1 . დაინახა რახელმა, რომ ვერ გაუჩინა შვილი იაკობს, შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: "მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები”.
2 . განრისხდა იაკობი რახელზე და უთხრა: "ღმერთი ხომ არ ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი დაგიბრკოლა?”
3 . უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.
4 . მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
5 . დაორსულდა ბილჰა და ძე უშვა იაკობს.
6 . თქვა რახელმა: "ღმერთმა განმსაჯა, შეისმინა ჩემი ხმა და მომცა ძე”. ამიტომ დანი უწოდა სახელად.
7 . კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.
8 . თქვა რახელმა: ღვთიური ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას და ვძლიე კიდეც”. და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9 . დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.
10 . და შვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობისთვის.
11 . თქვა ლეამ: "როგორ გამიმართლა” და უწოდა სახელად გადი.
12 . და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ძე.
13 . თქვა ლეამ: "ბედნიერი ვარ, რადგან ბედნიერად მიმიჩნევენ ქალები”. და დაარქვა სახელად აშერი.
14 . გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15 . უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16 . საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.
17 . უსმინა ღმერთმა ლეას, დაორსულდა და მეხუთე ძე უშვა იაკობს.
18 . და თქვა ლეამ: "საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.
19 . კვლავ დაორსულდა ლეა და იაკობს მეექვსე ძე უშვა.
20 . თქვა ლეამ: "კარგი საჩუქარი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი ჩემთან დამკვიდრდება ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე გავუჩინე”. და უწოდა სახელად ზებულუნი.
21 . ამის შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22 . გაიხსენა ღმერთმა რახელი, ისმინა მისი და გაუხსნა საშო.
23 . დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.
24 . უწოდა სახელად იოსები და თქვა: "სხვა ძეც შემძინოს უფალმა!”
25 . მას შემდეგ, რაც იოსები გააჩინა რახელმა, უთხრა იაკობმა ლაბანს: "გამიშვი, რომ წავიდე ჩემს ქვეყანაში.
26 . მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთათვისაც გემსახურე და წავალ; რადგან იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე”.
27 . უთხრა ლაბანმა: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ჩემთან დარჩი! მივხვდი, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა”.
28 . უთხრა: "თქვი, რას ითხოვ ჩემგან საზღაურად და მოგცემ”.
29 . უთხრა იაკობმა: "შენც იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემს ხელში!
30 . რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და ფრიად გაგიმრავლდა. გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით, ჩემი სახლისთვის კი როდისღა ვიზრუნო?”
31 . ჰკითხა ლაბანმა: "რა მოგცე?” მიუგო იაკობმა: "ნურაფერს მომცემ. რასაც გეტყვი, იმ საქმეს თუ გამიკეთებ, კვლავ დავმწყემსავ და დავიცავ შენს ცხვარს.
32 . გავივლი დღეს შენს ფარაში; და გამოაცალკევე ყოველი დაწინწკლული და ჭრელი კრავი, ყოველი შავი ცხვარი და ჭრელი და დაწინწკლული თიკანი. და ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
33 . და მომეგოს ჩემი სიმართლისამებრ იმ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი გასამრჯელო შენს წინაშე: ყოველი თხა, რომელიც დაწინწკლული და ჭრელი არ იქნება, ხოლო ცხვარი - შავი, ნაქურდლად ჩამითვალე”.
34 . უთხრა ლაბანმა: "დაე იყოს შენი სიტყვისამებრ”.
35 . და გამოაცალკევა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნერბი, და ყველა რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის ძეებს ჩააბარა.
36 . და დაცილდა იაკობს ლაბანი სამი დღის სავალ მანძილზე და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37 . აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და წაბლის ნედლი წნელები და ისე შემოაჭრა ქერქი, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო.
38 . აჭრელებული წნელები გეჯებში ჩაალაგა, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მიდიოდა და ახურდებოდა ხოლმე.
39 . ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და იგებდა ზოლიან, დაწინწკლულ და ჭრელ ბატკნებს.
40 . გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და ლაბანის ზოლიანი და შავი ფარის პირდაპირ აყენებდა; ასე გამოყო თავისი სამწყსო და არ დატოვა ლაბანის ფარასთან.
41 . ჯანსაღი ფარის ახურებისას, იაკობი ცხვრის თვალწინ დაზოლილ წნელებს ჩაჰყრიდა ხოლმე გეჯებში, რათა წნელებთან შეწყვილებულიყვნენ.
42 . და როცა სუსტი იყო ფარა, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს კი - ჯანსაღი.
43 . და ძალიან გამდიდრდა ეს კაცი, ფრიად გაუმრავლდა ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და სახედრები.
1 . წავიდა ერთი კაცი ლევის ტომიდან და ლევიანი ქალი შეირთო ცოლად.
2 . დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. დაინახა, რომ მშვენიერი იყო ბავშვი და მალავდა სამ თვეს.
3 . დამალვა რომ ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კალათა, შეგლისა კუპრითა და ფისით, შიგ ყრმა ჩააწვინა და ლერწმიანში, ნილოსის პირას დადო.
4 . ხოლო ყრმის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოხდებოდა.
5 . ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მოახლენი კი მდინარის ნაპირზე მიმოდიოდნენ. დაინახა ლერწმიანში კალათა და გაგზავნა თავისი მოახლე მოსატანად.
6 . გახსნა და ბავშვი დაინახა; აჰა, ტირის ყრმა; შეიბრალა იგი და თქვა: "ებრაელის ბავშვია”.
7 . და უთხრა ყრმის დამ ფარაონის ასულს: "წავიდე და დავუძახო შენთვის ებრაელ ძიძას, რათა მან გამოგიკვებოს ეს ყრმა?”
8 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წადი”. წავიდა გოგო და დაუძახა ყრმის დედას.
9 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წაიყვანე ეს ყრმა, ძუძუ აწოვე და გასამრჯელოს მოგცემ”. ქალმაც წაიყვანა და აწოვებდა ძუძუს.
10 . გაიზარდა ყრმა და მიუყვანა ფარაონის ასულს და გახდა იგი ფარაონის ასულის ძე; და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: "რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი”.
11 . გავიდა დრო, გაიზარდა მოსე. გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა; ხედავს, ერთი ეგვიპტელი ებრაელს, მის თვისტომს, სცემს.
12 . მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
13 . გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს: "რად სცემ შენიანს?”
14 . მიუგო მოძალადემ: "ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელივით?” შეეშინდა მოსეს და თქვა: "გამჟღავნებულა ეს ამბავი”.
15 . ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.
16 . შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.
17 . მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.
18 . მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”
19 . მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.
20 . უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.
21 . და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.
22 . და უშვა ქალმა ძე, რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგან თქვა: "მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.
23 . გავიდა დიდი დრო და მოკვდა ეგვიპტის მეფე; და ისე კვნესოდნენ დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მისწვდა.
24 . გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
25 . მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2 . "თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში.
3 . ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.
4 . და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.
5 . უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6 . შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.
7 . აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.
8 . იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი.
9 . არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10 . დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით.
11 . ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
12 . გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13 . იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
14 . დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
15 . შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.
16 . პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17 . დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
18 . პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.
19 . შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან - ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.
20 . საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.
21 . მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.
22 . აიღეთ უსუპის კონა, ამოაწეთ სისხლიან ჯამში და სცხეთ სისხლი რომელიც ჯამშია კარის ზედა ძელს და ორივე წირთხლს. დილამდე არავინ გახვიდეთ სახლიდან.
23 . რადგან უფალი გაივლის ეგვიპტის შესამუსრად, იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე, და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და უფლებას არ მისცემს გამანადგურებელს თქვენს შესამუსრად შემოვიდეს თქვენს სახლებში.
24 . წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.
25 . და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.
26 . და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ?
27 . ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.
28 . წავიდნენ ისრაელის შვილები და აღასრულეს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს, ისე აღასრულეს.
29 . და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30 . ადგნენ ღამით ფარაონი თავის მორჩილებთან ერთად და ყველა ეგვიპტელი; და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
31 . ღამითვე იხმო ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის შვილები, წადით და ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
32 . თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.
33 . და აიძულებდნენ ეგვიპტელები ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.
34 . წაიღო ხალხმა თავისი ცომი, სანამ გაფუვდებოდა, ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
35 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის შვილები, ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
36 . მადლი აპოვნინა უფალმა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ათხოვეს, რაც ითხოვეს; ასე გაძარცვეს ეგვიპტელნი.
37 . და გაემგზავრნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ფეხოსანი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.
38 . უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.
39 . და გამოაცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისგან ხმიადის კვერები. ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან; საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვნდნენ.
40 . ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.
41 . ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
42 . მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.
43 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
44 . ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ.
45 . ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.
46 . ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.
47 . ისრაელის მთელმა თემმა დაიცვას ეს წესი.
48 . თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.
49 . ერთი სჯული ჰქონდეს მკვიდრსა და მდგმურს თქვენ შორის”.
50 . და გააკეთეს ყოველივე ისრაელის შვილებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს.
51 . სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.
1 . ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.
2 . შეღაღადა ხალხმა მოსეს; ლოცვით შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.
3 . და უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბერა - მწველი, რადგან უფლის ცეცხლი მოეკიდათ იქ.
4 . გულისთქმა დაეუფლა მათ შორის მყოფ ბრბოს, მათთან ერთად ისრაელიანებიც მოთქვამდნენ და ამბობდნენ - ვინ გვაჭმევსო ხორცს.
5 . გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე - კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.
6 . ახლა ჩამოვხმით, რადგან მანნას გარდა არაფერია ჩვენს თვალწინ”.
7 . ქინძის თესლივით იყო მანნა და ქარვის შეხედულება ჰქონდა.
8 . დადიოდა ხალხი და კრეფდა, ფქვავდა წისქვილის ქვაზე ან ფილით ნაყავდა; ხარშავდნენ ქვაბში და კვერებს აცხობდნენ მისგან; ზეთიანი კვერის გემო ჰქონდა.
9 . როცა ღამით ცვარი დაეფინებოდა ბანაკს, მანნაც ეფინებოდა მას.
10 . გაიგონა მოსემ ხალხის ტირილი თავთავის სახლებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ტიროდა; და ფრიად აღინთო უფლის რისხვა. ეს მოსეს თვალშიც ბოროტება იყო.
11 . უთხრა მოსემ უფალს: "რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?
12 . ნუთუ მე ვატარე მთელი ეს ხალხი მუცლით და მე ვშობე იგი, რომ მეუბნები: ატარე შენი უბით, როგორც ძიძა ატარებს ძუძუმწოვარ ჩვილს, და წაიყვანე იმ მიწაზე, რომელიც შევფიცეო მის მამებს?
13 . სად მაქვს ხორცი ამდენი ხალხისთვის? ჩემს წინ მოთქვამენ - ხორცი მოგვეცი, რომ შევჭამოთო.
14 . მე ერთი ვერ ვატარებ ამ ხალხს; რადგან მძიმეა ეს ტვირთი ჩემთვის,
15 . და თუ ასე მექცევი, გთხოვ მომკალი, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, რათა აღარ ვუყურო ჩემს გაჭირვებას”.
16 . უპასუხა უფალმა მოსეს: "შეკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, ვინც იცი, რომ ხალხის უხუცესები და ზედამხედველნი არიან. მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად.
17 . ჩამოვალ და დაგელაპარაკები, ავიღებ სულიდან, რომელიც შენზეა და მათაც მოვაფენ, რათა შენთან ერთად ზიდონ ხალხის ტვირთი და მარტომ აღარ ატარო.
18 . უთხარი ხალხს: განიწმიდეთო ხვალისთვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ყურში ჩასტიროდით უფალს, ხორცს ვინ გვაჭმევსო, ეგვიპტეში გვერჩივნაო; მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.
19 . ოღონდ, ერთ დღეს კი არ შეჭამთ, არც ორ დღეს, არც ხუთ დღეს, არც ათ დღეს და არც ოც დღეს,
20 . არამედ მთელ თვეს, სანამ არ შეგზიზღდებათ და ნესტოებიდან არ გადმოანთხევთ, რადგან უარყავით უფალი, რომელიც თქვენ შორისაა და მოსთქვამდით მის წინაშე, რად გამოვედითო ეგვიპტიდან”.
21 . თქვა მოსემ: "ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც ვიმყოფები, შენ კი ამბობ: ერთი თვის საჭმელ ხორც მივცემო.
22 . მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ? ან ზღვის მთელი თევზიც რომ მივცეთ, ნუთუ საკმარისი იქნება?”
23 . უპასუხა უფალმა მოსეს: "განა დამოკლდა უფლის ხელი? ახლა იხილავ, აგისრულდება თუ არა ჩემი სიტყვა”.
24 . გამოვიდა მოსე და უამბო ხალხს უფლის ნათქვამი, შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან და დააყენა ისინი კარვის გარშემო.
25 . და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, თან ელაპარაკებოდა მას, აიღო სულისგან, რომელიც მოსეზე იყო და მოჰფინა სამოცდაათ უხუცეს მამაკაცს; დაივანა მათზე სულმა და განუწყვეტლივ იწყეს წინასწარმეტყველება.
26 . მაგრამ ორი კაცი დარჩა ბანაკში; ერთის სახელი იყო ელდადი, მეორისა - მედადი; ისინიც ჩაწერილნი იყვნენ, მაგრამ არ გასულან სავანესთან; მათზეც დაივანა სულმა და იწყეს წინასწარმეტყველება ბანაკში.
27 . გაიქცა ერთი ჭაბუკი და აუწყა მოსეს: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში.
28 . მიუგო იეშუამ, ნავეს ძემ, რომელიც სიყრმიდან მოსეს მსახური იყო: "მოსე, ჩემო ბატონო! აუკრძალე!”
29 . უთხრა მას მოსემ: "ჩემ გამო ხომ არ ეჭვიანობ? ნეტავ უფლის მთელი ხალხი გაწინასწარმეტყველდებოდეს და მათზეც მოაფენდეს უფალი თავის სულს”.
30 . და დაბრუნდნენ მოსე და უხუცესები ისრაელის ბანაკში.
31 . ამოვარდა ქარი უფლისგან, მოზიდა ზღვიდან მწყერი და დაყარა ბანაკიდან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, მიწიდან თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე.
32 . მთელ იმ დღე-ღამეს და მთელ მეორე დღეს აგროვებდა ხალხი მწყერს; ყველაზე ცოტას ამკრეფმაც კი ათი ხომერი აკრიფა. ბანაკის გარშემო დაილაგეს თავისთვის.
33 . ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი, დაღეჭვაც ვერ მოასწრეს, რომ უფლის რისხვა აღინთო ხალხზე და მოსრა უფალმა მრავალი.
34 . ეწოდა იმ ადგილს კიბროთ ჰათაავა - გულისთქმათა საფლავი, რადგან იქ დამარხეს ხალხი.
35 . კიბროთ ჰათაავადან ხაცეროთისკენ დაიძრა ხალხი; და დადგნენ ხაცეროთში.
1 . "ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 . წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 . რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 . სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 . გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 . ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 . გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 . როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 . რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 . უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 . როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 . მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 . წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 . ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 . გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 . აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 . ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 . შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 . იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 . თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 . მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 . რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 . უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 . მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 . გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 . ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 . რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 . რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 . ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 . როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 . რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 . ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 . გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 . განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 . ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 . რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 . და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 . ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 . ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 . ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 . თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 . სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 . მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 . და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 . და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 . უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 . რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 . იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 . და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 . რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 . შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
1 . უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: "ასე რატომ მოგვექეცი, რატომ არ გვიხმე, მიდიანთან რომ მიდიოდი საბრძოლველად?” მაგარი კამათი გაუმართეს.
2 . მიუგო გედეონმა: "თქვენოდენი რა გამიკეთებია? ეფრემის ყურძნის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?
3 . ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები; მე სად შემეძლო თქვენოდენი გამეკეთებინა?” და დაცხრა მათი რისხვა, როცა უთხრა ეს სიტყვები.
4 . მიადგნენ დევნისგან დაქანცული გედეონი და მასთან მყოფი სამასი კაცი და გადალახეს იორდანე.
5 . სთხოვა მან სუქოთელებს: "მიეცით პური ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან მოიქანცნენ; მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს”.
6 . ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: "განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთ შენს ლაშქარს?”
7 . თქვა გედეონმა: "როცა ხელში ჩამიგდებს უფალი ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცს”.
8 . იქიდან ფენუელს მიადგა და იგივე სთხოვა; ფენუელის მკვიდრებმაც უარი უთხრეს სუქოთელებივით.
9 . მაშინ ფენუელის მკვიდრთაც იგივე უთხრა: "უკან რომ მოვბრუნდები დავანგრევ ამ კოშკს”.
10 . კარკორში იდგნენ ზებახი და ცალმუნაყი თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტი ათასამდე კაცით, რომლებიც აღმოსავლეთის ძეთა ლაშქრიდან გადარჩენილიყვნენ; დაცემით კი ასოცი ათასი კაცი დაეცა, მახვილის ხელში ამღები.
11 . და წავიდა გედეონი კარვებში მობინადრეთა გზით, შემოუარა ნობახისა და იოგბოჰას აღმოსავლეთიდან და დაეცა ლაშქარს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
12 . გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიც და ცალმუნაყიც. შიშის ზარი დაეცა მთელ ლაშქარს.
13 . ბრძოლის შემდეგ ქერესის მაღლობიდან უკან გამობრუნდა გედეონ იოაშის ძე.
14 . შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი, დაჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი მთავრისა და უხუცესის სახელი.
15 . მოვიდა სუქოთის კაცებთან და უთხრა: "აჰა, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო დამცინოდით და მეუბნებოდით: განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთო შენს დაქანცულ ხალხს?”
16 . გაიყვანა ქალაქის უხუცესნი, აიღო უდაბნოს ეკალი და კვრინჩხის ტოტები და იმით დასაჯა სუქოთის კაცები.
17 . ფენუელის კოშკიც დაანგრია და მოსრა იმ ქალაქის კაცები.
18 . უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: "როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორში რომ დახოცეთ?” უპასუხეს: "შენი მსგავსნი იყვნენ, მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით”.
19 . თქვა გედეონმა: "ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. უფალს გეფიცებით არ დაგხოცავდით, ხელი რომ არ გეხლოთ მათთვის”.
20 . და უთხრა იეთერს, თავის პირმშოს: "ადექი და დახოცე ესენი!” ვერ გაბედა ყრმამ მახვილის ამოღება, შეშინდა, რადგან ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო.
21 . უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: "ადექი და შენ დაგვხოცე, რადგან როგორიც კაცია, ისეთივეა მისი ძალაც”. ადგა გედეონი, განგმირა ზებახი და ცალმუნაყი და მათ აქლემებს ნახევარმთვარეები ჩამოხსნა კისრიდან.
22 . უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: "იუფლე ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელისგან”.
23 . უპასუხა გედეონმა: "მე არ ვიუფლებ თქვენზე და არც ჩემი ძე იუფლებს თქვენზე, უფალი უფლობდეს თქვენზე”.
24 . უთხრა გედეონმა: "ერთი თხოვნა მაქვს: თითოეულმა ერთი საყურე მომცეს თავისი ნადავლიდან”. ოქროს საყურეები ეკეთათ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.
25 . უპასუხეს: "მოგცემთ”. გაშალეს მოსასხამი და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნადავლიდან.
26 . ათას შვიდასი შეკელი იყო გამოთხოვილი ოქროს საყურეების წონა. გარდა მიდიანის მეფეებისგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდებისა, მეფეთა ძოწეულისა და აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ჯაჭვებისა.
27 . ეფოდი გააკეთა ამისგან გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. და მეძავობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლეულს.
28 . დაემორჩილა მიდიანი ისრაელის ძეებს, მეტად აღარ აუწევიათ თავი და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლის დღეებში.
29 . წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე და ცხოვრობდა თავის სახლში.
30 . სამოცდაათი ძე ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა.
31 . შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.
32 . მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიკრძალა მამის, იოაშის აკლდამაში, აბიყეზერის ყოფრაში.
33 . ბაყალის კვალზე გადაუხვიეს ისრაელის ძეებმა გედეონის სიკვდილის შემდეგ და ღმერთად დაიდგეს ბაყალ-ბერითი.
34 . აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ირგვლივ მყოფი ყველა მტრის ხელიდან იხსნა ისინი.
35 . არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
1 . წავიდა აბიმელექი, იერუბაყალის ძე, შექემში თავისი დედის ძმებთან და ელაპარაკა მათ და თავისი დედის მთელ მამისსახლს:
2 . "ჩააგონეთ შექემის ყველა მცხოვრებს: "რა გირჩევნიათ, იერუბაყალის სამოცდაათი ძე ბატონობდეს თქვენზე, თუ ერთი კაცი იყოს თქვენი ბატონი?” გახსოვდეთ, რომ მე ვარ თქვენი სისხლი და ხორცი”.
3 . ჩააგონეს დედის ძმებმა შექემელების ყურს ეს სიტყვები და მიიდრიკა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ჩვენი ძმააო იგი.
4 . და მისცეს სამოცდაათი შეკელი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან. დაიქირავა ამ ფულით აბიმელექმა უკეთური და უღირსი კაცები და თან გაიყოლა.
5 . მივიდა მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი; მხოლოდ იოთამი, იერუბაყალის უმცროსი ძე გადარჩა, რადგან დაიმალა.
6 . შეიკრიბა ყველა შექემელი და მილოს მთელი სახლეული, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი შექემში, მუხასთან აღმართულ სვეტთან.
7 . როცა ეს ამბავი შეატყობინეს იოთამს, წავიდა, დადგა გერიზიმის მთაზე, აღიმაღლა ხმა და გადმოსძახა მათ: "ისმინეთ ჩემი, შექემის მცხოვრებნო, რათა ღმერთმაც მოგისმინოთ!”
8 . მოინდომეს ხეებმა მეფის არჩევა; უთხრეს ზეთისხილს: "იმეფე ჩვენზე”.
9 . მიუგო მათ ზეთისხილმა: "მივატოვებ განა ჩემს სიმსუყეს, რომლითაც ღმერთსა და ხალხს პატივს მიაგებენ და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
10 . უთხრეს ხეებმა ლეღვს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
11 . უპასუხა მათ ლეღვმა: "მივატოვებ განა ჩემს სიტკბოებასა და კეთილ ნაყოფს და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
12 . უთხრეს ხეებმა ვაზის ლერწს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
13 . მიუგო მათ ვაზის ლერწმა: "მივატოვებ განა ჩემს მაჭარს - ღვთისა და ადამიანთა გამხარებელს - და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?
14 . უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
15 . და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: "თუ ნამვილად მეფედ გინდივართ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; თუ არადა, გამოვა ცეცხლი კვრინჩხიდან და შთაინთქმებიან ლიბანის კედრები”.
16 . განა ჭეშმარიტად და წრფელად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? ნუთუ ამით კეთილი მიაგეთ იერუბაყალსა და მის სახლეულს? დამსახურებისამებრ მოექეცით მას?
17 . თქვენთვის იბრძოდა მამაჩემი, საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს და გიხსნათ მიდიანელთაგან;
18 . თქვენ კი აუჯანყდით დღეს მამაჩემის სახლს და მისი სამოცდაათი ძე ერთ ქვას დააკალით, აბიმელექი კი, მისი მხევლის ძე, მეფედ დაუსვით შექემის მკვიდრთ, რადგან თქვენი ძმაა იგი.
19 . ახლა კი, თუ ჭეშმარიტად და კეთილსინდისიერად მოექეცით იერუბაყალსა და მის სახლეულს, იხარებდეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით;
20 . თუ არადა, გამოვიდეს ცეცხლი აბიმელექისგან და შთანთქას შექემის მკვიდრნი და მილოს სახლეული, გამოვიდეს ცეცხლი შექემის მკვიდრთაგან და მილოს სახლეულიდან და შთანთქას აბიმელექი!”
21 . გამოიპარა იოთამი, გაიქცა და ბეერში ჩავიდა; იქ მკვიდრობდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო.
22 . სამი წელი ბატონობდა აბიმელექი ისრაელზე.
23 . მიავლინა ღმერთმა ბოროტი სული აბიმელექსა და შექემის მკვიდრთა შორის და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს,
24 . რათა არ შერჩენოდათ იერუბაყალის სამოცდაათი ძის სისხლი აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი და შექემელებს, რომლებიც გვერდში ედგნენ ძმების დახოცვისას.
25 . ხალხი ჩაასაფრეს მის წინააღმდეგ შექემელებმა მთებზე და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ გვერდით გაივლიდა გზაზე. და მოახსენეს ამის შესახებ აბიმელექს.
26 . მოვიდნენ გაყალ ყებედის ძე და ძმანი მისნი, დადიოდნენ შექემში და მიემხრნენ შექემის მკვიდრნი.
27 . გადიოდნენ ვენახში, კრეფდნენ ყურძენს, წურავდნენ საწნახელში, დღესასწაულობდნენ, თავიანთი ღმერთის სახლში დადიოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
28 . თქვა გაყალ ყებედის ძემ: "სად აბიმელექი და სად შექემი, რომ ვემონებოდეთ? განა იერუბაყალის ძე არაა იგი და განა ზაბული არაა მისი მოურავი? ხამორის, შექემის მამის კაცებს დაემორჩილეთ, მაგას რატომ უნდა ვემსახურებოდეთ?
29 . ეს ხალხი, რომ ჩემს ხელქვეით იყოს, მოვაშორებდი აბიმელექს; ვეტყოდი აბიმელექს გაიმრავლე ჯარი და გამოდი!”
30 . ესმა ზებულს, ქალაქის მთავარს, გაყალ ყებედის ძის სიტყვები და ძალიან გაჯავრდა.
31 . ფარულად წარგზავნა მოციქულნი აბიმელექთან და შეუთვალა: "აჰა, მოდის გაყალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და შენს წინააღმდეგ განაწყობს ქალაქს.
32 . ადექი ღამე შენი ხალხით და ველზე ჩაუსაფრდი.
33 . დილაადრიანად, განთიადისას, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შეესიე ქალაქს; გამოვლენ შენს წინააღმდეგ ის და მისი ხალხი და ისე მოექეცი მას, რასაც შენი ხელი შეძლებს”.
34 . ღამიანად ადგნენ აბიმელექი და მთელი მისი ხალხი და ოთხი რაზმი ჩაუსაფრა შექემთან.
35 . გამოვიდა გაყალ ყებედის ძე და დადგა ქალაქის კარიბჭესთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად.
36 . გაყალმა რომ ხალხი დაინახა, უთხრა ზებულს: "შეხედე ხალხი ეშვება მთის ფერდობებზე”. უპასუხა ზებულმა: "მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება”.
37 . კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: "ხალხი ეშვება მაღლობიდან, ერთი რაზმი კი მისნების მუხნარის გზით მოდის”.
38 . უთხრა ზებულმა: "შენ არ ამბობდი, ვინაა აბიმელექი, რომ მას ვემსახუროთო? ეს ის ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ”.
39 . გავიდა გაყალი შექემელებთან ერთად და შეება აბიმელექს.
40 . გამოედევნა აბიმელექი გაქცეულ გაყალს და შექემელთაგან მრავალი დაეცა მოკლული კარიბჭემდე.
41 . ყარუმაში რჩებოდა აბიმელექი, ზებულმა კი განდევნა გაყალი და მისი ძმანი, რათა შექემში არ დამკვიდრებულიყვნენ.
42 . გავიდა ხალხი ველად მეორე დღეს და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.
43 . გაიყვანა თავისი ხალხი, სამ რაზმად დაჰყო და ველზე ჩასაფრდა. როცა ქალაქიდან გამომავალი ხალხი დაინახა, თავს დაესხა და მოსრა.
44 . აბიმელექი და მისი ხალხი წავიდნენ და ქალაქის კარიბჭესთან დადგნენ, ხოლო ორი სხვა რაზმი ველზე გამოსულებს ესხმოდა თავს და მუსრს ავლებდა.
45 . მთელი ის დღე იბრძოლა აბიმელექმა ქალაქში, ბოლოს აიღო, დახოცა მაცხოვრებლები, ქალაქი დაანგრია და მარილი დათესა.
46 . როდესაც ესმათ ეს ამბავი შექემის კოშკის მთავრებს, შეცვივდნენ ბერითის საკერპო სახლში.
47 . და ეუწყა აბიმელექს, სად შეიკრიბნენ შექემის კოშკის მკვიდრნი.
48 . ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე თავის ხალხთან ერთად, აიღო ცული, თავის ხელით მოჭრა ხის ტოტი, ასწია და მხარზე დაიდო; უთხრა თავის ხალხს: "ხომ დაინახეთ, რაც გავაკეთე, ისწრაფეთ და ჩემსავით მოიქეცით”.
49 . მოჭრა თითოეულმა თითო ტოტი და გაჰყვა აბიმელექს; შემოულაგეს ტოტები საკერპოს და ცეცხლით დაწვეს და მოკვდა შექემის კოშკის ყოველი მკვიდრი, დაახლოებით ათასი კაცი და ქალი.
50 . წავიდა აბიმელექი თებეცში, ალყა შემოარტყა და აიღო.
51 . მყარი კოშკი იდგა შუა ქალაქში, შიგ შეცვივდა ყველა კაცი, ქალი და ქალაქის მთავარი; ჩარაზეს კარი და ავიდნენ კოშკის ერდოზე.
52 . მივიდა აბიმელექი კოშკთან და ალყა შემოარტყა; ახლოს მივიდა კოშკის შესასვლელთან, რათა ცეცხლით დაეწვა.
53 . ისროლა ერთმა დედაკაცმა წისქვილის ქვის ნატეხი, მოხვდა აბიმელექს თავში და გაუტეხა თავის ქალა.
54 . მაშინვე მოუხმო თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: "იშიშვლე მახვილი და მომკალი, რათა არა თქვან, დედაკაცმა მოკლაო”. უგმირა მისმა მსახურმა და მოკლა.
55 . იხილეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, წავიდა თითოეული და დაუბრუნდა თავის სახლს.
56 . ასე მიაგო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რაც უყო მან მამამისს, როცა დახოცა თავისი სამოცდაათი ძმა.
57 . შექემელთა ბოროტება მათზევე მოაქცია ღმერთმა. ეწიათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა.
1 . ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
2 . უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.
3 . უთხრა ელისემ: "წადი და მთელი შენი სამეზობლოდან ითხოვე ჭურჭელი; ყველა მეზობლისგან წამოიღე, რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი ინათხოვრე.
4 . მერე შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა; ჩაასხი ზეთი ყოველ ამ ჭურჭელში და სავსეები განზე გადგი”.
5 . წავიდა და შეიკეტა კარი თავის ძეებთან ერთად. აწვდიდნენ მას ჭურჭელს, ის კი ზეთს ასხამდა.
6 . როცა ყველა ჭურჭელი აივსო, უთხრა თავის ძეს: "კიდევ მომიტანე ჭურჭელი”. უპასუხა: "აღარაა მეტი ჭურჭელი” და ზეთიც შეწყდა.
7 . მივიდა ქალი და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: "წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე შენი ვალი; დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა ძეებმა”.
8 . ერთ დღეს შუნამში მივიდა ელისე; იყო იქ ერთი დიდგვაროვანი ქალი; დაჟინებით მიიწვია პურის საჭმელად; გავლისას ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე მასთან პურის საჭმელად.
9 . უთხრა ქალმა თავის ქმარს: "აჰა, ვიცი, რომ წმიდაა ის ღვთისკაცი, რომელიც ჩვენთან დადის მუდამ.
10 . მოვუწყოთ პატარა ოთახი ზედა სართულზე, დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი, სასანთლე და როცა ჩვენთან შემოივლის, იქ გაჩერდეს”.
11 . ერთ დღესაც მივიდა ელისე, ავიდა ზედა ოთახში და დაწვა.
12 . უთხრა ელისემ გეხაზს, თავის მსახურს: "მოუხმე იმ შუნამელ ქალს”. მოუხმო და დადგა ქალი მის წინაშე.
13 . უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
14 . ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.
15 . უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.
16 . უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.
17 . დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.
18 . გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.
19 . შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.
20 . წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.
21 . ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა.
22 . მოიხმო ქმარი და უთხრა: "გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”.
23 . ჰკითხა ქმარმა: "რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: "მშვიდად იყავი!”
24 . შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: "წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”.
25 . წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: "აგერ, ის შუნამელი ქალი.
26 . ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: "მშვიდობით”.
27 . როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: "დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
28 . უთხრა ქალმა: "განა მე ვითხოვე შვილი ჩემი ბატონისგან? აკი ვთქვი, ამაოდ ნუ დამპირდები-მეთქი”.
29 . უთხრა გეხაზს: "შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
30 . უთხრა ბიჭუნას დედამ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ადგა ელისე და წაჰყვა.
31 . მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.
32 . შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.
33 . შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
34 . ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
35 . გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.
36 . უთხრა ელისემ გეხაზს: "მოუხმე იმ შუნამელს”. მანაც მოუხმო. მივიდა ქალი და უთხრა ელისემ: "წაიყვანე შენი ძე”.
37 . მის ფერხთით დაემხო ქალი, მდაბლად მოიდრიკა, მერე აიყვანა თავისი ძე და ოთახიდან გავიდა.
38 . ელისე გილგალში დაბრუნდა. შიმშილი იყო იმ მიწაზე; მის წინაშე ისხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. უთხრა თავის მსახურს: "დიდი ქვაბი შემოდგი ცეცხლზე და შეჭამანდი მოხარშე წინასწარმეტყველთა ძეთათვის”.
39 . ერთი მათგანი ველზე გავიდა მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური მცენარე, მოკრიფა მისი ველური ნაყოფი, აივსო სამოსელი, მივიდა და წვრილად ჩააჭრა შეჭამანდის ქვაბში _ მათ კი არ იცოდნენ რა იყო.
40 . დაუსხეს კაცებს საჭმელად და შეჭამანდს რომ შეექცეოდნენ, შეჰყვირეს: "სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეძლეს ჭამა.
41 . თქვა ელისემ: "მოიტანეთ ფქვილი”. ჩაყარა ქვაბში და თქვა: "დაუსხი ხალხს, რათა ჭამონ”. საზიანო აღარაფერი დარჩა ქვაბში.
42 . კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.
43 . ჰკითხა მსახურმა: "განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.
44 . მისცა, ჭამეს და კიდეც დარჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
1 . "ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებს ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.
2 . რაღაში მჭირდება მათი ხელების ძალა? დაილია მათი ძლიერება;
3 . ნაკლოვანებითა და შიმშილით დაუძლურებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დაცარიელებულსა და გახრიოკებულ ტრამალებში;
4 . მწარე ბალახს წიწკნიან ჯაგებთან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური.
5 . კაცთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან;
6 . უდაბურ ხეობებში და მიწის ნაპრალებში ცხოვრობენ,
7 . ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარში შეყუჟულან;
8 . განდევნილი იყვნენ ქვეყნიდან უგუნურთა და უსახელოთა ძეები!
9 . ახლა მათი საშაირო და სალაპარაკო გავხდი;
10 . ვეზიზღები, გამირბიან და სახეში ფურთხებასაც არ ერიდებიან;
11 . რადგან მან ახსნა საბელი და დამტანჯა, პირწინ დამიგდეს აღვირი;
12 . მარჯვნივ მათი ნაშიერნი აღმიდგნენ, ფეხები ამიბლანდეს და ჩემკენ მომართეს თავიანთი წარწყდომის გზები;
13 . გზასავალი დამინგრიეს, ჩემი უბედურებით სარგებლობენ, არავინ აკავებს მათ.
14 . ფართო ხვრელიდან გამოექანნენ ჩემკენ, გრიალით დამეცნენ,
15 . საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით გადაიქროლა ჩემმა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი კეთილდღეობა.
16 . ახლა კი იღვრება ჩემში სული ჩემი და ტანჯვის დღეები მეჭიდებიან.
17 . ღამით ძვლები მტეხს და ტკივილი მღრღნის, არ მიამდება;
18 . დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსელს, კვართის საყელოსავით მიჭერს მოსასხამი;
19 . ლაფში მისროლა და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს.
20 . შემოგღაღადებ და პასუხს არ მცემ; ვდგავარ და არაფრად მაგდებ.
21 . სასტიკი გახდი ჩემ მიმართ; მდევნი შენი ხელის ძლიერებით.
22 . ამწიე და ქარზე ამამხედრე, დამაქროლებ და მაცამტვერებ;
23 . ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიგყავარ, ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში.
24 . ნანგრევებში მყოფს ხელს არავინ უწვდის, როცა საშველად მოუხმობენ თავიანთი უბედურების დროს.
25 . განა არ მიტირია უბედურისთვის? არ დამიმწუხრებია სული ღარიბ-ღატაკისთვის?
26 . როცა სიკეთის იმედი მქონდა ბოროტი მოვიდა; ნათელს ველოდი და ბნელი მეწია.
27 . შიგნეული მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვის დღეები დამიდგა;
28 . მგლოვიარე დავდივარ უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და საშველად შემოგღაღადებ;
29 . ტურებს გავუხდი ძმად და სირაქლემას დავუმეგობრდი.
30 . კანი გამიშავდა და სიცხისგან ძვლები მივარვარებს.
31 . გოდებად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად - ჩემი სალამური.
1 . დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
2 . ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.
3 . ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
4 . საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
5 . სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
6 . სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
7 . აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.
8 . შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
9 . არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
10 . არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
11 . რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
12 . როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
13 . როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
14 . რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
15 . ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
16 . ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
17 . ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
18 . ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც.
19 . უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.
20 . ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.
21 . ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.
22 . ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
1 . ქების სიმღერა სოლომონისა.
2 . მეამბორე შენი ბაგის ამბორით, რადგან ღვინოზე უმჯობესია შენი ალერსი.
3 . საამურია შენი ნელსაცხებლის სურნელი, ხოლო შენი სახელი დაღვრილი ნელსაცხებელია! ამიტომ შეგიყვარეს ქალწულებმა.
4 . მიმიზიდე და ერთად გავიქცეთ. თავის შიდა ოთახებში შემიყვანა მეფემ! ვილხენთ და ვიმხიარულებთ შენით, ღვინოზე მეტად ვაქებთ შენს სიყვარულს; ღირსეულად შეგიყვარეს შენ.
5 . ასულნო იერუსალიმისა, შავგვრემანი ვარ, მაგრამ კედარის კარვებივით და სოლომონის ფარდაგებივით მშვენიერი.
6 . ნუ უყურებთ ჩემს სიშავეს, რადგან მზისგან დავიწვი: დედაჩემის ძენი გამიწყრნენ და ვენახის მცველად დამაყენეს, ჩემს ვენახს კი ვერ ვუდარაჯე.
7 . მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად მწყემსავ და სად ემალები შუადღის ხვატს? რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ფარეხთა შორის?
8 . თუ არ იცი, მშვენიერო ასულთა შორის, გაჰყევი ფარის ნაკვალევ და მწყემსთა კარვების მახლობლად აძოვე შენი თიკნები.
9 . ფარაონის ეტლში შებმულ ჩემს ფაშატს მიგამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
10 . შენი ღაწვები მძივებივით მშვენიერია, ყელი - მარგალიტივით.
11 . ვერცხლით დაწინწკლული ოქროს საყურეებით შეგამკობ.
12 . სანამ სუფრას უჯდა მეფე, სურნელი მოაფრქვია ჩემმა ნარდიონმა.
13 . ჩემი მიჯნური მურის კონასავითაა, ჩემს ძუძუებს შორის რომ ათევს ღამეს.
14 . ჰენნას მტევანია ჩემთვის ჩემი მიჯნური ყენგადის ვენახებში.
15 . რა მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, რა მშვენიერი! მტრედებივითაა შენი თვალები.
16 . რა მშვენიერი ხარ, ჩემო მიჯნურო და რა საამური! ამწვანებული მდელოა ჩვენი სარეცელი,
17 . სვეტები ჩვენი სახლისა - კედრებია, ჭერი კი - კვიპაროსები!
1 . აჰა, მშვენიერი ხარ ჩემო სატრფოვ, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები მტრედებია შენი პირბადის ქვეშ; შენი თმა გილყადის მთიდან დაშვებული თხების არვეა!
2 . შენი კბილები საბანელიდან ამომავალი გაპარსული ცხვარია, ყოველ მათგანს ტყუპი მოჰყვება და არც ერთი მათგანი არ არის მარტო.
3 . შენი ბაგენი მეწამული ძაფია და შენი პირი - მშვენიერი; შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
4 . შენი ყელი დავითის კოშკია, საჭურველისთვის აშენებული, ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი!
5 . შენი მკერდი შვლის ორი ნუკრია, ქურციკის ტყუპები, შროშანთა შორის რომ ბალახობენ.
6 . ვიდრე დღის სიგრილეა და გადახრილია ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის მაღლობზე.
7 . ყოვლად მშვენიერი ხარ, ჩემო სატრფოვ და ნაკლი არ არის შენში.
8 . ლიბანიდან წამომყევი, ჩემო საპატარძლოვ, ლიბანიდან წამომყევი! ჩამოდი ამანის, სენირისა და ხერმონის მწვერვალებიდან, ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა თავშესაფრიდან!
9 . შენ დაატყვევე ჩემი გული, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით;
10 . რა მშვენიერია შენი ალერსი, საპატარძლოვ, დაო ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი, და შენი ნელსაცხებლის სურნელი ყველა სურნელზე უკეთესი!
11 . გოლეული მოსწვეთს შენს ბაგეებს, საპატარძლოვ, თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ! შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!
12 . ზღუდეშემოვლებული ბაღი ხარ, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი!
13 . შენი ყლორტები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით, ჰენნით და ნარდით!
14 . ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, გუნდრუკის ყოველგვარი ხით, მურით და ალოეთი, ყოველგვარი საუკეთესო სურნელებით.
15 . ბაღების წყარო ხარ, ცოცხალი წყლის ჭა - ლიბანიდან მომდინარე ნაკადები!
16 . გამოიღვიძე ჩრდილოეთის ქარო, მოდი სამხრეთის ნიავო, ჩემს ბაღს მოჰბერე, რომ იფრქვეოდეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის ბაღში ჩემი მიჯნური და იგემოს მისი რჩეული ხილი!
1 . მოვედი ჩემს ბაღში, დაო, სატრფოვ ჩემო, მოვკრიფე მური სურნელებასთან ერთად, ვჭამე ფიჭა ჩემს თაფლთან ერთად, დავლიე ღვინო ჩემს რძესთან ერთად; ჭამეთ მოყვასნო, სვით და დათვერით, მიჯნურნო!
2 . მძინავს, მაგრამ გული მღვიძარია; ხმაა! ჩემი მიჯნური აკაკუნებს: გამიღე, ჩემო სატრფოვ, ჩემო უმანკო მტრედო, რადგან ნამით ამევსო თავი, ღამის ცვრის წვეთებით - კულულები!
3 . გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა შევიმოსო? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4 . ხელი შემოყო ჩემმა მიჯნურმა კარის ღრიჭოდან და შემეძრა შიგნეული!
5 . ავდექი, რათა კარი გამეღო ჩემი მიჯნურისთვის. ხელებიდან მური მდიოდა და თითებიდან კლიტის სახელურს ეღვენთებოდა იგი.
6 . გავუღე ჩემს მიჯნურს, მაგრამ გაბრუნებულა და წასულა იგი. გულამოვარდნილი ვეძახდი, ვეძებდი მას, მაგრამ ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი, მაგრამ არ მპასუხობდა!
7 . მცველები, ქალაქის დარაჯები შემომხვდნენ, მცემეს და დამჭრეს; გალავნის მცველებმა მოსასხამი შემომაძარცვეს.
8 . გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, თუ იპოვით ჩემს მიჯნურს, რას ეტყვით? უთხარით, რომ სიყვარულით ვარ სნეული.
9 . რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, მშვენიერო ასულთა შორის? რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, ასე რომ გვაფიცებ?
10 . სპეტაკია ჩემი მიჯნური, მწითური, მრავალთაგან გამორჩეული.
11 . მისი თავი - ბაჯაღლოა, კულულები - დახვეული, ყორანივით შავი.
12 . მისი თვალები წყლის ნაკადებთან მსხდომი მტრედებია, რძეში განბანილნი, კოხტად რომ სხედან ბუდეში.
13 . მისი ღაწვები სურნელოვან მცენარეთა კვლებია, საამო სურნელის მფრქვეველნი; მისი ბაგეები შროშანებია - მურს აწვეთებენ.
14 . მისი ხელები იაგუნდით მორთული თლილი ოქროა, მისი გულმკერდი საფირონით დაფარული სპილოს ძვლის ფარია.
15 . მისი წვივები ბაჯაღლოს კვარცხლბეკზე აზიდული მარმარილოს სვეტებია, მისი გარეგნობა დიდებულია, როგორც ლიბანი და კედარნი მისი.
16 . მისი ბაგეები სიტკბოებაა, ძლიერ საწადელი! აი, ესაა ჩემი მიჯნური, ჩემი საყვარელი, ასულნო იერუსალიმისა!
1 . ვაი მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის.
2 . აჰა, უფლის ძლიერი, მაგარი, თავსხმა სეტყვასავით და წყლის მჩქეფარე ნიაღვრებივით დამღუპველი გრიგალი, მიწაზე რომ ანარცხებს ხელით.
3 . ფეხით გაითელება მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინი.
4 . მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი, ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის, ზაფხულის დადგომამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც დაინახავს თუ არა მნახველი, აიღებს და გადაყლაპავს.
5 . იმ დღეს, ცაბაოთ უფალი გახდება მშვენების გვირგვინი და დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის.
6 . სამართლის სული - სამსჯავროში მსხდომთათვის და ძალა - კარიბჭიდან თავდამსხმელთა მომგერიებელთათვის.
7 . ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.
8 . ვინაიდან ყოველი სუფრა ბინძური ნარწყევით გაივსო, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
9 . ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?
10 . რადგან მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ.
11 . დიახ, ლუღლუღა ბაგეებით და უცხო ენით დაელა0არაკებ ამ ხალხს.
12 . ეუბნებოდნენ მათ: "აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.
13 . ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ, რომ წავიდნენ და გულაღმა დაეცნენ, დაილეწონ, მახეში გაებნენ და დატყვევდნენ.
14 . ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, დამცინავო კაცებო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში.
15 . რადგან ამბობდით: "აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით ქვესკნელთან; როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - სამალავად”.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, საიმედო საძირკველს და მასზე მინდობილს შიში ვერ ააჩქარებს.
17 . სამართალს დავდებ საზომად და სიმართლეს - საწონად, სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წალეკავს სიცრუის სამალავს.
18 . გაუქმდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და ვერ გაძლებს თქვენი კავშირი ქვესკნელთან. და როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
19 . რამდენჯერაც არ უნდა ჩამოიაროს, შეგიპყრობთ; ყოველ დილით ჩამოივლის. დღისით და ღამით; მისი ამბის გაგონებაზეც კი ძრწოლა შეგიპყრობთ.
20 . მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და საბანი - ვიწრო, მასში გასახვევად,
21 . რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.
22 . ახლა კი, მოეშვით დაცინვას, თორემ განმტკიცდება თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების ამბავი მოვისმინე ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან.
23 . ყური დაუგდეთ და უსმინეთ ჩემს ხმას, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი.
24 . განა ყოველდღე ხნავს მხვნელი დასათესად, განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს მიწას?
25 . განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მოფანტავს შავკაკალას და კვლიავს მიმოყრის, ხორბალს რიგებად თესავს და ქერს თავის ადგილზე ჰყრის, ჭვავს კი ყანის კიდეებზე ათავსებს.
26 . ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
27 . რადგან კევრით არ ლეწავენ შავკაკალას და ურმის თვალს არ ატარებენ კვლიავზე; რადგან კეტით ბერტყავენ შავკაკალას და ჯოხით - კვლიავს.
28 . ლეწავენ საპურე ხორბალს, თუმცა ბოლომდე არ ნაყავენ; რადგან ურმის თვალი და ცხენები, ასე თუ გაგრძელდა, გააფუჭებენ მას, ამიტომ ჩერდება და აღარ ლეწავს.
29 . ესეც ცაბაოთ უფლისგანაა; საკვირველია მისი რჩევა და დიადი - მისი სიბრძნე.
1 . ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
2 . რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს - რაც არ აძღობს? ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში.
3 . მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.
4 . აჰა, მოწმედ დაგადგინე ხალხთათვის, მთავრად და მბრძანებლად ერთათვის,
5 . აჰა, მოუხმობ ერს, რომელსაც არ იცნობდი და ერი, რომელიც არ გიცნობდა, გამოიქცევა შენთან, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის გულისთვის, ვინაიდან მან განგადიდა შენ.
6 . ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა.
7 . მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ - თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, - ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
8 . რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! - ამბობს უფალი;
9 . და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები - თქვენს ზრახვებზე.
10 . რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს;
11 . ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან - ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.
12 . მხიარულებით გახვალთ და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი, მთანი და მაღლობნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.
13 . კვრინჩხის ნაცვლად კვიპაროსი ამოვა და ჭინჭრის ნაცვლად - მურტი; და იქნება იგი უფლის სახსენებლად, მარადიულ ნიშნად და არ მოიკვეთება.
1 . "შენ კი, ძეო კაცისავ, აიღე აგური, დაიდე წინ და ამოკვეთე მასზე ქალაქი იერუსალიმი.
2 . ალყაში მოაქციე იგი, სიმაგრე ააშენე მის წინააღმდეგ და მიწაყრილები შემოავლე, განალაგე მათზე ბანაკები და გარშემოარტყი კედლის სანგრევი მანქანები.
3 . შენ კი, აიღე რკინის დაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის; სახე მისკენ მიაქციე, რათა ალყაში მოექცეს და გარშემორტყმული გყავდეს. ეს იქნება ნიშანი ისრაელის ტაძრისთვის.
4 . დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდე ისრაელის ტაძრის ურჯულოება. რამდენ დღესაც იწვები, იმდენხანს ატარებ მის ურჯულოებას.
5 . მე განგისაზღვრე მათი ურჯულოების წლები დღეთა რიცხვის მიხედვით: სამას ოთხმოცდაათ დღეს ატარებ ისრაელის ტაძრის ურჯულოებას.
6 . შეასრულებ ამას და დაწვები მარჯვენა გვერდზე; ორმოც დღეს ატარებ იუდას ტაძრის ურჯულოებას. თითო დღე თითო წლისთვის დაგიდგინე.
7 . იერუსალიმის ალყისკენ მიმართავ სახეს და შიშველ მკლავს, და იწინასწარმეტყველებ მასზე.
8 . აჰა, შეგბოჭავ და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორეზე, სანამ არ დასრულდება შენი ალყის დღეები.
9 . აიღე ხორბალი და ქერი, ცერცვი და მურდუმაქი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ერთ ჭურჭელში და საჭმელი მოიმზადე. დღეთა იმ რიცხვის მიხედვით უნდა მოიმზადო, რამდენსაც გვერდზე იწვები, სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო.
10 . დღეში შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, წონით ოცი შეკელი იყოს, ჟამიდან ჟამამდე ჭამე.
11 . წყალიც მოზომილად სვი, მეექვსედი ჰინი დალიე ჟამიდან ჟამამდე.
12 . ქერის კვერს შეჭამ, ადამიანის გამომშრალ განავალზე გამოაცხობ მას, მათ დასანახად”.
13 . და თქვა უფალმა: "ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმინდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ”.
14 . მივუგე: "ო, არა უფალო ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა; სიჭაბუკიდან მოყოლებული დღემდე მძორი და მხეცის მიერ დაგლეჯილი არ მიჭამია; აქამდე საზიზღარი ხორცისთვის პირი არ დამიკარებია”.
15 . მითხრა: "კარგი, საქონლის ნეხვს მოგცემ ადამიანის განავლის ნაცვლად და მასზე მოიმზადე კვერი”.
16 . მითხრა: "ძეო კაცისავ! აი, მე გავანადგურებ საკვების მარაგს იერუსალიმში და წონითა და დარდით შეჭამენ პურს, მოზომილად და ძრწოლით შესვამენ წყალს.
17 . ვინაიდან მოაკლდებათ პური და წყალი, ძრწოლით შეხედავენ ერთმანეთს და გატიალდებიან თავიანთ ურჯულოებაში.
1 . იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და ზღვის პირას დაჯდა.
2 . და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავზე ავიდა და ჩაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
3 . მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: "აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4 . თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
5 . ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს.
6 . ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი.
8 . სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
9 . ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!”
10 . მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს: "რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?”
11 . პასუხად კი უთხრა მათ: "იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არ მიეცათ.
12 . ამიტომ, ვისაც აქვს, მას მიეცემა და უხვად ექნება, ხოლო, ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
13 . იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.
14 . მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
15 . ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
16 . ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და ყურები - რომ ისმენენ.
17 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
18 . თქვენ კი მოისმინეთ იგავი მთესველზე.
19 . ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.
20 . ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას;
21 . მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
22 . ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
23 . ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.
24 . სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: "ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
25 . როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა.
26 . ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
27 . მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია?
28 . მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ.
29 . მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ.
30 . გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
31 . სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში.
32 . იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”.
33 . სხვა იგავიც უთხრა მათ: "ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”.
34 . ყოველივე ამას იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს; იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.
35 . რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც წუთისოფლის დასაბამიდანაა დაფარული”.
36 . მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”.
37 . მან პასუხად მიუგო: "კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.
38 . ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.
39 . მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან.
40 . ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს.
41 . წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს,
42 . და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
43 . მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
44 . ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.
45 . კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს;
46 . როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.
47 . კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ.
48 . როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან.
49 . ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან.
50 . ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
51 . "თუ გაიგეთ ყოველივე ეს?” კიო, მიუგეს მას.
52 . იესომ კი უთხრა მათ: "ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სამეფოს მოწაფე გახდა, წააგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი”.
53 . იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გასცილდა.
54 . მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში. იქ უკვირდათ და ამბობდნენ: "საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალა?
55 . განა ეს ხუროს ძე არ არის? განა მარიამი არ ჰქვია დედამისს, მის ძმებს კი იაკობი და იოსები, სიმონი და იუდა?
56 . განა ჩვენ შორის არ არიან მისი დანი? საიდან აქვს ყოველივე ეს?”
57 . და შებრკოლდნენ ამის გამო. იესომ კი უთხრა მათ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა”.
58 . არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
1 . მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს.
2 . უთხრა: "მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3 . ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.
4 . კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.
5 . ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ.
6 . უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებში - წინა ადგილებზე.
7 . მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.
8 . თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ.
9 . ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.
10 . ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე.
11 . უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს.
12 . ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.
13 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან კეტავთ ცათა სამეფოს ადამიანთა წინაშე; არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ ანებებთ შესვლას!
14 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.
15 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ, და როცა მოაქცევთ, გეენის ძედ გადააქცევთ, თქვენზე ორჯერ უარესად!
16 . ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს - არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო.
17 . უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია - ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
18 . და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.
19 . ბრმანო, რომელი უფრო დიდია - ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს?
20 . ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
21 . ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც.
22 . ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
23 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
24 . ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!
25 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.
26 . ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
27 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28 . ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
29 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს.
30 . და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31 . ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
32 . ბარემ ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო.
33 . იქედნეთა ნაშობო გველებო! გეენის მსჯავრს როგორ გაექცევით?
34 . ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს; თქვენ კი ზოგიერთს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
35 . რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.
36 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.
37 . იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
38 . აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.
39 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”
1 . ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: "უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს”.
2 . უთხრა მათ: "როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.
3 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
4 . და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.
5 . უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, მიადგეს შუაღამისას და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
6 . რადგან ნამგზავრი მეგობარი მესტუმრა და არაფერი გამაჩნიაო, რომ შევთავაზო!
7 . მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ჩემთან მიწვანან ლოგინში, არ შემიძლიაო წამოდგომა და პურის მოცემა;
8 . გეუბნებით: მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს პურის მისაცემად, მომაბეზრებლობის გამო მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება.
9 . მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
10 . ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
11 . რომელი თქვენგანი იქნება ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და მან თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცეს?
12 . ანდა კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს?
13 . ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
14 . და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
15 . ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
16 . ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
17 . იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა დაყოფილი, გაპარტახდება და თავისავე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაეცემა.
18 . თუ თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა სატანა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? რადგან ამბობთ, რომ ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.
19 . თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
20 . ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!
21 . როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
22 . მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.
23 . ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა; ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს.
24 . როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
25 . მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს.
26 . მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.
27 . სანამ ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი”.
28 . მან კი თქვა: "ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას”.
29 . ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: "ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.
30 . ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.
31 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
32 . ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.
33 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ დაფარულ ადგილას ან ჭურჭლის ქვეშ დადგას, არამედ სალამპრეზე, რათა სინათლეს ხედავდნენ შემოსულნი.
34 . სხეულის ლამპარი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
35 . გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!
36 . თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.
37 . ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა; ისიც შევიდა და სუფრას მიუჯდა.
38 . გაუკვირდა ფარისეველს, როცა ნახა, რომ სადილის წინ არ დაიბანა.
39 . უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.
40 . უგუნურნო, განა შინაგანიც გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა?
41 . ჰოდა გაეცით მოწყალებად, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და აჰა, სუფთა გექნებათ ყველაფერი.
42 . მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!
43 . ვაი თქვენ, ფარისეველნო, სინაგოგებში წინა ადგილებზე ჯდომა და მოედნებზე მოსალმებანი რომ გიყვართ!
44 . ვაი თქვენ, რადგან უხილავი სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!”
45 . ამაზე რჯულის ერთ-ერთმა მცოდნემ უთხრა: "მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვლანძღავ”.
46 . მან კი უთხრა: "ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
47 . ვაი თქვენ, წინასწარმეტყველთა სამარხებს რომ აშენებთ, თუმცა თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი!
48 . ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.
49 . ამიტომაც თქვა ღმერთის სიბრძნემ: მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და ზოგს დახოცავენ მათგან, ზოგს კი განდევნიან.
50 . რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -
51 . აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. გეუბნებით, ამ თაობას მოჰკითხავენ.
52 . ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, ვინაიდან წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შესულხართ და შემსვლელებიც შეაფერხეთ”.
53 . როცა იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გაშმაგებით შეუტიეს და მრავალი კითხვით აიძულებდნენ ელაპარაკა,
54 . რათა ისეთი რამ ეთქმევინებინათ, რომ მერე ბრალი დაედოთ მისთვის.
1 . კვლავ დაიწყო სწავლება ზღვასთან. ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ ნავზე ავიდა და ზღვაში შევიდა, ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე.
2 . ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა თავის მოძღვრებაში:
3 . "ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4 . თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
5 . ზოგი კლდოვან ადგილას დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, მალე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა.
6 . ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა; და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო იგი; ნაყოფი ვეღარ გამოიღო.
8 . ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო. აღმოცენდა, იმატა და ნაყოფი გამოიღო - ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად და ერთი ასად”.
9 . თქვა: "ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
10 . მარტო რომ დარჩა, ჰკითხეს იგავზე, მასთან მყოფებმა თორმეტთან ერთად.
11 . მან უთხრა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
12 . რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ”.
13 . უთხრა მათ: "არ გესმით ეს იგავი? მაშ როგორ გაიგებთ ყველა სხვა იგავს?
14 . მთესველი თესავს სიტყვას.
15 . გზის პირას ისინი არიან, ვისშიც ითესება სიტყვა; მაგრამ როგორც კი მოისმენენ მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.
16 . ასევე, კლდოვანზე დათესილი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ მას;
17 . მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ მათში და ხანმოკლენი არიან; როგორც კი გასაჭირი დადგება ანდა სიტყვის გამო დევნა დაიწყება, მაშინვე ცდუნდებიან.
18 . ეკალთა შორის დათესილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას,
19 . მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.
20 . კარგ ნიადაგზე დათესილი კი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მიიღებენ და ნაყოფიც მოაქვთ: ერთი ოცდაათად, სამოცად და ასად”.
21 . უთხრა მათ: "განა იმისთვის მოაქვთ ლამპარი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან? განა იმისთვის არა, რომ სალამპრეზე დადგან?
22 . რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამომჟღავნდეს.
23 . თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
24 . უთხრა მათ: "დაუკვირდით, რას ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.
25 . რადგან ვისაც აქვს, კიდევ მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს”.
26 . და თქვა: "ღმერთის სამეფო ჰგავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში.
27 . ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.
28 . რადგან მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, შემდეგ თავთავი, მერე კი სავსე მარცვალი თავთავში.
29 . რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე წარგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”.
30 . თქვა: "რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო? რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?
31 . იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე მცირეა არსებულ თესლთა შორის.
32 . დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მცენარედ გადაიქცევა ბოსტნეულს შორის. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ”.
33 . მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ.
34 . იგავების გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
35 . იმავე დღეს, მოსაღამოვებულზე უთხრა მათ: "გაღმა გადავცუროთ”.
36 . გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი იმ ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან ერთად სხვა ნავებიც იყო.
37 . ამოვარდა დიდი გრიგალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდნენ, ისე რომ ნავი უკვე წყლით ივსებოდა.
38 . ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ვიღუპებით?”
39 . მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: "დადუმდი, ჩადექ!” ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა.
40 . უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ? რატომ არა გაქვთ რწმენა?”
41 . ისინი ძალიან შეშინდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ ემორჩილება?”