1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი.
2 . და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.
3 . და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
4 . ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას,
5 . არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა;
6 . ორთქლი ადიოდა დედამიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
7 . გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
8 . გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა.
9 . აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა.
10 . მდინარე გამოედინებოდა ედემიდან ბაღის მოსარწყავად და მერე ოთხ ტოტად იყოფოდა.
11 . ერთი ტოტის სახელია ფიშონი; ის გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12 . კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ბროლიც და ზურმუხტის ქვაც.
13 . მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი მთელ ეთიოპიის ქვეყანას უვლის გარს.
14 . მესამე მდინარეა ტიგროსი. იგი აშურის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარეა ევფრატი.
15 . აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
16 . უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: "ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო,
17 . ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.
18 . თქვა უფალმა ღმერთმა: "არ არის კარგი კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე”.
19 . გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი, ცის ყველა ფრინველი და მიუყვანა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა მათ. რასაც ადამი დაარქმევდა, თითოეული ცოცხალი არსების სახელიც ის იქნებოდა.
20 . დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა მისი შესაფერი შემწე.
21 . მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. ამოუღო მძინარეს ერთი ნეკნი და ხორცით დაფარა ის ადგილი.
22 . გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნისგან დედაკაცი და მიუყვანა იგი ადამს.
23 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
24 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.
25 . ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ.
1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.
2 . ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.
3 . ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი, რათა გადარჩეს მათი თესლი დედამიწაზე.
4 . რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.
5 . და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.
6 . ექვსასი წლის იყო ნოე, როცა წარღვნის წყალი მოვიდა დედამიწაზე.
7 . და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.
8 . ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,
9 . დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.
10 . და შვიდი დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა.
11 . ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
12 . ორმოცი დღე და ორმოცი ღამე აწვიმდა დედამიწას.
13 . იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, მისი ძენი: სემი, ქამი და იაფეთი და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი ძეების ცოლები.
14 . ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.
15 . შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო.
16 . მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა; და დაგმანა უფალმა კარი.
17 . ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი.
18 . გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19 . მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცისქვეშეთში.
20 . აიწია წყალი და დაფარა მთები თხუთმეტი წყრთით.
21 . და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
22 . და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე რაც ხმელეთზე იყო - მოისპო.
23 . აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან. ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.
24 . ას ორმოცდაათი დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.
1 . ეს არის ნოეს ძეთა - სემის, ქამისა და იაფეთის - შთამომავლობა. ძენი შეეძინათ მათ წარღვნის შემდეგ.
2 . იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
3 . გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
4 . იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
5 . ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირელი ხალხები თავიანთ ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით, საკუთარ ხალხში.
6 . ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
7 . ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და რაყმას ძენი: შება და დედანი.
8 . ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო ძალის გამოჩენა დედამიწაზე.
9 . ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა - ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე!
10 . თავიდან მის სამეფოს შეადგენდა ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე - შინყარის ქვეყანაში.
11 . ამ ქვეყნიდან წამოვიდა აშურში და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი და ქალახი.
12 . და რესენი, რომელიც ნინევესა და ქალახს შორის იყო, დიდი ქალაქი.
13 . მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,
14 . ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგანაც გამოვიდნენ ფილისტიმელნი) და ქაფთორელთა.
15 . ქანაანს ეყოლა სიდონი, მისი პირმშო, და ხეთი,
16 . იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,
17 . ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,
18 . არვადელნი, ცემარელნი და ჰამათელნი და მერე გაიფანტნენ ქანაანის ტომებად.
19 . და იყო ქანაანელთა საზღვარი სიდონიდან გერარის მიმართულებით - ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით - ლაშაყამდე.
20 . ესენი იყვნენ ქამის ძენი თავისი გვარებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის მიწებსა და ერებში.
21 . სემს, იაფეთის უფროს ძმასაც, შეეძინა შვილები. სემი იყო ყებერის მთელი შთამომავლობის მამა.
22 . სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
23 . არამის ძენი: ყუცი, ჰული, გეთერი და მაში.
24 . არფაქშადს შეეძინა შელახი, შელახს - ყებერი.
25 . ყებერმა შვა ორი ძე: ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო დედამიწა, მის ძმას ერქვა იოკტანი.
26 . იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი.
27 . ჰადორამი, უზალი და დიკლა,
28 . ყობალი, აბიმაელი და შება,
29 . ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველა იოკტანის ძენი იყვნენ.
30 . მათი დასახლება მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე ვრცელდებოდა.
31 . ესენი არიან სემის ძენი თავიანთი გვარებისა და ენების მიხედვით, თავიანთ მიწებზე და ერებში.
32 . ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავისი გვარების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ერები მთელ დედამიწაზე.
1 . უთხრა უფალმა აბრამს: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ.
2 . დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
3 . ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.
4 . წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა; და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. სამოცდათხუთმეტი წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა.
5 . თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას; და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
6 . გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემამდე - მორეს მუხამდე; ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
7 . გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: "შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
8 . გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი: ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით; იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს.
9 . დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა.
10 . შიმშილი იყო იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან ძალიან მძვინვარებდა შიმშილი.
11 . ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრამმა სარაის, თავის ცოლს: "ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
12 . დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13 . ამიტომ თქვი, რომ და ხარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო.
14 . როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, იხილეს ეგვიპტელებმა ეს ქალი, რომელიც ძალიან მშვენიერი იყო.
15 . ნახეს ფარაონის დიდებულებმაც და უქეს ფარაონს; და წაიყვანეს ქალი ფარაონის კარზე.
16 . კარგად მოექცნენ აბრამს მისი ცოლის გამო. ჰყავდა აბრამს ცხვარი და პირუტყვი, ყმანი და მხევალნი, სახედრები და აქლემები.
17 . დიდად დაასნეულა უფალმა ფარაონი და მისი სახლი სარაის, აბრამის ცოლის გამო.
18 . იხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: "ეს რა მიყავი, რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო ეს ქალი?
19 . რატომ თქვი ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად შერთვას ვაპირებდი! აი, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი აქედან!”
20 . უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს და გაისტუმრეს აბრამი და ცოლი მისი, და წაიღეს თან, რაც გააჩნდათ.
1 . ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.
2 . ძალზედ მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
3 . ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის.
4 . იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს.
5 . ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
6 . და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.
7 . დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
8 . და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.
9 . განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.
10 . აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.
11 . და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.
12 . აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13 . ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.
14 . და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან გაყრის შემდეგ: "აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.
15 . რადგან, მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე.
16 . მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
17 . ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას”.
18 . აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია; და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის - გერარში დასახლდა.
2 . თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე, რომ და იყო მისი. აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი გაგზავნა და თავისთან მიაყვანინა სარა.
3 . მაგრამ ღმერთი მოევლინა სიზმარში აბიმელექს და უთხრა: "აჰა, მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი!”
4 . მაგრამ არ მიჰკარებია მას აბიმელექი და ამიტომ უთხრა უფალს: "უფალო, განა მართალ ხალხსაც დაღუპავ?
5 . მან ხომ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც თქვა: ჩემი ძმა არისო! გულმართლად და უმწიკვლო ხელით ჩავიდინე ეს”.
6 . და უთხრა ღმერთმა სიზმარში: "ვიცი, რომ გულმართლად გააკეთე ეს, ამიტომ განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე და არ მიგაკარე მაგ ქალს.
7 . ახლა კი დაუბრუნე ცოლი თავის ქმარს, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ისიც ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენ და შენიანებს სიკვდილი არ აგცდებათ”.
8 . ადგა აბიმელექი დილაადრიანად, დაიბარა კარისკაცნი და ყველაფერს მოუყვა. ფრიად შეშინდა ხალხი.
9 . მოიხმო აბიმელექმა აბრაჰამი და უთხრა: "ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!”
10 . უთხრა აბიმელექმა აბრაჰამს: "რა გქონდა განზრახული, ამას რომ სჩადიოდი?”
11 . მიუგო აბრაჰამმა: "მე მეგონა, ღვთის შიში არ იქნებოდა ამ მხარეში და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
12 . მართლაც ჩემი და არის სარა, მამაჩემის ასულია, თუმცა დედაჩემის ასული არ არის; და გახდა ჩემი ცოლი.
13 . ღმერთმა რომ გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ქალს: "ერთი სიკეთე მიყავი, ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ, თქვი: ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი”.
14 . და აიღო აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი და მისცა აბრაჰამს; და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
15 . უთხრა აბიმელექმა: "აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გენებოს, იქ დამკვიდრდი”.
16 . სარას კი უთხრა: "აი, ათასი შეკელი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. იმის დასტურია ეს შენი თანმხლებისა და ყველას წინაშე, რომ უდანაშაულო ხარ”.
17 . ილოცა აბრაჰამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მხევლები და კვლავ დაორსულდნენ ისინი.
18 . რადგან დაეხშო უფალს აბიმელექის სახლში ყველასთვის საშო, აბრაჰამის ცოლის - სარას გამო.
1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
2 . იხილა იაკობმა ლაბანის სახე და, აჰა, ისეთი აღარ იყო იგი მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3 . და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.
4 . გააგზავნა კაცი იაკობმა და ველზე, თავის ფარასთან მოუხმო რახელსა და ლეას.
5 . უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.
6 . თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
7 . მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.
8 . იტყოდა - ‘დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო’ და დაწინწკლულებს იგებდა მთელი ფარა; იტყოდა - ‘ზოლიანები იყოსო შენი გასამრჯელო’ და ზოლიანებს იგებდა მთელი ფარა.
9 . წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.
10 . ცხვრის ახურების ჟამს, სიზმარში აღვაპყრე თვალნი და ვხედავ, ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელები, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
11 . და დამიძახა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: "იაკობ!” ვუპასუხე: "აქ ვარ”.
12 . მითხრა: "თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13 . მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.
14 . მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15 . განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16 . ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.
17 . ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.
18 . წაასხა მთელი თავისი სამწყსო და წაიღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ფადან-არამში მოაგროვა, რათა ისაკთან, მამამისთან მისულიყო ქანაანის ქვეყანაში.
19 . ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
20 . გააცურა იაკობმა არამელი ლაბანი - დაუმალა რა, რომ გარბოდა მისგან.
21 . გაიქცა და რაც კი რამ ებადა, თან წაიღო. მდინარე გადალახა და გილყადის მთისკენ გაემართა.
22 . მესამე დღეს გაიგო ლაბანმა იაკობის გაქცევა.
23 . წაიყვანა თანამოძმენი, შვიდი დღის სავალზე სდია და გილყადის მთასთან დაეწია.
24 . ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.
25 . დაეწია ლაბანი იაკობს; და აჰა, მთაზე კარავი ჰქონდა გაშლილი იაკობს და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის ხალხთან ერთად.
26 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ეს რა გამიკეთე? გამაცურე და მახვილით ნაშოვნი ტყვეებივით წაასხი ჩემი ასულები.
27 . ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.
28 . ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.
29 . შემიძლია, რომ გიბოროტო, მაგრამ წუხელ მამაშენის ღმერთმა მითხრა, გაფრთხილდი, იაკობს ნურც კარგს ეტყვი და ნურც ავსო.
30 . ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
31 . მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.
32 . და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.
33 . შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34 . აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
35 . და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.
36 . განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37 . მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!
38 . ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ; არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან.
39 . მხეცის მიერ დაგლეჯილი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალდებოდი; როგორც ღამით, ისე დღისით მოპარულის საზღაურს ჩემგან ითხოვდი.
40 . დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს.
41 . ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.
42 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
43 . მიუგო ლაბანმა იაკობს: "ეს ასულნი ჩემი შვილები არიან; ეს ვაჟები ჩემი ძეები არიან; ეს ფარა ჩემი ფარაა. ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. აჰა, რა ვუყო ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს?
44 . ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”.
45 . აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა.
46 . და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.
47 . და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა - გილყადი.
48 . თქვა ლაბანმა: "ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი
49 . და მიცფა, რადგან თქვა: "დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
50 . თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”.
51 . და უთხრა ლაბანმა იაკობს: "აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის.
52 . მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ.
53 . აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
54 . შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.
55 . ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.
1 . გაიხედა იაკობმა და, აჰა, ხედავს, ოთხასი კაცით მოდის მისკენ ესავი. და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მხევალს შორის.
2 . წინ მხევლები და მათი ბავშვები დააყენა, მათ უკან - ლეა და მისი ბავშვები, ხოლო რახელი და იოსები - სულ ბოლოს.
3 . თავად წინ წარუძღვა და ვიდრე ძმას მიუახლოვდებოდა, შვიდჯერ სცა თაყვანი მიწამდე.
4 . და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდა ორივე.
5 . გაიხედა ესავმა და ქალები და ბავშვები დაინახა; ჰკითხა: "ვინ არიან ესენი შენთვის?” უპასუხა: "შვილები, რომლებიც ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს”.
6 . და მიეახლნენ მხევლები თავიანთ შვილებთან ერთად და თაყვანი სცეს.
7 . ლეაც მიეახლა თავისი ბავშვებით და თაყვანი სცა; ბოლოს რახელი და იოსები მიეახლნენ და თაყვანი სცეს.
8 . ჰკითხა ესავმა: "რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემომხვდა?” უთხრა იაკობმა: "რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში!”
9 . უთხრა ესავმა: "არაფერი მაკლია, ძმაო. რაც შენია, შენთან იყოს!”
10 . უთხრა იაკობმა: "არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, თითქოს ღვთის სახე დამენახოს და შენც კეთილად შემხვდი.
11 . გთხოვ, მიიღე ჩემი ძღვენი, რომელიც მოგართვი, რადგან ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მაქვს”. დაიყოლია იგი და მანაც მიიღო.
12 . უთხრა ესავმა: "დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წავალ”.
13 . უპასუხა იაკობმა: "იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, ჩემი ცხვარ-ძროხა კი მეწველია; წინ რომ გავირეკო, მთელი სამწყსო ერთ დღეში გამიწყდება.
14 . იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი ნელა, ჩემს სამწყსოსა და ბავშვებს წამოვყვები, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში”.
15 . თქვა ესავმა: "ვინმეს მოგიჩენ იმ ხალხიდან, რომელიც თან მახლავს”. უთხრა იაკობმა: "რა საჭიროა? ოღონდ კი მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში”.
16 . და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ.
17 . იაკობი კი სუქოთისკენ დაიძრა, თავისთვის სახლი აიშენა და პირუტყვსაც გაუკეთა სადგომები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
18 . ფადან-არამიდან დაბრუნებული იაკობი მშვიდობით მივიდა შექემში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია და ქალაქის წინ დაიბანაკა.
19 . ას კესიტად იყიდა შექემის მამის, ხამორის ძეებისგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი გაშალა.
20 . აღმართა სამსხვერპლო და უწოდა მას "ელ-ელოჰი-ისრაელ” - ღმერთი, ღმერთი ისრაელისა.
1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.
2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.
3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.
4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”
5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.
6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.
9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.
10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.
11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.
13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.
14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.
15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.
16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.
17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.
18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.
20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.
22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.
23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.
24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.
25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.
26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.
27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.
28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,
29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.
30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.
31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”
1 . ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;
2 . და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში.
3 . მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას.
4 . და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს.
5 . კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.
6 . მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი.
7 . და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
8 . შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.
9 . და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: "ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:
10 . განურისხდა ფარაონი თავის მსახურებს და მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად დამატუსაღა.
11 . ერთ ღამეს სიზმარი გვესიზმრა მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი.
12 . იყო ჩვენთან ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები და მანაც ზუსტად აგვიხსნა ისინი.
13 . როგორც აგვიხსნა, ისე აგვიხდა: მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა ფარაონმა, ის კი - ჩამოკიდა”.
14 . მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
15 . უთხრა ფარაონმა: "სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”.
16 . მიუგო იოსებმა ფარაონს: "მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.
17 . და უამბო ფარაონმა იოსებს: "სიზმარში ნილოსის პირას ვიდექი.
18 . აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში იწყეს ბალახობა.
19 . მერე კიდევ შვიდი სხვა ძროხა ამოვიდა, მეტისმეტად უშნო და გამხდარი; მთელ ეგვიპტეში მათზე უშნო არაფერი მინახავს.
20 . დამჭლევებულმა და უშნო ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა შეჭამეს.
21 . შთანთქეს, მაგრამ არ ემჩნეოდათ, რომ მათ შიგნეულში იყვნენ შესული; ისეთივე უშნონი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა.
22 . კიდევ ვიხილე სიზმარი: შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
23 . აჰა, სხვა შვიდი თავთავიც აღმოცენდა მათ შემდეგ, გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული.
24 . წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”
25 . უთხრა იოსებმა ფარაონს: "ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები: ღმერთი უცხადებს ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
26 . შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
27 . მათ შემდეგ ამოსული შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა შვიდი წელია; შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელია.
28 . ეს ისაა, რაც უკვე ვუთხარი ფარაონს - რის გაკეთებასაც აპირებს ღმერთი, სიზმრად აჩვენა მან ფარაონს.
29 . აჰა, მოდის შვიდი უხვმოსავლიანი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
30 . მას შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი დადგება და დავიწყებული იქნება სიუხვე ეგვიპტეში და შიმშილი დააუძლურებს ქვეყანას.
31 . ვეღარავინ გაიხსენებს სიუხვეს იმ შიმშილობის გამო, რომელიც დადგება, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
32 . და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
33 . ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.
34 . ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.
35 . დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.
36 . ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.
37 . მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.
38 . უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”
39 . და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
40 . შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.
41 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "აჰა, დაგადგინე მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად”.
42 . და წაიძრო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს; ბისონის სამოსლით შემოსა და კისერზე ოქროს ძეწკვი ჩამოკიდა,
43 . დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: დაიჩოქეთ! და დაადგინა იგი განმგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელ-ფეხს ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
45 . უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული ასენათი შერთო ცოლად; და გამოვიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
46 . ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.
47 . უხვი მოსავალი წარმოქმნა მიწამ სიუხვის შვიდწლეულში.
48 . და შეაგროვა იოსებმა მთელი შვიდი წლის მოსავალი, რომელიც ფრიად უხვად მოვიდა ეგვიპტის ქვეყანაში და საზრდოდ დაუდგინა ქალაქებს. თითოეულ ქალაქს თავისი შემოგარენი მინდვრებიდან აღებული მოსავალი დაუდგინა საზრდოდ.
49 . ზღვის ქვიშასავით დაახვავა იოსებმა ხორბალი, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან სათვალავი აღარ იყო.
50 . ორი ვაჟი შეეძინა იოსებს შიმშილობის წელიწადის დადგომამდე, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
51 . და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: "ღმერთმა დამავიწყა ყოველგვარი ტანჯვა და მამაჩემის სახლეული”.
52 . მეორეს დაარქვა ეფრემი, რადგან თქვა: "ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი წამების ქვეყანაში”.
53 . დასრულდა სიუხვის შვიდი წელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში იდგა
54 . და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელი, როგორც თქვა იოსებმა. ყველა ქვეყანა შიმშილობდა, ხოლო ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
55 . და როცა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც დაიმშა, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის; და გამოუცხადა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: "იოსებთან მიდით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით”.
56 . შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.
57 . ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი დედამიწაზე.
1 . ვეღარ შეძლო თავის შეკავება იოსებმა და შეჰყვირა: "ყველანი გაიყვანეთ!” და არავინ იყო მასთან, როცა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ძმებს.
2 . ხმამაღლა აქვითინდა და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლეულმაც.
3 . უთხრა თავის ძმებს: "იოსები ვარ. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა, რადგან შეცბნენ მის წინაშე.
4 . უთხრა ძმებს იოსებმა: "მომიახლოვდით!” მიეახლნენ. თქვა: "იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
5 . ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.
6 . რადგან ეს ორი წელია შიმშილია ქვეყანაზე და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
7 . თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა, ქვეყნად თქვენი ნატამალის დასატოვებლად, რათა დიადი ხსნით შეგინარჩუნოთ სიცოცხლე.
8 . თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
9 . საჩქაროდ დაბრუნდით მამაჩემთან და უთხარით: "ასე ამბობს-თქო იოსები, შენი ძე - მთელი ეგვიპტის ბატონად დამადგინა ღმერთმა; ჩამოდი ჩემთან, ნუღარ დააყოვნებ!
10 . იცხოვრებ გოშენის მიწაზე, ჩემს მახლობლად, შენ, შენი შვილები და შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და ყველაფერი თან გექნება, რაც გაგაჩნია.
11 . აქ გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლეული და მთელი შენი მონაგები.
12 . ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგეა, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
13 . უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში; ყველაფერი უამბეთ, რაც ნახეთ; იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი”.
14 . დაემხო თავისი ძმის, ბენიამინის კისერზე და აქვითინდა; და ბენიამინიც ქვითინებდა მის კისერზე.
15 . ეამბორა ყველა თავის ძმას და ტიროდა მათთან ერთად. ამის შემდეგღა ილაპარაკეს მასთან ძმებმა.
16 . მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, ძმები ჩამოუვიდნენო იოსებს და ეამათ ფარაონსა და მის მსახურებს.
17 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "შენს ძმებს უთხარი: ასე მოიქეცით: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და წადით ქანაანის ქვეყანაში;
18 . წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეული და მოდით ჩემთან. საუკეთესოს გარგუნებთ ეგვიპტის მიწაზე და ამ მიწის დოვლათს შეჭამთ.
19 . შენ კი გებრძანება: წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ურმები თქვენი პატარებისა და ცოლებისათვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოდით;
20 . თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან ყოველივე საუკეთესო თქვენია ეგვიპტის მიწაზე”.
21 . ასეც მოიქცნენ ისრაელის ძენი. მისცა მათ იოსებმა ურმები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ.
22 . ერთი ხელი სამოსელი თითოეულ მათგანს, ხოლო ბენიამინს სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი მისცა.
23 . მამამისს კი ეგვიპტური დოვლათით დატვირთული ათი სახედარი, ათი ჭაკი ვირი ხორბლით და პურით დატვირთული გაუგზავნა, და საკვები - მამამისის სამგზავროდ.
24 . გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: "გზაში ნუ იდავებთ”.
25 . წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან.
26 . ახარეს: "ცოცხალია იოსები და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე განმგებლობს!” გაოგნდა, თუმცა არ ერწმუნა მათ.
27 . გადასცეს იოსების ყოველი სიტყვა და ნახა ურმები, რომლებიც მის წასაყვანად გამოგზავნა იოსებმა და გაცოცხლდა იაკობის, მათი მამის, სული.
28 . თქვა ისრაელმა: "კმარა, ცოცხალია ჩემი ძე, იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ”.
1 . მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: "მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩო-საბადებლით; უკვე გოშენის მიწაზე არიან”.
2 . ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
3 . ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: "რა საქმიანობას ეწევით?” უთხრეს: "ცხვრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა”.
4 . უთხრეს ფარაონს: "ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე”.
5 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მამაშენი და შენი ძმები მოგივიდნენ.
6 . შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. დაე იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინე ჩემს საქონელს”.
7 . მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8 . ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”
9 . უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.
10 . აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან.
11 . დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა.
12 . ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13 . და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14 . შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა.
15 . და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: "მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!”
16 . უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
17 . მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.
18 . გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19 . რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”.
20 . და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა.
21 . მონებად აქცია ხალხი ქალაქებში - ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
22 . მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები.
23 . უთხრა იოსებმა ხალხს: "აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა.
24 . მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”.
25 . თქვეს: "სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”.
26 . დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
27 . და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავლდნენ ფრიად.
28 . იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო მისი სიცოცხლის დღენი ასორმოცდაშვიდი წელი.
29 . როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე! ნუ დამმარხავ ეგვიპტეში!
30 . და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში”. უთხრა იოსებმა: "შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი!”
31 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” შეჰფიცა იოსებმა. და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; და შენი ძმა აჰარონი შენი წინასწარმეტყველი იქნება.
2 . შენ ეტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო აჰარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.
3 . გავასასტიკებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.
4 . არ მოგისმენთ ფარაონი, მაშინ ხელს გავიწვდი ეგვიპტეზე და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეებს, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.
5 . და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის შვილებს”.
6 . ასეც მოიქცნენ მოსე და აჰარონი; როგორც უბრძანა უფალმა, ასე მოიქცნენ.
7 . ოთხმოცი წლის იყო მოსე, ხოლო აჰარონი - ოთხმოცდასამის, ფარაონს რომ დაუწყეს ლაპარაკი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
9 . "თუ გეტყვით ფარაონი - მოახდინეთ სასწაული, მაშინ ეტყვი აჰარონს: აიღე შენი კვერთხი, დააგდე ფარაონის წინაშე და გველად იქცევა იგი”.
10 . მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა უფალმა. წინ დაუგდო აჰარონმა თავისი კვერთხი ფარაონსა და მის მსახურებს და იქცა იგი გველად.
11 . უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით.
12 . დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და იქცნენ გველებად; და შთანთქა აჰარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13 . გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
15 . წადი ფარაონთან დილით; გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირზე; კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
16 . უთხარი, უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა-თქო შენთან ამის სათქმელად: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში; აჰა, არ შეისმინე აქამდე.
17 . ასე ამბობს უფალი: ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი - კვერთხს, რომელიც ხელში მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს და სისხლად იქცევა;
18 . თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება და მდინარე ამყრალდება, ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი მდინარის წყალს”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: ‘აიღე შენი კვერთხი, გაიწოდე შენი ხელი ეგვიპტელთა წყლებზე - მათ მდინარეებზე, ნაკადულებზე, მათ ტბებსა და ყველა მათ წყალსატევზე!’ და იქცევიან სისხლად და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ასევე ქვებშიც”.
20 . ისე მოიქცნენ მოსე და აჰარონი, როგორც უბრძანა უფალმა. ფარაონის და მისი მსახურების თვალწინ აღმართა კვერთხი, დასცა მდინარის წყალს და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად.
21 . ამოწყდა თევზი მდინარეში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები მდინარის წყალს; და იყო სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
22 . და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
23 . გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
24 . თხრიდა ყოველი ეგვიპტელი მდინარის გასწვრივ, რომ სასმელი წყალი ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს.
25 . და გასრულდა შვიდი დღე მას შემდეგ, რაც დაჰკრა უფალმა მდინარეს.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან, რადგან მე გავუქვავე გული მას და მის მსახურებს, რათა ჩემი ნიშნები გამომევლინა მათ შორის.
2 . რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი”.
3 . მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ებრაელთა ღმერთი: "როდემდე უარყოფ დამდაბლებას ჩემს წინაშე? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.
4 . და თუ კიდევ უარს იტყვი ჩემი ხალხის გაშვებაზე, აჰა, ხვალვე კალიას მოვავლენ შენს საზღვრებში.
5 . ისე დაფარავს იგი ქვეყნის ზედაპირს, რომ შეუძლებელი გახდება მიწის დანახვა და შთანთქავს იგი გადარჩენილთა ნატამალს, რომელიც სეტყვას გადაურჩა; და შეჭამს ყოველ ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
6 . აღავსებენ შენი, შენი მსახურების და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავს შენს მამა-პაპას მათი არსებობის დღიდან დედამიწაზე”. გამობრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან.
7 . უთხრეს ფარაონს მისმა მსახურებმა: "როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ჩვენს მახედ? გაუშვი კაცები და ემსახურონ უფალს, თავ-თავის ღმერთს, ვეღარ გაიგე, რომ იღუპება ეგვიპტე?
8 . დააბრუნეს მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: "წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. მაგრამ ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?”
9 . უთხრა მოსემ: "ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებით, ჩვენი ქალ-ვაჟით, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით წავალთ, რადგან უფლისთვის უნდა ვიდღესასწაულოთ”.
10 . უთხრა მათ ფარაონმა: "ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებთან ერთად გაგიშვათ. აჰა, ბოროტია თქვენი განზრახვა.
11 . ასე არა! წადით თქვენ, მამაკაცები და ემსახურეთ უფალს, რაკი ასე გსურთ”. და გამოაგდეს ისინი ფარაონისგან.
12 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიის გამოსახმობად, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის მიწას და შთანთქას ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა”.
13 . გაიწოდა მოსემ კვერთხი ეგვიპტის მიწაზე და მოავლინა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყანაზე მთელ დღეს და მთელ ღამეს. გათენდა და კალია მოზიდა აღმოსავლეთის ქარმა.
14 . შეესია კალია ეგვიპტის მიწას და დაუნდობლად მოეფინა ეგვიპტის ყოველ კუთხე-კუნჭულს; არც მანამდე ყოფილა ამდენი კალია და არც ამის შემდეგ იქნება.
15 . დაფარა მან მთელი მიწის ზედაპირი ისე, რომ დაბნელდა ქვეყანა და შთანთქა ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა და აღარ დარჩა არანაირი სიმწვანე, აღარც ხე და ბალახი მინდვრისა ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
16 . სასწრაფოდ მიიწვია ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთისა და თქვენს წინაშე.
17 . გთხოვთ, ამჯერადაც შემინდეთ ცოდვა და ილოცეთ უფლის, თქვენი ღმერთისადმი, ოღონდ ამარიდოს ეს სიკვდილი”.
18 . გამოვიდა მოსე ფარაონისგან და ილოცა უფლის მიმართ.
19 . მოაქცია უფალმა ზღვის ძლიერი ქარი, წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. არ დარჩენილა არც ერთი კალია ეგვიპტის საზღვრებში.
20 . გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილები.
21 . უთხრა უფალმა მოსეს: "ცისკენ გაიწოდე ხელი, რათა იყოს წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაზე, ხელშესახები სიბნელე”.
22 . გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და წყვდიადის ბურუსი ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე სამ დღეს.
23 . ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამი დღე; ხოლო ისრაელის შვილებს სინათლე ჰქონდათ თავ-თავის სამყოფელში.
24 . მოიხმო ფარაონმა მოსე და უთხრა: "წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი თან წაიყვანეთ”.
25 . უთხრა მოსემ: "სამსხვერპლო და სრულადდასაწველიც უნდა მოგვცე და შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.
26 . ჩვენი საქონელიც უნდა წაგვყვეს, ჩლიქიც კი არ დარჩება, ვინაიდან მისგან გამოვარჩევთ უფლის, ჩვენი ღვთის შესაწირს; სანამ იქ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახურებით უფალს”.
27 . მაგრამ გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ ინება მათი გაშვება.
28 . უთხრა მას ფარაონმა: "წადი აქედან და გაფრთხილდი, რომ აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მაშინვე მოკვდები.
29 . უთხრა მოსემ: "სწორად ამბობ. აღარასოდეს ვიხილავ შენს სახეს”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2 . "თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში.
3 . ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.
4 . და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.
5 . უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6 . შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.
7 . აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.
8 . იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი.
9 . არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10 . დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით.
11 . ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
12 . გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13 . იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
14 . დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
15 . შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.
16 . პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17 . დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
18 . პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.
19 . შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან - ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.
20 . საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.
21 . მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.
22 . აიღეთ უსუპის კონა, ამოაწეთ სისხლიან ჯამში და სცხეთ სისხლი რომელიც ჯამშია კარის ზედა ძელს და ორივე წირთხლს. დილამდე არავინ გახვიდეთ სახლიდან.
23 . რადგან უფალი გაივლის ეგვიპტის შესამუსრად, იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე, და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და უფლებას არ მისცემს გამანადგურებელს თქვენს შესამუსრად შემოვიდეს თქვენს სახლებში.
24 . წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.
25 . და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.
26 . და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ?
27 . ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.
28 . წავიდნენ ისრაელის შვილები და აღასრულეს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს, ისე აღასრულეს.
29 . და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30 . ადგნენ ღამით ფარაონი თავის მორჩილებთან ერთად და ყველა ეგვიპტელი; და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
31 . ღამითვე იხმო ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის შვილები, წადით და ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
32 . თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.
33 . და აიძულებდნენ ეგვიპტელები ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.
34 . წაიღო ხალხმა თავისი ცომი, სანამ გაფუვდებოდა, ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
35 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის შვილები, ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
36 . მადლი აპოვნინა უფალმა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ათხოვეს, რაც ითხოვეს; ასე გაძარცვეს ეგვიპტელნი.
37 . და გაემგზავრნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ფეხოსანი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.
38 . უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.
39 . და გამოაცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისგან ხმიადის კვერები. ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან; საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვნდნენ.
40 . ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.
41 . ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
42 . მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.
43 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
44 . ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ.
45 . ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.
46 . ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.
47 . ისრაელის მთელმა თემმა დაიცვას ეს წესი.
48 . თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.
49 . ერთი სჯული ჰქონდეს მკვიდრსა და მდგმურს თქვენ შორის”.
50 . და გააკეთეს ყოველივე ისრაელის შვილებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს.
51 . სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.
1 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "გამომიყავი ისრაელის შვილთაგან ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან ვიდრე პირუტყვამდე, ჩემია იგი”.
3 . უთხრა მოსემ ხალხს: "გახსოვდეთ ეს დღე, როდესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფლის მაგარი ხელით გამოხვედით იქიდან, არაფერი ჭამოთ საფუარიანი.
4 . დღეს გამოდიხართ, აბიბის თვეში.
5 . ოდეს შეგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში სადაც რძე და თაფლი მოედინება, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.
6 . შვიდ დღეს ხმიადი ჭამე და იდღესასწაულე უფლისთვის მეშვიდე დღეს;
7 . შვიდი დღე ჭამე ხმიადი - ნუ გამოჩნდება შენთან გაფუებული პური და ნუ გამოჩნდება საფუარი მთელ შენს საზღვრებში.
8 . ასე განუცხადე შენს შვილს იმ დღეს: ეს იმისთვისაა, რაც უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას გამიკეთა-თქო.
9 . ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
10 . დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე.
11 . როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში და მოგცემს იმ მიწას, როგორც შენ და შენს მამებს აღგითქვათ,
12 . გამოაცალკევე უფლისათვის ყოველი საშოს გამღები და შენი პირუტყვის ყოველი პირველმონაგები მამალი, უფლისა იქნება.
13 . ყოველი პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი - ქედი გადაუმტვრიე. ადამიანისა ყოველი პირმშო შენს ძეთაგან, გამოისყიდე.
14 . როდესაც გკითხავს შენი ძე იმ დროს: რა არისო ეს? მაშინ უთხარი: მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
15 . როცა ჯიუტობდა ფარაონი ჩვენი გამოსვლისას, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან ვიდრე პირუტყვის პირველმონაგებამდე. ამიტომ ვწირავ-თქო უფალს ყოველ მამრს, რომელიც გააღებს საშოს და გამოვისყიდი ჩემს ყოველ პირმშოს”.
16 . ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რადგან მაგარი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან”.
17 . როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია ღმერთს ის ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე გზა იყო; რადგან თქვა ღმერთმა: "არ გადაიფიქროს ხალხმა ომის ხილვისას და არ გაბრუნდეს ეგვიპტეში”.
18 . არამედ უდაბნოს გზით შემოატარა ხალხი მეწამული ზღვისკენ. შეიარაღებულნი გამოვიდნენ ისრაელის შვილები ეგვიპტის ქვეყნიდან.
19 . და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ასე დააფიცა მან ისრაელის შვილებს: "უსათუოდ მოგინახულებთ ღმერთი და გაიყოლეთ ჩემი ძვლები აქედან”.
20 . გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ყეთამში, უდაბნოს განაპირას.
21 . წინ უძღოდა მათ უფალი დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამე ცეცხლის სვეტში, გზის გასანათებლად, რათა შესძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით.
22 . არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.
1 . ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის ზუსტად სამი თვის თავზე მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში.
2 . გაემგზავრნენ რეფიდიმიდან, მივიდნენ სინაის უდაბნოში და იქ მთის პირდაპირ დაბანაკდა ისრაელი.
3 . ავიდა მოსე ღმერთთან და მოუხმო მას უფალმა მთიდან: "ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის შვილებს:
4 . ხომ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს; არწივის ფრთებზე აგიყვანეთ და ჩემთან მოგიყვანეთ.
5 . ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.
6 . იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!”
7 . და მივიდა მოსე, მოიწვია უხუცესნი ხალხიდან და მოახსენა ყველაფერი, რაც უბრძანა უფალმა.
8 . მიუგო მთელმა ხალხმა ერთად და თქვა: "რაც თქვა უფალმა, ყველაფერს ავასრულებთ”. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "მოვალ შენთან სქელი ღრუბლით, რათა მოისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და გერწმუნოს სამუდამოდ”. და ამცნო მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
10 . უთხრა უფალმა მოსეს: "წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ და გაირეცხონ სამოსელი.
11 . მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12 . ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და მის კალთებს არ შეეხოთ; ყველა, ვინც შეეხება, უსათუოდ მოკვდება.
13 . არ შეეხოს მას ხელით, რადგან ჩაიქოლება იგი ან შუბით განიგმირება; გინდ პირუტყვი იყოს, გინდ კაცი - ვერ იცოცხლებს. როცა ბუკის ხმა გაისმება, მაშინ ავიდნენ მთაზე”.
14 . ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს სამოსელი.
15 . უთხრა ხალხს: "მზად იყავით მესამე დღისთვის, ცოლებს ნუ მიეკარებით”.
16 . მესამე დღეს, დილიდანვე ატყდა ჭექა-ქუხილი და მძიმე ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, მეტისმეტად ძლიერად ისმოდა რქის საყვირის ხმა და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17 . და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღმერთთან შესახვედრად ბანაკის გარეთ და დადგნენ მთის ძირას.
18 . ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში; როგორც ღუმელს ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
19 . თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა, ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
20 . და ჩამოვიდა უფალი სინაის მთის წვერზე. მოსესაც მთის წვერისკენ მოუხმო უფალმა და ავიდა მოსე.
21 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი და გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრან უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი.
22 . ღვთისმსახურნიც, რომლებიც უფალს მიეახლებიან, უნდა განიწმიდონ, რათა არ შემუსროს ისინი უფალმა”.
23 . უთხრა მოსემ უფალს: "ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაგვაფრთხილე - საზღვარი შემოავლე მთას და გაწმიდეო იგი”.
24 . უთხრა მას უფალმა: "ჩადი და ამოიყვანე აჰარონი, ხოლო ღვთისმსახურნი და ხალხი, ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რათა არ შემუსროს ისინი”.
25 . ჩამოვიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.
3 . ესაა შესაწირი, რომელსაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
4 . ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილი, თხის მატყლი,
5 . ვერძისა და მაჩვის დათრიმლული ტყავები და აკაციის ძელები;
6 . გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
7 . სარდიონის ქვები და ეფოდსა და გულსაფარში ჩასასმელი ქვები.
8 . და გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
9 . როგორც მე გაჩვენებ კარავსა და ყოველი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ისე გააკეთე.
10 . კიდობანი აკაციის ხისგან გააკეთეთ: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე და სიმაღლე.
11 . შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედე; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.
12 . ჩამოასხი ოქროს ოთხი რგოლი და ოთხ ქვედა კუთხეში მიამაგრე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი მეორე მხარეს.
13 . გამოთალე კეტები აკაციისგან და მოჭედე ოქროთი.
14 . გაუყარე კეტები კიდობნის გვერდების გასწვრივ რგოლებში, რათა მათი მეშვეობით ატაროთ კიდობანი.
15 . დარჩეს კეტები კიდობნის რგოლებში, არ გამოაძროთ.
16 . ჩადე კიდობანში აღთქმა, რომელსაც მოგცემ.
17 . გაუკეთე სარქველი ხალასი ოქროსგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18 . გამოჭედე ოქროსგან ორი ქერუბი და დასხი სარქვლის ორივე კიდეზე.
19 . ერთი ქერუბი ერთ კიდეზე დაამაგრე და ერთიც - მეორე კიდეზე; სარქვლის ორივე კიდეზე დასხით ქერუბები.
20 . სარქვლის ზემოდან ჰქონდეთ გაშლილი ქერუბებს ფრთები, თავისი ფრთებით დაფარონ სარქველი - სახეები კი ერთმანეთისკენ ექნებათ მიბრუნებული; სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბები.
21 . სარქველი დააფარე ზემოდან კიდობანს; მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ, კიდობანში ჩადე.
22 . მანდ გამოგეცხადები, სარქვლის ზემოდან, ორი ქერუბის შუაგულიდან, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და დაგელაპარაკები ყოველივეზე, რაც ისრაელის შვილებს უნდა ამცნო.
23 . გააკეთე მაგიდა აკაციის ხისგან, ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
24 . მოჭედავ მას წმიდა ოქროთი და ოქროს გვირგვინს შემოავლებ.
25 . შემოავლე ირგვლივ მტკაველის ოდენა ჯებირი და ოქროს გვირგვინი შემოარტყი ჯებირს.
26 . გაუკეთე ირგვლივ ოქროს ოთხი რგოლი და ოთხივე ფეხთან, ოთხივე კუთხეზე მიამაგრე რგოლები.
27 . იყოს რგოლები ჯებირთან ახლოს, მაგიდის სატარებელი კეტების მოსათავსებლად.
28 . გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ მაგიდა.
29 . გააკეთე ხალასი ოქროსგან მისი ლანგრები, ფიალები, ჯამები და ჩამოსასხმელი ტოლჩები.
30 . და მუდმივად იდოს ამ მაგიდაზე ჩემთვის მოსართმევი საწინაშეო პური.
31 . გააკეთე სუფთა ოქროს ჭედური სასანთლე; მისი შვერილი, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები ყველაფერი გამოჭედილი უნდა იყოს.
32 . ექვსი ტოტი გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი ტოტი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი მეორე გვერდიდან;
33 . სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი; და ასე ექვსივე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლეს ღეროდან;
34 . თვით სასანთლეზე - ოთხი ნუშისებრი თასი, თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35 . ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ; სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.
36 . კვირტებიც და ტოტებიც ერთიანი უნდა იყოს, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედური უნდა იყოს.
37 . გააკეთე შვიდი ლამპარი, რათა მის წინ აანთონ ეს ლამპრები გასანათებლად.
38 . ხალასი ოქროსი იყოს მაშები და აქანდაზები.
39 . ერთი ტალანტი ხალასი ოქროთი გაკეთდეს იგი მთელ თავის ჭურჭელთან ერთად.
40 . ნახე და გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გაჩვენე მთაზე”.
1 . "აი, რა უნდა გააკეთო მათ განსაწმედად, რომ მღვდლობა გამიწიონ: აიყვანე ერთი ნორჩი მოზვერი და ორი უმანკო ვერძი,
2 . აიღე ხმიადები და ზეთში მოზელილი უფუარი კვერები, ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.
3 . ერთ კალათაში ჩააწყვე და მოიტანე; მოზვერი და ორი ვერძიც მოიყვანე.
4 . მიიყვანე აჰარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის კართან და განბანე წყლით.
5 . აიღე სამოსელი და შემოსე აჰარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით; და შემოარტყი ეფოდის სარტყელი.
6 . დაახურე თავსაბურავი და სიწმიდის ჯიღა მიამაგრე თავსაბურავზე.
7 . აიღე საცხებელი ზეთი, დაასხი თავზე და სცხე.
8 . მიაახლე მისი ძენი და ისინიც შემოსე კვართებით.
9 . შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები და იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები.
10 . მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან და თავზე დაადონ მოზვერს ხელები აჰარონმა და მისმა ძეებმა.
11 . და დაკლავ მოზვერს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12 . აიღე მოზვრის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დარჩენილი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვარე.
13 . აიღე მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევლად.
14 . ხოლო მოზვრის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვი; ცოდვის შესაწირია იგი.
15 . აიყვანე ერთი ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
16 . დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და მოაპკურე ირგვლივ სამსხვერპლოს.
17 . დაჭერი ვერძი ნაწილებად, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დაალაგე მის ნაჭრებსა და თავზე.
18 . მთლიანი ვერძი აღავლინე საკმევლად სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველი შესაწირია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისთვის.
19 . აიყვანე მეორე ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
20 . დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და სცხე აჰარონს და მის ძეებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე; და ირგვლივ მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს.
21 . აიღე სამსხვერპლოდან სისხლი, საცხებელი ზეთი და ასხურე აჰარონს, მის სამოსელს, მის ძეებსა და მათ სამოსელს და განიწმიდებიან ის და მისი სამოსელი და მისი ძენი და მათი სამოსელი.
22 . აიღე ვერძისგან ქონი, დუმა, შიგნეულზე გამოკრული ქონი, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი ქონიანად და მარჯვენა ბეჭი, ვინაიდან მიძღვნის ვერძია ეს.
23 . ერთი მთლიანი პური, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი ფუნთუშა უფლის საწინაშეო ხმიადების კალათიდან.
24 . და ხელებზე დაუწყვე ყოველივე ეს აჰარონსა და მის ძეებს და შეარხიე შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
25 . მერე გამოართვი ყველაფერი ხელიდან და სრულადდასაწველ კეთილსურნელებად შესწირე სამსხვერპლოზე, უფლის წინაშე. საცეცხლო შესაწირია ეს უფლისთვის.
26 . აიღე აჰარონის მიძღვნისათვის განკუთვნილი ვერძის მკერდი და შეარხიე იგი შესარხევ შესაწირად უფლის წინაშე; ეს იქნება შენი წილი.
27 . გაწმიდე შესარხევი მკერდი და აღსავლენი ბეჭი, რომელიც მიძღვნის ვერძისგან შეირხა და აღიმართა; აჰარონისა და მისი ძეების კუთვნილებაა ეს.
28 . და იქნება ეს აჰარონისა და მისი ძეებისთვის საუკუნო წესად ისრაელიანთა მიერ აღსამართ მსხვერპლთაგან; ისრაელის ძეთა აღსამართ მსხვერპლთაგან უნდა იყოს იგი. და იქნება იგი ისრაელიანთა აღსამართი, სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლთაგან უფლისადმი.
29 . აჰარონის წმიდა სამოსელი, მის შემდგომ მის ძეთ დარჩეს, რათა მასში იყვნენ ცხებულნი და მიძღვნილნი.
30 . შვიდი დღე იმოსებოდეს მასში ღვთის მსახური - მისი მაგიერი მის ძეთაგან, რომელიც საკრებულო კარვის საწმიდარში შევა მსახურებისთვის.
31 . აიყვანე მიძღვნის ვერძი და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი;
32 . საკრებულო კარვის შესასვლელთან ჭამონ აჰარონმა და მისმა ძეებმა ვერძის ხორცი და საწინაშეო პური კალათიდან.
33 . ჭამონ ყველაფერი, რითაც გამოსყიდვა მოხდა, მათ მისაძღვნელად და გასაწმედად; მაგრამ უცხომ არ ჭამოს იქიდან, რადგან წმიდაა იგი.
34 . თუ დილამდე მორჩება მიძღვნის ხორცისა და პურისგან, მაშინ მორჩენილი ცეცხლში დაწვი: აღარ იჭამოს, რადგან წმიდაა იგი.
35 . ყოველივე ისე გაუკეთე აჰარონსა და მის ძეებს, როგორც გიბრძანე - შვიდი დღის მანძილზე მიუძღვენი ისინი.
36 . ყოველდღიურად შესწირე ცოდვისათვის შესაწირი მოზვერი გამოსასყიდად. ასე განწმედ სამსხვერპლოს, როცა მსხვერპლს მოიტან მასზე; სცხებ, და განიწმიდება იგი.
37 . შვიდ დღეს ასრულებდე სამსხვერპლოს გამოსყიდვას და განწმედას და შეიქნება სამსხვერპლო წმიდათაწმიდა; ყველაფერი, რაც სამსხვერპლოს შეეხება, განიწმიდება.
38 . აი, რა უნდა შესწირო სამსხვერპლოზე: ორი ერთწლიანი კრავი ყოველდღე, მუდმივად.
39 . ერთი კრავი დილით შესწირე, ხოლო მეორე - მწუხრის ჟამს.
40 . ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, მეოთხედი ჰინის გამოხდილ ზეთში შერეული და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად ერთი კრავისთვის.
41 . მეორე კრავი კი მწუხრის ჟამს შესწირე, დილის შესაწირის მსგავსად და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი, კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად უფალს.
42 . მუდმივი, სრულადდასაწველი მსხვერპლია ეს, თაობიდან თაობამდე, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადები ხოლმე, რომ ვილაპარაკო შენთან.
43 . იქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით.
44 . გავწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს და აჰარონს თავის ძეებიანად ჩემი მსახურებისთვის.
45 . დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
46 . და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "აჰა, სახელით მოვუხმე ბეცალელს, ხურის ძეს, ძისა ურისა, იუდას ტომიდან.
3 . და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით,
4 . რათა ოსტატურად შეეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა,
5 . მოსაოჭველი ქვების გათლა და ხის კვეთა, ყოველგვარი ხელოვნებით.
6 . აჰა, მივეცი მას ოჰოლიაბი, ახისამაქის ძე, დანის ტომიდან და ყოველი ოსტატის გულში ჩავდებ სიბრძნეს, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე:
7 . საკრებულო კარავი, მოწმობის კიდობანი და სარქველი, რომელიც მასზეა და კარვის ყოველი ჭურჭელი.
8 . მაგიდა თავისი ჭურჭლით, წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით და საკმევლის სამსხვერპლო;
9 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო მთელი თავისი ხელსაწყოებით, საბანელი მისი კვარცხლბეკითურთ;
10 . მსახურების შესამოსელი, აჰარონის წმიდა სამოსელი და მისი ძეების სამოსელი მღვდლობის გასაწევად.
11 . ზეთი და კეთილსურნელოვანი საკმეველი საწმიდრისთვის; როგორც გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ”.
12 . უთხრა უფალმა მოსეს:
13 . "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაიცავით ჩემი შაბათები, ნიშანია იგი ჩემსა და თქვენ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
14 . დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბღალავი უსათუოდ მოკვდება; რადგან ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს ამ დღეს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხისგან.
15 . ექვს დღეს აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე - შაბათი, უფლისმიერი უქმეა, უფლისთვის წმიდა; და ყოველი, ვინც შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უსათუოდ მოკვდება.
16 . დაიცვან ისრაელის შვილებმა შაბათი და თაობიდან თაობამდე უქმობდნენ შაბათს, სამარადისოა ეს აღთქმა.
17 . საუკუნო ნიშანია იგი ჩემსა და ისრაელის შვილთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა”.
18 . და მისცა მოსეს უფალმა, როცა დაასრულა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
1 . შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: "აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2 . ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
3 . ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: "აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
5 . გაიღეთ შესაწირი უფლისათვის; ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
6 . მატყლი ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული, ბისონი და თხისური.
7 . ვერძების ალისფერი ტყავი, მაჩვის ტყავები და აკაციის ძელები.
8 . ზეთი გასანათებლად, სურნელი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
9 . ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის.
10 . მოვიდეს თქვენში ყოველი ოსტატი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა.
11 . სავანე, მისი კარავი და გადასახურავი, მისი კაუჭები და კოჭები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები.
12 . კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13 . მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
14 . სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.
15 . სასაკმევლე სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი და ჩამოსაფარებელი ფარდა კარვის შესასვლელისთვის.
16 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ცხაურით, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
17 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის.
18 . სავანის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;
19 . ნაქარგი სამოსელი საწმიდარში მსახურებისთვის და წმიდა შესამოსელი აჰარონ მღვდლისა და მისი ძეებისთვის, მღვდლობის გასაწევად”.
20 . და გავიდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესგან.
21 . მივიდა ყველა, ვისაც გული ეწეოდა და ვისაც სული აღეძრა, მიიტანეს მათ უფლის შესაწირი, საკრებულო კარვის მოსაწყობად მისი ყოველი საჭიროებისა და წმიდა შესამოსელისთვის.
22 . მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.
23 . ყველას მიჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ნართი და ბისონი, თხისური, ვერძების ალისფერი და მაჩვის ტყავები.
24 . ყველას, ვისაც კი ვერცხლისა და სპილენძის შეწირვა სურდა, მიჰქონდა უფლისთვის შესაწირად; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა აკაციის ძელები რაიმე საქმისთვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25 . ყოველი გულბრძენი დედაკაცი, თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ნართი და ბისონი.
26 . ყოველი დედაკაცი, რომელსაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
27 . და მიჰქონდათ თავკაცებს სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის,
28 . სურნელება და ზეთი გასანათებლად; ზეთი საცხებლისა და საკმევლისთვის.
29 . ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.
30 . უთხრა მოსემ ისრაელის შვილებს: "შეხედეთ, სახელდებით მოუხმო უფალმა ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
31 . აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
32 . რათა ოსტატურად დაამუშავოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
33 . გამოთალოს ქვები ჩასასმელად, მოაჩუქურთმოს ხე და აღასრულოს ოსტატის ყოველი საქმე.
34 . გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35 . აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.
1 . შეუდგნენ საქმეს ბეცალელი და ოჰოლიაბი და ყველა ოსტატი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
2 . მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბს და ყველა ოსტატს, რომელთაც მიანიჭა უფალმა გულის სიბრძნე, თითოეულს, ვისაც გული ერჩოდა საქმის დასაწყებად და საკეთებლად.
3 . და მიიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რაც მიიტანეს ისრაელის შვილებმა საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად; კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილაობით.
4 . მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თითოეული თავისი საქმის მცოდნე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო.
5 . ასე უთხრეს მოსეს: "იმაზე მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე იმ სამუშაოს შესასრულებლადაა საჭირო, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა”.
6 . მაშინ ბრძანა მოსემ და გაავრცელეს ხმა ბანაკში: "არც კაცმა და არც ქალმა აღარაფერი გაამზადოს საწმიდრისათვის შესაწირად”. და შეწყვიტა ხალხმა მოტანა.
7 . საკმარისი იყო მარაგი ყოველი გასაკეთებელი საქმისთვის და ზედმეტადაც კი დარჩა.
8 . გააკეთა თითოეულმა ოსტატმა, კარვის საქმის შემსრულებელმა: გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერუბებიც ამოქარგეს ზედ.
9 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო ყოველი გადასაფარებელი.
10 . ხუთი გადასაფარებელი ერთმანეთს გადააკერა და მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
11 . გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად.
12 . ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ეს მარყუჟები ერთმანეთს ესადაგებოდნენ.
13 . გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი, შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან კაუჭებით და გამოვიდა ერთიანი სავანე.
14 . გააკეთა გადასაფარებლები თხისურისგან სავანის გადასახურად: თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი დაამზადა.
15 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე - ოცდაათი, ხოლო სიგანე ოთხი წყრთა იყო; ერთი ზომისა იყო თერთმეტივე გადასაფარებელი.
16 . შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე.
17 . გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე.
18 . გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი კაუჭი კარვის შესაერთებლად, რათა ერთიანი ყოფილიყო.
19 . საფარი გააკეთა კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი მაჩვის ტყავებისგან.
20 . სვეტებად აკაციის ძელები გაუკეთა სავანეს.
21 . თითოეული ძელის სიგრძე ათი წყრთა იყო, სიგანე - ერთნახევარი.
22 . ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა აღთქმის კარვის ყოველ ძელს.
23 . გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.
24 . ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ ორივე სახელურისთვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ - ორივე სახელურისთვის.
25 . გააკეთა ოცი ძელი აღთქმის კარვის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთით.
26 . და ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
27 . გააკეთა ექვსი ძელი აღთქმის კარვის უკანა მხარეს, დასავლეთისკენ.
28 . ორი ძელი გააკეთა აღთქმის კარვის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
29 . შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან ერთი რგოლით; ასე გააკეთა ორივესთვის ორივე კუთხეში.
30 . რვა ძელი იყო თავ-თავისი ვერცხლის კვარცხლბეკებით, თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ.
31 . გააკეთა ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის,
32 . ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, დასავლეთით.
33 . გააკეთა შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად ერთი ბოლოდან მეორემდე.
34 . ძელები და მათი რგოლები ოქროთი მოჭედა, ოქროსაგან გააკეთა სათავსები ძელაკებისთვის; ისინიც ოქროთი მოჭედა.
35 . გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან; ზედ ოსტატურად ამოქარგა ქერუბები.
36 . გაუკეთა მას აკაციის ოთხი სვეტი, ოქროს კაუჭებით და ოქროთი მოჭედა; და ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის კვარცხლბეკი.
37 . დაამზადა მოხატული ფარდა კარვის შესასვლელისთვის ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, მქარგველის ნამუშევარი.
38 . და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ. ოქროთი მოჭედა მათი თავები და კაუჭები; გააკეთა ხუთი სპილენძის კვარცხლბეკი.
1 . დაამზადა ოთხკუთხედი აკაციისგან სრულადდასაწველთა სამსხვერპლო: ხუთი წყრთა იყო მისი სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე და სამი წყრთა - სიმაღლე.
2 . და გაუკეთა რქები ოთხივე კუთხეში, მისგანვე გამოდიოდა რქები, და სპილენძით მოჭედა.
3 . სამსხვერპლოს ყოველი ხელსაწყო: ქოთნები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და საცეცხლურები სპილენძისგან გააკეთა.
4 . გაუკეთა სამსხვერპლოს ბადისებრი ცხაური სპილენძისგან, წრიული შვერილის ქვემოდან, მის ნახევრამდე.
5 . სპილენძის ცხაურის ოთხი კუთხისთვის ოთხი რგოლი ჩამოასხა კეტების გასაყრელად.
6 . დაამზადა კეტები აკაციისგან და სპილენძით მოჭედა.
7 . და გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს ფერდებზე, რათა ეტარებინათ; ღრუ ფიცრებით გაუკეთა.
8 . გააკეთა სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი, საკრებულო კარვის შესასვლელთან შეკრებილი მომსახურე დედაკაცების სპილენძის სარკეებით.
9 . მოაწყო ეზო; სამხრეთით ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისაგან იყო - ასი წყრთა.
10 . ოცი სვეტი და ოცი სპილენძის კვარცხლბეკი ჰქონდა; სვეტების სამაგრები და კაუჭები ვერცხლისა იყო.
11 . ჩრდილოეთის მხრიდანაც - ასი წყრთა, ოცი სვეტითა და სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტებისთვის ვერცხლის სამაგრები თავისი კაუჭებით.
12 . დასავლეთის მხრიდან - ორმოცდაათი წყრთა ფარდა; და დაამზადა მისთვის ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი; ვერცხლის კაუჭები და სამაგრები სვეტებისთვის.
13 . აღმოსავლეთის მხრიდან - ორმოცდაათი წყრთა.
14 . თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი მხრიდან, თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით;
15 . თხუთმეტი წყრთა ფარდა მეორე მხრიდანაც, ეზოს კარის ორივე მხარეს, თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
16 . ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონის იყო.
17 . კვარცხლბეკები სვეტებისთვის სპილენძისა, ხოლო სამაგრები და კაუჭები ვერცხლისა იყო და თავიც ვერცხლით ჰქონდა მოჭედილი. ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო შეერთებული.
18 . ეზოს შესასვლელის ჩამოსაფარებელი ოსტატურად ნაქარგი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი გრეხილი ბისონისაგან იყო. სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით - ხუთი, მთელ სიგანეზე, ეზოს ფარდების შესაბამისად.
19 . მისი ვერცხლით თავმოჭედილი ოთხი სვეტი, სპილენძის ოთხი კვარცხლბეკით; ვერცხლის სამაგრები და ვერცხლის კაუჭები.
20 . აღთქმის კარვისა და ეზოს ირგვლივ ყოველი პალო სპილენძისა იყო.
21 . ეს არის აღთქმის ანუ მოწმობის კარვის აღრიცხვა, რომელიც ლევიანთა მსახურების მეშვეობით, აჰარონის ძის, ღვთისმსახურ ითამარის ხელით იქნა აღწერილი მოსეს ბრძანებისამებრ.
22 . ხოლო ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
23 . მასთან იყო ოჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე და ოსტატურად მქარგავი ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულსა და ბისონის
24 . და მთელმა ოქრომ, რაც საწმიდრის საქმის საწარმოებლად დაიხარჯა, შემონაწირ ოქროსთან ერთად ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.
25 . ხოლო აღრიცხულთაგან შემოსულმა ვერცხლმა: ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.
26 . კაცისგან ერთი ბეკაყი, რომელიც საწმიდრის შეკელის ნახევარია. ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაციდან, თითოეულისაგან, რომელიც ოც წელზე უფროსი იყო და აღრიცხვა გაიარა.
27 . ასი ტალანტი ვერცხლი საწმიდრისა და ფარდის კვარცხლბეკების ჩამოსასხმელად იქნა გამოყენებული; ასი კვარცხლბეკი ასი ტალანტიდან, ტალანტი კვარცხლბეკისთვის.
28 . ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელისგან კი კაუჭები დაუმზადა სვეტებს, თავები მოუჭედა და სამაგრებით შეაერთა.
29 . შემოწირული სპილენძი სამოცდაათი ტალანტი და ორი ათას ოთხასი შეკელი იყო.
30 . და გააკეთა მისგან კვარცხლბეკები საკრებულო კარვის შესასვლელისთვის, სპილენძის სამსხვერპლო თავისი ბადისებრი ცხაურით, სამსხვერპლოს ყველა ჭურჭელი,
31 . კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ სვეტებისა და ეზოს შესასვლელისთვის, აღთქმის კარვის ყოველი პალო და ყველა პალო ეზოს ირგვლივ.
1 . როცა ვინმე პურეულ მსხვერპლს სწირავს უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დაადოს.
2 . და მიიტანოს აჰარონის ძეებთან, მღვდლებთან; აიღოს სავსე პეშვი გამტკიცული ფქვილი, ზეთი საკმეველთან ერთად და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი* წილი სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის.
3 . მონარჩენი კი პურეული ძღვენიდან, აჰარონისა და მისი ძეებისთვის იყოს; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
4 . თუ თონეში გამომცხვარ პურს შესწირავ მსხვერპლად, გამტკიცული, უსაფუარო, ზეთში აზელილი ფქვილისგან იყოს პურები და ფუნთუშები, უსაფუარო და ზეთნაცხები.
5 . თუ შენი შესაწირი ტაფაზეა გამომცხვარი, მაშინ გამტკიცული, ზეთში აზელილი, უსაფუარო ფქვილისგან უნდა იყოს.
6 . დააქუცმაცე და ზეთი მოასხი; ესაა პურეულის შესაწირი.
7 . თუ ქვაბიდანაა შენი პურეულის შესაწირი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილით უნდა მომზადდეს.
8 . მიიტანე ამათგან უფლისთვის გაკეთებული ძღვენი, წარუდგინე იგი მღვდელს და შესწირავს მას სამსხვერპლოზე.
9 . აიღებს მღვდელი ძღვენისგან მის მოსაგონარ წილს და დააკმევს სამსხვერპლოზე; საცეცხლო შესაწირია ეს, საამო კეთილსურნელება უფლისთვის.
10 . პურეული ძღვენიდან მონარჩენი აჰარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ეს უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
11 . პურეულის არცერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
12 . პირველნაყოფთა მსხვერპლად შესწირეთ ისინი უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანოთ საამო კეთილსურნელებად.
13 . შეაზავე მარილით ყოველი პურეული ძღვენი, ნუმც მოგეკლოს შენი ღმერთის აღთქმის მარილი შენი ძღვენისთვის: ყოველ შენს შესაწირთან ერთად შესწირე მარილი.
14 . თუ პირველმოწეულ თავთავთაგან შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს, ცეცხლზე მოხალული მარცვალი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
15 . დაასხი ზეთი და დაადე საკმეველი: ესაა პურეულის შესაწირი.
16 . დააკმიოს მღვდელმა დაღერღილი და ზეთიანი მარცვლების მოსაგონარი წილი მთელ საკმეველთან ერთად. ესაა საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.
1 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის შვილებს: თუ უნებლიეთ შესცოდავს ვინმე და ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს,
3 . თუ ცხებული მღვდელი შესცოდავს და გარევს ხალხს დანაშაულში, შესწიროს უბიწო მოზვერი უფალს თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა; ცოდვის მსხვერპლად.
4 . და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, ხელი დაადოს მოზვერს თავზე და დაკლას უფლის წინაშე.
5 . აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან და მიიტანოს იგი საკრებულო კარავში.
6 . ჩააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს იგი საწმიდრის ფარდის წინ უფლის წინაშე.
7 . რქებზე მოაპკუროს სისხლი მღვდელმა, უფლის წინაშე საკმევლის სამსხვერპლოს, რომელიც საკრებულო კარავშია, ხოლო მოზვრის დანარჩენი სისხლი სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
8 . და ამოიღოს ცოდვისთვის შეწირული მოზვრის მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა;
9 . ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ქონი ფერდებზე და აპკი ღვიძლზე, თირკმელებითურთ ამოიკვეთოს,
10 . ისე, როგორც მოზვერი შეიწირება მსხვერპლად სამშვიდობო შესაწირისთვის; სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე დააკმევს მათ მღვდელი.
11 . ხოლო მოზვრის ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავფეხი, შიგნეული და განავალი,
12 . გაიტანოს მთლიანი მოზვერი ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარი იყრება და ცეცხლით დაწვას შეშაზე; ნაცრის გადასაყრელზე უნდა დაიწვას იგი.
13 . თუ შეცდა უნებლიეთ ისრაელის მთელი კრებული და დაიფარება ეს საქმე კრებულისგან; თუ ისეთი რამ ჩაიდინეს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს და დადანაშაულდნენ,
14 . როდესაც გამომჟღავნდება ცოდვა, რომლითაც შესცოდეს, დაე შესწიროს კრებულმა მოზვერი ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ.
15 . თავზე დაადონ მოზვერს ხელი თემის უხუცესებმა უფლის წინაშე და დაიკლას მოზვერი უფლის წინაშე.
16 . და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში;
17 . ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.
18 . რქებზე მოაპკუროს სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც საკრებულო კარავშია, მთელი მონარჩენი სისხლი კი დაღვაროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველზე, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
19 . ამოიღოს მთელი მისი ქონი და დააკმიოს სამსხვერპლოზე.
20 . ისე გაამზადოს ეს მოზვერი, როგორც ცოდვისთვის შესაწირი მოზვერი გაამზადა, გამოისყიდის მათ მღვდელი და ნაპატიები იქნებიან.
21 . გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც პირველი მოზვერი დაწვა: ეს კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლია.
22 . თუ მთავარი შესცოდავს და უნებლიეთ ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, მის ღმერთს, და დააშავებს,
23 . მერე კი მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიტანოს თავისი შესაწირი უნაკლო ვაცი.
24 . დაადოს ვაცს თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველი იკვლება უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი.
25 . აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლიდან თითით და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს, მისი სისხლის მონარჩენი კი სრულადდასაწველი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
26 . სამსხვერპლოზე დააკმიოს მთელი მისი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირის ქონი; გამოისყიდის მღვდელი მის ცოდვას და ეპატიება.
27 . თუ უბრალო ხალხიდან შესცოდავს ვინმე უნებლიეთ, ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, მის ღმერთს, და დააშავებს,
28 . მერე კი მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიტანოს შესაწირი: დედალი, უნაკლო თხა, თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა.
29 . თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას სრულადდასაწველის ადგილზე.
30 . თითით აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს; მთელი მისი მონარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
31 . და ააცალოს მღვდელმა მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირს ააცალა და სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად დააკმიოს უფლისთვის; გამოისყიდის მას მღვდელი და ეპატიება ცოდვა.
32 . თუ კრავს მიიტანს ცოდვის მსხვერპლად, უნაკლო დედალი იყოს.
33 . თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველს კლავენ.
34 . აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის მსხვერპლის სისხლისგან და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს, მთელი მისი მონარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
35 . და ააცალოს მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირის კრავს ააცალა და დააკმიოს მღვდელმა იგი უფლის სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად; გამოისყიდოს მისთვის მღვდელმა ცოდვა, რომლითაც შესცოდა და ეპატიება.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს:
2 . "თუ ადამიანს სიმსივნე, სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება ტანზე და გადაექცევა სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, უნდა მიუყვანონ იგი აჰარონ მღვდელს, ან მის ერთ-ერთ ძეს, მღვდელთაგანს.
3 . შეხედავს მღვდელი სხეულზე კანის წყლულს და თუ გათეთრებულია თმა წყლულზე და წყლულიც სხეულის კანშია ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრის წყლულია; დაინახავს მას მღვდელი და შერაცხავს უწმიდურად.
4 . თუ თეთრია წყლული მისი სხეულის კანზე და პირი სხეულის კანში არაა ჩაღრმავებული და არც თმაა გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა განამარტოვოს დაწყლულებული.
5 . ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ უცვლელი დარჩა წყლული და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მეორედ განამარტოვოს იგი შვიდი დღით.
6 . კვლავ ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ძლივსღა შეიმჩნევა და არც კანზე გავრცელებულა, მაშინ გაწმედილად გამოაცხადოს იგი მღვდელმა: სირსველია ეს; გაირეცხოს სამოსელი და წმიდა იქნება:
7 . მღვდლის მიერ მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ თუ სირსველმა კანზე იწყო გავრცელება, მაშინ მეორედ ეჩვენოს მღვდელს.
8 . თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელებულა სირსველი კანზე, მაშინ უწმიდურად შერაცხავს მას მღვდელი: ეს კეთრია.
9 . თუ კეთრის წყლული აქვს ადამიანს, მაშინ მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
10 . ნახავს მღვდელი და თუ თეთრია სიმსივნე კანზე, თმაც გათეთრებულა და სიმსივნეზეც ცოცხალი ხორცმეტია,
11 . მაშინ ძველისძველი კეთრი ჰქონია კანზე; შერაცხავს მღვდელი უწმიდურად და არ განამარტოებს, რადგან ის უკვე უწმიდურია.
12 . თუ გაეფურჩქნა კანზე კეთრი და დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე მთლიანად დაუფარავს, სადამდეც გასწვდება მღვდლის თვალი,
13 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ მთელი სხეული დაფარა კეთრმა, მაშინ წყლული წმიდად მიიჩნიოს: თუ მთლიანად გათეთრებულია, წმიდაა იგი.
14 . როცა ცოცხალი ხორცი გამოჩნდება მასზე, უწმიდურია იგი.
15 . დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად მიიჩნევს მას: უწმიდურია ცოცხალი ხორცი, კეთრია იგი.
16 . თუ კვლავ გათეთრდა ცოცხალი ხორცი, მაშინ მივიდეს მღვდელთან;
17 . შეხედავს მღვდელი და ნახავს, რომ გათეთრებულია წყლული, მაშინ სუფთად მიიჩნევს წყლულს: სუფთაა იგი.
18 . თუ ვინმეს კანზე ჩირქოვანი მუწუკი ექნება და განიკურნება,
19 . ხოლო ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე თეთრი სიმსივნე, ან თეთრ-წითელი ლაქა დააჩნდება, მივიდეს მღვდელთან.
20 . შეხედავს მას მღვდელი, თუ პირი კანშია ჩაღრმავებული, ხოლო თმა გათეთრებულია, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას: ეს კეთრის წყლულია, ჩირქოვან მუწუკზე აყვავებული.
21 . თუ ნახავს მღვდელი, რომ არც თმაა გათეთრებული და არც წყლულია კანში ჩაღრმავებული და ნაკლებადაა შესამჩნევი, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
22 . თუ ძლიერ გავრცელდა იგი კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს წყლულია.
23 . თუ თავის ადგილზე რჩება ეს ლაქა და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა; სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი.
24 . თუ ვინმეს სიდამწვრე აქვს სხეულის კანზე და თუ შეხორცებულ სიდამწვრეზე თეთრ-წითელი ან თეთრი ლაქა აღმოაჩნდება,
25 . ნახავს მღვდელი, თუა გათეთრებული თმა ლაქაზე და პირი კანში ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრია, სიდამწვრეზე აყვავებული; უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: კეთრის წყლულია იგი.
26 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ თეთრი თმა არაა ლაქაზე, არც კანშია ჩაღრმავებული და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
27 . შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ გავრცელდა კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს კეთროვანი წყლულია.
28 . თუ თავის ადგილზე დარჩა ლაქა, არ გავრცელდა კანზე და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ ეს სიდამწვრის სიმსივნეა და სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება
30 . და ნახავს მღვდელი, რომ ღრმადაა კანში ჩამჯდარი წყლულის პირი, თმა კი მოყვითალო და თხელია მასზე, არაწმიდად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს ქეცია, თავის ან წვერის კეთრი.
31 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ჩაღრმავებული არ არის ქეცის წყლულის პირი კანში და არც შავი თმაა მასზე, შვიდი დღით განამარტოვოს მღვდელმა ქეცით დაწყლულებული.
32 . ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს და თუ არ გავრცელებულა ქეცი, არც მოყვითალო თმაა მასზე და ქეცის პირიც არაა ჩაღრმავებული კანში,
33 . მაშინ გაიპარსოს, მაგრამ ქეცით დაავადებულ ადგილს ნუ გაიპარსავს და მეორედ განამარტოვებს მღვდელი ქეცით დაავადებულს შვიდი დღით.
34 . მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი ქეცს და თუ არ გავრცელებულა იგი კანზე და არც პირია ჩაღრმავებული კანში, მაშინ სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი; გაირეცხოს სამოსელი და სუფთა იქნება.
35 . თუ გასუფთავების შემდეგ გავრცელდა ქეცი კანზე,
36 . შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი კანზე, მაშინ ნუღარ მოძებნის მოყვითალო თმას - უწმიდურია იგი.
37 . თუ ხილულად დარჩა ქეცი და ზედ შავი თმა ამოვიდა, განკურნებულია იგი; სუფთაა და მღვდელიც სუფთად მიიჩნევს.
38 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს სხეულის კანზე ლაქები გამოაჩნდებათ, თეთრი ლაქები,
39 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ ფერმკრთალია მათი სხეულის კანზე გამოსული თეთრი ლაქები, ღია ფერის ქეცი იქნება ეს, რომელიც კანზე აყვავდა: სუფთაა იგი.
40 . თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა; სუფთაა იგი.
41 . თუ წინა მხრიდან გასცვივდა თმა, მაშინ მელოტია ის, სუფთაა იგი.
42 . თუ მელოტ ან ქაჩალ ადგილზე თეთრ-წითელი წყლული გაუჩნდება, მაშინ ეს კეთრია, მელოტ ან ქაჩალ ადგილზე აყვავებული.
43 . შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ თეთრ-წითელი წყლულის სიმსივნეა მელოტ ან ქაჩალ ადგილზე, ისეთივე, როგორიც კეთრია ხოლმე სხეულის კანზე,
44 . მაშინ კეთროვანი კაცია ის, უწმიდურია იგი; უწმიდურად უნდა გამოაცხადოს მღვდელმა: წყლული აქვს თავზე.
45 . დაწყლულებულის სამოსი უნდა დაიხეს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, ულვაშებამდე შებურვილი უნდა იყოს და იძახოს: "უწმიდური! უწმიდური!”
46 . უწმიდურია მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს; უწმიდურია იგი, განცალკევებით იცხოვროს, თავისი სადგომის ბანაკის გარეთ.
47 . თუ კეთროვანი წყლული იქნება სამოსელზე, მატყლის ან სელის სამოსელზე,
48 . ქსელზე, სელის ან მატყლის მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
49 . თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსელზე: ტყავზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს კეთრის წყლულია; მღვდელს უნდა ეჩვენოს.
50 . ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით.
51 . ნახავს წყლულს მეშვიდე დღეს და თუ გავრცელდა წყლული სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს მწვავე კეთრია: უწმიდური წყლულია იგი.
52 . უნდა დაიწვას სამოსელი: მატყლის, სელის ქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რაზეც წყლული იქნება; რადგან ეს მწვავე წყლულია: ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,
54 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, გარეცხავენ იმას, რაზეც წყლულია და მეორედ განამარტოებს მას შვიდი დღით.
55 . ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ და აჰა, არ იცვალა სახე წყლულმა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმიდურია ის; ცეცხლზე დაწვი იგი; ამოჭმულია მისი წაღმა ან უკუღმა პირი.
56 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ნაკლებად შესამჩნევია წყლული მისი გამორეცხვის შემდეგ, მაშინ ამოგლიჯოს იგი სამოსელიდან, ტყავიდან, ქსელიდან ან მისაქსელიდან.
57 . თუ კვლავ გამოჩნდება იგი სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ აყვავებულია იგი: ცეცხლში დაიწვას, რაზეც წყლულია.
58 . სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება.
59 . ეს არის რჯული კეთროვან წყლულზე, მატყლის, სელის, ქსელის, მისაქსელის ტანისამოსზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მის სუფთად ან უწმიდურად მისაჩნევად.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ეს იქნება რჯული კეთროვანისთვის, მისი განწმენდის დღეს: მიყვანილ იქნას იგი მღვდელთან;
3 . და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ, შეხედავს, და თუ განიკურნა კეთროვანი კეთრის წყლულისგან,
4 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, რომ მოიყვანონ ორი ცოცხალი, წმიდა ფრინველი განწმენდილისთვის, კედრის ტოტი, ძოწეულის ნართი და უსუპი.
5 . უბრძანებს მღვდელი ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში, გამდინარ წყალზე.
6 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს, ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში.
7 . შვიდჯერ მოასხურებს კეთრისგან განსაწმედელს, წმიდად გამოაცხადებს მას, ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
8 . სამოსელი გაირეცხოს განსაწმედელმა, გაიპარსოს მთელი თმა, განიბანოს წყლით და განიწმიდება. მერე მივიდეს ბანაკში და თავისი კარვის გარეთ შვიდი დღე დაჰყოს.
9 . მეშვიდე დღეს, მთლიანად გაიპარსოს თავი, წვერი, წარბები და მთელი თმა. გაირეცხოს სამოსელი, განიბანოს სხეული წყალში და განიწმიდება.
10 . მერვე დღეს აიყვანს ორ უნაკლო მამალ ბატკანს, ერთ უნაკლო, წელგამოვლილ დედალ ცხვარს, აიღებს ზეთში შეზელილ ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს პურეულ ძღვნად და ერთ საწყაო ზეთს;
11 . მღვდელი, რომელიც წმენდს მას, დააყენებს განსაწმედ კაცს მოტანილთან ერთად უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12 . აიღებს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს, შესწირავს მას დანაშაულის შესაწირად და ზეთის საწყაულს და შეარხევს მათ შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
13 . დაკლავს მამალ ბატკანს იმ ადგილზე, სადაც ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს კლავენ, საწმიდრის ადგილზე; რადგან ცოდვის მსხვერპლის მსგავსად, დანაშაულის შესაწირიც მღვდელს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ის.
14 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის სისხლიდან და სცხებს განწმედილის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს და მარჯვენა ფეხის ცერს.
15 . აიღებს მღვდელი ზეთს საწყაულიდან და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე,
16 . ჩააწობს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და შვიდჯერ მოაპკურებს თითით ზეთს უფლის წინაშე;
17 . სცხებს ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს, მარჯვენა ფეხის ცერსა და დანაშაულის შესაწირის სისხლს.
18 . თავზე დაადებს მღვდელი ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედს და გამოისყიდის მას უფლის წინაშე.
19 . შესწიროს მღვდელმა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი რათა განიწმინდოს უწმიდური მისი უწმიდურობისგან; მერე კი სრულადდასაწველი დაკლას.
20 . აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს სამსხვერპლოზე. გამოისყიდის და განიწმიდება.
21 . თუ ღარიბია ის და არ მიუწვდება ხელი, აიყვანოს ერთი მამალი ბატკანი დანაშაულის შესაწირისთვის, შესარხევად, თავისი გამოსყიდვისთვის; ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი პურეულ შესაწირად და საწყაო ზეთი,
22 . მტრედის ორი ხუნდი ან ორი გვრიტი, რაზეც ხელი მიუწვდება და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად.
23 . მიიტანოს ისინი მღვდელთან განწმენდის მერვე დღეს, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
24 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის კრავს, საწყაო ზეთს და შესარხეველ შესაწირად შეარხევს უფლის წინაშე.
25 . დაკლავს კრავს დანაშაულის შესაწირად, აიღებს მღვდელი მისი სისხლიდან და სცხებს განწმედილს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
26 . დაისხამს მღვდელი ზეთს მარცხენა ხელისგულზე.
27 . შვიდჯერ მოასხურებს მღვდელი მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, უფლის წინაშე.
28 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს ზეთს ხელისგულიდან მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის ცერზე, დანაშაულის შესაწირის სისხლის ადგილზე.
29 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს თავზე ხელისგულზე დარჩენილ ზეთს, მის გამოსასყიდად უფლის წინაშე.
30 . შესწირავს მტრედის ხუნდთაგან ან გვრიტთაგან, ერთ-ერთს, რაზეც ხელი მიუწვდება, განსაწმედელს
31 . ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად, პურეულ შესაწირთან ერთად; და გამოისყიდის მღვდელი განსაწმედს უფლის წინაშე.
32 . ესაა რჯული კეთროვანისთვის, რომელიც ხელმოკლე იქნება განწმედისას”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
34 . "როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ სამფლობელოდ და მოვგვრი კეთროვან წყლულს რომელიმე სახლს თქვენს სამფლობელო ქვეყანაში,
35 . წავიდეს სახლის პატრონი და ასე განუცხადოს მღვდელს: თითქოს წყლული გაჩნდა ჩემს სახლში.
36 . უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, სანამ მივა წყლულის სანახავად, რათა არ შეიბილწოს ყოველივე, რაც სახლშია; შემდეგ კი მივა მღვდელი სახლის სანახავად.
37 . შეხედავს წყლულს და, აჰა, თუ სახლის კედლებშია იგი, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად და ღრმადაა კედლის ზედაპირზე;
38 . მაშინ გამოვა მღვდელი სახლის შესასვლელთან და შვიდი დღით დაკეტავს სახლს.
39 . მიბრუნდება მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ ნახავს, რომ გავრცელდა წყლული სახლის კედლებზე,
40 . მაშინ გამოანგრევინებს ქვებს, რომლებშიც წყლულია და გადააყრევინებს უწმიდურ ადგილზე, ქალაქგარეთ.
41 . მოფხეკენ მთელ სახლს შიგნიდან და მოფხეკილ მტვერს ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე გადაყრიან.
42 . აიღებენ სხვა ქვებს, ჩადგამენ იმ ქვების ადგილზე, მოიტანენ სხვა ბათქაშს და გალესენ სახლს.
43 . თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოანგრიეს ქვები, მოფხიკეს და გალესეს კედლები,
44 . მივა მღვდელი და ნახავს, რომ მოდებულია წყლული სახლზე, მაშინ მწვავე კეთრია სახლში, არაწმიდაა ის.
45 . დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, ძელები და გაიტანონ მთელი ნალესი ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე.
46 . და ყოველი, ვინც იმ დროს შევა სახლში, ვიდრე დაკეტილია იგი, არაწმიდაა საღამომდე.
47 . სამოსელი უნდა გაირეცხოს იმ სახლში დანაწოლმა და პურნაჭამმა კაცმა;
48 . მაგრამ თუ შევა მღვდელი და ნახავს, რომ არ გავრცელებულა სახლზე წყლული მისი გალესვის შემდეგ, წმიდად მიიჩნევს იგი სახლს, რადგან განიკურნა წყლული.
49 . აიღებს სახლის განწმედისთვის ორ ფრინველს, კედრის ხეს, ძოწეულ ნართს და უსუპს.
50 . დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელში, გამდინარე წყალზე.
51 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში და შვიდჯერ მოასხურებს სახლს.
52 . განწმედს სახლს ფრინველის სისხლით, გამდინარე წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხით, უსუპით და ძოწეული ნართით.
53 . გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ მინდორში, გამოისყიდის სახლს და განიწმიდება.
54 . ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და ქეცისა,
55 . სამოსელისა და სახლზე მოდებული კეთრისა.
56 . სიმსივნისა, მუნისა და ლაქებისა.
57 . იმის სასწავლებლად თუ როდის რა არის უწმიდური ან წმიდა. ეს არის კეთრის რჯული”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "ელაპარაკეთ ისრაელის შვილებს და უთხარით: თუ ვინმეს გამონადენი ექნება სხეულიდან, უწმიდურია იგი გამონადენის გამო.
3 . აი, რა არის მისი უწმიდურება: როდესაც გამონადენი სდის სხეულიდან და როდესაც უჩერდება გამონადენი სხეულში, ეს მისი უწმიდურებაა.
4 . ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია და რაზეც დაჯდება - უწმიდურია.
5 . ვინც მის საწოლს შეეხება, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
6 . ვინც იქ დაჯდება, სადაც ლორწომდინარი იჯდა, გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
7 . ლორწომდინარის სხეულის შემხებმა სამოსელი უნდა გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
8 . თუ ლორწომდინარი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, გაირეცხოს მან სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
9 . ყოველი დასაჯდომი, რომლითაც ლორწომდინარი მგზავრობდა, უწმიდურია.
10 . ყოველი შემხები იმისი, რაც მის ქვეშ იყო, უწმიდური იქნება საღამომდე.
11 . ყველას, ვისაც კი ლორწომდინარი შეეხება და ხელი წყალში არ ექნება დაბანილი, უნდა გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე.
12 . თიხის ჭურჭელი, რომელსაც ლორწომდინარი შეეხება, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველ ხის ჭურჭელში წყალი უნდა იქნას გამოვლებული.
13 . როდესაც გასუფთავდება ლორწომდინარი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმედიდან და გაირეცხოს სამოსი, გამდინარე წყალში დაიბანოს სხეული და სუფთა იქნება.
14 . აიყვანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მივიდეს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან და მისცეს ისინი მღვდელს.
15 . და შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად და გამოისყიდოს იგი უფლის წინაშე მისი გამონადენისთვის.
16 . მამაკაცმა, რომელსაც თესლდენა დაემართა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული და იქნება უწმიდური საღამომდე.
17 . ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
18 . როდესაც დაწვება მამაკაცი ქალთან და მოხდება თესლდენა - ორივემ წყლით დაიბანონ და იქნებიან საღამომდე უწმიდურები.
19 . თუ ქალს სისხლდენა აქვს სხეულიდან, შვიდი დღე იქნება განმარტოებული. ყველა, ვინც შეეხება - საღამომდე უწმიდური იქნება.
20 . ყველაფერი, რაზეც განმარტოების დროს დაწვება იგი, გაუწმიდურდება და ყოველივე, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურდება.
21 . ყველამ, ვინც შეეხება მის საწოლს, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე.
22 . ყველამ, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც ის იჯდა, სამოსელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და იქნება უწმიდური საღამომდე.
23 . თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რომელზეც ის იჯდა, და შეეხო მას მამაკაცი, მაშინ საღამომდე უწმიდური იქნება.
24 . თუ დაწვება მასთან მამაკაცი და მოეცხება ქალის თვიური ნადენი, მაშინ უწმიდური იქნება ის მამაკაცი შვიდ დღეს და ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება იგი, უწმიდური იქნება.
25 . თუ ქალი არ არის წიდოვანი და მრავალი დღის განმავლობაში აქვს სისხლდენა, ან წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს აქვს დენა, მაშინ სისხლდენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც წიდოვანების დღეებში, უწმიდურია იგი.
26 . ყოველი საწოლი, რომელზეც სისხლდენის დროს დაწვება, უწმიდურების საწოლად ჩაითვლება მისთვის; და რაზეც დაჯდება უწმიდური იქნება, როგორც წიდოვანების დროს.
27 . ყველა, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება; გაირეცხოს სამოსელი, წყლით დაიბანოს და უწმიდური იქნება საღამომდე.
28 . როცა განიწმინდება სისხლდენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე და შემდეგ იქნება სუფთა.
29 . და მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მიიტანოს მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან;
30 . შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად; და გამოისყიდის მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმინდურების გამო.
31 . ასე მოაცილე უწმიდურება ისრაელის შვილებს, რათა არ დაიხოცნონ თავისი უწმიდურებით, შებღალავენ რა ჩემს სავანეს, რომელიც მათ შორისაა.
32 . ესაა რჯული ლორწომდინარის და იმისა, ვისაც თესლდენა დაემართება, რაც გააუწმიდურებს მას;
33 . წიდოვანისა და ლორწომდინარისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება”.
1 . "არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
2 . ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით იყავით ჩემი საწმიდრის წინაშე, მე ვარ უფალი.
3 . თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ,
4 . მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე - თავის ნაყოფს.
5 . რთვლამდე გაგიგრძელდებათ ლეწვა, რთველი კი - თესვამდე; ძღომამდე შეჭამთ თქვენს პურს და მშვიდად იცხოვრებთ თქვენს ქვეყანაში.
6 . მშვიდობას მოგცემთ ქვეყნად და უშფოთველად დაწვებით; მტაცებელ მხეცებს მოგაშორებთ მიწიდან და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში.
7 . დაედევნებით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით.
8 . ხუთი თქვენიანი ასს განდევნის, ასი კი - ათი ათასს და მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
9 . მოვიხედავ თქვენკენ, მოგაშენებთ, გაგამრავლებთ და განვამტკიცებ თქვენთან ჩემს აღთქმას.
10 . შარშანდელს, ძველს შეჭამთ და გადაყრით ძველს ახლისთვის.
11 . ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული.
12 . ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
13 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად; დავგლიჯე თქვენი უღლის აპეურები და წელგამართულნი წამოგიყვანეთ.
14 . მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებას,
15 . უკუაგდებთ ჩემს წესებს და მოიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ აღასრულოთ ყოველი ჩემი მცნება და დაარღვიოთ ჩემი აღთქმა.
16 . მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.
17 . სახეს მოვაქცევ თქვენს წინააღმდეგ, განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე და თქვენი მოძულენი იბატონებენ თქვენზე; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
18 . თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდჯერ გაგიზრდით სასჯელს თქვენი ცოდვების გამო.
19 . გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად - მიწას.
20 . ფუჭად დაილევა თქვენი ძალა, არ გამოიღებს მოსავალს თქვენი მიწა და არ მოისხამს ხე ნაყოფს.
21 . და თუ მაინც ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ და არ ისურვებთ ჩემთვის ყურის დაგდებას, შვიდმაგად გაგიმრავლებთ ცემას თქვენი ცოდვების გამო.
22 . მოგისევთ ველის მხეცებს და ამოგიწყვეტენ შვილებს, მოგისპობენ საქონელს, შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.
23 . თუ ესეც არ შემოგაბრუნებთ ჩემსკენ და შემეწინააღმდეგებით,
24 . მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგლახვრავთ თქვენი ცოდვებისთვის.
25 . მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
26 . შეგიმუსრავთ პურის მარაგებს, ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში და წონით მოგცემენ თქვენს პურს; შეჭამთ და ვერ გაძღებით.
27 . თუ არც ამის შემდეგ მომისმენთ და ჩემს წინააღმდეგ წამოხვალთ,
28 . მეც წამოვალ მძვინვარედ თქვენს წინააღმდეგ და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
29 . შეჭამთ თქვენი ძეებისა და ასულების ხორცს.
30 . გაგინადგურებთ მაღლობებს, აგიჩეხავთ მზის სვეტებს, თქვენს მძორებს კერპების ნანგრევებზე დავყრი და შეგიძულებთ ჩემი სული.
31 . გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს, ავაოხრებ თქვენს საწმიდრებს და არ ვიყნოსავ თქვენს კეთილსურნელებას.
32 . ავაოხრებ თქვენს ქვეყანას და განცვიფრდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები.
33 . გაგფანტავთ ხალხთა შორის და კვალდაკვალ დაგადევნებთ მახვილს; გაუდაბურდება თქვენი ქვეყანა და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები.
34 . აინაზღაურებს მიწა თავის შაბათებს მისი უკაცრიელების დღეებში, როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით; მაშინ დაისვენებს იგი და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით.
35 . მთელი მისი უკაცრიელობის განმავლობაში დაისვენებს მიწა, თითოეული შაბათისთვის, რამდენიც არ დაუსვენია, როცა მასზე მკვიდრობდით.
36 . თქვენგან ცოცხლად გადარჩენილებს, სილაჩრეს ჩავუდებ გულში მათი მტრების ქვეყანაში; დაფრთხებიან შერხეული ფოთლის შრიალზე, გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბოდნენ და დაეცემიან, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი.
37 . ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისგან გაქცეულნი, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი; და არ გექნებათ ძალა მტრების წინააღმდეგ დასადგომად.
38 . დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენი მტრების მიწა.
39 . გადარჩენილნი ჩამოხმებით მტრების ქვეყანაში თქვენი ცოდვების გამო და თქვენი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებით.
40 . და თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და თავისი მამების ბრალს, თავიანთი ორგულობით რომ მიმუხთლეს და ჩემს წინააღმდეგ წამოვიდნენ,
41 . ამიტომ მეც წავედი მათ წინააღმდეგ და მივიყვანე მათი ტყვეობის ქვეყანაში; თუ დამდაბლდება მათი წინადაუცვეთელი გული და აღიარებენ თავის დანაშაულს;
42 . მაშინ გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, ჩემს აღთქმას ისაკთან, ჩემს აღთქმას აბრაჰამთან და მიწასაც გავიხსენებ.
43 . მიწაც მიტოვებული იქნება მათ მიერ და დატკბება თავისი შაბათებით მათგან დაცარიელებული და იგემებენ სასჯელს თავისი ცოდვების გამო, რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და მოიძულა ჩემი წესები მათმა გულმა.
44 . და მაინც, ტყვეობის ქვეყანაში მათი ყოფნისას, არ უკუვაგდებ მათ და ისე არ მოვიძულებ, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან; რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45 . და გავიხსენებ აღთქმას მათ მამებთან, რომლებიც ხალხების თვალწინ გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვყოფილიყავი მათი ღმერთი. მე ვარ უფალი”.
46 . ეს არის წესები, სამართალი და რჯული, რომელიც მოსეს მეშვეობით დაადგინა უფალმა სინაის მთაზე, საკუთარ თავსა და ისრაელიანთა შორის.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "განუცხადე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა, მოწმიდარობის აღთქმა დადო, რათა უფალს მიუძღვნას თავი,
3 . ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს.
4 . თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს არაფერი ჭამოს, რაც ყურძნისგან მზადდება, წიპწიდან ჩენჩომდე.
5 . არ შეეხოს მის თავს სამართებელი თავისი მოწმიდარობის მთელ დროს; ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომლებიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე.
6 . არ მიუახლოვდეს მკვდარს თავისი მოწმიდარობის მთელ დროს:
7 . არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
8 . წმიდაა იგი უფლისთვის, მისი მოწმიდარობის მთელ დროს.
9 . ხოლო თუ მოულოდნელად მოკვდება ვინმე მის გვერდით და შეიბილწება მოწმიდარობის თავი, მაშინ მოიპარსოს თავი განწმენდის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს.
10 . მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
11 . მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად და გამოისყიდის მკვდრის შეხების ცოდვისგან და იმავე დღეს განწმენდს მის თავს.
12 . განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიიტანოს ერთწლიანი კრავი დანაშაულისათვის; და გაუქმდება წინა დღეები, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა.
13 . ესაა რჯული მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეების შესრულებისას, მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან,
14 . და შესწირავს იგი თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უნაკლო კრავს სრულადდასაწველად, ერთწლიან უნაკლო დედალ ცხვარს ცოდვის მსხვერპლად და ერთ უნაკლო ვერძს - სამშვიდობო შესაწირად;
15 . ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს და ზეთნაცხებ უსაფუარო კვერებს, პურეულ და საღვრელ შესაწირს.
16 . მიიტანს ამას მღვდელი უფლის წინაშე და შესწირავს მის ცოდვის მსხვერპლს და სრულადდასაწველს.
17 . ხმიადების კალათასთან ერთად ვერძს შესწირავს უფალს სამშვიდობო შესაწირად; და შესწირავს მღვდელი პურეულის ძღვენსა და საღვრელსაც.
18 . გაიპარსავს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თავისი მოწმიდარობის თავს, აიღებს თავისი მოწმიდარობის თავის თმას და ცეცხლზე დადებს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის ქვეშაა.
19 . აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს, ერთ უფუარ კვერს კალათიდან, ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ, რაც გაიპარსავს იგი თავისი მოწმიდარობის თავს.
20 . და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე შერხევით: წმიდაა იგი მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა; ამის შემდეგ სვას მოწმიდარმა ღვინო.
21 . ესაა რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო და მისი მოწმიდარობის შესაწირი. იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება; თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა, ისე გააკეთოს, მოწმიდარობის რჯულისამებრ”.
22 . უთხრა უფალმა მოსეს:
23 . "უთხარი აჰარონს და მის ძეებს: ასე დალოცეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ:
24 . უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას!
25 . უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს.
26 . უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!
27 . მოუხმობ ჩემს სახელს ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ”.
1 . ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში:
2 . "დაე, აღასრულონ ისრაელის ძეთ პასექი მისთვის დანიშნულ დროს.
3 . ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, მისთვის დანიშნულ დროს, ყოველი მისი დადგენილებისა და წესისამებრ აღასრულეთ იგი”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელიანებს პასექის აღსრულების შესახებ
5 . და აღასრულეს პასექი, პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა.
6 . და იყვნენ კაცები, რომლებიც ადამიანის გვამთან შეხებით გაუწმიდურდნენ და არ შეეძლოთ პასექის იმ დღეს აღსრულება; და მიეახლნენ ისინი მოსეს და აჰარონს
7 . და უთხრეს: "გავუწმიდურდით ადამიანის გვამთან შეხებით, ამიტომ, მოვაკლდით დანიშნულ დროს უფლისთვის მსხვერპლშეწირვას, ისრაელის ძეთა შორის”.
8 . უპასუხა მათ მოსემ: "მაცალეთ, მოვისმენ, რას ბრძანებს უფალი”.
9 . თქვა უფალმა:
10 . "უთხარი ისრაელის ძეთ: თუ ვინმე თქვენგანი მიცვალებულთან შეხებით გაუწმიდურდება ან შორეულ გზაზე იქნება, თქვენში თუ თქვენს შთამომავლობაში, აღასრულოს მან პასექი უფლისთვის,
11 . მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულოს იგი, ხმიადით და მწარე მწვანილით ჭამონ.
12 . არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.
13 . ხოლო კაცი, რომელიც სუფთაა, გზაზე არ იმყოფება და არ აღასრულებს პასექს, მოისპოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან თავის დროზე არ მიიტანა უფლის შესაწირი; ცოდვას იტვირთავს ასეთი კაცი.
14 . თუ ხიზანი იცხოვრებს თქვენთან და აღასრულებს პასექს უფლისთვის დადგენილებისა და წესისამებრ უნდა აღასრულოს. ერთი წესი იყოს ხიზნისთვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც”.
15 . სავანის აღმართვის დღეს, ღრუბელმა დაფარა იგი, მოწმობის კარავი. საღამოდან განთიადამდე ცეცხლივით გამოიყურებოდა სავანის თავზე მდგარი ღრუბელი.
16 . მუდმივად ასე იყო: ღრუბელი ფარავდა მას, თუმცა ღამით ცეცხლივით გამოიყურებოდა.
17 . და როცა აიწეოდა კარვიდან ღრუბელი, მაშინ დაიძრებოდნენ გზად ისრაელის ძენი და იქ ბანაკდებოდნენ, სადაც გაჩერდებოდა ღრუბელი.
18 . უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით დაბანაკდებოდნენ და მანამდე ჩერდებოდნენ, სანამ ღრუბელი იდგა სავანის თავზე.
19 . თუ დიდხანს, მრავალი დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, იცავდნენ უფლის განკარგულებას ისრაელის ძენი და არ იძროდნენ.
20 . ზოგჯერ, როცა რამდენიმე დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, უფლის ბრძანებით რჩებოდნენ და უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისინი.
21 . ხანდახან საღამოდან დილამდე აყოვნებდა ღრუბელი და როცა დილით აიწევდა, ისინიც დაიძრებოდნენ; დღისით იყო თუ ღამით, როცა აიწევდა ღრუბელი, მხოლოდ მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე.
22 . და თუ დღეები ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანნი და არ იძროდნენ. ხოლო, როცა ამაღლდებოდა, ისინიც დაიძრებოდნენ.
23 . უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით იძროდნენ: იცავდნენ უფლის განკარგულებებს, უფლის დავალებისამებრ, მოსეს მეშვეობით.
1 . ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.
2 . შეღაღადა ხალხმა მოსეს; ლოცვით შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.
3 . და უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბერა - მწველი, რადგან უფლის ცეცხლი მოეკიდათ იქ.
4 . გულისთქმა დაეუფლა მათ შორის მყოფ ბრბოს, მათთან ერთად ისრაელიანებიც მოთქვამდნენ და ამბობდნენ - ვინ გვაჭმევსო ხორცს.
5 . გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე - კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.
6 . ახლა ჩამოვხმით, რადგან მანნას გარდა არაფერია ჩვენს თვალწინ”.
7 . ქინძის თესლივით იყო მანნა და ქარვის შეხედულება ჰქონდა.
8 . დადიოდა ხალხი და კრეფდა, ფქვავდა წისქვილის ქვაზე ან ფილით ნაყავდა; ხარშავდნენ ქვაბში და კვერებს აცხობდნენ მისგან; ზეთიანი კვერის გემო ჰქონდა.
9 . როცა ღამით ცვარი დაეფინებოდა ბანაკს, მანნაც ეფინებოდა მას.
10 . გაიგონა მოსემ ხალხის ტირილი თავთავის სახლებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ტიროდა; და ფრიად აღინთო უფლის რისხვა. ეს მოსეს თვალშიც ბოროტება იყო.
11 . უთხრა მოსემ უფალს: "რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?
12 . ნუთუ მე ვატარე მთელი ეს ხალხი მუცლით და მე ვშობე იგი, რომ მეუბნები: ატარე შენი უბით, როგორც ძიძა ატარებს ძუძუმწოვარ ჩვილს, და წაიყვანე იმ მიწაზე, რომელიც შევფიცეო მის მამებს?
13 . სად მაქვს ხორცი ამდენი ხალხისთვის? ჩემს წინ მოთქვამენ - ხორცი მოგვეცი, რომ შევჭამოთო.
14 . მე ერთი ვერ ვატარებ ამ ხალხს; რადგან მძიმეა ეს ტვირთი ჩემთვის,
15 . და თუ ასე მექცევი, გთხოვ მომკალი, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, რათა აღარ ვუყურო ჩემს გაჭირვებას”.
16 . უპასუხა უფალმა მოსეს: "შეკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, ვინც იცი, რომ ხალხის უხუცესები და ზედამხედველნი არიან. მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად.
17 . ჩამოვალ და დაგელაპარაკები, ავიღებ სულიდან, რომელიც შენზეა და მათაც მოვაფენ, რათა შენთან ერთად ზიდონ ხალხის ტვირთი და მარტომ აღარ ატარო.
18 . უთხარი ხალხს: განიწმიდეთო ხვალისთვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ყურში ჩასტიროდით უფალს, ხორცს ვინ გვაჭმევსო, ეგვიპტეში გვერჩივნაო; მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.
19 . ოღონდ, ერთ დღეს კი არ შეჭამთ, არც ორ დღეს, არც ხუთ დღეს, არც ათ დღეს და არც ოც დღეს,
20 . არამედ მთელ თვეს, სანამ არ შეგზიზღდებათ და ნესტოებიდან არ გადმოანთხევთ, რადგან უარყავით უფალი, რომელიც თქვენ შორისაა და მოსთქვამდით მის წინაშე, რად გამოვედითო ეგვიპტიდან”.
21 . თქვა მოსემ: "ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც ვიმყოფები, შენ კი ამბობ: ერთი თვის საჭმელ ხორც მივცემო.
22 . მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ? ან ზღვის მთელი თევზიც რომ მივცეთ, ნუთუ საკმარისი იქნება?”
23 . უპასუხა უფალმა მოსეს: "განა დამოკლდა უფლის ხელი? ახლა იხილავ, აგისრულდება თუ არა ჩემი სიტყვა”.
24 . გამოვიდა მოსე და უამბო ხალხს უფლის ნათქვამი, შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან და დააყენა ისინი კარვის გარშემო.
25 . და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, თან ელაპარაკებოდა მას, აიღო სულისგან, რომელიც მოსეზე იყო და მოჰფინა სამოცდაათ უხუცეს მამაკაცს; დაივანა მათზე სულმა და განუწყვეტლივ იწყეს წინასწარმეტყველება.
26 . მაგრამ ორი კაცი დარჩა ბანაკში; ერთის სახელი იყო ელდადი, მეორისა - მედადი; ისინიც ჩაწერილნი იყვნენ, მაგრამ არ გასულან სავანესთან; მათზეც დაივანა სულმა და იწყეს წინასწარმეტყველება ბანაკში.
27 . გაიქცა ერთი ჭაბუკი და აუწყა მოსეს: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში.
28 . მიუგო იეშუამ, ნავეს ძემ, რომელიც სიყრმიდან მოსეს მსახური იყო: "მოსე, ჩემო ბატონო! აუკრძალე!”
29 . უთხრა მას მოსემ: "ჩემ გამო ხომ არ ეჭვიანობ? ნეტავ უფლის მთელი ხალხი გაწინასწარმეტყველდებოდეს და მათზეც მოაფენდეს უფალი თავის სულს”.
30 . და დაბრუნდნენ მოსე და უხუცესები ისრაელის ბანაკში.
31 . ამოვარდა ქარი უფლისგან, მოზიდა ზღვიდან მწყერი და დაყარა ბანაკიდან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, მიწიდან თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე.
32 . მთელ იმ დღე-ღამეს და მთელ მეორე დღეს აგროვებდა ხალხი მწყერს; ყველაზე ცოტას ამკრეფმაც კი ათი ხომერი აკრიფა. ბანაკის გარშემო დაილაგეს თავისთვის.
33 . ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი, დაღეჭვაც ვერ მოასწრეს, რომ უფლის რისხვა აღინთო ხალხზე და მოსრა უფალმა მრავალი.
34 . ეწოდა იმ ადგილს კიბროთ ჰათაავა - გულისთქმათა საფლავი, რადგან იქ დამარხეს ხალხი.
35 . კიბროთ ჰათაავადან ხაცეროთისკენ დაიძრა ხალხი; და დადგნენ ხაცეროთში.
1 . ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევის ძისა, დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა და ონი, ძე ფელეთისა - რეუბენიანები;
2 . და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი ისრაელიანი, თემისა და საკრებულოს მთავარნი, სახელოვანი კაცები და წინაღუდგნენ მოსეს.
3 . შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: "მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე! რადგან წმიდაა მთელი თემი და უფალი მკვიდრობს მასში! რატომ აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?"
4 . გაიგონა მოსემ და დაემხო პირქვე.
5 . უთხრა კორახს და მთელ მის დასს: "დილით უფალი დაგვანახებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, მას დართავს მიახლოვების ნებას და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს.
6 . ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა,
7 . ჩადეთ მასში ცეცხლი და ზედ საკმეველი დადეთ ხვალ უფლის წინაშე; რომელ კაცსაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე, ლევის ძენო!”
8 . უთხრა მოსემ კორახს: "ისმინეთ, ლევის ძენო!
9 . ნუთუ ცოტაა თქვენთვის, რომ გამოგყოთ ისრაელის ღმერთმა ისრაელიანთაგან და დაგიახლოვათ, რათა შეასრულოთ უფლის სავანის მსახურება და იდგეთ მის მსახურებად თემის წინაშე?
10 . დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად შენი ძმები, ლევის ძენი, ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
11 . ამიტომ შეიკრიბეთ უფლის წინააღმდეგ შენ და მთელი შენი დასი? ვინ არის აჰარონი, რომ დრტვინავთ მასზე?”
12 . და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მათ კი თქვეს: "არ მოვალთ!
13 . ნუთუ არ კმარა, რომ გამოგვიყვანე იმ ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, რათა უდაბნოში მოგვაკვდინო და ახლა ჩვენზე გაბატონება მოინდომე?
14 . არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მინდორი და ვენახი მოგიცია სამკვიდრებლად, თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ მოვალთ!”
15 . განრისხდა მოსე და უთხრა უფალს: "ნუ მიხედავ მათ შესაწირს, სახედარიც კი არ გამომირთმევია მათთვის და ერთი მათგანისთვისაც არ მიბოროტია”.
16 . უთხრა მოსემ კორახს: "შენ და მთელი შენი დასი, უფლის წინაშე წარსდექით ხვალ, შენ, ისინი და აჰარონი.
17 . აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლური, ჩადეთ მასში საკმეველი და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე, ორას ორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აჰარონმა - თითოეულმა თავისი საცეცხლური”.
18 . აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და დადგნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან, მოსე და აჰარონიც იქ იყვნენ.
19 . შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან და უფლის დიდება გამოეცხადა მთელ თემს.
20 . გამოეცხადა მთელ თემს. 20
21 . "გამოეყავით ამ თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”.
22 . პირქვე დაემხნენ და თქვეს: "უფალო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე მრისხანებ?”
23 . უთხრა უფალმა მოსეს:
24 . "უთხარი თემს: განერიდეთ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომს”.
25 . ადგა მოსე, წავიდა დათანთან და აბირამთან და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები.
26 . უთხრა მან თემს: "აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს და მათსას ნურაფერს მიეკარებით, რათა არ აღიგავოთ მათ ცოდვებთან ერთად”.
27 . და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავისი ცოლებით, ძეებითა და მცირეწლოვანი ბავშვებით.
28 . თქვა მოსემ: "ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა ამ საქმის გასაკეთებლად და არ მიმოქმედია ჩემი ნებით.
29 . თუ ესენი ჩვეულებრივი სიკვდილით მოკვდებიან და ყველა მოკვდავის ბედს გაიზიარებენ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
30 . ხოლო თუ ისეთ რამეს მოიმოქმედებს უფალი, რაც აქამდე არ მომხდარა, გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და მთელს მათ საბადებელს და ცოცხლად ჩავლენ ქვესკნელში, მაშინ გაიგეთ, რომ შეიძულეს ამ ადამიანებმა უფალი”.
31 . და დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ;
32 . გააღო მიწამ პირი, შთანთქა ისინი და მათი სახლეული, ყოველი ადამიანი, რომელიც კორახთან იყო და მთელი მათი ქონება.
33 . ჯერ კიდევ ცოცხალნი ჩაცვივდნენ ქვესკნელში ყველაფერთან ერთად, რაც გააჩნდათ, გადაეფარათ მიწა და აღიგავნენ კრებულიდან.
34 . ყველა ისრაელიანი, ვინც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე და ამბობდნენ: ჩვენც არ გვშთანთქასო მიწამ!
35 . ცეცხლი გამოვიდა უფლისგან და შთანთქა ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.
36 . უთხრა უფალმა მოსეს:
37 . "უთხარი ელეაზარ მღვდელს, აჰარონის ძეს, ნახანძრალიდან საცეცხლურები აკრიფოს და მუგუზალი გარეთ მოაბნიოს, რადგან განიწმიდნენ საცეცხლურები.
38 . მათი საცეცხლურებიდან, ვინც სიცოცხლის ფასად შესცოდა, ფურცლები გამოჭედონ სამსხვერპლოს მოსაჭედად, რადგან უფლის წინაშე მიიტანეს ისინი და განწმიდეს; და იქნება ეს ნიშნად ისრაელის ძეთათვის”.
39 . აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი და გააბრტყელეს სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად;
40 . რათა ახსოვდეთ ისრაელის ძეებს, რომ უცხო პირი, რომელიც აჰარონის შთამომავალი არ არის, არ მივიდეს საკმევად უფლის წინაშე და არ დაისაჯოს კორახისა და მისი დასივით, როგორც უთხრა მას უფალმა მოსეს მეშვეობით.
41 . და დრტვინავდა მეორე დღეს ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აჰარონზე; "თქვენ დახოცეთო უფლის ხალხი”.
42 . როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და დაინახეს, რომ დაფარა ღრუბელმა და გამოცხადდა უფლის დიდება.
43 . და მივიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარვის წინ.
44 . უთხრა უფალმა მოსეს:
45 . "გამოეყავით თემს და ერთ წამში მოვსპობ მათ”; და პირქვე დაემხნენ ისინი.
46 . უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე საცეცხლური, შიგ სამსხვერპლოდან აღებული ცეცხლი ჩადე და ზედ საკმეველი დაადე, წადი სწრაფად თემისკენ და გამოისყიდე ისინი; რადგან რისხვა გამოვიდა უფლისგან და დაიწყო მუსვრა”.
47 . აიღო აჰარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ და კრებულის შუაგულისკენ გაიქცა; ხედავს, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში; დაადო საკმეველი და გამოისყიდა ხალხი.
48 . და დადგა იგი დახოცილთა და ცოცხლებს შორის და შეწყდა მუსვრა.
49 . კორახის გამო დახოცილთა გარდა, თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი შემუსრა სიკვდილმა.
50 . და დაბრუნდა აჰარონი მოსესთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, მას შემდეგ, რაც შეწყდა მუსვრა.
1 . და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეებისთვის და მერე კი შეუერთდები შენს ხალხს”.
3 . უთხრა მოსემ ხალხს: "შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის”.
4 . ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან უნდა გაგზავნოთ ომში.
5 . ყოველი ტომიდან ათას-ათასი იქნა წარგზავნილი, ისრაელიანთა ათასეულებიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული მეომარი.
6 . და წარგზავნა მოსემ საბრძოლველად, ათას-ათასი თითოეული ტომიდან და ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე მათთან ერთად, წმიდა ჭურჭლით და საყვირებით ხელში.
7 . გაილაშქრეს მიდიანელთა წინააღმდეგ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მოკლეს ყველა მამაკაცი;
8 . და სხვებთან ერთად მიდიანის მეფეებიც ამოხოცეს: ევი და რეკემი, ცური, ჰური და რებაყი - მიდიანის ხუთი მეფე და ბილყამ ბეყორის ძეც მოკლეს მახვილით.
9 . და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები თავიანთ ბავშვებთან ერთად; მთელი მათი საქონელი, მათი ფარები და მთელი ქონება დაიტაცეს.
10 . გადაწვეს ყველა მათი საცხოვრებელი ქალაქი და ყოველი მათი ბანაკი.
11 . გამოიყოლეს მთელი ნადავლი და ნაძარცვი, ადამიანიდან პირუტყვამდე.
12 . წამოიყვანეს მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა თემთან ტყვეები, ნაძარცვი და ნადავლი ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანეს გასწვრივ, იერიხოსთან.
13 . გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი ბანაკის გარეთ, მათ შესახვედრად.
14 . და განრისხდა მოსე ჯარის სარდლებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომლებიც საომარი ლაშქრობიდან მობრუნდნენ.
15 . უთხრა მათ მოსემ: "რად დატოვეთ ცოცხალი ყველა ქალი?
16 . განა, ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი? რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვრელი სენი მოედო უფლის კრებულს?
17 . ახლა მოკალით ყოველი მამრი ბავშვი და ყოველი ქალი, რომელმაც შეიცნო მამაკაცი მასთან დაწოლით.
18 . ხოლო ყოველი მდედრი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მასთან დაწოლით, ცოცხლად დაიტოვეთ.
19 . და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმიდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც.
20 . ყოველი სამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, თხის მატყლისგან დამზადებული ყოველი ნაკეთობა და ხის ყოველი ჭურჭელი გაწმიდეთ”.
21 . უთხრა ელეაზარ მღვდელმა ბრძოლაში მონაწილე მეომრებს: "აი რჯულის დადგენილება, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს:
22 . ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია,
23 . ყოველი ცეცხლგამძლე საგანი, ცეცხლში გაატარეთ და განიწმიდება, მაგრამ დამატებით, განმწმედი წყლით უნდა განიწმიდოს. ხოლო ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყლით განწმიდეთ.
24 . გაირეცხეთ სამოსი მეშვიდე დღეს, განიწმიდეთ და მერე შედით ბანაკში”.
25 . უთხრა უფალმა მოსეს:
26 . "აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ, ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა.
27 . თანაბრად გაყავით ნადავლი ომში გამსვლელ მეომართა და დანარჩენ თემს შორის.
28 . ხარკი აკრიფეთ უფლისთვის ბრძოლაში გასულ მეომართაგან: კაცთაგან, მსხვილფეხა საქონელთაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონელთაგან - თითო ყოველი ხუთასიდან.
29 . აიღე მათი ნახევარი და ელეაზარ მღვდელს მიეცი უფლისთვის აღსავლენად.
30 . ისრაელის ძეთა ნახევრიდან კი ორმოცდაათიდან ერთი წილი აიღე: ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისგან, სახედრებისგან, წვრილფეხა საქონლისგან, ყველა პირუტყვისგან და მიეცი ლევიანებს - უფლის სავანის მსახურებს”.
31 . და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . მეომრების მიერ დატაცებულის გარდა, ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი იყო წვრილფეხა საქონელი,
33 . მსხვილფეხა საქონელი - სამოცდათორმეტი ათასი,
34 . სახედარი - სამოცდაერთი ათასი,
35 . ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც მამაკაცი არ ჰყავდათ შეცნობილი მასთან წოლით, ყოველი სული - ოცდათორმეტი ათასი.
36 . ნახევარი - ბრძოლაში გასულთა წილი, აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი.
37 . ამ წვრილფეხა საქონლიდან უფლისთვის ხარკმა - ექვსას სამოცდათხუთმეტი შეადგინა;
38 . მსხვილფეხა საქონლიდან - ოცდათექვსმეტი ათასი და ხარკი მათგან უფლისთვის - სამოცდათორმეტი;
39 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი, მათგან ხარკი უფლისთვის - სამოცდაერთი;
40 . ადამიანი - თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისთვის - ოცდათორმეტი სული.
41 . და მისცა მოსემ ხარკი, უფლის შესაწირი, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
42 . ისრაელის ძეთა კუთვნილი ნახევრისგან, რომელიც მეომრებს გამოართვა მოსემ,
43 . ეს ნახევარი თემისთვის იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი,
44 . მსხვილფეხა საქონელი - ოცდათექვსმეტი ათასი,
45 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი
46 . და ადამიანი - თექვსმეტი ათასი.
47 . ორმოცდამეათედი წილი აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისგან: კაციდან პირუტყვამდე და მისცა ლევიანებს, უფლის სავანის მსახურებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
48 . და მივიდნენ მოსესთან ჯარის ათასეულთა სარდლები, ათასისთავები და ასისთავები.
49 . უთხრეს მოსეს: "აღრიცხეს შენმა მსახურებმა მებრძოლნი, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი.
50 . ამიტომ ძღვენი მოვართვით უფალს, ვინც რა ჰპოვა ოქროს ჭურჭელთაგან - სამაჯურები, სალტეები, ბეჭდები, საყურეები და საკიდრები, ჩვენი გამოსყიდვისთვის უფლის წინაშე”.
51 . და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ეს ოქრო, ყოველი ჭურჭელი - ოსტატურად ნაკეთები.
52 . მთელი შეწირული ოქრო, რომელიც უფალს მიუძღვნეს, თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო ათასისთავებისა და ასისთავებისგან.
53 . ვინაიდან თავისთვის ჰქონდათ მეომრებს დატაცებული.
54 . აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ათასისთავებისა და ასისთავების ოქრო და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სახსენებლად.
1 . ეს არის სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გამოღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფას პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის.
2 . ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთის გზაზე, კადეშ-ბარნეაყამდე.
3 . მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
4 . მას შემდეგ, რაც მოკლეს სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხებრონში მკვიდრობდა და ყოგი, ბაშანის მეფე, რომელიც ყაშთაროთში მკვიდრობდა, ედრეყში.
5 . იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
6 . "უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ ამ მთაზე ყოფნა;
7 . გაბრუნდით, წადით და მიდით ამორელთა მთაზე და ყველა მის მეზობელთან, ყარაბაში, მთასა და ბარში, სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე, ქანაანელთა ქვეყანაში და ლიბანში დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე.
8 . აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა, მიდით და დაიმკვიდრეთ მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს - აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მათ შთამომავლობას მათ შემდგომ.
9 . ასე გითხარით თქვენ იმ დროს: მე მარტოს არ შემიძლია-მეთქი თქვენი ტარება!
10 . გაგამრავლათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით აურაცხელნი ხართ დღეს.
11 . კიდევ ათასჯერ გამრავლოთ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ.
12 . მე მარტომ, როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, ტვირთი და შუღლი?
13 . ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ თავკაცებად.
14 . თქვენ კი მიპასუხეთ: კარგი საქმე დაგვავალე გასაკეთებლად.
15 . ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგინიშნეთ ისინი: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, ტომების მიხედვით.
16 . მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის.
17 . მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
18 . მაშინ გამცნეთ ყველა საქმე, რაც უნდა შეგესრულებინათ.
19 . დავიძარით ხორებიდან და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორელთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე.
20 . გითხარით: მოხვედით ამორელთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.
21 . აჰა, მოგცათ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა, წადით და დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა; ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
22 . მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: "გავგზავნით კაცებს ჩვენ წინ, რომ გამოიკვლიონ ქვეყანა და მოგვითხრონ იმ გზის შესახებ, რომლითაც უნდა ვიაროთ და იმ ქალაქების ამბავი, რომლებშიც შევალთ”.
23 . მომეწონა ეს სიტყვა და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.
24 . გაემართნენ, გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს ქვეყანა.
25 . თავისი ხელით აიღეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოიტანეს ჩვენთან, ამბავი მოგვიტანეს და გვითხრეს: "კარგია ის ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
26 . თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
27 . დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: "ვძულვართ უფალს და ამიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორელთა ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.
28 . სად წავიდეთ? გულები შეგვიშინეს ჩვენმა ძმებმა, ამბობდნენ - იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთო იქ”.
29 . მე კი გითხარით: ნუ შეძრწუნდებით და ნუ შეუშინდებით-მეთქი მათ;
30 . უფალი, თქვენი ღმერთი, მიგიძღვით წინ, ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
31 . და უდაბნოში, სადაც ხედავდით, როგორ გატარებდათ უფალი, თქვენი ღმერთი, იმ კაცივით, თავის ძეს რომ ატარებს, მთელ გამოვლილ გზაზე, ვიდრე აქამდე მოაღწევდით.
32 . მაგრამ არც ამაში გჯეროდათ უფლის, თქვენი ღმერთის,
33 . რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.
34 . გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და დაიფიცა:
35 . "ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ ბარაქიან ქვეყანას, რომლის მიცემაც შევფიცე თქვენს მამებს.
36 . მხოლოდ ხალებ იეფუნეს ძე იხილავს მას; ის და მისი ძენი დაიმკვიდრებენ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვა უფალს”.
37 . ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენ გამო და მითხრა: "ვერც შენ შეხვალ იქ.
38 . იეშუა ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ; გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს მიწას ისრაელს.
39 . და შევლენ იქ თქვენი პატარები, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო და თქვენი ძენი, რომლებიც ავსა და კარგს ვერ არჩევენ დღეს, მათ მივცემ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
40 . თქვენ კი გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით გაემგზავრეთ უდაბნოში”.
41 . მიპასუხეთ: "შევცოდეთ უფალს; წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო იარაღი და იოლ საქმედ მიიჩნიეთ მთაზე ასვლა”.
42 . მითხრა უფალმა: "უთხარი მათ, არ ახვიდეთ და არც შეებრძოლოთ, რადგან თქვენ შორის არა ვარ და შეიმუსრებით მტერთა წინაშე”.
43 . გელაპარაკეთ და არ შეისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას და გაამაყებულნი ახვედით მთაზე.
44 . გამოვიდნენ იმ მთის მკვიდრი ამორელნი თქვენს წინააღმდეგ, ფუტკარივით დაგედევნენ და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
45 . დაბრუნდით და ატირდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ხმა და არ შეისმინა თქვენი.
46 . და მრავალი დღე დარჩით კადეშში, იმდენი, რამდენ ხანსაც დარჩით”.
1 . "ასეთია მცნებანი, წესები და სამართალი, რომელთა სწავლებაც მიბრძანა თქვენთვის უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რათა აღასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ.
2 . გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, რათა მთელი თქვენი ცხოვრების დღეებში დაიცვათ ყველა მისი დადგენილება და მცნება, რომელსაც გამცნებთ თქვენ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რათა იდღეგრძელოთ.
3 . ისმინე, ისრაელ და იფხიზლე მათ შესასრულებლად, რათა კარგად იყო და ფრიად გამრავლდე, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, იმ ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
4 . ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი - ერთი უფალია.
5 . შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.
6 . გულში ჩაიდე ეს სიტყვები, რომელთაც გამცნებ დღეს.
7 . შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
8 . ნიშნად შეიბი ხელზე და შუბლსაკრავად თვალთა შორის.
9 . დააწერე შენი სახლის წირთხლსა და კარებს.
10 . როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს - აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, რათა მოგცეს დიდი და კარგი ქალაქები, რომლებიც შენ არ აგიშენებია;
11 . და ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, რომლებიც შენ არ აგივსია და ამოკვეთილი ჭები, რომლებიც შენ არ ამოგიკვეთავს, ბაღ-ვენახები და ზეთისხილის ხეები, რომლებიც არ დაგირგავს; და, როცა შეჭამ და გაძღები,
12 . გაფრთხილდი, არ დაივიწყო შენი უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
13 . გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.
14 . ნუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, შენს გარშემო მყოფი ხალხების ღმერთებს,
15 . ვინაიდან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენს შორის რომ არის, ეჭვიანია, არ აღინთოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ მოგსპოთ მიწის პირისგან.
16 . არ გამოსცადო უფალი, შენი ღმერთი, როგორც მასაში გამოსცადე.
17 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, მისი მოწმობანი და დადგენილებანი, რომლებიც ნაბრძანები აქვს.
18 . სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის წინაშე, რათა კარგად იყო, მიხვიდე და დაიმკვიდრო ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
19 . რათა განდევნოს ყოველი შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
20 . და როცა გკითხავს შენი შვილი: "რა მოწმობები, წესები და სამართალია ეს, უფლის, ჩვენი ღმერთისგან რომაა ნაბრძანები?”
21 . უპასუხე: "მონებად ვიყავით ფარაონთან ეგვიპტეში და უფალმა ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან.
22 . ჩვენს თვალწინ მოავლინა უფალმა ნიშნები და დამღუპველი სასწაულები ეგვიპტის ფარაონისა და მთელი მისი სახლეულის წინააღმდეგ.
23 . გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა ჩვენს მამებს;
24 . და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.
25 . სიმართლედ ჩაგვეთვლება თუ გულმოდგინედ აღვასრულებთ ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც ნაბრძანები გვაქვს”.
1 . "ამიტომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი და ყოველთვის შეასრულე მისი დავალებები, დადგენილებანი, სამართალი და მცნებანი.
2 . უწყოდეთ ეს დღეს, რადგან არ ველაპარაკები თქვენს ძეებს, რომელთაც არ უნახავთ და არ იციან თქვენი ღმერთის სასჯელი, მისი სიდიადე, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი,
3 . მისი ნიშნები და საქმეები, რაც შუაგულ ეგვიპტეში გაუკეთა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას,
4 . რაც ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და ეტლებს უყო, როგორ დაფარა წითელი ზღვის ტალღებით, როცა დაგედევნენ და მოსპო ისინი უფალმა დღემდე;
5 . რაც უდაბნოში გაგიკეთათ, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით;
6 . რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის ელიაბის ძეებს, როცა დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლეულობა, კარვები და მთელი ქონება, რაც კი ისრაელში გააჩნდათ.
7 . რადგან თქვენი თვალით იხილეთ უფლის დიადი საქმენი, რომლებიც მოიმოქმედა მან.
8 . დაიცავით ყოველი მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, რათა გაძლიერდეთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
9 . რათა დღეგრძელნი იყოთ ქვეყანაში, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს და მათ შთამომავლობას, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
10 . რადგან მიწა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, არა ჰგავს ეგვიპტის მიწას, საიდანაც გამოხვედით, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს;
11 . ის მიწა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა, მთისა და ბარის ქვეყანაა და ციური წვიმის წყალს სვამს.
12 . მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან - დასასრულამდე.
13 . და თუ გულმოდგინედ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს, რომელთაც გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,
14 . მაშინ დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, ადრეულსაც და გვიანსაც; და მოიწევთ მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს.
15 . მივცემ თქვენს მდელოებს ბალახს საქონლისთვის; შეჭამთ და გაძღებით.
16 . მაგრამ გაფრთხილდით, არ მოტყუვდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, არ ემსახუროთ და არ ეთაყვანოთ უცხო ღმერთებს.
17 . თორემ აღინთება თქვენზე უფლის რისხვა, დახშავს ცას, არ იქნება წვიმა და მიწა აღარ მოგცემთ თავის ნაყოფს; მალევე მოისპობით ამ ბარაქიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ უფალი.
18 . ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სამშვინველში, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე მიიკარით თვალებს ზემოდან.
19 . ასწავლეთ თქვენს ძეებს და ელაპარაკეთ მათზე, როგორც სახლში ყოფნისას, ისე გზაზე სვლისას, როგორც დაწოლისას, ისე ადგომისას.
20 . წააწერეთ თქვენი სახლების წირთხლებს და კარიბჭეებს,
21 . რათა ისე გაგიმრავლდეთ თქვენ და თქვენს ძეებს დღენი იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ.
22 . რადგან თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომელთაც გიბრძანებთ შესასრულებლად, რომ გიყვარდეთ უფალი, ღმერთი თქვენი, რომ დადიოდეთ მის გზაზე და მას მიეწებოთ,
23 . მაშინ განდევნის უფალი ყველა ამ ხალხს თქვენგან და დაიმკვიდრებთ თქვენზე დიდ და ძლიერ ხალხებს.
24 . და ყოველი ადგილი, სადაც თქვენი ტერფი დაიდგმება, თქვენი იქნება; უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, მდინარე ევფრატიდან განაპირა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი.
25 . ვერავინ დაგიდგებათ წინ; თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დაადგამთ, როგორც მან გითხრათ.
26 . აჰა, კურთხევას და წყევლას ვდებ თქვენ წინ:
27 . კურთხევას - თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებთ დღეს;
28 . წყევლას - თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ იმ გზას, რომელსაც მე გიბრძან
29 . და როცა შეგიყვანთ უფალი, თქვენი ღმერთი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, აღავლინეთ კურთხევა გერიზიმის მთაზე და წყევლა - ღებალის მთაზე.
30 . იორდანეს გაღმაა ისინი, მზის დასალიერისკენ, ბარში მცხოვრები ქანაანელების ქვეყანაში, გილგალის პირდაპირ, მორეს მუხნარის მახლობლად.
31 . რადგან გადადიხართ იორდანეზე, რათა შეხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი; დაიმკვიდრებთ მას და დასახლდებით.
32 . დაიცავით შესასრულებლად ყველა წესი და სამართალი, რომელსაც მე გაძლევთ დღეს.
1 . "დაიცავით აბიბის თვე და აღასრულეთ უფლის, თქვენი ღმერთის პასექი; რადგან აბიბის თვეში, ღამით გამოგიყვანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან.
2 . დაკალით საპასექო უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ფარიდან ან ჯოგიდან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი თავის სამკვიდრებლად.
3 . არ ჭამოთ მასთან ერთად საფუარიანი; ჭამეთ შვიდი დღე მასთან ერთად ხმიადი - გაჭირვების პური, ვინაიდან ჩქარობდი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლისას, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეთ ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღე.
4 . შვიდი დღის განმავლობაში ნუ იქონიებთ საფუარიანს მთელ თქვენს სამკვიდრებელში და დილამდე არ მოიტოვოთ პირველი დღის საღამოს შენაწირი ხორციდან.
5 . გეკრძალებათ საპასექოს დაკვლა უფლის, თქვენი ღმერთის მიერ საცხოვრებლად მოცემულ რომელიმე მხარეში,
6 . გარდა იმ ადგილისა, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, იქ დაკალით საპასექო საღამოს, მზის ჩასვლისას, რა დროსაც გამოხვედით ეგვიპტიდან.
7 . მოხარშეთ და ჭამეთ იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი; განთიადისას გაბრუნდით და წადით თქვენს კარვებში.
8 . ჭამეთ ხმიადი ექვსი დღე და მეშვიდე დღეს კი უფლის, თქვენი ღმერთის დღესასწაულია; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
9 . გადაითვალეთ თქვენთვის შვიდი შვიდეული; ნამგლით მკის დაწყებიდან აითვალეთ შვიდი შვიდეული.
10 . იზეიმეთ შვიდეულის დღესასწაული, უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, საკუთარი ნებით გაღებულით, იმის მიხედვით, როგორც გაკურთხებთ უფალი, თქვენი ღმერთი.
11 . გაიხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენ, თქვენმა ძეებმა და ასულებმა, მონებმა და მხევლებმა, ლევიანმა, რომელიც თქვენს მხარეშია და თქვენ შორის მყოფმა მწირმა და ქვრივ-ობოლმა, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასამკვიდრებლად.
12 . გახსოვდეთ, რომ მონები იყავით ეგვიპტეში, დაიცავით და აღასრულეთ ეს წესები.
13 . იზეიმეთ კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როცა მორჩებით კალოსა და საწნახელის საქმეს.
14 . გაიხარეთ დღესასწაულებზე თქვენ, თქვენმა ძეებმა და ასულებმა, მონებმა და მხევლებმა, ლევიანმა, რომელიც თქვენს მხარეშია და თქვენს შორის მყოფმა მწირმა და ქვრივ-ობოლმა.
15 . შვიდ დღეს იზეიმეთ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, იმ ადგილზე, რომელსაც თვითონ ამოირჩევს, ვინაიდან გაკურთხებთ უფალი, თქვენი ღმერთი მოსავლითა და ყოველგვარი ნაშრომით და სულ იმხიარულებთ.
16 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი თქვენი მამაკაცი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს იგი, უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის დღესასწაულზე; ხელცარიელი არავინ მივიდეს უფლის წინაშე.
17 . თითოეულმა იქიდან უძღვნას უფალს, თავის ღმერთს, რაც მიცემული აქვს.
18 . მსაჯულები და გამგებელნი დაუდგინეთ ყოველ ქალაქს, რომელსაც აძლევს უფალი, თქვენი ღმერთი თქვენს ტომებს, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი.
19 . არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.
20 . სამართალს, სამართალს მისდიეთ, რათა იცოცხლოთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.
21 . არავითარი ხე არ დაირგოთ აშერად, უფლის, თქვენი ღმერთის სამსხვერპლოსთან, რომელსაც აიშენებთ თქვენთვის.
22 . ნურც სვეტებს აღმართავთ, რადგან სძულს ეს უფალს, თქვენს ღმერთს.
1 . "არ ექნებათ წილი და სამკვიდრო ისრაელში ლევიან მღვდლებსა და ლევის მთელ ტომს, არამედ უფლის საცეცხლო შესაწირთა და მისი წილისგან ჭამონ.
2 . სამკვიდრებელი წილი არ ექნებათ მათ თავიანთ ძმათა შორის: თვით უფალია მათი სამკვიდრებელი, როგორც ნაუწყები აქვთ მისგან.
3 . ეს იყოს დაწესებული მღვდელთათვის ხალხისგან, ხარისა და კრავის შემწირველთაგან: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბა და შიგნეულობა,
4 . პირველნაყოფი მარცვლეული, ღვინო და ზეთი; პირველმონაგები ცხვრის ნაპარსიც მას მიეცი,
5 . რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომისგან, რათა იდგნენ უფლის სახელით სამსახურში ის და მისი ძენი სამუდამოდ.
6 . თუ ისრაელის რომელიმე მხრიდან, სადაც ცხოვრობს, თავისი სურვილით მოვა ლევიანი იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი,
7 . და იმსახურებს უფლის, თავისი ღმერთის სახელით, როგორც ყველა მისი ძმა ლევიანი, რომელიც დგას იქ უფლის წინაშე.
8 . თანაბარი წილი ჰქონდეთ ყველაფერში, გარდა მათი გასაყიდი მამისეული ქონებისა.
9 . როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ნუ გაიმეორებ იმ ხალხთა სისაძაგლეებს.
10 . არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული,
11 . არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი,
12 . ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
13 . უბიწო იყავი უფლის, შენი ღმერთის წინაშე,
14 . რადგან ეს ხალხები, რომლებსაც იპყრობთ, მისნებსა და ჯადოქრებს უსმენენ, შენ კი ეს არ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
15 . და წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ;
16 . ვინაიდან ასე ითხოვეთ უფლისგან, თქვენი ღმერთისგან ხორებთან შეკრების დღეს: მეტად ნუღარ გავიგონებთო უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, და ნუღარ ვიხილავთო ამ დიდ ცეცხლს, რათა არ დავიხოცოთ.
17 . მითხრა უფალმა: "კარგია ის, რაც თქვეს.
18 . გამოვუყვან მათ თავის ძმათაგან წინასწარმეტყველს შენს მსგავსად, ჩემს სიტყვას ჩავუდებ პირში და ყველაფერს გამოუცხადებს მათ, რასაც ვუბრძანებ.
19 . ის, ვინც არ შეისმენს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს იგი, მე თვითონ მოვკითხავ მას.
20 . მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით ილაპარაკებს იმას, რაც მე არ მიბრძანებია მისთვის ან სხვა ღმერთების სახელით ალაპარაკდება, უნდა მოკვდეს”.
21 . თუ იტყვი გულში: როგორ გავიგო, რომელი სიტყვა არ მოდისო უფლისგან?
22 . თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.
1 . "როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ ჰპოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში - დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან.
2 . დატოვებს ქალი მის სახლს, წავა და გახდება სხვა კაცის ცოლი;
3 . თუ მეორე ქმარმაც მოიძულა იგი, დაუწერა განქორწინების წერილი, მისცა და გაუშვა თავისი სახლიდან ან მოუკვდა ეს მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად შეირთო ქალი,
4 . პირველ ქმარს, რომელსაც გაშვებული ჰყავდა, აღარ შეუძლია მისი ხელახლა ცოლად შერთვა, მას შემდეგ, რაც წაიბილწა იგი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე; ნუ ჩააგდებთ ცოდვაში ქვეყანას, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . თუ ცოლი ახალი შერთული ყავს კაცს, ლაშქარში ნუ გააგზავნით და ნურაფერს დაავალებთ; იყოს ერთი წელი თავისუფლად თავის სახლში და გაახაროს ცოლი, რომელიც შეირთო.
6 . ნურავინ აიღებს წისქვილსა და დოლაბს გირაოდ, რადგან სიცოცხლეს იღებს იგი გირაოდ.
7 . თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც თავისი მოძმე ისრაელიანი გაიტაცა, დაიმონა და გაყიდა, დაე მოკვდეს გამტაცებელი; ასე ამოშანთეთ ბოროტი თქვენგან.
8 . გაფრთხილდი, გულდასმით და იცავი კეთროვნების წყლულის მთელი რჯული, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები; როგორც მე ვუბრძანე მათ, ისე დაიცავით და აღასრულეთ.
9 . გახსოვდეს, რა უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას.
10 . თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,
11 . გარეთ დაელოდე და იქ გამოგიტანს შენი მოვალე გირაოს.
12 . თუ ღარიბია კაცი, შენთან ნუ გაათევინებ ღამეს გირაოს.
13 . დაუბრუნე გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; გაკურთხებს და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
14 . ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია.
15 . იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.
16 . ნუ მოკვდებიან მამები შვილების ცოდვებისთვის და შვილები - მამების ცოდვებისთვის; კაცი მხოლოდ თავისი ცოდვების გამო უნდა მოკვდეს.
17 . ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.
18 . გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში და იქიდან გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
19 . ყანის მკისას ძნა თუ დაგავიწყდა მინდორში, მის წამოსაღებად ნუღარ დაბრუნდები; ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის იყოს, რათა გაკურთხოს ყოველ საქმეში უფალმა, შენმა ღმერთმა.
20 . როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ხეზე მონარჩენს ნუღარ დაუწყებ ძებნას: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
21 . როცა შენი ვენახის მოსავალს მოკრეფ, დარჩენილს ნუღარ ააგროვებ: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
22 . გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში, ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
1 . უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს და უთხრეს: "დაიცავი ყოველი მცნება, რასაც გიბრძანებ დღეს.
2 . იმ დღეს, როცა გადახვალ იორდანეს გაღმა მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, აღმართე დიდი ქვები და შელესე კირით;
3 . და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.
4 . როცა გადალახავ იორდანეს, აღმართე ეს ქვები, როგორც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და შელესე კირით.
5 . აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, რკინა არ შეახო მას.
6 . მთელ-მთელი ქვებისგან აუგე უფალს, შენს ღმერთს სამსხვერპლო და მასზე აღავლინე აღსავლენი მსხვერპლი, უფლისთვის, შენი ღმერთისთვის.
7 . შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, ჭამე იქ და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8 . და დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა ძალიან მკაფიოდ”.
9 . ასე უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელს ისრაელს: "დადუმდი და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
10 . ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს”.
11 . ასე უბრძანა მოსემ იმ დღეს ერს:
12 . "ესენი დადგებიან გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადალახავ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13 . ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
14 . ლევიანები ილაპარაკებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა:
15 . წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს, სისაძაგლეს უფლისთვის, ხელოსნის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16 . წყეულიმც იყოს დედ-მამის შეურაცხმყოფელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
17 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
18 . წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზის ამრევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
19 . წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
20 . წყეულიმც იყოს მამის ცოლთან დამწოლი, რადგან კალთა გადაუწია მამას! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
21 . წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
22 . წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
23 . წყეულიმც იყოს სიდედრთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
24 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
25 . წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
26 . წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
1 . "და თუ გულდასმით მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო მისი ყველა მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე მაღლა.
2 . გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და მოგეწევა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
3 . კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში.
4 . კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
5 . კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი;
6 . კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას.
7 . და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
8 . კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9 . დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.
10 . იხილავს ყოველი ხალხი, რომ უფლის სახელით ხარ წოდებული და შეეშინდება შენი.
11 . სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
12 . გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.
13 . თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო.
14 . ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
15 . მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.
16 . წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში.
17 . წყეული იქნება შენი კალათა და გობი.
18 . წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.
19 . წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.
20 . გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.
21 . მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გაქრები შენი მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ.
22 . წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.
23 . ცა სპილენძად გექცევა თავზე და ფეხქვეშ მიწა - რკინად.
24 . წვიმის ნაცვლად მტვერს მისცემს უფალი შენს მიწას და ფერფლი დაგეყრება ციდან, სანამ არ განადგურდები.
25 . დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში.
26 . და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი.
27 . მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ქავილით, ბუგრითა და ქეცით და ვერ განიკურნები მათგან.
28 . მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
29 . ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის.
30 . საცოლეს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში; ვენახს დარგავ და ვერ მოიხმარ;
31 . დაიკვლება შენი ხარი შენს თვალწინ და ვერ შეჭამ; მიიტაცებენ შენს სახედარს და აღარ დაგიბრუნდება; მიეცემა შენი ცხვარი შენს მტრებს და არავინ გეყოლება შემწე.
32 . სხვა ხალხები წარატყვევებენ შენს ძეთ და ასულთ; ყოველდღე მათ მოლოდინში დაგეღლება თვალები და არ გექნება ძალა მკლავში.
33 . და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული.
34 . და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ.
35 . გაგიჩენს უფალი სასტიკ წყლულებს მუხლებსა და წვივებზე, რომლისგანაც ვერ შეძლებ განკურნებას, ტერფიდან თხემამდე.
36 . წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს.
37 . საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.
38 . უხვად გაიტან თესლს მინდორში და ცოტას მოიწევ, რადგან მოგისპობს კალია.
39 . დარგავ და დაამუშავებ ვენახებს, ღვინოს კი ვერ დალევ და ნაყოფს ვერ მოკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
40 . ზეთისხილი გექნება მთელ შენს მიწაზე და ზეთს კი ვერ იცხებთ, რადგან დაცვივდება ნაყოფი.
41 . გააჩენ ძეებსა და ასულებს, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვედ წავლენ.
42 . ყოველი ხე და ნაყოფი შენი მიწისა კალიის მიერ გაჩანაგდება.
43 . ხიზანი, რომელიც შენთანაა, ამაღლდება და ამაღლდება შენზე, შენ კი დამცირდები და დამცირდები.
44 . ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი - კუდი.
45 . და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.
46 . საუკუნო ნიშნად და სასწაულად იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე.
47 . რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;
48 . ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.
49 . შორიდან, დედამიწის კიდიდან მოიყვანს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ; არწივივით დაგეძგერება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ;
50 . ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
51 . შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.
52 . შეგავიწროებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომლებზეც დანდობილი ხარ მთელ შენს მიწაზე; შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელ შენს მიწაზე, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა,
53 . და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.
54 . ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,
55 . რომ არავის დაუთმოს ხორცი თავისი შვილებისა, რომელსაც შეჭამს, რადგან აღარაფერი დარჩება მას ალყასა და გაჭირვებაში, რითაც შეგაჭირვებს მტერი ყოველ შენს კარიბჭეში.
56 . შენში მცხოვრები განაზებული და განებივრებული ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო, მიწაზე ტერფის დადგმაც არ უცდია, მტრულად შეხედავს თავის ქმარს, ძესა და ასულს,
57 . და თანმოყოლილს, რომელიც დაბადებისას მოჰყვა თავის შვილებს მის ფერხთა შორის; რადგან ფარულად შეჭამს მათ გაჭირვებაში, ალყასა და სიდუხჭირეში, როცა შეგაჭირვებს მტერი შენს საცხოვრებლებში.
58 . თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
59 . მოავლენს უფალი შენზე და შენს შთამომავლობაზე უჩვეულო წყლულებს, დიად, სასტიკ და უკურნებელ წყლულებსა და სნეულებებს.
60 . მოგივლენს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისგანაც შეძრწუნებული იყავი და მოგეტმასნებიან.
61 . ყველა იმ ავადმყოფობასა და უბედურებასაც მოგივლენს უფალი, რომელიც არ არის ჩაწერილი რჯულის ამ წიგნში, სანამ არ მოისპობი.
62 . დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
63 . და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
64 . გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.
65 . ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.
66 . ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.
67 . გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
68 . და კვლავ დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარასოდეს იხილავ-მეთქი! მიეყიდები იქ შენს მტრებს მონებად და მხევლებად, მყიდველი კი არ იქნება”.
1 . ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.
2 . მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: "ყველაფერი ნახეთ, რაც ეგვიპტის ქვეყანაში თქვენს თვალწინ დამართა უფალმა ფარაონს, მის ყველა მსახურსა და მთელ ქვეყანას;
3 . დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ნიშნები და დიდი სასწაულები.
4 . და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები მოსასმენად.
5 . ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში: არ გაგცვეთიათ სამოსი და ფეხსაცმელი.
6 . პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7 . მოხვედით ამ ადგილამდე და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე, და დავამარცხეთ ისინი.
8 . ავიღეთ მათი ქვეყანა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
9 . დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10 . ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე: ტომთა თავკაცები, უხუცესები, ზემდგომები და ისრაელის ყოველი კაცი;
11 . თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,
12 . რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი,
13 . რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
14 . არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს,
15 . არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.
16 . რადგან იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოიარეთ.
17 . ნანახი გაქვთ მათი სისაძაგლენი, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც აქვთ მათ.
18 . ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.
19 . რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.
20 . არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21 . გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22 . და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:
23 . გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.
24 . იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25 . და იტყვიან: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა, რომელიც დადო მათთან, როცა გამოჰყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან.
26 . წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27 . და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.
28 . და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
29 . დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.
1 . ადგა იეშუა დილაადრიანად, დაიძრა შიტიმიდან და მივიდა იორდანესთან, ის და ისრაელის ყველა ძე; იქ გაათიეს, ვიდრე გავიდოდნენ გაღმა.
2 . სამი დღის შემდეგ ზემდეგნი გავიდნენ ბანაკში;
3 . და ასე უბრძანეს ხალხს: "როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და მის მზიდველ, ლევიან მღვდლებს, მაშინ წამოიმართებით თქვენი ადგილიდან და გაჰყვებით მას.
4 . ორი ათასი წყრთის მანძილზე უნდა მიჰყვეთ მას, ნუ მიუახლოვდებით, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც ივლით, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ”.
5 . უთხრა იეშუამ ხალხს: "განიწმიდეთ, რადგან სასწაულებს აღასრულებს ხვალ თქვენ შორის უფალი”.
6 . უთხრა იეშუამ მღვდლებს: "აიღეთ აღთქმის კიდობანი და წაუძეხით ამ ხალხს”. აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ.
7 . უთხრა უფალმა იეშუას: "ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც.
8 . ასე უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მზიდველებს: "როგორც კი იორდანეს კიდეს მიაღწევთ, შეჩერდით!”
9 . უთხრა იეშუამ ისრაელის ძეებს: "მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები”.
10 . თქვა იეშუამ: "ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;
11 . აჰა, თქვენ წინაშე გადალახავს იორდანეს აღთქმის კიდობანი, რომელიც მთელი დედამიწის უფალს ეკუთვნის.
12 . ახლა გამოიყვანეთ თორმეტი კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან.
13 . როგორც კი იორდანეს წყალში მთელი დედამიწის უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლების ტერფები ჩაიდგმება, ზევიდან მომდინარე იორდანეს წყლები ქვემო წყლებს გამოეყოფა და ერთ კედლად აღიმართება”.
14 . დაიძრა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახად, აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მიუძღოდნენ წინ;
15 . და როგორც კი მივიდნენ კიდობნის მზიდველნი იორდანესთან და შეეხნენ წყალს კიდობნის მზიდველ მღვდელთა ტერფნი - იორდანე კი მკის მთელი ხნის განმავლობაში თავისი ნაპირებიდან გადმოდის
16 . - შეჩერდა დაღმა მომდინარე წყალი და ერთ კედლად აღიმართა შორ მანძილზე: ცართანის გვერდით, ქალაქ ადამიდან ყარაბას ანუ მარილოვან ზღვამდე, მთლიანად გაიპო და გადავიდა ხალხი იერიხოს პირდაპირ.
17 . მშრალად იდგნენ უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაში, ფსკერზე, და მშრალად გადადიოდა ყოველი ისრაელიანი, ვიდრე მთელმა ერმა არ დაასრულა იორდანეს გადალახვა.
1 . ჩაიკეტა იერიხო და დახშული იყო ისრაელიანთა გამო: ვერავინ გამოდიოდა იქიდან და ვერავინ შედიოდა იქ.
2 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნახე, ხელში ჩაგაგდებინე იერიხო და მისი მეფე, თავისი ძლიერი მებრძოლებით.
3 . გარს შემოუარეთ ქალაქს და ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ერთხელ შემოავლეთ წრე. ასე უარეთ ექვსი დღის მანძილზე;
4 . და შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდი ბუკით ივლის კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და სცენ ბუკი მღვდლებმა.
5 . როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქებს და გაიგონებთ ბუკის ხმას, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ხალხმა, იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედელი და ავა მასზე ხალხი, თითოეული თავისი მხრიდან”.
6 . მოუხმო იეშუა ნავეს ძემ მღვდლებს და უთხრა: "ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ატაროს შვიდმა მღვდელმა ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ!”
7 . უთხრა ხალხს: "წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, ხოლო შეიარაღებულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ”.
8 . როგორც კი ეს უთხრა ხალხს იეშუამ, წავიდა შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდ ბუკს რომ დაატარებდა და ჩაჰბერეს ბუკებს, უკან მიჰყვებოდა მათ უფლის აღთქმის კიდობანი.
9 . წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც ბუკებს სცემდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
10 . ასე უბრძანა ხალხს იეშუამ: "ნუ აიმაღლებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით: დაეცით ყიჟინა! მაშინ დასცემთ ყიჟინას”.
11 . და შემოუარეს უფლის კიდობნით ქალაქს, ერთი წრე დაარტყეს; შემდეგ დაბრუნდნენ ბანაკში და იქ გაათიეს.
12 . ადგა დილაადრიანად იეშუა და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
13 . და შვიდი მღვდელი, რომელთაც უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი მოჰქონდათ, გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდა, წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
14 . მეორე დღესაც ერთხელ შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში; ასე აკეთებდნენ ექვს დღეს.
15 . მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს. მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს ქალაქს შვიდჯერ.
16 . და მეშვიდე ჯერზე, როცა ჩაჰბერეს მღვდლებმა რქის ბუკებს, უთხრა იეშუამ ხალხს: "დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ეს ქალაქი!
17 . უფლისთვის დარისხდება ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები.
18 . ერიდეთ დარისხებულს, რომ თავი არ დაირისხოთ. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, არ შეაჩვენოთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
19 . მთელი ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისთვის, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს”.
20 . ახმაურდა ხალხი და ბუკებსაც ჩაჰბერეს. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და იქვე ჩაიქცა კედელი; ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი.
21 . მახვილის პირით მოსრეს ქალაქში ყოველივე, რაც დარისხებული იყო: მამაკაცი და დედაკაცი, ჭაბუკი და მოხუცებული, ხარი, ცხვარი და სახედარი.
22 . უთხრა იეშუამ ქვეყნის დასაზვერად გაგზავნილ კაცებს: "მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ”.
23 . მივიდნენ მზვერავი ჭაბუკები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, ძმა და ყველა, ვინც ჰყავდა და დატოვეს ისრაელის ბანაკის გარეთ,
24 . ხოლო ქალაქი და ყოველივე, რაც მასში იყო, ცეცხლით გადაბუგეს; მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი დადეს უფლის სახლის საგანძურში.
25 . რახაბ მეძავი, მამამისის სახლეული და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იეშუამ და დამკვიდრდა ის ისრაელში დღემდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იერიხოს დასაზვერად გაგზავნა იეშუამ.
26 . ასეთი წყევლა წარმოთქვა მაშინ იეშუამ: "წყეული იყოს უფლის წინაშე კაცი, რომელიც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხოს: თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე”.
27 . უფალი იყო იეშუასთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.
1 . როცა ესმათ იორდანეს გაღმა მთაში და დაბლობზე მყოფ მეფეებს, დიდი ზღვის მთელ სანაპიროზე ლიბანამდე - ხეთელებს, ამორელებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს,
2 . ერთად შეიკრიბნენ იეშუასა და ისრაელთან შესაბრძოლებლად.
3 . გაბაონის მკვიდრთაც გაიგეს, რაც დამართა იეშუამ იერიხოსა და ჰაღაის.
4 . და ცბიერად მოიქცნენ: ადგნენ და საგზალი დაიმზადეს, თითქოს ელჩები იყვნენ, აჰკიდეს სახედრებს ძველი, დახეთქილი და დაკერებული ტომრები და ღვინის ტიკები,
5 . ფეხზე გაცვეთილი ქალამნები ჩაიცვეს და ტანზე დაკერებულ-დაძველებული სამოსი შეიმოსეს; საგზლის მთელი პურიც გამხმარი და დაობებული იყო.
6 . მივიდნენ გილგალში დაბანაკებულ იეშუასთან და უთხრეს მას და მთელს ისრაელს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით და აღთქმა დაგვიდეთ ახლა”.
7 . უპასუხეს ისრაელიანებმა ხიველებს: "იქნებ ჩვენს ახლოს ცხოვრობთ და აღთქმა დაგიდოთ?”
8 . უთხრეს იეშუას: "შენი მსახურნი ვართ”. ჰკითხა მათ იეშუამ: "ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?”
9 . მიუგეს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვიდნენ შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდება და ყოველივე, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა.
10 . ყველაფერი, რაც ამორელთა ორ მეფეს დამართა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ: სიხონს, ხეშბონის მეფეს და ყაშთაროთელ ყოგს, ბაშანის მეფეს.
11 . გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყოველმა მკვიდრმა: საგზალი მოიმარაგეთ, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: თქვენი მსახურნი ვართ და აღთქმა დაგვიდეთ-თქო ახლა.
12 . ეს ჩვენი პური ჯერ კიდევ თბილი იყო იმ დღეს, როცა სახლებიდან თქვენთან შესახვედრად წამოვედით; აჰა, ახლა გამხმარი და დაობებულია.
13 . ეს ღვინის ტიკებიც, როცა ავავსეთ, ახლები იყო და, აჰა, დამსკდარია; ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც შემოგვაცვდა შორი გზის გამო”.
14 . აიღეს კაცებმა მათი საგზლიდან და არ დაეკითხნენ უფალს.
15 . შეუთანხმდა მათ იეშუა სამშვიდობოდ და ცოცხლად დატოვების აღთქმა დაუდო; შეჰფიცეს თემის მთავრებმაც.
16 . აღთქმის დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ ახლოს ყოფილან და მათ სიახლოვეს ცხოვრებულან.
17 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და მივიდნენ მესამე დღეს მათ ქალაქებში - გაბაონში, ქეფირაში, ბეეროთსა და კირიათ-იეყარიმში.
18 . არ მოუსრავთ ისინი ისრაელის ძეებს, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი დაიფიცეს თემის მთავრებმა; და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე.
19 . უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: "უფალი, ისრაელის ღმერთი დავიფიცეთ და ვეღარ შევეხებით.
20 . აი, როგორ უნდა მოვექცეთ: ცოცხლად დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს ფიცის გამო, რომლითაც დავიფიცეთ”.
21 . თქვეს მთავრებმა: "დაე იცოცხლონ, მაგრამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად დავაყენოთ მთელი თემისთვის; და ისე მოიქცა თემი, როგორც უთხრეს მთავრებმა.
22 . მოუხმო მათ იეშუამ და უთხრა: "რატომ მოგვატყუეთ და გვითხარით, ძალიან შორს ვართო თქვენგან, როცა ჩვენს სიახლოვეს მკვიდრობდით?
23 . აჰა, ამიერიდან წყევლაა თქვენზე! სამუდამოდ დაგვემონებით და შეშის მჭრელნი და წყლის მხაპავნი იქნებით ჩემი ღმერთის სახლისთვის”.
24 . მიუგეს იეშუას: "გავიგეთ შენმა მონებმა, რა უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ ამ მიწას და წარხოცავდა მის მკვიდრთ თქვენ წინაშე; ძალიან შეგვეშინდა თქვენი და ესღა მოვიფიქრეთ.
25 . ახლა შენს ხელში ვართ; როგორც უმჯობესია და სამართლიანი შენს თვალში, ისე მოგვექეცი”.
26 . ასეც მოექცა მათ იეშუა, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაუხოცავთ ისინი;
27 . იმ დღეს დააყენა ისინი იეშუამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისა და უფლის სამსხვერპლოსთვის აქამდე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევდა უფალი.
1 . მრავალი დღის შემდგომ, რაც უფალმა ყველა მისი მტრისგან მოასვენა ისრაელი ყოველი მხრიდან, მოხუცდა იეშუა და ხანში შევიდა.
2 . მოუხმო მან მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზედამხედველებს და უთხრა: "მოვხუცდი, ხანში შევედი,
3 . ნანახი გაქვთ ყველაფერი, რაც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ერებს თქვენ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი თავად იბრძოდა თქვენთვის.
4 . აი, წილისყრით დაგინაწილეთ ეს დანარჩენი ერები, სამკვიდრებლად თქვენი ტომებისთვის და მოვსპე ყოველი ხალხი იორდანედან დიდ ზღვამდე, დასავლეთისკენ.
5 . უფალი, თქვენი ღმერთი, თავად განდევნის მათ თქვენგან და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც გელაპარაკათ უფალი, თქვენი ღმერთი.
6 . ძლიერ განმტკიცდით, რათა დაიცვათ და აასრულოთ ყველაფერი, რაც არის ჩაწერილი მოსეს რჯულის წიგნში, ნუ გადაიხრებით მისგან ნურც მარჯვნივ, ნურც მარცხნივ,
7 . რომ არ შეერიოთ იმ ერებს, რომლებიც დარჩნენ თქვენ შორის. ნურც მოიხსენიებთ და დაიფიცებთ მათი ღმერთების სახელს; არც ემსახუროთ და არც თაყვანი სცეთ მათ.
8 . არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით.
9 . განდევნა უფალმა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები და დღემდე ვერავინ აღგიდგათ წინ.
10 . ერთი თქვენგანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც გელაპარაკათ.
11 . ძალა დაატანეთ თქვენს თავებს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი;
12 . რადგან თუ კვლავ უკუიქცევით უფლისგან, მიეტმასნებით თქვენ შორის დარჩენილ ხალხებს, დაუმოყვრდებით და აღირევით მათთან,
13 . მაშინ, მტკიცედ იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი აღარ განდევნის ამ ხალხებს თქვენგან და მარყუჟად და მახედ გექცევიან ისინი, შოლტად თქვენი ფერდებისთვის და ეკლად თქვენი თვალებისთვის, სანამ არ მოისპობით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
14 . აჰა, მთელი ქვეყნის გზით მივდივარ დღეს. თქვენ კი იცოდეთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი გონებით, რომ არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა იმ კეთილ სიტყვათაგან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა წარმოთქვა თქვენზე; ყოველივე ასრულდა და არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა.
15 . და როგორც აგისრულდათ უფლის, თქვენი ღმერთის მიერ თქვენზე წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისე აგისრულებთ უფალი ყოველ ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ განადგურდებით ამ ბარაქიან მიწაზე, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
16 . როგორც კი დაარღვევთ უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებ აღთქმას, წახვალთ, ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება უფლის რისხვა თქვენზე და უმალვე დაიღუპებით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა.
1 . ჰკითხეს უფალს ისრაელის ძეებმა იეშუას გარდაცვალების შემდეგ: "ჩვენგან პირველი ვინ გავა ქანაანელებთან საომრად?”
2 . თქვა უფალმა: "იუდა გავა; აჰა, მას ჩავუგდე ხელში ის მიწა”.
3 . უთხრა იუდამ სიმონს, თავის ძმას: "გამოდი ჩემთან ქანაანელებთან საომრად, ჩემს წილხვედრში, მე კი შენს წილხვედრში გამოგყვები”. და გაჰყვა სიმონი.
4 . გავიდა იუდა და ხელში ჩაუგდო უფალმა ქანაანელნი და ფერიზელნი, ბეზეკში მოსრა ისინი, ათი ათასი კაცი.
5 . იქ შეხვდნენ ადონი-ბეზეკს, შეებრძოლნენ და მოსრეს ქანაანელნი და ფერიზელნი ბეზეკში,
6 . გაიქცა ადონი-ბეზეკი; დაედევნენ მას, შეიპყრეს და ცერები მოჰკვეთეს ხელ-ფეხზე.
7 . ამბობდა ადონი-ბეზეკი: "ხელ-ფეხზე ცერმოკვეთილი სამოცდაათი მეფე ჩემი მაგიდის ქვეშ აგროვებდა ნარჩენებს; ჩემი ნამოქმედარისამებრ მომაგო ღმერთმა”. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.
8 . შეებრძოლნენ იუდას ძენი იერუსალიმს, დაიპყრეს და მოსრეს იგი მახვილის პირით, ქალაქი კი ცეცხლს მისცეს.
9 . ამის მერე მთებში, ნეგებსა და დაბლობზე მცხოვრებ ქანაანელებთან საბრძოლველად გავიდნენ იუდას ძენი.
10 . გაილაშქრა იუდამ ხებრონში დამკვიდრებულ ქანაანელებზე; უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; და განგმირეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.
11 . იქიდან დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ გავიდნენ; უწინ დებირს კირიათ-სეფერი ერქვა.
12 . თქვა ხალებმა: "ვინც გაილაშქრებს კირიათ-სეფერზე და დაიპყრობს, ჩემს ასულს, ყაქსას შევრთავ ცოლად”.
13 . და დაიპყრო ქალაქი ღოთენიელმა, ხალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ და მიათხოვა მას ყაქსა, თავისი ასული.
14 . ერთხელ, ხალებთან მისვლისას, წააქეზა იგი, რომ მინდორი გამოეთხოვა თავისი მამისგან. და როცა ყაქსა სახედრიდან ჩამოხდა, ჰკითხა ხალებმა: "რა გინდა?”
15 . მიუგო: "მომეცი კურთხევა, რაკი ნეგების ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მისცა ხალებმა როგორც ზედა, ისე ქვედა წყაროები.
16 . და გამოყვნენ იუდას ძეებს კენიელი ითროს, მოსეს სიმამრის ძენი, პალმების ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა. წავიდნენ და დამკვიდრდნენ იმ ხალხს შორის.
17 . წაჰყვა იუდა სიმონს, თავის ძმას, და მოსრეს ქანაანელნი, ცეფათის მკვიდრნი, ააოხრეს ის ქალაქი და უწოდეს სახელად ხორმა.
18 . დაიპყრო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, აშკელონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი.
19 . უფალი იყო იუდასთან და დაიმკვიდრა მთა, ხოლო ბარის მკვიდრთა განდევნა ვერ შეძლო, რადგან რკინის ეტლები ჰქონდათ.
20 . მისცეს ხალებს ხებრონი მოსეს ნათქვამისამებრ და ყენაკის სამივე ძე განდევნა იქიდან.
21 . ხოლო იერუსალიმის მკვიდრი იებუსელნი არ განდევნეს ბენიამინის ძეებმა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი ბენიამინის ძეთა შორის იერუსალიმში.
22 . შეუტია ბეთელს იოსების სახლმა და უფალი იყო მასთან.
23 . და გააგზავნა იოსების სახლმა მზვერავები ბეთელს; ამ ქალაქს უწინ ლუზი ერქვა.
24 . დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი და უთხრეს: "გვიჩვენე როგორ შევიდეთ ამ ქალაქში და წყალობით მოგექცევით”.
25 . უჩვენა ქალაქში შესასვლელი და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, ხოლო ის კაცი და მთელი მისი ოჯახი გაუშვეს.
26 . წავიდა ეს კაცი ხეთელთა ქვეყანაში, ააშენა ქალაქი და უწოდა მას ლუზი. დღემდე შემორჩა მას ეს სახელი.
27 . არც ბეთ-შეანისა და მისი შემოგარენის, თაყანაქისა და მისი შემოგარენის, დორისა და მისი შემოგარენის, იბლეყამისა და მისი შემოგარენის, მეგიდოსი და მისი შემოგარენის მკვიდრნი განდევნა მენაშემ და ინებეს ქანაანელებმა ამ ქვეყანაში დარჩენა.
28 . როცა გაძლიერდა ისრაელი, თავის მოხარკედ აქცია ქანაანელები, მაგრამ ვერ განდევნა.
29 . არც ეფრემმა აყარა გაზერის მკვიდრი ქანაანელნი და მკვიდრობდნენ ქანაანელები მათ შორის, გაზერში.
30 . არც ზებულონმა განდევნა კიტრონის და ნაჰალალის მკვიდრნი; დარჩნენ ქანაანელნი მათ შორის და იქცნენ მოხარკედ.
31 . არც აშერმა განდევნა ყაქოს და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფეკისა და რეხობის მკვიდრნი.
32 . მკვიდრობდა აშერი ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის, რადგან არ განდევნა ისინი.
33 . ნაფთალმაც არ აყარა ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი; ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის დამკვიდრდა და მოხარკეებად გაიხადა ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი.
34 . ავიწროებდნენ ამორელნი დანის ძეებს მთაში, არ აძლევდნენ ბარში ჩასვლის უფლებას.
35 . ამორელებმა კი ხერესის მთაზე ინებეს დამკვიდრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა იოსების სახლის ხელი მათზე და მოხარკეებად გაუხდნენ ისინი.
36 . კლდიდან ზემოთ, ყაკრაბიმის მაღლობისკენ იყო ამორელთა საზღვარი.
1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . მივიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, აიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, მაღლობზე და მისი შვილი, ელეაზარი განაწესეს უფლის კიდობნის მცველად.
2 . დიდმა დრომ - ოცმა წელიწადმა - განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დამკვიდრებიდან; და მოენატრა უფალი ისრაელის მთელ სახლს.
3 . ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: "თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.
4 . განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5 . თქვა სამუელმა: "შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს”.
6 . შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: "შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.
7 . გაიგეს ფილისტიმელებმა, მიცფაში შეკრებილანო ისრაელის ძენი და გამოვიდნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ესმათ ისრაელის ძეებს და დიდად შეშინდნენ.
8 . უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: "ნუ შეწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
9 . აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა.
10 . როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.
11 . გამოვიდნენ ისრაელიანნი მიცფადან, განდევნეს ფილისტიმელნი და მუსრავდნენ მათ ბეთ-ქარამდე.
12 . აიღო სამუელმა ერთი ლოდი, დადო მიცფასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). თქვა: "ამ ადგილამდე შეგვეწია უფალი”.
13 . დამარცხდნენ ფილისტიმელნი და მეტად აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში.
14 . და დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთა მიერ წართმეული ქალაქები: ყეკრონიდან გათამდე; მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორს შორის.
15 . მთელი თავისი სიცოცხლე მსაჯულობდა სამუელი ისრაელზე.
16 . დადიოდა წლიდან წლამდე, გარს უვლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას და მთელ იმ ადგილებში მსაჯულობდა ისრაელზე.
17 . მერე რამაში ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი. იქაც განსჯიდა ისრაელს და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”
2 . უთხრა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე, არ მოკვდები! აჰა, მე თუ არ გამიმხილა, ისე არც დიდ საქმეს აკეთებს მამაჩემი და არც მცირეს. ეს საქმე რატომ უნდა დაემალა ჩემთვის? ეს არ მოხდება”.
3 . იფიცებოდა დავითი და ამბობდა: "კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი მაქვს ნაპოვნი შენს თვალში, ამიტომ იფიქრებდა საული: არ გაიგოსო იონათანმა, რომ არ დამწუხრდეს! მაგრამ უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის”.
4 . უთხრა იონათანმა დავითს: "რასაც შენი გული ისურვებს, იმას გავაკეთებ შენთვის”.
5 . უთხრა დავითმა იონათანს: "აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, წესისამებრ პურის საჭმელად უნდა დავჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ მინდორში დავიმალო ზეგ საღამომდე.
6 . თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა, ბეთლემში, ჩემს ქალაქში უნდა წავიდე, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.
7 . თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.
8 . კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”
9 . უპასუხა იონათანმა: "შორს შენგან ასეთი საქმე! როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ბოროტი საქმე განუზრახავს მამაჩემს შენს წინააღმდეგ?”
10 . უთხრა დავითმა იონათანს: "ვინ შემატყობინებს, მკაცრად თუ გიპასუხა მამაშენმა?”
11 . უთხრა იონათანმა: "წამო, გავიდეთ მინდორში”. და გავიდნენ ორივენი მინდორში.
12 . უთხრა იონათანმა დავითს: "უწყის უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილად არის განწყობილი თუ არა დავითის მიმართ, და განა არავის გამოვგზავნი შენთან და არ გაგიმხელ?
13 . მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
14 . მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები
15 . საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”
16 . ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.
17 . კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18 . უთხრა იონათანმა: "ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან თავისუფალი იქნება შენი ადგილი.
19 . მესამე დღის საღამომდე მოიცადე, მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის ქვასთან დაჯექი.
20 . სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, თითქოსდა მიზანში მესროლოს.
21 . და, აჰა, ყმაწვილს გამოვგზავნი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი; თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-თქო, მაშინ მშვიდობაა, არაფერი შეგემთხვევა. ცოცხალია უფალი!
22 . თუ ვეტყვი ყმაწვილს: აჰა, შენს იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
23 . იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.
24 . დაიმალა დავითი მინდორში და როდესაც ახალმთვარობის დღე დადგა, დაჯდა მეფე პურის საჭმელად.
25 . და იჯდა მეფე თავის ჩვეულ ადგილზე, კედელთან. ადგა იონათანი და აბნერი დაჯდა საულის გვერდით; დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26 . არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა: "ალბათ რაღაც შეემთხვა დავითს; უწმიდური იქნება, ნამდვილად განუწმედელიაო”.
27 . ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: "რატომ არ მოვიდა პურის საჭმელად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?”
28 . მიუგო იონათანმა საულს: "ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29 . მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლი უნდა შევწიროთ ქალაქში. ძმამ მიბრძანაო ჩასვლა; ახლა, თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, გამიშვი და მოვინახულებო ჩემს ძმებს. ამიტომ არ მოვიდა სამეფო სუფრაზე”.
30 . რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?
31 . რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამ მიწაზე, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სიკვდილის ღირსია”.
32 . მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: "რისთვის უნდა მოკვდეს, რა ჩაიდინა?”
33 . და შუბი სტყორცნა მოსაკლავად საულმა. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისს დავითის მოკვლა.
34 . განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.
35 . მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დანიშნულ დროზე და პატარა ყმაწვილიც თან იახლა.
36 . უთხრა ყმაწვილს: "გაიქეცი და მომიძებნე ჩემი ნასროლი ისრები”. გაიქცა ყმაწვილი, ისროლა მან ისრები და გადააცილა ყმაწვილს.
37 . მივიდა ყმაწვილი იონათანის ნასროლ ისართან და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: "განა შენს იქით არ არის ისარი?!”
38 . კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39 . ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
40 . მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი იარაღი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, წაიღე ქალაქში!
41 . როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
42 . უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდა ისრაელის ყველა ტომი დავითთან ხებრონში. უთხრეს: "აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
2 . წინათ, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გაგყავდა და შემოგყავდა ისრაელი. გითხრა უფალმა, შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს და იმეფებ მასზე”.
3 . მეფესთან, ხებრონში მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და იქ, უფლის წინაშე დაუდო მათ აღთქმა დავითმა და სცხეს დავითი ისრაელის მეფედ.
4 . ოცდაათი წლისა იყო დავითი გამეფებისას და ორმოცი წელი იმეფა.
5 . ოცდაათი წლისა იყო დავითი გამეფებისას და ორმოცი წელი იმეფა. 5 შვიდ წელსა და ექვს თვეს მეფობდა იუდაზე ხებრონში, იერუსალიმში კი ოცდაცამეტი წელი იმეფა - მთელ ისრაელსა და იუდაზე.
6 . და წავიდა მეფე თავის კაცებთან ერთად იერუსალიმზე - იებუსელთა, იმ ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ, რომლებმაც უთხრეს დავითს: "ვერ შემოხვალ აქ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან!” ფიქრობდნენ: "ვერ შემოვაო დავითი”.
7 . მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე; ეს არის დავითის ქალაქი.
8 . ბრძანა იმ დღეს დავითმა: "ვინც იებუსელებს დასცემს, წყლის გვირაბით მიადგეს და მოსრას დავითის მოძულე კოჭლები და ბრმები”. ამიტომ ამბობენ: "ვერ შევლენო სახლში კოჭლები და ბრმები”.
9 . ცხოვრობდა ციხე-სიმაგრეში დავითი და უწოდა მას დავითის ქალაქი; მილოს ირგვლივ და შიგნით ყოველივე ააშენა დავითმა.
10 . უფრო და უფრო ძლიერდებოდა დავითი, რადგან უფალი, ცაბაოთ ღმერთი იყო მასთან.
11 . გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, კედარის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
12 . მიხვდა დავითი, რომ განამტკიცა იგი უფალმა ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო.
13 . კიდევ მოიყვანა იერუსალიმიდან დავითმა ხარჭები და ცოლები, ხებრონიდან გადმოსვლის შემდეგ და შეეძინა დავითს სხვა ვაჟები და ასულები.
14 . აი, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი.
15 . იბხარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი,
16 . ელიშამა, ელიდა და ელიფელეტი.
17 . შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და ამოვიდნენ ფილისტიმელები დავითის მოსაძებნად. შეიტყო დავითმა და შევიდა ციხესიმაგრეში.
18 . მოვიდნენ ფილისტიმელები და გაიშალნენ რეფაიმის ველზე.
19 . დაეკითხა დავითი უფალს: "გავიდე ფილისტიმელთა წინააღმდეგ, ჩამიგდებ მათ ხელში?” უპასუხა უფალმა: "გადი, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს”.
20 . მივიდა დავითი ბაყალ-ფერაციმს, იქ შემუსრა დავითმა ისინი და თქვა: "წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემს წინაშე, როგორც ზღუდის გამრღვევმა წყალმა”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
21 . მიატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი კერპები და წაიღეს ისინი დავითმა და მისმა კაცებმა.
22 . ერთხელ კიდევ გამოვიდნენ ფილისტიმელები და გაიშალნენ რეფაიმის ველზე.
23 . დაეკითხა დავითი უფალს და უპასუხა მან: "პირისპირ ნუ მიეჭრები, ზურგიდან შემოუარე და ბალსამონის ხეების მხრიდან მიადექი.
24 . როცა გაიგონებ შრიალის ხმას ბალსამონის ხეთა კენწეროებიდან, მაშინ იმოქმედე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად”.
25 . ისე მოიქცა დავითი, როგორც ჰქონდა უფალს ნაბრძანები და მოსრა ფილისტიმელნი გაბაონიდან გაზერის მისადგომებამდე.
1 . როგორც კი თავის სახლში დაიწყო ცხოვრება მეფემ, მოასვენა უფალმა გარშემო მტრებისგან.
2 . უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: "შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია”.
3 . მიუგო მეფეს ნათანმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.
4 . მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:
5 . "წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი, განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
6 . იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელი, სახლში არ ვმკვიდრობ, დღემდე კარავსა და სავანეში ვიმყოფები.
7 . აბა, ისრაელიანთა შორის ყოფნისას, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
8 . ახლა უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის მთავარი გამხდარიყავი.
9 . ყველგან თან გახლდი, სადაც კი მიდიოდი და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე; და განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.
10 . ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა იცხოვროს თავის ადგილზე. და მეტად აღარ შეშფოთდება, და ძველებურად ვეღარ შეაჭირვებენ მას ბოროტმოქმედნი,
11 . როგორც მაშინ, როცა მსაჯულები დავუდგინე ჩემს ხალხს, ისრაელს; ყველა შენი მტრისგან მოგასვენებ და გაუწყებს შენ უფალი: უფალი აგიშენებს სახლს!
12 . და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.
13 . ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და უკუნისამდე განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.
14 . მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15 . მაგრამ არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა და სიკეთე, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენს წინ.
16 . მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო საუკუნოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე!”
17 . ყველა ეს სიტყვა და მთელი ეს ხილვა მოუთხრო ნათანმა დავითს.
18 . მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: "უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე?
19 . ესეც გეცოტავა შენს თვალში უფალო, ღმერთო ჩემო და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. კაცთა წესია ეს, უფალო, ღმერთო!
20 . კიდევ რისი თქმა შეუძლია შენთვის დავითს? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!
21 . შენი სიტყვისა და შენი ნების თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რომ ამცნო შენს მსახურს.
22 . ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით.
23 . რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?
24 . შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი.
25 . ახლა კი, უფალო ღმერთო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურზე და მის სახლზე თქვი,
26 . რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.
27 . რადგან შენ, ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა, რომ ასე ელოცა შენს მიმართ.
28 . ახლა, უფალო ღმერთო! ჭეშმარიტია შენი სიტყვები და ასეთი სიკეთე გაქვს აღთქმული შენი მსახურისთვის.
29 . ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ასე გაქვს ნაბრძანები, უფალო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი უკუნისამდე”.
1 . შეატყო იოაბ ცერუიას ძემ, რომ მოუბრუნდა მეფეს გული აბესალომზე.
2 . გაგზავნა მსახური თეკოაყში, მოაყვანინა იქიდან ბრძენი დედაკაცი და უთხრა: "ვითომ გლოვობ, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსი, ნურც ზეთს იცხებ, ისე იყავი, როგორც მკვდარზე დიდი ხნის მგლოვიარე.
3 . მიდი მეფესთან და ასე და ასე უთხარი". და დაარიგა იოაბმა ქალს რა უნდა ეთქვა.
4 . მივიდა თეკოაყელი დედაკაცი მეფესთან, პირქვე დაეცა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, მეფეო!”
5 . ჰკითხა მეფემ: "რა გაგჭირვებია?” მიუგო: "ქვრივი დედაკაცი ვარ, ქმარი მომიკვდა.
6 . ორი ძე ჰყავდა შენს მხევალს; წაეჩხუბნენ ველზე ერთმანეთს, არავინ იყო მათი გამშველებელი, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა.
7 . აჰა, მთელი სანათესაო აღდგა შენი მხევლის წინააღმდეგ; მეუბნებიან: მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ თავისი ძმის წილ მოვკლათ და მოვსპოთ მემკვიდრეც. ჩამიქრობენ ჩემი ნაკვერჩხლის ნატამალს, აღარ დარჩება ჩემს ქმარს სახელი და შთამომავალი ამ ქვეყნად”.
8 . უთხრა მეფემ ქალს: "სახლში დაბრუნდი. გავცემ ბრძანებას შენს შესახებ”.
9 . უთხრა მეფეს თეკოაყელმა ქალმა: "ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს ბრალი მეფევ ბატონო, მეფე და მისი ტახტი კი უდანაშაულოა”.
10 . უთხრა მეფემ: "მომიყვანე, ვინც შენს წინააღმდეგ ლაპარაკობს და მეტად აღარ შეგეხება”.
11 . მიუგო დედაკაცმა: "ახსენე, მეფეო, უფალი, ღმერთი შენი, რათა არ გამიმრავლდნენ სისხლის ამღებნი და არ დამიღუპონ ძე”. თქვა მეფემ: "ცოცხალია უფალი, შენი ძის ბეწვიც კი არ დავარდება მიწაზე”.
12 . კვლავ თქვა დედაკაცმა: "გთხოვ, ერთი სიტყვაც ათქმევინე შენს მხევალს ბატონი მეფისადმი”. მიუგო: "თქვი”.
13 . უთხრა დედაკაცმა: "მაშ, რაღად განიზრახე ასეთი რამ ღვთის ხალხზე? სიტყვა, რომელსაც ამბობს მეფე, თვითონ მასვე სდებს ბრალს, რადგან არ აბრუნებს თავის განდევნილ ძეს.
14 . ყველანი მოვკვდებით და აღარ შევგროვდებით მიწაზე დაღვრილი წყალივით; მაგრამ ღმერთი არ ღუპავს კაცის სიცოცხლეს, არამედ გზებს ეძებს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს სამუდამოდ.
15 . იმისთვის მოვედი, რომ ჩემი მეფისთვის მეთქვა ეს სიტყვა, რადგან მაშინებს ხალხი; ვფიქრობდი შენი მხევალი: დაველაპარაკები მეფეს, იქნებ შეიწყნაროს-მეთქი სიტყვა თავისი მხევლისა.
16 . შეისმენს მეფე და იხსნის თავის მხევალს იმ კაცთა ხელიდან, რომელთაც სურთ ღვთის სამკვიდროდან ჩემი აღმოფხვრა ჩემს ძესთან ერთად.
17 . ფიქრობდა შენი მხევალი: ნუგეშად მექნება-მეთქი ჩემი ბატონი მეფის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივითაა იგი, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა; დაე უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან”.
18 . უთხრა მეფემ დედაკაცს: "რაღაცას გკითხავ და ნუ დამიფარავ”. თქვა დედაკაცმა: "დაე მკითხოს მეფემ, ჩემმა ბატონმა”.
19 . ჰკითხა: "იოაბის ხელი ურევია ამ საქმეში?” მიუგო: "იცოცხლოს შენმა სულმა, მეფევ, ჩემო ბატონო, ვერც მარჯვნივ გადაუხვევს ვინმე და ვერც მარცხნივ ჩემი ბატონი მეფის ნათქვამს; სწორედ შენმა მსახურმა იოაბმა დამარიგა და მან ჩამაგონა, რომ ეს სიტყვები მეთქვა.
20 . პირდაპირ რომ არ ეთქვა სათქმელი, იმიტომ მოიქცა ასე შენი მსახური იოაბი, მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი, ყოველივეს ხვდება, რაც ამ ქვეყნად ხდება”.
21 . უთხრა მეფემ იოაბს: "აჰა, ასეც მოვიქცევი, წადი და დააბრუნე ჭაბუკი აბესალომი”.
22 . პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა და აკურთხა მეფე; თქვა იოაბმა: "დღეს შეიტყო შენმა მსახურმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, მეფევ, ჩემო ბატონო, რადგან აღუსრულა მეფემ სათხოვარი თავის მსახურს”.
23 . ადგა იოაბი, წავიდა გეშურს და იერუსალიმში მოიყვანა აბესალომი.
24 . თქვა მეფემ: "თავის სახლში დაბრუნდეს, ჩემს სახეს ვერ იხილავს”. და დაბრუნდა აბესალომი თავის სახლში, მეფის სახე კი არ უხილავს.
25 . მთელ ისრაელში არ იყო აბესალომზე მშვენიერი კაცი: უნაკლო იყო თხემით ტერფამდე.
26 . როცა თავს გაიკრეჭდა, თავს კი ყოველ წელს იკრეჭდა, რადგან თმები ამძიმებდნენ, ორას სამეფო შეკელს იწონიდა მისი თმა.
27 . სამი ძე და ერთი ასული შეეძინა აბესალომს. ასულს თამარი დაარქვა. ლამაზი ქალი იყო შესახედად.
28 . ორი წელი იცხოვრა აბესალომმა იერუსალიმში ისე, რომ არ უხილავს მეფის სახე.
29 . დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან მისაგზავნად, მაგრამ არ ინება მან მისვლა. მეორედაც დაიბარა, არც ამჯერად ინება მისვლა.
30 . უთხრა თავის მსახურებს: "აჰა, ჩემს გვერდითაა იოაბის მიწა; ქერი უთესია; წადით და გადაუწვით”. და გადაწვეს აბესალომის მსახურებმა ქერის ყანა.
31 . ადგა იოაბი, მივიდა აბესალომთან სახლში და ჰკითხა: "რატომ გადამიწვეს ქერი შენმა მსახურებმა?”
32 . უპასუხა აბესალომმა იოაბს: "აჰა, გიბარებდი, რომ მეფესთან მისულიყავი და გეკითხა: რისთვის წამოვედი გეშურიდან? მერჩივნა დავრჩენილიყავი, მინდა მეფის სახე ვიხილო; თუ რაიმეში ბრალი მედება, მაშინ მომკლას”.
33 . როცა მივიდა იოაბი მეფესთან და უამბო, მოიხმო აბესალომი მეფემ. ასე მივიდა მეფესთან აბესალომი და მიწამდე მოიხარა მის წინაშე. და ეამბორა მეფე აბესალომს.
1 . მოახლოვდა დავითის გარდაცვალების დღე. უბრძანა სოლომონს, თავის ძეს და უთხრა:
2 . "მიწის ყოველი მკვიდრის გზით მივდივარ, ამიტომ გაძლიერდი და კაცი იყავი.
3 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ;
4 . რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!
5 . შენ თვითონ იცი, რაც იოაბ ცერუიას ძემ მიყო, როგორ მოექცა ისრაელის ორ მხედართმთავარს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს. მოკლა ისინი და საბრძოლო სისხლი დაღვარა მშვიდობის ჟამს; საბრძოლო სისხლში გაისვარა სარტყელი, რომელიც წელზე ერტყა და ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე ემოსა.
6 . შენი სიბრძნისამებრ მოექეცი, მშვიდობით ნუ ჩაიყვან მის ჭაღარას საფლავში.
7 . გილყადელი ბარზილაის ძეთ სიკეთე უყავ, სუფრასთან გესხდნენ, რადგან თვითონაც ასე მომექცნენ, აბესალომს, შენს ძმას რომ გავურბოდი.
8 . აჰა, შენთანაა შიმყი გერას ძე, ბენიამინელი, ბახურიმიდან, რომელიც მწარედ მწყევლიდა, მახანაიმში რომ მივდიოდი, მაგრამ იორდანესთან ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და ასე შევფიცე უფლის სახელით: არ მოგკლავ-მეთქი მახვილით!
9 . მაგრამ შენ ნუ დატოვებ დაუსჯელს, ვინაიდან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე! სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე საფლავში!”
10 . განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
11 . ორმოც წელს იმეფა დავითმა ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა და ოცდაცამეტ წელიწადს - იერუსალიმში.
12 . დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ფრიად განმტკიცდა მისი მეფობა.
13 . მივიდა ადონია ხაგითის ძე ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან; ჰკითხა ბათ-შებაყმა: "მშვიდობით მოხვედი?” მიუგო: "მშვიდობით”.
14 . თქვა: "სიტყვა მაქვს შენთან”. უთხრა ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
15 . უთხრა: "იცი, რომ ჩემი იყო სამეფო; მთელმა ისრაელმა მე მომაპყრო თვალი, რომ მეფედ დავმჯდარიყავი, მაგრამ შეტრიალდა სამეფო და ჩემს ძმას ერგო, რადგან მისთვის ჰქონდა უფალს მიცემული”.
16 . ახლა ერთი რამ უნდა გთხოვო და უარს ნუ მეტყვი!” მიუგო ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
17 . თქვა ადონიამ: "მიშუამდგომლე მეფე სოლომონთან, შენ უარს არ გეტყვის, აბიშაგ შუნამელი მომცეს ცოლად”.
18 . უპასუხა ბათ-შებაყმა: "კეთილი, გადავცემ შენს თხოვნას მეფეს”.
19 . მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რათა ადონიაზე დალაპარაკებოდა. ადგა მეფე მის შესახვედრად, თაყვანი სცა და კვლავ თავის ტახტზე დაჯდა. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და დაჯდა მის მარჯვნივ.
20 . უთხრა სოლომონს: "ერთ მცირე სათხოვარს ვითხოვ შენგან და უარს ნუ მეტყვი”. მიუგო მეფემ: "მთხოვე, დედაჩემო, არ გეტყვი უარს”.
21 . უთხრა: "ადონიას, შენ ძმას, აბიშაგ შუნამელი მიეცი ცოლად”.
22 . მიუგო მეფე სოლომონმა: "რად ითხოვ აბიშაგ შუნამელს ადონიასთვის? და რადგან ჩემი უფროსი ძმაა იგი ბარემ სამეფოც მთხოვე მისთვის; მასთან არიან აბიათარ მღვდელი და იოაბი, ცერუიას ვაჟი”.
23 . დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი: "ასე და ასე დამმართოს ღმერთმა და უარესიც, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ადონიას ეს სიტყვები!
24 . ახლა, როგორც ჩემი განმამტკიცებელი უფალია ცოცხალი, რომელმაც დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე და შეპირებისამებრ მომცა სამეფო სახლი, ისე დღესვე მოკვდება ადონია”.
25 . გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაჰკრა და მოკლა ადონია.
26 . უთხრა მეფემ აბიათარ მღვდელს: "წადი ყანათოთში, შენი ველებისკენ, სიკვდილს იმსახურებ, მაგრამ არ მოგკლავ, რადგან უფლის, ღმერთის კიდობანს ატარებდი დავითის, მამაჩემის წინაშე და ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა”.
27 . გააძევა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც ყელის სახლეულზე წარმოითქვა შილოში.
28 . მიუვიდა ეს ამბავი იოაბს, რომელიც ადონიასკენ იყო გადახრილი, თუმცა აბესალომს არ მიმხრობია. გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.
29 . შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ, სამსხვერპლოსკენ გაიქცაო იოაბი; გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დაავალა: "წადი და მოკალი”.
30 . მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: "ასე ბრძანა მეფემ: გამოდი!” მიუგო: "არა, აქვე მოვკვდები”. და შეატყობინა ბენაიამ მეფეს ეს სიტყვები: "ასე თქვაო იოაბმა”.
31 . უთხრა მეფემ: "ისე მოექეცი, როგორც თვითონ თქვა, მოკალი და დამარხე, მომბანე უდანაშაულო სისხლი მეც და მამაჩემის სახლსაც, რომელიც იოაბმა დაღვარა.
32 . უფალი მის თავზევე მიაქცევს მის სისხლს, რადგან ორ მართალ და თავისზე უკეთეს კაცს დაეცა და მახვილით დახოცა: აბნერი, ძე ნერისა, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა, იეთერის ძე, იუდას მხედართმთავარი; მამაჩემმა დავითმა კი არა უწყოდა რა.
33 . მიექცეს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლობის თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მისი შთამომავლობის სახლსა და ტახტს კი საუკუნო მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან”.
34 . წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე და განგმირა იოაბი; თავისივე სახლში დაიმარხა იგი, უდაბნოში.
35 . მის ნაცვლად ბენაია იეჰოიადაყის ძე დანიშნა მეფემ ლაშქრის სარდლად, აბიათარის ნაცვლად კი - ცადოკ მღვდელი.
36 . წარგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "აიშენე სახლი იერუსალიმში, იქ იცხოვრე და არ გახვიდე იქიდან,
37 . რადგან როგორც კი გახვალ და გასცდები კედრონის ხევს, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება; შენზევე იქნება შენი სისხლი”.
38 . უპასუხა შიმყიმ მეფეს: "კეთილია ეს სიტყვა; როგორც მიბრძანა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური”. და დიდხანს ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში.
39 . სამი წლის თავზე ორი მსახური გაექცა შიმყის აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის: გათში არიანო შენი მსახურნი.
40 . ადგა შიმყი, შეკაზმა სახედარი და წავიდა გათში აქიშთან, რათა გაქცეული მსახურები მოეძებნა. მივიდა შიმყი და წამოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი.
41 . ეუწყა სოლომონს, შიმყი იერუსალიმიდან გათში წავიდა და დაბრუნდაო.
42 . გაგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "განა უფალი არ დაგაფიცე და არ გაგაფრთხილე, როგორც კი გახვალ ქალაქიდან, მოკვდები-მეთქი? ხომ მიპასუხე, შენი ბრძანებისამებრ მოვიქცევიო.
43 . რატომ დაარღვიე უფლის ფიცი და ჩემი ნაბრძანები?!”
44 . კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: "იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!
45 . მეფე სოლომონი კი კურთხეული იქნება და საუკუნოდ განმტკიცდება დავითის ტახტი უფლის წინაშე”.
46 . უბრძანა ბენაია იეჰოიადაყის ძეს, მანაც დაჰკრა და მოკლა შიმყი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
1 . მეფობდა სოლომონი მთელ ისრაელზე.
2 . აჰა, მთავრები, რომლებიც იყვნენ მასთან: ყაზარია, ძე ცადოკ მღვდლისა;
3 . ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი, მწიგნობარნი; იოშაფატ ახილუდის ძე - მემატიანე;
4 . ბენაია იეჰოიადაყის ძე - მხედართმთავარი; ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
5 . ყაზარია ნათანის ძე - გამგებელთა მთავარი; ზაბუდ ნათანის ძე - მღვდელმთავარი და მეფის მეგობარი.
6 . ახიშარი - სახლთუხუცესი; ადონირამ ყაბდას ძე - ხარკთგანმგებელი;
7 . თორმეტი გამგებელი ჰყავდა სოლომონს მთელ ისრაელში, რომლებიც მეფესა და მის სახლეულს სარჩოთი ამარაგებდნენ; თითოეულს წელიწადში ერთი თვე უნდა მოემარაგებინა სარჩოთი მეფე.
8 . აჰა, მათი სახელები: ბენ ხური - ეფრემის მთაზე;
9 . ბენ დეკერი - მაკაცში, შაყალბიმში, ბეთ-შემეშსა და ყელონ-ბეთ-ჰანანში;
10 . ბენ ხესედი - არუბოთში. მას ეკუთვნოდა სოქო და ხეფერის მთელი მხარე;
11 . ბენ აბინადაბი - დორის მთელ მხარეში. (სოლომონის ასული ტაფათი ჰყავდა ცოლად);
12 . ბაყანა ახილუდის ძე - თაყანაქში, მეგიდოსა და მთელ ბეთ-შეანში, ცართანასთან, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან აბელ მეხოლამდე, იოკმეყამის გაღმა მხარემდე;
13 . ბენ გებერი - გილყადის რამოთში. მასვე ეკუთვნოდა იარის, მენაშეს ძის დასახლებანი, რომელიც გილყადში იყო და არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი ზღუდეებითა და სპილენძის ურდულებით;
14 . ახინადიბი, ყიდოს ძე - მახანაიმში.
15 . ახიმაყაცი - ნაფთალში, (მასაც სოლომონის ასული, ბასემათი ჰყავდა ცოლად);
16 . ბაყანა, ხუშის ძე - აშერსა და ბეყალოთში;
17 . იოშაფატ ფარუახის ძე - ისაქარში;
18 . შიმყი, ელას ძე - ბენიამინში.
19 . შიმყი, ელას ძე - ბენიამინში.
20 . ზღვის ქვიშასავით ურიცხვი იყო იუდა და ისრაელი. ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ.
21 . მეფობდა სოლომონი ყველა სამეფოზე - ევფრატის მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყანამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. ხარკს უხდიდნენ და ემსახურებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.
22 . ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სხვა ფქვილი;
23 . ათი ბაგაზე და ოცი საძოვარზე გამოკვებილი ხარი. ასი ცხვარი, გარდა ირმებისა, ქურციკებისა, შვლებისა და გამოკვებილი ფრინველებისა.
24 . რადგან ის ბატონობდა მდინარის გამოღმა ყველა მიწასა და მეფეზე, თიფსახიდან ღაზამდე; ყოველი მხრიდან მშვიდობა იყო მის ირგვლივ.
25 . მშვიდად ცხოვრობდნენ იუდა და ისრაელი, თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირას, დანიდან ბეერ-შებაყამდე, სოლომონის მთელი მეფობის მანძილზე.
26 . ჰქონდა სოლომონს ორმოცი ათასი ბაგა ეტლის ცხენებისთვის და ჰყავდა თორმეტი ათასი მხედარი.
27 . ამარაგებდნენ ეს გამგებელნი მეფე სოლომონსა და ყველას, ვინც იჯდა მის სუფრასთან, თითოეული მისთვის დადგენილ თვეში; არაფერს აკლებდნენ.
28 . ქერიცა და ჩალაც მოჰქონდათ ცხენებისა და ბედაურებისთვის შესაბამის ადგილზე, თითოეულს თავისი ვალდებულებისამებრ.
29 . და მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი წვდომის უნარი და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება.
30 . ისე გაუმრავლა სიბრძნე სოლომონს, რომ აღმოსავლეთის ძეთა სიბრძნესა და ეგვიპტის მთელ სიბრძნეს აღემატებოდა.
31 . ყველას აღემატებოდა სიბრძნით; ეთან ეზრახელს, ჰემანს, ქალქოლსა და დარდას - მახოლის ძეებზე მეტად ბრძენი იყო; განითქვა მისი სახელი გარშემო ყველა ერში.
32 . სამი ათასი იგავი გამოთქვა და ათას ხუთი საგალობელი.
33 . ლაპარაკობდა ცხოველებზე, ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე, თევზებსა და ხეებზე: ლიბანის კედრიდან - კედელზე მცოცავ უსუპამდე.
34 . ყოველ ხალხთაგან მოდიოდნენ სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და დედამიწის ყოველ მეფეთაგან, ვისაც კი გაგონილი ჰქონდა მისი სიბრძნის ამბავი.
1 . ეგვიპტიდან ისრაელიანთა გამოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე გამეფების მეოთხე წელს, ზივის (მეორე) თვეს, უფლის ტაძრის მშენებლობა დაიწყო სოლომონმა.
2 . ტაძარი, რომელიც მეფე სოლომონმა უფლისთვის ააშენა, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი და სიმაღლით - ოცდაათი წყრთა.
3 . ტაძრის წინა კარიბჭე ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად და ათი წყრთა იყო სივრცე სახლის წინ.
4 . შიგნიდან ფართო სარკმელნი გაუკეთა ტაძარს, რომლებიც გარედან ვიწროვდებოდა.
5 . მიადგა სახლის კედლებს სართულები, ტაძრისა და წმიდაის ირგვლივ კედელი შემოარტყა და მის მთელ სიგრძეზე ოთახები ჩააშენა.
6 . გვერდითა მიშენების ქვედა სართული სიგანით ხუთი წყრთა იყო, შუა - ექვსი და ზედა - შვიდი, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ ტაძრის კედლებს ხარაჩოები არ შეხებოდა.
7 . ტაძარი წინასწარ მოზიდული მთლიანი თლილი ქვებით შენდებოდა; ისე რომ, არც უროს და არც კევრის, არავითარი რკინის იარაღის ხმა არ ისმოდა მშენებლობის დროს.
8 . მიშენების ქვედა სართულის კარი ტაძრის მარჯვენა მხარეს იყო, საიდანაც დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულზე, იქიდან კი - მესამე სართულზე.
9 . ააშენა და დაასრულა ტაძარი და კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა.
10 . მთელ ტაძარს მიუშენა სართულები, თითოეულის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; კედარის ძელებით მიამაგრა სახლს.
11 . გამოეცხადა უფლის სიტყვა სოლომონს:
12 . "აჰა, სახლს აშენებ, მაგრამ თუ ივლი ჩემი წესებისამებრ და აღასრულებ ჩემს დადგენილებებს, დაიცავ ყოველ ჩემს მცნებას და აღასრულებ, მაშინ მეც ავასრულებ ჩემს სიტყვას, რომელიც დავითისთვის, მამაშენისთვის მაქვს ნათქვამი.
13 . დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არ მივატოვებ ჩემს ხალხს - ისრაელს”.
14 . ააშენა ტაძარი სოლომონმა და დაასრულა.
15 . იატაკიდან ჭერამდე კედარის ფიცრები შემოავლო კედლებს ტაძრის შიგნით; ტაძრის იატაკზე კი კვიპაროსის ფიცრები დააგო.
16 . ტაძრის უკანა მხარეს ოცი წყრთის მანძილზე დაბირი მოაწყო წმიდათა წმიდაისთვის და კედარის ფიცრები ააკრა იატაკიდან ჭერამდე.
17 . ტაძრის წინა ნაწილი ორმოცი წყრთა იყო.
18 . სახლის კედარის ფიცრებზე ამოკვეთილი იყო კოკორი და გაფურჩქნული ყვავილები; ყველაფერი კედარისა იყო, ქვა არ ჩანდა.
19 . საწმიდარი ტაძრის შუაგულში, უფლის აღთქმის კიდობნის დასადგმელად გაამზადა.
20 . საწმიდრის შიდა ნაწილი სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ოცი წყრთა იყო; წმიდა ოქროთი მოჭედა იგი; ასევე მოჭედა კედარის სამსხვერპლოც.
21 . შიგნიდან სუფთა ოქროთი მოჭედა სოლომონმა ტაძარი; საწმიდრის წინ ოქროს ჯაჭვები გააბა და ოქროთი მოჭედა.
22 . ოქროთი მოჭედა ტაძარი, მთელი შენობა და საწმიდრის კუთვნილი სამსხვერპლო.
23 . ორი ქერუბი გააკეთა საწმიდარში ზეთისხილის ხისგან, თითო ათი წყრთა იყო.
24 . ხუთი წყრთა იყო ქერუბის ერთი ფრთა და ხუთიც - მეორე; ათი წყრთა იყო ფრთების ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე.
25 . მეორე ქერუბიც ათი წყრთა იყო; ერთი ზომისა და ერთი სახის იყო ორივე ქერუბი.
26 . სიმაღლე ერთი ქერუბისა ათი წყრთა იყო და ასეთივე იყო მეორე ქერუბიც.
27 . შიდა დარბაზის შუაში დადგა ქერუბები. ფრთები ისე ჰქონდათ გაშლილი ქერუბებს, რომ ერთი ქერუბის ფრთა ერთ კედელს ეხებოდა და მეორესი - მეორე კედელს; შუა ოთახში ერთმანეთს ეხებოდნენ მათი ფრთები.
28 . ოქროთი შემოჭედა ქერუბნი.
29 . ტაძრის ყველა კედელზე, ირგვლივ, ქერუბთა გამოსახულებები, პალმები და გაშლილი ყვავილები იყო გამოკვეთილი, შიგნით და გარეთ.
30 . ტაძრის იატაკი შიგნით და გარეთ ოქროთი მოჭედა.
31 . საწმიდრის შესასვლელში ზეთისხილის ხის კარი ჩააყენა, წირთხლის ხუთწახნაგოვანი ჩარჩოთი.
32 . ზეთისხილის ხის ორ კარზე გამოკვეთა ქერუბები, პალმები და გაშლილი ყვავილები; შემოჭედა და ოქროთი დაფარა ქერუბები და პალმები.
33 . ტაძრის შესასვლელ კარს ზეთისხილის ხის ოთხწახნაგოვანი წირთხლი გაუკეთა.
34 . და კვიპაროსის ხის ორი კარი; ერთი კარის ორივე ფრთა, ისე მეორე კარის ორივე ფრთა ანჯამებზე მოძრაობდა.
35 . ქერუბნი, პალმები, გაშლილი ყვავილები გამოკვეთა მათზე და ოქროთი მოჭედა ჩუქურთმა.
36 . შიდა ეზო თლილი ქვის სამი მწკრივისა და კედარის ძელების მწკრივისგან მოაწყო.
37 . მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაუყარა საძირკველი უფლის ტაძარს;
38 . და მეთერთმეტე წელს, ბულის (მერვე) თვეში დაასრულა ტაძრისა და მთელი მისი მოწყობილობის შენება, წინასწარი გეგმის მიხედვით; შვიდ წელს აშენებდა მას.
1 . ცამეტი წლის განმავლობაში აშენებდა სოლომონი თავის სახლს და მთლიანად დაასრულა იგი.
2 . ლიბანის ტყიდან მოტანილი ხისგან ააშენა სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით - ორმოცდაათი და სიმაღლით - ოცდაათი; ოთხ წყება კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე.
3 . კედარით იყო გადახურული დარბაზი, ორმოცდახუთ სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი იდგა თითო რიგში.
4 . სამ რიგად იყო სარკმლის ჩარჩოები და სამ წყებად იყო სარკმელები, ერთმანეთის პირდაპირ.
5 . ყველა კარსა და წირთხლს ოთხი კუთხე ჰქონდა, სარკმელები კი ერთმანეთის პირდაპირ იყო სამ მწკრივად.
6 . სვეტებიანი დარბაზი გააკეთა; სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში - ოცდაათი, მის წინ სხვა დარბაზი იყო სვეტებით და ზღურბლი მათ წინ.
7 . სატახტო დარბაზი გააკეთა, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა; სამსჯავრო დარბაზის მთელი იატაკი და ჭერი კედარით დაფარა.
8 . მეორე ეზო ჰქონდა სახლს, დარბაზის უკან, სადაც სოლომონი ცხოვრობდა და ასევე იყო აგებული საცხოვრებელი სახლი ფარაონის ასულისთვის, რომელიც ცოლად მოიყვანა სოლომონმა.
9 . ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, დახერხილი ძვირფასი ქვებისგან გაკეთდა, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, საძირკვლიდან თხემამდე და მთელი ნაგებობა დიდ ეზომდე.
10 . საძირკვლად ძვირფaსი ქვები ედო, დიდი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ქვები;
11 . ხოლო ზემოთ ზომაზე გამოთლილი ძვირფასი ქვები და კედარი;
12 . დიდი ეზო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვითა და ერთი წყება კედარის ძელით იყო შემოზღუდული; ასევე იყო მოპირკეთებული უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზიც.
13 . კაცი გაგზავნა მეფე სოლომონმა და მოაყვანინა ცორიდან ხირამი.
14 . ნაფთალის ტომელი ქვრივი ქალის ძე იყო, მამამისი კი ცორელი იყო - სპილენძის ოსტატი. სიბრძნით, გონებითა და ცოდნით იყო აღვსილი ხირამი, სპილენძის ყველა ნაკეთობის საკეთებლად. მივიდა მეფე სოლომონთან და ყველა სამუშაო შეუსრულა.
15 . სპილენძის ორი სვეტი გამოსახა: თითო სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო და თორმეტი წყრთის ზონარი სწვდებოდა გარშემო ორივე სვეტს ცალ-ცალკე.
16 . ორი სპილენძის გვირგვინი გამოსახა სვეტების თავზე დასადგმელად; ერთი გვირგვინის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო და მეორე გვირგვინისაც.
17 . სვეტის თავზე დასადგმელ გვირგვინებს დაწნული ბადეები და ძეწკვისებური ჯინჯილები გაუკეთა: შვიდი - ერთ გვირგვინს და შვიდი მეორეს.
18 . გააკეთა სვეტები და ირგვლივ ბადეები შემოავლო, რათა თითოეულ თხემზე არსებული გვირგვინი ორ რიგად შემოვლებული ბროწეულებით დაეფარა.
19 . დარბაზის სვეტების გვირგვინებს შროშანის ფორმა ჰქონდა და ოთხი წყრთის სიმაღლის იყო.
20 . ორ სვეტზე შედგმულ გვირგვინებს ორასი ბროწეული ჰქონდა ორ რიგად შემოვლებული, ზემოთ, მომრგვალებულ ზედაპირზე, რომელიც ბადის მხარეს იყო.
21 . სვეტები აღმართა ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი, აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.
22 . სვეტის თავებზე შროშანები გამოსახა და დასრულდა სვეტების სამუშაო.
23 . ჩამოასხა სპილენძის ზღვა, ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ათი წყრთა იყო, სრულიად მრგვალი, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ზონარი სწვდებოდა ირგვლივ.
24 . ირგვლივ, კიდის ქვემოთ, კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ რიგად ევლებოდა ზღვას. კიტრები, ზღვასთან ერთად იყო ჩამოსხმული.
25 . თორმეტ ხარზე იყო შედგმული: სამი ჩრდილოეთს უმზერდა, სამი - დასავლეთს, სამი - სამხრეთს და სამიც - აღმოსავლეთს; ზღვა ზედ ედგათ და მთელი უკანა მხარე შიგნით ჰქონდათ მიქცეული.
26 . სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა - მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და აყვავებულ შროშანს ჰგავდა. ორი ათას ბათს იტევდა.
27 . გააკეთა სპილენძის ათი კვარცხლბეკი: თითოეული კვარცხლბეკის სიგრძე ოთხი წყრთა იყო, სიგანე ოთხი წყრთა, სიმაღლე სამი წყრთა.
28 . ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი: დაფები ჰქონდათ, ჩარჩოში ჩასმული.
29 . ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე: ლომები, ხარები და ქერუბები იყო გამოსახული; ასევე ჩარჩოებზე ლომებსა და ხარებს ზემოთ და ქვემოთ - დაშვებული ყვავილწნულები.
30 . სპილენძის ოთხ-ოთხი ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს, მის ოთხივე კუთხეზე იყო შვერილები. საბანელის ქვეშაც შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე - ყვავილწნულები.
31 . მისი ღიობი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთი წყრთა იყო; ღიობი მრგვალი იყო, როგორც კვარცხლბეკი - წყრთანახევარი. ჩუქურთმები იყო ღიობზე. ოთხკუთხედი იყო მისი კედლები, არა მრგვალი.
32 . ოთხი ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე ერთ-ნახევარი წყრთა.
33 . ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებული; მათი ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო.
34 . ოთხი შვერილი ჰქონდა თითოეული კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს, კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული.
35 . კვარცხლბეკს თავზე ნახევარი წყრთის სიმაღლის მრგვალი სადგამი ჰქონდა. კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო.
36 . ამოკვეთა სახელურების დაფებზე და კედლებზე ქერუბები, ლომები და პალმები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ ყვავილწნულები.
37 . ასეთი სახის ათი კვარცხლბეკი გააკეთა: ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდა, ერთი სახე.
38 . გააკეთა სპილენძის ათი საბანელი: ორმოც ბათს იტევდა თითოეული საბანელი, ოთხი წყრთა იყო თითოეული მათგანი; იმ ათი საბანელიდან თითოეული ერთ კვარცხლბეკზე იდგა.
39 . ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა მხარეს დადგა, ხუთი სახლის მარცხენა მხარეს, ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
40 . გააკეთა ხირამმა საბანელნი, აქანდაზები და სასხურებლები. და დაასრულა ხირამმა ყველა სამუშაო, რომელიც სოლომონს ჰქონდა დავალებული უფლის სახლისთვის.
41 . ორი სვეტი და სვეტების თავზე შემდგარი ორი ფიალის ფორმის გვირგვინი, ორი ბადე სვეტებზე შედგმული ფიალის ფორმის გვირგვინთა დასაფარად;
42 . ოთხასი ბროწეული ორი ბადისთვის: ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ბადეს სვეტებზე შედგმული გვირგვინების ორი ფიალის დასაფარად;
43 . ათი კვარცხლბეკი და ათ კვარცხლბეკზე შემდგარი ათი საბანელი;
44 . ერთი ზღვა და თორმეტი ხარი ზღვის ქვეშ;
45 . ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები. ყველა ეს ჭურჭელი, რომლებიც მეფე სოლომონის დავალებით გააკეთა უფლის სახლისთვის ხირამმა, გაპრიალებული სპილენძისა იყო.
46 . იორდანეს მხარეში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცართანს შორის.
47 . არ აუწონია ჭურჭელი სოლომონს, რადგან ფრიად მრავალი იყო. დიდი სიმრავლის გამო ვერ გაირკვა სპილენძის წონა.
48 . გააკეთა სოლომონმა უფლის სახლისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭელი: ოქროს სამსხვერპლო და ოქროს ტაბლა, რომელზეც საწინაშეო პური ეწყო;
49 . სუფთა ოქროს სასანთლეები: ხუთი მარჯვენა მხარეს და ხუთი მარცხენა მხარეს, შიდა საწმიდრის წინ, ყვავილებით, ლამპრებით და ოქროს მაშებით.
50 . სუფთა ოქროს ფიალები, საკვეთები, სასხურებლები, კოვზები და საცეცხლურები; და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლის კარისა და წმიდათა-წმიდის კარისთვის, ასევე ტაძარში შესასვლელი კარისთვის.
51 . და დასრულდა ყოველი სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა მეფე სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა დავითის, მამამისის მიერ მიძღვნილი ვერცხლი და ოქრო, ასევე ჭურჭელი და ერთად დადო უფლის ტაძრის საგანძურთან.
1 . ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
2 . უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.
3 . უთხრა ელისემ: "წადი და მთელი შენი სამეზობლოდან ითხოვე ჭურჭელი; ყველა მეზობლისგან წამოიღე, რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი ინათხოვრე.
4 . მერე შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა; ჩაასხი ზეთი ყოველ ამ ჭურჭელში და სავსეები განზე გადგი”.
5 . წავიდა და შეიკეტა კარი თავის ძეებთან ერთად. აწვდიდნენ მას ჭურჭელს, ის კი ზეთს ასხამდა.
6 . როცა ყველა ჭურჭელი აივსო, უთხრა თავის ძეს: "კიდევ მომიტანე ჭურჭელი”. უპასუხა: "აღარაა მეტი ჭურჭელი” და ზეთიც შეწყდა.
7 . მივიდა ქალი და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: "წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე შენი ვალი; დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა ძეებმა”.
8 . ერთ დღეს შუნამში მივიდა ელისე; იყო იქ ერთი დიდგვაროვანი ქალი; დაჟინებით მიიწვია პურის საჭმელად; გავლისას ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე მასთან პურის საჭმელად.
9 . უთხრა ქალმა თავის ქმარს: "აჰა, ვიცი, რომ წმიდაა ის ღვთისკაცი, რომელიც ჩვენთან დადის მუდამ.
10 . მოვუწყოთ პატარა ოთახი ზედა სართულზე, დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი, სასანთლე და როცა ჩვენთან შემოივლის, იქ გაჩერდეს”.
11 . ერთ დღესაც მივიდა ელისე, ავიდა ზედა ოთახში და დაწვა.
12 . უთხრა ელისემ გეხაზს, თავის მსახურს: "მოუხმე იმ შუნამელ ქალს”. მოუხმო და დადგა ქალი მის წინაშე.
13 . უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
14 . ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.
15 . უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.
16 . უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.
17 . დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.
18 . გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.
19 . შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.
20 . წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.
21 . ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა.
22 . მოიხმო ქმარი და უთხრა: "გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”.
23 . ჰკითხა ქმარმა: "რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: "მშვიდად იყავი!”
24 . შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: "წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”.
25 . წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: "აგერ, ის შუნამელი ქალი.
26 . ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: "მშვიდობით”.
27 . როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: "დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
28 . უთხრა ქალმა: "განა მე ვითხოვე შვილი ჩემი ბატონისგან? აკი ვთქვი, ამაოდ ნუ დამპირდები-მეთქი”.
29 . უთხრა გეხაზს: "შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
30 . უთხრა ბიჭუნას დედამ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ადგა ელისე და წაჰყვა.
31 . მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.
32 . შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.
33 . შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
34 . ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
35 . გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.
36 . უთხრა ელისემ გეხაზს: "მოუხმე იმ შუნამელს”. მანაც მოუხმო. მივიდა ქალი და უთხრა ელისემ: "წაიყვანე შენი ძე”.
37 . მის ფერხთით დაემხო ქალი, მდაბლად მოიდრიკა, მერე აიყვანა თავისი ძე და ოთახიდან გავიდა.
38 . ელისე გილგალში დაბრუნდა. შიმშილი იყო იმ მიწაზე; მის წინაშე ისხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. უთხრა თავის მსახურს: "დიდი ქვაბი შემოდგი ცეცხლზე და შეჭამანდი მოხარშე წინასწარმეტყველთა ძეთათვის”.
39 . ერთი მათგანი ველზე გავიდა მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური მცენარე, მოკრიფა მისი ველური ნაყოფი, აივსო სამოსელი, მივიდა და წვრილად ჩააჭრა შეჭამანდის ქვაბში _ მათ კი არ იცოდნენ რა იყო.
40 . დაუსხეს კაცებს საჭმელად და შეჭამანდს რომ შეექცეოდნენ, შეჰყვირეს: "სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეძლეს ჭამა.
41 . თქვა ელისემ: "მოიტანეთ ფქვილი”. ჩაყარა ქვაბში და თქვა: "დაუსხი ხალხს, რათა ჭამონ”. საზიანო აღარაფერი დარჩა ქვაბში.
42 . კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.
43 . ჰკითხა მსახურმა: "განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.
44 . მისცა, ჭამეს და კიდეც დარჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
1 . ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი.
2 . სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.
3 . უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.
4 . მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: "ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”.
5 . თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.
6 . მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”.
7 . წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!”
8 . გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.
9 . მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა.
10 . მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: "წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”.
11 . განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი.
12 . განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.
13 . მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.
14 . ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.
15 . დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.
16 . ელისემ უპასუხა: "ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არაფერს ავიღებ”. აძალებდა აღებას, მაგრამ უარი უთხრა.
17 . თქვა ნაყამანმა: "თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.
18 . ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს”.
19 . უთხრა ელისემ: "მშვიდობით წადი”. წავიდა და მცირე მანძილზე გასცდა მას.
20 . იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: "აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”.
21 . დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: "ხომ მშვიდობაა?”
22 . მიუგო: "ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”.
23 . თქვა ნაყამანმა: "ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს.
24 . მაღლობთან რომ მივიდნენ, გამოართვა ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაუშვა კაცები და ისინიც წავიდნენ.
25 . წავიდა გეხაზი, წარსდგა თავისი ბატონის წინაშე; უთხრა ელისემ: "საიდან მოდიხარ, გეხაზ?” უპასუხა: "არსად წასულა შენი მსახური”.
26 . თქვა ელისემ: "განა ჩემი გული არ მოგყვებოდა, როცა ის კაცი შენთან შესახვედრად ჩამოვიდა თავისი ეტლიდან? ახლა იმის დროა, რომ ფულსა და ტანისამოსს, ზეთისხილის ხეებს, ვენახებს, ცხვრებს, ხარებს, ყმებსა და მხევლებს იხვეჭდე?
27 . დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.
1 . ფეკახ რემალიაჰუს ძის მეფობის მეჩვიდმეტე წელს იუდაზე ახაზ იოთამის ძე გამეფდა.
2 . ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში; არ იქცეოდა მამამის დავითივით სწორად უფლის, თავისი ღმერთის თვალში.
3 . ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა. თავისი ძეც კი გაატარა ცეცხლში, იმ წარმართთა საზიზღარი წესისამებრ, რომლებიც განდევნა ისრაელის ძეთაგან უფალმა.
4 . სწირავდა და აკმევდა მაღლობებზე, მწვერვალებსა და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ.
5 . მაშინ გამოვიდნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად: ალყაში მოაქციეს ახაზი, მაგრამ ვერ დაძლიეს იგი.
6 . დაუბრუნა რეცინმა, არამელთა მეფემ, ეილათი არამს და განდევნა იქიდან ებრაელნი; მოვიდნენ ეილათს ედომელნი და დღემდე იქ მკვიდრობენ.
7 . მოციქულები გაუგზავნა ახაზმა თიგლათფილესერს, აშურის მეფეს ამ სიტყვებით: "შენი მსახური და შენი ძე ვარ; მოდი და მიხსენი არამისა და ისრაელის მეფეთაგან, რომლებიც ამხედრდნენ ჩემს წინააღმდეგ”.
8 . აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რომელიც უფლის ტაძარსა და მეფის სასახლის საგანძურში ინახებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს.
9 . ისმინა მისი აშურის მეფემ, გავიდა დამასკოს წინააღმდეგ. დაიპყრო იგი და კირაში გადაასახლა მისი მცხოვრებნი, რეცინი კი მოკლა.
10 . დამასკოს წავიდა მეფე ახაზი თიგლათფილესერის, აშურის მეფის სანახავად. იხილა სამსხვერპლო, რომელიც დამასკოში იყო. გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაკეთობის გეგმა.
11 . მეფე ახაზის მიერ დამასკოდან გამოგზავნილი გეგმის მიხედვით ააგო ურია მღვდელმა სამსხვერპლო, მეფე ახაზის დაბრუნებამდე.
12 . როცა მეფე დამასკოდან დაბრუნდა, ნახა სამსხვერპლო, მიეახლა და აღავლინა მასზე.
13 . აღავლინა მან სრულადდასაწველი და პურეული ძღვენი, გადმოღვარა თავისი საღვრელი და აპკურა სამსხვერპლოზე თავისი სამშვიდობო შესაწირის სისხლი.
14 . ხოლო სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც უფლის წინაშე იყო, გადასწია ტაძრის წინა მხრიდან, ახალ სამსხვერპლოსა და უფლის ტაძრის შუა ადგილიდან და თავისი სამსხვერპლოს ჩრდილოეთით მოათავსა.
15 . უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: "დიდ სამსხვერპლოზე აკმიე დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეული შესაწირი; მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეული ძღვენი, ქვეყნის მთელი ხალხის სრულადდასაწველი და მისი პურეული ძღვენი, მათი სასმლის საღვრელები და მასზევე აპკურე სრულადდასაწველებისა და მსხვერპლების მთელი სისხლი; სპილენძის სამსხვერპლოს კი მე მივხედავ”.
16 . ყოველივე აღასრულა ურია მღვდელმა, რაც ბრძანა მეფე ახაზმა.
17 . გვერდები მოახლიჩა მეფე ახაზმა კვარცხლბეკებს და მოხსნა საბანელი; მოხსნა სპილენძის ზღვა ხარებს, რომლებიც მის ქვეშ იყვნენ, და ქვის ფილებზე მოათავსა იგი.
18 . გააუქმა აშურის მეფის გამო შაბათის ტალავერიანი შესასვლელი, რომელიც ტაძართან ააშენეს და დაანგრია ტაძრის სამეფო შესასვლელი.
19 . ახაზის დანარჩენი საქმენი, რომელიც აღასრულა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
20 . განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიკრძალა მათთან დავითის ქალაქში; მის ნაცვლად ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.
1 . ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი; პირმშო იყო იგი, მაგრამ შებილწა თავისი მამის სარეცელი და მისი პირმშოობა ისრაელის ძის, იოსების ძეთ გადაეცა, ამიტომ პირმშოდ ვეღარ ჩაიწერებოდნენ.
2 . გაძლიერდა იუდა თავის ძმათა შორის და წინამძღვარიც მისგან იყო; პირმშოობა კი იოსებმა მიიღო.
3 . რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოხი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
4 . იოელის ძენი: შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი,
5 . მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი,
6 . მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი.
7 . მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და მისი საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: მთავარი იეყიელი, ზაქარია,
8 . და ბელაყი, ყაზაზის ძე, შემაყის ძე, იოელის ძე. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.
9 . აღმოსავლეთით დასახლდა, მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან გაუმრავლდათ საქონელი გილყადის ქვეყანაში.
10 . ეომებოდნენ აგარელებს საულის დღეებში და დაეცნენ კიდეც მათი ხელით. და დაისაკუთრეს მათი კარვები, გილყადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
11 . გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში - სალქამდე:
12 . მთავარი იოელი, მეორე შაფამი, შემდეგ იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.
13 . მათი ძმები, თავ-თავისი მამების სახლეულებით: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაქყანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა.
14 . ესენი არიან ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახაის ძისა, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა და ბუზის ძისა;
15 . ახი, ყაბდიელის ძე, გუნის ძე, მათი მამისსახლის თავკაცი.
16 . ცხოვრობდნენ გილყადში, ბაშანსა და მის ქალაქებში, ასევე შარონის მთელ საძოვრებზე, მთელ მის საზღვრებში.
17 . ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამისა და ისრაელის მეფის, იერობყამის დღეებში.
18 . რეუბენის ძენი, გადელები და მენაშეს ნახევარი ტომი მამაცი კაცები იყვნენ, ფარ-შუბის ამღებნი, მშვილდოსანნი, ომებში დახელოვნებულნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცი გადიოდა საომრად.
19 . ეომებოდნენ აგარელებს, იეტურს, ნაფიშს და ნოდაბს.
20 . მიეხმარნენ ბრძოლაში და ხელში ჩაუვარდათ აგარელები და ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ეს იმიტომ, რომ ბრძოლაში ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა, რაკი მიენდნენ მას.
21 . წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათი ათასი ცხვარი, ორი ათასი სახედარი და ასი ათასი ტყვე,
22 . მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღმერთისგან იყო ეს ომი. და დასახლდნენ ისინი მათ ადგილზე, სანამ გადაასახლებდნენ ტყვეობაში.
23 . მენაშეს ძეთა ნახევარი ტომიც დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, ბაშანიდან მოყოლებული ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
24 . ესენი იყვნენ მათი მამისსახლთა თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები.
25 . უღალატეს თავისი მამების ღმერთს და იმრუშეს იმ ქვეყნის ხალხთა ღმერთების კვალობაზე, ღმერთმა რომ მოსპო მათგან.
26 . მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გადაასახლა რეუბენიანნი, გადელნი და მენაშეს ნახევარი ტომი და მიიყვანა ისინი ხელახში, ხაბორსა და ჰარაში, მდინარე გოზანთან, ამ დღემდე.
27 . ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
28 . კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
29 . ყამრამის ძენი: აჰარონი, მოსე და მირიამი; აჰარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
30 . ელეაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი.
31 . აბიშუაყმა შვა ბუკი და ბუკიმ შვა ყუზი,
32 . ყუზიმ შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი,
33 . მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი,
34 . ახიტუბმა შვა ცადოკი და ცადოკმა შვა ახიმაყაცი,
35 . ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი,
36 . იოხანანმა შვა ყაზარია, - ეს იმ ტაძრის მღვდელი იყო, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში.
37 . ყაზარიამ შვა ამარია და ამარიამ შვა ახიტუბი,
38 . ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
39 . შალუმმა შვა ხილკია და ხილკიამ შვა ყაზარია,
40 . ყაზარიამ შვა სერაია და სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
41 . გადასახლებულ იქნა იეჰოცადაკი, როცა უფალმა ტყვედ წაასხა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით.
1 . აჰა, ესენი მივიდნენ დავითთან ციკლაგში, როცა ის ჯერ კიდევ ემალებოდა საულ კიშის ძეს. ძლევამოსილი ვაჟკაცები იყვნენ და ბრძოლაში ეხმარებოდნენ დავითს.
2 . მშვილდითა და შურდულით შეიარაღებულნი, ორივე ხელით ქვისა და ისრის მტყორცნელნი, საულის მოძმენი, ბენიამინისგან.
3 . მეთაურობდნენ ახიყეზირი და იოაში, გიბყათელი შემაყას ძენი; იეზიელი და ფელეტი, ყაზმავეთის ძენი; ბერაქა და იეჰუ ყანათოთელი,
4 . იშმაყია გაბაონელი, ძლევამოსილი ოცდაათთაგანი და ოცდაათის მეთაური. იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი იოზაბადი;
5 . ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ და ხარუფელი შეფატია;
6 . ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი იოყეზერი და იაშაბყამი - კორახიანები;
7 . იოყელა და ზებადია, გედორელი იეროხამის ძენი.
8 . გადელთაგან, ფარებითა და შუბებით შეიარაღებული ბრძოლისთვის გაწვრთნილი ვაჟკაცი მეომრები გადავიდნენ დავითის მხარეს უდაბნოს სიმაგრეში. სახეებით ლომის მსგავსნი და მთის ქურციკივით სწრაფნი.
9 . ყეზერი - მეთაური, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი;
10 . მეოთხე - მიშმანა, მეხუთე - იერემია.
11 . მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი.
12 . მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი.
13 . მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი.
14 . ესენი გადის ძეთაგან იყვნენ, ლაშქრის მეთაურნი; ყველაზე სუსტი ასს გაუტოლდებოდა, ყველაზე ძლიერი კი - ათასს.
15 . სწორედ მათ გადალახეს იორდანე პირველ თვეში, როდესაც ნაპირებიდან გადმოდის მდინარე და გააქციეს იქაური მკვიდრნი, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით.
16 . და მივიდნენ სიმაგრეში დავითთან ბენიამინისა და იუდას ძენი.
17 . გამოვიდა დავითი მათთან შესახვედრად და უთხრა: „თუ მშვიდობით მოხვედით ჩემთან, მზად ვარ გავერთიანდეთ, მაგრამ თუ საღალატოდ მოხვედით, აჰა სუფთაა ჩემი ხელები, დაე, ჩვენი მამების ღმერთმა დაინახოს ეს და განსაჯოს”.
18 . მაშინ სულმა მოიცვა ყამასა, ოცდაათმეთაური და თქვა: „შენი ვართ დავით და შენს მხარეს ვართ, იესეს ძეო! მშვიდობა, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, ვინაიდან ღმერთია შენი შემწე!” მიიღო ისინი დავითმა და ლაშქრის მეთაურებად დააყენა.
19 . მენაშესგანაც გადავიდნენ დავითისკენ, როცა ფილისტიმელებთან ერთად მოვიდა საულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა არ დახმარებიან მათ, რადგან თათბირის შემდეგ, უკან მიაბრუნეს იგი ფილისტიმელმა დიდებულებმა ამ სიტყვებით: „თავისი ბატონის, საულის მხარეზე გადავა ჩვენდა საზიანოდ”.
20 . როცა ციკლაგში დაბრუნდა, მენაშეს ტომიდანაც შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილათი - მენაშეს ტომის ათასისთავნი.
21 . ისინი შველოდნენ დავითს ყამალეკელთა ურდოების წინააღმდეგ, რადგან ყველა გმირი, მამაცი და ჯარის სარდალი იყო.
22 . დღითი დღე ემატებოდნენ დავითს და ეხმარებოდნენ, ვიდრე ღვთის დიადი ლაშქარივით არ გაიზარდა მისი ჯარი.
23 . ეს არის რიცხვი საომრად აღკაზმული მეთაურებისა, რომლებიც ხებრონში მივიდნენ დავითთან, რათა უფლის სიტყვისამებრ მისთვის გადაეცათ საულის სამეფო:
24 . იუდას ძენი, ფარ-შუბის მატარებელნი, ექვსიათას რვაასნი, საბრძოლველად იყვნენ გამზადებულნი.
25 . სიმონის ძენი, ვაჟკაცი მეომარნი - შვიდიათას ასი;
26 . ლევის ძეთაგან - ოთხიათას ექვსასი.
27 . იეჰოიადაყი აჰარონის სახლს წინამძღოლობდა და თან სამი ათას შვიდასი მებრძოლი ახლდა;
28 . ვაჟკაც ყმაწვილს, ცადოკს და მამამისის სახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
29 . ბენიამინის ძენი, საულის ძმათაგან, სამი ათასი იყვნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ საულის სახლს ემხრობოდა.
30 . ეფრემის ძეთაგან - ოციათას რვაასი მამაცი მებრძოლი, სახელგანთქმული კაცები იყვნენ თავ-თავის მამის სახლებში.
31 . მენაშეს ნახევარტომიდან - თვრამეტი ათასი მებრძოლი, რომლებიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ;
32 . ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც დრო-ჟამთა განსაზღვრა შეეძლოთ და უწყოდნენ, თუ რა უნდა ექნა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით მოქმედებდა.
33 . ზებულონის ტომიდან გამოვიდა და საომრად იყო დარაზმული ყოველგვარი საბრძოლო იარაღით შეიარაღებული ორმოცდაათი ათასი მებრძოლი, რათა ერთსულოვნად დახმარებოდნენ დავითს.
34 . ნაფთალის ტომიდან - ათასი მთავარი, რომელთაც თან ფარ-შუბით შეიარაღებული ოცდაჩვიდმეტი ათასი მოლაშქრე ახლდათ.
35 . დანის ტომელთაგან, საომრად იყვნენ დარაზმულნი - ოცდარვაათას ექვსასნი.
36 . აშერის ტომიდან საომრად დარაზმული ორმოცი ათასი გამოვიდა.
37 . იორდანეს გაღმა რეუბენიანთაგან, გადელთა და მენაშეს ნახევარტომისგან, ყოველგვარი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი - ასოცი ათასი მებრძოლი.
38 . ყველანი გამოცდილი მებრძოლნი იყვნენ, საომრად დარაზმულნი; მთელი გულით მოვიდნენ ხებრონს, დავითის გასამეფებლად ისრაელზე. დანარჩენი ისრაელიც ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად.
39 . იყვნენ იქ დავითთან სამი დღე, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან ყველაფერს ამზადებდნენ მათთვის მათი ძმები.
40 . მათთან ახლომყოფ ისაქარის, ზებულონის და ნაფთალის ტომებიდანაც მოჰქონდათ პური და საჭმელი სახედრებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით: საუკეთესო ფქვილისგან გამომცხვარი ლეღვის ნამცხვრები და ჩამიჩის ნამცხვრები, ღვინო და ზეთი, ცხვრები და ხარები, რადგან სიხარული იყო ისრაელში.
1 . შეიტანეს ღვთის კიდობანი და დადგეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის გაშალა დავითმა; და შესწირეს ღმერთს სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები.
2 . დაასრულა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლების აღვლენა და აკურთხა ხალხი უფლის სახელით.
3 . გაუნაწილა მთელ ისრაელს, კაცსა და ქალს, თითო პური, ხორცის ნაჭერი და გამომშრალი ყურძნის ნამცხვარი.
4 . ლევიანთაგან ზოგი უფლის კიდობნის მსახურად დაადგინა, რათა მის საქმეებზე ელაპარაკათ, ექოთ და სამადლობელი აღევლინათ უფლის, ისრაელის ღმერთისადმი:
5 . ასაფი მათი მეთაური იყო და მეორე მის შემდგომ - ზაქარია; შემდეგ იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითიაჰუ, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იეყიელი, ბობღნებზე და ქნარებზე უკრავდნენ, ასაფი კი ხმამაღალ წინწილებზე უკრავდა.
6 . ბენაიაჰუ და იახაზიელ მღვდლები გამუდმებით ბუკებს აყვირებდნენ ღვთის აღთქმის კიდობნის წინ;
7 . იმავე დღეს, დავითმა უპირველესად სამადლობელი აღავლენინა ღვთისათვის ასაფსა და მის ძმებს:
8 . „მადლობა შესწირეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისი.
9 . უმღერეთ და უგალობეთ მას, ილაპარაკეთ მის ყოველ სასწაულზე.
10 . დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, დაე, იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა.
11 . ეძიეთ უფალი და ძალა მისი, მუდმივად ეძიებდეთ მის სახეს.
12 . გახსოვდეთ მისი ჩადენილი სასწაულები, მისი საოცრებანი და მისი ბაგის სამართალი.
13 . ო, თესლო ისრაელისავ, უფლის მსახურნო! ო, ძენო იაკობისა, უფლის რჩეულნო!
14 . ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელს დედამიწაზეა სამართალი მისი,
15 . გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!
16 . აღთქმა, რომელიც აბრაჰამს დაუდო, და ფიცი თვისი - ისაკს.
17 . დაუდგინა იგი იაკობს კანონად, ხოლო ისრაელს - საუკუნო აღთქმად,
18 . უთხრა: შენთვის მომიცია ქანაანის ქვეყანა, როგორც წილი შენი მემკვიდრეობისა!
19 . როცა ცოტანი იყვნენ ისინი, ძალიან მცირერიცხოვანნი და ხიზნობდნენ მასში.
20 . ხეტიალობდნენ ისინი ერთი ერიდან მეორეში და ერთი სამეფოდან - მეორეში.
21 . არავის მისცა მათი დაჩაგვრის უფლება; და ასე გააფრთხილა მეფენი:
22 . ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველთ!
23 . მთელი დედამიწა უგალობდეს უფალს, მისი ხსნის სიკეთე გამოაცხადეთ ყოველ დღე.
24 . ერთა შორის გააცხადეთ მისი დიდება, ყველა ხალხში - მისი სასწაულები.
25 . რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი; ყველა ღმერთზე შიშისმომგვრელია იგი,
26 . რადგან სხვა ხალხთა ღმერთები - კერპებია; უფალმა კი ცანი დააფუძნა.
27 . პატივი და დიდებაა მის წინაშე; ძალა და სიხარულია მის სამყოფელში.
28 . მიაგეთ უფალს, ხალხთა ტომებო, მიაგეთ უფალს დიდება და ძალა.
29 . მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.
30 . თრთოდე მის წინაშე, მთელო დედამიწავ, აჰა, მტკიცედაა დაფუძნებული სამყარო და არ შეირყევა!
31 . გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ; დაე, ერებს შორის გამოაცხადონ - უფალი მეფობს!
32 . დაე, გრგვინავდეს ზღვა და მთელი სავსება მისი; ამაღლდნენ ველები და ყოველივე, რაც მათზეა.
33 . მაშინ სიხარულით ამღერდებიან ხეები ტყეში, უფლის წინაშე. რადგან მოდის იგი დედამიწის განსასჯელად.
34 . უმადლოდეთ უფალს, რადგან კეთილია იგი; რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
35 . თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო! შემოგვკრიბე ჩვენ და გვიხსენი სხვა ერებისგან, რათა ვუმადლოდეთ შენს წმიდა სახელს და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენს საქებრად!
36 . კურთხეულ იყოს ისრაელის ღმერთი უკუნითი უკუნისამდე!” და თქვა მთელმა ხალხმა - „ამინ!” და აქებდნენ უფალს.
37 . და დატოვა იქ, უფლის აღთქმის კიდობანთან, ასაფი და მისი ძმანი, რათა მუდმივად, ყოველდღიური საჭიროებისამებრ ემსახურათ კიდობნის წინ;
38 . ყობედ-ედომი და მისი ძმანი - სამოცდარვა კაცი; და ყობედ-ედომ იედითუნის ძე და ხოსა - კარის მცველებად;
39 . ცადოკ მღვდელი და მისი ღვთისმსახური ძმები, უფლის სავანის წინაშე იყვნენ გაბაონის მაღლობზე,
40 . რათა მუდმივად აღევლინათ უფლისთვის სრულადდასაწველი სამსხვერპლოზე, დილა-საღამოს, როგორც წერია ეს უფლის სჯულში, რომელიც მან დაუწესა ისრაელს.
41 . მათთან ერთად ჰემანი, იედუთუნი და დანარჩენი რჩეულნი, რომლებიც სახელდებით დაადგინეს უფლისთვის სამადლობლის აღსავლენად: „ვინაიდან მარადიულია წყალობა მისი!”
42 . მათთან იყვნენ ჰემანი და იედუთუნი ბუკებისა და წინწილების ხმამაღლა ასაჟღერებლად და ღვთისთვის საგალობელი საკრავებით, ხოლო ძენი იედუთუნისა ჭიშკართან დასადგომად.
43 . და გაბრუნდა მთელი ხალხი, თითოეული თავის სახლში; დავითი კი თავისი სახლეულის საკურთხებლად დაბრუნდა.
1 . შვიდი წლის იყო იოაში გამეფებისას და ორმოც წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ციბია ბეერ-შებაყიდან.
2 . სათნოდ იქცეოდა იოაში უფლის თვალში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლის დღეებში.
3 . ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
4 . ამის შემდეგ უფლის სახლის განახლება ჩაიდო გულში იოაშმა.
5 . შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.
6 . მოუხმო მეფემ იეჰოიადაყ მღვდელმთავარს და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვე ლევიანებს, რომ მოეტანათ იუდასგან და იერუსალიმისგან ხარკი მოსეს, უფლის მსახურისა და ისრაელის კრებულის მიერ დადგენილი აღთქმის კარავისთვის?”
7 . ბოროტმა ღოთოლიამ და მისმა ძეებმა დაარბიეს ღვთის სახლი და მთელი მისი სიწმიდეები ბაყალებისთვის გამოიყენეს.
8 . გააკეთეს მეფის ბრძანებით ყუთი და უფლის სახლის კარიბჭის გარეთ დადგეს.
9 . გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოსეს, ღვთის მსახურის მიერ უდაბნოში დადგენილი ხარკი მიეტანათ.
10 . გაუხარდათ მთავრებსა და მთელ ხალხს, მოჰქონდათ და ყუთში ყრიდნენ, სანამ არ აივსებოდა.
11 . როცა მეფის მსახურებთან ლევიანთა ხელით ყუთი მიჰქონდათ და ნახავდნენ, რომ ბევრი ფული იყო, მიდიოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის მსახური, ცლიდნენ და კვლავ თავის ადგილზე აბრუნებდნენ ყუთს. დღითი დღე ასე აკეთებდნენ და დიდძალი ფული მოაგროვეს.
12 . მისცეს იგი მეფემ და იეჰოიადაყმა უფლის სახლის საქმეთა მწარმოებლებს და ქირაობდნენ ისინი ქვისმთლელებს, ხუროებს, რკინისა და სპილენძის მჭედელთ უფლის სახლის გასაახლებლად და გასამაგრებლად.
13 . მუშაობდნენ ხელოსნები და მოამთავრეს საქმე მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავის ზომებში და გაამაგრეს.
14 . როცა დაასრულეს, მიიტანეს მეფისა და იეჰოიადაყის წინაშე დარჩენილი ვერცხლი და გააკეთეს მისგან ჭურჭელი უფლის სახლისთვის, ჭურჭელი მსახურებისა და სრულადდასაწველებისთვის, ფიალები და ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი მსახურების განმავლობაში მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველთ უფლის სახლში.
15 . მოხუცდა იეჰოიადაყი, გაძღა დღეებით და გარდაიცვალა; ას ოცდაათი წლისა იყო იგი, როცა მოკვდა.
16 . დავითის ქალაქში, მეფეებთან დაკრძალეს იგი, რადგან კეთილს ჩადიოდა ისრაელში, ღვთისა და მისი სახლისთვის.
17 . მოვიდნენ იუდას მთავარნი იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ და თაყვანი სცეს მეფეს; ამის შემდეგ იწყო მეფემ მათთვის ყურის გდება.
18 . მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის სახლი და ემსახურებოდნენ აშერებსა და კერპებს; მოვიდა უფლის მრისხანება იუდასა და იერუსალიმზე მათი დანაშაულის გამო.
19 . უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ უფალთან მოსაბრუნებლად და მოწმობდნენ ისინი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ისმენდნენ.
20 . ღვთის სულმა მოიცვა ზაქარიაჰუ იეჰოიადაყ მღვდლის ძე; გადმოდგა იგი და უთხრა ხალხს: „ასე ამბობს ღმერთი: რად უგულებელჰყოფთ უფლის ბრძანებებს? ხელი არ მოგემართებათ, რადგან მიტოვებული გყავთ უფალი და მანაც მიგატოვათ!”
21 . შეითქვნენ მის წინააღმდეგ და ჩაქოლეს იგი მეფის ბრძანებით უფლის სახლის ეზოში.
22 . არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”
23 . აღდგა მის წინააღმდეგ არამელთა ლაშქარი წლის დასასრულს. მივიდნენ იუდასა და იერუსალიმში, ერის ყოველი მთავარი მოსრეს და მთელი ართმეული ნადავლი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24 . თუმცა მცირე ხალხით მივიდა არამელთა ლაშქარი, დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში უფალმა, რადგან მიატოვეს იუდევლებმა უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. იოაშსაც დაედო მსჯავრი.
25 . როცა მისგან წავიდნენ, დიდად დასნეულებული დატოვეს იგი; შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისივე მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის ძის სისხლის გამო და თავისივე სარეცელზე მოკლეს. დავითის ქალაქში დაკრძალეს იგი, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26 . ესენი ამბოხდნენ მის წინააღმდეგ: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა
27 . და სამი ძე მისი. ეს ხუთნი მიუხდნენ მას და მოკლეს. აჰა, მეფეთა წიგნში წერია მის წინააღმდეგ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებსა და ღვთის სახლის განახლებაზე. მის ნაცვლად კი ამაცია, მისი ძე გამეფდა.
1 . წაიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყუზია, რომელიც თექვსმეტი წლისა იყო მაშინ და გაამეფეს მამამისის, ამაციას ნაცვლად.
2 . მან ააშენა და დაუბრუნა იუდას ელოთი, მას შემდეგ, რაც მეფემ თავის მამებთან განისვენა.
3 . თექვსმეტი წლისა იყო ყაზარია, როცა გამეფდა და ორმოცდათორმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო იექოლია, იერუსალიმელი.
4 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაცია, მამამისი.
5 . ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.
6 . გამოვიდა და ებრძოდა ფილისტიმელებს, გაარღვია გათის, იაბნესა და აშდოდის გალავანი. ქალაქები გააშენა აშდოდსა და ფილისტიმში.
7 . შეეწია ღმერთი ყუზიას ფილისტიმელების, გურ-ბაყალში მცხოვრები არაბებისა და მეყუნიმელების წინააღმდეგ;
8 . ხარკს უხდიდნენ ყამონელნი ყუზიას და ეგვიპტემდე განითქვა მისი სახელი, რადგან დიდად გაძლიერდა იგი.
9 . კოშკები ააშენა ყუზიამ იერუსალიმში, კუთხეთა კარიბჭეებზე, ხეობის კარიბჭესა და ყველა კიდეზე და გაამაგრა ქალაქი.
10 . ააშენა კოშკები უდაბნოში და ჭები ამოკვეთა, რადგან დიდძალი საქონელი ყავდა მას ბარსა და ვაკეზე; აგრეთვე მიწათმოქმედნი და მევენახენი - ქარმელის მთებზე, რადგან მიწის მოყვარული იყო.
11 . მებრძოლი ჯარი ჰყავდა ყუზიას; ომში რაზმებად გამოდიოდა, თვლითა და სიის მიხედვით, რომელიც იეყიელ მწერლისა და მაყასეიაჰუ ზედამხედველის ხელით იყო შედგენილი, ხანანიას, მეფის ერთ-ერთი მთავრის ხელმძღვანელობით.
12 . მთელი რიცხვი მამისსახლთა მამაცი მეთაურებისა ორი ათას ექვსასი იყო.
13 . მათ ხელთ სამასშვიდიათას ხუთასიანი ჯარი იყო, რომელიც დიდი თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ.
14 . გაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარ-შუბი და მუზარადები, აბჯრები, მშვილდი და სატყორცნი ქვები.
15 . გააკეთა იერუსალიმში გამომგონებელთა მიერ გამოგონებული მანქანები, რათა კოშკებსა და კუთხეებზე დაედგა ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად. შორს განითქვა მისი სახელი, რადგან საკვირველი შეწევნა ჰქონდა, ვიდრე არ გაძლიერდა.
16 . როცა გაძლიერდა, გაუამაყდა გული თავის დასაღუპად, უღალატა უფალს, თავის ღმერთს და სამსხვერპლოზე საკმევად შევიდა უფლის ტაძარში.
17 . უფლის ოთხმოც მამაც მღვდელთან ერთად შეჰყვა მას ყაზარია მღვდელი.
18 . გადაეღობნენ მეფე ყუზიას და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზია, უფლისთვის კმევა, არამედ მღვდლებს, აჰარონის ძეთ, რომლებიც კმევისთვის არიან დადგენილნი; გადი საწმიდრიდან, რადგან უმართლოდ მოიქეცი და არ გექნება პატივი ღვთისგან”.
19 . განრისხდა ყუზია, ხელში კანდელი ეპყრა საკმევლად; აჰა, მღვდლებზე განრისხებისას კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
20 . მიუბრუნდნენ მას ყაზარია მღვდელმთავარი და ყოველი მღვდელი და, აჰა, მთელი შუბლი კეთროვანი აქვს. სწრაფად გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა, რადგან უფალმა დალახვრა იგი.
21 . სიკვდილის დღემდე კეთროვანი იყო მეფე ყუზია და კეთროვანისთვის გამოყოფილ სახლში იჯდა, რადგან მოკვეთილ იქნა უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი განაგებდა მეფის სასახლეს და განიკითხავდა ქვეყნის ხალხს.
22 . ყუზიას დანარჩენი საქმენი, პირველიც და უკანასკნელიც, წინასწარმეტყველმა ესაია ამოცის ძემ აღწერა.
23 . განისვენა ყუზიამ თავის მამებთან და საფლავების ველზე დაკრძალეს იგი, რომელიც მეფეთათვის იყო. რადგან ამბობდნენ, კეთროვანიაო. მის ნაცვლად კი იოთამი, მისი ძე გამეფდა.
1 . ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები და ეს არის მათი საგვარტომო ნუსხა, რომლებიც ჩემთან ერთად ამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:
2 . ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან დანიელი; დავითის ძეთაგან ხატუში;
3 . შექანიას ძეთაგან და ფარყოშის ძეთაგან: ზაქარია და მასთან, მისი საგვარტომოდან ასორმოცდაათი მამაკაცი;
4 . ფათახ-მოაბის ძეთაგან: ელიოჰოყენაი ზერახის ძე და მასთან ერთად ორასი მამაკაცი;
5 . შექანიას ძეთაგან: იახაზიელის ძე და მასთან ერთად სამასი მამაკაცი;
6 . ყადინის ძეთაგან: ყებედი იონათანის ძე და მასთან ერთად ორმოცდაათი მამაკაცი;
7 . ყელამის ძეთაგან: ესაია ყათალიას ძე და მასთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი;
8 . შეფატიას ძეთაგან: ზებადია მიქაელის ძე და მასთან ერთად ოთხმოცი მამაკაცი;
9 . იოაბის ძეთაგან: ყობადია იეხიელის ძე და მასთან ერთად ორას თვრამეტი მამაკაცი;
10 . ბანის ძეთაგან: შელომითი იოსიფიას ძე, და მასთან ერთად ას სამოცი მამაკაცი;
11 . ბებაის ძეთაგან: ზაქარია ბებაის ძე და მასთან ერთად ოცდარვა მამაკაცი;
12 . ყაზგადის ძეთაგან: იოხანან ჰაკატანის ძე და მასთან ერთად ას ათი მამაკაცი;
13 . ადონიკამის ძეთაგან უკანასკნელნი; მათი სახელებია: ელიფელეტი, იეყიელი, შემაყია და მათთან ერთად სამოცი მამაკაცი;
14 . ბიგვაის ძეთაგან: ყუთაი და ზაბუდი და მათთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი.
15 . შევკრიბე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის და ვიდექით იქ სამ დღეს. ვაკვირდებოდი ხალხს და მღვდლებს, მაგრამ მათ შორის ლევის ძეთაგან ვერავინ ვპოვე.
16 . დავიბარე ხალხის მეთაურები: ელეაზარი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი; ასევე მოძღვრები: იოიარიბი და ელნათანი.
17 . გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის მთავართან. ვუთხარი რა უნდა ელაპარაკათ იდოსთან და მის ძმებთან, ტაძრის მსახურებთან, ქასიფიას ადგილზე მყოფებთან, რათა მოეყვანათ ჩვენამდე მსახურები, ჩვენი ღმერთის სახლისთვის.
18 . ჩვენი ღმერთის კეთილი ხელის გამო, რომელიც ჩვენზე იყო, მოიყვანეს ჩვენთან ერთი გონიერი კაცი მახლის ძეთაგან, ლევის ძე, ისრაელის ძე, სახელად შერებია და მასთან ერთად მისი ძენი და მისი ძმები, თვრამეტი კაცი;
19 . და ხაშაბია და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ძენი - ოცი კაცი.
20 . ასევე ტაძრის მსახურები, რომლებიც დავითმა და მთავრებმა დაუდგინეს ლევიანებს მსახურებად - ორას ოცი მსახური; ყველა მათგანი სახელებით იყო დადგენილი.
21 . და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე და მისთვის გვეთხოვა, დაცული გზა ჩვენთვის, ჩვენი პატარებისთვის და მთელი ჩვენი ქონებისთვის,
22 . რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: "ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!”
23 . ვიმარხულეთ და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი.
24 . გამოვყავი თორმეტი მთავარი მღვდელი: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან;
25 . ავუწონე მათ ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი, ჩვენი ღვთის სახლისთვის შეწირული, რაც შესწირეს მეფემ, მისმა მრჩევლებმა და იქ დამსწრე მთელმა ისრაელმა.
26 . მივუწონე მათ ხელში ექვსას ორმოცდაათი ტალანტი ვერცხლი, ასი ტალანტის ვერცხლის ჭურჭელი და ასი ტალანტი ოქრო.
27 . ათასი დრაქმის ოქროს ოცი საბანებელი და საუკეთესო სპილენძის ორი ჭურჭელი, ოქროსავით ძვირფასი.
28 . ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისთვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა, ხოლო ეს ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შესაწირია თქვენი მამების ღმერთისადმი.
29 . გაუფრთხილდით და დაიცავით, ვიდრე მიუწონიდეთ მთავარ მღვდლებს, ლევიანებს და ისრაელის მამების მთავრებს იერუსალიმში, უფლის სახლის ოთახებში”.
30 . მიიღეს მღვდლებმა და ლევიანებმა ვერცხლი, ოქრო, და ჭურჭელი წონით, რათა მიეტანათ იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში.
31 . პირველი თვის მეთორმეტე დღეს გავემგზავრეთ მდინარე აჰავადან იერუსალიმში; ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, მან გვიხსნა მტრის ხელიდან და გზაზე ჩასაფრებულთაგან.
32 . მივედით იერუსალიმში და გავჩერდით იქ სამ დღეს.
33 . მეოთხე დღეს მიუწონეს მერემოთს, ურია მღვდლის ძეს ხელში ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი ჩვენი ღვთის სახლში; მასთან ერთად იყო ელეაზარ ფინხასის ძე; ასევე მათთან ერთად იყვნენ იოზაბადი იეშუას ძე და ნოადია ბინუის ძე, ლევიანები.
34 . ყველაფერი დაითვალა და აიწონა; და ჩაიწერა მთელი ეს წონა იმ დროს.
35 . შესწირეს ისრაელის ღმერთს სრულადდასაწველი, ტყვეობიდან დაბრუნებულებმა, გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა: თორმეტი მოზვერი მთელი ისრაელისთვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი კრავი, თორმეტი ვაცი ცოდვის მსხვერპლისთვის, ყოველივე ეს სრულადდასაწველად უფლისთვის.
36 . და გადასცეს მეფის დავალება მეფისნაცვლებს და მდინარის გაღმელ განმგებლებს და ისინიც მხარში ედგნენ ხალხსა და ღვთის სახლს.
1 . როცა გაიგო სანბალატმა, რომ კედელს ვაშენებთ, გაბრაზდა, ძალიან განრისხდა და დაცინვა დაუწყო იუდაელებს.
2 . თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: "რას აკეთებენ ეს უსუსური იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ შეძლებენ ქვების აღდგენას დანაცრებული ნანგრევებიდან?”
3 . მის გვერდით მდგომმა ყამონელმა ტობიამ კი მიუგო: "მელაც რომ მიადგეს, ისიც კი დაანგრევს მათ მიერ აშენებულ ქვის კედელს!”
4 . ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოგვიძულეს, მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე და ნადავლად აქციე ისინი თავისი ტყვეობის ქვეყანაში!
5 . ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და შენ წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ მშენებლებს.
6 . ავაშენეთ ქალაქის კედელი და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, რადგან ხალხს გული ერჩოდა საქმის საკეთებლად.
7 . როცა გაიგეს სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა, რომ შენდებოდა იერუსალიმის კედლები და ბზარები მთელდებოდა, ძალიან გაბრაზდნენ.
8 . ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და არეულობის მოსაწყობად.
9 . ჩვენ კი ვილოცეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და დაცვა დავაყენეთ მათ გამო დღითა და ღამით.
10 . თქვა იუდამ: „ძალა ეცლებათ ტვირთის მზიდავებს, ნაგავი კი უამრავია: ამის გამო აღარ ძალგვიძს კედლის შენება”.
11 . ჩვენი მტრები კი ამბობდნენ: "ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, ამოვხოცავთ და შევაჩერებთ სამუშაოს.
12 . მოვიდნენ მათ გარშემო მცხოვრები იუდაელები და ათჯერ მაინც გვეუბნებოდნენ: "მოგვიბრუნდებიან და ყოველი მხრიდან თავს დაგვესხმიან”.
13 . მაშინ, დაბლობ ადგილებში, კედლის უკან და მოშიშვლებულ ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოების მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
14 . შევხედე, ავდექი და ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ დიდი და საშინელი უფალი და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლებისა და სახლების გულისთვის”.
15 . როცა გაიგეს ჩვენმა მტრებმა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი განზრახვა, ჩაშალა ღმერთმა მათი გეგმები და ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე.
16 . იმ დღიდან მოყოლებული მსახურთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მეორე ნახევარს კი აბჯრით შემოსილებს ხელში შუბები, ფარები და მშვილდები ეჭირათ. ხოლო მთავრები იუდას სახლის უკან იდგნენ.
17 . კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ, ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.
18 . თითოეული მშენებელი წელზე მახვილშებმული აშენებდა, მებუკე კი ჩემ გვერდით იყო.
19 . ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "საქმე დიდია და ვრცელი, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.
20 . ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმას გაიგონებთ იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის.
21 . ასე ვაგრძელებდით საქმის კეთებას, ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა გამოჩენამდე შუბები ეჭირათ ხელში.
22 . იმ დროს ვუთხარი ხალხს: "თითოეულმა თავისი მსახურით იერუსალიმში გაათიოს ღამე, ისე რომ, ღამით გუშაგად იქნება ჩვენთვის, დღისით კი - მუშაკად”.
23 . არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურები და არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, სამოსელს არ ვიხდიდით; თითოეულს მაშინაც კი მახვილი გვეჭირა ხელში, როცა წყალზე მივდიოდით.
1 . იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი.
2 . გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს.
3 . თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.
4 . დადგნენ ლევიანთა აღსავალზე იეშუა, ბანაი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ხენანი და დიდი ხმით შეღაღადებდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
5 . ამის შემდეგ ლევიანები - იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: "ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება.
6 . შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.
7 . შენ ხარ უფალი, ღმერთი, რომელმაც გამოარჩიე აბრამი, გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან და აბრაჰამი დაარქვი სახელად.
8 . ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;
9 . იხილე ჩვენი მამების ტანჯვა ეგვიპტეში და ისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან.
10 . ნიშნები და სასწაულები დაუშვი ფარაონზე, მის ყველა მონასა და მთელი მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ამპარტავნულად ექცეოდნენ მათ და დღემდე გაითქვი სახელი შენი.
11 . ზღვა გააპე მათ წინაშე და მშრალზე გაიარეს შუა ზღვაში, მათი მდევრები კი სიღრმეში ჩაყარე, როგორც ქვები დიდ წყლებში.
12 . ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ დღისით და ცეცხლის სვეტით - ღამე, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.
13 . სინაის მთაზე დაეშვი და ზეციდან ელაპარაკე მათ; სამართლიანი დადგენილებანი და ჭეშმარიტი რჯული, წესები და კეთილი მცნებანი დაუდგინე.
14 . შენი წმიდა შაბათი აუწყე მათ, მცნებანი, წესდებანი და რჯული დაუწესე მოსეს, შენი მსახურის ხელით.
15 . მიეცი პური ზეციდან შიმშილის დასაცხრომად და კლდიდან წყალი გადმოუდინე წყურვილის მოსაკლავად; უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ფიცით გქონდა მათთვის აღთქმული.
16 . მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი.
17 . არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.
18 . თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და ამბობდნენ: ესააო შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან! და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს მათ,
19 . მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.
20 . შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი - მათი მწყურვალებისას.
21 . ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ - სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა.
22 . მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, მიწები დაუნაწილე მათ და დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანას.
23 . ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ეუბნებოდი მათ მამებს, რომ შესულიყვნენ მის დასამკვიდრებლად.
24 . შევიდნენ ძენი და დაიმკვიდრეს ქვეყანა; დაუმორჩილე მათ ქანაანელთა ქვეყნის მკვიდრნი, ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფენი და ქვეყნის ხალხნი, რომ საკუთარი ნებისამებრ მოქცეოდნენ მათ.
25 . დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.
26 . მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.
27 . ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.
28 . სულს მოითქვამდნენ თუ არა, კვლავ ბოროტად იქცეოდნენ შენ წინაშე. ამიტომ, კვლავ მტრების ხელში ყრიდი მათ და ისინი ბატონობდნენ მათზე; შემოგღაღადებდნენ და ისევ ისმენდი ზეციდან, მრავალჯერ გამოიხსნიდი მათ, შენი დიდი სიბრალულისამებრ.
29 . შეაგონებდი მათ, რომ შენს რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ურჩობდნენ და არ ისმენდნენ შენს მცნებებს; არღვევდნენ შენს კანონებს, რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი; ზურგი გაქციეს, ქედი გაიმაგრეს და არაფერს ისმენდნენ.
30 . მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
31 . და მაინც, შენი დიდი სიბრალულის გამო, ბოლომდე არ გაგინადგურებია და მიგიტოვებია ისინი, რადგან მწყალობელი და შემბრალე ღმერთი ხარ შენ.
32 . ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.
33 . მართალი ხარ ყველაფერში, რაც ჩვენზე მოაწიე, რადგან ერთგულად მოგვექეცი, ჩვენ კი ბოროტებით გპასუხობდით.
34 . არც ჩვენი მეფენი, მთავარნი, მღვდლები და მამები აღასრულებდნენ შენს რჯულს, არც შენს მცნებებსა და შეგონებებს უსმენდნენ, რომლებითაც შეაგონებდი მათ.
35 . თავის სამეფოშიც კი - ვრცელ და პოხიერ ქვეყანაში, რომელიც შენ მიეცი მათ - არ გემსახურებოდნენ და თავის ბოროტ საქმეებზე უარს არ ამბობდნენ.
36 . აჰა, დღეს მონები ვართ და ტყვეობაში ვართ იმ მიწაზე, რომელიც მიეცი ჩვენს მამებს მისი ნაყოფისა და დოვლათის საჭმელად.
37 . მოსავალს ვიმკით მეფეთათვის, რომლებიც ჩვენი ცოდვების გამო დაგვიდგინე და თავისი სურვილისამებრ ბატონობენ ჩვენს სხეულებსა და პირუტყვზე; აჰა, დიდ შეჭირვებაში ვართ.
38 . ყოველივე ამის გამო, მტკიცე აღთქმას ვდებთ წერილობით, ჩვენი მთავრები, ლევიანნი და მღვდლები კი ბეჭედს უსვამენ”.
1 . ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ ოლქზე მეფობდა.
2 . იმ დღეებში, როცა მეფე ახაშვეროში თავის სამეფო ტახტზე იჯდა, შუშანის სასახლეში,
3 . თავისი მეფობის მესამე წელს, ნადიმი გაუმართა მთელ თავის დიდებულებსა და მსახურთ. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის მხედართმთავარნი, დიდებულნი და ოლქთა მთავარნიც მის წინაშე ისხდნენ.
4 . ას ოთხმოცი დღის განმავლობაში აჩვენებდა თავისი დიდი სამეფოს სიმდიდრესა და სიდიადის ბრწყინვალებას.
5 . ამ დღეთა დასასრულს კი მეფემ შუშანის სასახლეში მყოფი ყველა ხალხისთვის შვიდდღიანი ნადიმი მოაწყო სამეფო სასახლის ეზოში.
6 . ლაჟვარდოვანი და თეთრი ბამბეულის ქსოვილები მეწამული ბისონის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე; ოქროსა და ვერცხლის ტახტრევნები იდგა ალისფერი ქვის, მარმარილოს და ძვირფასი ქვების ქვაფენილზე.
7 . სასმელს ოქროს მრავალფერი სასმისებით სვამდნენ; სამეფო ღვინო კი უხვად იყო მეფური ხელგაშლილობისამებრ.
8 . როგორც წესი, ძალდატანების გარეშე სვამდნენ, რადგან ასე დაავალა მეფემ თავის სახლმმართველებს, რომ თითოეულს თავისი სურვილისამებრ მოქცეოდნენ.
9 . დედოფალმა ვაშთიმაც მოაწყო ნადიმი ბანოვანთათვის ახაშვეროშის სამეფო სასახლეში.
10 . მეშვიდე დღეს, როცა მეფის გული ღვინით გამხიარულდა, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს, მეფე ახაშვეროშის მომსახურე შვიდ საჭურისს,
11 . რომ მეფის წინაშე მოეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და დიდებულებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო იგი.
12 . მაგრამ არ ინება დედოფალმა ვაშთიმ მისვლა, საჭურისთა მეშვეობით მისთვის გადაცემული მეფის ბრძანებისამებრ. ძლიერ განრისხდა მეფე და გამძვინვარდა.
13 . დაეკითხა მეფე დრო-ჟამის მცოდნე ბრძენკაცთ, რადგან ასე სჩვეოდა მეფეს საქმის გადაწყვეტა, კანონისა და სამართლის ყოველი მცოდნის წინაშე.
14 . მასთან დაახლოებულნი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის სახის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი.
15 . "როგორ მოვექცეთ დედოფალ ვაშთის კანონით იმისთვის, რომ არ აღასრულა საჭურისების პირით შეთვლილი მეფე ახაშვეროშის ბრძანება?”
16 . თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: "არა მარტო მეფის წინაშე დააშავა დედოფალმა ვაშთიმ, არამედ ყველა მთავრისა და იმ ხალხთა წინაშე, მეფე ახაშვეროშის ყველა მხარეში რომ ცხოვრობენ.
17 . გაიგებენ დედოფლის ამბავს დედაკაცები და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს; იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა მის წინაშე დედოფალ ვაშთის მიყვანა ბრძანა, ის კი არ მივიდაო.
18 . სპარსეთისა და მიდიის მთავართა ცოლებიც, ვინც გაიგებს დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს და მრავლად შეგვხვდება დამცირება და წყენა.
19 . თუ ინებებს მეფე, გასცეს სამეფო განკარგულება, რომ სპარსეთისა და მიდიის კანონებში ჩაიწეროს და არ შეიცვალოს: აღარასოდეს შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე, მისი დედოფლობა კი, მეფემ სხვას, მასზე ღირსეულს მისცეს.
20 . მეფის განკარგულება მთელ მის ვრცელ სამეფოში გამოცხადდება და ყოველი დედაკაცი, დიდიდან მცირემდე, პატივისცემით მოექცევა თავის ქმარს”.
21 . მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს და მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე,
22 . ყველა მხარეში დაიგზავნა წერილები - ყოველ ოლქს თავისი დამწერლობით; და ეუწყა ყოველ ხალხს თავის ენაზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ იმ ერში, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში.
1 . მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა:
2 . "ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვჩქარობ,
3 . ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონიერების სული მათქმევინებს პასუხს:
4 . განა არ იცი, რომ ძველთაგან, მიწაზე ადამიანის დაფუძნებიდან ასეა:
5 . ხანმოკლეა ლხენა ბოროტეულთა, და წამიერი - უღვთოთა სიხარული?
6 . თუნდაც ცას მისწვდეს მისი დიდება და თავით ღრუბლებს შეეხოს,
7 . თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ; და იკითხავენ მისი მნახველნი: სადაა იგი?
8 . სიზმარივით გაფრინდება, ვერავინ იპოვის და ღამის ხილვასავით განქარდება;
9 . თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ოდესმე.
10 . მისი შვილები ღატაკებს სთხოვენ მოწყალებას და თავისი ხელით დაუბრუნებენ მის დოვლათს;
11 . მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით და მასთან ერთად მიიქცევიან მტვრად.
12 . თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ მალავს მას.
13 . თუმცა ენანება გადმოსაგდებად და პირში იჩერებს;
14 . მაინც ასპიტთა გესლად ექცევა საჭმელი მუცელში, მის შიგნეულში;
15 . ჩაყლაპა ნადავლი და ისევ ამოარწყევს: ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან.
16 . ასპიტთა გესლს წოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას;
17 . ვერ იხილავს ნაკადულებსა და მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს;
18 . დააბრუნებს მონაგებს და ვერ ჩაყლაპავს; ნავაჭრის შესაბამისად ექნება სიმდიდრე, მაგრამ ვერ ნახავს კმაყოფილებას,
19 . რადგან ჩაგრავდა, დაივიწყა ღარიბ-ღატაკნი, დაეპატრონა სახლს, რომელიც არ აუშენებია.
20 . ვინაიდან ვერ გაძღა მისი მუცელი და არაფერს ინდობდა თავის სიხარბეში.
21 . არაფერი მორჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გაძლებს მისი კეთილდღეობა.
22 . ვიწროდ იქნება სრულ სიუხვეში, და ყველა ჩაგრულის ხელი მისწვდება.
23 . მუცლის ამოვსებისას, ცეცხლს გამოუგზავნის ღმერთი თავის რისხვაში და ჭამისას აწვიმებს მასზე.
24 . რკინის იარაღს გაექცევა და სპილენძის მშვილდი განგმირავს;
25 . ამოიძრობს ისარს ზურგიდან, მაგრამ ელვა გამოვა მისი ნაღველიდან და თავზარი დაეცემა!
26 . მისთვის ინახება საგანძურად მთელი სიბნელე; დაუნთებელი ცეცხლი შთანთქავს და სიავე მოიცავს გადარჩენილს მის კარავში!
27 . ამხელს ზეცა მის დანაშაულს და მის წინააღმდეგ აღდგება მიწა.
28 . მისი სახლის დოვლათი გადაივლის და სახლის სიკეთე წაილეკება უფლის რისხვის დღეს.
29 . ეს არის ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან და ღმერთის მიერ მისთვის მიცემული მემკვიდრეობა!”
1 . განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2 . "ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, მცოდნენო.
3 . რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს, სასა კი საჭმელს უგებს გემოს;
4 . ავირჩიოთ სამართალი და ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კარგი.
5 . რადგან თქვა იობმა: მართალი ვარ და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
6 . გამტყუნდა ჩემი სამართალი! უკურნებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარო.
7 . ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას რომ სვამდეს წყალივით?
8 . უმართლობის ჩამდენთაკენ რომ მიემართება და ბოროტეულის გზებით რომ დაიარება?
9 . რადგან თქვა: არაფრად არგიაო კაცს, რომ ღმერთს აამოს.
10 . ამიტომ ისმინეთ ჩემი, გამგებო კაცებო! შორს არის ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უმართლობისგან!
11 . რადგან თავისი საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და მისი გზისამებრ მიაგებს კაცს.
12 . ჭეშმარიტად, არ ჩაიდენს ბოროტებას ღმერთი და არ გაამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
13 . ვინ ჩააბარა მას დედამიწა? ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
14 . თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი გული და უკანვე წაიღო თავისი სული და სუნთქვა,
15 . ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწის მტვერს დაუბრუნდება ადამიანიც.
16 . თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყურად იღე ჩემი სიტყვები!
17 . ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? ნუთუ მსჯავრს დასდებ ძალმოსილ მართალს?
18 . ვინ ეუბნება მეფეს: არარაობავ! და დიდგვაროვანს - უკეთურო!
19 . ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.
20 . წამში დაიხოცებიან ისინი; შუაღამეს იძვრის ხალხი და იღუპება; წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,
21 . რადგან კაცის გზებზეა მისი თვალები და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
22 . არც წყვდიადია და არც შავეთის ჯურღმული, რომ იქ დაიმალონ დანაშაულის მოქმედნი;
23 . რადგან არავის უწესებს ვადას იგი, რომ მივიდეს ღმერთთან სამსჯავროზე;
24 . გამოკვლევის გარეშე ამსხვრევს ძლიერთ და მათ ნაცვლად სხვებს აყენებს,
25 . რადგან იცის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან;
26 . დაჰკრავს მათ, ბოროტეულთა მსგავსად, ყველას დასანახად,
27 . იმიტომ, რომ ზურგი აქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;
28 . მივიდა მასთან ღატაკთა ღაღადი და ესმის მას ჩაგრულთა მუდარა;
29 . როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.
30 . რომ არ იმეფოს უღვთო კაცმა ხალხის საცდუნებლად.
31 . თუ უთქვამს ვინმეს ღმერთისთვის: ვიტვირთე სასჯელი, აღარ შევცოდავ;
32 . შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ; თუ დანაშაული ჩავიდინე, აღარ ჩავიდენ.
33 . განა შენი განსჯისამებრ უნდა მიაგებდეს იგი, როცა მის სიმართლეს უარყოფ? შენ უნდა აირჩიო და არა მე, ილაპარაკე, რაც იცი.
34 . გამგები ადამიანი მეტყვის, და ბრძენი ადამიანი, მე რომ მისმენს:
35 . იობი უაზროდ ლაპარაკობს, მის სიტყვებში სიბრძნე არ არისო.
36 . ნეტავი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ბოროტეულთა მსგავსად რომ პასუხობს,
37 . რადგან თავის ცოდვას ამბოხს უმატებს, ხელს ხელზე ურტყამს და ღვთის საწინააღმდეგო სიტყვებს ამრავლებს ჩვენ შორის!”
1 . გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
2 . მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს.
3 . წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.
4 . დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისცნ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს.
5 . უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
6 . ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
7 . ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.
8 . წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
9 . ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად.
10 . რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
11 . მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე.
1 . გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
2 . ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
3 . შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
4 . შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
5 . შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
6 . მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
7 . ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
8 . ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
9 . რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
10 . შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
11 . ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
12 . ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
13 . პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
14 . ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
15 . გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
16 . რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
17 . მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
18 . ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
19 . და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
20 . გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
21 . მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
22 . ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
23 . უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
24 . რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
25 . შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
26 . ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
27 . გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
28 . რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
29 . ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
30 . შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
31 . მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
1 . გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.
2 . ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
3 . წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
4 . და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
5 . შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
6 . ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
7 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
8 . მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
9 . მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
10 . მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
11 . და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
12 . და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
13 . მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
14 . მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
15 . მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
16 . შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
17 . გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
1 . მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
2 . იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
3 . რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,
4 . არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება- დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
5 . დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.
6 . რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
7 . და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.
8 . და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
9 . ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
10 . მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
11 . გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.
12 . მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
13 . გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
14 . და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
15 . გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
16 . გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
17 . ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
18 . ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
19 . და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20 . ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
21 . ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
22 . რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
23 . და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
24 . და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
25 . ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
26 . აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.
27 . და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.
28 . და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა.
29 . ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
30 . ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;
31 . რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
32 . მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
33 . და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
34 . როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.
35 . და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
36 . და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.
37 . ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
38 . და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
39 . გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.
40 . რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
41 . ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას.
42 . არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი გასაჭირიდან.
43 . როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე.
44 . და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
45 . მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.
46 . და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.
47 . სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.
48 . და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.
49 . მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები.
50 . გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა.
51 . განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.
52 . წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.
53 . უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.
54 . მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.
55 . განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.
56 . კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
57 . იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.
58 . განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.
59 . მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.
60 . მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
61 . და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
62 . და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
63 . მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
64 . მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.
65 . და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
66 . და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
67 . დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
68 . ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
69 . მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
70 . ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.
71 . მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.
72 . და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
1 . დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
2 . ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.
3 . ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
4 . საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
5 . სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
6 . სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
7 . აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.
8 . შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
9 . არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
10 . არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
11 . რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
12 . როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
13 . როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
14 . რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
15 . ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
16 . ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
17 . ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
18 . ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც.
19 . უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.
20 . ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.
21 . ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.
22 . ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
1 . ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
2 . აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
3 . განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
4 . ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
5 . გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
6 . შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
7 . ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
8 . ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
9 . რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.
10 . დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო აღთქმად.
11 . უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
12 . როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი შეხიზნულები იქ,
13 . იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან.
14 . არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:
15 . არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
16 . და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა. 17 გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
17 . გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
18 . გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.
19 . ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
20 . გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი ხალხებისა - და გამოიხსნა იგი.
21 . დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
22 . რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
23 . და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
24 . და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.
25 . შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
26 . გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
27 . დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
28 . მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე,
29 . გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები.
30 . აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი.
31 . თქვა და მოვიდნენ მწერები, ტილი მთელ მათ საზღვრებში.
32 . წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას.
33 . მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი და დალეწა ხეები მათ საზღვრებში.
34 . თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
35 . და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს მთელი ნაყოფი მათი მიწისა.
36 . და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
37 . და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
38 . გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში.
39 . გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
40 . ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
41 . გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
42 . რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ.
43 . გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.
44 . მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.
45 . რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ადიდეთ უფალი!
1 . ვუთხარი ჩემს თავს: "მოდი ახლა, მხიარულებას გამოვცდი, რომ ვნახო, რა არის კარგი!” და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა.
2 . სიცილზე ვთქვი: "სისულელეა!” - მხიარულებაზე: "რის მაქნისია?”
3 . ვცადე ღვინით გამეხალისებინა ჩემი სხეული, გონება კი სიბრძნით მომემართა; უგუნურებაც გამომეცადა, რათა მეხილა, რისი კეთება არის სასიკეთო კაცთათვის ცისქვეშეთში, მათი სიცოცხლის დათვლილ დღეებში.
4 . განვავრცე ჩემი საქმეები, სახლები ავიშენე, ვენახები გავაშენე;
5 . მოვაწყვე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე იქ ყოველგვარი ხეხილი.
6 . წყალსატევები ავაშენე, ხეების ასაყვავებლად და ბაღის მოსარწყავად.
7 . შევიძინე მრავალი მონა და მხევალი, შინ დაბადებული მონაც მრავლად იყო ჩემს სახლში. ცხვარ-ძროხაც იმათზე მეტი მყავდა, ვინც ჩემზე წინ მეფობდა იერუსალიმში.
8 . დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, სამეფო და სამხარეო საგანძურებში. დავიდგინე მომღერალი კაცნი და ქალნი, და ადამიანთა ძეთა სიამე - ხარჭა მრავალი.
9 . განვდიდდი და გადავაჭარბე ყველას, ვინც ჩემზე წინ იყო იერუსალიმში და სიბრძნე ჩემი - გვერდში მედგა.
10 . უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს, რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა.
11 . შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა მოიმოქმედეს და შრომას, რომელიც გავწიე: და აჰა, ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და არ არის სარგებელი მზისქვეშეთში.
12 . მოვბრუნდი, რომ სიბრძნე, სიგიჟე და სიბრიყვე მეხილა. რადგან რა შეუძლია გააკეთოს კაცმა, ვინც მეფის შემდეგ მოვა? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია.
13 . და ვნახე, რომ სიბრძნე აღემატება სიბრიყვეს, ისევე, როგორც სინათლე - სიბნელეს,
14 . რადგან ბრძენის თვალები მის გონებაშია, ბრიყვი კი სიბნელეში დადის; და მაინც - ერთი ხვედრი ეწევათ ორივეს.
15 . ვთქვი ჩემთვის: "მეც და ბრიყვსაც ერთი ხვედრი გვაქვს, მაშ, რაღად ვიყავ სხვაზე ბრძენი?” და ვთქვი ჩემს გულში, ესეც ამაოებაა,
16 . არც ბრძენი ეხსომებათ მარადიულად და არც - ბრიყვი. ყველაფერი დავიწყებულ იქნება მომავალ დღეებში. ბრძენიც ისევე კვდება, როგორც ბრიყვი!
17 . მოვიძულე ცხოვრება, რადგან მწუხარებად მივიჩნიე ყოველივე რაც მზისქვეშეთში ხდება; რადგან ამაოებაა ყოველივე და ქარის დევნა!
18 . მთელი ჩემი ნახელავიც მოვიძულე, რისთვისაც ამ მზისქვეშეთში მიშრომია, რადგან ვუტოვებ კაცს, ჩემ შემდეგ მოსულს.
19 . და ვინ იცის, ბრძენი იქნება იგი თუ ბრიყვი; ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით მოპოვებულს მზისქვეშეთში. ესეც ამაოებაა!
20 . ამიტომ გული ამიცრუვდა - მზისქვეშეთში მთელი ჩემი შრომის ნაყოფზე.
21 . ვინაიდან არის კაცი, რომელიც სიბრძნით, ცოდნითა და ნიჭით იღწვის, მემკვიდრეობას კი ისეთ კაცს უტოვებს, რომელსაც არ უშრომია. ესეც ამაოებაა და დიდი ბოროტება!
22 . მაშ, რაღას იღებს ადამიანი, მთელი მისი შრომისა და გულის წადილის შედეგად რომ შრომობს მზისქვეშეთში?
23 . აკი ტკივილია დღეები მისი და მწუხარება - საქმე მისი, ღამითაც კი არ აქვს მოსვენება მის გულს. ესეც ამაოებაა.
24 . კაცისთვის არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ჭამოს, სვას და თავისი ნაშრომის სიკეთით დატკბეს; ვიხილე ეს და ვთქვი - ესეც, ღმერთის ხელიდანაა.
25 . რადგან ვინ შეჭამს და ვინ დატკბება - მის გარეშე?
26 . მისთვის სათნო კაცს, ღმერთი სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს აძლევს. ცოდვილს კი - მოგროვებისა და შეკრების საზრუნავი მისცა, რათა ღმერთის სათნოს დაუტოვოს მონაგარი. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . ვინაიდან, აჰა, ცაბაოთ უფალი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენსა და შეწევნას, პურისა და წყლის მთელ მარაგს.
2 . მამაცსა და მებრძოლს, მოსამართლესა და წინასწარმეტყველს, ჯადოსანსა და უხუცესს,
3 . ორმოცდაათისთავსა და წარჩინებულს, მრჩეველსა და ბრძენს, ოსტატსა და გამოცდილ მისანს.
4 . ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად და ჩვილნი იბატონებენ მათზე.
5 . შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო - პატივდებულს.
6 . ამიტომ ჩაეჭიდება კაცი თავის ძმას მამამისის სახლიდან და ეტყვის: "მოსასხამი გაქვს, უფროსად უნდა გაგვიხდე, შენს განკარგულებაში იყოს ეს ნანგრევები!”
7 . ის კი ასე შეეპასუხება იმ დღეს: "არ გაგიხდებით უფროსად, რადგან არც პურია ჩემს სახლში და არც სამოსელი; მე ნუ დამაყენებთ ხალხის უფროსად!”
8 . ვინაიდან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან უფლის წინააღმდეგაა მათი ენა და მოქმედება, რათა აუჯანყდნენ მის დიდებულ თანდასწრებას.
9 . მათივე სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, სოდომელებივით ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს, არ ფარავენ; ვაი მათ, რადგან ბოროტებას მოაწევენ საკუთარ თავებს.
10 . უთხარით მართალს, რომ ნეტარია, რადგან თავის შრომის ნაყოფს შეჭამს.
11 . ვაი უმართლო ბოროტმოქმედს, რადგან თავისი ხელის საქმეთა მიხედვით მიეზღვება.
12 . ჩვილნი ავიწროებენ ჩემს ხალხს და დედაკაცნი მმართველობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლნი გაცდუნებენ და სავალი გზები გაგიმრუდეს.
13 . აღდგება უფალი შესადავებლად და წამოიმართება ხალხთა განსაკითხად.
14 . განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: "თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები.
15 . ძალადობთ ჩემს ხალხზე და აჭირვებთ გლახაკებს!” - თქვა მბრძანებელმა, ცაბაოთ უფალმა.
16 . ამბობს უფალი: "რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ.
17 . თხემზე ქეცს შეჰყრის უფალი სიონის ასულთ და გამოაჩენს მათ სიშიშვლეს”.
18 . იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავებს, თმის ბადეებსა და ნახევარმთვარეებს,
19 . საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს,
20 . თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებსა და ბაფთებს, სუნამოებსა და თილისმებს,
21 . ბეჭდებსა და ნესტოების რგოლებს,
22 . მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს,
23 . გამჭვირვალე ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს;
24 . იქნება: კეთილსურნელების ნაცვლად - ხრწნის სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად - საბელი, ვარცხნილობის ნაცვლად - სიქაჩლე, კოხტა მოსასხამის ნაცვლად - ჯვალო, მშვენიერების ნაცვლად კი - დაღი.
25 . შენი კაცები მახვილით დაეცემიან და შენი ძლიერნი ბრძოლაში დაიხოცებიან.
26 . იქვითინებენ და იგლოვებენ კარიბჭენი და გამოცარიელებული დარჩება ეს ქვეყანა.
1 . ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს,
2 . რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები.
3 . რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?
4 . აღარაფერი დაგრჩებათ გარდა იმისა, რომ ტყვეთა შორის ჩაიკეცოთ და დახოცილთა შორის დაეცეთ. მაგრამ მაინც არ დაცხრება მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.
5 . ვაი აშურს, ჩემი რისხვის კვერთხს! არგანი მის ხელში ჩემი რისხვის იარაღია!
6 . უღმერთო ხალხზე ვაგზავნი და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ, რომ გაძარცვოს და ნადავლი წამოიღოს, ქუჩის ტალახივით გათელოს ისინი.
7 . მაგრამ ასე არ ფიქრობს იგი და არც ასე გეგმავს თავის გულში, რადგან ცოტა ხალხის განადგურებას და მოსპობას არ ლამობს.
8 . ვინაიდან ამბობს: "განა ჩემი მთავრები ყველანი მეფენი არ არიან?
9 . განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია?
10 . აკი მისწვდა ჩემი ხელი კერპების მქონე სამეფოებს, რომლებსაც უფრო მეტი კერპები ჰყავდათ, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიას.
11 . როგორც სამარიასა და მის კერპებს მოვექეცი, განა ისე არ მოვექცევი იერუსალიმსა და მის გამოსახულებებს?”
12 . და იქნება, როცა დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინღა მოინახულებს აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის შედეგს.
13 . რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით, ჩემი სიბრძნით და გონიერებით გავაკეთეო ეს; მე გავაუქმე ხალხთა საზღვრები და დავიტაცეო მათი საგანძურები, ძლიერი კაცივით დავამხე მათში მცხოვრებნი.
14 . როგორც ბუდეს, ისე მისწვდა ჩემი ხელი ხალხთა სიმდიდრეს, მიტოვებული კვერცხებივით მოვაგროვეო მთელი ქვეყანა; არავინ იყო ფრთის შემრხევი, პირის გამღები და ხმის ამომღები.
15 . თუ ეტრაბახება ცული მჩეხავს? ხერხი თუ ედიდგულება მხერხავს? განა კვერთხი თავისით აღიმართება? განა ყავარჯენი თავისით გაივლის?
16 . ამიტომ სიმჭლევეს მოავლენს ღმერთი, ცაბაოთ უფალი მის მსუქნებზე და მისი დიდების ქვეშ მწველი ალის მსგავსი ცეცხლი დაინთება.
17 . და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და მისი წმიდა - ალად, იგიზგიზებს და ერთ დღეში შეჭამს მის ძეძვსა და ნარ-ეკალს.
18 . სულით ხორცამდე მოსპობს მისი ტყის დიდებას და მის ნაყოფიერ მინდორს; ავადმყოფი კაცივით გაძვალტყავდება.
19 . მისი ტყე ისე გამეჩხერდება, რომ დარჩენილ ხეებს ყმაწვილიც კი დაითვლის.
20 . და იქნება, იმ დღეს აღარ დაეყრდნობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნაშთი თავის მომსვრელს; ჭეშმარიტად, უფალს, ისრაელის წმიდას დაეყრდნობა.
21 . მიბრუნდება ნაშთი, იაკობის სახლის ნატამალი ძლიერი ღმერთისკენ.
22 . ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს შენი ხალხი, ისრაელ, მხოლოდ მისი ნატამალი მიუბრუნდება. გადაწყვეტილია, რომ უნდა განადგურდეს, სამართლიანობით უნდა წაილეკოს.
23 . რადგან ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა განადგურება, აღასრულებს კიდეც მთელ ქვეყანაზე.
24 . ამიტომ ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და ეგვიპტესავით აღუმართავს შენზე არგანი.
25 . რადგან სულ ცოტაც და გადაივლის ჩემი წყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაღუპად შებრუნდება.
26 . აღმართავს მასზე ცაბაოთ უფალი სიკვდილის მათრახს, როგორც ყორების კლდესთან მიდიანის დამარცხებისას; აღიმართება მისი კვერთხი ზღვაზე, როგორც ეგვიპტეში აღმართა.
27 . ასე იქნება იმ დღეს, როცა ჩამოგეხსნება მხრებიდან მისი ტვირთი და ქედიდან მისი უღელი; დაიმსხვრევა უღელი სიმსუქნის გამო.
28 . ყაიათში გადმოვიდა, გადაიარა მიგრონი და მიქმაშში დააწყო საჭურველი.
29 . გაიარა გასასვლელი, ღამე გებაყში გაათია, შეძრწუნებულია რამა, საულის გიბყა გაიქცა.
30 . ხმამაღლა იყვირე, გალიმის ასულო, მოისმინე, ლაიშავ და საბრალო ყანათოთო!
31 . მადმენა გაიქცა, გებიმის მცხოვრებლები თავშესაფარს ეძებენ.
32 . კიდევ ერთ დღეს ნობში დადგება, მუშტს დაუქნევს სიონის ასულის მთას და იერუსალიმის მაღლობს.
33 . აჰა, ღმერთი, ცაბაოთ უფალი, საშინლად ლეწავს ტოტებს, ტანმაღალნი მოიკვეთებიან და ქედმაღალნი დაემხობიან.
34 . რკინით გაჩეხავს უღრან ტყეს და დასცემს ლიბანს ძლევამოსილი.
1 . ჩაიმუხლა ბელი, მოიხარა ნებო; მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; მძიმეა დატვირთული ურმები, ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.
2 . მოიდრიკნენ, ყველანი ერთად მოიხარნენ, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თვითონაც ტყვეობაში ჩავარდნენ.
3 . "მისმინე, სახლო იაკობისა და ისრაელის სახლის მთელო ნატამალო! ჩემს მიერ იქენით შობილნი და დედის საშოდანვე მე გატარებდით.
4 . იგივე ვარ თქვენს სიბერემდეც და მევე გატარებთ თქვენს ჭაღარამდე; მე შეგქმენი და მე გატარებ; მე გიტვირთავ და მე გამოგიხსნი.
5 . ვის მიმამსგავსებთ, გამიტოლებთ ან შემადარებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?
6 . ქისიდან ჰყრიან ოქროს ზოგიერთნი და სასწორზე სწონიან ვერცხლს, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ, მერე მის წინაშე ემხობიან და თაყვანს სცემენ.
7 . მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე თავის ადგილზე დასვამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, შესძახიან და პასუხს არ სცემს, ვერ იხსნის მათ გასაჭირიდან.
8 . გაიხსენეთ და მუდამ გახსოვდეთ, გულთან მიიტანეთ, დამნაშავენო.
9 . გაიხსენეთ უწინდელი, დიდი ხნის წარსული, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა, მე ღმერთი ვარ და არვინ არის ჩემი მსგავსი.
10 . დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.
11 . გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან მონადირე ფრინველს, კაცს შორი ქვეყნიდან, ჩემი რჩევის შემსრულებელს; ჭეშმარიტად, აკი ვთქვი, ჭეშმარიტად, აღვასრულებ კიდეც; მე დავგეგმე და კიდეც გავაკეთებ.
12 . მისმინეთ, გულგაჯიუტებულნო, სიმართლისგან შორს მყოფნო:
13 . მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.
1 . "აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.
2 . რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი - ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება.
3 . ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი - შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.
4 . თვალები აღაპყარი, მიმოიხედე და იხილე: ყველანი ერთად შეკრებილან და შენკენ მოდიან; შორიდან მოემართებიან შენი ძეები და შენი ასულები ხელში აყვანილი მოჰყავთ.
5 . მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, გაოცდები და გაიხარებს შენი გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვასავით სიმდიდრე და ერების დოვლათს შენთან მოიტანენ.
6 . აქლემთა სიმრავლე დაგფარავს, მიდიანისა და ყეფას კოზაკები. შებადან მოვლენ ყველანი, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის ქების კეთილ ამბავს აუწყებენ.
7 . კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენი იქნება, სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემს დიდებულ სახლს განვადიდებ.
8 . ვინ არიან, ღრუბელივით რომ დაფრინავენ და მტრედებივით - თავიანთი სამტრედისკენ?
9 . დიახ, კუნძულები დამელოდებიან და თარშიშის ხომალდები პირველნი მოვლენ, რათა შორიდან მოიყვანონ შენი ძეები თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სახელის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.
10 . უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი მოგემსახურებიან; მართალია, ჩემს მრისხანებაში გგვემე, მაგრამ ჩემი მადლით შეგიბრალე.
11 . მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ დაიკეტება არც დილით და არც ღამით, რათა ერების სიმდიდრე მოგიტანონ მათმა მეფეებმა.
12 . რადგან ერი და სამეფო, რომელიც არ მოგემსახურება, დაიღუპება და აოხრდებიან ერები.
13 . ლიბანის დიდება მოვა შენთან: ალვა, ნეკერჩხალი და კვიპაროსი - ერთად, რათა საწმიდრის ადგილი დამიმშვენონ; და ჩემს ფერხთა ადგილს მე განვადიდებ.
14 . შენი მჩაგვრელების ძენი ქედმოხრილნი მოვლენ შენ წინაშე, შენი მოძულენი შენს ფეხთა თითებთან დაემხობიან; და გიწოდებენ უფლის ქალაქს, სიონს, ისრაელის წმიდისა.
15 . იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ იყო შენში გამვლელი, საუკუნო სიამაყედ გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში.
16 . ერთა რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი გადამრჩენელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
17 . სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად - ვერცხლს, ხის ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას; მშვიდობას დაგიდგენ მმართველად და სიმართლეს ზედამხედველად.
18 . აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და ნგრევა - შენს საზღვრებში. ხსნას უწოდებ შენს გალავნებს და ქებას - შენს კარიბჭეებს.
19 . მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ბრწყინვალება აღარ გაგინათებს, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი ღმერთი - შენს დიდებად.
20 . აღარ ჩავა შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაიბინდება, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი გლოვის დღეები დასრულდება.
21 . მთელი შენი ხალხი მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული ყლორტი, ჩემს ხელთა ქმნილება, რათა განვდიდდე მე.
22 . მცირე ათასად გადაიქცევა და უმცირესი - ძლიერ ერად: მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!”
1 . მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ, უფლის სახლის ზედამხედველმა, ეს სიტყვები, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა.
2 . აცემინა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველი და დილეგში ჩააგდო, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლთან.
3 . მეორე დღეს, როცა ფაშხურმა იერემია გამოუშვა დილეგიდან, უთხრა მას იერემიამ: "ფაშხურს კი აღარ გიწოდებს უფალი, არამედ მაგორ-მისსაბიბს (შიშის ზარი ყოველი მხრიდან).
4 . რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიშის ზარს დაგცემ შენ და ყველა შენს მეგობარს, თავიანთი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი და შენი თვალით ნახავ ამას; ბაბილონის მეფეს მივცემ ხელში მთელ იუდას, ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით მოსრავს.
5 . ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მის ნაჯაფარსა და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეების მთელ საგანძურს ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, წაიღებენ და ბაბილონში მიიტანენ.
6 . შენც, ფაშხურ, და ყველას, ვინც შენს სახლში ცხოვრობს, ტყვედ წაასხამენ, ბაბილონში წახვალ, იქ მოკვდები. იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მეგობარი, რომლებსაც სიცრუეს უწინასწარმეტყველებდი”.
7 . შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის.
8 . რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.
9 . ვთქვი: "აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
10 . ბევრისგან ცუდი მესმოდა, შიში იყო ირგვლივ, ამბობენ: ბრალი დასდეთ და ჩვენც დავდებთო. ყველა მეგობარი, ვისაც ვენდობოდი, ჩემს წაბორძიკებას დარაჯობს; ამბობენ: "იქნებ შეცდეს, მაშინ ვძლევთ და შურს ვიძიებთო”.
11 . უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
12 . ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
13 . უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი! რადგან მან იხსნა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან.
14 . წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
15 . წყეული იყოს კაცი, რომელმაც ამცნო მამაჩემს: "ძე შეგეძინაო!” და გაახარა იგი.
16 . იმ ქალაქებივით იყოს ის კაცი, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად. დაე, კივილი ესმოდეს დილაობით და საბრძოლო განგაშის ხმა შუადღისას,
17 . იმის გამო, რომ საშოში არ მომკლა, რათა დედაჩემი გამხდარიყო ჩემი სამარე, მისი საშო კი - მარად ორსული.
18 . რისთვის გამოვედი საშოდან? რომ სატანჯველი და მწუხარება მენახა და სირცხვილში გამეტარებინა ჩემი დღეები?
1 . ესაა წერილი, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან დევნილთა ნარჩენ უხუცესთ და ღვთისმსახურთ, წინასწარმეტყველთ და მთელ ხალხს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში განდევნა.
2 . ეს მას შემდეგ იყო, მეფე იექონია და დედოფალი, იუდასა და იერუსალიმის საჭურისნი და მთავარნი, ხურონი და მჭედელნი რომ წავიდნენ იერუსალიმიდან.
3 . წერილი გაიგზავნა ყელასა შაფანის ძისა და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც ციდკიამ, იუდას მეფემ გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან ბაბილონში, ამ სიტყვებით:
4 . "ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა დევნილს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში განიდევნა:
5 . აიშენეთ სახლები და დაფუძნდით, გაიშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი,
6 . შეირთეთ ცოლები და შვით ძენი და ასულნი; შერთეთ თქვენს ძეებს ცოლები და გაათხოვეთ თქვენი ასულები; მათაც შვან ძენი და ასულნი; გამრავლდით, არ შემცირდეთ.
7 . მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.
8 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ნუ გაცდუნებენ თქვენი წინასწარმეტყველნი და თქვენი გრძნეულნი, თქვენ შორის რომ არიან, ნურც სიზმრებს ირწმუნებთ, თქვენ რომ გესიზმრებათ.
9 . ვინაიდან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით - მე არ გამომიგზავნია! - ამბობს უფალი.
10 . რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე.
11 . ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.
12 . მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ.
13 . ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით.
14 . თავს გაპოვნინებთ, ამბობს უფალი, და დაგაბრუნებთ ტყვეობიდან, შეგკრებთ ყველა ერიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ, ამბობს უფალი; და დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გაგდევნეთ.
15 . ამბობთ: უფალმა დაგვიყენაო წინასწარმეტყველნი ბაბილონში;
16 . ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის ტახტზე და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხზე, თქვენს ძმებზე, რომლებიც თქვენთან ერთად არ წამოსულან გადასახლებაში;
17 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავუშვებ მათზე მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს, და დამპალ ლეღვს დავამგვანებ, რისი ჭამაც არ შეიძლება მისი უვარგისობის გამო.
18 . დავედევნები მათ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, საფრთხობელად ვაქცევ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის, საწყევრად, შესაძრწუნებლად, გასაქირდად და სალანძღავად ყველა ერში, რომელშიც გავაძევებ.
19 . იმის საზღაურად, რომ არ შეისმინეთ ჩემი სიტყვები, ამბობს უფალი, რომელთაც ვგზავნიდი კვლავ და კვლავ ჩემი მსახურების, წინასწარმეტყველების მეშვეობით; გათენებისთანვე ვგზავნიდი, მაგრამ არ შეისმინეთ, ამბობს უფალი.
20 . თქვენც ისმინეთ უფლის სიტყვა, დევნილნო, მე რომ გაგაგზავნეთ იერუსალიმიდან ბაბილონში.
21 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე, და ციდკიაზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ ჩემი სახელით: აჰა, ხელში ჩავუგდებ მათ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ის მოკლავს მათ თქვენს თვალწინ.
22 . ისინი იტვირთებენ წყევლას იუდას მთელი დევნილებისთვის ბაბილონში; იგავად იტყვიან: დაე, უფალმა გაგხადოს ციდკიასა და ახაბივით, რომლებიც ცეცხლზე შეწვა ბაბილონის მეფემო.
23 . რადგან უგუნურად იქცეოდნენ ისრაელში, მრუშობდნენ მოყვასთა ცოლებთან და სიცრუეს ლაპარაკობდნენ ჩემი სახელით, რაც მე არ მიბრძანებია; მე ვარ ამის მოწმე, ამბობს უფალი.
24 . შემაყია ნეხელამელს კი ეტყვი,
25 . ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ხალხს, მღვდელ ცეფანია მაყასეიას ძეს, და ყველა მღვდლებს,
26 . რომ უფალმა იეჰოიადაყის ნაცვლად დაგაყენა ღვთისმსახურად, რათა თვალყური გედევნებინა ყოველი შეშლილისთვის უფლის ტაძარში, წინასწარმეტყველად რომ ასაღებს თავს, შეგებორკა და საკანში გამოგემწყვდია.
27 . ახლა რატომ არ ტუქსავ იერემია ყანათოთელს, რომელიც გიწინასწარმეტყველებთ?
28 . რადგან ჩვენც შემოგვითვალა ბაბილონში, დევნილობა ხანგრძლივი იქნებაო; აიშენეთ სახლები, დაფუძნდით, ბაღები გაიშენეთ და მათი ნაყოფი ჭამეთო”.
29 . წინასწარმეტყველ იერემიას გასაგონად წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი;
30 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიას მიმართ:
31 . "დევნილებს შეუთვალე: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: იმის გამო, რომ შემაყია გიწინასწარმეტყველებთ, მე რომ არ გამომიგზავნია, და ამაოდ გაიმედებთ,
32 . ამიტომ ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის თესლს; აღარავინ ეყოლება ამ ხალხში, და ვერ იხილავს იმ სიკეთეს, ჩემს ხალხს რომ უნდა გავუკეთო, ამბობს უფალი, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებდა!”
1 . "იმ დროს, ამბობს უფალი, მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!
2 . ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა წყალობა მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მოვდივარ, რათა ისრაელი დავამშვიდო”.
3 . შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: "სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.
4 . კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.
5 . ისევ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებში, დარგავენ დამრგველნი და მოიმკიან.
6 . ვინაიდან დადგება დღე და დაიძახებენ გუშაგნი ეფრემის მთაზე: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.
7 . ასე ამბობს უფალი: "სიხარულით უმღერეთ იაკობს და შემოსძახეთ ხალხთა წინამძღოლს; გამოაცხადეთ, შეაქეთ და უთხარით: შენ იხსენი, უფალო, შენი ხალხი, ნარჩენი ისრაელისა!
8 . აჰა, მომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დედამიწის კიდეებიდან შევკრებ მათ; ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე მათთან ერთად იქნებიან, დიდი კრებული დაბრუნდება.
9 . ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.
10 . ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!
11 . რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.
12 . მოვლენ და ხმამაღლა შესძახებენ სიონის სიმაღლეებზე; უფლის სიკეთეზე იყიჟინებენ: მარცვლეულზე და მაჭარზე, ზეთზე და ცხვარ-ძროხის მონაგებზე, და იქნება მათი სული მორწყული ბაღივით და აღარასოდეს დანაღვლიანდებიან.
13 . მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.
14 . მღვდელთა სულებს ცხიმით დავანაყრებ და ჩემი ხალხი ჩემი სიკეთით გაძღება! ამბობს უფალი.
15 . ასე ამბობს უფალი: "ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები”.
16 . ასე ამბობს უფალი: "თავი შეიკავე ტირილისგან, ნუღარ გდის ცრემლი, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს, ამბობს უფალი, დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
17 . არის იმედი შენი მომავლისა, ამბობს უფალი, დაგიბრუნდებიან შენი ძენი ტყვეობიდან!”
18 . ნამდვილად გავიგონე ეფრემის წუხილი: "შენ დამსაჯე და დასჯილი ვარ, როგორც მოურჯულებელი მოზვერი; დამაბრუნე და დავბრუნდები, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
19 . მოვბრუნდი და მოვინანიე მას შემდეგ, რაც მივხვდი და მკერდზე ვიცემდი ხელს; შემრცხვა და დავმცირდი, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილი მიტარებია!”
20 . "განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
21 . "აღმართე ბოძები, განალაგე გზის მაჩვენებლები, გული დაუდე და დაუკვირდი გზას, რომლითაც დადიხარ. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი შენს ქალაქებს.
22 . როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? უფალმა ახალი რამ მოიტანა ქვეყანაზე - დიაცი დაუწყებს დევნას მამაკაცს!”
23 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "კვლავ იტყვიან ამ სიტყვებს იუდას ქვეყანასა და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან მობრუნდებიან: უფალმა გაკურთხოს, სამკვიდრებელო სიმართლისა, წმიდა მთაო!
24 . კვლავ ერთად დასახლდებიან იუდასა და ყველა მის ქალაქში მიწათმოქმედნი და მესაქონლენი.
25 . რადგან დავარწყულებ გადაღლილებს და განვაახლებ ყველა დამწუხრებულ სულს”.
26 . ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; სასიამოვნო იყო ჩემი ძილი.
27 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, დავთესავ ისრაელისა და იუდას სახლებში ადამიანისა და საქონლის თესლს.
28 . და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა, შემემუსრა, დამენგრია, მომესპო და გამეუბედურებინა, ისევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო” - ამბობს უფალი.
29 . იმ დღეებში აღარ იტყვიან: "მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს კბილები მოეკვეთათო!”
30 . რადგან თითოეული თავისი ურჯულოებით მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
31 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს.
32 . არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” - ამბობს უფალი.
33 . "რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! - აცხადებს უფალი, - შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;
34 . და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
35 . ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
36 . "თუ გაუქმდება ეს წესი ჩემ წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობაც სამუდამოდ შეწყვეტს ხალხად ყოფნას ჩემ წინაშე”.
37 . ასე ამბობს უფალი: "თუ გაიზომება ზემოთ ცა და გამოიკვლევა ქვემოთ დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ შთამომავლობას ყოველივე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” - ამბობს უფალი.
38 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და კვლავ აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.
39 . ზღვარი მისი შორს, პირდაპირ გიბყათის ღარებამდე გადავა და გოყათისკენ მობრუნდება.
40 . გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა”.
1 . იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს სიტყვა იყო უფლისგან იერემიასადმი:
2 . "აიღე გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე მითქვამს იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე, იოშიას გამეფებიდან დღემდე.
3 . მოისმენს იუდას ხალხი ყველა იმ უბედურებაზე, რის ქმნასაც ვუპირებ მათ და იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რომ ვაპატიო ბოროტება და ცოდვა”.
4 . მოუხმო იერემიამ ბარუხ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუხმა გრაგნილში იერემიას პირით ნაკარნახები უფლის ყველა სიტყვა, რაც მას უფალმა უთხრა.
5 . უთხრა იერემიამ ბარუხს: "დამწყვდეული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა,
6 . შენ წადი უფლის სახლში და მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც ჩემი კარნახით გაქვს დაწერილი; მთელი იუდას ხალხის გასაგონად წაიკითხე, რომლებიც თავ-თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსულნი.
7 . იქნებ აღავლინონ ვედრება უფლის წინაშე, იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, რაც უფალმა თქვა ამ ხალხზე”.
8 . ყველაფერი ისე გააკეთა ბარუხ ნერიას ძემ, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა უბრძანა; უფლის სახლში წაიკითხა გრაგნილში ჩაწერილი უფლის სიტყვები.
9 . იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეხუთე წლის მეცხრე თვეს გამოაცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მცხოვრებლებმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულმა მთელმა ხალხმა.
10 . ხმამაღლა წაიკითხა ბარუხმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად.
11 . მოისმინა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის ყოველი სიტყვა გრაგნილიდან,
12 . ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი: ელიშამა მწერალი და დელაია შემაიას ძე, ელნათან ახბორის ძე და გემარია შაფანის ძე, ციდკიაჰუ ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
13 . უთხრა მათ მიქაიამ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როცა ბარუხი გრაგნილიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.
14 . გაგზავნეს მთავრებმა ბარუხთან იეჰუდი, ქუშის ძე, შელემიას ძე, ნეთანიას ძე და შეუთვალეს: "აიღე ხელში გრაგნილი, ხალხის გასაგონად რომ კითხულობდი და მოდი!” აიღო ბარუხ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მათთან მივიდა.
15 . უთხრეს: "დაჯექი და ჩვენს გასაგონად წაიკითხე”; წაიკითხა ბარუხმა მათ გასაგონად.
16 . როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს, შიშით გადახედეს ერთმანეთს და ბარუხს უთხრეს: "ყველა ამ სიტყვას მეფეს გადავცემთ”.
17 . ჰკითხეს ბარუხს: "გვიამბე, როგორ დაწერე ყველა ეს სიტყვა? იერემია ხომ არ გკარნახობდა?”
18 . "დიახ, უპასუხა ბარუხმა, თავად მკარნახობდა ყველა ამ სიტყვას და მეც მელნით ვიწერდი გრაგნილში”.
19 . უთხრეს მთავრებმა ბარუხს: "წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, ნურავის გააგებინებთ თქვენს სამყოფელს”.
20 . მას შემდეგ, რაც გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახში დადეს, მეფეს ეახლნენ გარე ეზოში და ყოველი სიტყვა მოახსენეს.
21 . მეფემ იეჰუდი გაგზავნა გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახიდან და წაიკითხა მეფისა და მასთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად;
22 . მეცხრე თვე იყო, მეფე ზამთრის სახლში იჯდა, მის წინ ბუხარი გიზგიზებდა.
23 . წაიკითხავდა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის საჭრელი დანით გრაგნილიდან და ცეცხლში ჩააგდებდა, ბუხარში რომ იყო, ვიდრე მთელი გრაგნილი არ დაიწვა ცეცხლში.
24 . არ შეშინებულან და არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფესა და მის მსახურებს, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
25 . ელნათანი, დელაია და გემარია ემუდარებოდნენ მეფეს, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ ყური არ დაუგდო მათ.
26 . ამის მაგივრად მეფემ მეფის ძე იერახმეელს, სერაია აზრიელის ძესა და შელემია ყაბდიელის ძეს უბრძანა შეეპყროთ ბარუხ მწერალი და იერემია წინასწარმეტყველი, მაგრამ უფალმა გადამალა ისინი.
27 . და იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუხმა იერემიას კარნახით დაწერა:
28 . "აიღე სხვა გრაგნილი და ყველა ის სიტყვა დაწერე მასზე, რაც იმ პირველ გრაგნილში ეწერა, იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ რომ დაწვა.
29 . ასევე, იეჰოიაკიმს უთხარი, იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უსათუოდ მოვა ბაბილონის მეფე, გაანადგურებს ამ ქვეყანას და ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელს გააქრობსო?
30 . ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: არავინ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი გვამი კი დღის პაპანაქებაში და ღამის ყინვაში ეგდება.
31 . მე დავსჯი მას, მის შვილებსა და მის მსახურებს მათი ბოროტების გამო! მათზე, იერუსალიმზე და იუდას მცხოვრებლებზე ყველა იმ უბედურებას მოვაწევ, რომელიც მათ წინააღმდეგ წარმოვთქვი, რადგან არ მისმინეს”.
32 . აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა ბარუხ ნერიას ძეს, მწერალს. მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა ცეცხლში; კიდევ დაემატა მას მრავალი მსგავსი სიტყვა.
1 . ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ გამეფებისას და თერთმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისს ერქვა ხამიტალი, იერემიას ასული იყო, ლიბნადან.
2 . ბოროტად იქცეოდა იგი უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი.
3 . ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმსა და იუდაზე მანამდე, ვიდრე არ გააძევა ისინი თავისი სახისგან; ბაბილონის მეფეს აუჯანყდა ციდკიაჰუ.
4 . თავისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს გამოვიდა იერუსალიმის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი თავისი ლაშქრით; მის გარშემო დაბანაკდა და მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
5 . ალყაშემორტყმული იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წლამდე.
6 . მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში; პური აღარ ჰქონდა ქვეყნის ხალხს.
7 . გაანგრიეს ქალაქი და ყველა მებრძოლი გაიქცა; ღამით, ორ გალავანს შორის მდებარე კარიბჭის გზით, მეფის ბაღთან რომ იყო, გავიდნენ ქალაქიდან; უდაბნოს გზას დაადგნენ. ქალდეველნი კი ქალაქის ირგვლივ იყვნენ დაბანაკებულნი.
8 . დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს. იერიხოს ტრამალზე მიეწივნენ ციდკიაჰუს, მთელი ლაშქარი შემოეფანტა.
9 . შეიპყრეს მეფე და ბაბილონის მეფეს რიბლაში, ხამათის ქვეყანაში მიჰგვარეს; განაჩენი გამოუტანა ციდკიაჰუს.
10 . თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ ციდკიაჰუს ძეები; იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.
11 . მერე თვალები დათხარა ციდკიაჰუს და ბორკილები დაადო; წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონში და სიკვდილის დღემდე საპყრობილეში ჰყავდა.
12 . მეხუთე თვის მეათე დღეს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის მეცხრამეტე წელს, მცველთა უფროსი ნაბუზარადანი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, მოვიდა იერუსალიმში.
13 . გადაწვა მან უფლის სახლი, მეფის სასახლე და იერუსალიმის ყველა სახლი. ყველა დიდი სახლი ცეცხლში გადაბუგა.
14 . დაანგრია ქალდეველთა მთელმა ლაშქარმა, მცველთა უფროსთან რომ იყო, იერუსალიმის ირგვლივ მთელი გალავანი.
15 . ამის შემდეგ გადასახლებაში წაიყვანა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, ქვეყნის ღარიბთაგანი, ქალაქში დარჩენილი ხალხის ნატამალი და ხელოსნები, რომლებიც ბაბილონის მეფეს ჩაუვარდნენ ხელში.
16 . ქვეყნის ღარიბთაგან ზოგიერთი კი მევენახეებად და მხვნელებად დატოვა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა.
17 . სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, საყრდენები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დაამსხვრიეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში წაიღეს.
18 . ქვაბები, ნიჩბები, დანები, თასები, კოვზები და სპილენძის მთელი ჭურჭელი, ტაძრის მსახურებისთვის რომ იყო, თან წაიღეს.
19 . ფიალები, მაშები, თასები, ქვაბები, ლამპრის სადგამები, საწდეები და საღვრელი შესაწირის ფიალები, ყველაფერი, რაც ოქროსი ან ვერცხლის იყო, წაიღო მცველთა უფროსმა.
20 . ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი სპილენძის ხარი, ზღვის ქვეშ რომ იყო, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.
21 . თითოეული სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო და თორმეტი წყრთა საბელი ჰქონდა შემოვლებული; სისქით ოთხი თითის დადება იყო, შიგნიდან ღრუ.
22 . და სპილენძის გვირგვინი მათზე, თითოეული გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად სპილენძისა იყო; ასეთივე იყო მეორე სვეტი და ბროწეულები.
23 . ოთხმოცდათექვსმეტი ბროწეული იყო ყოველ მხარეს, სულ ასი ბროწეული იყო ბადეზე, ირგვლივ.
24 . და წაიყვანა მცველთა უფროსმა სერაია მღვდელმთავარი და ცეფანია, მეორე მღვდელი, და სამი ტაძრის მცველი.
25 . ქალაქიდან წაიყვანა ერთი მთავარი, რომელიც მებრძოლთა ზედამხედველი იყო და მეფის მრჩეველი შვიდი კაცი, რომლებიც ქალაქში იპოვეს; ასევე მხედართმთავრის მთავარი მწერალი - ქვეყნის ხალხის აღმწერელი; და სამოცი კაცი, ქალაქის შუაგულში რომ აღმოჩნდნენ.
26 . და წაიყვანა ისინი ნაბუზარდანმა, მცველთა უფროსმა და მიიყვანა ბაბილონის მეფესთან რიბლაში.
27 . ძირს დასცა ისინი ბაბილონის მეფემ და დახოცა რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადაასახლა იუდა თავისი მიწიდან.
28 . აჰა, ხალხი რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა: მეშვიდე წელს: სამიათას ოცდასამი იუდეველი;
29 . ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელს: რვაას ოცდათორმეტი სული იერუსალიმიდან.
30 . ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს ნაბუზარდანმა, მცველთა უფროსმა, შვიდას ორმოცდახუთი სული იუდეველი გადაასახლა; სულ ოთხიათას ექვსასი სული.
31 . იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვის მეხუთე დღეს ევილ მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების პირველსავე წელს, თავისი კეთილგანწყობა უჩვენა იეჰოიაქინს, იუდას მეფეს და გამოიყვანა იგი საპყრობილედან.
32 . კეთილად ელაპარაკა მას და იმ მეფეთა ტახტზე მაღლა დაუდგა ტახტი, მასთან რომ იყვნენ ბაბილონში.
33 . გამოიცვალა იეჰოიაქინმა საპატიმრო სამოსელი და მუდამ მეფის წინაშე ჭამდა პურს, მთელი თავისი სიცოცხლის დღეებში.
34 . შეუწყვეტელი საზრდო ეძლეოდა მას ბაბილონის მეფისგან, ყოველდღიური წილი, სიკვდილის დღემდე, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.
1 . მე ვარ კაცი, მისი რისხვის კვერთხით ტანჯვის მნახველი.
2 . განმდევნა და სიბნელეში მატარა, არა ნათელში.
3 . მხოლოდ მე მიღერებს ხელს ისევ და ისევ მთელი დღე.
4 . დააბერა ჩემი ხორცი და კანი, შემუსრა ჩემი ძვლები.
5 . შემომადგა და შემომარტყა სიმწარე და შეჭირვება.
6 . სიბნელეში მამყოფა საუკუნო მკვდარივით.
7 . ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გავიდე; ბორკილები დამიმძიმა.
8 . კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის ახშობს ჩემს ლოცვას.
9 . თლილი ლოდებით გადამიღობა გზები, ბილიკები გამიმრუდა.
10 . ჩასაფრებული დათვივით არის ჩემთვის, დადარაჯებული ლომივით.
11 . გზები გადამიადგილა, ნაკუწ-ნაკუწ დამგლიჯა, გამაპარტახა.
12 . მოზიდა მშვილდი და ისრის სამიზნედ დამაყენა.
13 . შიგნეულში გამიტარა კაპარჭიდან ამოღებული ისრები.
14 . მთელი ხალხის დასაცინი შევიქენი, მათ საშაიროდ მთელ დღეს.
15 . სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
16 . ხრეშით მიმტვრევს კბილებს, მტვრით დამფარა.
17 . მშვიდობამ მიატოვა ჩემი სამშვინველი, დამავიწყდა კეთილდღეობა.
18 . ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი.
19 . გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება, ტანჯვა, აბზინდა და სიმწარე.
20 . დიახ, იხსენებს და დაღონებულია ჩემში სული,
21 . მაგრამ ამას გავიხსენებ გულში და ამიტომ ვიმედოვნებ,
22 . რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა.
23 . განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.
24 . ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომ მაქვს მისი იმედი.
25 . კეთილია უფალი მისი მომლოდინესთვის, მისი მაძიებელი სულისთვის.
26 . სიკეთე მას, ვინც მოთმინებით მოელის ხსნას უფლისგან.
27 . სიკეთე კაცს, რომელმაც თავისი უღელი ზიდა სიჭაბუკეში,
28 . რომელიც განმარტოვებით ზის და დუმს, რადგან უფალმა დაადგა მას იგი.
29 . მტვერშიც რომ ჩადოს ბაგეები, მაინც ექნება იმედი.
30 . ლოყაც მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით.
31 . რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ.
32 . რადგან თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდეც თავისი დიდი მოწყალებით.
33 . რადგან გულით როდი სტანჯავს და ამწუხრებს ადამიანთა შვილებს,
34 . ფეხქვეშ რომ თელავენ ქვეყნის ყველა ტუსაღს,
35 . სამართალს რომ ართმევენ კაცს უზენაესის წინაშე,
36 . საქმეს რომ უმრუდებენ კაცს სასამართლოში, განა ვერ ხედავს ამას უფალი?
37 . ვინ არის, რომ თქვას და შესრულდეს, თუ უფალმა არ ბრძანა?
38 . განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
39 . რატომ ჩივის ცოცხალი ადამიანი, როცა თავისი ცოდვების გამო ისჯება?
40 . გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოვბრუნდეთ უფლისკენ.
41 . გულები და ხელები აღვაპყროთ ზეცაში მყოფი ღმერთისკენ და ვთქვათ:
42 . ჩვენ დავაშავეთ და გეურჩებოდით, შენ არ გვაპატიე.
43 . რისხვით შეიმოსე და გვდევნე, გვხოცე და არ შეგვიბრალე.
44 . ღრუბლით შეიმოსე, რომ არ მოეღწია ჩვენს ლოცვას.
45 . ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხებს შორის.
46 . პირი დააღეს ჩვენზე ჩვენმა მტრებმა.
47 . შიში და განსაცდელი გვხვდა წილად, ნგრევა და განადგურება.
48 . ცრემლის ნაკადები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის განადგურების გამო.
49 . ჩემი თვალები განუწყვეტლივ იღვრება, არ ჩერდება,
50 . ვიდრე არ გადმოიხედება და არ იხილავს უფალი ციდან.
51 . ჩემი თვალები ტკივილს აყენებენ ჩემს სულს ჩემი ქალაქის ასულთა გამო.
52 . ჩიტივით მომინადირეს ჩემმა მტრებმა, უმიზეზოდ.
53 . ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვა მესროლეს.
54 . წყალმა გადამიარა თავზე, ვთქვი: "დავიღუპე”.
55 . შენს სახელს მოვუხმე, უფალო, ღრმა დილეგიდან.
56 . შეისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ვედრებას.
57 . შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმე; მითხარი: "ნუ გეშინია”.
58 . შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე.
59 . შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, ო, უფალო, განიკითხე ჩემი საქმე.
60 . შენ დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ!
61 . შენ გაიგონე მათი ლანძღვა, ო, უფალო, ყოველი მათი მზაკვრული ზრახვა ჩემს წინააღმდეგ.
62 . ჩემზე თავდამსხმელთა ბაგენი და ფიქრნი ჩემს წინააღმდეგაა ყოველდღე.
63 . შეხედე მათ დაჯდომას და მათ ადგომას, დამცინიან თავიანთ სიმღერებში.
64 . მიუზღე მათ საზღაური, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით.
65 . გული დაუბნელე მათ, უფალო; შენი წყევლა იყოს მათზე.
66 . რისხვით დაედევნე და გაანადგურე ისინი უფალო, ცისქვეშეთში.
1 . და ასეთი სიტყვა გადმოვიდა ჩემზე უფლისგან:
2 . "ძეო კაცისავ! მიაქციე სახე ისრაელის მთებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ.
3 . უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ, რას ამბობს უფალი ღმერთი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი მთებს, ბორცვებს, ხევებსა და ხეობებს: აჰა, მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს.
4 . დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები, დაიმსხვრევა თქვენი სვეტები. თქვენი კერპების წინ დავცემ თქვენს დახოცილებს.
5 . მათსავე კერპებს მივუყრი ისრაელის ძეთა გვამებს და მოვფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.
6 . ყველა თქვენი საცხოვრებელი ქალაქი აოხრდება და სიმაღლეები დაინგრევა, რათა აოხრდეს და დაინგრეს თქვენი სამსხვერპლოები და დაიმსხვრეს და გატიალდეს თქვენი კერპები, განადგურდეს თქვენი სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი საქმეები.
7 . დაეცემიან განგმირულნი თქვენ შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
8 . მაგრამ ზოგიერთს დავინდობ და გეყოლებათ მახვილს გადარჩენილნი ხალხებში, დევნილობის მიწაზე.
9 . გამიხსენებენ თქვენგან გადარჩენილნი ხალხებში, სადაც იქნებიან გადასახლებულნი, როცა შევმუსრავ მათ მეძავ გულს, რომელიც განმიდგა და მათ თვალებს, რომლებიც მეძავობდნენ თავიანთი კერპების კვალზე. შეზიზღდებათ საკუთარი თავები იმ ბოროტების გამო, რაც მოიმოქმედეს მთელ თავის სისაძაგლეში.
10 . და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, რომ ამაოდ არ ვამბობდი - მოგაწევთ-მეთქი ამ უბედურებას”.
11 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ხელი ხელს დაჰკარი, დაარტყი ფეხი მიწას და თქვი: აი, უბედურება! ისრაელის ტაძრის ყველა ბოროტებისა და სისაძაგლისთვის მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაეცემიან ისინი.
12 . შავი ჭირით მოკვდეს შორსმყოფი და მახვილით დაეცეს ახლომყოფი, გადარჩენილი კი შიმშილით მოკვდეს ალყაშემორტყმული. და დავასრულებ ჩემს გულისწყრომას მათზე.
13 . და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა განიგმირებიან საკუთარ კერპებს შორის და სამსხვერპლოთა ირგვლივ - ყველა მაღლობზე, მთის წვერზე, ამწვანებული ხის ქვეშ და დატოტვილი მუხის ქვეშ, იქ, სადაც მიჰქონდათ კეთილსურნელება თავიანთი კერპებისთვის.
14 . გავიწვდენ ხელს მათზე, ავაოხრებ ამ ქვეყანას და გავატიალებ დიბლათის უდაბნოდან მოყოლებული, ყველა მათი საცხოვრებლებით და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი”.
1 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემ მიმართ:
2 . "შენ, ძეო კაცისავ, ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, დასასრული! დასასრული მოადგა ქვეყნის ოთხივე კიდეს.
3 . ახლა დასასრულია შენზე; ჩემს რისხვას დავუშვებ შენს წინააღმდეგ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელ შენს სისაძაგლეებს გაზღვევინებ.
4 . არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, აუცილებლად დაგსჯი შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!
5 . "ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, აჰა, გაუგონარი უბედურება მოდის.
6 . დასასრული დგება; დადგა დასასრული! შენს წინააღმდეგ გამოიღვიძა, აჰა, დადგა!
7 . დადგა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მცხოვრებო! მოვიდა ჟამი, მოახლოვდა დღე, დღე შფოთისა და არა მთებზე მხიარული შეძახილებისა.
8 . მალე გადმოვღვრი ჩემს რისხვას შენზე და დავასრულებ ჩემს რისხვას შენ მიმართ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელი შენი სისაძაგლეებისთვის გაზღვევინებ.
9 . არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!
10 . გაფრთხილდით, დადგა სასჯელის დღე! კვერთხმა კვირტები გამოიღო, აყვავდა ამპარტავნება.
11 . ძალადობა ბოროტების კვერთხად აღიმართა და აღარ იქნებიან ისინი, არც მათი ხალხი, არც მათი ქონება; აღარ იქნება არაფერი გამორჩეული მათში.
12 . დადგა ჟამი, მოაწია დღემ. ნუ გაიხარებს მყიდველი, ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელი მათი სიმრავლის წინააღმდეგ.
13 . გამყიდველი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ დაიბრუნებს გაყიდულს, რადგან ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება; თავისი ურჯულოებით სიცოცხლეს ვერავინ შეინარჩუნებს.
14 . საყვირს ჩაჰბერავენ და გაემზადებიან, მაგრამ ვერავინ გავა საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე.
15 . გარეთ მახვილია, შინ - შავი ჭირი და შიმშილი. მინდორში მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და შავი ჭირი შთანთქავს.
16 . გადარჩენილებიც კი მთებში მყოფი ხეობის მტრედებივით იქნებიან - ყველა თავის ურჯულოების გამო იგლოვებს.
17 . ყველა ხელი მოდუნდება და ყველა მუხლი გაწყალდება.
18 . ძაძას შემოირტყამენ და შიშის ზარი დაეცემათ უცაბედად; სირცხვილი იქნება ყველას სახეზე და სიქაჩლე - ყველას თავზე.
19 . თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო საზიზღრობად ექცევათ; ვერცხლი და ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
20 . მისი მშვენიერი მორთულობით ამაყობდნენ და საძაგელი და ბილწი კერპები გაიკეთეს, ამიტომ სისაძაგლედ გავხდი მას მათთვის.
21 . უცხოთა ხელს გადავცემ მას გასაძარცვად და ქვეყნის ბოროტმოქმედთ - ნადავლად, ისინი შებილწავენ მას.
22 . სახეს მივაბრუნებ მათგან, შებღალავენ ჩემს წმიდა ადგილს, მძარცველები შევლენ მასში და შებილწავენ მას.
23 . ჯაჭვი გააკეთე, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი - ძალადობით.
24 . უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.
25 . როცა ტანჯვა მოვა, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
26 . უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
27 . იგლოვებს მეფე, მთავარი შიშით შეიმოსება და ქვეყნის ხალხს ხელები აუკანკალდებათ. მათი გზების მიხედვით მოვექცევი მათ და მათი სამართლის მიხედვით გავასამართლებ; გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! რითი სჯობს ვაზი, ყველა სხვა ხეს, ტყის ხეთა შორის რომ არის?
3 . განა იღებენ მისგან მერქანს რაიმე ნაკეთობის გასაკეთებლად? ან კაუჭი თუ გამოვა მისგან რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად?
4 . აჰა, ცეცხლში ჩააგდებ დასაწველად; მის ორივე ბოლოს დასწვავს ცეცხლი და შუაგულიც გამოეწვება. განა გამოდგება იგი რამეში?
5 . აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა, მით უმეტეს ცეცხლმა რომ დასწვა და გამოიწვა, რაღაში გამოდგება?”
6 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მოვექცევი იერუსალიმის მკვიდრებსაც.
7 . მათ წინააღმდეგ მივაქცევ სახეს, ცეცხლიდან რომც გამოვიდნენ, მაინც ცეცხლი შეჭამთ. მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა სახეს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.
8 . ასე გავატიალებ ამ ქვეყანას იმის გამო, რომ მღალატობდნენ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! მიუთითე იერუსალიმს მის სისაძაგლეებზე.
3 . უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: წარმოშობა და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი - ამორელია და დედაშენი - ხეთელი.
4 . იმ დღეს, შენ რომ დაიბადე, არც ჭიპლარი მოუჭრიათ შენთვის და არც წყლით განბანილხარ გასასუფთავებლად, არც მარილით გახეხილხარ და არც საფენებში შეფუთულხარ.
5 . არავის თვალს არ შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად, ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან მოგიძულეს.
6 . გვერდზე ჩაგიარე, საკუთარ სისხლში იყავი მოსვრილი. სისხლიანს გითხარი, იცოცხლე-მეთქი!
7 . მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე, გაიზარდე და სამკაულივით დამშვენდი, მკერდი დაგემჩნა და თმა გაგეზარდა, თუმცა შიშველ-ტიტველი იყავი.
8 . კვლავ ჩაგიარე, შემოგხედე და, აჰა, სიყვარულის ჟამი დაგდგომოდა; კალთა გადაგაფარე და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
9 . როცა ჩვილი იყავი, წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი გცხე.
10 . მოქარგული ქსოვილით შეგმოსე, ფეხზე რბილი ტყავი ჩაგაცვი, ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახვიე.
11 . სამკაულებით შეგამკე, ხელებზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელსაბამი ჩამოგკიდე.
12 . ნესტოზე რგოლი გაგიკეთე, ყურებზე - საყურეები, თავზე მშვენიერი გვირგვინი დაგადგი.
13 . ოქროთი და ვერცხლით მოირთე, სამოსლად ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი გქონდა; გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი; მეტად, მეტად გალამაზდი და სადედოფლო გახდი.
14 . სახელი გაგივარდა ხალხებში შენი სილამაზის გამო, რადგან სრულყოფილი იყო იგი ჩემი დიდებით, რითაც შეგამკე” - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . "შენ კი, შენს სილამაზეს მიენდე და გაგამეძავა შენმა სახელმა, ყოველ გამვლელს უწვებოდი და მისი ხდებოდი.
16 . აიღე შენს სამოსელთაგან, მაღლობები მოირთე და მეძავობდი მათზე, რისი მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება.
17 . აიღე შენი სამკაული ჩემი ოქრო-ვერცხლიდან, მე რომ მოგეცი, მამაკაცის გამოსახულება გაიკეთე და მეძავობდი მასთან.
18 . აიღე ნაქარგი ქსოვილის სამოსელი და მათ გადააფარე, ჩემს ზეთსა და საკმეველს სწირავდი მათ წინაშე.
19 . ჩემი მოცემული პური, გამტკიცული ფქვილი, ზეთი და თაფლი, მე რომ გაჭმევდი - მათ სწირავდი სასიამოვნო კეთილსურნელებად!” - ამბობს უფალი ღმერთი.
20 . "შენს ძეებსა და ასულებს, მე რომ გამიჩინე, მსხვერპლად სწირავდი კერპებს ჩასანთქმელად, თითქოს შენი მეძავობა არ იყო საკმარისი.
21 . შენ კლავდი ჩემს შვილებს და კერპებს აძლევდი.
22 . მთელ ამ სისაძაგლესა და სიძვობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი საკუთარ სისხლში იყავი ამოთხვრილი.
23 . ყველა ამ ბოროტების შემდეგ - ვაი, ვაი შენ! - ამბობს უფალი ღმერთი.
24 . აიშენე შენთვის სამეძაოები და გორაკი გაიკეთე ყველა მოედანზე.
25 . ყოველ ქუჩისთავში აიშენე გორაკი და გამოფინე შენი სილამაზე, ფეხებს უშლიდი ყველა გამვლელს და ამრავლებდი შენს სიძვას.
26 . მეძავობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს გულისთქმიან მეზობლებთან; ამრავლებდი შენს სიძვას ჩემს გასაჯავრებლად.
27 . აჰა, გამოვიწოდე ხელი და შეგიმცირე შენთვის გამზადებული მიწა. შენს მოძულეებს გადაგეცი, ფილისტიმელ ასულებს, რომელთაც რცხვენოდათ შენი გარყვნილი გზისა.
28 . აშურის ძეებთანაც მეძავობდი, გაუმაძღრობის გამო მეძავობდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ გაძეხი.
29 . მეტად გაამრავლე შენი სიძვა ქანაანის ქვეყანაში ქალდეამდე, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდი.
30 . როგორ გაგეთანგა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივეს ამას სჩადიოდი, როგორც აღვირახსნილი მეძავი ქალი.
31 . იშენებდი გორაკებს ყოველ ქუჩისთავში და საროსკიპოებს - ყველა მოედანზე, მაშინ მეძავივით არ იყავი, რადგან უარს ამბობდი საფასურზე.
32 . მრუში ცოლივით, რომელიც ქმრის ნაცვლად უცხოებს უწვება.
33 . ყველა როსკიპ ქალს საჩუქარს აძლევენ, შენ კი პირიქით, იქით ასაჩუქრებდი შენს საყვარლებს და ქრთამავდი შენთან მოსასვლელად ყოველი მხრიდან, შენთან სიძვისთვის.
34 . შენ სხვა ქალებისგან განსხვავებულად როსკიპობდი: შენ კი არ დაგდევდნენ საროსკიპოდ, არც საზღაურს გაძლევდნენ, პირიქით იქცეოდი.
35 . ამიტომ მოისმინე უფლის სიტყვა, როსკიპო.
36 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გადმოღვარე შენი სიბილწე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე შენს სიძვაში შენს საყვარლებთან და ყველა შენს საზიზღარ კერპთან; ასევე შენი ძეების სისხლის გამო, მათ რომ შესწირე,
37 . აჰა, მოვაქუჩებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, ყველას, ვინც გიყვარდა, ვინც გძულდა; მოვაქუჩებ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან, ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სირცხვილს.
38 . გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
39 . გადაგცემ მათ ხელს, დაანგრევენ შენს საროსკიპოებს და დაამხობენ შენს გორაკებს, სამოსელს გაგხდიან, წაგართმევენ სამკაულებსა და მოკაზმულობას და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.
40 . ბრბოს აგიმხედრებენ, ქვებით ჩაგქოლავენ და მახვილებით აგჩეხენ.
41 . ცეცხლით გადაგიწვავენ სახლებს, მრავალი ქალის თვალწინ აღასრულებენ შენს განკითხვას; შეწყვეტ როსკიპობას და აღარც საჩუქრებს გასცემ.
42 . დავიცხრობ გულისწყრომას შენზე, ჩამიქრება ეჭვიანობა, დავწყნარდები და მეტად აღარ განვრისხდები.
43 . ვინაიდან არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, აჰა, შენს თავზევე მოვაქცევ შენს გზებს, ამბობს უფალი ღმერთი, რათა აღარ ჩაიდინო ამგვარი გარყვნილება ყველა შენი სისაძაგლის შემდეგ.
44 . და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო.
45 . დედაშენის შვილი ხარ, თავისი ქმარ-შვილი რომ სძულდა; და ხარ შენი დებისა, საკუთარი ქმრები და ძეები რომ სძულდათ; ხეთელია დედაშენი და ამორელია მამაშენი.
46 . სამარია შენი უფროსი დაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ რომ მკვიდრობენ, უმცროსი და სოდომია, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.
47 . მათი გზებით არ დადიოდი, არც მათი სისაძაგლენი ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა; მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე.
48 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ გაუკეთებიათ ის, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით.
49 . აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული - სიამაყე, გაუმაძღრობა და არხეინობა მისი და მისი ასულებისა, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ.
50 . გადიდგულდნენ და სისაძაგლეს აკეთებდნენ ჩემ წინაშე; ამიტომაც დავღუპე ისინი, როცა ეს დავინახე.
51 . სამარიას კი შენი ცოდვების ნახევარიც არ შეუცოდავს. შენი სისაძაგლეებით გაუსწარი მათ; მართლები გამოჩნდნენ შენი დები ყველა შენი სისაძაგლით, რასაც სჩადიოდი.
52 . ახლა შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების განმკითხველო, საკუთარი ცოდვებით, რითაც მათზე მეტად შეიბილწე. ისინი შენზე მართლები არიან! ჰოდა, ატარე შენი სირცხვილი, რადგანაც შენ გაამართლე შენი დები.
53 . და დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომსა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიასა და მისი ასულების ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ წიაღში,
54 . რათა ატარო შენი სირცხვილი და გრცხვენოდეს ყველაფრის, რაც ჩაიდინე მათ სანუგეშოდ.
55 . შენი დები - სოდომი და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; და შენ და შენი ასულებიც დაუბრუნდებით პირვანდელს.
56 . შენი სიამაყის დღეებში, შენი ბაგითაც კი არ მოიხსენიებოდა შენი და სოდომი,
57 . სანამ გამომჟღავნდებოდა შენი ბოროტმოქმედებანი შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს.
58 . შენი გარყვნილება და სისაძაგლე ატარე ახლა! ამბობს უფალი.
59 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა აბუჩად აიგდე ფიცი და აღთქმა დამირღვიე.
60 . გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში დადებულს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას.
61 . გაგახსენდება შენი გზები და შეგრცხვება, როცა მიიღებ შენს დებს - შენზე უფროსებსა და შენზე უმცროსებს; როცა დაგიდგენ მათ ასულებად, მაგრამ არა შენი აღთქმის გამო.
62 . აღვადგენ შენთან ჩემს აღთქმას და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
63 . რათა გაიხსენო და შეგრცხვეს, და პირს ვეღარ ხსნიდე სირცხვილით, როცა მოგიტევებ ყოველივეს, რაც ჩაიდინე” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "რას გულისხმობთ, როცა ისრაელის მიწაზე ანდაზად ამბობთ: მამების ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილებს მოჰკვეთა კბილებიო?
3 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მეტად ვეღარ იტყვით ამ ანდაზას ისრაელში.
4 . აჰა, ყოველი სული ჩემია - როგორც მამა, ისე - ძეც. ხოლო ვინც შესცოდავს - მოკვდება.
5 . თუ მართალი იქნება კაცი და იქმს სამართალს და სიმართლეს,
6 . მთებზე შეწირულისგან არ ჭამს, თვალს არ აპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალს არ ეკარება,
7 . არავის ჩაგრავს და მევალეს ვალს უბრუნებს, მძარცველი არ არის, თავის პურს უყოფს მშიერს და შიშველს მოსავს,
8 . ვახშს არ იღებს და სარგებლისთვის არ ასესხებს, უმართლობას ხელს არიდებს და კაცთა შორის დავას სამართლიანად განსჯის,
9 . ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რათა აღასრულოს ჭეშმარიტება - მართალია ასეთი კაცი და სიცოცხლით იცოცხლებს” - ამბობს უფალი ღმერთი.
10 . "მაგრამ, თუ შვა ძე, მოძალადე და სისხლისმღვრელი, ან მსგავსის ჩამდენი მოყვასის წინააღმდეგ,
11 . კარგი არაფერი ჰქონდეს ჩადენილი, მაღლობებზე შენაწირს კი ჭამდეს და მოყვასის ცოლს ბილწავდეს,
12 . ღარიბსა და ღატაკს ჩაგრავდეს, მძარცველობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებისკენ ჰქონდეს თვალი მიპყრობილი და სისაძაგლეს სჩადიოდეს,
13 . ვახშს იღებდეს და სარგებლისთვის ასესხებდეს - იცოცხლებს განა? არ იცოცხლებს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი უცილობლად მოკვდება; მასზე იქნება მისი სისხლი.
14 . აჰა, თუ შობს ძეს, რომელიც დაინახავს მამამისის ჩადენილ ცოდვებს, თუმცა, მისი შემხედვარე იგივეს არ ჩაიდენს,
15 . მთაზე შენაწირს არ შეჭამს, თვალს არ მიაპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ შებილწავს,
16 . არავის დაჩაგრავს, თავდებში ჩადებულს არ მიითვისებს, არ იმძარცველებს, თავის პურს მშიერს გაუყოფს და შიშველს შემოსავს,
17 . ღარიბის ჩაგვრისგან ხელს იკავებს, ვახშსა და სესხის სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს აღასრულებს და ჩემი წესებით დადის - არ მოკვდება იგი მამამისის ურჯულოების გამო და იცოცხლებს უცილობლად!
18 . ღარიბის ჩაგვრისგან ხელს იკავებს, ვახშსა და სესხის სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს აღასრულებს და ჩემი წესებით დადის - არ მოკვდება იგი მამამისის ურჯულოების გამო და იცოცხლებს უცილობლად!
19 . მერე იტყვით: რატომ არ იტვირთავს ძე მამამისის უმართლობასო? ძე კი, თუ სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა, ჩემს ყველა წესს იცავდა და ასრულებდა - უცილობლად იცოცხლებს!
20 . ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ - ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე - მისი ბოროტება.
21 . ბოროტი კი, თუ ზურგს შეაქცევს მთელ თავის ცოდვებს, რაც ჩაიდინა, დაიცავს ყველა ჩემს წესს და აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს - უცილობლად იცოცხლებს, არ მოკვდება!
22 . აღარ გაუხსენებენ მას თავის სიმართლეში, რასაც აღასრულებს, არცერთ დანაშაულს, რაც ჩადენილი აქვს და იცოცხლებს!
23 . განა მახარებს ბოროტის სიკვდილი? ამბობს უფალი ღმერთი, განა არ მინდა, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?
24 . ხოლო, თუ მართალი შეაქცევს ზურგს თავის სიმართლეს და ჩაიდენს ყველა იმ უმართლობას, რასაც ბოროტი სჩადის, განა იცოცხლებს? აღარ გაუხსენებენ მთელ მის სიმართლეს, თავის დანაშაულში, რითაც მუხთლობდა და ცოდვაში, რასაც სცოდავდა - მოკვდება!
25 . თქვენ ამბობთ: სამართლიანი არ არისო უფლის გზა. ახლა მომისმინე, ისრაელის სახლო: ჩემი გზა არ არის სამართლიანი? თქვენი გზებია უსამართლო!
26 . თუ მართალი ზურგს აქცევს თავის სიმართლეს და უმართლოდ მოიქცევა, მოკვდება თავისი უმართლობის გამო, რაც ქმნა და დაიღუპება.
27 . და თუ ბოროტი ზურგს აქცევს ბოროტებას, რასაც სჩადიოდა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს, თავის სულს გაიცოცხლებს იგი.
28 . რადგან მიხვდა და ზურგი აქცია თავის ყველა ცოდვას. უცილობლად იცოცხლებს იგი, არ მოკვდება!
29 . ისრაელის სახლი ამბობს: არასწორიაო უფლის, ჩვენი ბატონის გზა. ჩემი გზაა არასწორი, ისრაელის სახლო?! განა თქვენი გზები არაა არასწორი?
30 . ამიტომ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი, მოინანიეთ, ყველამ ზურგი აქციოს თავის დანაშაულს და არ გექნებათ უმართლობა დაბრკოლებად.
31 . განიშორეთ ყველა თქვენი დანაშაული, რითაც უმართლობდით და შეიქმენით ახალი გულები და ახალი სულები. რად უნდა მოკვდეთ, ისრაელის სახლო?
32 . ვინაიდან არ მახარებს სიკვდილი მომაკვდავისა, ამბობს უფალი ღმერთი, მობრუნდით და იცოცხლებთ!
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! მიმართე სახე ყამონის ძეთაკენ და მათ წინააღმდეგ იწინასწარმეტყველე.
3 . უთხარი: ყამონის ძენო, ისმინეთ-თქო უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგანაც გაიცინე ჩემს საწმიდარზე, როცა შეიბღალა და ისრაელის მიწაზე, როცა გაუკაცრიელდა და იუდას სახლზე, როცა დევნილობაში წავიდა.
4 . ამიტომ, აჰა, მეც აღმოსავლეთის ძეთ მიგცემ სამკვიდროდ, შენ შორის დასცემენ ბანაკებს და საცხოვრებლებს მოიწყობენ. შენს ნაყოფს შეჭამენ და შენს რძეს დალევენ.
5 . აქლემების საძოვრად ვაქცევ რაბას, ყამონის ძეთა ქვეყანას კი - ცხვრის ფარების სადგომად; და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
6 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტაშს უკრავდი, ფეხს აბაკუნებდი და სულის მთელი მძულვარებით ხარობდი ისრაელის მიწაზე.
7 . ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და გასაძარცვად გადაგცემ ხალხებს; აღმოგფხვრი ხალხებიდან და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
8 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, სხვა ერებივით გახდაო იუდას სახლი;
9 . ამიტომ, აჰა, გვერდებს შემოვაცლი მოაბის ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას ბეთ-იეშიმოთს, ბაყალ-მეყონს და კირიათაიმს.
10 . აღმოსავლეთის ძეთ მივცემ სამკვიდროდ ყამონის ძეებიანად, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონის ძენი ხალხებში.
11 . სამართალს აღვუსრულებ მოაბს და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
12 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ედომი იუდას ტაძრის წინააღმდეგ წავიდა და შური იძია, ამით დააშავა და მასზეც შური იქნება ნაძიები!
13 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც მოვუღერებ ხელს ედომს, მოვუსპობ კაცსა და პირუტყვს, ნანგრევებად ვაქცევ მას და თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
14 . შურისგებას აღვასრულებ ედომზე, ჩემი ხალხის, ისრაელის ხელით. ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ მოექცევიან ედომს; ასე გაიგებენ ჩემს შურისგებას! - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელნი და შური იძიეს სულის ზიზღით, რათა გაენადგურებინათ იუდა მარადიული მტრობით,
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, მოვსპობ კრეტელებს და გავანადგურებ ზღვისპირეთის ნატამალს.
17 . მრისხანე მხილებებით აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემს შურისგებას აღვასრულებ მათზე!”
1 . ვაი მეამბოხე და წაბილწულ, მოძალადე ქალაქს!
2 . არავის ხმას არ ისმენს, დარიგებას არ იღებს; უფალს არ მიენდო და თავის ღმერთს არ მიუახლოვდა.
3 . მისი მთავრები მბრდღვინავი ლომები არიან მის შუაგულში, მისი მსაჯულები - მგლები, საღამოდან დილამდე ძვალსაც რომ არ ტოვებენ.
4 . თავქარიანნი არიან მისი წინასწარმეტყველნი, მოღალატე კაცები; საწმიდარს ბილწავენ მისი მღვდლები, ფეხქვეშ თელავენ რჯულს.
5 . სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.
6 . გავწყვიტე ერები, ნანგრევებად ვაქციე მათი კოშკები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩენილა გამვლელი; აოხრდა მათი ქალაქები, კაცი არ დარჩა, აღარავინაა მცხოვრები.
7 . ვამბობდი: მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ, მიიღეთ დარიგება, რომ არ განადგურდეს თქვენი სამკვიდრო და ჩემმა სასჯელმა გვერდი აგიაროთ-მეთქი. მაგრამ დილიდანვე ყოველმხრივ ბოროტებას სჩადიოდით.
8 . ამიტომ მაცალეთ - ამბობს უფალი - იმ დღემდე, როცა მოწმედ წამოვდგები, რადგან ჩემი განაჩენით მოიყრიან თავს ერები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი წყრომა და მთელი ჩემი მგზნებარე რისხვის მძვინვარება, რადგან ჩემი ეჭვიანობის ცეცხლით შთაინთქმება მთელი ქვეყანა.
9 . მაშინ მივცემ ერებს გასუფთავებულ ბაგეებს, რომ ყველამ მოუხმოს უფლის სახელს და მხარდამხარ ემსახურონ ღმერთს.
10 . ჩემი თაყვანისმცემელნი ქუშის მდინარეთა გაღმიდან, ჩემი გაფანტული ხალხის ასულნი მომართმევენ ძღვენს.
11 . აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე;
12 . დავტოვებ შენს წიაღში თავმდაბალსა და თვინიერ ხალხს და უფლის სახელში ჰპოვებენ თავშესაფარს ისინი.
13 . აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს და აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ შეაშინებს მათ.
14 . სიხარულით შესძახე, სიონის ასულო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო!
15 . მოგაშორა უფალმა სასჯელი და განდევნა შენი მტრები. ისრაელის მეფე, უფალია შენს წიაღში და აღარ შეუშინდები უბედურებას.
16 . იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს - ნუ მოგეშვება მკლავები.
17 . უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.
18 . შევკრებ მათ, ვინც უდღესასწაულობამ დაამწუხრა; შენგან რომ გავიდნენ, სიონო, გადასახლების სირცხვილი რომ აწევთ ტვირთად.
19 . აჰა, მე გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს, კოჭლს გადავარჩენ და განდევნილთ თავს მოვუყრი; მათ სირცხვილს ქებითა და სახელით ჩავანაცვლებ, ყველა იმ მიწაზე, სადაც ილანძღებოდნენ.
20 . იმ დროს შემოგკრებთ და შინ დაგაბრუნებთ; დიდ სახელსა და ქებას მოგცემთ დედამიწის ყველა ხალხში, როცა აღვადგენ თქვენს კეთილდღეობას თქვენსავე თვალწინ! - ამბობს უფალი.
1 . აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, თქვენ რომ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
2 . ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით.
3 . დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმედელივით; გაწმედს ლევის ძეებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რათა სიმართლეში მიართვან უფალს შესაწირი.
4 . მაშინ საამო იქნება უფლისთვის იუდასა და იერუსალიმის შესაწირი, როგორც ძველ დღეებში და გარდასულ წლებში.
5 . მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
6 . რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, ამიტომ არ ნადგურდებით თქვენ, იაკობის ძენო.
7 . თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! - ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?
8 . განა გაძარცვავს ღმერთს ადამიანი? თქვენ კი მძარცვავთ და თან კითხულობთ: როგორ გაგძარცვეთო? მეათედით და შესაწირით!
9 . წყევლით ხართ დაწყევლილნი, რადგან მთელი ერი მძარცვავთ.
10 . მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით - ამბობს ცაბაოთ უფალი - თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.
11 . შენთვის შევაჩერებ მჭამელს, რომ მიწის ნაყოფი არ გაგინადგუროს მინდორში და ვაზი არ გაგიპარტახოს - ამბობს ცაბაოთ უფალი.
12 . და ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
13 . ქედმაღლური იყო თქვენი სიტყვები ჩემს მიმართ - ამბობს უფალი - თქვენ კი კითხულობთ: რა გვითქვამსო შენზე?
14 . ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?
15 . კურთხეულნი არიანო ამპარტავანნი, აშენდნენ ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გაექცნენ სასჯელს.
16 . როცა ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ყურს უგდებს მათ უფალი, ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში მის წინაშე, უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მოწიწებით მომხსენიებელთათვის.
17 . ჩემი იქნებიან ისინი - ამბობს ცაბაოთ უფალი - იმ დღეს, ჩემს საგანძურად ვაქცევ მათ და დავინდობ, როგორც კაცი დაინდობს თავის ძეს, რომელიც ემორჩილება.
18 . და მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის, ღვთისმსახურსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება მას.
1 . მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან.
2 . აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: "უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
3 . გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: "მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.
4 . უთხრა მას იესომ: "იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.
5 . კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა.
6 . უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.
7 . იესომ მიუგო: "მოვალ და განვკურნავ”.
8 . ასისთავმა კი პასუხად უთხრა: "უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
9 . ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.
10 . ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.
11 . ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში.
12 . ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”.
13 . უთხრა იესომ ასისთავს: "წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.
14 . მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.
15 . შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ; წამოდგა და ემსახურა მათ.
16 . მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.
17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი”.
18 . თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, უბრძანა იესომ გაღმა გასულიყვნენ.
19 . მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: "მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.
20 . უთხრა მას იესომ: "მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს - ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!”
21 . სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: "უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”.
22 . მაგრამ იესომ უთხრა მას: "შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ”.
23 . ჩაჯდა ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.
24 . და აჰა, დიდი ღელვა მოხდა ზღვაზე, ისე რომ, ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.
25 . მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: "უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით”.
26 . უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ, მცირედ მორწმუნენო?” შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.
27 . ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?”
28 . გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზედ მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.
29 . და აჰა, მორთეს ყვირილი, ამბობდნენ: "რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?”
30 . მათგან მოშორებით ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
31 . ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: "თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი”.
32 . უთხრა მათ: "წადით!” ისინიც გამოვიდნენ და ღორებში შევიდნენ. და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და წყალში დაიღუპა.
33 . მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და ყველაფერი თქვეს, იმის ჩათვლით, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.
34 . და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს:
2 . "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
3 . მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4 . მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5 . მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
6 . ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო,
7 . მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა.
8 . ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა?
9 . ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”.
10 . იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა.
11 . ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12 . ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
14 . მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა.
15 . ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.
16 . მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
17 . უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
18 . მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.
19 . მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
20 . რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21 . ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.
22 . ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”
23 . ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.
24 . ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
25 . მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
26 . ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
27 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან,
28 . რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29 . და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
30 . იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.
31 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.
32 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.
33 . მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”.
34 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
35 . უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36 . მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.
37 . თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38 . მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
39 . ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.
40 . მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
42 . მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
43 . კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44 . მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45 . მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
46 . ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48 . ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”
49 . მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
50 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51 . და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52 . მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53 . ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?
54 . მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
55 . და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56 . მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57 . იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.
58 . ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59 . მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60 . და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61 . და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
62 . მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”
63 . იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”
64 . უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
65 . მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66 . რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”.
67 . მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ.
68 . და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
69 . პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”.
70 . მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.
71 . კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.
72 . მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
73 . ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”.
74 . მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
75 . და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
1 . ამ ამბების შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და იესო იერუსალიმში ავიდა.
2 . იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის აუზი, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება და ხუთი დერეფანი აქვს,
3 . მათში იწვა ძალიან ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები, დავრდომილები, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ.
4 . დროდადრო ანგელოზი ეშვებოდა აუზში და წყალს ამღვრევდა. წყალი რომ აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა.
5 . იქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით.
6 . იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: "გინდა გამოჯანმრთელდე?”
7 . მიუგო ავადმყოფმა: "უფალო, არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ აუზში ჩამიშვას. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის”.
8 . უთხრა იესომ: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე”.
9 . იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო.
10 . ამიტომ იუდევლებმა განკურნებულს უთხრეს: "შაბათია და სარეცლის აღების უფლება არა გაქვს”.
11 . მან კი მიუგო: "ვინც განმკურნა, მანვე მითხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარეო”.
12 . ჰკითხეს, ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?
13 . განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ხალხს შეერია.
14 . ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: "აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს”.
15 . ის კაცი წავიდა და უთხრა იუდევლებს, რომ იესომ განკურნა.
16 . იუდევლებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.
17 . მან კი მიუგო: "მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.
18 . ამიტომ იუდევლები მით უფრო მეტად ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
19 . უთხრა მათ იესომ ამის პასუხად: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
20 . რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ.
21 . რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.
22 . არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,
23 . რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.
24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
25 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.
26 . რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27 . განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.
28 . ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.
29 . კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.
30 . ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და განკითხვა ჩემი სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31 . თუ მე ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32 . სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.
33 . თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან და დაამოწმა ჭეშმარიტება.
34 . თუმცა ადამიანისგან მოწმობას არ ვიღებ, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
35 . იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს.
36 . მე კი იოანეზე აღმატებული მოწმობა მაქვს; რადგან საქმენი, რომლებიც მამამ მომცა აღსასრულებლად და თვით, ჩემ მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემ შესახებ, რომ მამამ მომავლინა.
37 . და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი.
38 . მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა.
39 . წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.
40 . ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41 . ადამიანთაგან არ ვღებულობ დიდებას,
42 . მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.
43 . მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.
44 . როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?
45 . ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიც გაქვთ.
46 . რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.
47 . ჰოდა, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა იწამებთ?”
1 . ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა.
2 . და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.
3 . პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
4 . განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”
5 . ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
6 . წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.
7 . სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
8 . პეტრემ ჰკითხა: "მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: "დიახ, ამდენად”.
9 . პეტრემ უთხრა: "რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.
10 . მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
11 . დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.
12 . მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში.
13 . დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ შეერთებოდა, ხალხი კი ადიდებდა მათ.
14 . სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.
15 . ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს.
16 . იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრნი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმიდა სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
17 . აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.
18 . დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს.
19 . მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20 . "წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.
21 . გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად.
22 . მაგრამ მისულმა მსახურებმა ვერ ნახეს ისინი საპატიმროში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს,
23 . უთხრეს: "საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავაღეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ”.
24 . ტაძრის მცველთა მეთაურმა და მღვდელმთავრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, შეფიქრიანდნენ, რა უნდა მომხდარიყოო.
25 . ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ: "აგერ, ის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან”.
26 . მაშინ წავიდა მეთაური მცველების თანხლებით და მოიყვანა ისინი, ოღონდ იძულების გარეშე, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
27 . მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა?
28 . "განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!”
29 . მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: "ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
30 . ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით;
31 . ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
32 . ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
33 . ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს.
34 . მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.
35 . მერე უთხრა მათ: "კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს,
36 . რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა.
37 . ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა.
38 . ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება.
39 . ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!”
40 . დაუჯერეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს.
41 . ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.
42 . ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს, ტაძარსა და სახლებში
1 . ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
2 . უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
3 . მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
4 . სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.
5 . სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.
6 . პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,
7 . რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა.
8 . თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.
9 . სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა
10 . და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11 . აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა.
12 . დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
13 . პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14 . ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
15 . რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
16 . პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17 . ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18 . ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს.
19 . მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20 . ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21 . მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22 . მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.
23 . ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო.
24 . სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25 . თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!
26 . კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!
27 . ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
28 . ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29 . როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს.
30 . ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი.
31 . მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე.
32 . და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა,
33 . ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.
34 . ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს.
35 . ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
36 . თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.
37 . მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა!
38 . ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.
39 . ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40 . გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი:
41 . იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.
42 . იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
43 . როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44 . მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45 . იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
46 . მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
47 . ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
48 . ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.
49 . უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
50 . მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
51 . მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
52 . მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
1 . ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა;
2 . როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
3 . რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
4 . რომელთანაც მიხვედით: ცოცხალ ქვასთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისგან კი რჩეული და ძვირფასია.
5 . თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,
6 . ვინაიდან ნათქვამია წერილში: "აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
7 . ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ის ძვირფასია, ურწმუნოთათვის კი ლოდია, მშენებლებისგან დაწუნებული; ის დაიდო ქვაკუთხედად,
8 . დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.
9 . თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.
10 . ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც - არაშეწყალებულნი, ახლა კი - შეწყალებულნი.
11 . საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.
12 . კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.
13 . დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,
14 . თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
15 . რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
16 . იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
17 . ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
18 . მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი მოშიშებით, არა მარტო კეთილებს და შემწყნარებლებს, არამედ უკუღმართთაც.
19 . რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
20 . რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!
21 . ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
22 . რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;
23 . რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
24 . რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხართ მისი ჭრილობებით,
25 . რადგან გზააბნეული ცხვრებივით იყავით, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.
1 . ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.
2 . რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
3 . ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
4 . რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;
5 . ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.
6 . რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები - სიცოცხლე და მშვიდობა.
7 . იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
8 . ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.
9 . ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
10 . და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
11 . და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
12 . ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ;
13 . ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
14 . რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
15 . ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!”
16 . სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
17 . ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.
18 . ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.
19 . ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას.
20 . რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით,
21 . რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.
22 . ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;
23 . და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.
24 . ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?
25 . ხოლო თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26 . ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
27 . ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28 . ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
29 . ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის;
30 . ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც.
31 . ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
32 . ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?
33 . ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
34 . და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.
35 . ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36 . როგორც წერია: "რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”.
37 . მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
38 . და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი,
39 . ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
1 . საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს.
2 . თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.
3 . თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.
4 . და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,
5 . სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.
6 . არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
7 . სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
8 . ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.
9 . წერილში გწერდით, გარყვნილ ხალხთან არ იქონიოთ-მეთქი ურთიერთობა;
10 . არ მიგულისხმია ამ ქვეყნიერების გარყვნილები, ხარბები, მტაცებლები ან კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ თქვენც მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან გასვლა.
11 . არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.
12 . რადგან მე რატომ განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
13 . გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენს შორის.
1 . თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.
2 . წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.
3 . მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.
4 . სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
5 . უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,
6 . არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;
7 . ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.
8 . სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.
9 . რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
10 . და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
11 . როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.
12 . რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.
13 . ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.
1 . პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, ფილიპეში რომ იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებით:
2 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესგან.
3 . მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყოველ თქვენს გახსენებაზე.
4 . ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის,
5 . სახარებაში თქვენი თანამონაწილეობისთვის, პირველი დღიდან აქამდე.
6 . და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.
7 . ასეც მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ბორკილებში ვიქნები თუ სახარების დაცვასა და მის განმტკიცებაში, რადგან ყველანი ჩემი თანაზიარნი ხართ მადლში.
8 . ვინაიდან ღმერთია მოწმე, რომ ყველანი მიყვარხართ იესო ქრისტეს სიყვარულით
9 . და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში.
10 . რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს.
11 . სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
12 . ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ ჩემს თავს გადამხდარი სახარების დიდ წარმატებას ემსახურებოდა.
13 . ისე, რომ ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვისაც.
14 . და ძმათა უმრავლესობა უფალში გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო თამამად და უშიშრად ელაპარაკა ღმერთის სიტყვა.
15 . თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს.
16 . ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული,
17 . მეორენი კი ჯიბრით, არაწმიდად ქადაგებენ ქრისტეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ჭირს მიუმატებენ ჩემს ბორკილებს.
18 . მერედა რა? პირმოთნეობით იქნება თუ გულწრფელად, ქრისტე იქადაგება და ეს არის ჩემი სიხარული.
19 . ვინაიდან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ხსნად მომიბრუნდება, თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით.
20 . ველოდები და ვიმედოვნებ, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში - სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,
21 . რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - მონაგები.
22 . თუ სხეულში ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.
23 . ორივე მიზიდავს: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია.
24 . მაგრამ სხეულში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.
25 . მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისთვის,
26 . რათა ჩემი მეშვეობით გამრავლდეს თქვენი ქება ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან.
27 . ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა - მოვალ და გნახავთ, თუ ვერ მოვალ, - მესმოდეს თქვენზე, რომ მყარად დგახართ ერთ სულში და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისთვის.
28 . ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს, ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისგან არის.
29 . ვინაიდან ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ტანჯვაც მისთვის,
30 . იღწვით რა იგივენაირად, ჩემში რომ ნახეთ და ახლაც გესმით ჩემზე.
1 . პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ჩვენი მხსნელი ღმერთისა და ჩვენი იმედის, იესო ქრისტეს ბრძანებით.
2 . ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან.
3 . მაკედონიაში გამგზავრებამდე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა ზოგიერთებისთვის გემცნო, რომ არ ასწავლონ განსხვავებული მოძღვრება.
4 . ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.
5 . ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული,
6 . რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისკენ.
7 . რჯულის მოძღვრობა სწადიათ, თუმცა არ გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.
8 . ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე კანონიერად იყენებს მას.
9 . ვიცით, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და ბილწთა, მამისმკვლელთათვის, დედისმკვლელთათვის და კაცისმკვლელთათვის;
10 . მეძავთა და მამათმავალთა, კაცისმპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, საღ მოძღვრებას რომ ეწინააღმდეგებიან.
11 . თანახმად კურთხეული ღმერთის დიდებული სახარებისა, მე რომ მაქვს მონდობილი.
12 . მადლიერი ვარ მისი, ვინც ძალა მომცა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც ერთგულად მიმიჩნია და მსახურებაში განმაწესა.
13 . მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით და ურწმუნოებით ვაკეთებდი ამას.
14 . თუმცა ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.
15 . სარწმუნოა და ყოველგვარი მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
16 . სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.
17 . ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს - მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
18 . ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა მისი მეშვეობით იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,
19 . გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რაც ზოგიერთმა უარყო და, რამაც დაამსხვრია მათი რწმენის ხომალდი.
20 . მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ და აღარ დაგმონ.
1 . ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
2 . დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები - როგორც დები, მთელი სიწმიდით.
3 . პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.
4 . ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
5 . ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
6 . განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.
7 . ეს ამცნე, რათა ბრალდაუდებელნი იყვნენ.
8 . ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
9 . ქვრივებად უნდა ჩაითვალონ არანაკლებ სამოცი წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარნი,
10 . თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია.
11 . ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან, როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღგზნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ.
12 . ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.
13 . და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
14 . ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.
15 . ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.
16 . თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.
17 . ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.
18 . ვინაიდან წერილი ამბობს: "პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს”; და კიდევ: "მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა”.
19 . ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ ორი ან სამი მოწმე არ იქნება.
20 . შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.
21 . ვმოწმობ ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ჩემი რჩევები და მიკერძოებით არაფერი გააკეთო.
22 . არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი.
23 . ამიერიდან მარტო წყალს ნუღარ დალევ, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.
24 . ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და სამსჯავროსკენ მიუძღვიან წინ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
25 . ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადნი არიან, და თუ არა, მაინც ვერ დაიმალებიან.
1 . ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი,
2 . ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
3 . ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი,
4 . მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი,
5 . გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.
6 . რადგან ამათთაგან არიან, სახლებში რომ იპარებიან და ატყვევებენ უგუნურ ქალებს - ცოდვებში ჩაფლულებსა და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით მართულებს;
7 . რომლებიც მუდამ სწავლობენ, თუმცა ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.
8 . როგორც იანე და იამბრე წინაღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას; გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი.
9 . მაგრამ ისინი მეტად ვეღარ წაიწევენ წინ, რადგან მათი უგუნურება თავს იჩენს ყველას წინაშე, როგორც იმ ორს დაემართა.
10 . შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში,
11 . დევნაში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში; რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა;
12 . და ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება.
13 . ხოლო ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან.
14 . შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე;
15 . რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,
16 . მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
17 . რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.
1 . და ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა.
2 . შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით.
3 . ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.
4 . და ვიხილე ტახტები და მათზე მხსდომნი; და გადაეცათ მათ სამსჯავრო; და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ხატებას და არც მისი ნიშანი მიიღეს შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.
5 . სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა.
6 . ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი; მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს; ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს.
7 . ათასი წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილედან;
8 . და გამოვა, რათა დედამიწის ოთხივე კუთხეში შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი; და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.
9 . და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს; და ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.
10 . ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
11 . ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი.
12 . ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.
13 . მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ.
14 . სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
15 . ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.
1 . უთხრა უფალმა მოსესა და აჰარონს:
2 . "დაიბანაკოს ისრაელის თითოეულმა ძემ თავის დროშასთან, საკუთარი მამისსახლის ნიშნებით; საკრებულო კარვის ირგვლივ უნდა დაიბანაკოს, მოშორებით”.
3 . წინა მხარეს, აღმოსავლეთით იყვნენ დაბანაკებულნი: აღმოსავლეთით იყოს იუდას ბანაკის დროშა თავისი საბრძოლო რაზმების მიხედვით; იუდას ძეთა მთავარი იყო ნახშონი, ამინადაბის ძე.
4 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი შეადგინა.
5 . მის გვერდით დაიბანაკა ისაქარის ტომმა; ისაქარის ძეთა მთავარი იყო ნათანელი, ცუყარის ძე.
6 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი შეადგინა.
7 . შემდეგი იყო ზებულონის ტომი; ზებულონის ძეთა მთავარი იყო ელიაბი, ხელონის ძე.
8 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი შეადგინა.
9 . ას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი იყო ყოველი აღრიცხული იუდას ტომში, მათი ლაშქრებით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.
10 . რეუბენის ტომის დროშა სამხრეთით იყო თავისი საბრძოლო რაზმებით; რეუბენის ძეთა მთავარი იყო ელიცური, შედეურის ძე.
11 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაექვსი ათას ხუთასი შეადგინა.
12 . მის გვერდით სიმონის ტომმა დაიბანაკა; სიმონის ძეთა მთავარი იყო შელუმიელი, ცურიშადაის ძე.
13 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი შეადგინა.
14 . და გადის ტომი; გადის ძეთა მთავარი იყო ელიასაფი, რეღუელის ძე.
15 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი შეადგინა.
16 . რეუბენის ბანაკში ას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი იყო აღრიცხული. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.
17 . მერე დაიძრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი - ბანაკთა შუაში იქნება; როგორც დაბანაკდნენ - ისევე უნდა იყვნენ გზაში, თითოეული თავის დროშასთან.
18 . ეფრემის ბანაკის დროშა, თავისი საბრძოლო რაზმებით დასავლეთიდან იყო. ეფრემის ძეთა მთავარი იყო ელიშამაყი, ყამიჰუდის ძე.
19 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცი ათას ხუთასი შეადგინა.
20 . მის გვერდით - მენაშეს ტომი, მენაშეს ძეთა მთავარი იყო გამალიელი, ფედაცურის ძე.
21 . მისი ლაშქარი, რიცხვით - ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.
22 . და ბენიამინის ტომი; ბენიამინის ძეთა მთავარი იყო აბიდანი, გედეონის ძე.
23 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი შეადგინა.
24 . ეფრემის ბანაკში აღრიცხული, მათი ლაშქრებით, იყო ას რვა ათას ასი. მესამენი დაიძრებიან ესენი.
25 . ჩრდილოეთით დანის ბანაკის დროშა იქნება, მათი საბრძოლო რაზმებით; დანის ძეთა მთავარი იყო ახიყეზერი, ყამიშადაის ძე.
26 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და სამოცდაორი ათას შვიდასი შეადგინა.
27 . მის გვერდით დაიბანაკებს აშერის ტომი; აშერის ძეთა მთავარი იყო ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა.
28 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაერთი ათას ხუთასი შეადგინა.
29 . შემდეგ ნაფთალის ტომი; ნაფთალის ძეთა მთავარი იყო ახირაყი, ყენანის ძე.
30 . აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი შეადგინა.
31 . დანის ბანაკში აღრიცხული იყო ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი; უკანასკნელნი ესენი უნდა დაიძრან თავისი დროშებით.
32 . ეს არის ისრაელის ძეთა რიცხვი, მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში, ლაშქრებიანად ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი იყო.
33 . ლევიანები კი, არ აღრიცხულან ისრაელის ძეთა შორის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
34 . და ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა მოსეს უფალმა: ისე დაიბანაკეს თავის დროშებთან და ისე მგზავრობდნენ საკუთარ ოჯახთან და მამისსახლთან ერთად.
1 . იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში.
2 . ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
3 . ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა.
5 . მიდიოდა მასთან იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანეს მთელი მხარე.
6 . ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.
7 . დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი!
9 . და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენში, მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
10 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
11 . მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.
12 . მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.
13 . მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო.
14 . იოანე წინაღუდგა და უთხრა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?”
15 . იესომ კი მიუგო და უთხრა: "ასე იყოს ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინღა დართო ნება.
16 . მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
17 . და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.