ისრაელი არ ერწმუნა ღვთის აღთქმას და უდაბნოში იხეტიალა 40 წელი


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 13 : 2 ; რიცხვნი 14 : 1 ; რიცხვნი 32 : 13 ; მეორე რჯული 8 : 2 ; ფსალმუნები 77 : 17 ; ამოსი 2 : 10 ; ებრაელთა 3 : 8 ; ებრაელთა 4 : 11 ;
1.9.22 ისრაელი არ ერწმუნა ღვთის აღთქმას და უდაბნოში იხეტიალა 40 წელი

- ღმერთმა დაავალა მოსეს რიცხ.13,2
- გაეგზავნა მზვერავები ქანაანის დასაზვერად რიცხ.13,17-20
- მათ დაზვერეს და წამოიღეს იმ მიწის ნაყოფები რიცხ.13,23.27
- ორმა, ქალებმა და იესომ, თქვეს: მართალია ძლიერი ხალხია ჩვენ შევძლებთ მათ დამარცხებას რიცხ.13,28.30; 14,6-10
- სხვები კი პესიმისტურად განეწყვნენ და აადრტვინეს ხალხი რიცხ.13,31-33; 14,1.3
- უფალმა დაიფიცა, რომ ქალებისა და იესოს გარდა ყველა დაიხოცებოდა უდაბნოში და 40 წლის შემდეგ მათი შვილები შევიდოდნენ აღთქმულ ქვეყანაში რიცხ.14,28-34; 32,13
- ღმერთი ისრაელიანებს უდაბნოში სცდიდა, ათვინიერებდა, რათა დაემკვიდრებინათ ქვეყანა რჯ.8,2.3 ამ.2,10
- უდაბნოში ისინი კვლავაც სცოდავდნენ ფს.77,17
- ღვთის წერილი გვირჩევს დღეს არ გავიქვავოთ გული მათ მსგავსად, ნურაფრის ნუ შეგვეშინდება, თამამად გავყვეთ ღვთის ხმობას, რათა მივიღოთ აღთქმული მის სიმშვიდეში შესვლისა ებრ.3,7-19; 4,1-3
- და ჩვენი ურჩობით, მათ მსგავსად, უდაბნოში არ დავიხოცოთ ებრ.4,11

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 13
2. გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.
17. გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.
18. მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
19. როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.
20. როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
23. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები.
27. უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც.
28. ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
30. ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა.
31. სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.
32. ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
33. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში.

რიცხვნი 14
1. ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
3. რისთვის მოგვიყვანა უფალმა ამ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი დედა-წული ტყვედ ჩავარდება? განა უმჯობესი არ იქნება, თუ ეგვიპტეში დავბრუნდებით?
6. იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც სხვებთან ერთად იყვნენ წასულნი ქვეყნის დასაზვერად, შემოიხიეს ტანისამოსი.
7. უთხრეს ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა.
8. თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის.
9. ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!
10. თქვა მთელმა საზოგადოებამ: ჩავქოლოთ! მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა სადღესასწაულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
28. უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29. ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.
30. ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.
31. თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა.
32. თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში ეყრება.
33. თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34. იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა.

რიცხვნი 32
13. აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

მეორე რჯული 8
2. გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.
3. გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.

ფსალმუნი 77
17. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.

ამოსი 2
10. იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა.

ებრაელთა 3
7. ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
8. ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,
9. სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
10. ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა.
11. ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“.
12. იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
13. არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით.
14. რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ.
15. ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“.
16. ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან.
17. მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ?
18. ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ?
19. და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.

ებრაელთა 4
1. მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.
2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.
3. სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან.
11. მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.

__თემაზე წერდნენ__
***
ჩვენ მივსტიროდით დამზრალ წყაროებს,
ყრუდ აღიძვროდა ნისლი ხეობით,
თვალს ვაცილებდით სამაღნაროებს
და უდაბნოსკენ მივირხეოდით...
__ აბრაჰამ იბნ ეზრა __

***
რატომ დაისაჯნენ ისრაელიანები უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალით? რა იყო ამის მიზეზი? იყო თუ არა ეს ღვთის ნება?
- ცხადია. ღვთის ნება ყოველთვის საუკეთესოა. ისინი რომ გაჰყოლოდნენ მოსეს და ისუ ნავეს ძეს, შევიდოდნენ და დამკვიდრდებოდნენ აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ისურვეს. უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალითაც იმ მიზეზის გამო დაისაჯნენ, რა მიზეზითაც ვერ შევიდნენ პირველად აღთქმულ მიწაზე - ეს იყო მათი შიში მტრისა და არა სასოება ღვთისა, ანუ მათი მიწიერი აზროვნება. მართალია, ქანანელები ძლიერი და მეომარი ხალხი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ებრაელებს შიში რომ არ გასჩენოდათ და ღვთის იმედი ჰქონოდათ - ეფიქრათ, ჩვენთან უფალია და მოსეს წინამძღოლობით გავიმარჯვებთო, - ღირსნი გახდებოდნენ აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა. შიშით მათ თავიანთი შინაგანი მდგომარეობა გამოავლინეს, რაც მონური აზროვნებიდან გამომდინარეობდა. ისრაელს მონური ხედვა რომ არ ჰქონოდა, ბრძოლაში გამობრძმედილი რომ ყოფილიყო, სხვაგვარად მოიქცეოდა. ბრძოლაში გამობრმედილი კაცი მარტო მტრის ფიზიკურ მონაცემებს არ აქცევს ყურადღებას, მით უფრო, თუ უფლის მსასოებელია, ურიცხვ მტერსაც შეებმება. ბიბლიიდან გავიხსენოთ გედეონის მაგალითი. მან 300 მებრძოლით ურიცხვი მტერი გაანადგურა, რადგან უფალი იყო მათთან და შეეწეოდათ ბრძოლაში.
- საინტერესოა, რატომ უნდა ეხეტიალათ ებრაელებს ორმოცი წელიწადი...
- აღთქმული ქვეყნის საზღვართან სასჯელის გამოცხადებისას უფალმა მოსეს უბრძანა: "...ისინი იქნებიან დასჯილნი 40 წლის ხეტიალით უდაბნოში, სანამ არ ამოიხოცებიან ყველანი ოც წელზე უფროსნი..." ვიცით, რომ ოც წელს გადაცილებულ ებრაელთაგან მხოლოდ ისუ ნავეს ძე და ქალებ იეფუნის ძე გახდნენ ღირსნი აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა. ზოგი ასაკით გარდაიცვალა, ზოგი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიც სხვა მიზეზით... ყველა უხუცესი ებრაელი უდაბნოში დარჩა. როდესაც რჩეული ერი მეორედ მიადგა აღთქმულ ქვეყანას, მათ ბანაკში, ისუ ნავეს ძისა და ქალების გარდა, 60 წელს გადაცილებული აღარავინ იყო. როგორც ვიცით, თავად მოსე და აარონიც ვერ შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში. 40 წელიწადი დასჭირდა, რომ ისრაელიანთა უხუცესი თაობა გადასულიყო.
- რატომ უნდა ევლოთ ისრაელიანებს ამ ხნის მანძილზე სწორედ უდაბურ, უკაცრიელ ადგილებში?
- რათა ურთიერთობა არ ჰქონოდათ სხვა ერებთან და სარწმუნოებაში განმტკიცებულიყვნენ. მათ რომ სხვა ერებთან ჰქონოდათ ურთიერთობა, ადვილად გადავიდოდნენ მათ სარწმუნოებაზე. მოხდებოდა ისრაელიანთა სხვა ხალხებთან ასიმილაცია. ამასთან, დასახლებულ ტერიტორიებზე რომ ევლოთ, გამუდმებული ბრძოლა მოუხდებოდათ. სხვა ერები უბრძოლველად ხომ არ გაატარებდნენ თავიანთ ტერიტორიაზე.
__ მაკარი აბესაძე __