1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . მერე დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
2 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
3 . "გაგზავნე კაცები და ფარულად დაათვალიერონ ქანაანის ქვეყანა, ისრაელის ძეთ რომ ვაძლევ; თითო კაცი ყოველი ტომიდან, მამისსახლთა მთავარნი წარგზავნე.
4 . და წარგზავნა ისინი მოსემ უფლის ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან; ყოველი წარგზავნილი ისრაელიანთა მთავართაგანნი იყო.
5 . აი, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან - შამუაყი, ზაქურის ძე.
6 . სიმონის ტომიდან - შაფატი, ხორის ძე.
7 . იუდას ტომიდან - ხალები, იეფუნეს ძე.
8 . ისაქარის ტომიდან - იგალი, იოსების ძე.
9 . ეფრემის ტომიდან - ჰოსია, ნავეს ძე.
10 . ბენიამინის ტომიდან - ფალტი, რაფუს ძე.
11 . ზებულონის ტომიდან - გადიელი, სოდის ძე.
12 . იოსების ტომიდან - გადი, სუსის ძე, მენაშეს მხრიდან.
13 . დანის ტომიდან - ყამიელი, გემალის ძე.
14 . აშერის ტომიდან - სეთური, მიქაელის ძე.
15 . ნაფთალის ტომიდან - ნახბი, ვოფსის ძე.
16 . გადის ტომიდან - გეუელი, მაქის ძე.
17 . ესენია მოსეს მიერ ქვეყნის დასაზვერად წარგზავნილი კაცების სახელები; ჰოსია ნავეს ძეს კი იეშუა უწოდა მოსემ.
18 . წარგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: "ნეგებისკენ წადით და მთაზე ადით;
19 . ნახეთ ქვეყანა, როგორია იგი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი;
20 . და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
21 . და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი, იზრდება ხე თუ არა, იყავით გაბედულნი და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფები”. ყურძნის მწიფობის დრო იდგა მაშინ.
22 . ავიდნენ და ფარულად დაათვალიერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე.
23 . წავიდნენ ნეგებისკენ და ხებრონამდე მივიდნენ; და სახლობდნენ იქ ყენაკის ძენი: ახიმანი, შეშაი და თალმაი. შვიდი წლით ადრე აშენდა ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე.
24 . მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი.
25 . და უწოდეს იმ ადგილს ნახალ-ეშქოლი - მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს.
26 . დაბრუნდნენ, ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ.
27 . წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
28 . უამბეს და უთხრეს: "მივედით იმ ქვეყანაში, სადაც მიგვავლინე, ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი: აი, მისი ნაყოფები.
29 . მაგრამ ძლიერია ხალხი იმ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, ქალაქები ფრიად დიდია და გამაგრებული; ყენაკის ძენიც ვნახეთ იქ.
30 . ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ”.
31 . გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: "წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა”.
32 . მაგრამ კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: "ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი”.
33 . ბოროტად ილაპარაკეს ისრაელიანთა შორის ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს: ქვეყანა, რომელიც დავზვერეთ, მშთანთქმელიაო თავისი მკვიდრებისა; მთელი ხალხი კი, იქ რომ ვნახეთ - ახოვანი.
34 . ვიხილეთ იქ ბუმბერაზებიც, ყენაკის ძენი - ბუმბერაზთა მოდგმისგან; კალიებივით ვჩანდით ჩვენს თვალში და ამ თვალით გვიყურებდნენო ისინი”.
1 . გაიგო ქანაანელმა ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა ისრაელს და ტყვედ წაიყვანა ზოგიერთი მათგანი.
2 . აღთქმა დაუდო ისრაელმა უფალს და თქვა: "თუ ხელში ჩამიგდებ ამ ხალხს, მაშინ ავაოხრებ მათ ქალაქებს”.
3 . და შეისმინა უფალმა ისრაელის ხმა, მისცა ქანაანელნი, ააოხრეს ისინი თავის ქალაქებიანად და უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა ანუ აოხრება.
4 . ჰორის მთიდან წითელი ზღვისაკენ მიმავალი გზით დაიძრნენ, რათა შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
5 . და ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: "რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში დავიხოცოთ? არც პურია, არც წყალი და ეს უვარგისი საჭმელიც შესძაგდა ჩვენს სულს”.
6 . მოუვლინა უფალმა ხალხს ცეცხლოვანი გველები, დაკბინეს ხალხი და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი.
7 . მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: "შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის.
8 . უთხრა უფალმა მოსეს: "გააკეთე ცეცხლოვანი გველი და სვეტზე მიამაგრე, შეხედავს რა მას ყოველი დაგესლილი, იცოცხლებს”.
9 . გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და სვეტზე მიამაგრა; თუ დაგესლავდა გველი კაცს, შეხედავდა სპილენძის გველს და უვნებელი რჩებოდა.
10 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და დაიბანაკეს ობოთში.
11 . აიყარნენ ობოთიდან და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირდაპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ.
12 . დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ ზარედის ხევში.
13 . გაემგზავრნენ იქიდან და არნონის მიღმა დაბანაკდნენ უდაბნოში, რომელიც ამორელთა საზღვრიდან გამოდის; ვინაიდან არნონი მოაბს ესაზღვრება, მოაბსა და ამორელებს შორის.
14 . ამიტომაა ნათქვამი უფლის ომების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ნაკადებში,
15 . ქანობი ნაკადებისა, რომელიც შებეთ-არასაკენ ეშვება და მოაბის საზღვარს ემიჯნება.
16 . იქიდან ჭისკენ წავიდნენ. ეს ის ჭაა, რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: "შეკრიბე ხალხი, რათა მივცე მათ წყალი”.
17 . მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: "აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას.
18 . ჭას, რომელიც მთავრებმა ამოთხარეს, წარჩინებულებმა ხალხთაგან, თავიანთი კვერთხითა და არგნებით!” ხოლო უდაბნოდან მათანასაკენ გაემართნენ.
19 . მათანადან - ნახალიელისკენ და ნახალიელიდან - ბამოთისკენ.
20 . ბამოთიდან - მოაბის ველის ხეობისკენ, ფისგას მწვერვალთან, უდაბნოს პირდაპირ.
21 . და წარგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონთან, ამორელთა მეფესთან, ამ სიტყვებით:
22 . "გავივლით შენს ქვეყანაზე; არც მდელოზე შევალთ და არც ვენახში, არ დავლევთ შენი ჭის წყალს და სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს”.
23 . მაგრამ არ მისცა სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება ისრაელს; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში; მივიდა იაჰცაში და შეებრძოლა ისრაელს.
24 . წარხოცა იგი ისრაელმა მახვილის პირით და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ტომებამდე, ვინაიდან გამაგრებული იყო ყამონელთა ტომების საზღვარი.
25 . აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა იგი ამორელთა ქალაქებში, ხეშბონსა და მის ყველა სოფელში.
26 . რადგან ხეშბონი ამორელთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო; ებრძოდა იგი მოაბის წინა მეფეს და წაგლიჯა ხელიდან მთელი ქვეყანა არნონამდე.
27 . ამიტომ ამბობდნენ: "შემოდით ხეშბონში, აშენდება იგი და განმტკიცდება ქალაქი სიხონისა!
28 . ვინაიდან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი.
29 . ვაი შენ, მოაბ! განადგურდა ხალხი ქემოშისა! მისცა თავისი ძენი ლტოლვილებად და ასულნი ტყვეებად ამორელთა მეფეს, სიხონს.
30 . ჩვენ განვგმირეთ ისინი; დაიღუპა ხეშბონი დიბონამდე და ავაოხრეთ ნოფახამდე, რომელიც მედების მახლობლადაა”.
31 . და დასახლდა ისრაელი ამორელთა ქვეყანაში.
32 . წარგზავნა მოსემ ჯაშუშები იაყზერის დასაზვერად; დაიპყრეს მისი გარეუბნები და განდევნეს იქაური ამორელნი.
33 . შემობრუნდნენ და წამოვიდნენ ბაშანის გზით. და გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით, ედ-რეყიში საბრძოლველად.
34 . უთხრა უფალმა მოსეს: "ნუ გეშინია მისი, რადგან შენს ხელს გადავეცი იგი, მთელი მისი ხალხი და ქვეყანა; მასაც ისე მოექეცი, როგორც სიხონს, ამორელთა მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
35 . განგმირეს იგი, მისი ძენი და მთელი ხალხი, არ დატოვეს არც ერთი გადარჩენილი და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა.
1 . დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს იაყზერისა და გილყადის ქვეყანა და, აჰა, გამოსადეგი იყო ის ადგილი საქონლისთვის.
2 . მივიდნენ გადისა და რეუბენის ძენი და უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და თემის თავკაცებს:
3 . "ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი -
4 . ქვეყანა, რომელიც მოსრა უფალმა ისრაელის თემის წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისთვის, შენს მსახურებს კი ჰყავთ საქონელი”.
5 . კიდევ უთხრეს: თუ ვპოვეთ მადლი შენს თვალში, მიეცეს ეს ქვეყანა შენს მსახურთ სამკვიდრებლად; ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა”.
6 . უთხრა მოსემ გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: "თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ ისხდებით?
7 . რატომ უცრუებთ გულს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელიც მათთვის აქვს მიცემული უფალს?
8 . ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა ქვეყნის დასაზვერად გავგზავნე ისინი კადეშ-ბარნეაყიდან.
9 . მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, იხილეს ქვეყანა და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.
10 . და აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა:
11 . ვერ იხილავს ეგვიპტიდან გამოსული ეს ხალხი, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ გამომყვნენ მთელი გულით.
12 . გარდა ხალებისა, კენიზელი იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა, რადგან ისინი მიჰყვებიან უფალს.
13 . აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ახეტიალა უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ შთაინთქა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
14 . და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის მრისხანება ისრაელის მიმართ.
15 . თუ მიიქცევით მისგან, მაშინ კვლავ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს”.
16 . ეახლნენ მას და უთხრეს: "აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი საქონლისთვის და ქალაქებს ჩვენი ბავშვებისთვის.
17 . ჩვენ თვითონ კი შეიარაღებულნი წავალთ ისრაელის ძეთა წინ, ვიდრე არ მივიყვანთ თავ-თავის ადგილებამდე; ხოლო ჩვენი ბავშვები დარჩნენ გამაგრებულ ქალაქებში ამ ქვეყნის მკვიდრთა გამო.
18 . არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე ისრაელის თითოეული ძე არ დაიმკვიდრებს თავის სამკვიდრებელს.
19 . რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, ვინაიდან გვერგო ჩვენ სამკვიდროდ იორდანეს აღმოსავლეთი მხარე.
20 . უთხრა მათ მოსემ: "თუ ასე მოიქცევით, შეიარაღდებით და წახვალთ ომში უფლის წინაშე,
21 . თითოეული თქვენგანი შეიარაღებული გადავა იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ განდევნის თავის მტრებს თავის პირისგან,
22 . და დაპყრობილი იქნება ქვეყანა უფლის წინაშე.
23 . თუ ასე არ მოიქცევით, აჰა, შესცოდავთ უფალს: იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.
24 . აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები თქვენი ცხვრისთვის და ის, რაც წარმოთქვა თქვენმა ბაგემ - შეასრულეთ.
25 . და უთხრეს მოსეს გადისა და რეუბენის ძეებმა: "ისე მოიქცევიან შენი მსახურნი, როგორც ბრძანებს ჩვენი ბატონი.
26 . ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი პირუტყვი და მთელი ჩვენი საქონელი აქ დარჩებიან, გილყადის ქალაქებში;
27 . ყველა შენი მსახური გადავა, ვინც საბრძოლველადაა შეიარაღებული უფლის წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი”.
28 . და უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იეშუა ნავეს ძესა და ისრაელიანთა ტომების მამისსახლთა მთავრებს.
29 . უთხრა მათ მოსემ: "თუ თქვენთან ერთად გადავლენ გადისა და რეუბენის ძენი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე საომრად შეიარაღებულნი და დაგემორჩილებათ ის ქვეყანა, მაშინ მიეცით მათ გილყადის ქვეყანა სამკვიდრებლად.
30 . ხოლო თუ არ გადავლენ შეიარაღებულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენ შორის მიიღებენ ისინი წილს ქანაანის ქვეყანაში”.
31 . მიუგეს გადისა და რეუბენის ძეებმა: "როგორც უთხრა უფალმა შენს მსახურებს, ისე მოვიქცევით.
32 . შეიარაღებულნი გადავალთ ქანაანის ქვეყანაში უფლის წინაშე, სამკვიდრებელი კი იორდანეს გამოღმა გვექნება”.
33 . და მისცა მოსემ გადისა და რეუბენის ძეთ და იოსების ძის - მენაშეს ნახევარტომს, ამორელთა მეფის სიხონისა და ბაშანის მეფის ყოგის სამეფო, მიწა თავისი ქალაქებითა და სავარგულებით, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.
34 . და ააშენეს გადის ძეებმა დიბონი, ყატაროთი, ყაროყერი,
35 . ყატაროთ-შოფანი, იაყზერი, იაგბეჰა,
36 . ბეთნიმრა და ბეთჰარანი, გამაგრებული ქალაქები ცხვრის ფარეხებიანად.
37 . რეუბენის ძეებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე და კირიათაიმი,
38 . ნებო და ბაყალ-მეყონი (რომელთაც შეცვლილი აქვთ სახელები) და სიბმა; დაარქვეს თავის აშენებულ ქალაქებს სახელები.
39 . წავიდნენ მენაშეს ძის, მაქირის შთამომავალნი გილყადში, დაიპყრეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორელნი.
40 . და მისცა მოსემ გილყადი მაქირს, მენაშეს ძეს და ის დამკვიდრდა იქ.
41 . მენაშეს ძე, იაირი კი წავიდა, დაიპყრო მათი სოფლები და უწოდა მათ "ჰავოთ იაირ”.
42 . და წავიდა ნობახი, დაიპყრო კენათი თავის სოფლებიანად და მას თავისი სახელი, ნობახი უწოდა.
1 . ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, ესაა ქვეყანა, რომელიც გერგებათ სამკვიდრებლად, ქანაანის ქვეყანა მისი საზღვრებით,
3 . სამხრეთის მხარედ გექნებათ ცინის უდაბნო ედომის ნაპირებით; სამხრეთის საზღვარი მარილოვანი ზღვის ბოლოდან აღმოსავლეთის მიმართულებით გექნებათ.
4 . სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისკენ გაუხვევს თქვენი საზღვარი, გაივლის ცინისკენ და სამხრეთით კადეშბარნეაყს მიებჯინება, ხაცარადარისკენ გავა და ჩაუვლის ყაცმონს.
5 . ყაცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ გაუხვევს საზღვარი და ზღვას მიებჯინება.
6 . დასავლეთის საზღვრად დიდი ზღვის სანაპირო გექნებათ; ეს იქნება თქვენთვის დასავლეთის საზღვარი.
7 . ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან ჰორის მთისკენ გაატარეთ იგი.
8 . ჰორის მთიდან ხამათის მისადგომამდე გაატარეთ, მიებჯინება საზღვარი ცედადს;
9 . ზიფრონისკენ გავა საზღვარი და იქნება მისი ბოლო ხაცარ-ყენანთან. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად.
10 . აღნიშნეთ თქვენთვის ხაზი აღმოსავლეთის საზღვრისთვის ხაცარ-ყენანიდან შეფამის მიმართულებით,
11 . შეფამიდან რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით დაეშვება საზღვარი და ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან შეეხება.
12 . იორდანესკენ ეშვება საზღვარი და მარილოვან ზღვას ებჯინება. ეს იქნება თქვენი ქვეყნის საზღვრები ყოველი მხრიდან”.
13 . ასე უბრძანა მოსემ ისრაელის ძეთ: "ესაა ქვეყანა, რომელსაც წილის ყრით დაიმკვიდრებთ, რომლის მიცემაც ბრძანა უფალმა ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის.
14 . რადგან რეუბენისა და გადის ძეთა ტომებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა, საკუთარი მამისსახლების მიხედვით მიიღეს თავ-თავისი სამკვიდრო.
15 . ამ ორმა და ნახევარმა ტომმა თავისი სამკვიდრო იორდანეს გაღმა, იერიხოს მახლობლად, აღმოსავლეთით მიიღო”.
16 . უთხრა უფალმა მოსეს:
17 . "ეს არის იმ კაცთა სახელები, რომლებიც დაანაწილებენ თქვენთვის ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იეშუა, ნავეს ძე.
18 . ყოველი ტომიდან თითო მთავარი მოიყვანეთ ქვეყნის დასანაწილებლად.
19 . აი, მათი სახელები: იუდას ტომიდან, ხალებ იეფუნეს ძე;
20 . სიმონის ძეთა ტომიდან, სამუელი, ამიჰუდის ძე;
21 . ბენიამინის ტომიდან, ელიდადი, ქისლონის ძე;
22 . დანის ძეთა ტომიდან, მთავარი ბუკი, იოგლის ძე;
23 . იოსების ძეთაგან: მენაშეს ძეთა ტომიდან, მთავარი ხანიელი, ეფოდის ძე;
24 . ეფრემის ძეთა ტომიდან, მთავარი კემუელი, შიფტანის ძე;
25 . ზებულონის ძეთა ტომიდან, მთავარი ელიცაფანი, ფარნაქის ძე;
26 . ისაქარის ძეთა ტომიდან, მთავარი ფალტიელი, ყაზანის ძე;
27 . აშერის ძეთა ტომიდან, მთავარი ახიჰუდი, შელომის ძე;
28 . ნაფთალის ძეთა ტომიდან, მთავარი ფედაჰელი, ამიჰუდის ძე”.
29 . ამათ უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელის შვილებისთვის.
1 . ეს არის სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გამოღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფას პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის.
2 . ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთის გზაზე, კადეშ-ბარნეაყამდე.
3 . მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
4 . მას შემდეგ, რაც მოკლეს სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხებრონში მკვიდრობდა და ყოგი, ბაშანის მეფე, რომელიც ყაშთაროთში მკვიდრობდა, ედრეყში.
5 . იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
6 . "უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ ამ მთაზე ყოფნა;
7 . გაბრუნდით, წადით და მიდით ამორელთა მთაზე და ყველა მის მეზობელთან, ყარაბაში, მთასა და ბარში, სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე, ქანაანელთა ქვეყანაში და ლიბანში დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე.
8 . აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა, მიდით და დაიმკვიდრეთ მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს - აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მათ შთამომავლობას მათ შემდგომ.
9 . ასე გითხარით თქვენ იმ დროს: მე მარტოს არ შემიძლია-მეთქი თქვენი ტარება!
10 . გაგამრავლათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით აურაცხელნი ხართ დღეს.
11 . კიდევ ათასჯერ გამრავლოთ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ.
12 . მე მარტომ, როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, ტვირთი და შუღლი?
13 . ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ თავკაცებად.
14 . თქვენ კი მიპასუხეთ: კარგი საქმე დაგვავალე გასაკეთებლად.
15 . ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგინიშნეთ ისინი: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, ტომების მიხედვით.
16 . მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის.
17 . მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
18 . მაშინ გამცნეთ ყველა საქმე, რაც უნდა შეგესრულებინათ.
19 . დავიძარით ხორებიდან და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორელთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე.
20 . გითხარით: მოხვედით ამორელთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.
21 . აჰა, მოგცათ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა, წადით და დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა; ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
22 . მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: "გავგზავნით კაცებს ჩვენ წინ, რომ გამოიკვლიონ ქვეყანა და მოგვითხრონ იმ გზის შესახებ, რომლითაც უნდა ვიაროთ და იმ ქალაქების ამბავი, რომლებშიც შევალთ”.
23 . მომეწონა ეს სიტყვა და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.
24 . გაემართნენ, გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს ქვეყანა.
25 . თავისი ხელით აიღეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოიტანეს ჩვენთან, ამბავი მოგვიტანეს და გვითხრეს: "კარგია ის ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
26 . თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
27 . დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: "ვძულვართ უფალს და ამიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორელთა ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.
28 . სად წავიდეთ? გულები შეგვიშინეს ჩვენმა ძმებმა, ამბობდნენ - იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთო იქ”.
29 . მე კი გითხარით: ნუ შეძრწუნდებით და ნუ შეუშინდებით-მეთქი მათ;
30 . უფალი, თქვენი ღმერთი, მიგიძღვით წინ, ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
31 . და უდაბნოში, სადაც ხედავდით, როგორ გატარებდათ უფალი, თქვენი ღმერთი, იმ კაცივით, თავის ძეს რომ ატარებს, მთელ გამოვლილ გზაზე, ვიდრე აქამდე მოაღწევდით.
32 . მაგრამ არც ამაში გჯეროდათ უფლის, თქვენი ღმერთის,
33 . რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.
34 . გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და დაიფიცა:
35 . "ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ ბარაქიან ქვეყანას, რომლის მიცემაც შევფიცე თქვენს მამებს.
36 . მხოლოდ ხალებ იეფუნეს ძე იხილავს მას; ის და მისი ძენი დაიმკვიდრებენ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვა უფალს”.
37 . ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენ გამო და მითხრა: "ვერც შენ შეხვალ იქ.
38 . იეშუა ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ; გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს მიწას ისრაელს.
39 . და შევლენ იქ თქვენი პატარები, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო და თქვენი ძენი, რომლებიც ავსა და კარგს ვერ არჩევენ დღეს, მათ მივცემ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
40 . თქვენ კი გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით გაემგზავრეთ უდაბნოში”.
41 . მიპასუხეთ: "შევცოდეთ უფალს; წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო იარაღი და იოლ საქმედ მიიჩნიეთ მთაზე ასვლა”.
42 . მითხრა უფალმა: "უთხარი მათ, არ ახვიდეთ და არც შეებრძოლოთ, რადგან თქვენ შორის არა ვარ და შეიმუსრებით მტერთა წინაშე”.
43 . გელაპარაკეთ და არ შეისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას და გაამაყებულნი ახვედით მთაზე.
44 . გამოვიდნენ იმ მთის მკვიდრი ამორელნი თქვენს წინააღმდეგ, ფუტკარივით დაგედევნენ და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
45 . დაბრუნდით და ატირდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ხმა და არ შეისმინა თქვენი.
46 . და მრავალი დღე დარჩით კადეშში, იმდენი, რამდენ ხანსაც დარჩით”.
1 . "მოვბრუნდით და დავიძარით უდაბნოში წითელი ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა; და გარს ვუვლიდით სეყირის მთას მრავალი დღე.
2 . მითხრა უფალმა:
3 . "გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ.
4 . და ასე უბრძანე ხალხს: თქვენი ძმების, ესავიანთა მიწას გაივლით, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ; შეეშინდებათ თქვენი, მაგრამ ფრთხილად იყავით.
5 . ნუ შეებრძოლებით მათ, ვინაიდან მათი ქვეყნიდან ნატერფალსაც არ მოგცემთ, რადგან სეყირის მთა ესავს მივეცი სამკვიდროდ.
6 . ვერცხლით იყიდეთ მათგან სასმელიც და საჭმელიც; და ჭამეთ და სვით.
7 . რადგან გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა საქმეში, ვინაიდან იცოდა ყოველი თქვენი გზა ამ დიდ უდაბნოში; აი, ორმოცი წელიწადია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ დაგკლებიათ არაფერი”.
8 . და მოვბრუნდით ეილათის ველიდან, ყეციონ-გებერიდან, ჩვენი ძმებისგან, ესავის ძეთაგან, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ, გადავუხვიეთ და გავიარეთ მოაბის უდაბნოს გზით.
9 . მითხრა უფალმა: "ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ წამოიწყებ მასთან, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს მისი ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.
10 . უწინ ემიელნი მკვიდრობდნენ იქ, დიდი ხალხი, მრავალრიცხოვანი და ყენაკელებივით ტანმაღალი.
11 . ყენაკელებივით რეფაიმელნად ითვლებოდნენ ისინიც, მაგრამ მოაბელნი ემიელებს უწოდებდნენ.
12 . ხორიელნი მკვიდრობდნენ უწინ სეყირში და ესავიანებმა განდევნეს, მოსრეს მიწის პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ, როგორც ისრაელმა დაიმკვიდრა თავისი მიწა, რომელიც მისცა უფალმა.
13 . ახლა ადექით და გადალახეთ ზარედის ხევი!” და გადავლახეთ ზარედის ხევი.
14 . იმ დღიდან, რაც კადეშ-ბარნეაყიდან ზარედის ხევამდე მივაღწიეთ, ოცდათვრამეტი წელი გავიდა, დაიხოცა ყველა მებრძოლი მამაკაცი ბანაკში, როგორც შეჰფიცა მათ უფალმა.
15 . მეტიც, უფლის ხელი იყო მათზე, რათა ამოეჟლიტა ისინი ბანაკში, ვიდრე ამოწყდებოდნენ.
16 . და როცა ყოველი მებრძოლი კაცი, უკანასკნელამდე, მოისპო ხალხიდან,
17 . მაშინ მითხრა უფალმა:
18 . "გადალახავ დღეს მოაბის საზღვარს ყართან
19 . და მიუახლოვდები ყამონის ძეთ, მაგრამ ნუ შეებრძოლები და ნუ შეავიწროებ მათ, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს ყამონის ძეთა ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი.
20 . რეფაიმელთა ქვეყნად ითვლება ისიც; უწინ რეფაიმელნი მკვიდრობდნენ მასში. მაგრამ ზამზუმელებს უწოდებენ მათ ყამონელნი.
21 . დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო, ყენაკელებივით, მაგრამ მოსპო უფალმა ყამონელთა პირისგან და მათ მაგიერ დასახლდნენ ისინი;
22 . როგორც სეყირში დამკვიდრებულ ესავის ძეებს გაუკეთა, მოსპო ხორიელნი მათი პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ ისინი დღევანდელ დღემდე.
23 . ყავიმელებიც - სოფლებში, ღაზამდე, ქაფთორიდან გამოსულმა ქაფთორელებმა მოსრეს და დასახლდნენ მათ მაგიერ.
24 . ადექით, აღიჭურვეთ და გადალახეთ არნონის ხევი; აჰა, ხელში ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის ამორელი მეფე და მისი ქვეყანა: დაიწყეთ დამკვიდრება და შეებრძოლეთ მას.
25 . დღეიდან დავიწყებ; და ძრწოლასა და შიშს მოვგვრი თქვენ გამო ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში; ვინც მოისმენს თქვენს ამბავს - შეძრწუნდება და ათრთოლდება თქვენს წინაშე”.
26 . წარვგზავნე მოციქულნი სიხონთან, ხეშბონის მეფესთან კედემოთის უდაბნოდან, სამშვიდობო სიტყვებით:
27 . "გავივლი შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზად ვივლი, არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ;
28 . საკვებიც ვერცხლით მომყიდე საჭმელად და წყალსაც ვერცხლით ვიყიდი დასალევად; მხოლოდ ფეხით გავივლი,
29 . როგორც სეყირის მკვიდრმა ესავის ძეებმა და ყარში მაცხოვრებელმა მოაბელებმა გამიკეთეს, ვიდრე გადავლახავ იორდანეს იმ ქვეყნისკენ, რომელიც მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.
30 . მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი იქ გავლა, რადგან გააქვავა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მისი სული და გააჯიუტა მისი გული, რათა თქვენს ხელთ ჩაეგდო იგი, როგორც დღეს გამოჩნდა.
31 . და მითხრა უფალმა: "აჰა, დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის გადმოცემა; შენც დაიწყე მისი ქვეყნის დაკავება დასამკვიდრებლად”.
32 . და გამოვიდა სიხონი იაჰაცში, მთელ თავის ხალხთან ერთად, ჩვენთან შესახვედრად და საბრძოლველად.
33 . ხელში ჩაგვიგდო იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. შევმუსრეთ ის, მისი ძენი და მთელი მისი ხალხი.
34 . მაშინ დავიპყარით და ავაოხრეთ ყველა ქალაქი, მოსახლეობასთან, ქალებთან და ახალშობილებთან ერთად, ცოცხალი არავინ დაგვიტოვებია მათგან.
35 . მხოლოდ საქონელი და ნადავლი დავიტაცეთ იმ ქალაქებიდან, ხელში რომ ჩავიგდეთ.
36 . ყაროყერიდან, არნონის მდინარის სანაპიროდან და ხეობის ქალაქიდან გილყადამდე, არ დარჩენილა ჩვენთვის მიუწვდომელი ქალაქი; ყოველივე გადმოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
37 . მხოლოდ ყამონის ძეთა ქვეყანას არ მიახლოებიხარ: იაბოკის ხევის პირს, მთის ქალაქებს და ყოველივეს, როგორც ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.
1 . "გადავუხვიეთ და ავედით ბაშანის გზით; გამოვიდა ყოგი - ბაშანის მეფე, ჩვენს შესახვედრად, მთელი თავისი ხალხით, ედრეყში საბრძოლველად.
2 . და მითხრა უფალმა: "ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი, მთელი მისი ხალხითა და ქვეყნით; ისე მოექეცი მას, როგორც მოექეცი სიხონს, ამორელ მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
3 . ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ბაშანის მეფე ყოგიც მთელი თავისი ხალხით და ისე გავანადგურეთ იგი, რომ არავინ გადარჩენილა ცოცხალი.
4 . იმ დროს ავიღეთ ყველა მისი ქალაქი; არ დარჩენილა ქალაქი, მისთვის, რომ არ წაგვერთვა: სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო, ბაშანში,
5 . ყველა ეს ქალაქი მაღალი გალავნით, ბჭეებითა და ურდულებით იყო გამაგრებული, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
6 . სიხონივით, ხეშბონის მეფესავით, გავანადგურეთ ისინი, ყველა ქალაქი - კაცებთან, ქალებთან და პატარებთან ერთად.
7 . მაგრამ იმ ქალაქების საქონელი და ნადავლი ჩვენთვის დავიტოვეთ.
8 . მაშინ წავართვით ქვეყანა ამორელთა ორ მეფეს, იორდანეს გამოღმა, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე.
9 . სიდონელები სირიონს უწოდებენ ხერმონს, ამორელნი კი სენირს.
10 . ავიღეთ ბარის ყველა ქალაქი, მთელი გილყადი, მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში,
11 . რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე იყო დარჩენილი რეფაიმელთა მოდგმიდან. აჰა, რკინისაა მისი სარეცელი, განა რაბათში არაა იგი ყამონის ძეებთან? სიგრძე მისი ცხრა, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთაა, მამაკაცის წყრთით.
12 . იმ დროს დავიმკვიდრეთ ეს ქვეყანა: არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან, გილყადის მთის ნახევარი და მისი ქალაქები რეუბენისა და გადის ძეთ მივეცი.
13 . დანარჩენი გილყადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ ტომს მივეცი, არგობის მთელი მიდამო, მთელი ბაშანით, რომელსაც რეფაიმის ქვეყანა ეწოდება.
14 . და აიღო იაირმა, მენაშეს ძემ მთელი არგობის მხარე, გეშურისა და მაყაქათელის საზღვრამდე და უწოდა ბაშანს თავისი სახელი: სოფლები იაირისა და ასე ეწოდება დღემდე.
15 . მაქირს გილყადი მივეცი.
16 . ყამონის ძეთა საზღვრამდე - იაბოკის ხევამდე მივეცი მიწა რეუბენისა და გადის ძეთ, გილყადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაგულამდე და საზღვრამდე.
17 . ყარაბა და იორდანე საზღვარია, ქინერეთიდან ვიდრე იამ-ყარაბამდე, მარილოვან (მკვდარ) ზღვამდე, ფისგას ფერდობების ქვეშ, აღმოსავლეთით.
18 . ასე გიბრძანეთ მაშინ: "უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; წინ წაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ყოველი შეიარაღებული, გულადი კაცი.
19 . მხოლოდ ცოლები, თქვენი პატარები და პირუტყვი - ვიცი, რომ დიდძალი პირუტყვი გყავთ - დატოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია,
20 . ვიდრე თქვენსავით მოასვენებს უფალი თქვენს ძმებს და დაიმკვიდრებენ ისინი ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი, თქვენი ღმერთი, იორდანეს გაღმა; მაშინ დაუბრუნდებით თითოეული საკუთარ სამკვიდრებელს, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის”.
21 . ვამცნე იმ დროს იეშუას: "შენი თვალით ნახე, რა დამართა უფალმა, შენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს; ამასვე დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელსაც გაივლი.
22 . ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის”.
23 . ასე შევევედრე იმ დროს უფალს:
24 . "უფალო, ღმერთო! შენ წამოიწყე შენი მსახურისთვის შენი სიდიადისა და ძლიერი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცაში ან დედამიწაზე, რომ თავისი საქმეებითა და ძლიერებით შეგედაროს?
25 . ნება მომეცი, გადავიდე და ვიხილო ის ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, ის მშვენიერი მთიანი მიწა და ლიბანი”.
26 . განმირისხდა უფალი თქვენ გამო და არ ისმინა ჩემი; მომიგო უფალმა: "გეკმაროს, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე.
27 . ადი ფისგას მწვერვალზე, გადაიხედე დასავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ და თვალი მოავლე გარემოს, რადგან ვერ გადახვალ იორდანეს გადაღმა.
28 . დაადგინე, გაამხნევე და გაამაგრე იეშუა, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს და ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც დაინახავ”.
29 . და ბეთ-ფეღორის გასწვრივ გავჩერდით, ველზე”.
1 . "ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალი, რომელსაც გასწავლი შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი მამების ღმერთი.
2 . არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.
3 . იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: ყველა, ვინც ბაყალ-ფეღორს აჰყვა, მოსპო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენგან.
4 . ხოლო თქვენ, ვინც უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, დღემდე ცოცხლები ხართ ყველანი.
5 . აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
6 . დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.
7 . რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას?
8 . რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?
9 . მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს
10 . იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: "შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.
11 . მიუახლოვდით და დადექით მთის ძირში, რომელიც ზეცის გულამდე იყო ცეცხლით აალებული და იდგა სიბნელე, ღრუბელი და ნისლი.
12 . და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
13 . გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;
14 . მაშინ მიბრძანა უფალმა თქვენთვის წესებისა და სამართლის სწავლება, რათა აღასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
15 . იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,
16 . რათა არ გაირყვნა და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება;
17 . დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება,
18 . რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება;
19 . რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
20 . თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.
21 . გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.
22 . არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.
23 . გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
24 . რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი - თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
25 . იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად.
26 . ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით.
27 . მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი.
28 . და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.
29 . მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.
30 . როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.
31 . რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.
32 . აბა ჰკითხეთ გარდასულ დღეებს, რომლებიც თქვენამდე იყვნენ, დღიდან ღმერთის მიერ ადამიანის შექმნისა დედამიწაზე, ცის ქვეშეთში თუ მომხდარა რაიმე, მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი?
33 . თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?
34 . თუ უცდია რომელიმე ღმერთს ამდგარიყო და გამოეყვანა ხალხთაგან ერი თავისთვის, გამოცდებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლითა და ძლიერი ხელით, შემართული მკლავითა და დიდი საშინელებით, როგორც ეს თქვენმა ღმერთმა გააკეთა თქვენს თვალწინ ეგვიპტეში?
35 . ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.
36 . ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
37 . ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,
38 . რათა განდევნოს თქვენზე უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხები თქვენგან და მიგიყვანოთ მათი ქვეყნის მოსაცემად და დასამკვიდრებლად, როგორც ამ დღეს.
39 . გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.
40 . დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი”.
41 . მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,
42 . მკვლელის გასაქცევად, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა მოყვასი და არ ჰქონია მანამდე მისი სიძულვილი; რომ გაქცეულიყო ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანში და ეცოცხლა.
43 . ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში - გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში - მენაშესი.
44 . და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.
45 . ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
46 . იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;
47 . დაიმკვიდრეს მისი და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ამორელთა ორი მეფისა, რომლებიც იორდანეს გამოღმა იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
48 . ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირზეა, სიონის (ხერმონის) მთამდე.
49 . ასევე ყოველი ველი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობზე.
1 . "თუ ნახავ მოკლულს ან ველზე დაცემულს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, და არავის ეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2 . უნდა გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა;
3 . რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ უზიდია,
4 . ჩაიყვანონ დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ მას ამ ხევში.
5 . მივიდნენ ახლოს ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით და მათი პირით წყდება ყველა დავა და ყველა ზარალი.
6 . მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა ხელი დაიბანოს ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე,
7 . ილაპარაკებენ და იტყვიან: ჩვენს ხელს არ დაუღვრიაო ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ დაუნახავს;
8 . მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.
9 . უნდა მოაშორო უდანაშაულო სისხლი შენს წიაღს, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10 . როცა ომში შენი მტრის წინააღმდეგ გახვალ, ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი და წამოასხამ ტყვეებს,
11 . დაინახავ ტყვეთა შორის მშვენიერი გარეგნობის ქალს, ისურვებ მას და ცოლად წაყვანას დაუპირებ;
12 . მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,
13 . გაიხადოს ტყვეობის სამოსელი, დარჩეს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეუღლდით და გახდება შენი ცოლი.
14 . თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ფულზე არ გაყიდო, მონასავით არ მოექცე, რადგან დაიმორჩილე იგი.
15 . თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,
16 . ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;
17 . არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18 . თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,
19 . მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე.
20 . უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21 . ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.
22 . თუ სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს კაცი, მოკლავენ მას და ჩამოკიდებენ ხეზე.
23 . არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
1 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები; თან წაიყვანე მთელი მებრძოლი ხალხი, ადექი და ადი ჰაღაიზე. ნახე, შენს ხელთ ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, ქალაქი და ქვეყანა.
2 . იგივე დამართე ჰაღაის და მის მეფეს, რაც იერიხოსა და მის მეფეს დამართე, მხოლოდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. საფარი მოიწყვეთ ქალაქის უკან”.
3 . ადგა იეშუა და მთელი მებრძოლი ხალხი ჰაღაიზე დასაცემად; ამოარჩია იეშუამ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და ღამით გაგზავნა.
4 . უბრძანა: "აჰა, საფარი უნდა მოაწყოთ ქალაქის წინააღმდეგ, ქალაქის უკან; შორს ნუ გასცდებით ქალაქს; ყველანი მზად იყავით;
5 . მე და ჩემთან მყოფი ხალხი, ქალაქს მივადგებით; როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, გავექცევით.
6 . დაგვედევნებიან, ქალაქიდან გამოვიყვანთ, რადგან იტყვიან, მაშინდელივით გარბიანო და ჩვენც გავიქცევით.
7 . მაშინ ადგებით საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს; ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . ქალაქს რომ დაიპყრობთ, ცეცხლი წაუკიდეთ, უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით; აჰა, ნაბრძანები მაქვს”.
9 . გაგზავნა ისინი იეშუამ და ჩასხდნენ საფარში, ბეთელსა და ჰაღაის შორის, ჰაღაის დასავლეთით. ხალხთან გაათია ის ღამე იეშუამ.
10 . ადგა იეშუა დილაადრიანად, დაათვალიერა ხალხი და წაუძღვა ჰაღაისკენ ისრაელის უხუცესებთან ერთად.
11 . ავიდნენ მასთან მყოფი მებრძოლები, მიუახლოვდნენ, გაუსწორდნენ ქალაქს და დაბანაკდნენ ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო ჰაღაისა და მათ შორის.
12 . აიყვანა ხუთი ათასამდე კაცი და ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით ჩაასაფრა.
13 . ქალაქის ჩრდილოეთით დაბანაკდა მთელი ხალხი, ჩასაფრებული რაზმი კი - ქალაქის უკან, დასავლეთით; იმ ღამეს შუაგულ ველზე გავიდა იეშუა.
14 . როგორც კი დაინახა ეს ჰაღაის მეფემ, ისწრაფეს, ადრიანად ადგნენ ქალაქის კაცები და გამოვიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დანიშნულ დროს, ყარაბას წინ; არ იცოდა, რომ ქალაქის უკან მტერი იყო ჩასაფრებული.
15 . თითქოს დამარცხდნენო, უკუიქცნენ მათგან იეშუა და მთელი ისრაელი, უდაბნოსკენ მიმავალი გზით.
16 . ყიჟინა დასცა ჰაღაიში მყოფმა ხალხმა, ერთად შეიყარნენ და გამოედევნენ იეშუას; მოსწყდნენ ქალაქს.
17 . კაცი არ დარჩა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ დადევნებოდა, ღია დატოვეს ქალაქი და ისრაელს დაედევნენ.
18 . უთხრა უფალმა იეშუას: "გაიწოდე ჰაღაიზე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას”. და გაიწოდა იეშუამ შუბი, ხელში რომ ეჭირა, ქალაქისკენ.
19 . როდესაც გაიწოდა ხელი იეშუამ, საჩქაროდ წამოიმართნენ ჩასაფრებულნი თავისი ადგილიდან, სირბილით შეცვივდნენ ქალაქში, დაიპყრეს და მაშინვე ცეცხლი წაუკიდეს.
20 . უკან მოიხედეს ჰაღაის კაცებმა და დაინახეს, რომ ქალაქიდან ასული კვამლი ცას სწვდებოდა, აღარ შერჩათ გასაქცევი ძალა, არც იქით და არც აქეთ, უდაბნოსკენ გაქცეული ხალხი კი მდევრებს შემოუბრუნდა.
21 . დაინახა იეშუამ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი და კვამლი ასდის ქალაქს, მობრუნდნენ და მოსრეს ჰაღაის კაცები.
22 . ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ შესახვედრად და ისრაელიანებს შორის აღმოჩდნენ ჰაღაელნი, ზოგი აქეთ, ზოგი იქით; მუსრეს ისინი და არავინ გაუშვეს ცოცხალი,
23 . ჰაღაის მეფე კი ცოცხლად შეიპყრეს და მიჰგვარეს იეშუას.
24 . როცა დაასრულა ისრაელმა ყოველი ჰაღაელის მუსვრა ველზე და უდაბნოში, სადამდეც სდიეს და დაეცა ყველა მახვილის პირით, მაშინ გაბრუნდა ისრაელი ჰაღაისკენ და შემუსრა იგი მახვილით.
25 . იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან თორმეტი ათასი სული, მამაკაცი და დედაკაცი დაეცა.
26 . იეშუას მანამდე არ დაუშვია შუბგაწვდილი ხელი, ვიდრე არ ამოწყდა ჰაღაის ყველა მცხოვრები.
27 . მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ისრაელმა ამ ქალაქიდან, უფლის ბრძანების მიხედვით, როგორც უბრძანა იეშუას.
28 . გადაწვა იეშუამ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია იგი დღემდე.
29 . ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე, მზის ჩასვლისას ბრძანა იეშუამ და ჩამოხსნეს მისი გვამი, ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
30 . მაშინ აუგო იეშუამ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
31 . როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ძეებს. ისე ააგო, როგორც რჯულის წიგნში ეწერა მოსეს, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომლებზეც რკინა არ აღმართულა; მასზე აღუვლინეს უფალს სრულადდასაწველები და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი.
32 . და გადაწერა იეშუამ იმ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელის ძეთა წინაშე.
33 . მთელი ისრაელი, მისი უხუცესები, ზემდგომნი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს, უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი ასევე მკვიდრი. ერთი ნახევარი გერიზიმის მთის პირდაპირ იდგა, მეორე ნახევარი - ღებალის მთის პირდაპირ, როგორც ადრე ბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის საკურთხებლად.
34 . ამის შემდეგ წაიკითხა იეშუამ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, როგორც რჯულის წიგნშია ჩაწერილი.
35 . არ დარჩა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხა იეშუას მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების, პატარების და ხიზნების წინაშე, რომლებიც ცხოვრობდნენ მათ შორის.
1 . ესენი არიან იმ ქვეყნების მეფეები, რომლებიც მოსრეს ისრაელის ძეებმა და დაიკავეს მათი მიწები იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი ყარაბა აღმოსავლეთით:
2 . სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა; იგი მართავდა ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის ნაპირზეა, შუა ხევიდან და გილყადის ნახევრიდან, ვიდრე იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე;
3 . და დაბლობი ქინეროთის ზღვამდე, აღმოსავლეთით და ყარაბას (მარილოვან) ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზით, სამხრეთით, ფისგას ფერდობთა ქვეშ.
4 . და ყოგის მიწა, ბაშანის მეფისა, რეფაიმთაგან შემორჩენილი, რომელიც ყაშთაროთსა და ედრეყში მკვიდრობდა,
5 . რომელიც ხერმონის მთაზე გამგებლობდა, სალქაზე და მთელს ბაშანზე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და გილყადის ნახევარზე, ხეშბონის მეფის, სიხონის საზღვრამდე.
6 . მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის ძეებმა მოსრეს ისინი; და მისცა ეს მიწა სამკვიდრებლად უფლის მსახურმა მოსემ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
7 . ესენი არიან იმ ქვეყნის მეფენი, რომლებიც მოსრეს იეშუამ და ისრაელის ძეებმა გაღმა, დასავლეთით, ბაყალ-გადიდან ლიბანის დაბლობზე, ხალაკის მთამდე, რომელიც სეყირისკენ ადის. მისცა იგი იეშუამ სამკვიდრებლად ისრაელის ტომებს, მათი დანაყოფების მიხედვით.
8 . მთაში, დაბლობსა და ყარაბაში, ფერდობებზე, უდაბნოსა და სამხრეთში, ხეთების, ამორელებისა და ქანაანელების, ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების:
9 . იერიხოს მეფე - ერთი, მეფე ჰაღაისა, რომელიც ბეთელის გვერდზეა - ერთი;
10 . იერუსალიმის მეფე - ერთი, ხებრონის მეფე - ერთი;
11 . იარმუთის მეფე - ერთი, ლაქიშის მეფე - ერთი;
12 . ყეგლონის მეფე - ერთი, გეზერის მეფე - ერთი;
13 . დებირის მეფე - ერთი, გედერის მეფე - ერთი;
14 . ხორმას მეფე - ერთი, ყარადის მეფე - ერთი;
15 . ლიბნის მეფე - ერთი, ყადულამის მეფე - ერთი;
16 . მაკედას მეფე - ერთი, ბეთელის მეფე - ერთი;
17 . თაფუახის მეფე - ერთი, ხეფერის მეფე - ერთი;
18 . აფეკის მეფე - ერთი, შარონის მეფე - ერთი;
19 . მადონის მეფე - ერთი, ხაცორის მეფე - ერთი;
20 . შიმრონ-მერონის მეფე - ერთი, აქშაფის მეფე - ერთი;
21 . თაყანაქის მეფე - ერთი, მეგიდოს მეფე - ერთი;
22 . კადეშის მეფე - ერთი, იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი;
23 . დორის მეფე დორის ბორცვებთან - ერთი, გოიმის მეფე გილგალთან - ერთი;
24 . თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე.
1 . მოხუცდა იეშუა, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: "მოხუცდი შენ და ხანში შეხვედი, მიწა კი ძალიან ბევრი რჩება დასამკვიდრებელი;
2 . ეს არის მიწა, რომელიც დარჩა: ფილისტიმელთა ყველა მხარე და მთელი გეშური;
3 . ეგვიპტის მოპირდაპირე შიხორიდან ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანის კუთვნილებად ითვლება; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზის, აშდოდის, აშკელონის, გათისა და ყეკრონის ანუ ყავიმისა.
4 . ქანაანელთა მთელი მიწა სამხრეთით და სიდონელთა გვერდით მეყარადან აფეკამდე, ამორელთა საზღვრამდე;
5 . გიბლელთა მიწა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლისკენ, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირში, ხამათის შესასვლელამდე.
6 . მთის ყველა მკვიდრს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდე და ყოველ სიდონელს განვდევნი ისრაელის ძეთაგან. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე მიწები ისრაელს, როგორც ნაბრძანები მაქვს.
7 . დაუნაწილე ახლა ეს ქვეყანა სამკვიდრებლად ცხრა ტომსა და მენაშეს ნახევარ ტომს”.
8 . მეორე ნახევარმა კი რეუბენისა და გადის ძეებთან ერთად მიიღეს თავისი სამკვიდრებელი, რომელიც იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა.
9 . ყაროყერიდან, არნონის ხევის პირას, ქალაქი, რომელიც შუა ხევშია და მედებას მთელი დაბლობი დიბონამდე;
10 . ყველა ქალაქი სიხონისა, ამორელთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე;
11 . ასევე გილყადი, გეშურელთა და მაყაქათელთა მხარე და მთელი ბაშანი სალქამდე.
12 . ბაშანში - მთელი სამეფო ყოგისა, რომელიც ყაშთაროთსა და ედრეყში მეფობდა. ისღა დარჩა უკანასკნელ რეფაიმელთაგან, ვინაიდან მოსრა ისინი მოსემ და განდევნა.
13 . მაგრამ არ განუდევნიათ ისრაელის ძეებს გეშურელნი და მაყაქათელნი და ამ დღემდე მკვიდრობენ ისინი ისრაელის ძეთა შორის.
14 . მხოლოდ ლევის ტომისთვის არ მიუცია სამკვიდრებელი. უფლის, ისრაელის ღმერთის, საცეცხლო შესაწირები იყო მისი მემკვიდრეობა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის.
15 . და მისცა მოსემ სამკვიდრებელი რეუბენის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით:
16 . არნონის ხეობის გასწვრივ, ყაროყერიდან იყო მათი საზღვარი და ქალაქი, რომელიც შუა ხეობაშია, მედებას მთელ დაბლობთან ერთად.
17 . ხეშბონი და ყველა მისი ქალაქი, რომელიც ტაფობზეა: დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი;
18 . იაჰცა, კედემოთი, მეფაყათი;
19 . კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-შახარი ყემეკის მთაზე;
20 . ბეთ-ფეღორი და ფისგას ფერდობები და ბეთ-იეშიმოთი.
21 . ყოველი ქალაქი დაბლობზე და მთელი სამეფო სიხონისა, ამორელი მეფისა, რომელიც ხეშბონში მეფობდა, მოსრა მოსემ ის და მიდიანის მთავრები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რებაყი, სიხონის მთავარნი, ამ ქვეყნის მკვიდრნი.
22 . ასევე ნათელმხილველი ბეყორის ძე, ბილყამიც მოაკვდინეს ისრაელის ძეებმა მახვილით.
23 . იორდანე იყო რეუბენის ძეთა საზღვრად. საგვარეულოთა მიხედვით დანაწილდა მათი სამკვიდრო, ქალაქები და სოფლები.
24 . და მისცა მოსემ სამკვიდრო გადის ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით:
25 . იაყზერი, გილყადის ყოველი ქალაქი და ყამონიანთა ნახევარი ქვეყანა იყო მათ საზღვრად, ყაროყერამდე, რომელიც რაბას პირდაპირაა.
26 . ხეშბონიდან რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დებირის საზღვრამდე.
27 . დაბლობზე: ბეთ-ჰარამ, ბეთნიმრა, სუქოთი, ცაფონი და სიხონის, ხეშბონის მეფის მიწის დარჩენილი ნაწილი; იორდანე ესაზღვრებოდა ქინეროთის ანუ გალილეის ზღვამდე, იორდანეს მეორე მხარეს, აღმოსავლეთით.
28 . ეს იყო გადის ძეების სამკვიდრებელი, ქალაქები და სოფლები მათი საგვარეულოების მიხედვით.
29 . და მისცა მოსემ მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრებელი მათი საგვარეულოების მიხედვით:
30 . აჰა, მათი საზღვარი: მახანაიმიდან - მთელი ბაშანი, ყოგის, ბაშანის მეფის მთელი სამეფო და იაირის მთელი დასახლება, რომელიც ბაშანშია - სამოცი ქალაქი.
31 . ნახევარი გილყადი, ყაშთაროთი და ედრეყი, ყოგის სამეფო ქალაქები ბაშანში, მენაშეს ძის, მაქირის ძეთა ნახევარს ერგო, მათი საგვარეულოების მიხედვით.
32 . ეს არის, რაც გაანაწილა მოსემ მოაბის ველებზე, იორდანეს გაღმა, იერიხოს აღმოსავლეთით.
33 . ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს სამკვიდრებელი: უფალი, ისრაელის ღმერთი იყო მათი სამკვიდრებელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის.
1 . ეს არგუნა წილისყრამ იუდას ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან, ცინის უდაბნო, სამხრეთის კიდემდე.
2 . მისი სამხრეთის საზღვარი ყურედან, მარილოვანი ზღვის კიდიდან სამხრეთისკენ იწყებოდა.
3 . სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისკენ გადიოდა და ცინამდე გრძელდებოდა, სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყამდე მაღლდებოდა, ხეცრონზე გადიოდა, მერე კარკაყასკენ უხვევდა და ადარასთან გადიოდა;
4 . ყაცმონის შემდეგ, ეგვიპტის ხევისკენ გადიოდა; იქ კი საზღვარი ზღვასთან სრულდებოდა. ეს იყო მათთვის სამხრეთის საზღვარი.
5 . აღმოსავლეთიდან მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა, იორდანეს შესართავამდე. ჩრდილოეთის საზღვარი, ზღვის ყურედან იყო, იორდანეს შესართავიდან.
6 . ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე და ბეთ-ყარაბასკენ გადიოდა ჩრდილოეთით რეუბენის ძის, ბოჰანის ქვამდე.
7 . ყაქორის ველიდან დებირას საზღვარს წვდებოდა და ჩრდილოეთით, გილგალისკენ უხვევდა, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო, ხევის სამხრეთით; ყენ-შემეშის წყლებისკენ გადადიოდა საზღვარი და ყენ-როგელთან სრულდებოდა.
8 . ბენ-ჰინომის ველის გასწვრივ ადიოდა იგი, იებუსის იგივე იერუსალიმის სამხრეთით, მთის მწვერვალისკენ, რომელიც ჰინომის ჭალის ზემოთაა დასავლეთით, რეფაიმის ველის კიდეზე ჩრდილოეთიდან.
9 . მთის მწვერვალიდან წყაროს წყლებისკენ უხვევდა საზღვარი, ყეფრონის მთის ქალაქებისკენ გრძელდებოდა და ბაყალასკენ, იგივე კირიათ-იეყარიმისკენ მიემართებოდა.
10 . ბაყალადან დასავლეთისკენ, სეყირის მთისკენ უხვევდა საზღვარი და იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო მხარეს გრძელდებოდა, ბეთ-შემეშისკენ ეშვებოდა და თიმნაყისკენ გადადიოდა;
11 . ყეკრონის ჩრდილო მხარისკენ გადიოდა საზღვარი, შოქრონისკენ უხვევდა, ბაყალას მთაზე გადადიოდა და იაბნელამდე აღწევდა, ზღვასთან კი ბოლოვდებოდა.
12 . დასავლეთიდან დიდი ზღვა ესაზღვრებოდა; აი, საზღვარი იუდას ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით, ყოველი მხრიდან.
13 . ხალებ იეფუნეს ძეს ნაკვეთი იუდას ძეთა შორის მისცა, როგორც უფალს ჰქონდა ნაბრძანები იეშუასადმი; კერძოდ კირიათ-არბაყი. არბა ყენაკელთა მამაა იგივე ხებრონი.
14 . და განდევნა იქიდან ხალებმა ყენაკის სამი ძე: შეშაი, ახიმანი და თალმაი, ყენაკის შვილები.
15 . იქიდან კი იგი დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ ავიდა; უწინ კირიათ-სეფერი ერქვა დებირს.
16 . თქვა ხალებმა: "ვინც კირიათ-სეფერს მოსრავს და დაიპყრობს, მივცემ ცოლად ყაქსას, ჩემს ასულს.
17 . და დაიპყრო იგი ღოთენიელმა, ხალების ძმის, კენაზის ძემ და მისცა მას ცოლად ყაქსა, თავისი ასული.
18 . წასვლისას ქალმა დაიყოლია ღოთენიელი, რომ მამამისისგან მინდორი მოეთხოვა; თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ხალებმა ჰკითხა: "რა გინდა?”
19 . უპასუხა: "მაკურთხე, და რადგან ნეგები ანუ სამხრეთის მიწა გაქვს მოცემული, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მანაც მისცა ზემო და ქვემო წყაროები.
20 . ესაა იუდას ტომის ძეთა სამკვიდრებელი მათი საგვარეულოების მიხედვით.
21 . აი, ქალაქები, იუდას ტომის მიწის კიდეზე, ედომის საზღვრის მიმართულებით, სამხრეთით: კაბცეელი, ედერი, იაგური;
22 . კინა, დიმონა, ყადყადა;
23 . კედეში, ხაცორი, ითნანი;
24 . ზიფი, ტელემი, ბაყალოთი;
25 . ხაცორ-ხადათა, კირიოთი, ხეცრონი იგივე ხაცორი;
26 . ამამი, შემაყი, მოლადა;
27 . ხაცორ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი;
28 . ხაცორ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია;
29 . ბაყალა, ყიიმი, ყეცემი;
30 . ელთოლადი, ქესილი, ხორმა;
31 . ციკლაგი, მადმანა, სანსანა;
32 . ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი - სულ ოცდაცხრა ქალაქი, თავისი სოფლებით.
33 . დაბლობზე: ეშთაოლი, ცორყა, აშნა;
34 . ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ჰაყენამი;
35 . იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა;
36 . შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
37 . ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი;
38 . დილყანი, მიცფე, იოკთეყელი;
39 . ლაქიში, ბაცკათი, ყეგლონი;
40 . ქაბონი, ლახმასი, ქითლიში;
41 . გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა - თექვსმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
42 . ლიბნა, ყეთერი, ყაშანი;
43 . იფთახი, აშნა, ნეციბი;
44 . კეყილა, აქზიბი, მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
45 . ყეკრონი, შემოგარენი დაბებითა და სოფლებით.
46 . ყველა ქალაქი ყეკრონიდან ზღვამდე, რომელიც აშდოდის მახლობლად იყო, თავისი სოფლებით:
47 . აშდოდი, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით, ღაზა, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე, რომელსაც დიდი ზღვა ებჯინება.
48 . მთაში: შამირი, იათირი, სოქო;
49 . დანა, კირიათ-სანა, იგივე დებირი;
50 . ყანაბი, ეშთემო, ყანიმი;
51 . გოშენი, ხოლონი და გილო - თერთმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
52 . არაბი, რუმა, ეშყანი;
53 . იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;
54 . ხუმტა, კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
55 . მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა;
56 . იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი;
57 . კინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი სოფლებით.
58 . ხალხული, ბეთ-ცური, გედორი;
59 . მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელ-თეკონი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით;
60 . კირიათ-ბაყალი იგივე კირიათ-იეყარიმი და რაბა - ორი ქალაქი თავისი სოფლებით.
61 . უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა;
62 . ნიბშანი, ირმელახი და ყენგედი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით.
63 . ვერ შეძლეს იუდას ძეებმა იებუსელთა, იერუსალიმის მკვიდრთა განდევნა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი იუდას ძეებთან ერთად იერუსალიმში.
1 . იოსების შვილების წილხვედრი იორდანედან იერიხოს მახლობლად იყო, იერიხოს წყლებიდან აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც იერიხოდან ბეთელის მთაზე ადის.
2 . ბეთელიდან საზღვარი ლუზისკენ მიდის და არქისა და ყატაროთის საზღვრამდე აღწევს;
3 . ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის მიჯნამდე და გაზერამდე; და ზღვასთან მთავრდება.
4 . მიიღეს თავისი სამკვიდრო იოსების ძეებმა: მენაშემ და ეფრემმა.
5 . ეს იყო ეფრემის ძეთა საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით: აღმოსავლეთით ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე,
6 . მიქმეთათის ჩრდილოეთით ზღვისკენ გადადის საზღვარი, აღმოსავლეთით თაანათ-შილოსკენ უხვევს და იანოხის აღმოსავლეთით ჩაუვლის მას,
7 . იანოახადან ყატაროთისა და ნაარათისკენ ეშვება იერიხომდე და იორდანესკენ გადადის.
8 . თაფუახიდან საზღვარი ზღვისკენ მიიწევს, კანას ხევით და ზღვასთან მთავრდება. ეს არის ეფრემის ძეთა სამკვიდრო, მათი საგვარეულოების მიხედვით.
9 . მენაშეს ძეთა სამკვიდროს შუაგულში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემის ძეებს ყველა ქალაქი თავისი სოფლებით.
10 . და არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელნი, დღემდე მკვიდრობენ ქანაანელნი ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.
1 . მენაშეს ტომსაც უყარეს წილი, რადგან იოსების პირმშო იყო; და მაქირს, მენაშეს პირმშოს, გილყადის მამას, გილყადი და ბაშანი ერგო იმის გამო, რომ მებრძოლი კაცი იყო;
2 . მენაშეს დანარჩენ ძეებსაც ერგოთ, მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერის, ხელეკის, ასრიელის, შექემის, ხეფერისა და შემიდას ძეებს: ესენი არიან ძენი მენაშესი, იოსების ძისა, მათი საგვარეულოებისამებრ.
3 . ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გილყადის, მაქირისა და მენაშეს შთამომავალს ძე არ ჰყავდა, მხოლოდ ასულნი; მისი ასულების სახელებია: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
4 . და ამ სიტყვებით წარდგნენ ისინი ელეაზარ მღვდლის, იეშუა ნავეს ძისა და მთავართა წინაშე: "უფალმა უბრძანა მოსეს, რომ სამკვიდრებელი მოეცა ჩვენთვის ძმათა შორის”. და მიეცათ მათ, უფლის ბრძანებით, სამკვიდრებელი მათი მამის ძმებს შორის.
5 . ათი ნაკვეთი ერგო მენაშეს, გარდა გილყადისა და ბაშანის ქვეყნისა, იორდანეს მეორე მხარეს.
6 . რადგან მენაშეს ასულებმა ძეთა შორის მიიღეს სამკვიდრო, მენაშეს დანარჩენ ძეებს კი გილყადის ქვეყანა ერგოთ.
7 . მენაშეს ტომის საზღვარი აშერიდან მიქმეთათისკენ იყო, რომელიც შექემის პირდაპირაა, მარჯვნივ გრძელდებოდა იქიდან, ყენ-თაფუახის მკვიდრთაკენ.
8 . მენაშეს თაფუახის ქვეყანა ერგო, ხოლო ქალაქი თაფუახი კი მენაშეს საზღვართან - ეფრემის ძეთ ერგოთ.
9 . კანას ხევისკენ ჩამოდიოდა საზღვარი, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემის ძეთ ერგო, თუმცა მენაშეს ქალაქებს შორის იყო. მენაშეს სამკვიდრებლის საზღვარი ხევის ჩრდილოეთ მხარეს გასდევდა და ზღვასთან მთავრდებოდა.
10 . სამხრეთი ეფრემის იყო, ჩრდილოეთი კი - მენაშესი; ზღვა იყო მათი საზღვარი. ჩრდილოეთით აშერს ემიჯნებოდნენ, ხოლო აღმოსავლეთით - ისაქარს.
11 . მენაშეს სამკვიდრებელი ისაქარამდე და აშერამდე იყო: ბეთ-შეანი და მისი შემოგარენი, იბლეყამი და მისი შემოგარენი, დორის, ყენდორის, თანაქისა და მეგიდოს მკვიდრნი, თავ-თავისი შემოგარენით, ასევე ნაფეთის სამი მხარე.
12 . ვერ შეძლეს მენაშეს ძეებმა ამ ქალაქების დამკვიდრება და დარჩნენ ამ მხარეში ქანაანელები.
13 . და როცა გაძლიერდნენ ისრაელის ძენი, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელნი, მაგრამ განდევნით არ განუდევნიათ.
14 . ასე უთხრეს იოსების ძეებმა იეშუას: "რატომ მოგვეცი ერთი წილი სამკვიდრო და მხოლოდ ერთი ნაკვეთი, როცა მრავალრიცხოვანი ხალხი ვართ, რადგან ასე გვაკურთხა უფალმა?”
15 . უპასუხა იეშუამ: "თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ, ადით ფერიზელთა და რეფაიმელთა ქვეყნის ტყეში და დაიკავეთ მიწა, რადგან გევიწროებათ ეფრემის მთა”.
16 . და უთხრეს იოსების ძეებმა: "მართალია ეს მთა საკმარისი არ არის ჩვენთვის, მაგრამ რკინის ეტლი აქვს ყველა ქანაანელს, რომელიც ველზე მკვიდრობს, მათაც, ვინც ბეთ-შეანში, მის შემოგარენსა და იზრეყელის ველზე ცხოვრობენ”.
17 . ასე უთხრა იეშუამ იოსების სახლეულს, ეფრემსა და მენაშეს: "მრავალრიცხოვანი ხალხი ხარ და დიდი ძალა გაქვს, არ უნდა გქონდეს ერთი წილი;
18 . და ეს მთაც შენი გახდება, თუმცა ტყიანია იგი, გაასუფთავებ მას და ბოლომდე შენი იქნება, და ქანაანელებსაც განდევნი, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან”.
1 . მეორე წილი სიმონს, სიმონის ძეთა ტომს ხვდა, მათი საგვარეულოებისამებრ; მათი სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდრებელში იყო.
2 . აი მათი სამკვიდრო: ბეერ-შება, შებაყი, მოლადა;
3 . ხაცარ-შუყალი, ბალა, ყეცემი;
4 . ელთოლადი, ბეთული, ხორმა;
5 . ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი, ხაცარ-სუსა;
6 . ბეთ-ლებაოთი და შარუხენი - სულ ცამეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
7 . ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი - ოთხი ქალაქი თავისი სოფლებით.
8 . და ყველა სოფელი, რომელიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე; ესაა სიმონის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
9 . იუდას ტომის წილიდანაც მისცეს სიმონის ძეებს სამკვიდრებელი, რადგან დიდი იყო იუდას ძეთა წილი; და ერგოთ სიმონის ძეებს სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდროს შორის.
10 . მესამე წილი ზებულონის ძეებს ერგო მათი საგვარეულოების მიხედვით. სარიდამდე იყო მათი სამკვიდროს საზღვარი.
11 . და მარყალასკენ, დასავლეთით მიიწევდა მათი საზღვარი, დაბეშეთს ეხებოდა და ეკვროდა ხევს, რომელიც იოკნეყამის წინაა.
12 . სარიდადან აღმოსავლეთისკენ უხვევდა ქისლოთ-თაბორამდე, გადადიოდა დაბერათთან და იაფიაყისკენ მიიწევდა.
13 . იქიდან აღმოსავლეთით, აისისკენ, გათ-ხეფერისკენ, ყითაკაცინისკენ გრძელდებოდა, გადადიოდა რიმონისკენ და ნეყასკენ უხვევდა.
14 . ჩრდილოეთით ხანათონისკენ უხვევდა საზღვარი და იფთახელის ველზე ბოლოვდებოდა.
15 . კატათი, ნაჰალალი, შიმრონი, იდალა და ბეთლემი - თორმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
16 . აი, ზებულონის ძეთა სამკვიდრო - ეს ქალაქები თავისი სოფლებით.
17 . ისაქარს მეოთხე წილი ერგო, ისაქარის ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
18 . მათ საზღვრებში მოხვდა: იზრეყელი, ქესულოთი, შუნემი;
19 . ხაფარაიმი, შიონი, ანახარათი;
20 . რაბითი, კიშიონი, ებეცი;
21 . რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.
22 . საზღვარი თაბორს, შახაციმას და ბეთ-შემეშს ეკვროდა. იორდანესთან ბოლოვდებოდა საზღვარი: თექვსმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
23 . აი, ისაქარის ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები თავისი სოფლებით.
24 . მეხუთე წილი აშერის ძეთა ტომს ხვდა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
25 . აი, მათი სამკვიდრო: ხელკათი, ხალი, ბეტენი, აქშაფი;
26 . ყალამელექი, ყამყადი და მიშალი. დასავლეთით ქარმელსა და შიხორ-ლიბნათს ემიჯნებოდა.
27 . ბრუნდებოდა მზის აღმოსავალისკენ, ბეთ-დაგონის მიმართულებით და ზებულონსა და იფთახ-ელის ველს ჩრდილოეთიდან, ბეთ-ყემეკისა და ნეყიელის მიმართულებით ეკვროდა და მარცხნივ ქაბულისკენ გადიოდა;
28 . ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე;
29 . ბრუნდებოდა საზღვარი რამასკენ ცორის გამაგრებულ ქალაქამდე, ხოსასკენ უხვევდა და ზღვასთან, აქზიბის მხარეში ბოლოვდებოდა.
30 . ასევე ყუმა, აფეკი და რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისი სოფლებით.
31 . ეს იყო აშერის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები და მათი სოფლები.
32 . მეექვსე წილი ნაფთალის ძეებს ერგო, ნაფთალის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით:
33 . მოდიოდა მათი საზღვარი ხელეფიდან და ცაყანანიმის მუხიდან ადამი-ნეკებთან და იაბნეელთან ლაკუმამდე და იორდანესთან ბოლოვდებოდა.
34 . ბრუნდებოდა საზღვარი დასავლეთით აზნოთ-თაბორისკენ, იქიდან ხუკოკისკენ გადადიოდა და ზებულონს სამხრეთიდან ეკვროდა, აშერს - დასავლეთიდან და იუდას - იორდანეს მხრიდან, მზის აღმოსავლეთით.
35 . გამაგრებული ქალაქები: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი, ქინერეთი;
36 . ადამა, რამა, ხაცორი;
37 . კედეში, ედრეყი, ყენ-ხაცორი;
38 . ირონი, მიგდალელი, ხორემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში - ცხრამეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
39 . აი, ნაფთალის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები და მათი სოფლები.
40 . დანის ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით, მეშვიდე წილი ერგო.
41 . აი, მათი სამკვიდრებელი: ცორყა, ეშთაოლი, ყირ-შემეში;
42 . შაყალაბინი, აიალონი, ითლა;
43 . ელონი, თიმნა, ყეკრონი;
44 . ელთეკე, გიბთონი, ბაყალათი;
45 . იეჰუდი, ბენე-ბერაკი, გათ-რიმონი;
46 . მეიარკონი და რაკონი მიწებიანად, იაფოს პირდაპირ.
47 . ამ საზღვრებში ერგო დანის ძეთ წილი, ავიდნენ ისინი, შეებრძოლნენ ლეშემს, დაიპყრეს იგი და მოსრეს მახვილის პირით. დაიმკვიდრეს და დასახლდნენ იქ; და უწოდეს ლეშემს დანი, მათი მამის, დანის სახელის მიხედვით.
48 . ეს იყო დანის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები და სოფლები.
49 . როცა დაასრულეს დანაწილება ქვეყნისა თავისი საზღვრებით, მაშინ მისცეს ისრაელის ძეებმა სამკვიდრო იეშუას, ნავეს ძეს, თავიანთ შორის.
50 . უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელიც მოითხოვა: თიმნათ-სერახი - ეფრემის მთაზე; ააშენა ქალაქი და იქ დასახლდა.
51 . ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც დაუნაწილეს უფლის წინაშე ელეაზარ მღვდელმა, იეშუა ნავეს ძემ და მთავრებმა ისრაელიანთა ტომებს წილისყრით შილოში, საკრებულო კარვის შესასვლელთან. და დაასრულეს ქვეყნის დანაწილება.
1 . ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეებმა ბოროტის კეთება უფლის წინაშე.
2 . და ხელში ჩაუგდო უფალმა ისინი ქანაანის მეფე იაბინს, რომელიც ხაცორში მეფობდა; მისი მხედართმთავარი კი სისარა იყო, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.
3 . შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს, რადგან ცხრაასი რკინის ეტლი ჰქონდა იაბინს და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეებს ოცი წლის განმავლობაში.
4 . იმჟამად ისრაელის მსაჯული წინასწარმეტყველი ქალი დებორა იყო, ლაფიდოთის ცოლი.
5 . ცხოვრობდა დებორა პალმის ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაზე და ადიოდნენ მასთან ისრაელის ძენი განსასჯელად.
6 . გაგზავნა კაცები და მოუხმო ბარაკ აბინოყამის ძეს კედეშ-ნაფთალიდან და უთხრა მას: "აი, რა გიბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: წადი, თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალისა და ზებულონის ძეთაგან და დააყენე ისინი თაბორის მთაზე.
7 . ხოლო მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას, იაბინის მხედართმთავარს, თავისი ეტლებითა და ურიცხვი ჯარით და ხელში ჩაგაგდებინებ მას”.
8 . უპასუხა ბარაკმა: "თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ”.
9 . უთხრა დებორამ: "ნამდვილად წამოგყვები, მაგრამ იცოდე ის გზა, რომელსაც შენ დაადგები, შენს სადიდებლად არ იქნება, რადგან უფალი ქალის ხელში ჩააგდებს სისარას”. ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კედეშში.
10 . მოუხმო ბარაკმა ზებულონსა და ნაფთალს კედეშში, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც.
11 . გამოეყო ხებერ კენიელი კენიელებს, მოსეს მოყვრის, ხობაბის ძეებს და გაშალა კარავი ცაყანანიმის მუხამდე, კედეშთან რომ არის.
12 . უთხრეს სისარას, ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყოო ასული.
13 . და შეკრიბა სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი რკინის ეტლი და მთელი ხალხი, რომელიც იყო მასთან ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევამდე.
14 . უთხრა დებორამ ბარაკს: "ადექი, რადგან ეს ის დღეა, როცა უფალი ჩაგიგდებს ხელში სისარას; აჰა, უფალი წარგიძღვა წინ”. ჩავიდა ბარაკი თაბორის მთიდან და ათი ათასი კაცი გაჰყვა უკან.
15 . გაანადგურა უფალმა სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით; ჩამოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.
16 . ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა ეტლიონსა და ლაშქარს და მახვილის პირით დაეცა სისარას მთელი ლაშქარი, არავინ გადარჩენილა.
17 . ფეხით გაიქცა სისარა, იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისკენ, რადგან მშვიდობა იყო ხაცორის მეფე იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის.
18 . გავიდა იაყელი სისარას შესახვედრად და უთხრა: "შემოდი, ბატონო, შემოდი ჩემთან, ნუ გეშინია”. შევიდა სისარა კარავში და ფარდაგის ქვეშ დამალა იგი ქალმა.
19 . უთხრა სისარამ: "დამალევინე ცოტა წყალი, რადგან მწყურია”. მოხსნა იაყელმა რძის ტიკს თავი, დაალევინა და კვლავ გადააფარა ფარდაგი.
20 . უთხრა სისარამ: "კარვის კართან დადექი, თუ გკითხეს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, უპასუხე არა-თქო”.
21 . და აიღო იაყელმა, ხებერის ცოლმა, კარვის პალო და ურო, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას; მოუქნია და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. ის კი დაღლილი და ღრმად ჩაძინებული მოკვდა.
22 . აჰა, ეძებს ბარაკი სისარას. გავიდა იაყელი მასთან და უთხრა: "მოდი, ის კაცი გაჩვენო, შენ რომ ეძებ”. შევიდა ბარაკი და, აჰა, მკვდარია სისარა, საფეთქელში პალო აქვს ჩარჭობილი.
23 . იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელის ძეებს იაბინი, ქანაანის მეფე.
24 . თანდათანობით მძიმდებოდა ისრაელის ძეთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე სრულად არ გაანადგურეს იგი.
1 . ასე გალობდნენ იმ დღეს დებორა და ბარაკი, აბინოყამის ძე:
2 . "როცა წამოიმართნენ ისრაელის მთავარნი, ხალხი მოხალისედ გამოვიდა, აკურთხებდეთ უფალს!
3 . ისმინეთ მეფენო, ყურად იღეთ დიდებულნო: უფალს ვუმღერი, ვუგალობ უფალს, ისრაელის ღმერთს.
4 . უფალო, მიწა იძვროდა სეყირიდან და ედომის ველიდან შენი გამოსვლისას, ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდნენ,
5 . მთანი იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თვით სინაის მთაც კი, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
6 . გაუკაცრიელდა გზები შამგარ ყანათის ძისა და იაყელის დროს, და ოღრო-ჩოღრო ბილიკებს დაადგნენ სწორ გზაზე მავალნი.
7 . განადგურდა დაბა-სოფლები ისრაელში, მოისპო, სანამ აღვდგებოდი მე, დებორა, ვიდრე აღვდგებოდი მე, დედა, ისრაელში.
8 . არჩიეს ახალი ღმერთები, ამიტომ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გინახავთ ისრაელის ორმოცი ათასი ფარი და შუბი?
9 . ჩემი გული თქვენთანაა, ისრაელის მთავარნო, რომლებიც თქვენი ნებით გამოხვედით ხალხთან. აკურთხეთ უფალი!
10 . თეთრ სახედრებზე შემომსხდარნო, ძვირფას ხალიჩებზე მორთხმულნო და გზად მიმავალნო, იგალობეთ.
11 . მეისრეთა ხმაზე მეტად ისმის წყაროსთან შემოკრებილთა ხმა; ისინი უფლის სიმართლის საქმეებზე ლაპარაკობენ; სიმართლის საქმეებზე, რომლებიც მის სოფლებში მცხოვრებთათვის მოიმოქმედა! მერე კი ჩავა უფლის ხალხი კარიბჭეებთან.
12 . გაიღვიძე, გაიღვიძე დებორა, გაიღვიძე, გაიღვიძე! წარმოთქვი საგალობელი! ადექი ბარაკ, ტყვედ წამოასხი შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
13 . მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა უფალმა ხალხი; მე დამიმორჩილა უფალმა მებრძოლნი.
14 . ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში ფესვგადგმულნი; ბენიამინიც მოგყვა შენს ხალხს შორის; მაქირისგან წამოვიდნენ მმართველნი და ზებულონისგან აღმრიცხველთა კვერთხის მპყრობელნი.
15 . მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; როგორც ისაქარი, ისე ბარაკი, ქვეითად წარიგზავნენ ველზე; დიდად ორჭოფობენ რეუბენის რაზმები.
16 . რისთვის იჯექი ფარეხებში, ჯოგთა ბღავილის მოსასმენად? დიადი ორჭოფობა იყო რეუბენის რაზმებში.
17 . გილყადი იორდანეს გაღმა დარჩა, დანი რაღად რჩება ხომალდებზე? აშერი ზღვათა სანაპიროზე ზის და ბინადრობს თავის ნავსადგურზე.
18 . ზებულონის ხალხმა გასწირა თავი სასიკვდილოდ და ნაფთალმა - მინდვრის მაღლობებზე.
19 . მოვიდნენ მეფენი და იომეს; იბრძოდნენ ქანაანელი მეფენი თანაქში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ ვერ ჩაიგდეს ვერცხლის ნადავლი.
20 . ციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას.
21 . წალეკა ისინი კიშონის ხევმა, კედუმის ხევმა, კიშონის მდინარემ. გაილაშქრე ძლიერებით თავო ჩემო.
22 . მაშინ ჭენებით იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები, როცა გარბოდნენ მისი მეომრები.
23 . თქვა უფლის ანგელოზმა: "დაწყევლეთ მეროზი, მწარედ დაწყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის შემწედ, უფლის შემწედ ძლიერებთან ერთად”.
24 . კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კენიელი ხებერის ცოლი. კარვის დიაცთა შორის იკურთხოს.
25 . წყალი სთხოვა სისარამ იაყელს, რძე მისცა, ნაღები მიართვა დიდებულთა ფიალით.
26 . ერთი ხელით პალოს დასწვდა, მეორე უროსკენ გაიწოდა და დაჰკრა სისარას, თავი გაუპო, განგმირა, საფეთქელი შეუნგრია.
27 . მის ფეხებთან ჩაიჩოქა, დაეცა, განერთხა; მის ფეხებთან დაიჩოქა, დაეცა; სადაც დაიჩოქა, იქვე დაეცა განგმირული.
28 . სარკმლიდან იმზირება და მოსთქვამს სისარას დედა: რად იგვიანებს მისი ეტლი, რად ყოვნდებიან მისი ეტლის ნაკვალევნი?
29 . მიუგებენ გონიერი ასულნი, თვითონაც პასუხობს თავის თავს:
30 . "ალბათ იპოვეს და იყოფენ ნადავლს - თითოს ან ორ-ორ ქალწულს მეომარზე; ნადავლად ნაქარგი ფერადი სამოსელი სისარას: ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორმხრივად ნაქარგი”.
31 . ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! ხოლო მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით ანათებდნენ მთელი ძლიერებით!” და არ შეწუხებულა ქვეყანა ორმოც წელიწადს.
1 . ჩავიდა სამსონი ღაზაში, ნახა იქ ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.
2 . შეატყობინეს ღაზელებს: "სამსონი ჩამოსულა აქ”. და გარს უვლიდნენ და მთელი ღამე დარაჯობდნენ ქალაქის კარიბჭესთან, ჩასაფრებულნი იყვნენ და ამბობდნენ: "ინათებს თუ არა მოვკლავთ”.
3 . შუაღამემდე ეძინა სამსონს, შუაღამით ადგა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭის ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა.
4 . ამის შემდეგ ერთი ქალი შეიყვარა სორეკის ხეობაში, სახელად დალილა.
5 . მიადგნენ ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: "აცდუნე და ათქმევინე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა და რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ; სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანი ვერცხლის ათას ას შეკელს მოგცემს”.
6 . უთხრა სამსონს დალილამ: "გთხოვ, მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა და რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?”
7 . უთხრა სამსონმა: "შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
8 . მიუტანეს დალილას ფილისტიმელმა მთავრებმა შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და შეკრა დალილამ სამსონი.
9 . შიდა ოთახებში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა დალილამ სამსონს: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” და ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც მომწვარი ძენძის ძაფი წყდება ხოლმე. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
10 . უთხრა დალილამ სამსონს: "აჰა, დამცინე და მომატყუე; ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?”
11 . სამსონმა უთხრა: "ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
12 . აიღო დალილამ ახალთახალი, უხმარი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” შიდა ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული; და ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.
13 . უთხრა დალილამ სამსონს: "აქამდე ხომ დამცინოდი და მატყუებდი; მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?” უთხრა სამსონმა: "თუ ჩემი თმის შვიდ ნაწნავს საძახველს ჩააგრეხ, მაშინ დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
14 . ეძინა სამსონს, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახავს ჩააგრიხა, პალოზე მიაბა და ხმამაღლა დაიძახა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახავის პალოცა და ნაძახიც.
15 . უთხრა დალილამ: "როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ შენი გული ჩემთან არ არის? აი, სამჯერ დამცინე და არ მითხარი, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა”.
16 . რაკი ყოველდღე ამ სიტყვებით ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
17 . გაუმხილა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა. უთხრა მას: "სამართებელი არ შემხებია თავზე, დედაჩემის მუცლიდანვე ღვთის მოწმიდარი ვარ, თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
18 . იხილა დალილამ, რომ გული გადაუხსნა; მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: "ერთხელ კიდევ ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა”. ავიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც აუტანეს საკუთარი ხელით.
19 . კალთაში ჩააძინა სამსონი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; იწყო სამსონმა დაკნინება, და გამოეცალა ძალა.
20 . თქვა დალილამ: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს სამსონ!” გაიღვიძა და თქვა: "წინანდებურად გავალ და დავიხსნი თავს”. არ იცოდა, რომ განშორდა უფალი.
21 . შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.
22 . ამასობაში წამოზრდა იწყო მისმა თმამ, მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა.
23 . შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რათა ემხიარულათ და დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, ამბობდნენ: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა სამსონი, ჩვენი მტერი”.
24 . და რა იხილა ხალხმა იგი, განადიდა თავისი ღმერთი და თქვა: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენგანი მოსრა”.
25 . და როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: "მოუხმეთ სამსონს, რომ გაგვართოს”. და გამოიყვანეს სამსონი საპყრობილედან, სვეტებს შორის დააყენეს და ამ სანახაობით ერთობოდნენ.
26 . უთხრა სამსონმა ჭაბუკს, რომელსაც ხელჩაკიდებული დაჰყავდა: "იმ სვეტებზე დამადებინე ხელი, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო”.
27 . სახლი კაცებითა და ქალებით იყო სავსე, ფილისტიმელთა ყველა მთავარი იქ იყო თავმოყრილი, სამი ათასამდე კაცი და ქალი ერდოზე იყო გასული და სამსონის ყურებით ერთობოდნენ.
28 . მოუხმო სამსონმა უფალს და თქვა: "უფალო ღმერთო, ხელახლა გამიხსენე და ერთხელ კიდევ გამაძლიერე, ღმერთო! ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო”.
29 . და მოეჭიდა სამსონი ორ შუათანა სვეტს, რომლებზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
30 . თქვა სამსონმა: "დაე, მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!” და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს; და დახოცილები, სამსონმა რომ დახოცა თავისი სიკვდილისას, იმაზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.
31 . ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლეული, წამოასვენეს და დამარხეს იგი ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის სამარხში. ოც წელს განსჯიდა სამსონი ისრაელს.
1 . ერთი წელი იყო გასული საულის გამეფებიდან და მეორე წელიწადი მეფობდა ისრაელზე.
2 . და ამოირჩია თავისთვის სამი ათასი კაცი ისრაელისგან; ორი ათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კი - იონათანთან, ბენიამინის გიბყაში; დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაუშვა.
3 . და გაანადგურა იონათანმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი, რომელიც გებაყში იდგა და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა; ჩაჰბერა საულმა საყვირს მთელი ქვეყნის გასაგონად და გამოაცხადა: "ისმინონ ებრაელებმა!”
4 . და მოისმინა მთელმა ისრაელმა: "გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი და შეიძულა ისრაელი ფილისტიმმა”. და შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.
5 . ფილისტიმელნიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად: ოცდაათი ათასი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ და მიქმაშში დაბანაკდნენ, ბეთავენის აღმოსავლეთით.
6 . იხილეს რა ისრაელიანებმა, რომ საფრთხეში იყვნენ, ვინაიდან შეაჭირვეს ხალხი - დაიმალნენ მღვიმეებში, ხეობებში, კლდეთა ნაპრალებში, კოშკებსა და ორმოებში.
7 . ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა, გადისა და გილყადის მიწაზე გადავიდა; მაგრამ ჯერ ისევ გილგალში რჩებოდა საული, მთელი მისი ხალხი კი შეშინებული იყო.
8 . შვიდ დღეს იცდიდა იგი, როგორც სამუელმა დაუთქვა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში; საულს კი ხალხი ეფანტებოდა.
9 . თქვა საულმა: "მომგვარეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირნი!” და მსხვერპლი აღავლინა.
10 . როცა სრულადდასაწველის აღვლენა დაასრულა, სამუელიც გამოჩნდა; და გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
11 . უთხრა სამუელმა: "ეს რა ჩაიდინე?” უპასუხა საულმა: "დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი, შენც არ გამოჩნდი დანიშნულ დროზე, ფილისტიმელნი კი მიქმაშში იკრიბებოდნენ.
12 . ვთქვი: ახლა დამეცემიან ფილისტიმელნი გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. ვეღარ მოვითმინე და აღვავლინე სრულადდასაწველი”.
13 . უთხრა სამუელმა საულს: "უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.
14 . ახლა ვეღარ განმტკიცდება შენი მეფობა; იპოვა უფალმა თავისი გულის სანდომი კაცი და ის დაადგინა თავისი ხალხის მთავრად უფალმა, რადგან არ დაიცავი ღვთის ნაბრძანები”.
15 . ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბყაში წავიდა. საულმა კი აღრიცხა მასთან მყოფი ხალხი, ექვსასამდე კაცი.
16 . საული, მისი ძე, იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში გაჩერდნენ, ხოლო ფილისტიმელნი მიქმაშში დაბანაკდნენ.
17 . გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან დამარბეველთა სამი რაზმი: ერთი ყოფრას გზით, შუალის ქვეყნისკენ გაემართა.
18 . მეორე ბეთხორონის გზაზე წავიდა, მესამე რაზმი _ ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას დაადგა, უდაბნოზე რომ გადის.
19 . მჭედელი აღარ იყო ისრაელის მთელ ქვეყანაში, რადგან ფილისტიმელნი ამბობდნენ: "არ გააკეთონო ებრაელებმა არც მახვილი და არც შუბი”.
20 . და დადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელთა ქვეყანაში, თითოეული თავისი სახნისის, ბარის, წალდის და თოხის გამოსაჭედად.
21 . სახნისის გალესვა სამი შეკელი ღირდა, ისევე, როგორც ბარის, სამკაპის, წალდებისა და მარგილის გალესვა.
22 . ისე მოხდა, რომ ბრძოლის დღეს საულთან და იონათანთან მყოფ ხალხს არც მახვილები აღმოაჩნდათ და არც შუბები. მხოლოდ საულსა და მის ძეს, იონათანს აღმოაჩნდათ.
23 . და გაემართა ფილისტიმელთა რაზმი მიქმაშის ვიწრო გზებისკენ.
1 . უთხრა სამუელმა საულს: "უფალმა წარმომგზავნა, რომ მეცხე მისი ხალხის, ისრაელის მეფედ; ახლა მოისმინე უფლის სიტყვები.
2 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მახსოვს, როგორ მოექცა ყამალეკი ისრაელს, როცა წინ აღუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
3 . ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაანადგურე ყველაფერი, რაც გააჩნია. ნუ დაზოგავ, მოკალი ყოველი მამაკაცი, დედაკაცი, ყრმა და ძუძუმწოვარი, ყოველი ხარი, კრავი, აქლემი და სახედარი”.
4 . შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი და ათი ათასი კაცი იუდას ტომიდან.
5 . მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6 . უთხრა საულმა კენიელთ: "წადით, განშორდით, გადით ყამალეკელთაგან, რომ თქვენც არ მოგსრათ მათთან ერთად, ვინაიდან კეთილად მოექეცით ისრაელს ეგვიპტიდან გამოსვლისას”. და განშორდნენ კენიელნი ყამალეკელებს.
7 . და გაანადგურა საულმა ყამალეკი ხავილადან შურის მისადგომებამდე, რომელიც ეგვიპტის პირდაპირაა.
8 . აგაგი, ყამალეკის მეფე ცოცხლად შეიპყრო, დანარჩენი ხალხი კი მოსპო, მახვილის პირით ამოხოცა.
9 . მაგრამ დაზოგეს საულმა და ხალხმა აგაგი, აგრეთვე საუკეთესო ცხვარი და საქონელი, ნასუქი ვერძები და ყოველივე საუკეთესო. არ ისურვეს მათი მოსპობა, ხოლო ყოველივე უმნიშვნელო და ცუდი მოსპეს.
10 . და იყო სიტყვა უფლისა სამუელის მიმართ:
11 . "ვწუხვარ, რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაჰყოლია ჩემს ბრძანებებს”. დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა უფალს.
12 . მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: "აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.
13 . მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: "კურთხეული ხარ უფლისგან; აღვასრულე უფლის ბრძანება”.
14 . მაგრამ თქვა სამუელმა: "მაშ ცხვრისა და საქონლის ბღავილი რატომ ესმის ჩემს ყურებს?”
15 . უთხრა საულმა: "ყამალეკისგან გამორეკეს; ხალხმა საუკეთესო ცხვარი და საქონელი დაზოგა, რომ უფალს, შენს ღმერთს შესწიროს. დანარჩენი კი გავანადგურეთ”.
16 . მიუგო სამუელმა საულს: "მაცადე და გეტყვი, რაც წუხელ მითხრა უფალმა”. თქვა საულმა: "ილაპარაკე”.
17 . უთხრა სამუელმა: "განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?!
18 . წარგგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა: წადი და ააოხრე ეს ცოდვილი ყამალეკი, მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!
19 . რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?”
20 . უპასუხა საულმა სამუელს: "ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკელი ავაოხრე.
21 . მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარ-ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, შეეწირათ მსხვერპლად გილგალში”.
22 . მაგრამ მიუგო სამუელმა: "განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
23 . რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.
24 . მიუგო საულმა სამუელს: "შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.
25 . ახლა გთხოვ, შემინდე ცოდვა, დაბრუნდი ჩემთან ერთად და ვცეთ უფალს თაყვანი”.
26 . უპასუხა საულს სამუელმა: "არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან უარყავი უფლის სიტყვა და უფალმაც უარყო შენი მეფობა ისრაელზე”.
27 . გამობრუნდა სამუელი წამოსასვლელად, მაგრამ მოსასხამის კალთას ჩაებღაუჭა საული და მოგლიჯა იგი.
28 . მაშინ უთხრა სამუელმა: "ასე გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის სამეფო და მისცა იგი შენს მოყვასს, შენზე უკეთესს.
29 . არ იცრუებს და არ გადაიფიქრებს ისრაელის დიდება, რადგან ადამიანი არაა, რომ გადაიფიქროს”
30 . მიუგო საულმა: "შევცოდე. გემუდარები, დამდე ახლა პატივი ჩემი ხალხის უხუცესებისა და ისრაელის წინაშე და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რათა თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს”.
31 . გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32 . მასთან შებორკილი აგაგი, რადგან ფიქრობდა ნამდვილად ამცდაო მწარე სიკვდილი!
33 . უთხრა სამუელმა აგაგს: "როგორც შენმა მახვილმა დატოვა ქალები შვილების გარეშე, ისე დედაშენი იყოს ქალთა შორის შვილმკვდარი”. და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში, უფლის წინაშე.
34 . წავიდა სამუელი რამაში, საული კი გიბყაში, თავის სახლისკენ გაემართა
35 . და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი დარჩენილი სიცოცხლის დღეებში, მაგრამ წუხდა სამუელი საულისთვის, რადგან ინანა უფალმა, საული რომ გაამეფა ისრაელზე.
1 . და ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც იქ იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არავინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავისი გზით.
2 . დაბრუნდნენ დავითი და მისი ხალხი ქალაქში და, აჰა, გადამწვარია იგი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ არიან წაყვანილნი.
3 . ხმა აღიმაღლეს დავითმა და მისმა ხალხმა, მოთქვამდნენ და ტიროდნენ, ვიდრე ძალა შესწევდათ.
4 . ტყვედ წაიყვანეს დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
5 . დიდად დამწუხრდა დავითი, რადგან მის ჩაქოლვას განიზრახავდა ხალხი, ვინაიდან გამწარებულნი იყვნენ თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლით, თავისი ღმერთით განიმტკიცა თავი დავითმა.
6 . უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: "გთხოვ, მომიტანე ეფოდი”. და მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.
7 . დაეკითხა დავითი უფალს: "დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?” მიუგო: "დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და სრულად წაართმევ ნადავლს”.
8 . წავიდა დავითი, თან ექვსასი კაცი გაიყოლა და მიადგნენ ბესორის ხევს. ვინც ჩამორჩა, იქ დარჩა.
9 . დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ, რადგან ჩამორჩა ორასი კაცი, რომელთაც დაქანცულობის გამო გაუჭირდათ ბესორის ხევის გადალახვა.
10 . მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც მისცეს და დალია.
11 . მისცეს ლეღვი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან უჭმელ-უსმელი იყო სამი დღე და ღამე.
12 . უთხრა დავითმა: "ვისი ხარ და სადაური ხარ?” მიუგო: "ეგვიპტელი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან ავად გავხდი სამი დღის წინ.
13 . შევესიეთ ქერეთის სამხრეთს, იუდასა და ხალების სამხრეთს, ციკლაგი კი გადავწვით”.
14 . უთხრა დავითმა: "თუ გამიძღვები იმ ურდომდე?” მიუგო: "ღმერთი დაიფიცე, რომ არც მომკლავ და არც ჩემს ბატონს გადამცემ და გაგიძღვები იმ ურდომდე”.
15 . გაუძღვა და, აჰა, გაფანტულან არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ხარობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
16 . მუსრი გაავლო მათ დავითმა დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, ისინიც აქლემებს მოახტნენ და გაიქცნენ.
17 . ყველაფერი უკან დაიბრუნა დავითმა, რაც ყამალეკს ჰქონდა წაღებული; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
18 . არავის არაფერი დააკლდა, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
19 . წამოასხა დავითმა მთელი მათი საქონელი; მოერეკებოდნენ დავითის კაცები ამ საქონელს და ამბობდნენ: "დავითის ნადავლიაო ეს”.
20 . მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომლებიც დაქანცულობის გამო ვერ გაჰყვნენ დავითს და ბესორის ხევთან იყვნენ დარჩენილნი. და გამოვიდნენ დავითთან და მასთან მყოფ მეომრებთან მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მიესალმა მათ.
21 . ზოგიერთი ბოროტი და უღირსი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული, ასე ამბობდა: "ბრძოლაში არ წამოგვყვნენ, ამიტომ ნურაფერს გავუნაწილებთ ნადავლიდან, უკან რომ დავიბრუნეთო. მხოლოდ თავ-თავისი ცოლ-შვილი წაიყვანონ და წავიდნენო”.
22 . თქვა დავითმა: "არა, ძმებო, ნუ იზამთ ამას, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
23 . ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან რა წილიც ნაომარ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს საჭურველთან დარჩენილთ; ყველას თანაბრად უნდა ხვდეს წილი”.
24 . ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის ისრაელისთვის, მისგან დადგენილი წესი და რჯული დღემდე.
25 . მივიდა დავითი ციკლაგში, გაუგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: "აჰა, საჩუქარი თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან,
26 . მათთვის, ვინც ბეთელში, სამხრეთ რამოთში და იათირში არიან;
27 . ყაროყერში, სიფმოთში, ეშთე-მოაყში მყოფთათვის,
28 . რაქალში, იერახმეელთა და კენიელთა ქალაქებში მყოფთათვის,
29 . ხორმაში, ქორ-ყაშანში, ყათაქში მყოფთათვის;
30 . ხებრონში მყოფთათვის. და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ”.
31 . შეებნენ ფილისტიმელნი ისრაელიანებს და გარბოდნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელთაგან და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ განგმირულნი.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2 . ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.
3 . ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”
4 . ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
5 . წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.
6 . ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.
7 . ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: "გევედრები, წავალ ხებრონში და შევასრულებ უფლისთვის მიცემულ აღთქმას.
8 . რადგან აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნის დროს: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს”.
9 . უთხრა მეფემ: "მშვიდობით წადი”. ადგა და წავიდა ხებრონს.
10 . და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
11 . ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
12 . მსხვერპლის შესაწირად გილონელი ახითოფელი, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა გილონიდან, მისი ქალაქიდან. უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ და განმტკიცდა შეთქმულება.
13 . მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.
14 . უთხრა დავითმა ყველა თავის მსახურს, ვინც თან ახლდა იერუსალიმში: "ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ, რომ უცაბედად არ დაგვეცეს, თავს უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილს არ მისცეს ქალაქი”.
15 . უთხრეს მეფეს მსახურებმა: "რაც არ უნდა გადაწყვიტოს მეფემ, ჩვენმა ბატონმა, აჰა, აქ ვართ, შენი მსახურნი”.
16 . გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.
17 . გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი. და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
18 . გვერდით მიჰყვებოდნენ მსახურები, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გითელები, ექვსასი კაცი, გითიდან რომ წამოჰყვა, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19 . უთხრა მეფემ ითაი გითელს: "შენ რატომ მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ, შენი ქვეყნიდან გადმოსახლებული.
20 . გუშინ მოხვედი და დღეს ვერ გაიძულებ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მე წავალ, სადაც იქნება, შენ გაბრუნდი და შენი ძმებიც თან გაიყოლე. წყალობა და სიმართლე იყოს შენთან!”
21 . მიუგო ითაიმ მეფეს: "უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.
22 . უთხრა დავითმა ითაის: "კეთილი, გადმოდი მეორე მხარეს”. და წაჰყვა ითაი გითელი თავისი ხალხით და წვრილშვილით, ვინც მასთან იყო.
23 . ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
24 . აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25 . უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26 . თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
27 . უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: "განა წინასწარმეტყველი არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში, შენს ვაჟთან, ახიმაყაცთან, და აბითარის ვაჟთან იონათანთან ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
28 . აჰა, უდაბნოს ველზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან”.
29 . გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30 . დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.
31 . შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: "უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.
32 . ავიდა დავითი მთის წვერზე და თაყვანისცა ღმერთს. ხედავს, აჰა, მოდის ხუშაი არქელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერწაყრილი.
33 . უთხრა დავითმა: "თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34 . მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფეო. ადრე თუ მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები-თქო, ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას.
35 . განა შენთან ერთად არ იქნებიან ცადოკი და აბიათარ მღვდლები? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს შეატყობინე.
36 . ორი ვაჟი ჰყავთ, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. რასაც გაიგებთ, მათი მეშვეობით მომაწვდინეთ”.
37 . შევიდა დავითის მეგობარი ხუშაი ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
1 . უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "ნება დამრთე, რომ შევარჩიო თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს.
2 . თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, ხალხი გაეფანტება და მოვკლავ მარტო დარჩენილს.
3 . შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, შენ ხომ ერთი კაცის სულს ეძებ, მთელი ხალხი კი მშვიდობით იქნება”.
4 . მოეწონათ ეს აზრი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5 . თქვა აბესალომმა: "ხუშაი არქელსაც მოუხმეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის”.
6 . მივიდა ხუშაი აბესალომთან და ჰკითხა აბესალომმა: "ასეთი რამ ილაპარაკა ახითოფელმა; ვიმოქმედოთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი”.
7 . მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ამჯერად არ ვარგა ახითოფელის რჩევა”.
8 . ისევ თქვა ხუშაიმ: "ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე.
9 . ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, მარცხდებაო აბესალომის ხალხი,
10 . მაშინ ყველაზე მამაცნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაფრთხებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა ძლიერი კაცია მამაშენი და რა მამაცი კაცებიც უდგანან გვერდში.
11 . ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი და თავად გახვიდე საბრძოლველად.
12 . დავეცეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს ისე დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, კაციშვილს არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13 . თუ ქალაქში გამაგრდება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ისე ჩავათრევთ ხევში, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას”.
14 . თქვეს აბესალომმა და ისრაელის ყველა კაცმა: "ხუშაი არქელის რჩევა სჯობია ახითოფელის რჩევას”. უფალმა მოინდომა ახითოფელის უკეთესი რჩევა ჩაეშალა, რათა უბედურება დაეტეხა აბესალომის თავზე უფალს.
15 . უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: "ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე.
16 . ახლა საჩქაროდ გააგზავნეთ კაცი და უთხარით დავითს: ამ ღამეს უდაბნოს ველებზე ნუ გაათევ-თქო, იჩქარე და გადადი მეორე მხარეს, თორემ დაიღუპება მეფეც და მასთან მყოფი მთელი ხალხიც”.
17 . ყენ-როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან არ შეეძლოთ ქალაქში შესვლა.
18 . დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. იმ კაცს ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.
19 . ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭას, ზედ ხორბალი გაფინა და კვალი წაშალა.
20 . მოვიდნენ აბესალომის მსახურები ამ ქალთან და უთხრეს: "სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?” მიუგო ქალმა: "წყალს გაღმა გავიდნენ”. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
21 . მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან, წავიდნენ და ყველაფერი უამბეს მეფე დავითს; თქვეს: "საჩქაროდ გადადით წყლის გაღმა, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა”.
22 . ადგა დავითი, ასევე მთელი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23 . დაინახა ახითოფელმა, რომ არ მიიღეს მისი რჩევა, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიხრჩო. მოკვდა და დამარხეს მამისეულ სამარხში.
24 . მივიდა დავითი მახანაიმში, ხოლო აბესალომმა იორდანე გადალახა ისრაელის კაცებთან ერთად.
25 . იოაბის ნაცვლად ლაშქრის სარდლად ყამასა დაადგინა აბესალომმა. ყამასას მამა, ითრა იზრეყელელი, ის კაცი იყო, აბიგაილთან, ნახაშის ასულთან რომ შევიდა. აბიგაილი იოაბის დედის, ცერუიას და იყო.
26 . გილყადის ქვეყანაში დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა.
27 . დავითი რომ მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან და ბარზილაი გილყადელმა როგელიმიდან,
28 . მოიტანეს ქვეშაგებელი, ლანგრები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი, ცერცვი, ოსპი და მოხალული მარცვლეული,
29 . თაფლი, ერბო, ცხვარი და საქონლის ყველი; და მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ამბობდნენ: "მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი იქნებიანო უდაბნოგამოვლილები”.
1 . ისევ აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ: "წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა”.
2 . უთხრა მეფემ მხედართმთავარ იოაბს, მასთან რომ იყო: "მოიარე ისრაელის ყოველი ტომი, დანიდან ბეე
3 . უთხრა იოაბმა მეფეს: "დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ხალხი, ვიდრე დღეს არის, ჩემი ბატონის სიცოცხლეშივე, მაგრამ რისთვის მოისურვა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ეს საქმე?”
4 . მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბსა და ლაშქართა მთავრებზე; და გამოვიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქართა მთავარნი ისრაელიანი ხალხის აღსაწერად.
5 . გადალახეს იორდანე და ყაროყერში, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში, იაყზერის პირდაპირ დაიბანაკეს.
6 . გილყადში, თახთიმ-ხოდშის მხარეში მივიდნენ, დანიაყანში გადავიდნენ და ციდონს შემოუარეს.
7 . მივიდნენ ცორის სიმაგრემდე, ხიველთა და ქანაანელთა ყველა ქალაქში და იუდას სამხრეთით ბეერ-შებაყისკენ გადავიდნენ.
8 . მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის დასასრულს დაბრუნდნენ იერუსალიმში.
9 . მისცა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის ჩამონათვალი: რვაასი ათასი ძლიერი, ხმლისამომწვდელი კაცი იყო ისრაელში, ხუთასი ათასი კი - იუდაში.
10 . გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: "დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.
11 . ადგა დილას დავითი და ესმა უფლის სიტყვა გადს, დავითის წინასწარმეტყველს:
12 . "წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამ სასჯელს გთავაზობ, ერთ-ერთი ამოირჩიე შენთვის და აგისრულებ”.
13 . მივიდა გადი დავითთან და უთხრა: "აირჩიე - შვიდწლიანი შიმშილობა შენს მიწაზე, სამთვიანი ლტოლვილება მტერთაგან და მათგან შენი დევნა, თუ სამდღიანი ჭირი შენს ქვეყანაში? ახლა განსაჯე, რა ვუპასუხო ჩემს მომავლინებელს?”
14 . მიუგო გადს დავითმა: "დიდად მემძიმება სამივე, მაგრამ უფლის ხელში ჩავარდნა მირჩევნია, რადგან დიადია მისი მოწყალება; ნუმც ჩავვარდნილვარ კაცთა ხელში”.
15 . ჭირი მოუვლინა უფალმა ისრაელს განთიადიდან დადგენილ დრომდე და მოისრა ხალხი დანიდან ბეერ-შებაყამდე, სამოცდაათი ათასი კაცი.
16 . ხელი ჰქონდა გაწვდილი ანგელოზს იერუსალიმის ასაოხრებლად. და გადაიფიქრა უფალმა ეს უბედურება და უთხრა ხალხის მომსვრელ ანგელოზს: "კმარა, შეაჩერე ხელი!” არავნა იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
17 . დაინახა დავითმა, როგორ მუსრავდა ანგელოზი ხალხს და უთხრა უფალს: "აჰა, მე შევცოდე! მე ჩავიდინე ბოროტება! ამ ხალხმა რა დააშავა?! ჩემი და მამაჩემის სახლის წინააღმდეგ იყოს შენი ხელი”.
18 . იმავე დღეს მივიდა გადი დავითთან და უთხრა: "წადი და სამსხვერპლო დაუდგი უფალს არავნა იებუსელის კალოზე”.
19 . და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც ბრძანა უფალმა.
20 . გაიხედა არავნამ და, აჰა, მეფე და მისი მსახურები მოდიან მისკენ; გამოვიდა არავნა და პირქვე დაემხო მეფის წინაშე.
21 . ჰკითხა არავნამ: "რისთვის მოსულა მეფე, ჩემი ბატონი, თავის მსახურთან?” მიუგო დავითმა: "კალოს საყიდლად მოვედი, რათა სამსხვერპლო ავაგო უფლისთვის, ვინძლო შეწყდეს სენი ხალხში”.
22 . უთხრა არავნამ დავითს: "აიღოს და აღავლინოს მეფემ, ჩემმა ბატონმა, რაც სათნოა მის თვალში. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, საცეხველი, ხარების აღკაზმულობა და უღელი კი შეშის სანაცვლოდ.
23 . ყოველივეს მოგცემ, მეფეო”. თან დააყოლა: "გისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა და მადლი გაპოვნინოს”.
24 . უპასუხა მეფემ არავნას: "არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან, რადგან მუქთ სრულადდასაწველს ვერ აღვუვლენ უფალს, ჩემს ღმერთს”. ვერცხლის ორმოცდაათ შეკელად იყიდა კალო დავითმა.
25 . და აუშენა იქ დავითმა სამსხვერპლო უფალს და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირები. შეისმინა უფალმა მათი ვედრება ქვეყნისთვის და შეწყდა უბედურება ისრაელში.
1 . მოახლოვდა დავითის გარდაცვალების დღე. უბრძანა სოლომონს, თავის ძეს და უთხრა:
2 . "მიწის ყოველი მკვიდრის გზით მივდივარ, ამიტომ გაძლიერდი და კაცი იყავი.
3 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ;
4 . რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!
5 . შენ თვითონ იცი, რაც იოაბ ცერუიას ძემ მიყო, როგორ მოექცა ისრაელის ორ მხედართმთავარს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს. მოკლა ისინი და საბრძოლო სისხლი დაღვარა მშვიდობის ჟამს; საბრძოლო სისხლში გაისვარა სარტყელი, რომელიც წელზე ერტყა და ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე ემოსა.
6 . შენი სიბრძნისამებრ მოექეცი, მშვიდობით ნუ ჩაიყვან მის ჭაღარას საფლავში.
7 . გილყადელი ბარზილაის ძეთ სიკეთე უყავ, სუფრასთან გესხდნენ, რადგან თვითონაც ასე მომექცნენ, აბესალომს, შენს ძმას რომ გავურბოდი.
8 . აჰა, შენთანაა შიმყი გერას ძე, ბენიამინელი, ბახურიმიდან, რომელიც მწარედ მწყევლიდა, მახანაიმში რომ მივდიოდი, მაგრამ იორდანესთან ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და ასე შევფიცე უფლის სახელით: არ მოგკლავ-მეთქი მახვილით!
9 . მაგრამ შენ ნუ დატოვებ დაუსჯელს, ვინაიდან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე! სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე საფლავში!”
10 . განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
11 . ორმოც წელს იმეფა დავითმა ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა და ოცდაცამეტ წელიწადს - იერუსალიმში.
12 . დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ფრიად განმტკიცდა მისი მეფობა.
13 . მივიდა ადონია ხაგითის ძე ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან; ჰკითხა ბათ-შებაყმა: "მშვიდობით მოხვედი?” მიუგო: "მშვიდობით”.
14 . თქვა: "სიტყვა მაქვს შენთან”. უთხრა ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
15 . უთხრა: "იცი, რომ ჩემი იყო სამეფო; მთელმა ისრაელმა მე მომაპყრო თვალი, რომ მეფედ დავმჯდარიყავი, მაგრამ შეტრიალდა სამეფო და ჩემს ძმას ერგო, რადგან მისთვის ჰქონდა უფალს მიცემული”.
16 . ახლა ერთი რამ უნდა გთხოვო და უარს ნუ მეტყვი!” მიუგო ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
17 . თქვა ადონიამ: "მიშუამდგომლე მეფე სოლომონთან, შენ უარს არ გეტყვის, აბიშაგ შუნამელი მომცეს ცოლად”.
18 . უპასუხა ბათ-შებაყმა: "კეთილი, გადავცემ შენს თხოვნას მეფეს”.
19 . მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რათა ადონიაზე დალაპარაკებოდა. ადგა მეფე მის შესახვედრად, თაყვანი სცა და კვლავ თავის ტახტზე დაჯდა. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და დაჯდა მის მარჯვნივ.
20 . უთხრა სოლომონს: "ერთ მცირე სათხოვარს ვითხოვ შენგან და უარს ნუ მეტყვი”. მიუგო მეფემ: "მთხოვე, დედაჩემო, არ გეტყვი უარს”.
21 . უთხრა: "ადონიას, შენ ძმას, აბიშაგ შუნამელი მიეცი ცოლად”.
22 . მიუგო მეფე სოლომონმა: "რად ითხოვ აბიშაგ შუნამელს ადონიასთვის? და რადგან ჩემი უფროსი ძმაა იგი ბარემ სამეფოც მთხოვე მისთვის; მასთან არიან აბიათარ მღვდელი და იოაბი, ცერუიას ვაჟი”.
23 . დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი: "ასე და ასე დამმართოს ღმერთმა და უარესიც, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ადონიას ეს სიტყვები!
24 . ახლა, როგორც ჩემი განმამტკიცებელი უფალია ცოცხალი, რომელმაც დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე და შეპირებისამებრ მომცა სამეფო სახლი, ისე დღესვე მოკვდება ადონია”.
25 . გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაჰკრა და მოკლა ადონია.
26 . უთხრა მეფემ აბიათარ მღვდელს: "წადი ყანათოთში, შენი ველებისკენ, სიკვდილს იმსახურებ, მაგრამ არ მოგკლავ, რადგან უფლის, ღმერთის კიდობანს ატარებდი დავითის, მამაჩემის წინაშე და ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა”.
27 . გააძევა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც ყელის სახლეულზე წარმოითქვა შილოში.
28 . მიუვიდა ეს ამბავი იოაბს, რომელიც ადონიასკენ იყო გადახრილი, თუმცა აბესალომს არ მიმხრობია. გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.
29 . შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ, სამსხვერპლოსკენ გაიქცაო იოაბი; გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დაავალა: "წადი და მოკალი”.
30 . მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: "ასე ბრძანა მეფემ: გამოდი!” მიუგო: "არა, აქვე მოვკვდები”. და შეატყობინა ბენაიამ მეფეს ეს სიტყვები: "ასე თქვაო იოაბმა”.
31 . უთხრა მეფემ: "ისე მოექეცი, როგორც თვითონ თქვა, მოკალი და დამარხე, მომბანე უდანაშაულო სისხლი მეც და მამაჩემის სახლსაც, რომელიც იოაბმა დაღვარა.
32 . უფალი მის თავზევე მიაქცევს მის სისხლს, რადგან ორ მართალ და თავისზე უკეთეს კაცს დაეცა და მახვილით დახოცა: აბნერი, ძე ნერისა, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა, იეთერის ძე, იუდას მხედართმთავარი; მამაჩემმა დავითმა კი არა უწყოდა რა.
33 . მიექცეს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლობის თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მისი შთამომავლობის სახლსა და ტახტს კი საუკუნო მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან”.
34 . წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე და განგმირა იოაბი; თავისივე სახლში დაიმარხა იგი, უდაბნოში.
35 . მის ნაცვლად ბენაია იეჰოიადაყის ძე დანიშნა მეფემ ლაშქრის სარდლად, აბიათარის ნაცვლად კი - ცადოკ მღვდელი.
36 . წარგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "აიშენე სახლი იერუსალიმში, იქ იცხოვრე და არ გახვიდე იქიდან,
37 . რადგან როგორც კი გახვალ და გასცდები კედრონის ხევს, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება; შენზევე იქნება შენი სისხლი”.
38 . უპასუხა შიმყიმ მეფეს: "კეთილია ეს სიტყვა; როგორც მიბრძანა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური”. და დიდხანს ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში.
39 . სამი წლის თავზე ორი მსახური გაექცა შიმყის აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის: გათში არიანო შენი მსახურნი.
40 . ადგა შიმყი, შეკაზმა სახედარი და წავიდა გათში აქიშთან, რათა გაქცეული მსახურები მოეძებნა. მივიდა შიმყი და წამოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი.
41 . ეუწყა სოლომონს, შიმყი იერუსალიმიდან გათში წავიდა და დაბრუნდაო.
42 . გაგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "განა უფალი არ დაგაფიცე და არ გაგაფრთხილე, როგორც კი გახვალ ქალაქიდან, მოკვდები-მეთქი? ხომ მიპასუხე, შენი ბრძანებისამებრ მოვიქცევიო.
43 . რატომ დაარღვიე უფლის ფიცი და ჩემი ნაბრძანები?!”
44 . კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: "იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!
45 . მეფე სოლომონი კი კურთხეული იქნება და საუკუნოდ განმტკიცდება დავითის ტახტი უფლის წინაშე”.
46 . უბრძანა ბენაია იეჰოიადაყის ძეს, მანაც დაჰკრა და მოკლა შიმყი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
1 . უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
3 . "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
4 . იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
5 . წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6 . და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
7 . გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
9 . "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
10 . ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
11 . წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
12 . მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
13 . უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
15 . წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
16 . არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
17 . ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
18 . უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
19 . უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
20 . უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
21 . სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
22 . ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
23 . აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
24 . უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . იორამ ახაბის ძე, გამეფდა ისრაელზე სამარიაში, იუდას მეფის, იოშაფატის მეთვრამეტე წელს და თორმეტ წელიწადს იმეფა.
2 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით; მან მოაშორა ბაყალის სვეტი, რომელიც მამამისმა აღმართა.
3 . თუმცა მიეწება და არ განშორებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც ცოდვაში ჩააგდო ისრაელი.
4 . მეშაყი, მოაბის მეფე, ცხვარს ამრავლებდა და ისრაელის მეფეს ასი ათას ცხვარსა და ასი ათას გაუპარსავ ვერძს უგზავნიდა.
5 . ახაბის სიკვდილის შემდეგ იყო, რომ აუმხედრდა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.
6 . გამოვიდა მეფე იორამი იმ ხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი.
7 . წავიდა და გაგზავნა იოშაფატთან, იუდას მეფესთან, ამ სიტყვებით: "მოაბის მეფე ამიმხედრდა. ხომ არ წამომყვები მოაბის წინააღმდეგ საბრძოლველად?” უპასუხა: "წამოვალ! რამ გაგვყო მე და შენ, ჩემი ხალხი შენი ხალხია, ჩემი ცხენები - შენი ცხენები”.
8 . ჰკითხა იორამმა: "რომელი გზით წავიდეთ?” უპასუხა: "ედომის უდაბნოს გზით”.
9 . წავიდნენ ისრაელის, იუდასა და ედომის მეფენი, შვიდ დღეს იარეს და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისა და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ.
10 . თქვა ისრაელის მეფემ: "აჰა, შეგვყარა უფალმა სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში!”
11 . იკითხა იოშაფატმა: "არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ მისი მეშვეობით უფალს დავეკითხოთ?” მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა: "არის აქ ელისე, შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელებზე”.
12 . თქვა იოშაფატმა: "უფლის სიტყვაა მასთან”. მიაკითხეს ისრაელის მეფემ, იოშაფატმა და ედომის მეფემ.
13 . უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: "რა საქმე მაქვს შენთან? მამაშენისა და დედაშენის წინასწარმეტყველებთან წადი”. მიუგო ისრაელის მეფემ: "არა, რადგან მოაბის ხელში ჩასაგდებად შეგვყარა უფალმა ეს სამი მეფე”.
14 . თქვა ელისემ: "ცოცხალია ცაბაოთ უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, იოშაფატს, იუდას მეფეს რომ არ ვცემდე პატივს.
15 . ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე”. როცა მეჩანგე უკრავდა, უფლის ხელი იყო ელისეზე.
16 . თქვა: "ასე ამბობს უფალი: თხრილები გათხარეთ ამ ხევში,
17 . რადგან ასე ამბობს უფალი: ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი, თქვენც სვით და თქვენმა საქონელმაც და პირუტყვმაც.
18 . იოლი საქმეა ეს უფლის თვალში; მოაბსაც ჩაგიგდებთ ხელში.
19 . ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს შემუსრავთ, ყველა საუკეთესო ხეს დასცემთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ და საუკეთესო მიწას ქვებით აავსებთ”.
20 . და იყო, დილით, მსხვერპლის მიტანისას, აჰა, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე; და წყლით აივსო ქვეყანა.
21 . გაიგო მთელმა მოაბმა, რომ მეფეები წამოვიდნენ მათთან საომრად. ყველა სარტყლის მატარებელმა მოიყარა თავი, დიდმა და პატარამ და საზღვართან დადგნენ.
22 . ადგნენ დილაადრიან და როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ.
23 . თქვეს: "ეს სისხლია! უსათუოდ, შუღლი ჩამოვარდნილა მეფეებში და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია ნადავლი, მოაბ!”
24 . მიადგნენ ისრაელის ბანაკს. შეუტია ისრაელმა, დაჰკრა მოაბს და უკუაქცია. დაედევნა და მუსრი გაავლო მოაბს.
25 . ქალაქები დაანგრიეს, საუკეთესო მინდვრებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვებით აავსეს, ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, მხოლოდ კირ-ხარათესის ქვის გალავანი გადარჩა და იმასაც მეშურდულეები შემოადგნენ და დააქციეს.
26 . დაინახა მოაბის მეფემ, რომ მარცხდებოდა ბრძოლაში; გაიყოლა შვიდასი კაცი, მახვილის ამომღები, შეეცადა ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლო.
27 . მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. ძლიერ შეაძრწუნა ამან ისრაელი;* მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.
1 . სამოცდაათი ძე ჰყავდა ახაბს სამარიაში. ასეთი წერილები მისწერა იეჰუმ იზრეყელის მთავრებს, სამარიელ უხუცესებს და ახაბის ძეთა აღმზრდელთ:
2 . "ახლა, როცა ამ წერილს მიიღებთ, რადგან თან გყავთ თქვენი ბატონიშვილნი, ეტლები, ცხენები, გამაგრებული ქალაქები და იარაღი,
3 . ამოარჩიეთ საუკეთესო და შესაფერისი თქვენს ბატონიშვილთაგან, დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის”.
4 . ძალიან, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: "აჰა, ორი მეფე ვერ აღუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავდგეთ?”
5 . მოციქულნი გაუგზავნეს იეჰუს სასახლისა და ქალაქის გამგებლებმა, უხუცესებმა და აღმზრდელებმა ამ სიტყვებით: "შენი მსახურნი ვართ, რასაც გვეტყვი, აღვასრულებთ. არავის გავამეფებთ, რაც სწორად მიგაჩნდეს, ის გააკეთე”.
6 . ასეთი წერილი მისწერა მათ მეორედ: "თუ ჩემი მსახურნი ხართ და ჩემს ბრძანებებს ასრულებთ, მაშინ ხვალ ამ დროს მომიტანეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და მოდით ჩემთან იზრეყელში”. სამოცდაათნი იყვნენ მეფის ძენი, ქალაქის დიდებულნი ზრდიდნენ მათ.
7 . როგორც კი ეს წერილი მიუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები, სამოცდაათივე მოკლეს; გოდრებში ჩააწყვეს მათი თავები და გაუგზავნეს იზრეყელში.
8 . მივიდა მოციქული და უთხრა იეჰუს: "უფლისწულთა თავები მოიტანეს”. თქვა: ორ გროვად დაყარეთ კარიბჭესთან, დილამდე”.
9 . გამოვიდა იეჰუ მეორე დილას და უთხრა მთელ ხალხს: "თქვენ უდანაშაულონი ხართ. მე ავუმხედრდი ჩემს ბატონს და მოვკალი, მაგრამ ესენი ვინღა დახოცა?
10 . იცოდეთ, არაფერი დარჩება შეუსრულებელი უფლის სიტყვიდან, რომელიც ახაბის სახლზე აქვს ნათქვამი; უფალმა აღასრულა, რაც ელიას, თავისი მსახურის, პირით წარმოთქვა”.
11 . ყველა დარჩენილი დახოცა იეჰუმ ახაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, ახლობელი და მღვდელი, ისე რომ, აღარავინ დარჩენილა.
12 . ადგა იეჰუ და წავიდა სამარიას. ჯერ კიდევ მწყემსთა თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე იდგა,
13 . რომ იუდას მეფის, ახაზიას ძმებს შეხვდა. ჰკითხა: "ვინ ხართ?” მიუგეს: "ახაზიას ძმები ვართ, მეფისა და დედოფლის ძეების მოსაკითხად მივდივართ”.
14 . ბრძანა იეჰუმ: "ცოცხლად შეიპყარით!” ცოცხლად შეიპყრეს და ბეთ-ყეკედის მწყემსთა ბინის ორმოსთან დაკლეს ისინი - ორმოცდაორი კაცი. ერთი კაციც არ დაუტოვებია ცოცხალი.
15 . წამოვიდა იქიდან და მასთან შესახვედრად წამოსულ რეხაბის ძეს, იონადაბს შეხვდა; აკურთხა იგი და უთხრა: "ისეთივე წრფელია შენი გული, როგორც ჩემია შენ მიმართ?” მიუგო იონადაბმა: "წრფელია!” უთხრა იეჰუმ: "მაშ მომეცი ხელი”. მანაც მისცა ხელი და თავის ეტლში აიყვანა იგი”.
16 . უთხრა: "წამოდი და იხილე უფლისთვის ჩემი მოშურნეობა”. და თავისი ეტლით წაიყვანა.
17 . მივიდა იეჰუ სამარიას და გაჟლიტა ყველა, ვინც კი ახაბს სამარიაში დაურჩა; ასე მოსპო ყველა, ელიასადმი ნათქვამი უფლის სიტყვისამებრ.
18 . შეკრიბა იეჰუმ მთელი ხალხი და უთხრა: "ახაბი ცუდად ემსახურებოდა ბაყალს, იეჰუ უკეთესად მოემსახურება.
19 . მოუხმეთ ჩემთან ბაყალის ყველა წინასწარმეტყველს, მის ყველა მსახურსა და მღვდელს; არავინ დააკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლი უნდა შევწირო ბაყალს. ვინც დააკლდება, მოკვდება”. ცბიერებით გააკეთა ეს იეჰუმ, რათა ბაყალის მსახურები გაენადგურებინა.
20 . თქვა იეჰუმ: "გამოაცხადეთ სადღესასწაულო თავშეყრა ბაყალისთვის!” და გამოაცხადეს.
21 . მთელ ისრაელში დაგზავნა იეჰუმ. მოვიდა ბაყალის ყველა მსახური, კაცი არ დარჩენილა, რომ არ მისულიყო; შევიდნენ ბაყალის სახლში და კიდით კიდემდე აავსეს.
22 . უთხრა იეჰუმ სამოსელთა მცველს: "გამოუღე სამოსი ბაყალის ყოველ მსახურს”; გამოუღო.
23 . შევიდნენ იეჰუ და იონადაბი, რეხაბის ძე, ბაყალის სახლში და უთხრეს ბაყალის მსახურებს: "მოიძიეთ და ნახეთ, ხომ არ არის თქვენ შორის უფლის მსახური, რადგან აქ მხოლოდ ბაყალის მსახურნი უნდა იყვნენ”.
24 . მსხვერპლებისა და სრულადდასაწველთა მომზადება დაიწყეს. ოთხმოცი კაცი დააყენა იეჰუმ გარედან და თქვა: "თუ ვინმე გაგექცათ მათგან, ხელში რომ ჩაგიგდეთ, თქვენი სიცოცხლე ჩაენაცვლება გადარჩენილისას”.
25 . როცა სრულადდასაწველი დაასრულეს, უთხრა იეჰუმ მცველთა მეთაურებს: "მიდით, ამოჟლიტეთ, არავინ გაგექცეთ”. მახვილით ამოჟლიტეს მცველთა მეთაურებმა, იქვე დაყარეს და ბაყალის სახლშიც შევიდნენ.
26 . გამოიტანეს ბაყალის სახლის ქანდაკებანი და დაწვეს.
27 . დაამსხვრიეს ბაყალის ქანდაკება, დაანგრიეს ბაყალის ტაძარიც და უწმინდურ ადგილად აქციეს დღემდე.
28 . ამოძირკვა იეჰუმ ბაყალი ისრაელიდან.
29 . მხოლოდ იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს არ განშორებია იეჰუ, რითაც ისრაელი აცდუნა; არც ოქროს ხბორებს, ბეთელსა და დანში რომ იყო.
30 . უთხრა უფალმა იეჰუს: "რადგან ყოველივე აღასრულე ჩემ წინაშე, რაც ახაბის სახლეულზე მქონდა გულში, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ძენი ისრაელის ტახტზე”.
31 . მაგრამ გულმოდგინედ არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს, არ განშორებია იგი იერობყამის ცოდვებს, რითაც ისრაელი აცდუნა.
32 . იმ დღეებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის და მუსრავდა მათ ხაზაელი ისრაელის ყოველ საზღვარზე:
33 . წაართვა იორდანედან მზის აღმოსავლეთით გილყადის მთელი ქვეყანა, გადის, რეუბენისა და მენაშეს მიწები - ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევს, გილყადსა და ბაშანს ემიჯნებოდა.
34 . იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყოველივე, რაც გააკეთა და მისი ყველა გმირობა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
35 . მიიძინა იეჰუმ და თავის მამებთან დაკრძალეს სამარიაში. მის ნაცვლად იეჰოახაზი, მისი ძე გამეფდა.
36 . დღეებმა, რომლებიც იეჰუმ ისრაელზე იმეფა სამარიაში, ოცდარვა წელი შეადგინა.
1 . გაგზავნა მეფემ მოციქულები და შეკრიბეს მასთან იუდასა და იერუსალიმის მთელი უხუცესობა.
2 . წავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან ერთად იუდას ყველა კაცი და იერუსალიმის ყველა მცხოვრები, ასევე მღვდლები, წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიდან პატარამდე და მათ გასაგონად წაიკითხა მეფემ იმ აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა, უფლის სახლში რომ იპოვეს.
3 . დადგა მეფე სვეტის წინ და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, მთელი გულით და მთელი სულით დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და დადგენილებებს, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მთელმა ხალხმა მოიწონა აღთქმა.
4 . უბრძანა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე საფეხურის მღვდლებსა და კარიბჭის მცველთ, რომ გამოეტანათ უფლის სახლიდან ბაყალისთვის, აშერისთვის და მთელი ციური ლაშქრისთვის გაკეთებული ჭურჭელი და ცეცხლს მისცა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.
5 . გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში; და ბაყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცის მთელ მხედრობას უკმევდნენ;
6 . გაიტანა აშერი უფლის სახლიდან იერუსალიმის გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, მტვრად აქცია და ხალხის ძეთა საფლავებზე გააბნია.
7 . დაანგრია უფლის სახლთან მდგარი მეძავთა სახლები, სადაც დედაკაცები საფარველს უქსოვდნენ აშერს;
8 . გამოიყვანა იუდას ქალაქებიდან ყველა მღვდელი და წაბილწა ის მაღლობები, სადაც აკმევდნენ ისინი, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, დაანგრია კარიბჭის მაღლობები, ერთი - ქალაქის მთავრის, იეშუას, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
9 . თუმცა არ ადიოდნენ მაღლობთა მღვდლები უფლის სამსხვერპლოსთან იერუსალიმში, მაინც ჭამდნენ ხმიადებს თავის ძმებთან ერთად.
10 . წაბილწა სამსხვერპლო, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ძე ან ასული.
11 . გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი, უფლის სახლის შესასვლელიდან სარდალ ნეთან-მელექის ოთახამდე, გარეუბანში რომ არის; მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
12 . დაანგრია მეფემ იუდას მეფეთა მიერ, ახაზის ზედა სახლის ერდოზე და უფლის სახლის ორივე ეზოში, მანაშეს მიერ აღმართული სამსხვერპლოები, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში გადაყარა მათი მტვერი.
13 . შებილწა მეფე იოშიამ მაღლობები იერუსალიმის გასწვრივ, გახრწნილების მთის მარჯვნივ, სოლომონმა, ისრაელის მეფემ რომ აუშენა ყაშთორეთს - ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს - მოაბის სიბილწეს და მილქომს - ყამონის ძეთა სისაძაგლეს.
14 . ნამსხვრევებად აქცია სვეტები, გაჩეხა აშერები და ადამიანების ძვლებით შეავსო მათი ადგილები.
15 . ასევე მოექცა სამსხვერპლოს, რომელიც ბეთელშია. იერობყამ ნაბატის ძის, ისრაელის მაცდუნებლის მოწყობილი მაღლობიც და სამსხვერპლოც მანვე დაანგრია; ცეცხლში დაწვა მაღლობი და გააცამტვერა; აშერიც დაწვა.
16 . მიბრუნდა იოშია და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო; გაგზავნა და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები და სამსხვერპლოზე დაწვა. ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, რომელიც წარმოთქვა ღვთისკაცმა, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები.
17 . იკითხა იოშიამ: „ეს რა ძეგლია, მე რომ ვხედავ?” უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები, შენ რომ დამართე ახლა ბეთელის სამსხვერპლოს”.
18 . თქვა: „მოასვენეთ, ნურავინ დასძრავს მის ძვლებს”. არ შეხებიან არც მის და არც იმ წინასწარმეტყველის ძვლებს, რომელიც სამარიიდან მოვიდა.
19 . ასევე მოაშორა იოშიამ ყველა სახლი მაღლობებზე, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის განსარისხებლად და ისეთივე საქმე დამართა მათ, როგორც ბეთელში.
20 . სამსხვერპლოებზე დაკლა მაღლობთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა კაცთა ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა.
21 . უბრძანა მეფემ მთელ ხალხს და უთხრა: „იდღესასწაულეთ პასექი უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, როგორც ამ აღთქმის წიგნში წერია”.
22 . არ მომზადებულა ასეთი პასექი მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განსჯიდნენ ისრაელს და არც ისრაელისა და იუდას მეფეთა დღეებში არ მომხდარა ასეთი რამ.
23 . მხოლოდ იოშია მეფის გამეფების მეთვრამეტე წელს მომზადდა ასეთი პასექი უფლისთვის იერუსალიმში.
24 . აღმოფხვრა იოშიამ მესულთანეები, გრძნეულები, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი იუდას ქვეყანასა და იერუსალიმში გამოჩნდა, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვა ხილკიაჰუ მღვდელმა.
25 . არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც უფლისკენ მთელი თავისი გულით, სულითა და ძალით მოიქცა, მოსეს რჯულის თანახმად და არც მის მერე აღმდგარა მისი მსგავსი.
26 . მაგრამ არ შებრუნებულა უფალი მძვინვარე რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე იმ სიბრაზის გამო, რომლითაც გააბრაზა მანაშემ.
27 . თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ, როგორც ისრაელი მოვიშორე, უარვყოფ ამ ქალაქს, იერუსალიმს და სახლს რომელიც ავირჩიე და რომელზეც ვთქვი: აქ დამკვიდრდება ჩემი სახელი”.
28 . იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეში არაა ჩაწერილი?
29 . მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტის მეფე, აშურის მეფესთან მდინარე ევფრატზე. გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე.
30 . ეტლით წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. აიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, ზეთი სცხეს და მამამისის ნაცვლად გაამეფეს.
31 . ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
32 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები.
33 . დაატუსაღა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა და ქვეყანას ხარკად ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო დააკისრა.
34 . გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას ნაცვლად: სახელი შეუცვალა და დაარქვა იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა და იქ მოკვდა.
35 . ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს, ოღონდ ქვეყანას დაადო გადასახადები, რათა მიეცა ფული ფარაონის ბრძანებისამებრ; ქვეყნის ხალხს, თითოეულს მისი ქონების მიხედვით დააკისრა ნექოსთვის მისაცემი ფული.
36 . ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ზებუდა, ფედაიას ასული, რუმადან.
37 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები.
1 . მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე; სამი წელი მისი მსახური იყო იეჰოიაკიმი, მერე ზურგი აქცია და განუდგა.
2 . აგზავნიდა ხოლმე უფალი იუდას დასაღუპად ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ურდოებს, იმ სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველთა მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი.
3 . უცილობლად უფლის ბრძანებით ეშვებოდა ეს რისხვა იუდაზე, რათა თავისგან განეშორებინა იგი მენაშეს ჩადენილი ყოველი ცოდვის გამო.
4 . იმ უდანაშაულო სისხლის გამო, რომელიც დაღვარა მან და აღავსო მისით იერუსალიმი; არ ინება უფალმა ამის პატიება.
5 . იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
6 . განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი გამეფდა.
7 . აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან ბაბილონის მეფემ დაიპყრო ეგვიპტის საკუთრება, მისი ხევიდან მდინარე ევფრატამდე, ყველაფერი რაც ეგვიპტის მეფეს ეკუთვნოდა.
8 . თვრამეტი წლის იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
9 . მამამისივით ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
10 . იმ დღეებში მოვიდნენ იერუსალიმში ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის მებრძოლნი და ალყაში მოიქციეს ქალაქი.
11 . მოვიდა თავისი მებრძოლებით გარემოცული ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ქალაქში.
12 . გამოვიდა იუდას მეფე იეჰოიაქინი, ბაბილონის მეფესთან - ის, დედამისი, მისი მსახურნი, მთავარნი და საჭურისნი; წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი გამეფების მერვე წელს.
13 . თან გაიტანა ქალაქიდან უფლის ტაძრისა და სამეფო სასახლის მთელი საუნჯენი, როგორც უფალმა თქვა; დაამსხვრია ოქროს ყოველი ჭურჭელი, რომელიც სოლომონმა, ისრაელის მეფემ გააკეთა უფლის ტაძრისთვის.
14 . გაასახლა მთელი იერუსალიმი: ყოველი მთავარი, მამაცი მეომარი, ხელოსანი და მჭედელი - სულ ათი ათასი კაცი; არავინ დარჩენილა ქვეყნის ღარიბი ხალხის გარდა.
15 . იეჰოიაქინი ბაბილონში გადაასახლა; მეფის დედა, ცოლები, საჭურისნი და ქვეყნის ძლიერნი წაიყვანა იერუსალიმიდან ბაბილონის დევნილობაში.
16 . ყველა ძლიერი, შვიდი ათასამდე ბრძოლისუნარიანი, ათასი ხელოსანი და მჭედელი, ყოველი მამაცი და ბრძოლისთვის გამოსადეგი, ბაბილონის დევნილობაში წაიყვანა ბაბილონის მეფემ.
17 . მათანია, იეჰოიაქინის ბიძა გაამეფა ბაბილონის მეფემ მის ნაცვლად. სახელი შეუცვალა და ციდკიაჰუ დაარქვა.
18 . ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელიწადი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ლიბნელი ხამუტალი, ირმიაჰუს ასული.
19 . ყველაფერში იეჰოიაქინივით ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
20 . რადგან უფლის რისხვა იყო ეს უბედურება იერუსალიმსა და იუდაზე რომ მოვიდა, სანამ განიდევნებოდა იგი უფლისგან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.
1 . შეიკრიბა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ;
2 . წარსულშიც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გაგყავდა და შემოგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავო ჩემს ხალხს და შენ იქნებიო ჩემი ქვეყნის, ისრაელის, მთავარი”.
3 . და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს. აღთქმა დადო დავითმა მათთან უფლის წინაშე ხებრონში და სცხეს დავითი ისრაელის მეფედ უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
4 . გაილაშქრა დავითმა და მთელმა ისრაელმა იერუსალიმისკენ, იგივე იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი.
5 . უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ!” მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
6 . თქვა დავითმა: „ვინც პირველი შემუსრავს იებუსელებს, ის იქნება მეთაური და მთავარსარდალი”. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
7 . დამკვიდრდა დავითი იმ ციხე-სიმაგრეში და ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
8 . მან შემოაშენა ქალაქი გარშემო მილოდან შემოგარენამდე, იოაბმა კი ქალაქის დანარჩენი ნაწილი აღადგინა.
9 . უფრო და უფრო დიდდებოდა დავითი, რადგან უფალი, ცაბაოთ ღმერთი იყო მასთან.
10 . ესენი არიან დავითის ძლიერი მეომრების თავკაცები, რომლებიც მასთან ერთად გაძლიერდნენ სამეფოში და ხელი შეუწყეს მის გამეფებას მთელ ისრაელთან ერთად, უფლის სიტყვის მიხედვით.
11 . აჰა, დავითის ძლიერი მეომრების ნუსხა: იაშაბყამ ჰაქმონის ძე, ოცდაათეულის მთავარი. სამასი კაცი მოკლა მან ერთი შერკინებისას თავისი შუბი.
12 . მის შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი, სამ ძლიერ მებრძოლთაგანი.
13 . იგი დავითთან ერთად იდგა ფასდამიმში, სადაც ფილისტიმელნი იყვნენ საბრძოლველად შეკრებილნი. ქერის ყანა იყო იქ და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
14 . ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, გადაარჩინეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს; დიდი გამარჯვება მოუტანა მათ უფალმა!
15 . ოცდაათი მთავრიდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის მღვიმეში; ხოლო ფილისტიმელთა ლაშქარი რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
16 . მაშინ ციხე-სიმაგრეში იყო დავითი, ხოლო ფილისტიმელთა ძალები ბეთლემში იდგნენ.
17 . მოსწყურდა დავითს, ინატრა და თქვა: „ნეტავი ვინმემ ბეთლემის ჭის წყალი დამალევინოს, კარიბჭესთან რომ არის!”
18 . გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომაა, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა წყლის დალევა და უფალს დაუღვარა.
19 . თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე, რომ ამ კაცების სისხლი დავლიო, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში და თავიანთი სიცოცხლის ფასად მოიტანეს წყალი”. აღარ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ასე მოიქცა ის სამი მეომარი.
20 . აბიშაი, იოაბის ძმა, ამ ოცდაათში უფროსი იყო. სამას კაცს შეებრძოლა შუბით და განგმირა. სახელოვანი იყო ამ ოცდაათში.
21 . მათზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
22 . ბენაია იეჰოიადაყის ძე, კაბცეელელი მამაცი ვაჟკაცი იყო, განთქმული ძლიერი საქმეებით; მან შემუსრა ორი მოაბელი ლომკაცი, ორმოში ჩავიდა და ლომი მოკლა თოვლიან დღეს.
23 . მანვე განგმირა ხუთი წყრთის სიმაღლის ეგვიპტელი კაცი: შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც მქსოველს საქსელავი. გაეჭრა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და განგმირა მისივე შუბით.
24 . ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ოცდაათ მეომარს შორის.
25 . აჰა, ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
26 . მეომრებიდან მამაცები იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა; ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;
27 . შამოთ ჰარორელი; ხელეც ფელონელი;
28 . ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი; აბიყეზერ ყანათოთელი;
29 . სიბქაი ხუშათელი; ყილაი ახოხელი;
30 . მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი;
31 . ითაი რიბაის ძე, ბენიამინის ძეთაგან, გიბყადან; ბენაია ფირყათონელი;
32 . ხურაი გაყაშის ხევიდან; აბიელ ყარბათელი;
33 . ყაზმავეთ ბახარუმელი; ელიახბა შაყალბონელი;
34 . ჰაშემ გიზონელის ძენი: იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,
35 . ახიამ საქარის ძე, ჰარარელი; ელიფალ ურის ძე,
36 . ხეფერ მეხერათიელი, ახია ფელონელი,
37 . ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი, ეზბაის ძე,
38 . იოელი, ნათანის ძმა, მიხბარ ჰაგრის ძე,
39 . ცელეკ ყამონელი, ნახრაი ბეეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველმტვირთველი.
40 . ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
41 . ურია ხეთელი, ზაბად ახალაის ძე.
42 . ყადინა შიზას ძე, რეუბენიანი, რეუბენიანთა მეთაური, თავის ოცდაათ კაცთან ერთად.
43 . ხანან მაყაქას ძე და იოშაფატ მითნიელი,
44 . ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეყიელი, ხოთამის ძენი, ყაროყერელნი.
45 . იედიყაელ შიმრის ძე და მისი ძმა, იოხა თიციელი.
46 . ელიელ მახაველი, ირიბაი და იოშავია, ელყამის ძენი და ითმა მოაბელი.
47 . ელიელი, ყობედი, იაყასიელი, მეცობაელი.
1 . ღვთის სული გადმოვიდა ყაზარია ყოდედის ძეზე.
2 . წავიდა, დახვდა ასას და უთხრა: „მისმინეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო! უფალი თქვენთანაა, როცა თქვენც მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით და თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
3 . დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე.
4 . გასაჭირის დროს მობრუნდა უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.
5 . იმ ხანებში არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი არეულობა დაატყდა თავს იმ ქვეყნების ყველა მკვიდრს.
6 . ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით.
7 . თქვენ კი გამაგრდით და ნუ დასუსტდება თქვენი ხელები, რადგან საზღაურს მიიღებთ თქვენი საქმისამებრ”.
8 . როცა ასამ ეს სიტყვები და ყაზარიას წინასწარმეტყველება მოისმინა, სიმხნევე მოიკრიბა და იუდეიდან და ბენიამინის ქვეყნიდან ბილწი კერპები მოაშორა; იმ ქალაქებიდანაც, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო; განაახლა უფლის სამსხვერპლო, რომელიც უფლის ტაძრის წინ იყო.
9 . შეკრიბა მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, როდესაც დაინახეს, რომ უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან.
10 . ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიკრიბნენ ისინი იერუსალიმში,
11 . შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან, შვიდასი ხარი და შვიდი ათასი ცხვარი.
12 . აღთქმა დადეს, რომ მთელი გულითა და მთელი სულით ეძიათ უფალი, თავიანთი მამების ღმერთი;
13 . ყველა, ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო - უმცროსიდან უფროსამდე, მამაკაციდან დედაკაცამდე.
14 . შეჰფიცეს უფალს ხმამაღალი ხმითა და შეძახილებით, საყვირებითა და ბუკებით.
15 . ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, გულმოდგინედ ეძიებდნენ მას და მანაც აპოვნინა თავი. ყველა მხრიდან სიმშვიდე მისცა მათ უფალმა.
16 . მაყაქას, თავის ბებიასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერი, საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ფეხქვეშ გათელა და კედრონის ხევში დაწვა.
17 . ისრაელში კი არ მოუშლიათ მაღლობები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფალს მთელი მისი სიცოცხლე.
18 . შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და მის მიერ მიძღვნილი ვერცხლი და ოქრო, ასევე ჭურჭელი.
19 . აღარ მომხდარა ომი ასას მეფობის ოცდამეთხუთმეტე წლამდე.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონის ძენი, მეყუნიმელნიც მასთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
2 . მოვიდნენ და შეატყობინეს იოშაფატს: „დიდძალი ურდო დაიძრა შენს წინააღმდეგ ზღვის გაღმიდან, არამიდან და, აჰა, ხაცეცონ-თამარში ანუ ყენ-გედში არიან ისინი”.
3 . შეშინდა და სახე უფლის საძიებლად იბრუნა იოშაფატმა. მარხვა გამოაცხადა მთელ იუდაში.
4 . შეიკრიბა იუდა, რომ ეძიათ უფლისაგან შეწევნა; იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან შესავედრებლად;
5 . დადგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში უფლის სახლის ახალი ეზოს წინ
6 . და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო! განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში და შენ არ ბატონობ ყველა ერის სამეფოზე? შენს ხელთაა ძალა და ძლევამოსილება და შენს წინააღმდეგ ვერავინ აღდგება.
7 . განა შენ არ განდევნე, ღმერთო ჩვენო, ამ ქვეყნის მკვიდრნი შენი ხალხის, ისრაელიანებისაგან? და სამუდამოდ მიეცი იგი შენი მეგობრის, აბრაჰამის შთამომავლობას!
8 . დამკვიდრდნენ იქ და საწმიდარი ააშენეს შენს სახელზე და თქვეს:
9 . როცა ბოროტება მოვა ჩვენზე, განკითხვის მახვილი ან შავი ჭირი და შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენ წინაშე, რადგან შენს სახელზეა ეს სახლი და შემოგღაღადებთ ჩვენს გასაჭირს, რათა ისმინო და გვიხსნა.
10 . ახლა კი, აჰა, მოდიან ყამონისა და მოაბის ძენი და სეყირის მთის მკვიდრნი, რომელთა შორის გავლის უფლება არ მიეცი ისრაელს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდა, არამედ გვერდი აუარეს და არ გაუნადგურებიათ ისინი.
11 . შეხედე, როგორ გვიხდიან სამაგიეროს?! მოდიან, რომ გაგვდევნონ სამკვიდრებლიდან, რომელიც შენ მოგვეცი.
12 . ღმერთო ჩვენო! განა არ განიკითხავ მათ?! რადგან უძლურნი ვართ ამოდენა ურდოს წინაშე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან შენკენაა მოპყრობილი ჩვენი თვალი!”
13 . მთელი იუდა იდგა უფლის წინაშე, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ძეებით.
14 . მაშინ გადმოვიდა უფლის სული შუაგულ კრებულში იახაზიელ ზაქარიაჰუს ძეზე, რომელიც ბენაიას, იეყიელის და ლევიანი მათანიას შთამომავალი იყო, ასაფიანთაგან.
15 . თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის.
16 . ჩადით ხვალ მათთან; აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ.
17 . ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ; აღსდექით და იხილეთ უფლისმიერი ხსნა, იუდავ და იერუსალიმ! ნუ შეშინდებით და შეძრწუნდებით. გადით ხვალ მათ პირისპირ, რადგან უფალი იქნება თქვენთან!”
18 . მიწაზე დაემხო იოშაფატი; მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი უფლის წინაშე დაემხნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს.
19 . აღიმართნენ ლევიანნი კეჰათელთაგან და კორახელთაგან უფლის, ისრაელის ღმერთის ხმამაღლა საქებრად.
20 . დილაადრიანად ადგნენ და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ”.
21 . მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმიდის დიდებულება და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!”
22 . როცა იწყეს ყიჟინა და ქება, უფალმა შფოთი დაუშვა ყამონისა და მოაბის ძეებისა და სეყირის მთის მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა.
23 . აღდგნენ ყამონისა და მოაბის ძენი სეყირის მკვიდრთა წინააღმდეგ მათ ასაოხრებლად და გასანადგურებლად; და როცა სეყირის მკვიდრთა განადგურება დაასრულეს, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად.
24 . როცა უდაბნოს საგუშაგოსთან მივიდნენ იუდეველნი, ურდოსკენ გაიხედეს და, აჰა, გვამებითაა მოფენილი მიწა და ცოცხალი აღარავინაა.
25 . მივიდა იოშაფატი თავის ხალხთან ერთად ნადავლის წამოსაღებად და იპოვეს დიდძალი ქონება, უამრავი სამოსელი და ძვირფასი ნივთები; იმდენი ნადავლი დაგროვდა, რომ ერთბაშად წაღება ვერ შეძლეს და სამ დღეს ეზიდებოდნენ სიმრავლის გამო.
26 . მეოთხე დღეს ბერახას (კურთხევის) ველზე შეიკრიბნენ, ვინაიდან იქ აკურთხეს უფლის სახელი. ამიტომ ეწოდება იმ ადგილს კურთხევის ველი ამ დღემდე.
27 . დაბრუნდა იუდასა და იერუსალიმის ყველა კაცი და სიხარულით მიუძღოდა მათ იოშაფატი იერუსალიმში დასაბრუნებლად, რადგან უფალმა მტრებზე გაახარა ისინი.
28 . ჩანგებით, ქნარებითა და ბუკებით მივიდნენ იერუსალიმში, უფლის სახლში.
29 . უფლის შიში დაეცა დედამიწის ყოველ სამეფოს, როცა ესმათ, რომ უფალმა იბრძოლა ისრაელის მტრებთან.
30 . დამშვიდდა იოშაფატის სამეფო და მშვიდობა მისცა ღმერთმა გარშემო.
31 . მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლის გამეფდა იგი და ოცდახუთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
32 . მამამისის, ასას გზით დადიოდა და არ გადაუხვევია უფლის თვალში სიმართლის კეთებისგან.
33 . თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხსაც ბოლომდე არ მიუმართავს გული თავიანთი მამების ღმერთისკენ.
34 . იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველიც და უკანასკნელიც, იეჰუ ხანანის ძის მატიანეშია აღწერილი, რომელიც ისრაელის მეფეთა წიგნში იქნა შეტანილი.
35 . ამის მერე იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფე ახაზიას შეეკრა, რომელიც ბოროტად იქცეოდა.
36 . თარშიშში გასამგზავრებელი გემების ასაშენებლად შეეკრა მას და ყეციონ-გებერში ააგო ხომალდები.
37 . იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა: „რადგან ახაზიას შეეკარი, ჩაგიშლის საქმეებს უფალი!” დაიმსხვრნენ ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა.
1 . ოცდახუთი წლის გამეფდა ხიზკიაჰუ და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო აბია, ზაქარიას ასული.
2 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა.
3 . მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და შეაკეთა ისინი.
4 . მოიყვანა მღვდლები, ლევიანები და აღმოსავლეთის მოედანზე შეკრიბა.
5 . უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! ახლა, განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის სახლი და გამოიტანეთ უწმიდურება წმიდა ადგილიდან.
6 . რადგან შესცოდეს ჩვენმა მამებმა, ბოროტად იქცეოდნენ უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვეს იგი, პირი იბრუნეს უფლის სამყოფელისგან და ზურგი აქციეს მას.
7 . ჩაკეტეს დარბაზის კარები და ჩააქრეს ლამპრები, აღარც საკმეველს აკმევდნენ და აღარც სრულადდასაწველებს აღუვლენდნენ წმიდა ადგილზე ისრაელის ღმერთს.
8 . უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს და გადასცა ისინი ნგრევას, გატიალებასა და შერცხვენას, როგორც თქვენი თვალით ხედავთ.
9 . აჰა, მახვილით დაეცნენ ჩვენი მამები; ჩვენი ძეები, ასულები და ცოლები კი ტყვეობაში არიან ამის გამო.
10 . ახლა გულით მსურს აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი მწველი რისხვა.
11 . ჩემო ძეებო, ნუ იქნებით დაუდევარნი! რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა მის წინაშე მდგარიყავით, გემსახურათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით”.
12 . ადგნენ ლევიანები: კეჰათის ძეთაგან - მახათ ყამასაის ძე და იოელ ყაზარიას ძე; მერარის ძეთაგან - კიში ყაბდიას ძე და ყაზარია იეჰალელელის ძე; გერშონის ძეთაგან - იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე.
13 . ელიცაფანის ძეთაგან - შიმრი და იეყიელი; ასაფის ძეთაგან - ზაქარია და მათანია;
14 . ჰემანის ძეთაგან - იეხიელი და შიმყი; იედუთუნის ძეთაგან - შემაყია და ყუზიელი.
15 . შეკრიბეს თავიანთი ძმები და განიწმიდნენ. მივიდნენ მეფის ბრძანებით, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.
16 . შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდა ოთახში დასასუფთავებლად და გამოიტანეს ყველაფერი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარში და მის ეზოში იპოვეს; აიღეს ლევიანებმა ეს უწმიდურება, გამოიტანეს და კედრონის ხევში გადაყარეს.
17 . პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმენდა, თვის მერვე დღეს კი უფლის დარბაზში შევიდნენ; რვა დღეს წმინდეს უფლის სახლი და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს დაასრულეს.
18 . შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრეს: „გავასუფთავეთ უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი;
19 . ასევე მთელი ჭურჭელი, რომელიც მიატოვა მეფე ახაზმა თავის მეფობაში ორგულობის გამო - ჩვენ მოვამზადეთ და განვწმიდეთ. აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინაშეა ისინი”.
20 . დილაადრიანად ადგა მეფე ხიზკიაჰუ, შეკრიბა ქალაქის მთავრები და უფლის სახლში ავიდა.
21 . შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი, შვიდი კრავი და შვიდი ვაცი მიიყვანეს - სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის; და უბრძანა მღვდლებს, აჰარონის ძეებს, რომ უფლის სამსხვერპლოზე აღევლინათ ისინი.
22 . დაკლეს მოზვრები; აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს; დაკლეს ვერძები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს; დაკლეს კრავები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.
23 . მოიყვანეს განტევების ვაცები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაასხეს მათ.
24 . დაკლეს ისინი მღვდლებმა და მთელი ისრაელის ცოდვების გამოსასყიდად გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო; რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი.
25 . დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით, დავითისა და გადის, მეფის მხილველის და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი ბრძანების მიხედვით, რადგან ასე იყო ნაბრძანები ეს უფლის მიერ წინასწარმეტყველთა მეშვეობით.
26 . ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.
27 . ბრძანება გასცა ხიზკიაჰუმ, რომ სრულადდასაწველი აღევლინათ სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო სრულადდასაწველის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი დავითის
28 . მთელი კრებული თაყვანს სცემდა; მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ; ასე გრძელდებოდა სრულადდასაწველის დამთავრებამდე.
29 . სრულადდასაწველი რომ აღასრულეს, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა ქედი მოიხარეს და თაყვანი სცეს.
30 . უბრძანეს მეფე ხიზკიაჰუმ და მთავრებმა ლევიანებს, რომ ედიდებინათ უფალი, დავითისა და ასაფ წინასწარმეტყველის სიტყვებით; ისინიც სიხარულით აქებდნენ, ქედს იხრიდნენ და თაყვანს სცემდნენ.
31 . მიუგო ხიზკიაჰუმ და თქვა: „ახლა უკვე განწმედილნი ხართ უფლისთვის; მოდით, მოიტანეთ მსხვერპლები და სამადლობელნი უფლის სახლში”. მოიტანა მთელმა კრებულმა მსხვერპლები და სამადლობელნი, ხოლო ვისაც გულით სურდა მოიტანა სრულადდასაწველი.
32 . იმ სრულადდასაწველთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ვერძი, ორასი კრავი; ყოველივე ეს უფლისთვის იყო სრულადდასაწველად.
33 . სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი.
34 . ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და ვეღარ შეძლეს სრულადდასაწველის გატყავება, ამიტომ მათი ძმები ლევიანები ეხმარებოდნენ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და სხვა მღვდლებიც არ განიწმიდნენ, რადგან ლევიანები უფრო წრფელი გულებით იწმიდებოდნენ, ვიდრე მღვდლები.
35 . თანაც უამრავი იყო სრულადდასაწველი, სამშვიდობო შესაწირის ქონთან და საღვრელ შესაწირებთან ერთად. ასე განახლდა უფლის სახლის მსახურება.
36 . გაიხარეს ხიზკიაჰუმ და მთელმა ხალხმა იმის გამო, რაც ხალხს მოუმზადა ღმერთმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი.
1 . თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
2 . მაგრამ ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში იმ ერების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელის ძეთაგან.
3 . კვლავ ააშენა მაღლობები, ხიზკიაჰუმ, მამამისმა რომ დაანგრია; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, აშერი დარგო, თაყვანს სცემდა მთელ ციურ ლაშქარს და მათ ემსახურებოდა.
4 . სამსხვერპლოები ააშენა უფლის სახლში, რომელზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: "იერუსალიმში იქნება ჩემი სახელი სამარადისოდ”
5 . სამსხვერპლოები აუშენა მთელ ციურ ლაშქარს უფლის სახლის ორივე ეზოში.
6 . ცეცხლში ატარებდა თავის ძეებს ბენ-ჰინომის ველზე. მარჩიელობდა, მისნობდა, ჯადოქრობდა და მესულთანეებთან იჭერდა საქმეს; ბევრ ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.
7 . ღმერთის სახლში, მის მიერ გამოთლილი კერპი აღმართა, რომელზეც უთხრა ღმერთმა დავითსა და მის ძეს სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა ტომიდან, საუკუნოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს;
8 . აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მათ მამებს მივეცი, თუ მოიქცევიან იმ რჯულის, წესებისა და მცნებების თანახმად, მოსეს მეშვეობით რომ ვამცნეო მათ!
9 . მაგრამ აცდუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ერებზე მეტ ბოროტებას სჩადიოდნენ, უფალმა რომ გაანადგურა ისრაელის ძეთა წინაშე.
10 . ელაპარაკა უფალი მენაშეს და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს.
11 . და გამოიყვანა მის წინააღმდეგ უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები, კაუჭებით შეიპყრეს მენაშე, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს.
12 . გაჭირვების დროს შეევედრა მენაშე უფალს, თავის ღმერთს და ძლიერ დაიმდაბლა თავი თავისი მამების ღმერთის წინაშე.
13 . ილოცა მის მიმართ და ღმერთმაც ისმინა მისი ვედრება და იერუსალიმში, თავის სამეფოში დააბრუნა იგი. მიხვდა მენაშე, რომ უფალია ღმერთი.
14 . ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზის კარიბჭის შესასვლელამდე; გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა. ასევე მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.
15 . მოაშორა უფლის სახლიდან უცხო ღმერთები და კერპი, ასევე სამსხვერპლოები, რომლებიც მან ააშენა უფლის სახლის მთაზე და იერუსალიმში და ქალაქის გარეთ გადაყარა.
16 . აღადგინა უფლის სამსხვერპლო და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელი მსხვერპლები და უბრძანა იუდევლებს, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.
17 . მაგრამ ხალხი მაინც მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ უფალს, მხოლოდ თავის ღმერთს.
18 . მენაშეს დანარჩენი საქმეები, მისი ლოცვა თავის ღმერთის მიმართ და იმ მხილველთა სიტყვები, რომლებიც მას ისრაელის ღმერთის, უფლის სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
19 . მისი ლოცვა და ის, რომ ღმერთმა ისმინა მისი, მისი ცოდვები და ორგულობა, მაღლობები რომ ააშენა, აშერები და კერპები რომ აღმართა, ყველაფერი მის დამდაბლებამდე, აჰა, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.
20 . მიიძინა მენაშემ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავის სახლში. მის ნაცვლად კი ამონი, მისი ძე გამეფდა.
21 . ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა და ორი წელი იმეფა იერუსალიმში.
22 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე; მენაშეს, მამამისის მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და ემსახურებოდა მათ.
23 . არ დაიმდაბლა თავი უფლის წინაშე, როგორც მამამისმა, მენაშემ დაიმდაბლა, არამედ უფრო მეტად გაამრავლა დანაშაული.
24 . შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მსახურები და თავის სახლში მოკლეს.
25 . დახოცა ქვეყნის ხალხმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი; და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფეს.
1 . ერთხელ ნისანის თვეში, მეფე ართახშასთას მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; რაკი სევდიანი არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
2 . მკითხა მეფემ: "რატომ გაქვს სევდიანი სახე, ავად რომ არ ჩანხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის სევდა!” და ძალზე შევშინდი.
3 . ვუთხარი მეფეს: "იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სევდიანი სახე, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების სამარხებია, დანგრეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?”
4 . მკითხა მეფემ: "რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
5 . ვუთხარი მეფეს: "თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.
6 . მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალი ეჯდა გვერდით: "რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?” და ინება მეფემ ჩემი გაგზავნა და მეც დავუთქვი დრო.
7 . ვუთხარი: "თუ ინებებს მეფე, წერილები მომცენ მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა გზა მომცენ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.
8 . ერთი წერილი ასაფთან გამატანონ, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, ასევე ქალაქის კედლისთვის და სახლისთვის, რომელშიც შევალ”. და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.
9 . მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ ჯარის სარდლები და მხედრები გამომაყოლა.
10 . როდესაც ეს ამბავი სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მსახურმა, გაიგეს, დიდად აღშფოთდნენ, რომ კაცი მოვიდა ისრაელის ძეთა საკეთილდღეოდ.
11 . მივედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.
12 . ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ჩემმა ღმერთმა გულში იერუსალიმისთვის. არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რაზეც ვიჯექი.
13 . ღამიანად გავედი ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისკენ, დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
14 . გავიარე წყაროს კარიბჭისკენ და მეფის აუზისკენ, მაგრამ ადგილი არ აღმოჩნდა იქ, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რაზეც ვიჯექი.
15 . ასე ავუყევი ღამით ხევს და დავათვალიერე კედელი; ისევ უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან და შინ დავბრუნდი.
16 . ქალაქის მთავრებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მთავრებს და არც დანარჩენი საქმის მკეთებელთ ვეუბნებოდი ჯერ რაიმეს.
17 . ბოლოს ვუთხარი: "თქვენ ხედავთ იმ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებით, როგორ არის იერუსალიმი მოოხრებული და მისი კარიბჭეები ცეცხლით დამწვარი: წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
18 . და მოვუყევი ჩემი ღმერთის ხელის შესახებ, სასიკეთოდ რომ იდო ჩემზე, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, რომლებიც მითხრა. და თქვეს: "ავდგეთ და ავაშენოთ!” და განიმტკიცეს ხელი კეთილი საქმისთვის.
19 . გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მსახურმა და არაბმა გეშემმა. დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: "რას სჩადიხართ? მეფეს უჯანყდებით?”
20 . ვუპასუხე მათ: "ცათა ღმერთი მოგვიმართავს ხელს და ჩვენ, მისი მსახურები, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ კი არა გაქვთ წილი, უფლება და სახსენებელი იერუსალიმში!”
1 . ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი და მისი ძმანი, მღვდლები და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; წმიდა ჰყვეს იგი, კარი ჩაუყენეს და წმიდა ჰყვეს მეას გოდოლამდე და ხანანელის გოდოლამდე.
2 . გვერდით იერიხოელნი აშენებდნენ. ხოლო მათ გვერდით ზაქურ იმრის ძე აშენებდა.
3 . თევზის კარიბჭეს სენაყას ძენი აშენებდნენ; გადახურეს და კარები ჩამოკიდეს თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
4 . მათ გვერდით კი ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა კედელს. მის გვერდით ბერექიაჰუ მეშეზაბელის ძის შვილი, მეშულამი ამაგრებდა, ხოლო მის გვერდით - ცადოკი, ბაყანას ძე.
5 . მათ გვერდით თეკოაყელები ამაგრებდნენ, თუმცა მათი დიდებულები თავს არ იწუხებდნენ თავიანთი უფლის საქმის გამო.
6 . ძველ კარიბჭეს იეჰოიადა ფასეახის ძე და მეშულამ ბესოდეიას ძე ამაგრებდნენ; გადახურეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
7 . მათ გვერდით მელატია გაბაონელი და იადონ მერონოთელი ამაგრებდნენ, გიბაონისა და მიცფას მკვიდრნი, რომლებიც მდინარისგაღმელი განმგებლის მფლობელობაში იყვნენ.
8 . მათ გვერდით ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი ამაგრებდა და მის გვერდით კი ანანია, რომელიც ერთ-ერთი მენელსაცხებლის ძე იყო; ფართო კედლამდე აღადგინეს მათ იერუსალიმი.
9 . მის გვერდით რეფაია ხურის ძე ამაგრებდა, იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარი.
10 . მის გვერდით საკუთარი სახლის წინ ამაგრებდა იედაია ხარუმაფის ძე, მის შემდეგ კი - ხატუშ ხაშაბნიას ძე.
11 . მეორე ნაწილი მალქია ხარიმის ძემ და ხაშუბ ფახათ-მოაბის ძემ გაამაგრეს და მათვე შეაკეთეს ღუმელის გოდოლიც.
12 . მის გვერდით იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარმა, შალუმ ჰალოხეშის ძემ გაამაგრა, თვითონ და მისმა ასულებმა.
13 . ხევის კარიბჭე ხანუნმა და ზანოახის მცხოვრებლებმა გაამაგრეს; ააშენეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მათვე ააშენეს ასი წყრთა კედელი ნაგვის კარიბჭემდე.
14 . ნაგვის კარიბჭე ბეთ-ქარემის ოლქის მთავარმა მალქია რეხაბის ძემ გაამაგრა, მან ააშენა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
15 . წყაროსთვალის კარიბჭე კი მიცფას ოლქის მთავარმა, შალუნ ქოლხოზეს ძემ გაამაგრა; მან ააშენა, გადახურა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მანვე ააშენა შელახის აუზის კედელი, სამეფო ბაღთან, დავითის ქალაქიდან ჩამომავალ საფეხურებამდე.
16 . მის შემდეგ ბეთცურის ნახევაროლქის მთავარმა ნეემია ყაზბუკის ძემ გაამაგრა, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ წყალსატევამდე და გმირთა სახლამდე.
17 . მის გვერდით ლევიანები ამაგრებდნენ, რეხუმბანის ძის ხელმძღვანელობით, ხოლო მის გვერდით, კეყილას ოლქის ნახევრის მთავარმა ხაშბაიამ გაამაგრა თავისი ოლქის სახელით.
18 . გვერდით კი მათი ძმები ამაგრებდნენ, ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევაროლქის მთავარი.
19 . მის გვერდით მიცფას ოლქის მთავარი ყეზერ იეშუას ძე ამაგრებდა კედლის ერთ ნაწილს, იარაღის საწყობის ასასვლელამდე, რომელიც კუთხეში იყო.
20 . მის შემდეგ კი მეორე ნაწილს ბარუქ ზაბაის ძე ამაგრებდა გულანთებული, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის შესასვლელამდე.
21 . შემდეგ ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ელიაშიბის სახლის შესასვლელიდან, ელიაშიბის სახლის ბოლომდე.
22 . შემდეგ შემოგარენში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ.
23 . მათ შემდეგ ბენიამინი და ხაშუბი ამაგრებდნენ თავიანთი სახლის წინ; შემდეგ კი მაყასეია ანანიას ძის ვაჟი ყაზარია ამაგრებდა კედელს თავის სახლთან;
24 . მის შემდეგ ბინუი, ხენადადის ძე ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.
25 . ფალალ უზაის ძე კუთხისა და გოდოლის პირდაპირ აგებდა კედელს, მეფის ზემო სახლისა და სატუსაღოს ეზოსთან. მის შემდეგ ფედაია ფარყოშის ძე იყო.
26 . ტაძრის მსახურნი, ყოფელში რომ მკვიდრობდნენ, წყლის კარიბჭისა და აღმოსავლეთით, გამოშვერილი გოდოლის წინ ამაგრებდნენ.
27 . მათ შემდეგ თეკოაყელნი ამაგრებდნენ მეორე ნაკვეთს დიდი გამოშვერილი გოდოლის პირდაპირ და ყოფელის კედლამდე.
28 . ცხენთა კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თავისი სახლის წინ.
29 . მათ შემდეგ ცადოკ იმერის ძე ამაგრებდა თავისი სახლის წინ; მის შემდეგ კი შემაყია შექანიას ძე ამაგრებდა, აღმოსავლეთის კარიბჭის გუშაგი.
30 . მის შემდეგ ხანანია შელემიას ძე და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძე ამაგრებდნენ მეორე ნაწილს; მათ შემდეგ მეშულამ ბერექიას ძე ამაგრებდა თავისი საცხოვრებლის წინ.
31 . მის შემდეგ ამაგრებდა მალაქია, ერთ-ერთი ოქრომჭედლის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, რომელიც სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, ზემო მოსახვევთან იყო.
32 . ზემო მოსახვევსა და ცხვართა კარიბჭეს შორის მჭედლები და ვაჭრები ამაგრებდნენ.
1 . ერისმთავარნი იერუსალიმში დამკვიდრდნენ, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ჰყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში დასამკვიდრებლად მოეყვანათ, დანარჩენი ცხრა კი - სხვა ქალაქებში.
2 . და აკურთა ხალხმა ისინი, ვინც საკუთარი სურვილით დასახლდა იერუსალიმში.
3 . აი, ოლქების მთავარნი, რომლებიც იერუსალიმში დასახლდნენ, იუდას ქალაქებში კი, თითოეული თავის ქალაქსა და სამოსახლოზე ცხოვრობდა: ისრაელიანები, მღვდლები და ლევიანნი, სოლომონისა და ტაძრის მსახურთა შთამომავალნი.
4 . დამკვიდრდნენ იერუსალიმში იუდას და ბენიამინის ძეები. იუდას ძეთაგან: ყათაია, ძე ყუზიასი, ზაქარიასი, ამარიასი, შეფატიასი, მაჰალალელისა - ფერეცის ძეთაგან.
5 . და მაყასეია, ძე ბარუქისა, ქოლხოზესი, ხაზაიასი, ყადაიასი, იოიარიბისა, ზაქარიასი, შილონისა.
6 . ფერეცის ძენი, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობდნენ, ოთხას სამოცდარვა ძალოვანი კაცნი იყვნენ.
7 . ბენიამინის შთამომავალთაგან: სალუ ძე მეშულამისა, იოყედისა, ფედაიასი, კოლაიასი, მაყასეიასი, ითიელისა, ესაიასი.
8 . მის შემდეგ გაბაი და სალაი - ცხრაას ოცდარვა.
9 . და იოელი, ძე ზიქრისა - მათი მეთაური. იუდა სენუას ძე კი ქალაქში მეორე იყო.
10 . მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი,
11 . სერაია ძე ხილკიასი, მეშულამისა, ცადოკისა, მერაიოთისა, ახიტუბისა, ღვთის სახლის მმართველი.
12 . და მათი ძმები, რომლებიც ტაძრის საქმეს აკეთებდნენ - რვაას ოცდაორი. და ყადაია ძე იეროხამისა, ფელალიასი, ამცისა, ზაქარიასი, ფაშხურისა, მალქიასი
13 . და მისი ძმები, მამისსახლთა თავკაცები - ორას ორმოცდაორი. ყამაშაი ძე ყაზარელისა, ახაზიასი, მეშიმოლეთისა, იმერისა
14 . და მათი ძმები, ძლიერი ვაჟკაცები - ას ოცდარვა, რომელთაც ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე მეთაურობდა.
15 . ლევიანთაგან - შემაყია, ძე ხაშუბისა, ყაზრიკამისა, ხაშაბიასი, ბუნისა.
16 . ლევიანთა თავკაცები - შაბთაი და იოზაბადი, ღვთის სახლის გარე სამუშაოებზე იყვნენ.
17 . მადლიერების ლოცვის წამომწყები იყო მათანია, ძე მიქასი, ზაბდისა, ასაფის ძისა, მეორე კი ბაკბუკია იყო მის ძმათაგან და ყაბდა შამუაყის ძე, გალალისა და იედუთუნის შთამომავალი.
18 . სულ ორას ორმოცდაოთხი ლევიანი იყო წმიდა ქალაქში.
19 . კარიბჭის მცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეთა მცველნი - ას სამოცდათორმეტი.
20 . დანარჩენი ისრაელიანები, მღვდლები და ლევიანნი, იუდას ქალაქებში, თითოეული თავის ქალაქსა და სამოსახლოზე ცხოვრობდა.
21 . ტაძრის მსახურნი ყოფელში მკვიდრობდნენ, რომელთაც ციხა და გიშფა თავკაცობდნენ.
22 . იერუსალიმში ლევიანთა ზედამხედველი იყო ყუზი, ძე ბანისა, ხაშაბიასი, მათანიასი, მიქასი - ტაძარში ღვთისმსახურებისას მგალობლებად დადგენილი ასაფიანებიდან,
23 . ვინაიდან მათზე მეფის საგანგებო ბრძანება გაიცა, რომ ყოველდღიური სარჩო ჰქონოდათ მგალობლებს.
24 . ფეთახია, ძე მეშეზაბელისა, ზერახისა, იუდას ძეთაგან, მეფის მარჯვენა ხელი იყო ყოველ სახალხო საქმეში.
25 . ისინი კი, ვინც იუდას ძეთაგან სოფლად, თავიანთ ველებზე დამკვიდრდნენ, ცხოვრობდნენ კირიათ-არბაყსა და დიბონში, თავ-თავისი ქალაქებით, იეკაბცეელსა და მათ ირგვლივ სოფლებში;
26 . იეშუაში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში,
27 . ხაცარ-შუყალში, ბეერ-შებაყსა და მის შემოგარენში,
28 . ციკლაგში, მექონასა და მის შემოგარენში,
29 . ყენ-რიმონში, ცორყაში, იარმუთში,
30 . ზანოახში, ყადულამსა და მათ სოფლებში, ლაქიშსა და მის ველებზე, ყაზეკასა და მის შემოგარენში. და ბეერ-შებაყიდან ჰინომის ხეობამდე დაბანაკდნენ.
31 . ცხოვრობდნენ ბენიამინის ძენი გებაყიდან დაწყებული, მიქმასსა და ყაიაში, ბეთელსა და მის შემოგარენში,
32 . ყანათოთში, ნობში, ყანანიაში,
33 . ხაცორში, რამაში, გითაიმში,
34 . ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში,
35 . ლოდში, ონოსა და მშვენიერ ხეობაში.
36 . იუდას ლევიანთაგან ზოგიერთი ბენიამინში დასახლდა.
1 . მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2 . "რა სარგებელი აქვს ღმერთს კაცისგან? ან რას არგებს მას, სიბრძნის მქონე?
3 . ნუთუ აამებს ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რას სარგებლობს შენი გზების უბიწოებით?
4 . განა შენი ღვთისმოშიშების გამო შეგაგონებს, ანდა წამოვა შენთან ერთად სასამართლოში?
5 . განა დიდი არ არის შენი ბოროტება და შენი ბრალი - უსაზღვრო?
6 . რადგან არაფრის გამო ართმევდი გირაოს შენს ძმებს და სამოსელს ხდიდი ნახევრად შიშვლებს;
7 . წყურვილით ტანჯულს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს არ აწვდიდი;
8 . ძლიერი კაცის არის ეს ქვეყანა და წარჩინებული მკვიდრობს აქ.
9 . ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლების მკლავებს მუსრავდი;
10 . ამიტომ არის შენ გარშემო მახეები და გაძრწუნებს უეცარი შიში;
11 . ნათელი ბნელად გადაგექცა და დიდმა წყლებმა დაგფარეს ძილში!
12 . განა ცათა მწვერვალზე არ იმყოფება ღმერთი? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
13 . შენ კი ამბობ: რა იცისო ღმერთმა, სქელი ღრუბლიდან რა უნდა განსაჯოსო?!
14 . სქელი ღრუბელი უდევს საფარად, ვერაფერს ხედავს, ისე დადის ცის კაბადონზე.
15 . ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ბოროტეულნი რომ დადიოდნენ,
16 . რომლებიც ნაადრევად წარიტაცნენ და რომელთა საძირკველიც წარხოცა მდინარემ?
17 . ღმერთს უთხრეს: გაგვშორდი, რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?!
18 . მან კი სიკეთით აუვსო სახლები, თუმცაღა შორსაა ჩემგან ურჯულოთა რჩევა.
19 . დაინახეს ეს მართლებმა და გაეცინათ, უწიკვლოები კი დასცინოდნენ მათ:
20 . იტყვიან: "აჰა, განადგურდა ჩვენი მტერი და ცეცხლმა შთანთქა მათი ნატამალი”.
21 . ემსახურე მას და სიმშვიდეში დარჩი, ამით მოვა შენთან სიკეთე.
22 . მიიღე რჯული მისი პირიდან და გულში ჩაიდე სიტყვები მისი;
23 . თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, კვლავ აშენდები, მოაშორე უმართლობა შენს კარავს;
24 . შენი ოქრო მტვერში გააბნიე, ოფირის ოქრო - ხევის ლოდებში;
25 . მაშინ ყოვლადძლიერი იქნება შენთვის ოქრო და რჩეული ვერცხლი,
26 . რადგან მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს.
27 . შეევედრები მას და მოგისმენს იგი და შეუსრულებ შენს დაპირებებს.
28 . რასაც გადაწყვეტ - აგისრულდება, სინათლე გაბრწყინდება შენს გზაზე.
29 . რადგან ამდაბლებს ამაყად მოლაპარაკეს, თვალდახრილს კი იხსნის!
30 . იმათაც იხსნის, ვინც არაა უბიწო, აჰა, შენი ხელების სიწმიდით იხსნის მათ!”
1 . მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
2 . გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
3 . წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
4 . შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5 . ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6 . და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
7 . ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8 . თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9 . ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
10 . ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11 . რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
12 . ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
13 . შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
14 . შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15 . შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
16 . შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17 . შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18 . გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19 . მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20 . მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
21 . ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
22 . ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
1 . გალობა ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები, ღმერთო!
2 . რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
3 . შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
4 . თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
5 . მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
6 . ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
7 . გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.
8 . აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა.
9 . დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე;
10 . განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის.
11 . მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს.
12 . რომ ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი უფლისა.
13 . ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში.
14 . ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი,
15 . ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.
16 . აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს სახელს, უფალო.
17 . შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.
18 . მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.
1 . აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2 . გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3 . წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4 . რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5 . დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6 . უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7 . შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8 . ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9 . საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10 . გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11 . დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12 . მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13 . რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14 . აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15 . და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16 . გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17 . რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18 . მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19 . შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20 . განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21 . ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22 . ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23 . გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24 . რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25 . ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26 . იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27 . ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28 . მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29 . დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30 . გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31 . იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32 . დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33 . ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34 . ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35 . გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
1 . სიტყვები აგურ იაქეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი ითიელის, ითიელისა და უქალის მიმართ:
2 . მართლაც უმეცარი ვარ კაცთა შორის და ადამიანური გონიერება არ გამაჩნია.
3 . ვერც სიბრძნე მისწავლია და წმიდის შემეცნებაც არ გამაჩნია.
4 . ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ დაიჭირა მუჭით? წყალი ვინ შეკრა მოსასხამით? ვინ დაადგინა დედამიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
5 . ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.
6 . ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხელს და მატყუარა გამოხვალ.
7 . ორ რამეს გთხოვ და სანამ მოვკვდებოდე, უარს ნუ მეტყვი:
8 . ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,
9 . რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი, ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო ჩემი ღმერთის სახელი.
10 . ცილს ნუ დასწამებ მონას ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
11 . არიან ისეთნი, ვინც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ აკურთხებს.
12 . არიან, საკუთარ თვალში სუფთანი, მაგრამ არ განბანილან საკუთარი სიბინძურისგან,
13 . არიან ისეთნი - და რა ზვიადია მათი თვალები, როგორ აუზიდავთ ქუთუთოები.
14 . არიან, რომელთა კბილებიც მახვილებია და ყბები - დანები, რათა გადაჭამონ ქვეყნის ჩაგრულნი და კაცთა შორის უქონელნი.
15 . წურბელას ორი ასული ჰყავს: მომეცი, მომეცი! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
16 . ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა!
17 . მამის დამცინავ და დედის მორჩილების მოძულე თვალებს ხევის ყორნები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
18 . სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია:
19 . ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.
20 . მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის - არაფერი დამიშავებიაო!
21 . სამი რამის ქვეშ ზანზარებს მიწა და ოთხ რამეს ვერ იტვირთავს:
22 . გამეფებულ მონას და უგუნურს - პურით რომ ძღება,
23 . კახპა ქალს, როცა გათხოვდება და მხევალს, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იმკვიდრებს.
24 . ოთხნი არიან დედამიწაზე, მცირედნი, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
25 . ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან, მაგრამ საზრდოს ზაფხულობით იმარაგებენ;
26 . კლდის ბოცვერი ძლიერი არ არის, მაგრამ კლდეზე იდგამს სახლს;
27 . კალიებს მეფე არა ჰყავთ, მაგრამ მწყობრად გამოდიან;
28 . ხვლიკს ხელით დაიჭერ, ის კი მეფის სასახლეებშია.
29 . ეს სამნი მედიდურად დააბიჯებენ, ოთხნი თამამად დადიან:
30 . ლომი - ცხოველთა შორის ძლიერი, არავის წინაშე დაიხევს უკან.
31 . შემართული მამლაყინწა, ვაცი და მეფე ჯარს რომ მიუძღვის!
32 . თუ ბრიყვულად მოიქეცი და თავი აღიმაღლე ან ბოროტება განიზრახე - ხელი მიიფარე პირზე!
33 . რადგან რძის ჯანჯღარით, კარაქი გამოდის; ცხვირის ქექვით, სისხლი გამოდის; ბრაზის ჯანჯღარით, ჩხუბი გამოდის”.
1 . და იყო, იუდას მეფის, ახაზის - ყუზიას ძის, იოთამის ძის დღეებში - აღდგნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახი, ისრაელის მეფის, რემალიაჰუს ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა.
2 . შეატყობინეს დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდაო არამი, და აუთრთოლდა მას და მის ხალხს გული, როგორც ხეები თრთიან ტყეში ქარისგან.
3 . უთხრა უფალმა ესაიას: "გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა ველის ბილიკზე რომაა;
4 . უთხარი: შეინარჩუნე სიმშვიდე, ნუ დაფრთხება შენი გული ამ აბოლებული მუგუზლების ორი კუდის - რეცინისა და რემალიაჰუს ძის რისხვის გამო,
5 . ბოროტი რომ განიზრახეს შენზე არამმა, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ, და თქვეს:
6 . ავიდეთ იუდაში, შიშის ზარი დავცეთ, დავაქუცმაცოთ და მეფედ ტაბეყალის ძე დავუსვათო.
7 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: არ გამოვა და არ მოხდება.
8 . რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი; სამოცდახუთი წლის შემდეგ გაწყდება ეფრემის ხალხი და აღარ იქნება.
9 . ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიაჰუს ძე. თუ არ გჯერათ, ნამდვილად ვერ გაძლებთ”.
10 . კვლავ ელაპარაკა უფალი ახაზს და უთხრა:
11 . "სთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ნიშანი: ქვესკნელიდან ან მაღლა ციდან”.
12 . მაგრამ მიუგო ახაზმა: "არ ვთხოვ და არ გამოვცდი უფალს”.
13 . თქვა ესაიამ: "ისმინე ახლა, დავითის სახლო: ცოტაა თქვენთვის კაცთა მოთმინებას რომ სცდით, ახლა ჩემი ღმერთის მოთმინების გამოცდაც რომ გინდათ?
14 . ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად - იმანუელს!”
15 . ერბოსა და თაფლს შეჭამს, სანამ ბოროტის უკუგდებასა და კეთილის არჩევას ისწავლის.
16 . ვინაიდან, სანამ ყმაწვილი ბოროტის უკუგდებას და კეთილის არჩევას ისწავლის, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომლის ორი მეფის წინაშეც თრთიხარ.
17 . ისეთ დღეებს მოაწევს უფალი შენზე, შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე, როგორიც არასოდეს მოგწევია, იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ - აშურის მეფეს მოაწევს.
18 . და იქნება იმ დღეს: დაუსტვენს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია,
19 . მოვლენ და დაივანებენ ყველა ციცაბო ხევში, კლდეთა ნაპრალში და ყოველ სარწყავსა და ეკლიან ბუჩქნარზე.
20 . იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმა დაქირავებული სამართებლით - აშურის მეფით - თავს, ფეხის ბალანს და წვერსაც.
21 . და იქნება იმ დღეს: ასაზრდოებს კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს.
22 . და იქნება: რძის სიჭარბისაგან შეჭამს ერბოს, რამეთუ ერბოსა და თაფლს შეჭამს ყველა ამ ქვეყანაზე დარჩენილი.
23 . დადგება დღე, როცა ყოველ ადგილს, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ვაზი ხარობდა, ნარ-ეკალი და ჯაგნარი გადაუვლის.
24 . ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარ-ეკლად და ჯაგნარად გადაიქცევა მთელი ქვეყანა.
25 . და ყოველ მთას, რომელიც ითოხნებოდა, ვერ მიუახლოვდები რადგან შეგეშინდება ნარ-ეკლისა და მჩხვლეტავი ბუჩქნარისა; თუმცა, ხარებს გადენიან იქ და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას.
1 . განაჩენი მოაბისა: მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის ყარი და განადგურდა; მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის კირი და განადგურდა.
2 . ტაძარს ავიდნენ ისინი და დიბონს, მაღლობებზე - სატირლად; ნებოსა და მედებაზე მოსთქვამს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული და წვერი - გაკრეჭილი;
3 . ქუჩებში ჯვალოთი შემოსილან, ყველა ქვითინებს ბანებსა და მოედნებზე, ცრემლებად იღვრებიან.
4 . ხეშბონი და ელყალეც მოსთქვამს, იაჰაზაში ესმით მათი ხმა; ამის გამოა რომ მოაბის მებრძოლებიც დასჭყივლებენ საბრძოლოს, თრთის მისი სული.
5 . კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.
6 . რადგან დაშრა ნიმრიმის წყლები, დიახ, გახმა ბალახი, გაქრა მოლი, აღარ დარჩა სიმწვანე.
7 . ამიტომ წაიღეს დაგროვილი სიმდიდრე და გადანახული ტირიფთა ხევის გაღმა გადააქვთ.
8 . რადგან მოთქმამ მოიცვა მოაბის საზღვრები, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ყელიმამდე - მისი გოდება.
9 . სისხლით აივსო დიმონის წყლები, მაგრამ ამასაც არ ვაკმარებ დიმონს და ლომებს შევუსევ მოაბიდან გამოქცეულებს და ქვეყანაზე დარჩენილ ნატამალს.
1 . დამასკოს განაჩენი: "აჰა, ქალაქი აღარ იქნება დამასკო, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გროვა.
2 . მიტოვებულია ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარებისთვის იქნებიან; წამოწვებიან და არავინ იქნება მათი დამაფრთხობელი.
3 . აღიგვება ეფრემის სიმაგრე და დამასკოს ხელმწიფება, ისრაელის ძეთა დიდებასავით დაემხობა არამის ნარჩენი!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . და იქნება იმ დღეს: დაილევა იაკობის დიდება და ჩამოუხმება ხორცი.
5 . იქნება სამკალის მომკასავით, როგორც მომკელი ხვეტს თავთავებს მკლავით რეფაიმის ხეობაში.
6 . დარჩება მცირე ნაყოფი, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ რჩება: ორი, სამი მარცვალი კენწეროზე, ოთხი, ხუთი - რტოებზე”. - ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი.
7 . იმ დღეს მიაპყრობს ადამიანი მზერას თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ.
8 . აღარ გაიხედავს საკუთარი ხელით ნაკეთები სამსხვერპლოებისკენ, მისმა თითებმა რომ გააკეთეს; აღარც აშერებსა და მზის სვეტებს მიხედავს.
9 . გაუდაბურდება იმ დღეს მისი გამაგრებული ქალაქები, უღრან ტყეს დაემსგავსება, ისრაელის ძეებმა რომ მიატოვეს, და იქნება უკაცრიელი.
10 . რადგან დაივიწყე შენი ხსნის ღმერთი და არ გახსოვდა შენი თავშესაფრის კლდე; დაირგე საამური ნარგავები და გაიშენე უცხო ვენახი.
11 . დარგე და ზრუნავდი მასზე დილაობით, რომ ადრიანად გაფურჩქნულიყო ნერგი, მაგრამ ავადმყოფობას, ტკივილსა და უკურნებელ სენს მოიმკი იმ დღეს.
12 . ჰოი, ხმაური მრავალი ხალხებისა, რომლებიც ზღვასავით ხმაურობენ; ვაი, ღრიალი ტომთა, ვითარცა ღრიალი ადიდებული წყლებისა.
13 . აღრიალდებიან ტომები, როგორც ღრიალებენ წყალნი მრავალნი, მაგრამ შერისხავს და შორს გააქცევს მათ; გაიხვეტებიან მთებში ქარის მიერ მიმოტაცებული ჩენჩოსავით დევნილნი.
14 . საღამო ჟამია და აჰა, ძრწოლაა! გათენებამდე ვეღარ გაძლებს იგი. ასეთი იქნება ჩვენი მძარცველების წილი და ჩვენი გამღატაკებლების ხვედრი.
1 . წინასწარმეტყველება ხილვათა ხეობაზე: რა დაგემართა, მთლიანად ერდოებზე რომ ამოსულხართ,
2 . მღელვარებით სავსე, ხმაურიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ დაცემულან და არც ბრძოლაში დაღუპულან.
3 . ყველა შენი მთავარი ერთად გაიქცა, უმშვილდოთ შეიპყრეს, ვინც შენში ჰპოვეს, ყველანი ერთად შეიპყრეს, თუმცა შორს იყვნენ გაქცეულნი.
4 . ამიტომ ვთქვი: "მზერა მომარიდეთ, მაცალეთ მწარედ ტირილი, ნუ იჩქარებთ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის უბედურების გამო”.
5 . რადგან ჩოჩქოლის, დამორჩილებისა და დაბნეულობის დღეა ხილვის ხეობაში ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან. კედლებს ანგრევენ და მთებს შეჰღაღადებენ.
6 . კაპარჭი აიღო ყელამმა, მეეტლეები და მხედრები მოდიან, ფარი გააშიშვლა კიროსმა.
7 . შენი რჩეული ველები ეტლებით გაივსო, კარიბჭესთან მწყობრად განლაგდნენ მხედრები.
8 . ჯავშანი შემოეძარცვა იუდას და იმ დღეს ხის სასახლის საჭურველზე დადე შენი იმედი.
9 . ნახეთ ნაპრალების სიმრავლე დავითის ქალაქის კედლებში და ქვემო აუზის წყალს ხაპავდით,
10 . აღრიცხავდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით მათ გალავნის გასამაგრებლად,
11 . წყალსატევი გაიკეთეთ ორ გალავანს შორის, ძველი აუზის წყლებისთვის. მაგრამ მის შემოქმედს არ შეხედეთ და ძველთაგანვე მისი დამსახველი არ შეიცანით.
12 . იმ დღეს იყო, რომ მოგიხმოთ ცაბაოთ უფალმა სატირლად და საგლოვად, თმების გადასაპარსად და ჯვალოთი შესამოსად.
13 . მაგრამ, აჰა, ილხენდით და მხიარულობდით! ხარებს კლავდით და ცხვარს ჟლეტდით, ხორცს ჭამდით და ღვინოს სვამდით: ვჭამოთ და ვსვათ, ხვალ მაინც დავიხოცებითო!
14 . გამოუცხადა ცაბაოთ უფალმა ჩემს ყურს: "ნამდვილად არ მიგეტევებათ ეს დანაშაული, სანამ არ მოკვდებით”, ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი.
15 . ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ადექი, მიდი მაგ კარისმცველთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს და უთხარი:
16 . რა უფლება გაქვს, ან ვინა გყავს აქ, სამარხი რომ გამოგიკვეთია შენთვის? მაღლობზე გაგიჭრია სამარხი და კლდეში გამოგიკვეთია მოსასვენებელი.
17 . აჰა, შურდულივით გისვრის უფალი; მტკიცე ალყაში მოგაქცევს.
18 . ფუთასავით დაგგორგლავ და ბურთივით გისვრი შორეულ მიწაზე; იქ მოკვდები და იქ დარჩება შენი დიდების ეტლები, სირცხვილო შენი ბატონის სახლისა!
19 . გადაგაყენებ შენი მსახურებიდან და გადაგაგდებ შენი ადგილიდან.
20 . იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მსახურ ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს.
21 . შენი მოსასხამით შევმოსავ, წელზე შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელთ გადავცემ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
22 . მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
23 . სოლივით ჩავარჭობ მტკიცე ადგილზე და დიდების ტახტად იქნება თავისი მამის სახლისთვის.
24 . მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას, შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს თასებიდან ქოთნამდე.
25 . იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, შეირყევა მტკიცე ადგილზე ჩასობილი სოლი, გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფლის ნათქვამია ეს”.
1 . ვაი მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის.
2 . აჰა, უფლის ძლიერი, მაგარი, თავსხმა სეტყვასავით და წყლის მჩქეფარე ნიაღვრებივით დამღუპველი გრიგალი, მიწაზე რომ ანარცხებს ხელით.
3 . ფეხით გაითელება მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინი.
4 . მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი, ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის, ზაფხულის დადგომამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც დაინახავს თუ არა მნახველი, აიღებს და გადაყლაპავს.
5 . იმ დღეს, ცაბაოთ უფალი გახდება მშვენების გვირგვინი და დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის.
6 . სამართლის სული - სამსჯავროში მსხდომთათვის და ძალა - კარიბჭიდან თავდამსხმელთა მომგერიებელთათვის.
7 . ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.
8 . ვინაიდან ყოველი სუფრა ბინძური ნარწყევით გაივსო, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
9 . ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?
10 . რადგან მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ.
11 . ეუბნებოდნენ მათ: "აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.
12 . ეუბნებოდნენ მათ: "აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.
13 . ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ, რომ წავიდნენ და გულაღმა დაეცნენ, დაილეწონ, მახეში გაებნენ და დატყვევდნენ.
14 . ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, დამცინავო კაცებო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში.
15 . რადგან ამბობდით: "აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით ქვესკნელთან; როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - სამალავად”.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, საიმედო საძირკველს და მასზე მინდობილს შიში ვერ ააჩქარებს.
17 . სამართალს დავდებ საზომად და სიმართლეს - საწონად, სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წალეკავს სიცრუის სამალავს.
18 . გაუქმდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და ვერ გაძლებს თქვენი კავშირი ქვესკნელთან. და როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
19 . რამდენჯერაც არ უნდა ჩამოიაროს, შეგიპყრობთ; ყოველ დილით ჩამოივლის. დღისით და ღამით; მისი ამბის გაგონებაზეც კი ძრწოლა შეგიპყრობთ.
20 . მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და საბანი - ვიწრო, მასში გასახვევად,
21 . რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.
22 . ახლა კი, მოეშვით დაცინვას, თორემ განმტკიცდება თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების ამბავი მოვისმინე ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან.
23 . ყური დაუგდეთ და უსმინეთ ჩემს ხმას, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი.
24 . განა ყოველდღე ხნავს მხვნელი დასათესად, განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს მიწას?
25 . განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მოფანტავს შავკაკალას და კვლიავს მიმოყრის, ხორბალს რიგებად თესავს და ქერს თავის ადგილზე ჰყრის, ჭვავს კი ყანის კიდეებზე ათავსებს.
26 . ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
27 . რადგან კევრით არ ლეწავენ შავკაკალას და ურმის თვალს არ ატარებენ კვლიავზე; რადგან კეტით ბერტყავენ შავკაკალას და ჯოხით - კვლიავს.
28 . ლეწავენ საპურე ხორბალს, თუმცა ბოლომდე არ ნაყავენ; რადგან ურმის თვალი და ცხენები, ასე თუ გაგრძელდა, გააფუჭებენ მას, ამიტომ ჩერდება და აღარ ლეწავს.
29 . ესეც ცაბაოთ უფლისგანაა; საკვირველია მისი რჩევა და დიადი - მისი სიბრძნე.
1 . ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 . გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
3 . ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
4 . ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
5 . გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6 . ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
7 . ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
8 . ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
9 . მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
10 . აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11 . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
12 . მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
13 . ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
14 . ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
15 . აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
16 . ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
17 . ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
18 . ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
19 . ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
20 . ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
21 . განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22 . ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23 . გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
24 . დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25 . "და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
26 . მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
27 . რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
28 . განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29 . დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
30 . უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31 . უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
1 . იღუპება მართალი და კაცი არ არის ამის გულთან მიმტანი; ღვთისმოსავი კაცები წაყვანილ არიან და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.
2 . ის სიმშვიდეში შედის, თავის სარეცელზე განისვენებს, სწორი გზით მავალი.
3 . მოახლოვდით, გრძნეული ქალის ძენო, შთამომავალნო მრუშთა და მეძავთა.
4 . ვისზე სეირობთ, ვისზე აფჩენთ პირს, იგრძელებთ ენას, განა
5 . კერპებით აღეგზნებით ყოველი აყვავებული ხის ძირში, ბავშვების შემწირავნო ხევებსა და კლდეთა ნაპრალებში.
6 . ხევის გლუვ ქვებშია შენი წილი. ისაა შენი ხვედრი. მათ სწირავდი საღვრელსა და პურეულს. არაფრად ჩავაგდო ეს ყველაფერი?
7 . მაღალ და წარმოსაჩენ მთაზე გაიწყობ სარეცელს და იქაც მსხვერპლის შესაწირად ადიხარ.
8 . კარებისა და წირთხლის უკან ტოვებ სამახსოვრო ნიშნებს, რადგან გამშორდი, გაშიშვლდი და ამაღლდი, გაიფართოვე შენი სარეცელი და აღთქმა დადე მათთან, რომელთა საწოლიც შეიყვარე და იხილე მათი კაცობა.
9 . მეფესაც ეახელი ნელსაცხებლით, გაიმრავლე ფერუმარილი, ძალიან შორს გზავნიდი მაცნეებს და ქვესკნელამდე დამდაბლდი.
10 . იღლებოდი შენს შორეულ გზებზე, მაგრამ არ გითქვამს, იმედი დავკარგეო. ძალებს განიახლებდი და ამიტომ არ იქანცებოდი.
11 . ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, როცა იცრუე, არ გამიხსენე და გულს აღარ მიდებდი? დიდხანს ვდუმდი და ამიტომ აღარ გეშინოდა ჩემი?
12 . გამოვაცხადებ შენს ეგრეთწოდებულ სიმართლესა და ნამოქმედარს, მაგრამ სარგებელს არ მოგიტანს შენ.
13 . როცა იყვირებ, გიშველოს შენი კერპების კრებულმა! ყველას ქარი წარიტაცებს და ორთქლი წარხვეტავს, ჩემზე დაიმედებული კი ქვეყანას მიიღებს მემკვიდრეობად და ჩემს წმიდა მთას დაეუფლება”.
14 . იტყვის: "მოასწორეთ, მოასწორეთ, გაათავისუფლეთ გზა, მოაშორეთ დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!”
15 . ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: "მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
16 . ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: "მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
17 . მისი ანგარების ცოდვის გამო ვბრაზობდი და ვლახვრავდი მას; დავემალე, რადგან ვბრაზობდი, ის კი თავხედურად დადიოდა თავისი გულის გზით.
18 . ვიხილე მისი გზები, მაგრამ განვკურნავ მას. წავუძღვები და ნუგეშს აღვუდგენ მას და მასზე მგლოვიარეთ.
19 . მე ვქმნი ბაგეთა ნაყოფს: მშვიდობა, მშვიდობა შორეულსა თუ ახლობელს, ამბობს უფალი, - და მე განვკურნავ მას!
20 . ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელსაც დამშვიდება არ შეუძლია, შლამსა და ტალახს გამორიყავს მისი წყალი.
21 . არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის! - ამბობს ჩემი ღმერთი.
1 . და ასეთი სიტყვა გადმოვიდა ჩემზე უფლისგან:
2 . "ძეო კაცისავ! მიაქციე სახე ისრაელის მთებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ.
3 . უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ, რას ამბობს უფალი ღმერთი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი მთებს, ბორცვებს, ხევებსა და ხეობებს: აჰა, მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს.
4 . დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები, დაიმსხვრევა თქვენი სვეტები. თქვენი კერპების წინ დავცემ თქვენს დახოცილებს.
5 . მათსავე კერპებს მივუყრი ისრაელის ძეთა გვამებს და მოვფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.
6 . ყველა თქვენი საცხოვრებელი ქალაქი აოხრდება და სიმაღლეები დაინგრევა, რათა აოხრდეს და დაინგრეს თქვენი სამსხვერპლოები და დაიმსხვრეს და გატიალდეს თქვენი კერპები, განადგურდეს თქვენი სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი საქმეები.
7 . დაეცემიან განგმირულნი თქვენ შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
8 . მაგრამ ზოგიერთს დავინდობ და გეყოლებათ მახვილს გადარჩენილნი ხალხებში, დევნილობის მიწაზე.
9 . გამიხსენებენ თქვენგან გადარჩენილნი ხალხებში, სადაც იქნებიან გადასახლებულნი, როცა შევმუსრავ მათ მეძავ გულს, რომელიც განმიდგა და მათ თვალებს, რომლებიც მეძავობდნენ თავიანთი კერპების კვალზე. შეზიზღდებათ საკუთარი თავები იმ ბოროტების გამო, რაც მოიმოქმედეს მთელ თავის სისაძაგლეში.
10 . და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, რომ ამაოდ არ ვამბობდი - მოგაწევთ-მეთქი ამ უბედურებას”.
11 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ხელი ხელს დაჰკარი, დაარტყი ფეხი მიწას და თქვი: აი, უბედურება! ისრაელის ტაძრის ყველა ბოროტებისა და სისაძაგლისთვის მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაეცემიან ისინი.
12 . შავი ჭირით მოკვდეს შორსმყოფი და მახვილით დაეცეს ახლომყოფი, გადარჩენილი კი შიმშილით მოკვდეს ალყაშემორტყმული. და დავასრულებ ჩემს გულისწყრომას მათზე.
13 . და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა განიგმირებიან საკუთარ კერპებს შორის და სამსხვერპლოთა ირგვლივ - ყველა მაღლობზე, მთის წვერზე, ამწვანებული ხის ქვეშ და დატოტვილი მუხის ქვეშ, იქ, სადაც მიჰქონდათ კეთილსურნელება თავიანთი კერპებისთვის.
14 . გავიწვდენ ხელს მათზე, ავაოხრებ ამ ქვეყანას და გავატიალებ დიბლათის უდაბნოდან მოყოლებული, ყველა მათი საცხოვრებლებით და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი”.
1 . მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! ფარაონს, ეგვიპტის მეფესა და მის სიმრავლეს უთხარი: ვის ედრები შენი სიდიადით?
3 . აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტყით, ტანმაღალი, ღრუბლებს ეხებოდა მისი კენწერო.
4 . წყლებმა გაზარდეს და უფსკრულმა აამაღლა. თავისი მდინარეებით გამუდმებით გარს უვლიდა ნარგავებს და თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ გზავნიდა.
5 . ამის გამო იყო, რომ მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა, რტოები გაეზარდა და ტოტები დაუგრძელდა უხვი წყლების გამო.
6 . მის რტოებში იბუდებდა ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს ქვეშ ბადებდა მინდვრის ყოველი მხეცი. დიდი ერები ცხოვრობდნენ მის ჩრდილქვეშ.
7 . მშვენიერი იყო თავის სიდიადეში, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.
8 . კედრებმა ვერ დაჩრდილეს იგი ღმერთის ბაღში, კვიპაროსები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით, ხოლო ჭადრები თავისი ტოტებით. ვერც ერთი ხე ვერ ედრებოდა თავისი მშვენებით ღმერთის ბაღში.
9 . ხშირი ტოტებით დავამშვენე და შურდა მისი ედემის ბაღის ყველა ხეს, ღმერთის ბაღში რომ იყო.
10 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტანით გამაღლდა, ღრუბლებს მისწვდა მისი კენწერო და თავისი სიმაღლით გადიდგულდა,
11 . ხალხთა მძლეველს ჩავუგდებ ხელში და ის გაუსწორდება. მისი ბოროტების გამო გავაძევებ.
12 . მოკვეთეს იგი უცხოებმა, სასტიკებმა ხალხთა შორის და მიატოვეს; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყარა მისი ტოტები და ქვეყნის ყველა მდინარეში ჩაილეწა მისი რტოები; მისი ჩრდილიდან გამოვიდა ქვეყნის ყველა ხალხი და მიატოვეს იგი.
13 . მის ნანგრევებზე დაბინავდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს შეაფარებს თავს მინდვრის ყოველი მხეცი.
14 . რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ აღმართოს კენწერო ღრუბლებზე მაღლა; აღარ აღიმართონ კარგად დარწყულებული ძლიერი ტოტები სიმაღლეში, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცნენ ქვეშეთში საფლავად ჩასულ კაცთა ძეებს შორის.
15 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: გლოვა გავმართე მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს; უფსკრული დავუგმანე, მდინარეები დავაკავე და შეჩერდნენ დიდი წყლები. ლიბანი ვაგლოვე მასზე და მინდვრის ყოველი ხე მოსუსტდა მის გამო.
16 . ხალხები შევძარი მისი დაცემის ხმაზე, ქვესკნელში რომ ჩავიყვანე საფლავში ჩასულებთან; ნუგეშცემულ იქნა ედემის ყველა ხე, ქვესკნელის ქვეყანაში, ლიბანის რჩეულები და საუკეთესონი, წყლით უხვად დარწყულებულნი;
17 . ისინიც მასთან ერთად ჩავიდნენ ქვესკნელში, მახვილით დახოცილებთან ერთად; მისი შემწენიც, მის ჩრდილქვეშ რომ ცხოვრობდნენ ხალხებს შორის.
18 . რომელი შეგედრებოდა დიდებითა და ბრწყინვალებით ედემის ხეებს შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვესკნელში და წინადაუცვეთელებთან ერთად დაწვები, მახვილით დახოცილებთან ერთად. აი, ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, საკუთარ თავებს რომ მწყემსავენ! განა ფარა არ უნდა მწყემსონ მწყემსებმა?
3 . ცხიმს ჭამთ, მატყლს იცვამთ და მსუქან ცხვარს კლავთ, მაგრამ ფარას არ მწყემსავთ.
4 . სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
5 . მიმოიფანტნენ მწყემსის გარეშე, ველის მხეცებს გაუხდნენ კერძად და გაიფანტნენ.
6 . ყველა მთასა და მაღალ ბორცვზე დაწანწალებს ჩემი ფარა, მიმოიფანტა მთელ ქვეყანაზე ჩემი ფარა და არავინაა მძებნელი და მომკითხავი.
7 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა:
8 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, რადგან დასატაცებელი გახდა ჩემი ფარა და ველის მხეცთა კერძად იქცა ჩემი ცხვარი უმწყემსობის გამო; რადგან არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, არამედ საკუთარ თავებს მწყემსავდნენ, ჩემს ცხვრებს კი - არა!
9 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა,
10 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს! ჩამოვართმევ ფარაზე მწყემსობას და ვეღარც საკუთარ თავებს დამწყემსავენ! წავგლეჯ ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათი კერძნი!
11 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, თვითონ მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვიძიებ მას.
12 . როგორც მწყემსი ეძებს თავის ფარას, როცა თავის გაფანტულ ცხვარშია, ისე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და ვიხსნი ყველა ადგილიდან, სადაც ღრუბლიან და ბურუსიან დღეს გაიფანტნენ.
13 . გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხიდან, შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე; დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებსა და ხევებში და ქვეყნის ყველა სამკვიდრებელში.
14 . პოხიერ საძოვარზე ვაძოვებ, ისრაელის მაღალ მთებში ექნებათ ფარეხები. იქ განისვენებენ შვებით და ისრაელის მთათა ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ.
15 . თვითონ ვაძოვებ ჩემს ცხვარს და მოვასვენებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
16 . "დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!
17 . თქვენ კი, ჩემო ფარავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, მე განვსჯი სამართალს კრავსა და კრავს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის.
18 . განა გეცოტავებათ პოხიერ მოლზე ძოვა, დანარჩენ საძოვარს ფეხით რომ თელავთ? დაწმენდილ წყალს სვამთ, დარჩენილს კი ფეხით რომ ამღვრევთ?
19 . ჩემი ცხვარი თქვენი ფეხით გათელილს უნდა ჭამდეს და თქვენი ფეხით ამღვრეულს სვამდეს?
20 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები განმკითხველი მსუქან და გამხდარ კრავს შორის.
21 . ვინაიდან გვერდებით, მხრებითა და რქებით აწვებით სუსტებს, რომ გარეთ გარეკოთ ისინი.
22 . მე გამოვიხსნი ჩემს ცხვრებს, მეტად აღარ იქცევიან ნადავლად! განმკითხველი ვიქნები კრავსა და კრავს შორის!
23 . გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება.
24 . მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი იქნება მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვილაპარაკე.
25 . მშვიდობის აღთქმას დავუდებ მათ და ბოროტ მხეცებს აღვგვი ამ ქვეყნიდან, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და ეძინოთ ტყეებში.
26 . მივცემ მათ კურთხევას ჩემი მთის შემოგარენში; თავის დროზე ვაწვიმებ; კურთხევის წვიმები იქნება.
27 . ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
28 . მეტად აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და საკბილოდ მიწის მხეცებისთვის, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
29 . აღვუდგენ სასახელო ნერგს და აღარ იქნებიან შიმშილის მსხვერპლნი ამ ქვეყანაზე; აღარც ხალხების სირცხვილს იტვირთავენ.
30 . და მიხვდებიან, რომ მე, უფალი, მათი ღმერთი ვარ მათთან და რომ ისინი, სახლი ისრაელისა - ჩემი ხალხია! - ამბობს უფალი ღმერთი.
31 . და თქვენ, ჩემო ფარავ, ჩემი სამწყსოს ცხვრებო, ადამიანები ხართ, მე კი - თქვენი ღმერთი!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! სეყირის მთისკენ მიმართე სახე და იწინასწარმეტყველე მასზე.
3 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სეყირის მთაო, ხელს მოგიღერებ, გაგაუდაბურებ და გაგაპარტახებ.
4 . შენს ქალაქებს ნანგრევებად ვაქცევ და უკაცრიელი გახდები. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
5 . იმის გამო, რომ საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილის ძალას გადასცემდი ისრაელის ძეთ მათი უბედურების ჟამს, იმ დროს, როცა დასრულდა მათი დანაშაულის ჟამი.
6 . ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სისხლს ღვრად გადენ და სისხლი დაგედევნება, რაკი არ შეიძულე სისხლისღვრა, სისხლი დაგედევნება.
7 . გავაპარტახებ და უკაცრიელად ვაქცევ სეყირის მთას; მოვკვეთ იქ გამვლელსა და გამომვლელს.
8 . დახოცილებით გავავსებ მის მთებს, მახვილით განგმირულნი დაეცემიან შენს გორაკებზე, ხევებსა და ხეობებში.
9 . საუკუნოდ გაუკაცრიელდები, შენი ქალაქები აღარ აშენდება; მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
10 . რაკი ამბობდი: ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა ჩემი იქნება და ჩვენ დავიმკვიდრებთო მათ! იქ კი უფალი იყო.
11 . ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ შენი რისხვისა და შენი შურისამებრ არ მოგექცე, მათდამი სიძულვილით რომ გამოავლინე; მსჯავრს რომ დაგდებ, ჩემს თავს მაშინ გამოვუცხადებ მათ.
12 . მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, ისრაელის მთების წინააღმდეგ წარმოთქმული; ამბობდი: გაუკაცრიელდნენ და ჩვენ მოგვეცა საჭმელადო!
13 . ჩემს წინააღმდეგ ქედმაღლურად ლაპარაკობდით, სიტყვებს ამრავლებდით ჩემს წინააღმდეგ; მოვისმინე ეს.
14 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: მთელი ქვეყანა რომ გაიხარებს, მაშინ გაგაუკაცრიელებ.
15 . როგორც ისრაელის ტაძრის სამემკვიდრეოს გაუკაცრიელებაზე ხარობდი, ასევე მოგექცევი შენ. მთლიანად უკაცრიელი გახდები, სეყირის მთაო და მთელო ედომო. მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
1 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის მთავარო.
2 . მოგატრიალებ და გამოგათრევ, ჩრდილოეთის კიდეებიდან აგიყვან და ისრაელის მთებზე მოგიყვან.
3 . მშვილდს მარცხენა ხელიდან გაგაგდებინებ, ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ.
4 . ისრაელის მთებზე დაეცემი შენ, მთელი შენი ლაშქარი და ხალხი, შენთან ერთად რომ არის. ყოველგვარი მტაცებელი ფრინველისა და ველის მხეცების საჭმელად შეიქნები.
5 . ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
6 . დავუშვებ ცეცხლს მაგოგსა და ზღვისპირეთზე, უსაფრთხოდ რომ ცხოვრობენ, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
7 . ჩემს წმიდა სახელს გავაცხადებ ჩემი ხალხის წიაღში, ისრაელში, და მეტად აღარ შევაბღალინებ ჩემს წმიდა სახელს; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი, წმიდა, ისრაელში.
8 . აჰა, მოდის და ახდება! ამბობს უფალი ღმერთი, ეს ის დღეა, რომელზეც ვლაპარაკობდი.
9 . ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი გამოვლენ, ცეცხლს გააჩაღებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ხელჯოხებსა და შუბებს; შვიდი წლის განმავლობაში ენთებათ ცეცხლი.
10 . აღარ გაზიდავენ შეშას მინდვრიდან და ტყეშიც აღარ მოჭრიან, რადგან იარაღით გააჩაღებენ ცეცხლს; თავიანთ გამძარცველთ გაძარცვავენ და თავიანთ წამართმეველთ წაართმევენ, ამბობს უფალი ღმერთი.
11 . იმ დღეს იქნება, რომ მივცემ დასამარხ მიწას გოგს, იქ, ისრაელში, ზღვის აღმოსავლეთით გამვლელთა ხეობაში და გზას გადაუღობავს გამვლელთ; იქ დამარხავენ გოგს, მთელ მის სიმრავლეს და უწოდებენ მას ჰამონ-გოგის ხეობას.
12 . შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი, რომ გაასუფთავოს ქვეყანა.
13 . დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ხალხი და დიადი იქნება ის დღე, როცა გავიმარჯვებ, ამბობს უფალი ღმერთი.
14 . კაცებს დანიშნავენ, რომლებიც გამუდმებით ივლიან ამ ქვეყანაში და დახოცილებსა და მიწის ზედაპირზე დარჩენილებს დამარხავენ, რათა გაასუფთავონ ქვეყანა. შვიდი თვის თავზე დაიწყებენ ძებნას.
15 . ჩაივლიან ქვეყანაში გამვლელნი, ნახავენ ადამიანის ძვალს და ნიშანს აღმართავენ მასთან, ვიდრე დამმარხველნი დამარხავდნენ მას ჰამონ-გოგის ხეობაში.
16 . ქალაქის სახელიც ჰამონა იქნება და გაასუფთავებენ ამ ქვეყანას.
17 . და შენ, ძეო კაცისავ! უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ფრთოსანს ყოველგვარს და მინდვრის ყოველ მხეცს: შეგროვდით და მოდით, შეიკრიბეთ ყოველი მხრიდან ჩემს მსხვერპლთან, რომელსაც გწირავთ, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; ხორცს შეჭამთ და სისხლს შესვამთ.
18 . ძლიერთა ხორცს შეჭამთ და ამ ქვეყნის მთავართა სისხლს ისე შესვამთ, თითქოს ყველა მათგანი ბაშანში გამოკვებილი ვერძები, ბატკნები, ვაცები და მოზვრები ყოფილიყვნენ.
19 . ძლიერთა ხორცს შეჭამთ და ამ ქვეყნის მთავართა სისხლს ისე შესვამთ, თითქოს ყველა მათგანი ბაშანში გამოკვებილი ვერძები, ბატკნები, ვაცები და მოზვრები ყოფილიყვნენ.
20 . ჩემს სუფრაზე გაძღებით ცხენებთან, მეეტლეებთან, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად! - ამბობს უფალი ღმერთი.
21 . ჩემს დიდებას გამოვაჩენ ხალხებში და ყოველი ერი დაინახავს ჩემს სამსჯავროს, მე რომ აღვასრულე და ჩემს ხელს, მათზე რომ დავდე.
22 . გაიგებს ისრაელის სახლი, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი იმ დღიდან უკუნისამდე.
23 . ერები გაიგებენ, რომ მისი ურჯულოების გამო განიდევნა ისრაელის სახლი; რომ მიღალატეს და მეც სახე ავარიდე მათ, მტრების ხელში ჩავყარე და ყველანი მახვილით მოისრნენ.
24 . მათი უწმიდურობებისა და დანაშაულებების მიხედვით მოვიქეცი და სახე დავფარე მათგან”.
25 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ახლა დავაბრუნებ ტყვეობიდან იაკობს, წყალობას დავუშვებ მთელ ისრაელის სახლზე და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელის გულისთვის.
26 . დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და თავიანთ ღალატს, ჩემს წინააღმდეგ რომ ჩაიდინეს, როცა თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ დასახლდებიან და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
27 . როცა დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შემოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან; წმიდად გამოვჩნდები მათში მრავალი ხალხების თვალწინ.
28 . მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რადგან მე განვდევნე ისინი ერებში და მევე შემოვკრიბე თავიანთ მიწაზე; არც ერთ მათგანს აღარ დავტოვებ იქ.
29 . აღარ დავფარავ ჩემს სახეს მათგან, რადგან ისრაელის სახლზე მექნება გადმოღვრილი ჩემი სული!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა და, აჰა, წყალი გამოედინება ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ტაძარი. წყალი გამოედინება ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
2 . ჩრდილოეთის კარიბჭის გზით გამიყვანა, გარე გზით გამატარა, გარე კარიბჭისკენ, კარიბჭის გზით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიმართული; და, აჰა, გამოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.
3 . აღმოსავლეთისკენ წავიდა ეს კაცი ზონარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და წყალში გამიყვანა: კოჭებამდე იყო წყალი.
4 . კიდევ გაზომა ათასი და გამატარა წყალში: მუხლებამდე იყო წყალი; კიდევ გაზომა ათასი, გამატარა და წელამდე იყო.
5 . კიდევ გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელშიც ვეღარ გავიარე, რადგან ამაღლდა წყალი და გადასაცურავი გახდა; ფეხით ვერ გაივლიდი მდინარეში.
6 . მითხრა: "ძეო კაცისავ, დაინახე?” წამიყვანა და მდინარის ნაპირას დამაბრუნა.
7 . დავბრუნდი. აჰა, ბევრი ხე დამხვდა მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.
8 . მითხრა: "ეს წყლები აღმოსავლეთის მხარეს მიედინება, ყარაბაში ჩადის, ზღვისკენ მიემართება და ზღვას უერთდება; და განიკურნება წყლები.
9 . ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ყველგან ფუთფუთებს, სადაც მდინარე ჩაივლის, იცოცხლებს; მრავლად იქნება თევზი, რადგან, სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერს განკურნავს და ყველაფერი იცოცხლებს იქ, სადაც ეს მდინარე ჩაივლის.
10 . დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი.
11 . მაგრამ მისი ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, მარილს მიეცემა.
12 . მდინარესთან, ორივე ნაპირზე, გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; მისი ფოთოლი არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა; ყოველ თვეს ნაყოფს გამოიღებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად”.
13 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ეს იქნება საზღვარი, რომელთა მიხედვითაც დაუნაწილებ ქვეყანას ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი.
14 . ყველას თანაბრად დაუნაწილებ სამკვიდროს, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამებს, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა თქვენ გხვდათ წილად სამკვიდროდ.
15 . ეს იქნება ამ ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთის მხარეს, დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადის შესართავამდე,
16 . ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, რომლებიც დამასკოსა და ხამათის საზღვრებს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, ხავრანის საზღვართან რომ არის.
17 . იქნება საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე; ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი.
18 . აღმოსავლეთის მხარეს: ხავრანს შორის და დამასკოს შორის, გილყადს შორის და ისრაელის ქვეყანას შორის, იორდანეზე, აღმოსავლეთის ზღვის საზღვრიდან გადაზომეთ. ეს არის აღმოსავლეთის მხარე.
19 . სამხრეთის მხარეს: სამხრეთისკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისკენ; ეს არის სამხრეთის მხარე, სამხრეთის მიმართულებით.
20 . დასავლეთის მხარეს: დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის მხარე.
21 . ასე დაინაწილეთ ეს ქვეყანა თქვენ შორის, ისრაელის ტომების მიხედვით.
22 . წილისყრით დაინაწილებთ მას სამკვიდრებლად თქვენთვის და თქვენ შორის მცხოვრებ მდგმურთათვის, თქვენ შორის რომ შობენ შვილებს; და იქნებიან ისინი თქვენთვის, როგორც მშობლიურ ქვეყანაში დაბადებულნი ისრაელის ძეთა შორის და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის ტომთა შორის სამკვიდროსთვის.
23 . რომელ ტომშიც დარჩება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . ესაა ტომთა სახელები: ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზაზე ხამათისა და ჰაცარ-ყენანის შესასვლელისკენ, დამასკოს საზღვარზე, ჩრდილოეთისკენ, ჰამათის გვერდით ექნებათ ერთი საზღვარი - აღმოსავლეთიდან დასავლეთით, დანს ერთი ნაწილი.
2 . დანის საზღვართან, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, აშერს ერთი წილი.
3 . აშერის საზღვართან კი, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, ნაფთალს ერთი წილი.
4 . ნაფთალის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, მენაშეს ერთი წილი.
5 . მენაშეს საზღვართან კი, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, ეფრემს ერთი წილი.
6 . ეფრემის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, რეუბენს ერთი წილი.
7 . რეუბენის საზღვართან კი, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, იუდას ერთი წილი.
8 . იუდას საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე შესაწირი იქნება, რომელსაც შესწირავთ: ოცდახუთი ათასი სიგანე, სიგრძე კი, სხვა მიწების მსგავსად აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე. საწმიდარი იქნება მის შუაგულში.
9 . შენაწირი, თქვენს უფალს რომ მიუძღვნით, სიგრძით ოცდახუთი ათასი იქნება და სიგანით - ათი ათასი.
10 . ეს იქნება წმიდა შენაწირი ღვთისმსახურთათვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი, დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით კი სიგრძე ოცდახუთი ათასი. უფლის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.
11 . წმიდა ღვთისმსახურთათვის ცადოკის ძეთაგან, რომლებმაც აღმისრულეს მოვალეობა და არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, ლევიანთა მსგავსად;
12 . მათი წილი ლევიანთა საზღვართან, წმიდათა წმიდად შერაცხული შენაწირი მიწიდან იქნება.
13 . ლევიანთა წილი კი ღვთისმსახურთა საზღვრის მოპირდაპირედ იქნება, ოცდახუთი ათასი სიგრძით და ათი ათასი სიგანით. სრული სიგრძე ოცდახუთი ათასი და სიგანე ათი ათასი.
14 . არ უნდა გაყიდონ მისგან და არ გაცვალონ, არც ამ მიწის პირველნაყოფი გაასხვისონ, რადგან წმიდაა უფლისთვის.
15 . ხოლო დარჩენილი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით ადგილია ქალაქის, გარეუბნებისა და მოედნისთვის; ქალაქი მის შუაგულში იქნება.
16 . ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი, სამხრეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი, აღმოსავლეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი და დასავლეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი.
17 . ექნება ქალაქს შემოგარენი: ჩრდილოეთით - ორას ორმოცდაათი, სამხრეთით - ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით - ორას ორმოცდაათი და დასავლეთით - ორას ორმოცდაათი.
18 . დანარჩენი იმ მიწისა, რაც სიგრძეზე მორჩება, წმიდა შენაწირის პირდაპირ - ათი ათასი აღმოსავლეთით და ათი ათასი დასავლეთით, წმიდა შენაწირის პირდაპირ, ქალაქში მომუშავეთა სანოვაგედ იქნება.
19 . ქალაქში კი ისრაელის ყოველი ტომიდან შეეძლებათ მუშაობა.
20 . მთელი წილი შემონაწირისა ოთხკუთხედად - ოცდახუთი ათასი ოცდახუთ ათასზე, წმიდის შესაწირად დაადგინეთ, ქალაქის მამულებთან ერთად.
21 . მონარჩენი კი მთავრისთვის იქნება, წმიდისთვის შენაწირის ორივე მხრიდან და ქალაქის მამულების მხრიდან ოცდახუთი ათას წყრთაზე, შენაწირის საზღვრამდე აღმოსავლეთით, დასავლეთისკენ ოცდახუთ ათასზე, დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, მთავრის წილი სხვათა წილების შესაბამისად. იქნება წმიდისთვის შენაწირი და საწმიდარი მის შუაგულში.
22 . ლევიანთა ქონება და ქალაქის ქონება მთავრის კუთვნილი წილის შუაგულში იქნება, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის იქნება მთავრისთვის.
23 . დანარჩენი ტომებისთვის კი აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - ბენიამინს ერთი წილი.
24 . ბენიამინის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - სიმონს ერთი წილი.
25 . სიმონის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - ისაქარს ერთი წილი.
26 . ისაქარის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - ზებულუნს ერთი წილი.
27 . ზებულუნის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - გადს ერთი წილი.
28 . გადის საზღვართან, სამხრეთით, თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, ხევის გასწვრივ, დიდ ზღვამდე, საზღვარი იქნება.
29 . ესაა მიწა, რომელსაც გაუნაწილებთ ისრაელის ტომებს მემკვიდრეობად, ესაა მათი წილები!” - ამბობს უფალი ღმერთი.
30 . "ესენია ქალაქის გასასვლელები - ჩრდილოეთის მხრიდან ოთხიათას ხუთასი წყრთა სიგრძეში.
31 . ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება ქალაქის კარიბჭენი: ჩრდილოეთით სამი კარიბჭე იქნება - რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე.
32 . აღმოსავლეთის მხრიდან ოთხიათას ხუთასი წყრთა. სამი კარიბჭე იქნება: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე.
33 . სამხრეთის მხრიდან ოთხიათას ხუთასი წყრთა. სამი კარიბჭე იქნება: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულუნის კარიბჭე.
34 . დასავლეთის მხარე ოთხიათას ხუთასი წყრთა. სამი კარიბჭე იქნება: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე.
35 . გარშემოწერილობა თვრამეტი ათასი წყრთა იქნება. იმ დღიდან ქალაქს ერქმევა "უფალი არის იქ!”
1 . აჰა, იმ დღეებში და იმ დროს იქნება: დავაბრუნებ ტყვეობაში მყოფ იუდასა და იერუსალიმს.
2 . შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
3 . წილი ჰყარეს ჩემს ხალხზე, ბიჭი მეძავში გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს, რომ დაელიათ.
4 . რა ხართ ჩემთვის, ტვიროსო, ციდონო და ფილისტიმის ყველა მხარევ? სამაგიერო გინდათ მომაგოთ? თუ სამაგიეროს მოგებას აპირებთ, სწრაფად და იოლად მოვაქცევ თქვენზევე თქვენს სამაგიეროს.
5 . იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო წაიღეთ და ჩემი ძვირფასი საგანძური თქვენს ტაძრებში შეიტანეთ;
6 . ბერძენთა ძეებს მიჰყიდეთ იუდასა და იერუსალიმის ძენი, რომ თავიანთი საზღვრებიდან მოგეშორებინათ ისინი.
7 . აჰა, ავიყვან მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ და თქვენზევე მოვაქცევ თქვენს საქმეებს;
8 . თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს მივყიდი და ისინი მათ შაბაელთ მიჰყიდიან, შორეულ ხალხს, რადგან უფალმა ბრძანა.
9 . აუწყეთ ეს ამბავი ხალხებს, მოემზადეთ საომრად; გამოაღვიძეთ ძლიერი ვაჟკაცები, ამოვიდნენ და ახლოს მოდგნენ მეომრები.
10 . სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისგან - შუბები; დაე, თქვას სუსტმა: "ძლიერი ვარ!”
11 . იჩქარეთ, მოდით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! უფალო, დაუძახე შენს ძლიერ მებრძოლებს.
12 . გამოიღვიძონ ხალხებმა და იოშაფატის ველს მიაშურონ, რადგან იქ დავჯდები, რომ გავასამართლო ირგვლივ მცხოვრები ხალხები.
13 . მიუშვით ნამგლები, რადგან მოიწია სამკალმა; მოდით და დაწურეთ, რადგან სავსეა საწნახელი; გაივსო კოდები, რადგან დიდია მათი ბოროტება.
14 . ხალხთა სიმრავლე, ხალხთა სიმრავლეა განაჩენის ველზე! რადგან უფლის დღე მოახლოვდა განაჩენის ველზე.
15 . მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ.
16 . სიონიდან დაიგრგვინებს უფალი და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას; ცანი და მიწა თრთიან; მაგრამ თავშესაფარია უფალი თავისი ხალხისთვის და ციხე-სიმაგრე ისრაელის ძეთათვის.
17 . მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.
18 . იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.
19 . გაპარტახდება ეგვიპტე და უკაცრიელ უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან იძალადეს იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლი დაღვარეს მათ ქვეყანაში.
20 . იუდა კი სამუდამოდ დარჩება და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
21 . და მოვიკითხავ მათ სისხლს, რომელიც არ მომიკითხავს, რადგან სიონზე მკვიდრობს უფალი”.
1 . ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელზე იუდას მეფის ყუზიას დღეებში და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დღეებში, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
2 . თქვა: უფალი დაიგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; მწყემსთა საძოვრები გახმება და ქარმელის მწვერვალი გამოშრება.
3 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ დამასკოს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს.
4 . ცეცხლს დავცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის ციხე-დარბაზებს.
5 . დავლეწ დამასკოს ურდულს, მოვკვეთ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში! - ამბობს უფალი.
6 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ღაზას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან მთელი ხალხი გადახვეწეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი.
7 . ცეცხლს დავცემ ღაზას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
8 . მოვკვეთ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი! - ამბობს უფალი.
9 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ცორს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს და ძმური აღთქმა დაივიწყეს.
10 . ცეცხლს დავცემ ცორის გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
11 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ედომს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - რადგან მახვილით დევნა თავისი ძმა, ჩაიხშო სიბრალული, რისხვით ბრდღვინავს გამუდმებით და გულში ბრაზს ინახავს.
12 . ცეცხლს დავცემ თემანს და ცეცხლი შეჭამს ბოცრას ციხე-დარბაზებს.
13 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ყამონს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ორსულ ქალებს ფატრავდნენ გილყადში, თავიანთი საზღვრები რომ გაეფართოებინათ.
14 . ცეცხლს დავცემ რაბას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს: საომარი ყიჟინით - ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი - ქარიშხლიან დღეს;
15 . ტყვედ ჩავარდება მათი მეფე თავის მთავრებთან ერთად! - ამბობს უფალი.
1 . ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე - იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი - აბილინეს მეოთხედმთავარი.
2 . ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, ღმერთის სიტყვა იყო იოანე ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.
3 . დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
4 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
5 . ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება.
6 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
7 . ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
9 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.
10 . და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათო?
11 . ეუბნებოდა მათ პასუხად: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.
12 . მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: "მოძღვარო, რა ვქნათ?”
13 . ხოლო მან უპასუხა: "თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”.
14 . ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: "ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: "ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
15 . იოანე ყველას პასუხობდა: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
16 . იოანე ყველას პასუხობდა: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
17 . მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.
18 . ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19 . მეოთხედმთავარმა ჰეროდემ კი, რომელსაც ამხელდა იგი მისი ძმის ცოლის ჰეროდიას და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
20 . ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩასვა იოანე.
21 . როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა
22 . და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.
23 . თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
24 . მატთათისა, ლევისა, მელხისა, იანაისა, იოსებისა,
25 . მატათიასი, ამოსისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,
26 . მახათისა, მატათიასი, შემეინისა, იოსებისა, იუდასი,
27 . იოხანანისა, რესასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,
28 . მელხისა, ადდისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,
29 . იესოსი, ელიეზერისა, იორიმისა, მატათისა, ლევისა,
30 . სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იორამისა, ელიაკიმისა,
31 . მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32 . იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,
33 . ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,
34 . იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,
35 . სერუგისა, რეგისა, ფელეგისა, ყებერისა, შელახისა,
36 . კეინანისა, არფახშადისა, სემისა, ნოესი, ლამეხისა,
37 . მეთუშელახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კეინანისა,
38 . ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღმერთისა.
1 . ეს რომ თქვა, იესო კედრონის ხევს გაღმა გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ ის და მისი მოწაფეები.
2 . ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო ხშირად ხვდებოდა აქ თავის მოწაფეებს.
3 . ამიტომ, იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და მღვდელმთავრებისა და ფარისეველების მსახურები იახლა და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.
4 . იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?”
5 . მიუგეს მას: "იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
6 . როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
7 . ხელახლა ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” უთხრეს: "იესო ნაზარეველს”.
8 . იესომ მიუგო: "ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.
9 . ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიკარგავს.
10 . სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, იშიშვლა ის, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა.
11 . უთხრა იესომ პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, მამამ რომ მომცა?”
12 . მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.
13 . პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას, იმდროინდელი მღვდელმთავრის სიმამრთან.
14 . ეს ის კაიაფა იყო, იუდევლებს რომ ურჩია, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
15 . იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
16 . პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა.
17 . მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.
18 . ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.
19 . მღვდელმთავარმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა.
20 . მიუგო მას იესომ: "მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს; მუდამ სინაგოგებსა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იკრიბება ყველა იუდეველი. ფარულად არაფერი მილაპარაკია.
21 . მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”.
22 . ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ხელი გაარტყა იესოს და უთხრა: "ასე ელაპარაკები მღვდელმთავარს?”
23 . მიუგო იესომ: "თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?”
24 . მაშინ ანამ შებოჭილი იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა.
25 . სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”.
26 . მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?”
27 . კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.
28 . იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.
29 . პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: "რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?”
30 . უთხრეს: "ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”.
31 . უთხრა მათ პილატემ: "წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: "ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.
32 . რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
33 . პილატე პრეტორიუმში შებრუნდა, მოუხმო იესოს და ჰკითხა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?”
34 . მიუგო იესომ: "შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?”
35 . მიუგო პილატემ: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?”
36 . თქვა იესომ: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური”.
37 . უთხრა პილატემ: "მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: "შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”.
38 . ჰკითხა პილატემ: "რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: "მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში.
39 . ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?
40 . მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: "ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.