1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
2 . როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: "წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო”.
3 . უთხრა იუდამ: "მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა: თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო.
4 . თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5 . თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა”.
6 . თქვა ისრაელმა: "რად მიბოროტეთ, რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
7 . უთხრეს: "გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი; აინტერესებდა, მამათქვენი ცოცხალიაო თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა. ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგვთხოვდა?”
8 . უთხრა იუდამ მამამისს: "გამოუშვი ყმაწვილი; ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები!
9 . მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!
10 . რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით”.
11 . თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: "სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები; ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში.
12 . ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენს ტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო.
13 . წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან.
14 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაპოვნინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე, დაე, ასე იყოს”.
15 . წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინიც თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარსდგნენ იოსების წინაშე.
16 . დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: "ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუადღისას”.
17 . ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18 . როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები. თქვეს: "აქ, ალბათ, ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები”.
19 . მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკნენ ჭიშკართან.
20 . "გთხოვთ ჩვენო ბატონო! აქ უწინაც ჩამოვსულვართ საზრდოს საყიდლად!
21 . ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და, აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია! ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ.
22 . კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”
23 . უთხრა მათ: "მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი”. და გამოუყვანა სიმონი.
24 . შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის.
25 . და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26 . დაბრუნდა იოსები სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდე სცეს თაყვანი.
27 . გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: "ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?”
28 . უთხრეს: "ჯანმრთელადაა შენი მსახური მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია”. დაიჩოქეს და თაყვანი სცეს.
29 . აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: "ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: "ღმერთი გწყალობდეს, შვილო!”
30 . და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
31 . პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.
32 . ცალკე მიართვეს მას, იმათაც - ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც - ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა - სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის
33 . და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34 . უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; მაგრამ ხუთჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
1 . ელაპარაკა უფალი მოსესა და აჰარონს:
2 . "ესაა რჯულის დადგენილება, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელიანებს, რომ მოგიყვანონ წითელი, უნაკლო დეკეული, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღლის ქვეშ არ მდგარა.
3 . მიეცით ელეაზარ მღვდელს, გაიყვანოს იგი ბანაკის გარეთ და დაიკლას მის წინაშე.
4 . თითით აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი და შვიდჯერ მოაპკუროს საკრებულო კარვის წინ.
5 . და დაწვან დეკეული მის თვალინ: მისი ტყავი, ხორცი და სისხლი, განავალთან ერთად დაიწვას.
6 . აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი, წითელი ძაფი და მიაგდოს ცეცხლმოკიდებულ დეკეულზე.
7 . გაირეცხოს მღვდელმა სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და მერე შევიდეს ბანაკში; უწმიდური იქნება იგი საღამომდე.
8 . მისმა დამწველმაც გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და უწმიდური იქნება საღამომდე.
9 . მოაგროვოს სუფთა კაცმა დეკეულის ფერფლი და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე დადოს, სადაც შეინახება ისრაელის ძეთა თემისთვის, სასხურებელი წყლისთვის, ცოდვისგან გასაწმენდად.
10 . გაირეცხოს სამოსელი დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა და უწმიდური იქნება საღამომდე. იყოს ეს მარადიულ დადგენილებად ისრაელიანებისა და მათ შორის მცხოვრები ხიზნებისთვის.
11 . ნებისმიერი გვამის შემხები კაცი, უწმიდური იქნება შვიდი დღე.
12 . თუ მესამე და მეშვიდე დღეს ფერფლით გაიწმინდება, სუფთა იქნება; ხოლო, თუ არ გაიწმინდება მესამე და მეშვიდე დღეს, მაშინ არ იქნება სუფთა.
13 . ნებისმიერი, ვინც მკვდარს შეეხო, რომელიმე გარდაცვლილ კაცს და არ განიწმიდა, უფლის აღთქმის კარავი შებილწა მან; უნდა მოისპოს იგი ისრაელისგან, ვინაიდან არ ესხურა ფერფლიანი გამწმენდი წყალი, უწმიდურია იგი და ჯერ კიდევ მასზეა მისი უწმიდურება.
14 . ასეთია რჯული: თუ კარავში მოკვდება კაცი, მაშინ ყოველი კარავში მყოფი და იქ შემსვლელი უწმიდურია შვიდი დღე.
15 . ყოველი ღია ჭურჭელი, რომელიც თავსახურით არაა დახურული, უწმიდურია.
16 . ყველა, ვინც მინდორში მახვილით განგმირულს, მკვდარს, ადამიანის ძვალს ან საფლავს შეეხება, უწმიდურია იგი შვიდი დღე.
17 . აიღონ უწმიდურისთვის ფერფლი ცოდვის გაწმენდისთვის დამწვარი დეკეულისგან და დაასხან ზედ წყაროს წყალი ჭურჭელში
18 . აიღოს სუფთა კაცმა უსუპი, ამოავლოს ამ წყალში, მოაპკუროს კარავს, მთელ ჭურჭელს და ყველა კაცს, რომელიც იქ იყო და შეეხო ან ძვალს ან მკვდარს ან მოკლულს ან საფლავს.
19 . აპკუროს სუფთამ უწმიდურს მესამე და მეშვიდე დღეს და გაიწმიდება მეშვიდე დღეს. გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და გაიწმიდება საღამოს.
20 . თუ გაუწმიდურდება ვინმე და არ გასუფთავდება, კრებულიდან მოისპობა იგი, ვინაიდან შებილწა უფლის საწმიდარი: არ უსხურებია წყალი განსაწმედად, უწმიდურია იგი.
21 . და იყოს ეს მათთვის მარადიულ დადგენილებად: ვინც ასხუროს წყალი გასაწმენდად, უნდა გაირეცხოს სამოსელი და ვინც გამწმედ წყალს შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე.
22 . ყველაფერი, რასაც უწმიდური შეეხება, უწმიდური იქნება და მისი შემხები ადამიანიც უწმიდური იქნება საღამომდე.
1 . "ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 . წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 . რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 . სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 . გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 . ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 . გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 . როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 . რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 . უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 . როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 . მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 . წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 . ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 . გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 . აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 . ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 . შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 . იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 . თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 . მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 . რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 . უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 . მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 . გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 . ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 . რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 . რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 . ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 . როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 . რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 . ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 . გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 . განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 . ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 . რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 . და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 . ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 . ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 . ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 . თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 . სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 . მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 . და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 . და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 . უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 . რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 . იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 . და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 . რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 . შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
1 . ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელის ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ ელეაზარ მღვდელმა, იეშუა ნავეს ძემ და ისრაელის ძეთა ტომების მამამთავრებმა.
2 . წილის ყრით დაუმკვიდრეს, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, ცხრა ტომსა და ნახევარ ტომს.
3 . რადგან ორ ტომს და მენაშეს ნახევარ ტომს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანებისთვის არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.
4 . იმიტომ, რომ იოსების ძენი ორ ტომად იყვნენ: მენაშედ და ეფრემად. არ მიუციათ წილი ლევიანებისთვის ქვეყანაში, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი მინდვრები მათი საქონლისთვის და ქონებისთვის.
5 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელის ძეები და დაინაწილეს ქვეყანა.
6 . მივიდნენ იუდას ძენი გილგალში იეშუასთან და უთხრა მას ხალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: "შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს, ღვთის კაცს, კადეშ-ბარნეაყში, შენზე და ჩემზე.
7 . ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა უფლის მსახურმა მოსემ, კადეშ-ბარნეაყიდან ქვეყნის დასაზვერად და ის სიტყვა მივუტანე მას, რაც გულში მქონდა.
8 . ჩემმა ძმებმა, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ, გული გაუტეხეს ხალხს; მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის კვალს.
9 . და ასე დაიფიცა მოსემ იმ დღეს: ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდრო იქნება უკუნისამდე, რადგან ბოლომდე მიჰყევი უფლის, შენი ღმერთის კვალს.
10 . აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც თქვა; ორმოცდახუთი წელი გავიდა მას მერე, რაც ეს სიტყვა უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი; ოთხმოცდახუთი წლისა ვარ დღეს.
11 . ჯერ კიდევ ძლიერი ვარ, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა; რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საომრად, გასასვლელად და შემოსასვლელად.
12 . ახლა მომეცი ეს მთა, რომელზეც თქვა იმ დღეს უფალმა; რადგან შენ მოისმინე იმ დღეს, რომ ყენაკელნი იყვნენ იქ, დიდი და გამაგრებული ქალაქებით; ეგებ უფალი იყოს ჩემთან და გავნდევნო ისინი, როგორც ბრძანა უფალმა”.
13 . აკურთხა იგი იეშუამ და მისცა ხებრონი ხალებ იეფუნეს ძეს სამკვიდროდ.
14 . ამიტომ არის ხებრონი კენიზელი ხალებ იეფუნეს ძის სამკვიდრო დღემდე, რადგან უფლის, ისრაელის ღმერთის კვალს მიჰყვა იგი.
15 . უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა, არბა სახელოვანი კაცი იყო ყენაკებს შორის. და დაისვენა ქვეყანამ ომისგან.
1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
1 . გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
2 . ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
3 . შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
4 . შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
5 . შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
6 . მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
7 . ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
8 . ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
9 . რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
10 . შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
11 . ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
12 . ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
13 . პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
14 . ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
15 . გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
16 . რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
17 . მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
18 . ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
19 . და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
20 . გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
21 . მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
22 . ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
23 . უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
24 . რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
25 . შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
26 . ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
27 . გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
28 . რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
29 . ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
30 . შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
31 . მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
1 . იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
2 . ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
3 . უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
4 . რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
5 . უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
6 . უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
7 . შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
8 . ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.
9 . რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
10 . უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
11 . აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
12 . ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
13 . ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
14 . თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
15 . მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.
16 . მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
17 . უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
18 . აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
19 . რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
20 . ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
21 . რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
22 . იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.
1 . კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, ხოლო სიკვდილის დღე - შობის დღეს.
2 . გლოვის სახლში მისვლა სჯობს ლხინის სახლში მისვლას, რადგან ისაა ყოველი ადამიანის ბოლო. დაე, გულში დაიმარხონ ეს ცოცხლებმა!
3 . სიცილს მწუხარება სჯობს, ვინაიდან სახის დაღვრემისას გული უკეთესდება.
4 . ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული - მხიარულების სახლში.
5 . ბრძენთაგან მხილების მოსმენა სჯობს, ბრიყვთაგან ქების მოსმენას.
6 . რადგან ქვაბის ქვეშ მოტკაცუნე ეკლების ხმასავითაა ბრიყვის სიცილი; და ესეც ამაოებაა.
7 . ჩაგვრა ბრძენსაც გააუგუნურებს, ქრთამი კი - გულს აფუჭებს.
8 . საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს და თავშეკავება - ქედმაღლობას.
9 . ნუ იჩქარებ გაბრაზებას, რადგან ბრიყვთა გულში ბუდობს სიბრაზე.
10 . ნუ იტყვი: "წარსული დღეები რატომ სჯობდაო ახლანდელს?!” _ რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ სიტყვებს!
11 . კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლო - მზის მომზირალთათვის.
12 . სიბრძნეც დაგიფარავს და ვერცხლიც, ცოდნის სარგებელი კი ისაა, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს.
13 . ჩაუკვირდი ღვთის მოქმედებას, ვინაიდან ვინ შეძლებს მისი გამრუდებულის გასწორებას?
14 . დატკბი სიკეთის დღეს და უბედურების დღეს - ჩაუკვირდი; ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ კაცი ვერ მიხვდეს რა იქნება მის შემდეგ.
15 . ვიხილე ეს ყოველივე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი, რომელიც თავის სიმართლეში იღუპება და ბოროტი - დღეგრძელი თავის ბოროტებაში.
16 . ნუ იქნები გარდამეტებულად მართალი და ზედმეტად ნუ დაბრძენდები; ნუ დაიღუპავ თავს!
17 . დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები - დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?
18 . კარგია თუ ამას ჩაეჭიდები და არც იმას გაუშვებ ხელს, რადგან უფლის მოშიში ყოველივეს გადალახავს.
19 . სიბრძნე, ქალაქში მყოფ ათ ხელისუფალზე მეტად განამტკიცებს ბრძენს.
20 . მართლაც არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც სიკეთეს იქმს და არ სცოდავს.
21 . ნურც ყოველ ნათქვამ სიტყვას მიაყურადებ, რათა არ გაიგონო როგორ გწყევლის შენი მონა.
22 . რადგან ბევრჯერ მიხვდა შენი გული, რომ შენც სწყევლიდი სხვებს.
23 . ყოველივე ეს, სიბრძნით გამოვცადე და ვამბობდი დავბრძენდები-თქო, მაგრამ შორსაა ჩემგან სიბრძნე.
24 . შორია გარდასული და ღრმაა, ძალიან ღრმა, ვინ მოიძიებს?
25 . მოვმართე ჩემი გული, რათა მესწავლა და გამომეკვლია რა არის სიბრძნე და გონიერება, რომ უკეთურება სიბრიყვეა და უგუნურება _ შეშლილობა.
26 . აღმოვაჩინე, რომ სიკვდილზე მწარეა ქალი, რადგან ხაფანგია ის, მისი გული - ბადე და მისი ხელები კი - ბორკილები! უფლის წინაშე კეთილი დაუსხლტება მას, ცოდვილი კი გაებმება მასში.
27 . "აჰა, ეს აღმოვაჩინე!” - თქვა ეკლესიასტემ - "ერთიმეორეს მიყოლებით, ხანგრძლივი კვლევით,
28 . რასაც ეძიებდა ჩემი გული, მაგრამ ვერ ვპოვე; ათასი კაციდან ერთი ღირსეული ვპოვე, ქალებიდან კი _ ვერც ერთი.
29 . აჰა, მხოლოდ ეს აღმოვაჩინე - რომ ღმერთმა წრფელი შექმნა ადამიანები, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს!”
1 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: "ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!”
2 . კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს;
3 . ამბობდა: "გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4 . და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ. ეთქვა:
5 . "წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: "შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.
6 . დაგიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს და დავიცავ ამ ქალაქს”.
7 . ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ შეასრულებს უფალი სიტყვას, რომელიც წარმოსთქვა:
8 . "აჰა, უკან დავაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზიას საფეხურებზე, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ”. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, უკვე ჩავლილი რომ ჰქონდა.
9 . ხიზკიაჰუს, იუდას მეფის წერილი, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან.
10 . ვთქვი: "ჩემი ცხოვრების შუაძალს შავეთის კარიბჭეში შევდივარ; წამერთვა დარჩენილი წლები”.
11 . ვთქვი: "ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის.
12 . მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.
13 . დილამდე ველოდი, ლომივით შემიმუსრა ყველა ძვალი, დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი;
14 . როგორც მერცხალი, როგორც წერო, ისე ვჭყიოდი; მტრედივით ვკვნესოდი და ცისკენ მქონდა თვალები აპყრობილი; უფალო, მიჭირს, მიშველე;
15 . რა ვთქვა? მითხრა და თვითონვე აღასრულა; ვიხეტიალებ მთელი წლები სულის სიმწარეში.
16 . უფალო! ამით ცოცხლობენ ადამიანები და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე; გამაჯანსაღე და გამაცოცხლე.
17 . აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე, შენ დაიცავი სული ჩემი არარაობის ორმოსგან და შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ყველა ცოდვა.
18 . რადგან საფლავი ვერ შეგაქებს, სიკვდილი ვერ შეგასხამს ხოტბას და საფლავში ჩამავალნი ვერ დაიმედდებიან შენს ერთგულებაზე.
19 . ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.
20 . უსათუოდ გადამარჩენს უფალი და ჩვენც ავაჟღერებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში”.
21 . თქვა ესაიამ: "მოუტანეთ ლეღვის კვერი, დაადეთ წყლულზე და იცოცხლებს”.
22 . თქვა ხიზკიაჰუმ: "რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?”
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში.
3 . უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” - ამბობს
4 . ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო ოჯახო.
5 . ასე ამბობს უფალი: "რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ? ამაოებას მისდიეს და თვითონაც რომ ამაონი გახდნენ?
6 . არ უკითხავთ: სად არის უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან ამოგვიყვანა, რომელმაც უდაბნოში, ტრამალებზე და დახრამულ ადგილებში გვატარა, ურწყულ და ბნელ ქვეყანაში, სადაც კაცს არ გაუვლია და სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
7 . მოგიყვანეთ ნაყოფიერ ქვეყანაში, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და დოვლათი, მაგრამ მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ.
8 . მღვდლებს არ უკითხავთ: სად არის უფალი? რჯულის კაცნი ვერ მცნობდნენ, მმართველნი აღდგნენ ჩემ წინააღმდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და უსარგებლო გამოსახულებებს მიჰყვებოდნენ.
9 . ამიტომ კიდევ დაგიწყებთ დავას, ამბობს უფალი, თქვენ და თქვენს შვილთაშვილებსაც მოვედავები.
10 . რადგან, აბა, დაიარეთ ქითიმელთა ზღვისპირეთი და ნახეთ, კედარში გააგზავნეთ და ყურადღებით დააკვირდით, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამ?
11 . თუ შეუცვლია რომელიმე ერს თავისი ღმერთები, თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი უსარგებლო კერპებზე გაცვალა თავისი დიდება.
12 . გაოგნდით, ცანო, ამ ამბის გამო, შეძრწუნდით და შეშფოთდით” - ამბობს უფალი.
13 . "რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
14 . განა მონაა ისრაელი? თუ მონის სახლშია დაბადებული? მაშ რატომ იქცა ნადავლად?
15 . მასზე ღრიალებდნენ ლომის ბოკვერნი, ხმამაღლა ღრიალებდნენ. გააუდაბურეს ქვეყანა; მისი ქალაქები გადამწვარი და უკაცრიელია.
16 . ნოფის და თახფანესის ძეებმაც კი მოგპარსეს კეფა.
17 . განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, გზად რომ მიჰყავდი?
18 . ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? ნილოსის წყლის დასალევად? აშურის გზას რაღად დასდგომიხარ? ევფრატის წყლის დასალევად?
19 . შენივე ბოროტმოქმედება დაგსჯის და შენივე განდგომა გამხელს; დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და რა მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი და შიში აღარ გაქვს ჩემ წინაშე” - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
20 . "რადგან დიდი ხნის წინ მე დავლეწე შენი უღელი და დავწყვიტე შენი ბორკილები, მაგრამ შენ თქვი: "მაინც არ გემსახურები” და ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ დაწექი მეძავივით.
21 . მე კი რჩეულ ვაზად დაგრგე, სრულ და ჭეშმარიტ თესლად, როგორ გადაგვარდი და ველურ ვაზის ყლორტებად როგორ გადამექეცი?
22 . ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
23 . "როგორ ამბობ: არ შევბილწულვარ და ბაყალთა კვალზე არ მივლიაო? შეხედე შენს გზას ხეობაში, შეიგნე, რა ჩაიდინე, მარდო აქლემო, შენს გზებზე რომ დაწანწალებ;
24 . ვინ მოაბრუნებს მყვირალობის დროს უდაბნოს მიჩვეულ კანჯარს? ვნებით რომ ისუნთქავს ჰაერს. მისი მძებნელნი არ დაიღლებიან, მიაგნებენ, როცა დადგება დაწყვილების თვე.
25 . ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.
26 . როგორც ქურდი შერცხვება, როცა წაასწრებენ, ისე შერცხვა ისრაელის სახლი, შერცხვნენ მისი მეფეები, მისი მთავრები, მისი მღვდლები და მისი წინასწარმეტყველნი.
27 . ხეს რომ ეუბნებიან: ჩვენი მამა ხარო, და ქვას: შენ გვშობეო, რადგან ზურგი მაქციეს და არა სახე; ხოლო უბედურება რომ დაატყდებათ, ამბობენ: მოდი და გვიხსენიო!
28 . სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე? აბა, აღსდგნენ, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს; რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ!
29 . რისთვისღა მედავებით? ყველა ჩემ წინააღმდეგ აღდექით”, - ამბობს უფალი.
30 . "ამაოდ ვცემდი თქვენს ძეებს, დარიგება მაინც არ მიიღეს; თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც სასტიკმა ლომმა.
31 . თაობავ! შეიგნე უფლის სიტყვა; განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან წყვდიადის ქვეყანა? რატომ ამბობს ჩემი ხალხი: თავისუფალნი ვართ, მეტად აღარ მოვალთ შენთანო?
32 . განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულს, პატარძალი - თავის მორთულობას? ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა და დავიწყების დღეებს რიცხვი არა აქვს.
33 . რა კარგად გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად! ავხორცი ქალიც კი ისურვებდა შენი გზების სწავლას.
34 . შენი სამოსელის კალთებსაც ამჩნევია არა ქურდების, არამედ უდანაშაულო ღატაკთა სისხლი;
35 . მაინც ამბობ, უდანაშაულო ვარ, მისი რისხვა ჩემგან შებრუნდებაო! აჰა, მე გაგასამართლებ შენი ნათქვამის გამო, რადგან ამბობ, არ შემიცოდავსო!
36 . რას დაეხეტები და იცვლი გზებს? ეგვიპტისგანაც ისე შერცხვები, როგორც ასურეთისგან შერცხვი.
37 . მისგანაც თავშიცემით გახვალ, რადგან უფალმა ისიც უარყო, ვისი იმედიც გქონდა და არ გექნება მისგან გამორჩენა.
1 . რკინის კალმითაა დაწერილი იუდას ცოდვები, ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულის ფიცარზე და მათი სამსხვერპლოების რქებზე.
2 . მათ შვილებსაც ახსოვთ სამსხვერპლოები, ფოთლოვანი ხეები და აშერები მაღალ გორაკებზე.
3 . შენს მთებს, შენს სიმდიდრესა და მთელ შენს საუნჯეს საძარცვად მივცემ, შენს მაღლობებს - მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვების გამო.
4 . შენივე მეშვეობით დაკარგავ მემკვიდრეობას, რომელიც მე მოგეცი. მოემსახურები შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან ჩემი მრისხანების ცეცხლი გააღვივეთ, მუდამ იგიზგიზებს იგი”.
5 . ასე ამბობს უფალი: "წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.
6 . უდაბურ ველზე ამოსული ბუჩქივით იქნება, სიკეთეს ვერ ეღირსება; იცხოვრებს გადაბუგულ ველზე, მარილოვან და დაუსახლებელ მიწაზე.
7 . კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს; უფალი იქნება მისი დასაყრდენი.
8 . წყლის პირას დარგული ხესავით იქნება, წყაროსკენ გაიდგამს ფესვებს და გვალვის დადგომა არ შეაშინებს; ფოთლები ამწვანებული ექნება,
9 . ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?
10 . მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელებს, რათა თითოეულს თავის საქმეთა მიხედვით მივაგო”.
11 . კაკაბი იმ კვერცხებს რომ ჩეკს, რომლებიც თვითონ არ დაუდია, უმართლო გზით ქონების მომხვეჭელივითაა; მისი დღეების შუაძალზე დაკარგავს, დღეთა დასასრულს კი გაბრიყვებული დარჩება.
12 . დიდების ტახტი, დასაბამიდანვე ამაღლებული, არის ჩვენი საწმიდრის ადგილი.
13 . ო, უფალო, ისრაელის იმედო, ვინც მიგატოვებს, ყველა შერცხვება; შენგან განდგომილნი მიწის მტვერში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.
14 . განმკურნე, უფალო, და განკურნებული ვიქნები, მიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი ქების სიმღერა.
15 . აჰა, ასე მეუბნებიან ისინი: "სადაა უფლის სიტყვა? აბა, შესრულდეს!”
16 . არ მიმიტოვებია მწყემსობა, არც უბედურების დღე მწყუროდა, შენ იცი ეს. ჩემი ბაგეებიდან გამოსული სიტყვები შენს თვალწინ იყო.
17 . ნუ შემაძრწუნებ, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დღეს.
18 . დაე, შერცხვნენ ჩემი მდევნელნი, მე ნუ შევრცხვები! დაე შეიმუსრნონ ისინი, მე ნუ შევიმუსრები! ავი დღე მოაწიე მათზე და მძიმე მუსვრით დალეწე ისინი.
19 . მითხრა უფალმა: "წადი და დადექი ძეთა კარიბჭესთან, რომლითაც იუდას მეფეები შემოდიან და გადიან; ასევე - იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭესთან.
20 . უთხარი: შეისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო, იუდეველნო და იერუსალიმის მცხოვრებნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო.
21 . ასე ამბობს-თქო უფალი: თუ გიყვართ სიცოცხლე, ფრთხილად იყავით, შაბათ დღეს ტვირთი არ ზიდოთ და იერუსალიმის კარიბჭეებში არ შემოიტანოთ.
22 . შაბათ დღეს არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი და არც არავითარი სამუშაო არ შეასრულოთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც თქვენს მამებს ვუბრძანე.
23 . მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.
24 . მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ, ამბობს უფალი, და შაბათ დღეს ტვირთს არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში, წმიდად ჰყოფთ შაბათ დღეს და არც რაიმე საქმეს გააკეთებთ ამ დღეს,
25 . მაშინ შემოვლენ ქალაქის კარიბჭეებში დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები და უფლისწულები, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თვითონაც და მათი დიდებულნიც, იუდას კაცები და იერუსალიმის მცხოვრებნი, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ.
26 . და მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ასევე ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან, მთიდან და სამხრეთიდან, მოიტანენ ყოვლადდასაწველსა და მსხვერპლს, ძღვენს და გუნდრუკს, მადლიერების მსხვერპლს უფლის სახლში.
27 . ხოლო, თუ არ შეისმენთ, რათა წმიდა ჰყოთ შაბათი დღე და ტვირთით შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს შევუნთებ მის კარიბჭეებს და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება”.
1 . უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.
2 . აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.
3 . მან კი იგავი უთხრა მათ:
4 . "რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?
5 . იპოვის და სიხარულით შეისვამს მხარზე.
6 . შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად გაიხარეთ, ვიპოვე ჩემი ცხვარი, დაკარგული რომ იყოო.
7 . თქვენ გეუბნებით: უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.
8 . ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
9 . და როცა იპოვის, დაუძახებს დობილებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, რადგან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.
10 . ამას გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო”.
11 . კიდევ თქვა: "ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.
12 . უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება.
13 . რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.
14 . ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.
15 . ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.
16 . და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.
17 . როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.
18 . ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,
19 . ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!
20 . ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
21 . უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.
22 . მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით!
23 . მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ!
24 . ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა.
25 . უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.
26 . დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია?
27 . მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა.
28 . ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა.
29 . მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა.
30 . ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი.
31 . მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია.
32 . მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.
1 . თავის მოწაფეებსაც უთხრა: "იყო ერთი მდიდარი კაცი; ჰყავდა სახლმმართველი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, ქონებას გინიავებსო.
2 . დაიბარა და უთხრა: ეს რა გავიგე შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში, რადგან სახლმმართველი ვეღარ იქნებიო.
3 . მაშინ თქვა სახლმმართველმა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მმართველობას მართმევს. ბარვა მე არ შემიძლია, მათხოვრობის კი მრცხვენია.
4 . ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მმართველობას ჩამომაშორებენ.
5 . სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის მოვალეები; ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
6 . მიუგო: ასი საწყაო ზეთი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი, ახლავე დაჯექი და ორმოცდაათი დაწერე.
7 . შემდეგ სხვას ჰკითხა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: ასი საწყაო ხორბალი. უთხრა: აიღე შენი თამასუქი და ოთხმოცი დაწერე.
8 . და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.
9 . მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში.
10 . მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.
11 . ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?
12 . და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13 . არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!”
14 . ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.
15 . უთხრა მათ: "თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან, რაც ამაღლებულია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
16 . რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; ხოლო მას მერე ღმერთის სამეფო იქადაგება და ყველანი ძალისხმევით შედიან მასში.
17 . უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდეს რჯულიდან.
18 . ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს”.
19 . "იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
20 . ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული.
21 . ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
22 . მოკვდა გლახაკი და ანგელოზებმა აბრაჰამის წიაღში მიიყვანეს. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
23 . და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.
24 . შესძახა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.
25 . უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი - სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
26 . გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.
27 . უთხრა: რაკი ასეა, გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც მიავლინე იგი.
28 . რადგან ხუთი ძმა მყავს, მივიდეს და გააფრთხილოს, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველში.
29 . მაგრამ უთხრა მას აბრაჰამმა: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ.
30 . მან კი თქვა: არა, მამაო აბრაჰამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.
31 . და უთხრა მას აბრაჰამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ დაუგდეს ყური, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, იმასაც არ ერწმუნებიან”.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ.
2 . იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით აძლევდა დავალებებს მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,
3 . რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.
4 . შეკრიბა ისინი და დაავალა: "იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ;
5 . რადგან იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით”.
6 . ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: "უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?”
7 . უთხრა მათ: "თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.
8 . არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
9 . ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.
10 . მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, აჰა, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში.
11 . უთხრეს: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.
12 . მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზის მანძილზე რომ მდებარეობს.
13 . შესვლისთანავე ავიდნენ ზედა ოთახში, სადაც იყვნენ გაჩერებულნი ისინი: პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფეს ძე და სიმონ ზილოტი და იუდა იაკობისა.
14 . ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.
15 . იმ დღეებში ადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის - სულ ას ოცამდე კაცი იქნებოდა - და თქვა:
16 . "კაცნო, ძმანო! უნდა ასრულებულიყო წერილი, სულიწმიდამ, დავითის პირით, წინასწარ რომ თქვა იუდაზე, იესოს შემპყრობელთ რომ წარუძღვა წინ,
17 . ვინაიდან იგი ჩვენ შორის იყო ჩარიცხული და წილი შეხვდა ამ მსახურებისა.
18 . ხოლო მან უმართლობის საზღაურით შეიძინა მიწა და, ძირს რომ დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეყარა.
19 . ცნობილი გახდა ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე იმ მიწას ხაკალ-დამა, ანუ სისხლის მიწა ეწოდა.
20 . ვინაიდან წერია ფსალმუნთა წიგნში: გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი; და მისი მსახურება სხვამ მიიღოს.
21 . ამგვარად, საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, მუდამ თან რომ გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის მიმოდიოდა უფალი იესო,
22 . იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, შემოგვიერთდეს, რათა ჩვენთან ერთად გახდეს მისი აღდგომის მოწმე”.
23 . და დააყენეს ორნი - იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს და მატათია.
24 . ილოცეს და თქვეს: "უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე,
25 . რომ მიიღოს ამ მსახურებისა და მოციქულობის ადგილი, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა წასულიყო თავის ადგილზე”.
26 . ყარეს წილი და მატათიას ერგო წილი; ის მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.
1 . სავლე კი, რომელიც უფლის მოწაფეებისადმი ჯერ კიდევ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, მღვდელმთავართან გამოცხადდა.
2 . ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში.
3 . გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.
4 . გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.
5 . მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
6 . უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: "რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: "ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”.
7 . კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ.
8 . წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.
9 . სამი დღე ვერაფერს ხედავდა. არც ჭამდა, არც სვამდა.
10 . იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. უფალმა ჩვენებაში უთხრა: "ანანია!” უპასუხა: "აქ ვარ, უფალო”.
11 . უთხრა უფალმა: "ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია "პირდაპირი” და იუდას სახლში, სავლედ წოდებული ტარსუსელი კაცი მოიკითხე, რადგან, აჰა, ლოცულობს იგი”.
12 . იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა.
13 . მიუგო ანანიამ: "უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენ ბოროტად ექცეოდა შენს წმიდებს იერუსალიმში.
14 . აქაც აქვს ძალაუფლება მღვდელმთავართაგან, შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს მოუხმობს”.
15 . მაგრამ უთხრა მას უფალმა: "წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
16 . რადგან მე ვაჩვენებ, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო”.
17 . წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: "ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.
18 . და მაშინვე, თითქოს ქერცლი გადასძვრაო მის თვალებს, თვალი აეხილა, ადგა და მოინათლა.
19 . საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.
20 . მაშინვე დაიწყო სინაგოგებში იესოს ქადაგება, რომ ის არის ძე ღვთისა.
21 . ყველა მსმენელს უკვირდა და ამბობდა: "ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში ამ სახელის მხმობელთ რომ სპობდა? განა აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეიპყროს და მღვდელმთავრებთან წაიყვანოს ისინი?”
22 . სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.
23 . კარგა ხნის შემდეგ, მის მოსაკლავად შეითქვნენ იუდევლები.
24 . გაიგო სავლემ მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღე და ღამ კარიბჭესთან დარაჯობდნენ, რომ მოეკლათ იგი.
25 . მაგრამ ღამით აიყვანეს იგი მოწაფეებმა და გოდრით ჩაუშვეს გალავნიდან.
26 . იერუსალიმში რომ ავიდა, ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა; მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ მისი მოწაფეობა.
27 . წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
28 . დარჩა იგი მათთან, გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.
29 . გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
30 . ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, წაიყვანეს კესარიაში და ტარსუსში გაგზავნეს.
31 . ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
32 . ერთხელ, ყველა ადგილი რომ შემოიარა, პეტრე ლიდაში მცხოვრებ წმიდებთანაც მივიდა.
33 . ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რვა წელიწადს დავრდომილი რომ იწვა სარეცელზე.
34 . უთხრა პეტრემ: "ენეას, გკურნავს იესო ქრისტე. ადექი და თავად გაისწორე სარეცელი”. და მაშინვე წამოდგა.
35 . ყველამ, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, იხილა იგი და უფლისკენ მოიქცა.
36 . იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი იყო, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც გასცემდა.
37 . იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში.
38 . იაფო ლიდიასთან ახლოსაა, ამიტომ მოწაფეებმა შეიტყვეს, პეტრე აქ არისო და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად: "ნუ დააყოვნებ ჩვენთან მოსვლას”.
39 . ადგა პეტრე და წავიდა. როცა მივიდა, ზედა ოთახში აიყვანეს. ნახა იქ ქვრივი დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უქსოვდა, სანამ მათთან იყო.
40 . პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: "ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
41 . ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
42 . ეს ცნობილი გახდა მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
43 . კარგა ხანი დაჰყო მან იაფოში, ვინმე მეტყავე სიმონთან.
1 . გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
2 . რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ.
3 . რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,
4 . დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
5 . გამოეცხადა კეფას და შემდეგ - თორმეტს;
6 . მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;
7 . შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე - ყველა მოციქულს;
8 . ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.
9 . ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
10 . მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
11 . და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12 . ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?
13 . თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.
14 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.
15 . ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;
16 . რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.
17 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
18 . მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.
19 . და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 . მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.
21 . რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.
22 . რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
23 . თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24 . მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
25 . ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.
26 . ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
27 . იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
28 . და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29 . თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?
30 . და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
31 . ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.
32 . თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
33 . ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.
34 . ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35 . მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
36 . უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37 . და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს - სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.
38 . ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს - თავის სხეულს.
39 . ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული - სხვანაირი, ფრინველის სხეული - სხვანაირი, თევზისა - სხვანაირი.
40 . არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
41 . სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.
42 . ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.
43 . ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
44 . ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
45 . ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
46 . მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
47 . პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
48 . და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.
49 . და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
50 . ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51 . აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
52 . ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53 . ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
54 . ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
55 . სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
56 . სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57 . მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58 . ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.
1 . და ბოლოს, გთხოვთ ძმებო და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაც მიღებული გაქვთ ჩვენგან - თუ როგორ გმართებთ სიარული ღმერთის საამებლად - თუმცა ასეც იარებით, რომ კიდევ უფრო იუხვოთ ამაში.
2 . რადგან იცით, რაც დაგავალეთ თქვენ უფალ იესოსგან,
3 . ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა: სიძვას განერიდეთ!
4 . რათა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით,
5 . და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ.
6 . რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და ანგარებით არ მიუდგეს თავის ძმას საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.
7 . რადგან ღმერთმა უწმიდურებისკენ კი არა, სიწმიდისკენ მოგვიწოდა.
8 . ამიტომ უგულებელმყოფელი ამისა, არ უგულებელყოფს ადამიანს, არამედ - ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას.
9 . ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.
10 . რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ გთხოვთ ძმანო, უფრო მეტად იუხვოთ ამაში.
11 . გულმოდგინედ ეცადეთ იცხოვროთ წყნარად; აკეთეთ თქვენი საქმე საკუთარი ხელით, როგორც ჩვენ დაგავალეთ.
12 . რათა ღირსეულად დადიოდეთ გარეშეთა წინაშე და არაფრის საჭიროება არ გქონდეთ.
13 . არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.
14 . ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.
15 . რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვისამებრ, რომ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილნი, უფლის მოსვლისას, განსვენებულებს ვერ დავასწრებთ.
16 . ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;
17 . შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.
18 . ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
1 . და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.
2 . და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.
3 . და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: "აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4 . მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
5 . და თქვა ტახტზე მჯდომმა: "აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: "დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.
6 . და მითხრა: "აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.
7 . გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.
8 . ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
9 . და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.
10 . წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;
11 . ღვთის დიდების მქონე, მისი შუქი პატიოსან თვალს ჰგავს, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
12 . დიდი და მაღალი გალავანი აქვს, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებში - თორმეტი ანგელოზი; და ზედ დაწერილი სახელები, რომლებიც ისრაელიანთა თორმეტ ტომს ეკუთვნის.
13 . სამი კარიბჭე - აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე - ჩრდილოეთიდან, სამი - სამხრეთიდან და სამიც - დასავლეთიდან.
14 . ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი აქვს და მათზეა კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.
15 . ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად.
16 . ქალაქი ოთხკუთხედია. მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე; და გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე; მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარია.
17 . გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.
18 . გალავანი იასპით არის ნაგები, ხოლო ქალაქი - წმიდა მინის მსგავსი სუფთა ოქროთი.
19 . ქალაქის გალავნის საძირკვლები ყოველგვარი ძვირფასი ქვით არის მოპირკეთებული; პირველი საძირკველი იასპია, მეორე - საფირონი, მესამე - ქალკედონი, მეოთხე - ზურმუხტი;
20 . მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო.
21 . თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტია: ყოველი კარიბჭე - თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქროა, გამჭვირვალე მინის მსგავსი.
22 . ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, ვინაიდან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
23 . ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი.
24 . ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს.
25 . არ დაიკეტება დღისით მისი კარიბჭენი, რადგან ღამე აღარ იქნება იქ.
26 . და მიიტანენ მასში ერების დიდებასა და პატივს.
27 . ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს:
2 . "თუ ადამიანს სიმსივნე, სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება ტანზე და გადაექცევა სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, უნდა მიუყვანონ იგი აჰარონ მღვდელს, ან მის ერთ-ერთ ძეს, მღვდელთაგანს.
3 . შეხედავს მღვდელი სხეულზე კანის წყლულს და თუ გათეთრებულია თმა წყლულზე და წყლულიც სხეულის კანშია ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრის წყლულია; დაინახავს მას მღვდელი და შერაცხავს უწმიდურად.
4 . თუ თეთრია წყლული მისი სხეულის კანზე და პირი სხეულის კანში არაა ჩაღრმავებული და არც თმაა გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა განამარტოვოს დაწყლულებული.
5 . ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ უცვლელი დარჩა წყლული და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მეორედ განამარტოვოს იგი შვიდი დღით.
6 . კვლავ ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ძლივსღა შეიმჩნევა და არც კანზე გავრცელებულა, მაშინ გაწმედილად გამოაცხადოს იგი მღვდელმა: სირსველია ეს; გაირეცხოს სამოსელი და წმიდა იქნება:
7 . მღვდლის მიერ მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ თუ სირსველმა კანზე იწყო გავრცელება, მაშინ მეორედ ეჩვენოს მღვდელს.
8 . თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელებულა სირსველი კანზე, მაშინ უწმიდურად შერაცხავს მას მღვდელი: ეს კეთრია.
9 . თუ კეთრის წყლული აქვს ადამიანს, მაშინ მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
10 . ნახავს მღვდელი და თუ თეთრია სიმსივნე კანზე, თმაც გათეთრებულა და სიმსივნეზეც ცოცხალი ხორცმეტია,
11 . მაშინ ძველისძველი კეთრი ჰქონია კანზე; შერაცხავს მღვდელი უწმიდურად და არ განამარტოებს, რადგან ის უკვე უწმიდურია.
12 . თუ გაეფურჩქნა კანზე კეთრი და დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე მთლიანად დაუფარავს, სადამდეც გასწვდება მღვდლის თვალი,
13 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ მთელი სხეული დაფარა კეთრმა, მაშინ წყლული წმიდად მიიჩნიოს: თუ მთლიანად გათეთრებულია, წმიდაა იგი.
14 . როცა ცოცხალი ხორცი გამოჩნდება მასზე, უწმიდურია იგი.
15 . დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად მიიჩნევს მას: უწმიდურია ცოცხალი ხორცი, კეთრია იგი.
16 . თუ კვლავ გათეთრდა ცოცხალი ხორცი, მაშინ მივიდეს მღვდელთან;
17 . შეხედავს მღვდელი და ნახავს, რომ გათეთრებულია წყლული, მაშინ სუფთად მიიჩნევს წყლულს: სუფთაა იგი.
18 . თუ ვინმეს კანზე ჩირქოვანი მუწუკი ექნება და განიკურნება,
19 . ხოლო ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე თეთრი სიმსივნე, ან თეთრ-წითელი ლაქა დააჩნდება, მივიდეს მღვდელთან.
20 . შეხედავს მას მღვდელი, თუ პირი კანშია ჩაღრმავებული, ხოლო თმა გათეთრებულია, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას: ეს კეთრის წყლულია, ჩირქოვან მუწუკზე აყვავებული.
21 . თუ ნახავს მღვდელი, რომ არც თმაა გათეთრებული და არც წყლულია კანში ჩაღრმავებული და ნაკლებადაა შესამჩნევი, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
22 . თუ ძლიერ გავრცელდა იგი კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს წყლულია.
23 . თუ თავის ადგილზე რჩება ეს ლაქა და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა; სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი.
24 . თუ ვინმეს სიდამწვრე აქვს სხეულის კანზე და თუ შეხორცებულ სიდამწვრეზე თეთრ-წითელი ან თეთრი ლაქა აღმოაჩნდება,
25 . ნახავს მღვდელი, თუა გათეთრებული თმა ლაქაზე და პირი კანში ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრია, სიდამწვრეზე აყვავებული; უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: კეთრის წყლულია იგი.
26 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ თეთრი თმა არაა ლაქაზე, არც კანშია ჩაღრმავებული და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
27 . შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ გავრცელდა კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს კეთროვანი წყლულია.
28 . თუ თავის ადგილზე დარჩა ლაქა, არ გავრცელდა კანზე და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ ეს სიდამწვრის სიმსივნეა და სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება
30 . და ნახავს მღვდელი, რომ ღრმადაა კანში ჩამჯდარი წყლულის პირი, თმა კი მოყვითალო და თხელია მასზე, არაწმიდად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს ქეცია, თავის ან წვერის კეთრი.
31 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ჩაღრმავებული არ არის ქეცის წყლულის პირი კანში და არც შავი თმაა მასზე, შვიდი დღით განამარტოვოს მღვდელმა ქეცით დაწყლულებული.
32 . ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს და თუ არ გავრცელებულა ქეცი, არც მოყვითალო თმაა მასზე და ქეცის პირიც არაა ჩაღრმავებული კანში,
33 . მაშინ გაიპარსოს, მაგრამ ქეცით დაავადებულ ადგილს ნუ გაიპარსავს და მეორედ განამარტოვებს მღვდელი ქეცით დაავადებულს შვიდი დღით.
34 . მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი ქეცს და თუ არ გავრცელებულა იგი კანზე და არც პირია ჩაღრმავებული კანში, მაშინ სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი; გაირეცხოს სამოსელი და სუფთა იქნება.
35 . თუ გასუფთავების შემდეგ გავრცელდა ქეცი კანზე,
36 . შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი კანზე, მაშინ ნუღარ მოძებნის მოყვითალო თმას - უწმიდურია იგი.
37 . თუ ხილულად დარჩა ქეცი და ზედ შავი თმა ამოვიდა, განკურნებულია იგი; სუფთაა და მღვდელიც სუფთად მიიჩნევს.
38 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს სხეულის კანზე ლაქები გამოაჩნდებათ, თეთრი ლაქები,
39 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ ფერმკრთალია მათი სხეულის კანზე გამოსული თეთრი ლაქები, ღია ფერის ქეცი იქნება ეს, რომელიც კანზე აყვავდა: სუფთაა იგი.
40 . თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა; სუფთაა იგი.
41 . თუ წინა მხრიდან გასცვივდა თმა, მაშინ მელოტია ის, სუფთაა იგი.
42 . თუ მელოტ ან ქაჩალ ადგილზე თეთრ-წითელი წყლული გაუჩნდება, მაშინ ეს კეთრია, მელოტ ან ქაჩალ ადგილზე აყვავებული.
43 . შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ თეთრ-წითელი წყლულის სიმსივნეა მელოტ ან ქაჩალ ადგილზე, ისეთივე, როგორიც კეთრია ხოლმე სხეულის კანზე,
44 . მაშინ კეთროვანი კაცია ის, უწმიდურია იგი; უწმიდურად უნდა გამოაცხადოს მღვდელმა: წყლული აქვს თავზე.
45 . დაწყლულებულის სამოსი უნდა დაიხეს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, ულვაშებამდე შებურვილი უნდა იყოს და იძახოს: "უწმიდური! უწმიდური!”
46 . უწმიდურია მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს; უწმიდურია იგი, განცალკევებით იცხოვროს, თავისი სადგომის ბანაკის გარეთ.
47 . თუ კეთროვანი წყლული იქნება სამოსელზე, მატყლის ან სელის სამოსელზე,
48 . ქსელზე, სელის ან მატყლის მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
49 . თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსელზე: ტყავზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს კეთრის წყლულია; მღვდელს უნდა ეჩვენოს.
50 . ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით.
51 . ნახავს წყლულს მეშვიდე დღეს და თუ გავრცელდა წყლული სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს მწვავე კეთრია: უწმიდური წყლულია იგი.
52 . უნდა დაიწვას სამოსელი: მატყლის, სელის ქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რაზეც წყლული იქნება; რადგან ეს მწვავე წყლულია: ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,
54 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, გარეცხავენ იმას, რაზეც წყლულია და მეორედ განამარტოებს მას შვიდი დღით.
55 . ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ და აჰა, არ იცვალა სახე წყლულმა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმიდურია ის; ცეცხლზე დაწვი იგი; ამოჭმულია მისი წაღმა ან უკუღმა პირი.
56 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ნაკლებად შესამჩნევია წყლული მისი გამორეცხვის შემდეგ, მაშინ ამოგლიჯოს იგი სამოსელიდან, ტყავიდან, ქსელიდან ან მისაქსელიდან.
57 . თუ კვლავ გამოჩნდება იგი სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ აყვავებულია იგი: ცეცხლში დაიწვას, რაზეც წყლულია.
58 . სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება.
59 . ეს არის რჯული კეთროვან წყლულზე, მატყლის, სელის, ქსელის, მისაქსელის ტანისამოსზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მის სუფთად ან უწმიდურად მისაჩნევად.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ეს იქნება რჯული კეთროვანისთვის, მისი განწმენდის დღეს: მიყვანილ იქნას იგი მღვდელთან;
3 . და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ, შეხედავს, და თუ განიკურნა კეთროვანი კეთრის წყლულისგან,
4 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, რომ მოიყვანონ ორი ცოცხალი, წმიდა ფრინველი განწმენდილისთვის, კედრის ტოტი, ძოწეულის ნართი და უსუპი.
5 . უბრძანებს მღვდელი ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში, გამდინარ წყალზე.
6 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს, ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში.
7 . შვიდჯერ მოასხურებს კეთრისგან განსაწმედელს, წმიდად გამოაცხადებს მას, ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
8 . სამოსელი გაირეცხოს განსაწმედელმა, გაიპარსოს მთელი თმა, განიბანოს წყლით და განიწმიდება. მერე მივიდეს ბანაკში და თავისი კარვის გარეთ შვიდი დღე დაჰყოს.
9 . მეშვიდე დღეს, მთლიანად გაიპარსოს თავი, წვერი, წარბები და მთელი თმა. გაირეცხოს სამოსელი, განიბანოს სხეული წყალში და განიწმიდება.
10 . მერვე დღეს აიყვანს ორ უნაკლო მამალ ბატკანს, ერთ უნაკლო, წელგამოვლილ დედალ ცხვარს, აიღებს ზეთში შეზელილ ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს პურეულ ძღვნად და ერთ საწყაო ზეთს;
11 . მღვდელი, რომელიც წმენდს მას, დააყენებს განსაწმედ კაცს მოტანილთან ერთად უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12 . აიღებს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს, შესწირავს მას დანაშაულის შესაწირად და ზეთის საწყაულს და შეარხევს მათ შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
13 . დაკლავს მამალ ბატკანს იმ ადგილზე, სადაც ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს კლავენ, საწმიდრის ადგილზე; რადგან ცოდვის მსხვერპლის მსგავსად, დანაშაულის შესაწირიც მღვდელს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ის.
14 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის სისხლიდან და სცხებს განწმედილის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს და მარჯვენა ფეხის ცერს.
15 . აიღებს მღვდელი ზეთს საწყაულიდან და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე,
16 . ჩააწობს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და შვიდჯერ მოაპკურებს თითით ზეთს უფლის წინაშე;
17 . სცხებს ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს, მარჯვენა ფეხის ცერსა და დანაშაულის შესაწირის სისხლს.
18 . თავზე დაადებს მღვდელი ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედს და გამოისყიდის მას უფლის წინაშე.
19 . შესწიროს მღვდელმა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი რათა განიწმინდოს უწმიდური მისი უწმიდურობისგან; მერე კი სრულადდასაწველი დაკლას.
20 . აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს სამსხვერპლოზე. გამოისყიდის და განიწმიდება.
21 . თუ ღარიბია ის და არ მიუწვდება ხელი, აიყვანოს ერთი მამალი ბატკანი დანაშაულის შესაწირისთვის, შესარხევად, თავისი გამოსყიდვისთვის; ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი პურეულ შესაწირად და საწყაო ზეთი,
22 . მტრედის ორი ხუნდი ან ორი გვრიტი, რაზეც ხელი მიუწვდება და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად.
23 . მიიტანოს ისინი მღვდელთან განწმენდის მერვე დღეს, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
24 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის კრავს, საწყაო ზეთს და შესარხეველ შესაწირად შეარხევს უფლის წინაშე.
25 . დაკლავს კრავს დანაშაულის შესაწირად, აიღებს მღვდელი მისი სისხლიდან და სცხებს განწმედილს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
26 . დაისხამს მღვდელი ზეთს მარცხენა ხელისგულზე.
27 . შვიდჯერ მოასხურებს მღვდელი მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, უფლის წინაშე.
28 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს ზეთს ხელისგულიდან მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის ცერზე, დანაშაულის შესაწირის სისხლის ადგილზე.
29 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს თავზე ხელისგულზე დარჩენილ ზეთს, მის გამოსასყიდად უფლის წინაშე.
30 . შესწირავს მტრედის ხუნდთაგან ან გვრიტთაგან, ერთ-ერთს, რაზეც ხელი მიუწვდება, განსაწმედელს
31 . ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად, პურეულ შესაწირთან ერთად; და გამოისყიდის მღვდელი განსაწმედს უფლის წინაშე.
32 . ესაა რჯული კეთროვანისთვის, რომელიც ხელმოკლე იქნება განწმედისას”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
34 . "როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ სამფლობელოდ და მოვგვრი კეთროვან წყლულს რომელიმე სახლს თქვენს სამფლობელო ქვეყანაში,
35 . წავიდეს სახლის პატრონი და ასე განუცხადოს მღვდელს: თითქოს წყლული გაჩნდა ჩემს სახლში.
36 . უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, სანამ მივა წყლულის სანახავად, რათა არ შეიბილწოს ყოველივე, რაც სახლშია; შემდეგ კი მივა მღვდელი სახლის სანახავად.
37 . შეხედავს წყლულს და, აჰა, თუ სახლის კედლებშია იგი, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად და ღრმადაა კედლის ზედაპირზე;
38 . მაშინ გამოვა მღვდელი სახლის შესასვლელთან და შვიდი დღით დაკეტავს სახლს.
39 . მიბრუნდება მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ ნახავს, რომ გავრცელდა წყლული სახლის კედლებზე,
40 . მაშინ გამოანგრევინებს ქვებს, რომლებშიც წყლულია და გადააყრევინებს უწმიდურ ადგილზე, ქალაქგარეთ.
41 . მოფხეკენ მთელ სახლს შიგნიდან და მოფხეკილ მტვერს ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე გადაყრიან.
42 . აიღებენ სხვა ქვებს, ჩადგამენ იმ ქვების ადგილზე, მოიტანენ სხვა ბათქაშს და გალესენ სახლს.
43 . თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოანგრიეს ქვები, მოფხიკეს და გალესეს კედლები,
44 . მივა მღვდელი და ნახავს, რომ მოდებულია წყლული სახლზე, მაშინ მწვავე კეთრია სახლში, არაწმიდაა ის.
45 . დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, ძელები და გაიტანონ მთელი ნალესი ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე.
46 . და ყოველი, ვინც იმ დროს შევა სახლში, ვიდრე დაკეტილია იგი, არაწმიდაა საღამომდე.
47 . სამოსელი უნდა გაირეცხოს იმ სახლში დანაწოლმა და პურნაჭამმა კაცმა;
48 . მაგრამ თუ შევა მღვდელი და ნახავს, რომ არ გავრცელებულა სახლზე წყლული მისი გალესვის შემდეგ, წმიდად მიიჩნევს იგი სახლს, რადგან განიკურნა წყლული.
49 . აიღებს სახლის განწმედისთვის ორ ფრინველს, კედრის ხეს, ძოწეულ ნართს და უსუპს.
50 . დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელში, გამდინარე წყალზე.
51 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში და შვიდჯერ მოასხურებს სახლს.
52 . განწმედს სახლს ფრინველის სისხლით, გამდინარე წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხით, უსუპით და ძოწეული ნართით.
53 . გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ მინდორში, გამოისყიდის სახლს და განიწმიდება.
54 . ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და ქეცისა,
55 . სამოსელისა და სახლზე მოდებული კეთრისა.
56 . სიმსივნისა, მუნისა და ლაქებისა.
57 . იმის სასწავლებლად თუ როდის რა არის უწმიდური ან წმიდა. ეს არის კეთრის რჯული”.
1 . ხმამაღლა მოსთქვამდა მთელი თემი და იტირა ხალხმა იმ ღამეს.
2 . წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: "ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით!
3 . რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!”
4 . უთხრეს ერთმანეთს: "ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში”.
5 . და პირქვე დაემხნენ მოსე და აჰარონი ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე.
6 . და შემოიხიეს სამოსელი იეშუა ნავეს ძემ და ხალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც ქვეყნის მზვერავთაგანნი იყვნენ.
7 . უთხრეს ისრაელის მთელ თემს: "ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა.
8 . მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი.
9 . ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
10 . და თქვა მთელმა თემმა: "ქვებით ჩავქოლოთ ესენი!” მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა მგმოს ამ ხალხმა? როდემდე არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მოვახდინე მათ შორის?
12 . განვგმირავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ და შევქმნი შენგან ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს”.
13 . უთხრა მოსემ უფალს: "მოისმენენ ეგვიპტელნი, რომელთა შუაგულიდანაც გამოიყვანე ეს ხალხი შენი ძლიერებით,
14 . და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც გაიგეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორის ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები მათ, შენი ღრუბელი ადგას თავზე, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლოვან სვეტში;
15 . თუ ერთი კაცივით გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:
16 . რახან ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის იმ ქვეყანაში მიყვანა, რომელიც ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.
17 . ახლა, გთხოვ, განდიდდეს უფლის ძალა, როგორც ნათქვამი გაქვს:
18 . სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.
19 . გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე”.
20 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
21 . ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
22 . ვერცერთი იმ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი ნიშნები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვახდინე, ათჯერ რომ გამომცადეს და მაინც არ ისმინეს ჩემი ხმა,
23 . ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს; ვერცერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას.
24 . მხოლოდ ხალებს, ჩემს მსახურს, მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა; მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
25 . ყამალეკი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში წითელი ზღვის გზით”.
26 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
27 . "როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი ხალხი ჩემზე? ვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ისინი ჩემზე,
28 . უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი. როგორც ილაპარაკეთ ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29 . ამ უდაბნოში დაეყრება თქვენი გვამები, თქვენი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე.
30 . ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.
31 . და თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო, მათ შევიყვან იქ და იხილავენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ.
32 . თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაეყრება.
33 . მწყემსებივით იხეტიალებენ თქვენი ძეები უდაბნოში ორმოც წელს და დაისჯებიან თქვენი ორგულობის გამო, ვიდრე არ დაიყრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34 . იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით, რადგან ორმოცი დღე ზვერავდით - თითო დღე თითო წელიწადზე, ორმოცი წლის განმავლობაში დაისჯებით, რათა გამოსცადოთ ჩემთან დაპირისპირება.
35 . მე, უფალი, ვამბობ: ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც აღდგა ჩემს წინააღმდეგ: აქ, ამ უდაბნოში მოკვდებიან და შთაინთქმებიან”.
36 . ის კაცები კი ქვეყნის დასაზვერად რომ გაგზავნა მოსემ და დაბრუნებისას, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრით აღაშფოთეს მთელი თემი მის წინააღმდეგ,
37 . წყლულებით დაიხოცნენ უფლის წინაშე, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრის გამო.
38 . მხოლოდ იეშუა ნავეს ძე და ხალებ იეფუნეს ძე დარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომლებიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასულები.
39 . თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეთა წინაშე და ფრიად დამწუხრდა ხალხი.
40 . ადგნენ დილაადრიანად, ავიდნენ მთის მწვერვალზე და თქვეს: "მივიდეთ იმ ადგილზე, რომელზეც გვითხრა უფალმა, რადგან შევცოდეთ”.
41 . უთხრა მოსემ: "რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა.
42 . ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე.
43 . რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.
44 . მაგრამ არ შეისმინეს და ავიდნენ მთის მწვერვალზე; უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე კი არ გასულან ბანაკიდან.
45 . ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომლებიც იმ მთაზე მკვიდრობდნენ, და შემუსრეს და განდევნეს ისინი ხორმამდე.
1 . ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევის ძისა, დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა და ონი, ძე ფელეთისა - რეუბენიანები;
2 . და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი ისრაელიანი, თემისა და საკრებულოს მთავარნი, სახელოვანი კაცები და წინაღუდგნენ მოსეს.
3 . შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: "მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე! რადგან წმიდაა მთელი თემი და უფალი მკვიდრობს მასში! რატომ აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?"
4 . გაიგონა მოსემ და დაემხო პირქვე.
5 . უთხრა კორახს და მთელ მის დასს: "დილით უფალი დაგვანახებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, მას დართავს მიახლოვების ნებას და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს.
6 . ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა,
7 . ჩადეთ მასში ცეცხლი და ზედ საკმეველი დადეთ ხვალ უფლის წინაშე; რომელ კაცსაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე, ლევის ძენო!”
8 . უთხრა მოსემ კორახს: "ისმინეთ, ლევის ძენო!
9 . ნუთუ ცოტაა თქვენთვის, რომ გამოგყოთ ისრაელის ღმერთმა ისრაელიანთაგან და დაგიახლოვათ, რათა შეასრულოთ უფლის სავანის მსახურება და იდგეთ მის მსახურებად თემის წინაშე?
10 . დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად შენი ძმები, ლევის ძენი, ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
11 . ამიტომ შეიკრიბეთ უფლის წინააღმდეგ შენ და მთელი შენი დასი? ვინ არის აჰარონი, რომ დრტვინავთ მასზე?”
12 . და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მათ კი თქვეს: "არ მოვალთ!
13 . ნუთუ არ კმარა, რომ გამოგვიყვანე იმ ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, რათა უდაბნოში მოგვაკვდინო და ახლა ჩვენზე გაბატონება მოინდომე?
14 . არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მინდორი და ვენახი მოგიცია სამკვიდრებლად, თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ მოვალთ!”
15 . განრისხდა მოსე და უთხრა უფალს: "ნუ მიხედავ მათ შესაწირს, სახედარიც კი არ გამომირთმევია მათთვის და ერთი მათგანისთვისაც არ მიბოროტია”.
16 . უთხრა მოსემ კორახს: "შენ და მთელი შენი დასი, უფლის წინაშე წარსდექით ხვალ, შენ, ისინი და აჰარონი.
17 . აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლური, ჩადეთ მასში საკმეველი და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე, ორას ორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აჰარონმა - თითოეულმა თავისი საცეცხლური”.
18 . აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და დადგნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან, მოსე და აჰარონიც იქ იყვნენ.
19 . შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან და უფლის დიდება გამოეცხადა მთელ თემს.
20 . გამოეცხადა მთელ თემს. 20
21 . "გამოეყავით ამ თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”.
22 . პირქვე დაემხნენ და თქვეს: "უფალო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე მრისხანებ?”
23 . უთხრა უფალმა მოსეს:
24 . "უთხარი თემს: განერიდეთ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომს”.
25 . ადგა მოსე, წავიდა დათანთან და აბირამთან და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები.
26 . უთხრა მან თემს: "აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს და მათსას ნურაფერს მიეკარებით, რათა არ აღიგავოთ მათ ცოდვებთან ერთად”.
27 . და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავისი ცოლებით, ძეებითა და მცირეწლოვანი ბავშვებით.
28 . თქვა მოსემ: "ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა ამ საქმის გასაკეთებლად და არ მიმოქმედია ჩემი ნებით.
29 . თუ ესენი ჩვეულებრივი სიკვდილით მოკვდებიან და ყველა მოკვდავის ბედს გაიზიარებენ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
30 . ხოლო თუ ისეთ რამეს მოიმოქმედებს უფალი, რაც აქამდე არ მომხდარა, გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და მთელს მათ საბადებელს და ცოცხლად ჩავლენ ქვესკნელში, მაშინ გაიგეთ, რომ შეიძულეს ამ ადამიანებმა უფალი”.
31 . და დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ;
32 . გააღო მიწამ პირი, შთანთქა ისინი და მათი სახლეული, ყოველი ადამიანი, რომელიც კორახთან იყო და მთელი მათი ქონება.
33 . ჯერ კიდევ ცოცხალნი ჩაცვივდნენ ქვესკნელში ყველაფერთან ერთად, რაც გააჩნდათ, გადაეფარათ მიწა და აღიგავნენ კრებულიდან.
34 . ყველა ისრაელიანი, ვინც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე და ამბობდნენ: ჩვენც არ გვშთანთქასო მიწამ!
35 . ცეცხლი გამოვიდა უფლისგან და შთანთქა ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.
36 . უთხრა უფალმა მოსეს:
37 . "უთხარი ელეაზარ მღვდელს, აჰარონის ძეს, ნახანძრალიდან საცეცხლურები აკრიფოს და მუგუზალი გარეთ მოაბნიოს, რადგან განიწმიდნენ საცეცხლურები.
38 . მათი საცეცხლურებიდან, ვინც სიცოცხლის ფასად შესცოდა, ფურცლები გამოჭედონ სამსხვერპლოს მოსაჭედად, რადგან უფლის წინაშე მიიტანეს ისინი და განწმიდეს; და იქნება ეს ნიშნად ისრაელის ძეთათვის”.
39 . აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი და გააბრტყელეს სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად;
40 . რათა ახსოვდეთ ისრაელის ძეებს, რომ უცხო პირი, რომელიც აჰარონის შთამომავალი არ არის, არ მივიდეს საკმევად უფლის წინაშე და არ დაისაჯოს კორახისა და მისი დასივით, როგორც უთხრა მას უფალმა მოსეს მეშვეობით.
41 . და დრტვინავდა მეორე დღეს ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აჰარონზე; "თქვენ დახოცეთო უფლის ხალხი”.
42 . როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და დაინახეს, რომ დაფარა ღრუბელმა და გამოცხადდა უფლის დიდება.
43 . და მივიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარვის წინ.
44 . უთხრა უფალმა მოსეს:
45 . "გამოეყავით თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”; და პირქვე დაემხნენ ისინი.
46 . უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე საცეცხლური, შიგ სამსხვერპლოდან აღებული ცეცხლი ჩადე და ზედ საკმეველი დაადე, წადი სწრაფად თემისკენ და გამოისყიდე ისინი; რადგან რისხვა გამოვიდა უფლისგან და დაიწყო მუსვრა”.
47 . აიღო აჰარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ და კრებულის შუაგულისკენ გაიქცა; ხედავს, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში; დაადო საკმეველი და გამოისყიდა ხალხი.
48 . და დადგა იგი დახოცილთა და ცოცხლებს შორის და შეწყდა მუსვრა.
49 . კორახის გამო დახოცილთა გარდა, თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი შემუსრა სიკვდილმა.
50 . და დაბრუნდა აჰარონი მოსესთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, მას შემდეგ, რაც შეწყდა მუსვრა.
1 . იხილა ბილყამმა, რომ ისრაელის კურთხევა სურდა უფალს და არ შეუდგა წინანდებურად მისნობას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
2 . აღაპყრო ბილყამმა თვალები და იხილა ტომებად დაბანაკებული ისრაელი და გადმოვიდა მასზე ღვთის სული.
3 . თქვა იგავი: "ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, თვალღია კაცისა,
4 . ნათქვამი ღვთის სიტყვების გამგონისა, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:
5 . რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ!
6 . როგორც გაშლილი მინდორ-ველები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები.
7 . იდინებს წყალი მისი კოკებიდან და თესლი მისი უხვწყლიანი იქნება; ამაღლდება მისი მეფე აგაგზე და აღზევდება მისი სამეფო.
8 . ღმერთმა გამოიყვანა იგი ეგვიპტიდან, მარტორქის ძლიერება აქვს მას, თქვლეფს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით განგმირავს.
9 . ჩაიმუხლა, მიწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს მას? კურთხეულია მაკურთხებელი შენი და წყეულია მაწყევარი შენი”.
10 . და აღინთო ბალაკის რისხვა ბილყამის მიმართ, ხელი ხელს შემოკრა და უთხრა ბალაკმა ბილყამს: ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი სამჯერ აკურთხე.
11 . ახლა, გაიქეცი შენს ადგილას; ვიფიქრე პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა”.
12 . უთხრა ბილყამმა ბალაკს: "განა არ ვუთხარი შენს მოციქულებს,
13 . თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს. რასაც უფალი იტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი.
14 . აჰა, მივდივარ ახლა ჩემს ხალხთან; მოდი, გაგანდობ, რას დამართებს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში”.
15 . და თქვა იგავი: "ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
16 . ნათქვამი ღმერთის სიტყვათა გამგონისა, რომელმაც იცის უზენაესის ნება, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:
17 . ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან, ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან, შემუსრავს მოაბის საზღვრებს და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.
18 . საკუთრება გახდება ედომი და თავისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; ხოლო ისრაელი ძლიერად იმოქმედებს.
19 . იბატონებს შთამომავალი იაკობისა და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ”.
20 . გადახედა ყამალეკს და წარმოთქვა იგავი: "პირველი ერი იყო ყამალეკი, მაგრამ მისი ბოლო - გაქრობაა.
21 . გადახედა კენიელთ და წარმოთქვა იგავი: "ძლიერია შენი სამყოფელი და კლდეზე დაგიდვია ბუდე.
22 . თუმცა გაპარტახდება კაენი, როდემდე ეყოლები ტყვედ აშურს?”
23 . წარმოთქვა იგავი: "ვაი, ვინ გადარჩება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი?
24 . გემები გამოვლენ ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან”.
25 . ადგა ბილყამი და წავიდა, დაბრუნდა თავის ადგილას და წავიდა ბალაკიც თავისი გზით.
1 . ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაჰამს, როდესაც მეფეთა განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა, და აკურთხა იგი.
2 . რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაჰამმა. უწინარეს ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს ანუ მშვიდობის მეფეს.
3 . უმამოს, უდედოს, უგვარტომოს, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული; ღმერთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.
4 . შეხედეთ ახლა, რამდენად დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაჰამმაც კი უწილადა თავისი ნადავლის მეათედი.
5 . მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაჰამის საზარდულიდან გამოვიდნენ.
6 . ის კი მათი გვარიდან არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მეათედი აბრაჰამისგან და აკურთხა აღთქმის მქონე.
7 . ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება.
8 . აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია.
9 . და ასე ვთქვათ, თვით ლევიმაც კი, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაჰამის მეშვეობით გაიღო მეათედი.
10 . ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მელქისედეკი შეეგება.
11 . მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო?
12 . რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც.
13 . ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს;
14 . რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
15 . და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი,
16 . რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით.
17 . ვინაიდან დამოწმებულია: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
18 . ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო,
19 . ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
20 . და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, -
21 . ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: "დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
22 . ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო.
23 . გარდა ამისა, მღვდლები ბევრნი იყვნენ, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში.
24 . ხოლო მას, იმის გამო, რომ უკუნისამდე რჩება, მარადიული მღვდლობა აქვს.
25 . ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.
26 . ასეთი მღვდელმთავარი გვესაჭიროება ჩვენ: წმიდა, უბრალო, უმანკო, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზემოთ ამაღლებული,
27 . რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის; ვინაიდან ეს მან ერთხელ და სამუდამოდ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა.
28 . ვინაიდან რჯული უძლურ ადამიანებს ადგენს მღვდელმთავრებად, ხოლო რჯულის შემდგომ მოსულმა ფიცის სიტყვამ დაადგინა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი.
1 . როცა შეიტყო იესომ, რომ გაიგეს ფარისევლებმა, იესო იოანეზე მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავსო,
2 . თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები,
3 . დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა.
4 . გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5 . მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს.
6 . და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7 . მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”
8 . რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.
9 . სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.
10 . უპასუხა იესომ: "შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
11 . უთხრა დედაკაცმა: "ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12 . ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?”
13 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14 . ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
15 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ”.
16 . უთხრა იესომ: "წადი, შენს ქმარს დაუძახე და აქ მოდი”.
17 . დედაკაცმა მიუგო: "ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: "მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო,
18 . რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.
19 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 . ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო”.
21 . იესომ მიუგო: "დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22 . თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.
23 . მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24 . ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
25 . უთხრა დედაკაცმა: "ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”.
26 . იესომ უთხრა: "მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.
27 . ამ დროს მისი მოწაფეები დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არცერთს არ უკითხავს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28 . დედაკაცმა თავისი ჭურჭელი მიატოვა, ქალაქში დაბრუნდა და ხალხს უთხრა:
29 . "წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია; ის ხომ არ არის ქრისტე?”
30 . გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 . ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: "რაბი, ჭამე!”
32 . იესომ უთხრა მათ: "მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”.
33 . მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.
35 . განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 . მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.
37 . ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
38 . მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით”.
39 . იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40 . ამიტომ სამარიელები მასთან რომ მოვიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და ისიც ორ დღეს დარჩა იქ.
41 . კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
42 . იმ დედაკაცს კი უთხრეს: "უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
43 . ორი დღე რომ გავიდა, იქიდან გალილეაში წავიდა.
44 . თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივი არა აქვს;
45 . მაგრამ გალილეაში რომ მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც იერუსალიმში დღესასწაულზე მოიმოქმედა, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46 . ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.
47 . როგორც კი გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48 . იესომ უთხრა: "არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”.
49 . მეფის მოხელემ მიუგო: "უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა”.
50 . უთხრა მას იესომ: "წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.
51 . შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი.
52 . გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.
53 . მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54 . ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
1 . აჰა, მშვენიერი ხარ ჩემო სატრფოვ, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები მტრედებია შენი პირბადის ქვეშ; შენი თმა გილყადის მთიდან დაშვებული თხების არვეა!
2 . შენი კბილები საბანელიდან ამომავალი გაპარსული ცხვარია, ყოველ მათგანს ტყუპი მოჰყვება და არც ერთი მათგანი არ არის მარტო.
3 . შენი ბაგენი მეწამული ძაფია და შენი პირი - მშვენიერი; შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
4 . შენი ყელი დავითის კოშკია, საჭურველისთვის აშენებული, ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი!
5 . შენი მკერდი შვლის ორი ნუკრია, ქურციკის ტყუპები, შროშანთა შორის რომ ბალახობენ.
6 . ვიდრე დღის სიგრილეა და გადახრილია ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის მაღლობზე.
7 . ყოვლად მშვენიერი ხარ, ჩემო სატრფოვ და ნაკლი არ არის შენში.
8 . ლიბანიდან წამომყევი, ჩემო საპატარძლოვ, ლიბანიდან წამომყევი! ჩამოდი ამანის, სენირისა და ხერმონის მწვერვალებიდან, ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა თავშესაფრიდან!
9 . შენ დაატყვევე ჩემი გული, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით;
10 . რა მშვენიერია შენი ალერსი, საპატარძლოვ, დაო ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი, და შენი ნელსაცხებლის სურნელი ყველა სურნელზე უკეთესი!
11 . გოლეული მოსწვეთს შენს ბაგეებს, საპატარძლოვ, თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ! შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!
12 . ზღუდეშემოვლებული ბაღი ხარ, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი!
13 . შენი ყლორტები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით, ჰენნით და ნარდით!
14 . ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, გუნდრუკის ყოველგვარი ხით, მურით და ალოეთი, ყოველგვარი საუკეთესო სურნელებით.
15 . ბაღების წყარო ხარ, ცოცხალი წყლის ჭა - ლიბანიდან მომდინარე ნაკადები!
16 . გამოიღვიძე ჩრდილოეთის ქარო, მოდი სამხრეთის ნიავო, ჩემს ბაღს მოჰბერე, რომ იფრქვეოდეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის ბაღში ჩემი მიჯნური და იგემოს მისი რჩეული ხილი!