხვაში, მშთანმთქმელი ცეცხლის ალში, ქუხილსა და ღვართქაფში, ქვის სეტყვაში.
31 . რადგან უფლის ხმაზე შეძრწუნდება აშური, როცა კვერთხს დასცემს.
32 . ყოველი ჩავლა დამსჯელი კვერთხისა, რომელსაც უფალი დაუშვებს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. მოღერებული მკლავით შეებრძოლება მას.
33 . რადგან დიდი ხანია გამზადებულია სამსხვერპლო ადგილი, მეფისთვის არის გამზადებული, მან გააღრმავა და გააფართოვა იგი. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა, გოგირდის ნიაღვარივით ააგიზგიზებს მას უფლის სუნთქვა.
1 . აღდგა შენი მიმომფანტველი შენს წინააღმდეგ, დაიცავი სიმაგრეები, თვალი გეჭიროს გზაზე, წელი გაიმაგრე და ძალა მოიკრიბე.
2 . ვინაიდან დააბრუნებს უფალი იაკობისა და ისრაელის დიდებას, რამეთუ გააპარტახეს იგი მოძალადეებმა და მოსპეს მისი ლერწები.
3 . მისი ვაჟკაცების ფარი გაწითლებულია, მისი ძლევამოსილი მეომრების სამოსი - მეწამული, ალისფრად ბრდღვიალებენ ბრძოლისთვის გამზადებული ეტლები, ღელავს შუბების ტყე.
4 . ქუჩებში დაჰქრიან ეტლები, გრუხუნებენ მოედნებზე, ჩირაღდანივით ბრწყინავენ და ელვასავით კვესავენ.
5 . უხმობს აშურის მეფე თავის რჩეულთ, მაგრამ ბრკოლდებიან თავიანთ სვლაში; გალავნისკენ მიისწრაფიან, იქაც გამაგრებულია დაცვა.
6 . გახსნილია კარიბჭე მდინარეებისა, წალეკილია სასახლე.
7 . გაშიშვლებულია ნინევე და მიჰყავთ, მტრედებივით კვნესიან მისი მხევალნი, გულზე იცემენ ხელებს.
8 . წყალსატევივით იყო ნინევე, მისი დღეების დასაბამიდან. ახლა კი გარბიან მისგან. "შეჩერდით, შეჩერდით!” მაგრამ არავინაა უკან მომხედი.
9 . დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო. ბოლო არ უჩანს დაუნჯებულ სიმდიდრეს, ძვირფას ჭურჭელს.
10 . დაცარიელებული, გაუდაბურებული, გაცამტვერებულია იგი! გულები დნება და მუხლები კანკალებენ, თრთის მთელი მათი სხეული, ყველას ფერმიხდილი აქვს სახე.
11 . სადღაა ლომთა ბუნაგი და მათი ბოკვრების საკვები ადგილი, სადაც ხვადი და ძუ ლომები დადიოდნენ თავიანთი ბოკვრებით, და არავინ იყო მათი დამაფრთხობელი?
12 . სადღაა ლომი, რომ იტაცებს თავის ბოკვრებისთვის და გუდავს თავისი ძუ ლომისთვის? ნადავლით რომ ავსებს თავის ბუნაგს და დაგლეჯილი ნანადირევით - თავის საბუდარს?
13 . აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ - ამბობს ცაბაოთ უფალი - კვამლში ვშთანთქავ შენს ეტლებს და მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. მოვკვეთ მიწიდან შენს ნადავლს და ვეღარ მოისმენ შენი გზირების ხმას.
1 . უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.
2 . თქვა: "ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა.
3 . იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან.
4 . დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია,
5 . მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”.
6 . თქვა უფალმა: "გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე?
7 . მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
8 . თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?”
9 . ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა:
10 . "ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე - მებაჟე.
11 . ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.
12 . კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.
13 . ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.
14 . თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.
15 . მიუყვანეს იესოს ჩვილები, რომ შეხებოდა მათ. მოწაფეებმა რომ დაინახეს, დაუშალეს.
16 . მაგრამ იესომ თავისთან მიიხმო ისინი და თქვა: "გამოუშვით ბავშვები ჩემთან და ნუ აბრკოლებთ, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
17 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში”.
18 . ერთმა მთავარმა ჰკითხა: "კეთილო მოძღვარო, რა გავაკეთო საუკუნო სიცოცხლის დასამკვიდრებლად?”
19 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რატომ მიწოდებ კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
20 . იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას?”
21 . მან თქვა: "ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ”.
22 . ეს რომ მოისმინა, უთხრა იესომ: "ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”.
23 . ეს რომ გაიგონა, დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
24 . იესომ შეხედა მას და თქვა: "რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღმერთის სამეფოში.
25 . რადგან აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . მსმენელებმა იკითხეს: "ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
27 . მან კი უთხრა: "ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია”.
28 . პეტრემ უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით”.
29 . ხოლო იესომ მიუგო: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინაა ისეთი, ღმერთის სამეფოსთვის მიატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,
30 . და არ მიიღოს მრავალგზის მეტი ამ დროში, მომავალ საუკუნეში კი - საუკუნო სიცოცხლე”.
31 . წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: "აჰა, ავდივართ იერუსალიმში, სადაც აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ ძე კაცისაზე.
32 . ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, გალანძღავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, აფურთხებენ,
33 . გაშოლტავენ, მოკლავენ და აღდგება მესამე დღეს”.
34 . მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ, რადგან დაფარული იყო ეს სიტყვა მათთვის და ვერ გაიგეს ნათქვამი.
35 . იერიხოს, რომ მიუახლოვდა, ვიღაც ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
36 . გამვლელთა ხმა რომ შემოესმა, იკითხა: "რა ხდება?”
37 . უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო.
38 . მაშინ შეჰყვირა და თქვა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
39 . წინ მიმავალნი უჯავრდებოდნენ, გაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
40 . შეჩერდა იესო და ბრძანა მასთან მიეყვანათ. რომ მიუახლოვდა, ჰკითხა:
41 . "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” მან უთხრა: "უფალო, თვალი რომ ამეხილოს”.
42 . უთხრა იესომ: "აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა”.
43 . მყისვე აეხილა და გაჰყვა მას, თან ღმერთს ადიდებდა. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.
1 . წამოიშალა მთელი ხალხი და პილატესთან წაიყვანეს.
2 . შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: "ვნახეთ, რომ ჩვენს ხალხს აქეზებდა იგი და კეისრისთვის ხარკის მიცემას უკრძალავდა, თავის თავს კი ცხებულ მეფეს უწოდებდა”.
3 . ჰკითხა მას პილატემ: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” ხოლო მან მიუგო: "შენ ამბობ”.
4 . უთხრა პილატემ მღვდელმთავრებსა და ხალხს: "მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში”.
5 . მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: "ეგ აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე”.
6 . ეს რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: "განა, გალილეველია ეს კაცი?”
7 . და როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს მხარიდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თვითონაც იერუსალიმში იმყოფებოდა.
8 . დაინახა რა იესო, ჰეროდეს ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა; ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს მაჩვენებსო.
9 . ბევრ რამეს შეეკითხა, მაგრამ მან არაფერი უპასუხა.
10 . მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით სდებდნენ მას ბრალს.
11 . ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა და დასცინოდა მას, ბრწყინვალე სამოსელი ჩააცვა და უკან გაუგზავნა პილატეს.
12 . იმ დღეს პილატე და ჰეროდე ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა მანამდე მტრობდნენ ერთიმეორეს.
13 . პილატემ მღვდელმთავრებს, მთავრებსა და ხალხს მოუხმო.
14 . უთხრა მათ: "თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი. და აჰა, მე გამოვიძიე თქვენს წინაშე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი დანაშაული, რაშიც ადანაშაულებთ;
15 . ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამომიგზავნა იგი. აჰა, არაფერი ჩაუდენია მას სიკვდილის ღირსი.
16 . ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ”.
17 . რადგან სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ.
18 . მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: "ეგ მოაშორე და ბარაბა გაგვითავისუფლე”.
19 . ბარაბა ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობის გამო იყო ჩაგდებული საპყრობილეში.
20 . პილატემ კვლავ მიმართა ხალხს, რადგან იესოს გაშვება უნდოდა.
21 . ისინი კი გაჰყვიროდნენ: "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი”.
22 . მან მესამედ მიმართა მათ: "რა ბოროტება ჩაიდინა? სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ”.
23 . ისინი კი დაჟინებით მოითხოვდნენ და გაჰყვიროდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იესო; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავრების ხმამ.
24 . პილატემ გადაწყვიტა, მათი მოთხოვნა შეესრულებინა;
25 . შფოთისა და მკვლელობისთვის საპყრობილეში ჩაგდებული გაუშვა, იესო კი მათ ნებას გადასცა.
26 . როდესაც წაიყვანეს, გზაში დაიჭირეს ყანიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და ჯვარი აჰკიდეს, რომ იესოს კვალდაკვალ ეტარებინა.
27 . უკან დიდძალი ხალხი და დედაკაცები მიჰყვებოდნენ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.
28 . მიუბრუნდა მათ იესო და უთხრა: "იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავსა და შვილებზე იტირეთ.
29 . რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ!
30 . მაშინ მთებს ეტყვიან: ზედ დაგვემხეთ! ხოლო მაღლობებს: დაგვფარეთ ჩვენ!
31 . ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?”
32 . და მასთან ერთად ორი ავაზაკიც მიჰყავდათ სასიკვდილოდ.
33 . თხემად წოდებულ ადგილზე რომ მივიდნენ, იქ აცვეს ჯვარს ისიც და ავაზაკებიც - ერთი მის მარჯვნივ, მეორე კი - მარცხნივ.
34 . თქვა იესომ: "მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.
35 . იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: "სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ქრისტეა, ღმერთის რჩეული!”
36 . ჯარისკაცებიც დასცინოდნენ, მიდიოდნენ და ძმარს სთავაზობდნენ;
37 . და ეუბნებოდნენ: "თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი”.
38 . მის ზემოთ ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა იყო: "ეს არის იუდეველთა მეფე".
39 . ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას: "განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც”.
40 . მეორე გაუჯავრდა და უთხრა: "ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?
41 . ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია”.
42 . და უთხრა: "იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში მიხვალ”.
43 . იესომ უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”.
44 . უკვე დღის ექვსი საათი იქნებოდა, რომ მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.
45 . დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა.
46 . დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: "მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. ეს თქვა და სული განუტევა.
47 . როცა ასისთავმა მომხდარი იხილა, ღმერთი ადიდა და თქვა: "ნამდვილად მართალი იყო ეს კაცი”.
48 . გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, როცა იხილა მომხდარი.
49 . ყველანი, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას.
50 . და აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი,
51 . იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც არ დათანხმდა მათ თათბირსა და საქმეს, და რომელიც მოელოდა ღმერთის სამეფოს,
52 . მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი.
53 . ჩამოხსნა იგი, ტილოში გაახვია და კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა, სადაც ჯერ კიდევ არავინ იყო დასვენებული.
54 . ის დღე პარასკევი იყო, შაბათი დგებოდა.
55 . გალილეიდან გამოყოლილი დედაკაცებიც გაჰყვნენ და იხილეს სამარხი და ის, თუ როგორ დაასვენა მისი ცხედარი.
56 . ამის შემდეგ დაბრუნდნენ და კეთილსურნელებანი და ნელსაცხებელნი მოამზადეს. შაბათს კი მოისვენეს, მცნებისამებრ.
1 . ეს რომ თქვა, იესო კედრონის ხევს გაღმა გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ ის და მისი მოწაფეები.
2 . ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო ხშირად ხვდებოდა აქ თავის მოწაფეებს.
3 . ამიტომ, იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და მღვდელმთავრებისა და ფარისეველების მსახურები იახლა და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.
4 . იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?”
5 . მიუგეს მას: "იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
6 . როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
7 . ხელახლა ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” უთხრეს: "იესო ნაზარეველს”.
8 . იესომ მიუგო: "ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.
9 . ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიკარგავს.
10 . სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, იშიშვლა ის, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა.
11 . უთხრა იესომ პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, მამამ რომ მომცა?”
12 . მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.
13 . პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას, იმდროინდელი მღვდელმთავრის სიმამრთან.
14 . ეს ის კაიაფა იყო, იუდევლებს რომ ურჩია, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
15 . იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
16 . პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა.
17 . მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.
18 . ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.
19 . მღვდელმთავარმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა.
20 . მიუგო მას იესომ: "მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს; მუდამ სინაგოგებსა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იკრიბება ყველა იუდეველი. ფარულად არაფერი მილაპარაკია.
21 . მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”.
22 . ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ხელი გაარტყა იესოს და უთხრა: "ასე ელაპარაკები მღვდელმთავარს?”
23 . მიუგო იესომ: "თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?”
24 . მაშინ ანამ შებოჭილი იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა.
25 . სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”.
26 . მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?”
27 . კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.
28 . იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.
29 . პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: "რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?”
30 . უთხრეს: "ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”.
31 . უთხრა მათ პილატემ: "წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: "ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.
32 . რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
33 . პილატე პრეტორიუმში შებრუნდა, მოუხმო იესოს და ჰკითხა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?”
34 . მიუგო იესომ: "შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?”
35 . მიუგო პილატემ: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?”
36 . თქვა იესომ: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური”.
37 . უთხრა პილატემ: "მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: "შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”.
38 . ჰკითხა პილატემ: "რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: "მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში.
39 . ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?
40 . მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: "ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.
1 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და მოაბის ველზე, იორდანეს გაღმა მხარეს, იერიხოსთან დაბანაკდნენ.
2 . იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც ისრაელმა დამართა ამორელებს.
3 . და ფრიად შეუშინდნენ ამ ხალხს მოაბელნი, რადგან მრავალრიცხოვანი იყო იგი; დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.
4 . უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: "გააჩანაგებს ეს აურაცხელი ხალხი ყოველივეს, რაც ჩვენს გარშემოა, როგორც ხარი აჩანაგებს ველის ბალახს”. ბალაკ ციფორის ძე კი მოაბის მეფე იყო მაშინ.
5 . და გაუგზავნა მოციქულები ბილყამ ბეყორის ძეს, ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს; მისი ხალხის ძეთა ქვეყანაში და დაუძახა ამ სიტყვებით: აჰა, ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან; აჰა, დაფარა მან მიწის პირი და დამკვიდრდა ჩემს პირდაპირ.
6 . გთხოვ, მოდი და დაწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი: ეგების შევძლო და განვდევნო ამ ქვეყნიდან; რადგან ვიცი: ვისაც აკურთხებ, კურთხეული იქნება და ვისაც დაწყევლი, წყეული იქნება”.
7 . წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები; სამისნო საზღაურით ხელში მივიდნენ ბილყამთან და გადასცეს ბალაკის სიტყვები.
8 . უთხრა მათ ბილყამმა: "აქ გაათიეთ ეს ღამე და გაგცემთ პასუხს, როგორც მეტყვის უფალი”. დარჩნენ მოაბის მთავრები ბილყამთან.
9 . მივიდა ღმერთი ბილყამთან და ჰკითხა: "ვინ არიან ეს კაცები?”
10 . უთხრა ბილყამმა ღმერთს: "ბალაკმა, ციფორის ძემ, მოაბის მეფემ, გამოგზავნა ჩემთან ამ სიტყვებით:
11 . აჰა, ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა და დაფარა მიწის პირი; ახლა წადი და დამიწყევლე იგი, ეგების შევძლო შებრძოლება მასთან, რომ განვდევნოო იგი”.
12 . უთხრა ღმერთმა ბილყამს: "არ წაჰყვე მათ და არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი”.
13 . ადგა ბილყამი დილით და უთხრა ბალაკის მთავრებს: "წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ”.
14 . ადგნენ მოაბელი მთავრები, მივიდნენ ბალაკთან და უთხრეს: "არ მოინდომა ბილყამმა ჩვენთან წამოსვლა”.
15 . კვლავ გაგზავნა ბალაკმა მრავალი მთავარი, ამჯერად უფრო პატივსაცემნი.
16 . მივიდნენ ბილყამთან და უთხრეს: "ასე თქვა ბალაკმა, ციფორის ძემ: ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე.
17 . რადგან დიდ პატივს გცემ და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ; გთხოვ, წამოდი და დაწყევლე ეს ხალხი”.
18 . მიუგო ბილყამმა და უთხრა ბალაკის მსახურებს: "თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც პატარა საქმეს გავაკეთებ და ვერც დიდს.
19 . გთხოვთ, დარჩით აქ ეს ღამე და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი”.
20 . მივიდა ღმერთი ბილყამთან ღამით და ჰკითხა: "თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და გაჰყევი მათ; ოღონდ, რასაც მე გეტყვი, იმას გააკეთებ”.
21 . ადგა ბილყამი დილით, შეკაზმა თავისი ვირი და გაჰყვა მოაბელთა მთავრებს.
22 . აღინთო ღმერთის რისხვა, მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ამხედრებული იყო იგი თავის ვირზე და ორი მსახური ახლდა თან.
23 . და დაინახა ვირმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია ვირმა გზიდან და წავიდა მინდორზე. ცემა დაუწყო ვირს ბილყამმა, რათა გზისკენ მოებრუნებინა.
24 . დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის: ერთი მხრიდანაც ღობე იყო და მეორე მხრიდანაც.
25 . დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, მიეკრა კედელს და ბილყამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ; ისევ დაუწყო ცემა ვირს.
26 . კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არც მარჯვნივ იყო გადასახვევი გზა და არც მარცხნივ.
27 . დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და გაწვა ბილყამის ქვეშ. აღინთო ბილყამის რისხვა და ჯოხით ცემა დაუწყო ვირს.
28 . პირი გაუხსნა ვირს უფალმა და უთხრა ვირმა ბილყამს: "რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?”
29 . უთხრა ბილყამმა ვირს: "მასხრად ამიგდე; მახვილი რომ მქონოდა ხელში, ახლავე მოგკლავდი”.
30 . უთხრა ვირმა ბილყამს: "განა შენი ვირი არა ვარ, რომლითაც მთელი შენი ცხოვრება დადიხარ? ოდესმე თუ მოგქცევივარ ასე?” უპასუხა: "არა”.
31 . აუხილა უფალმა თვალები ბილყამს და დაინახა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში; მოიდრიკა ბილყამი და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა.
32 . უთხრა მას უფლის ანგელოზმა: "რად სცემე ვირი სამჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.
33 . დამინახა ვირმა და სამჯერ გადაუხვია ჩემგან; რომ არ გადაეხვია, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი”.
34 . უთხრა ბილყამმა უფლის ანგელოზს: "შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ დამიდექი გზაზე; ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები”.
35 . უთხრა უფლის ანგელოზმა ბილყამს: "წაჰყევი ამ კაცებს, მაგრამ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი”. და გაჰყვა ბილყამი ბალაკის თავკაცებს.
36 . გაიგო ბალაკმა, რომ მოვიდა ბილყამი და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვარზე მდებარეობს, მის კიდეზე.
37 . უთხრა ბალაკმა ბილყამს: "ხომ გამოვგზავნე შენს დასაძახებლად? რად არ მოხვედი ჩემთან? ნუთუ არ ძალმიძს შენი პატივისცემა?”
38 . უთხრა ბილყამმა ბალაკს: "აჰა, მოვედი. ნუთუ ძალმიძს რაიმეს თქმა? რასაც ღმეთი მოათავსებს ჩემს ბაგეებში, იმას ვიტყვი”.
39 . წავიდა ბილყამი ბალაკთან და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში.
40 . დაკლა ბალაკმა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და გაუგზავნა ბილყამს და თავკაცებს, რომლებიც მასთან იყვნენ.
41 . დილით წაიყვანა ბალაკმა ბილყამი და აიყვანა ბაყალის გორაკებზე. და დაინახა იქიდან ბილყამმა ხალხის განაპირა ბანაკი.
1 . აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
2 . უთხრა მათ: "როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: "არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”.
3 . უთხრა: "მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: "იოანეს ნათლობაში”.
4 . თქვა პავლემ: "იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე.
5 . ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ.
6 . როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
7 . სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.
8 . შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ.
9 . მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
10 . ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც.
11 . ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
12 . ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
13 . ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14 . ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი.
15 . მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?”
16 . დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.
17 . და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდეველისა და ბერძენისთვის; თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
18 . მრავალი მოდიოდა მათგან, ვინც ირწმუნა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19 . ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.
20 . ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.
21 . ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: "იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”.
22 . მაკედონიაში ორი თავისი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი გაგზავნა, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
23 . იმ დროს, არამცირე მღელვარება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.
24 . ვერცხლისმჭედელმა დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა, რითაც არამცირე საქმეს აძლევდა ხელოსნებს,
25 . შეკრიბა ამ ხელობის ხალხი და უთხრა: "კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
26 . ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში, ამ პავლემ თავისი ქადაგებით გადააცდინა ამდენი ხალხი, რაკი ამბობს, ადამიანის ხელით შექმნილნი, არ არიანო ღმერთები.
27 . მალე არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც აღარაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, ახლა რომ თაყვანს სცემს მთელი აზია და მსოფლიო”.
28 . ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: "დიდია ეფესელთა არტემისი!”
29 . მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.
30 . პავლემ ხალხში გასვლა მოინდომა, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს;
31 . ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, მის მეგობართაგან, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, არ გამოჩენილიყო თეატრონში.
32 . ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი - მეორეს, ვინაიდან ძალზე დაბნეული იყო კრებული და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
33 . ხალხიდან იუდეველთა წარმომადგენელი, ალექსანდრე გამოიყვანეს, მან ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე,
34 . მაგრამ, როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰკიოდნენ: დიდიაო ეფესელთა არტემისი!
35 . ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: "ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ქალაქი ეფესო დიდი არტემიდეს და ციდანმოვლენილის ტაძრის მცველია?
36 . და რაკი ამაში ეჭვი არავის ეპარება, მშვიდად ყოფნა გმართებთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
37 . მოგიყვანიათ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველნი არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელნი.
38 . თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს ვინმეზე აქვთ საჩივარი, სამსჯავროც გვაქვს და პროკონსულებიც გვყვანან, და უჩივლონ ერთმანეთს.
39 . ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე უნდა გადაწყდეს.
40 . ვინაიდან საფრთხე გვაქვს, რომ დღევანდელი არეულობისთვის ბრალი დაგვდონ, რადგან არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შევძლოთ".
41 . ეს თქვა და დაითხოვა შეკრებილნი.
1 . იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში, ზეთისხილის მთასთან მივიდნენ, მაშინ ორი მოწაფე გაგზავნა იესომ.
2 . უთხრა: "წადით სოფელში, თქვენს პირდაპირ რომაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომიყვანეთ.
3 . და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანენ”.
4 . ეს იმიტომ მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
5 . უთხარით სიონის ასულს: "აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.
6 . წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ.
7 . მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი სამოსელი დაუფინეს და დაჯდა მათზე.
8 . დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
9 . ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”
10 . იერუსალიმში რომ შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა; კითხულობდნენ: ვინ არისო იგი?
11 . ხალხი კი ამბობდა: "ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.
12 . შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.
13 . უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”
14 . მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი.
15 . მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს საოცრებანი, მან რომ მოახდინა, ასევე ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ: ოსანა დავითის ძესო! და გაბრაზდნენ.
16 . უთხრეს: "თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა: "დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება”.
17 . დატოვა ისინი, გამოვიდა ქალაქიდან, ბეთანიაში მივიდა და ღამე იქ გაათია.
18 . დილას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.
19 . გზაზე ერთი ლეღვი დაინახა, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა. უთხრა: "ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე” და უცბად გახმა ლეღვი.
20 . ამის მნახველი მოწაფეები განცვიფრდნენ; ამბობდნენ: რა უცბად გახმაო ეს ლეღვი?!
21 . მიუგო მათ იესომ პასუხად: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება!
22 . და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ”.
23 . ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
24 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
25 . საიდან იყო იოანეს ნათლობა - ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?
26 . თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე”.
27 . მიუგეს იესოს პასუხად: "არ ვიცითო”. მანაც უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
28 . აბა, რა გგონიათ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.
29 . მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა.
30 . მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა.
31 . იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: "პირველმა”. უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში;
32 . რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
33 . მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო; შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა.
34 . რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად.
35 . შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს.
36 . კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ.
37 . ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან; ამბობდა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
38 . მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს!
39 . შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს.
40 . ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?”
41 . მიუგეს: "ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს კი სხვა მევენახეებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.
43 . ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფებს გამოიღებს.
44 . ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”.
45 . მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.
46 . შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
1 . მათ რომ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივადექით კოსს, ხოლო მეორე დღეს - როდოსს, იქიდან - პატრას.
2 . ვნახეთ ხომალდი, ფინიკიაში რომ მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
3 . კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისკენ გავცურეთ და ტვიროსს მივაღწიეთ; რადგან ხომალდი იქ უნდა გადმოეტვირთათ.
4 . მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულიწმიდით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
5 . ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ; ყველანი ცოლ-შვილითურთ გამოგვყვნენ ქალაქგარეთ, ნაპირზე კი მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
6 . გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ.
7 . დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაიდაში მივედით, ძმები მოვიკითხეთ და ერთი დღე მათთან გავატარეთ.
8 . მომდევნო დღეს გამოვედით პავლე და მასთან მყოფნი; კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით შვიდთაგან ერთ-ერთის, ფილიპე მახარებლის სახლში და მასთან დავრჩით.
9 . ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.
10 . მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში, იუდეიდან წინასწარმეტყველი აგაბოსი ჩამოვიდა.
11 . მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: "ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იუდევლები იერუსალიმში და წარმართებს გადასცემენ ხელთ”.
12 . ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
13 . მაგრამ პავლემ გვითხრა: "რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.
14 . რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: "იყოს ნება უფლისა!”
15 . იმ დღეების შემდეგ, ჩაბარგებულნი ავედით იერუსალიმს.
16 . თან ზოგიერთი კესარიელი მოწაფეც გამოგვყვა. მათ მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
17 . იერუსალიმში ასულები, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
18 . მომდევნო დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან. მოვიდა ყველა უხუცესიც.
19 . მოიკითხა რა ისინი, დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით მოახდინა წარმართებს შორის.
20 . მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: "ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
21 . შენზე ამბობენ, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთი შვილები და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ.
22 . რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.
23 . ისე მოიქეცი, როგორც გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
24 . წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯი, თავი რომ გადაიპარსონ. ამით გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
25 . ხოლო იმ წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, მივწერეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოერიდონ კერპთშენაწირებს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას”.
26 . მაშინ წაიყვანა ის კაცები პავლემ, მომდევნო დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და განწმედის დღეების შესრულება გამოაცხადა, სანამ თითოეული მათგანისთვის ძღვენს შეწირავდა.
27 . შვიდი დღე რომ გავიდა, აზიელმა იუდევლებმა ტაძარში დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
28 . ყვიროდნენ: "კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ უქადაგებს; ახლა ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი”.
29 . მასთან ერთად ქალაქში ტროფიმე ეფესელი ჰყავდათ დანახული და იფიქრეს, პავლემ ისიც შეიყვანა ტაძარშიო.
30 . მთელი ქალაქი შეიძრა; შეგროვდა ხალხი; შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი
31 . მოკვლა რომ დაუპირეს, ათასისთავს ამბავი მიუვიდა - მღელვარებამ მოიცვაო მთელი იერუსალიმი.
32 . მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გაეშურა. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
33 . მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა, ორი ჯაჭვით შეეკრათ, თან იკითხა, ვინ არის და რა ჩაიდინაო?
34 . ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი - მეორეს. მან კი, რაკი ამ აურზაურში სინამდვილის გაგება ვერ შეძლო, მისი ციხე-სიმაგრეში წაყვანა ბრძანა.
35 . კიბეებს რომ მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ბრბოს ძალმომრეობის გამო,
36 . ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: "აღიგავოს იგი!”
37 . ციხე-სიმაგრეში რომ შეჰყავდათ, ჰკითხა პავლემ ათასისთავს: "შეიძლება რაღაც გითხრა?” ხოლო მან უპასუხა: "ბერძნული იცი?
38 . მაშ, შენ არ ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც შფოთი ატეხა ამ დღეების წინ და უდაბნოში ოთხი ათასი ავაზაკი გაიყვანა?”
39 . უთხრა პავლემ: "მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე; გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო”.
40 . როდესაც მან ნება დართო, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა.
1 . გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ბჭობა გამართა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
2 . შებოჭეს, წაიყვანეს და გადასცეს გამგებელ პილატეს.
3 . როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა.
4 . უთხრა: "შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: "ჩვენ რა? შენ იცი!”
5 . ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
6 . მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: "არ შეიძლება ამის საგანძურში დადება, რადგან სისხლის საფასურია”.
7 . მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ.
8 . ამის გამო იმ მინდორს დღემდე სისხლის მინდორი ეწოდება.
9 . მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: "აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ისრაელის ძეთა მიერ!
10 . და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა”.
11 . იესო კი გამგებლის წინაშე წარსდგა; ჰკითხა მას გამგებელმა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” იესომ უპასუხა: "შენ ამბობ”.
12 . როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა.
13 . მაშინ უთხრა მას პილატემ: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?”
14 . არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
15 . დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე ერთ პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.
16 . სწორედ მაშინ, ბარაბად წოდებული, ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ.
17 . თავი რომ მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: "ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”
18 . ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი.
19 . სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.
20 . მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კი დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ.
21 . ამიტომ, როცა იკითხა გამგებელმა, ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთო, უპასუხეს, ბარაბაო.
22 . უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს!”
23 . ხოლო მან თქვა: "რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: "ჯვარცმულ იქნეს!”
24 . როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.
25 . და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: "ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.
26 . მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.
27 . გამგებლის ჯარისკაცებმა სამსჯავროში წაიყვანეს იესო; გარს მთელი რაზმი შემოეხვია.
28 . ტანთ გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს.
29 . ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინ
30 . აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ.
31 . დაცინვით რომ გული იჯერეს, მოსასხამი მოხადეს, თავისივე სამოსელი ჩააცვეს და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
32 . როცა გამოდიოდნენ, ნახეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს, მისი ჯვარი ეზიდა.
33 . და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს.
34 . მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად; რომ იგემა, არ ინდომა დალევა.
35 . ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
36 . ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას.
37 . თავს ზემოთ კი დაწერილი ბრალდება მოათავსეს: "ეს არის იესო, იუდეველთა მეფე”.
38 . მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთიც - მარცხნივ.
39 . გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
40 . ამბობდნენ: "ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან”.
41 . მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ:
42 . "სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
43 . ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”.
44 . მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
45 . მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
46 . მეცხრე საათი იქნებოდა რომ დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”
47 . იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს ეს და თქვეს, ელიას უხმობსო.
48 . უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და სასმელად მიაწოდა.
49 . სხვები კი ამბობდნენ, მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო.
50 . ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
51 . და აჰა, მაღლიდან დაბლამდე, ორად გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები.
52 . სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა.
53 . გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმიდა ქალაქში და მრავალს ეჩვენნენ.
54 . ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!”
55 . იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
56 . მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
57 . როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო.
58 . მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.
59 . აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
60 . დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი; სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
61 . იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც საფლავის წინ ისხდნენ.
62 . პარასკევის შემდგომ დღეს მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან.
63 . თქვეს: "ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
64 . ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფენი, არ მოიპარონ იგი და არ უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი იქნება”.
65 . უთხრა მათ პილატემ: "თქვენ გყავთ მცველები, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით”.
66 . წავიდნენ, უსაფრთხოდ ჰყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს.
1 . გათენებისთანავე მოითათბირეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად; შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.
2 . ჰკითხა პილატემ: "შენ ხარ იუდეველთა მეფე?” ხოლო მან მიუგო პასუხად: "შენ ამბობ”.
3 . მრავალ ბრალს სდებდნენ მღვდელმთავარნი.
4 . კვლავ ჰკითხა პილატემ: "არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენ რამეს გაბრალებენ?”
5 . მაგრამ კვლავ არაფერს პასუხობდა იესო; და გაოცდა პილატე.
6 . დღესასწაულებზე მათ თითო პატიმარს უთავისუფლებდა ხოლმე, რომელსაც სთხოვდნენ.
7 . იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.
8 . მოსულმა ხალხმა იმის თხოვნა დაუწყო, რასაც პილატე ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ.
9 . ჰკითხა მათ პილატემ: "გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?”
10 . ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი მღვდელმთავრებმა.
11 . მღვდელმთავრებმა კი ხალხი წააქეზეს, რომ ბარაბას გათავისუფლება მოეთხოვათ თავიანთთვის.
12 . პილატემ კვლავ ჰკითხა მათ: "ამას რაღა ვუყო, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?”
13 . მათ იყვირეს: "ჯვარს აცვი იგი!”
14 . უთხრა მათ პილატემ: "რა ბოროტება ჩაიდინა?” მაგრამ მათ ყვირილს უმატეს: "ჯვარს აცვი იგი!”
15 . მაშინ პილატემ, რომელსაც ხალხის დაკმაყოფილება უნდოდა, ბარაბა გაუთავისუფლა მათ, იესო კი გაშოლტვის შემდეგ ჯვარცმისთვის გადასცა.
16 . ჯარისკაცებმა კი ეზოში ანუ პრეტორიაში შეიყვანეს იგი და მთელი რაზმი შეკრიბეს.
17 . ძოწეულით შემოსეს და ეკლისგან დაწნული გვირგვინი დაადგეს.
18 . დაიწყეს მისალმება: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!”
19 . თავში ლერწამს სცემდნენ, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანს სცემდნენ.
20 . მისი აბუჩად აგდებით გული რომ იჯერეს, ძოწეული გახადეს, მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და გამოიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ.
21 . და აიძულეს ერთი გამვლელი, ვინმე სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც ყანიდან მოდიოდა, მისი ჯვარი ეზიდა.
22 . მიიყვანეს იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს.
23 . მიაწოდეს მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ ინდომა.
24 . ჯვარს აცვეს და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსელი - ვისაც რა ერგო.
25 . ასე მესამე საათი იქნებოდა, ჯვარს რომ აცვეს იგი.
26 . და წარწერა ჰქონდა მისი ბრალდებისა: "იუდეველთა მეფე”.
27 . მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და ერთიც მის მარცხნივ.
28 . და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: "ავაზაკთა შორის შეირაცხა”.
29 . გამვლელები თავებს აქნევდნენ, გმობდნენ და ამბობდნენ: "ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო!
30 . იხსენი თავი და გადმოდი ჯვრიდან!”
31 . მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებთან ერთად; ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.
32 . ქრისტე, ისრაელის მეფე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ!” მათთან ერთად ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.
33 . მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მეცხრე საათამდე.
34 . მეცხრე საათზე კი დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”
35 . იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს და თქვეს: "აჰა, ელიას უხმობს”.
36 . ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გააჯერა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა, თან ამბობდა: "აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად”.
37 . ხოლო იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა.
38 . მაშინ, ორად გაიხა ტაძრის ფარდა, ზემოდან - ძირამდე.
39 . როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო ეს კაცი”.
40 . აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის, მარიამ მაგდალელი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,
41 . რომლებიც გალილეაში მისი ყოფნისას, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას; ასევე მრავალი სხვაც, მასთან ერთად რომ ამოვიდნენ იერუსალიმში.
42 . როგორც კი მოსაღამოვდა, ვინაიდან პარასკევი ანუ შაბათის წინა დღე იყო,
43 . მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სამეფოს; გაბედულად შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.
44 . პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო; დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: "დიდი ხანია მოკვდა?”
45 . და როცა შეიტყო ასისთავისგან, ცხედარი იოსებს მისცა.
46 . იოსებმა იყიდა ტილო, ჩამოხსნა იგი, ტილოში გაახვია და კლდეში ნაკვეთ სამარხში დაასვენა; სამარხის კარზე კი ლოდი მიაგორა.
47 . მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამ, დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.
1 . მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
2 . ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს.
3 . მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.
4 . პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: "აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
5 . მაშინ გარეთ გამოვიდა იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი; პილატემ უთხრა მათ: "აჰა, ადამიანი!”
6 . იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: "ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” უთხრა მათ პილატემ: "თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე, ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
7 . მიუგეს იუდევლებმა: "ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს”.
8 . ამ სიტყვის გაგონებამ უფრო შეაშინა პილატე.
9 . კვლავ შევიდა პრეტორიუმში და ჰკითხა იესოს: "საიდან ხარ?” მაგრამ იესომ არ უპასუხა.
10 . უთხრა პილატემ: "მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ მაქვს ხელმწიფება შენი ჯვარცმისა და ხელმწიფება შენი გათავისუფლებისა?”
11 . მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს”.
12 . ამის შემდეგ, პილატე შეეცადა გაეთავისუფლებინა იგი, მაგრამ იუდევლები აყვირდნენ და ამბობდნენ: "თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ იქნები, რადგან, ყოველი, ვინც მეფეს უწოდებს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება”.
13 . ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო; თვითონ მსაჯულის ტახტზე დაჯდა, იმ ადგილზე, ქვაფენილს რომ უწოდებდნენ, ებრაულად - გაბეთას.
14 . პასექის პარასკევი იდგა, ასე მეექვსე საათი იქნებოდა; უთხრა იუდევლებს: "აჰა, თქვენი მეფე!”
15 . მათ კი იყვირეს: "მოაშორე, მოაშორე, ჯვარს აცვი!” იკითხა პილატემ: "თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მღვდელმთავრებმა უპასუხეს: "კეისრის გარდა არა გვყავს მეფე!”
16 . მაშინ გადასცა იგი ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო.
17 . იტვირთა თავისი ჯვარი და გავიდა იმ ადგილისკენ, თხემი რომ ერქვა, ებრაულად კი გოლგოთა.
18 . სადაც ჯვარს აცვეს იგი; მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო.
19 . წარწერაც დაწერა პილატემ და ჯვარზე მიამაგრა. და იყო დაწერილი: "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე".
20 . ბევრმა იუდეველმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო იესოს ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო.
21 . ეუბნებოდნენ პილატეს იუდეველი მღვდელმთავრები: "ნუ დაწერ იუდეველთა მეფეს, არამედ, რასაც ის ამბობდა: მე ვარ იუდეველთა მეფე!”
22 . მიუგო პილატემ: "რაც დავწერე, დავწერე”.
23 . როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და ოთხ ნაწილად გაყვეს; ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი და კვართი; ხოლო კვართი შეკერილი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო.
24 . თქვეს ერთმანეთში: "ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება”. რათა აღსრულებულიყო წერილი: "გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ჰყარეს ჩემს სამოსელზე”. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები.
25 . იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
26 . დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: "დედაკაცო, აჰა, შენი ძე!”
27 . შემდეგ მოწაფეს უთხრა: "აჰა, დედაშენი!” და მოწაფემ იმ დროიდანვე თავისთან წაიყვანა იგი.
28 . ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!”
29 . იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა; ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.
30 . ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: "აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.
31 . რაკი პარასკევი იყო, შაბათს გვამები ჯვარზე რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო, სთხოვეს იუდევლებმა პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
32 . მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტვრიეს, ერთსაც და მეორესაც.
33 . იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,
34 . მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით განუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.
35 . მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.
36 . რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: "და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.
37 . და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: "შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.
38 . ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
39 . მოვიდა ნიკოდემოსიც, ღამით რომ მივიდა იესოსთან, და ას ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავი მოიტანა.
40 . აიღეს და ნელსაცხებელთან ერთად, ტილოში შეახვიეს იესოს გვამი, როგორც იუდევლებში დამარხვისას არის მიღებული.
41 . იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
42 . ამიტომ იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.