1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: "ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.
2 . ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
3 . მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4 . ფარაონის ეტლები და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ წითელ ზღვაში.
5 . დაფარა ისინი წყალმა; ლოდებივით ჩაეშვნენ სიღრმეში.
6 . მარჯვენა შენი, უფალო, განდიდებულია ძალით, მარჯვენამ შენმა, უფალო, გააცამტვერა მტერი.
7 . შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.
8 . შენი ნესტოების ქარის ქროლვით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ტალღები, შედედდნენ მორევნი ზღვის გულში.
9 . თქვა მტერმა: "დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ამოვიყრი, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ხელი ჩემი”.
10 . დაჰქროლე შენი სუნთქვით და ზღვამ დაფარა ისინი - ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ წყალში.
11 . ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?
12 . გაიწოდე მარჯვენა და მიწამ შთანთქა ისინი.
13 . წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.
14 . ისმინეს ხალხებმა და ათრთოლდნენ; ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მკვიდრნი.
15 . მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთვარნი, აცახცახდნენ მოაბის თავკაცნი და შეკრთნენ მკვიდრნი ქანაანისა.
16 . დაეცათ შიში და ძრწოლა; შენი მკლავის სიმაგრემ ლოდივით დაადუმა ისინი, სანამ გაივლის შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლის ეს ხალხი, რომელიც შეისყიდე.
17 . მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.
18 . უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე”.
19 . როდესაც ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებით ზღვაში შევიდნენ, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ისრაელის შვილებმა კი მშრალ მიწაზე გაიარეს შუა ზღვაში.
20 . აიღო წინასწარმეტყველმა მირიამმა, აჰარონის დამ, დაფდაფი ხელში, და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21 . და ხოტბით უპასუხა მირიამმა: "უგალობეთ უფალს, რადგან ფრიად განდიდდა იგი; ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი”.
22 . წაიყვანა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23 . მივიდნენ მარას და ვერ შეძლეს წყლის დალევა მარაში, რადგან მწარე იყო, ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24 . და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: "რა დავლიოთ?”
25 . შეჰღაღადა მოსემ უფალს და უჩვენა მას უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26 . თქვა: "თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27 . მივიდნენ ელიმში და იყო იქ თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე; და იქ დაიბანაკეს წყლის პირას.
1 . ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.
2 . შეღაღადა ხალხმა მოსეს; ლოცვით შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.
3 . და უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბერა - მწველი, რადგან უფლის ცეცხლი მოეკიდათ იქ.
4 . გულისთქმა დაეუფლა მათ შორის მყოფ ბრბოს, მათთან ერთად ისრაელიანებიც მოთქვამდნენ და ამბობდნენ - ვინ გვაჭმევსო ხორცს.
5 . გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე - კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.
6 . ახლა ჩამოვხმით, რადგან მანნას გარდა არაფერია ჩვენს თვალწინ”.
7 . ქინძის თესლივით იყო მანნა და ქარვის შეხედულება ჰქონდა.
8 . დადიოდა ხალხი და კრეფდა, ფქვავდა წისქვილის ქვაზე ან ფილით ნაყავდა; ხარშავდნენ ქვაბში და კვერებს აცხობდნენ მისგან; ზეთიანი კვერის გემო ჰქონდა.
9 . როცა ღამით ცვარი დაეფინებოდა ბანაკს, მანნაც ეფინებოდა მას.
10 . გაიგონა მოსემ ხალხის ტირილი თავთავის სახლებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ტიროდა; და ფრიად აღინთო უფლის რისხვა. ეს მოსეს თვალშიც ბოროტება იყო.
11 . უთხრა მოსემ უფალს: "რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?
12 . ნუთუ მე ვატარე მთელი ეს ხალხი მუცლით და მე ვშობე იგი, რომ მეუბნები: ატარე შენი უბით, როგორც ძიძა ატარებს ძუძუმწოვარ ჩვილს, და წაიყვანე იმ მიწაზე, რომელიც შევფიცეო მის მამებს?
13 . სად მაქვს ხორცი ამდენი ხალხისთვის? ჩემს წინ მოთქვამენ - ხორცი მოგვეცი, რომ შევჭამოთო.
14 . მე ერთი ვერ ვატარებ ამ ხალხს; რადგან მძიმეა ეს ტვირთი ჩემთვის,
15 . და თუ ასე მექცევი, გთხოვ მომკალი, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, რათა აღარ ვუყურო ჩემს გაჭირვებას”.
16 . უპასუხა უფალმა მოსეს: "შეკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, ვინც იცი, რომ ხალხის უხუცესები და ზედამხედველნი არიან. მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად.
17 . ჩამოვალ და დაგელაპარაკები, ავიღებ სულიდან, რომელიც შენზეა და მათაც მოვაფენ, რათა შენთან ერთად ზიდონ ხალხის ტვირთი და მარტომ აღარ ატარო.
18 . უთხარი ხალხს: განიწმიდეთო ხვალისთვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ყურში ჩასტიროდით უფალს, ხორცს ვინ გვაჭმევსო, ეგვიპტეში გვერჩივნაო; მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.
19 . ოღონდ, ერთ დღეს კი არ შეჭამთ, არც ორ დღეს, არც ხუთ დღეს, არც ათ დღეს და არც ოც დღეს,
20 . არამედ მთელ თვეს, სანამ არ შეგზიზღდებათ და ნესტოებიდან არ გადმოანთხევთ, რადგან უარყავით უფალი, რომელიც თქვენ შორისაა და მოსთქვამდით მის წინაშე, რად გამოვედითო ეგვიპტიდან”.
21 . თქვა მოსემ: "ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც ვიმყოფები, შენ კი ამბობ: ერთი თვის საჭმელ ხორც მივცემო.
22 . მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ? ან ზღვის მთელი თევზიც რომ მივცეთ, ნუთუ საკმარისი იქნება?”
23 . უპასუხა უფალმა მოსეს: "განა დამოკლდა უფლის ხელი? ახლა იხილავ, აგისრულდება თუ არა ჩემი სიტყვა”.
24 . გამოვიდა მოსე და უამბო ხალხს უფლის ნათქვამი, შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან და დააყენა ისინი კარვის გარშემო.
25 . და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, თან ელაპარაკებოდა მას, აიღო სულისგან, რომელიც მოსეზე იყო და მოჰფინა სამოცდაათ უხუცეს მამაკაცს; დაივანა მათზე სულმა და განუწყვეტლივ იწყეს წინასწარმეტყველება.
26 . მაგრამ ორი კაცი დარჩა ბანაკში; ერთის სახელი იყო ელდადი, მეორისა - მედადი; ისინიც ჩაწერილნი იყვნენ, მაგრამ არ გასულან სავანესთან; მათზეც დაივანა სულმა და იწყეს წინასწარმეტყველება ბანაკში.
27 . გაიქცა ერთი ჭაბუკი და აუწყა მოსეს: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში.
28 . მიუგო იეშუამ, ნავეს ძემ, რომელიც სიყრმიდან მოსეს მსახური იყო: "მოსე, ჩემო ბატონო! აუკრძალე!”
29 . უთხრა მას მოსემ: "ჩემ გამო ხომ არ ეჭვიანობ? ნეტავ უფლის მთელი ხალხი გაწინასწარმეტყველდებოდეს და მათზეც მოაფენდეს უფალი თავის სულს”.
30 . და დაბრუნდნენ მოსე და უხუცესები ისრაელის ბანაკში.
31 . ამოვარდა ქარი უფლისგან, მოზიდა ზღვიდან მწყერი და დაყარა ბანაკიდან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, მიწიდან თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე.
32 . მთელ იმ დღე-ღამეს და მთელ მეორე დღეს აგროვებდა ხალხი მწყერს; ყველაზე ცოტას ამკრეფმაც კი ათი ხომერი აკრიფა. ბანაკის გარშემო დაილაგეს თავისთვის.
33 . ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი, დაღეჭვაც ვერ მოასწრეს, რომ უფლის რისხვა აღინთო ხალხზე და მოსრა უფალმა მრავალი.
34 . ეწოდა იმ ადგილს კიბროთ ჰათაავა - გულისთქმათა საფლავი, რადგან იქ დამარხეს ხალხი.
35 . კიბროთ ჰათაავადან ხაცეროთისკენ დაიძრა ხალხი; და დადგნენ ხაცეროთში.
1 . "როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;
2 . ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
3 . არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
4 . რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
5 . ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
6 . რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.
7 . იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;
8 . არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
9 . იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
10 . მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
11 . დაიცავი მცნებები, დადგენილებანი და სამართალი, რომელთაც გამცნობ დღეს, რათა აღასრულო.
12 . თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.
13 . შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს.
14 . კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.
15 . მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16 . შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი; არ შეიწყალოს შენმა თვალმა ისინი და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
17 . თუ იტყვი გულში: "ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?”
18 . არ შეგეშინდეს მათი, გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს;
19 . ის დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები, სასწაულები, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20 . კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპება ყველა, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21 . არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
22 . თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს; მალე არ უნდა მოსპო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23 . გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.
24 . ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
25 . ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
26 . ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . თქვა ელისემ: "ისმინეთ უფლის სიტყვა! ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ერთი სეა საუკეთესო პურის ფქვილი ერთი შეკელი ეღირება და ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი”.
2 . მიუგო ღვთისკაცს მეფის ერთ-ერთმა მსახურმა, რომლის მკლავსაც მეფე ეყრდნობოდა: "აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი რამ?” მიუგო ელისემ: "შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ”.
3 . ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭესთან და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "რატომ უნდა ვისხდეთ აქ სიკვდილის მოსვლამდე?
4 . თუ ქალაქში შევალთ, შიმშილია ქალაქში და დავიხოცებით; თუ აქ დავრჩით, მაინც დავიხოცებით. ავდგეთ და არამელთა ბანაკს მივადგეთ. თუ დაგვინდეს და გვაცოცხლეს, ხომ კარგი; თუ დაგვხოცეს, დავიხოცებით”.
5 . ადგნენ დაბინდებისას, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. მიადგნენ არამელთა ბანაკის მისადგომებს და, აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.
6 . უფალმა ჩაასმინა არამელთა ლაშქარს ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდი ლაშქრის ყიჟინა. ერთმანეთისთვის უთქვამთ: ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები დაიქირავა ჩვენს წინააღმდეგ ისრაელის მეფემ და თავს დაგვესხნენო.
7 . ამდგარან და გაქცეულან დაბინდებისას, მიატოვეს კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად დატოვეს და გაიქცნენ თავის გადასარჩენად.
8 . მივიდნენ კეთროვნები ბანაკის მისადგომებთან, შევიდნენ ერთ კარავში, ჭამეს და სვეს, აიღეს ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. მობრუნდნენ და სხვა კარავში შევიდნენ, იქიდანაც წამოიღეს და დამალეს.
9 . და უთხრეს ერთმანეთს: "ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყების დღეა, ჩვენ კი ჩუმად ვართ. თუ გათენებამდე ვიცდით, სასჯელი არ აგვცდება. ახლავე წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ”.
10 . მივიდნენ, დაუძახეს კარიბჭის მცველებს და უამბეს: "არამელთა ბანაკში მივედით და იქ კი არავინ დაგვხვდა, კაციშვილის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ დაბმული ცხენები და სახედრები და მიტოვებული კარვები ვნახეთ”.
11 . დაუძახეს მათ გუშაგებს და მათაც გაავრცელეს ეს ამბავი მეფის სასახლეში.
12 . ადგა მეფე ღამით და უთხრა მსახურებს: "ახლა გეტყვით, რა ჩაიფიქრეს არამელებმა. იციან, რომ ვშიმშილობთ, გავიდნენ ბანაკიდან, ველზე ჩაგვისაფრდნენ და ამბობენ: როცა ქალაქიდან გამოვლენ, ცოცხლად შევიპყრობთ და ქალაქსაც ავიღებთო”.
13 . მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და თქვა: "გამოიყვანონ ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი და გავიგოთ რა მოხდა, რადგან ისინი მაინც ისრაელის სიმრავლესავით იქნებიან რომელიც განადგურდა. გავგზავნოთ და ვნახოთ”.
14 . გაიყვანეს ცხენებში ჩაბმული ორი ეტლი, გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: "წადით და ნახეთ”.
15 . იორდანემდე მიჰყვნენ მათ კვალს და, აჰა, მთელი გზა სავსე იყო ტანისამოსით და საბრძოლო აღჭურვილობით, არამელებს რომ დასცვენოდათ სიჩქარეში. მობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.
16 . გავიდა ხალხი და გაძარცვა არამელთა ბანაკი; ერთი სეა საუკეთესო პურის ფქვილი ერთი შეკელი გახდა და ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ.
17 . კარიბჭის მეთვალყურედ მეფემ ის მსახური დააყენა, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა; გადათელა იგი ხალხმა კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მეფე ჩავიდა.
18 . ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: "ერთი სეა საუკეთესო პურის ფქვილი ერთი შეკელი ეღირებაო და ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი ხვალ ამ დროს, სამარიის კარიბჭესთან”.
19 . მიუგო მაშინ ღვთისკაცს მეფის მსახურმა: "სარკმლებიც რომ გაუკეთოს უფალმა ზეცას, განა მოხდება ასეთი რამ?” მან კი უპასუხა: "შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ”.
20 . ასეც აუხდა: გადათელა იგი ხალხმა კარიბჭეში და მოკვდა.
1 . მიუგო იობმა უფალს:
2 . „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.
3 . ამბობდი: ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით? - ვამბობდი იმას, რაც არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
4 . ამბობდი: მომისმინე და ვილაპარაკებ; შეგეკითხები და მიპასუხე.
5 . ყურმოკვრით გიცნობდი; ახლა კი გხედავენ ჩემი თვალები.
6 . ამიტომ უკან ვიხევ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში”.
7 . მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, მიმართა უფალმა ელიფაზ თემანელს: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
8 . ახლა კი წაიყვანეთ თქვენთვის შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი და მიდით ჩემს მსახურ იობთან, აღავლინეთ სრულადდასაწველი თქვენთვის და ილოცებს თქვენთვის ჩემი მსახური იობი, რადგან მხოლოდ მის ლოცვას მივიღებ, რათა ისე არ მოგექცეთ, როგორც დაიმსახურეთ, იმის გამო, რომ ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე”.
9 . წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ უფალმა. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა.
10 . აღუდგინა უფალმა იობს მისი დანაკარგი, როცა ილოცა მან თავისი მეგობრებისთვის და ორმაგად გაუმრავლა უფალმა იობს ყველაფერი, რაც მანამდე ებადა.
11 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები და ყველა მისი უწინდელი ნაცნობ-მეგობარი. ჭამეს მასთან პური მის სახლში, თანაუგრძნეს და ნუგეში სცეს ყველა იმ უბედურების გამო, რაც მოუვლინა მას უფალმა. თითოეულმა ერთი ვერცხლის ფული და ოქროს ერთი ბეჭედი მისცა.
12 . და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი ხრდალი ვირი.
13 . ჰყავდა შვიდი ძე და სამი ასული.
14 . ერთს სახელად იემიმა დაარქვა, მეორეს - კეციყა და მესამეს - კერენ-ჰაფუქი.
15 . მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა მშვენიერი ქალები. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.
16 . იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი; და იხილა თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა.
17 . მოკვდა იობი მოხუცებული და დღეებით მაძღარი.
1 . და იყო სიტყვა უფლისგან იერემიას მიმართ იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეათე წელს. ეს იყო ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელი.
2 . ბაბილონის მეფის ლაშქარს იერუსალიმი ალყაში მოექცია, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი დამწყვდეული იყო საყარაულო ეზოში, რომელიც იუდას მეფის სახლთანაა.
3 . იუდას მეფემ, ციდკიაჰუმ დაამწყვდია იგი; უთხრა: "რატომ წინასწარმეტყველებ, ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და დაიპყრობსო?
4 . იუდას მეფე ციდკიაჰუ ხელიდან ვერ წაუვა ქალდეველებს, ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფესო; პირისპირ ილაპარაკებენ და საკუთარი თვალებით შეხედავენ ერთმანეთსო.
5 . ციდკიაჰუს ბაბილონში წაიყვანს და იქ იქნება, ვიდრე მე არ მოვინახულებო, ამბობს უფალი. ქალდეველებს თუ შეებრძოლებით, დამარცხდებითო”.
6 . თქვა იერემიამ: "იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
7 . აჰა, ხანამეელ შალუმის ძე, შენი ბიძაშვილი, მოდის შენთან. უნდა გითხრას: იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ არის, რადგან გამოსყიდვის უფლების თანახმად შენ უნდა იყიდოო”.
8 . უფლის სიტყვის თანახმად, მოვიდა საყარაულო ეზოში ხანამეელი, ჩემი ბიძაშვილი, და მითხრა: "იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ არის, ბენიამინის ქვეყანაში, რადგან მემკვიდრეობით გეკუთვნის, შენია გამოსყიდვის უფლება, იყიდე!” მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო.
9 . ვიყიდე მინდორი, ხანამეელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში რომ არის; ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი მივუწონე.
10 . წერილში ჩავწერე, დავბეჭდე, მოწმეებს დავუძახე და ფული სასწორით მივუწონე.
11 . ავიღე ნასყიდობის წერილი, როგორც დაბეჭდილი, ასევე ღია ასლი, რომელშიც პირობები და წესები ეწერა.
12 . მივეცი ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს, მახსეიასის ძეს, ხანამეელის, ჩემი ბიძაშვილისა და ყველა მოწმის თვალწინ, ხელი რომ მოაწერეს ნასყიდობის წერილს, და ყველა იუდევლის თვალწინ, საყარაულო ეზოში რომ ისხდნენ.
13 . მათი თანდასწრებით ვუბრძანე ბარუხს და ვუთხარი:
14 . "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს წერილები, ეს ნასყიდობის წერილი, დაბეჭდილიც და ღიაც, და თიხის ჭურჭელში ჩადე, რომ დიდხანს შეინახოს.
15 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სახლებს, მინდვრებსა და ვენახებს კვლავ იყიდიან და გაყიდიან ამ ქვეყანაში!”
16 . მას შემდეგ, რაც ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს მივაბარე, ასე ვილოცე უფლისადმი:
17 . "ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის!
18 . სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
19 . აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.
20 . რომელმაც ნიშნები და სასწაულები მოახდინა ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენს ისრაელში და ადამიანთა შორის; და სახელი მოიხვეჭე, დღეს რომ გაქვს.
21 . შენი ერი, ისრაელი, შენ გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშნებითა და სასწაულებით, ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშისზარით.
22 . და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელზეც მათ მამებს შეჰფიცე, რომ მისცემდი; ქვეყანა, რომელშიც რძე და თაფლი მოედინება.
23 . მოვიდნენ და დაიმკვიდრეს იგი, მაგრამ არ დაემორჩილნენ შენს ხმას, შენი რჯულით არ იარეს, შენი ბრძანებები არ შეასრულეს. ამიტომ მოაწიე მათზე ყველა ეს უბედურება.
24 . აჰა, მიწაყრილები წამოიმართა ქალაქთან მის დასაპყრობად; მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით აკლებული ქალაქი ხელში უვარდებათ ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას; სრულდება შენი ნათქვამი. აჰა, შენც ხედავ ამას.
25 . მაინც მითხარი, უფალო ღმერთო: ვერცხლით იყიდე მინდორი და მოწმეებს დაუძახეო. ქალაქი კი ქალდეველებს უვარდებათ ხელში”.
26 . და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ:
27 . "აჰა, მე ვარ უფალი, ყველა ხორციელის ღმერთი. განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?
28 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს; ის აიღებს მას.
29 . ქალდეველები, ქალაქს რომ უტევენ, შემოიჭრებიან და ცეცხლს მისცემენ, სახლებიანად გადასწვავენ მას, რომელთა ბანებზეც ბაყალს უკმევდნენ და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს ჩემს გასარისხებლად.
30 . რადგან სიყმაწვილიდანვე მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელისა და იუდას ძენი, მხოლოდ მარისხებდნენ ისრაელის ძენი თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი.
31 . რადგან ჩემს რისხვად და ჩემს გულისწყრომად იყო ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე; თავიდან მოვიშორებ
32 . ისრაელის ძეთა და იუდას ძეთა ყველა ბოროტების გამო, ჩემს განსარისხებლად რომ სჩადიოდნენ მათი მეფენი, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, იუდას კაცები და იერუსალიმის მცხოვრებნი.
33 . ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.
34 . თავიანთ სისაძაგლეებს იმ სახლში დგამდნენ, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შეებილწათ იგი.
35 . ბაყალის მაღლობებს აშენებდნენ ბენ-ჰინომის ჭალაში, რათა ცეცხლში გაეტარებინათ მოლოქისთვის საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, რომ ასეთი სისაძაგლე გაეკეთებინათ და ცოდვაში შეეყვანათ იუდა”.
36 . ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირის გამო გადაეცა ხელში ბაბილონის მეფესო!
37 . "აჰა, მე შევკრებ მათ ყოველი ქვეყნიდან, რომლებშიც ჩემი რისხვით, გულისწყრომითა და დიდი მრისხანებით გავაძევე ისინი, დავაბრუნებ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ დავასახლებ.
38 . ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები.
39 . ერთ გულს და ერთ გზას მივცემ მათ, რომ თავიანთ სასიკეთოდ და მათ შემდგომ, თავიანთი შვილების სასიკეთოდ, მუდამ ეშინოდეთ ჩემი.
40 . სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.
41 . მათთვის სიკეთის ქმნაში გავიხარებ და ერთგულებით დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
42 . რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა იმ სიკეთეს, რასაც დავპირდი.
43 . მინდვრებს კვლავ იყიდიან ამ ქვეყანაში, რომელზეც ამბობთ, გაუკაცრიელდა, კაცისა და მხეცის გარეშე დარჩა, ქალდეველებს ჩაუვარდათ ხელშიო.
44 . ვერცხლით იყიდიან კაცები მინდვრებს, ნასყიდობის წერილებს დაწერენ, დაბეჭდავენ და მოწმეებს დაუძახებენ ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში, რადგან მე აღვუდგენ მათ ქონებას”, - ამბობს უფალი.
1 . და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
2 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი ეჭვით ვეჭვიანობ სიონზე და დიდი გულისწყრომით ვეჭვიანობ მასზე.
3 . ასე ამბობს უფალი: დავუბრუნდები სიონს და დავმკვიდრდები იერუსალიმის წიაღში. ამის მერე ერთგულ ქალაქად იწოდება იერუსალიმი და წმიდა მთად - მთა ცაბაოთ უფლისა.
4 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ დასხდებიან ხანშიშესული კაცები და ქალები იერუსალიმის მოედნებზე, დღეთა სიმრავლის გამო თითოეული თავისი ყავარჯნით ხელში.
5 . მოთამაშე გოგო-ბიჭებით გაივსება ქალაქის მოედნები.
6 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს მეტისმეტად რთულია იმ დღეებში დარჩენილი ხალხის თვალში, განა ჩემს თვალშიც რთულია? - ამბობს ცაბაოთ უფალი.
7 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გამოვიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის ჩასვლის ქვეყნიდან.
8 . მოვიყვან მათ და დამკვიდრდებიან იერუსალიმის წიაღში! იქნებიან ჩემი ხალხი და ვიქნები მათი ღმერთი, ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.
9 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: გაიმაგრეთ ხელები, ვისაც გესმით ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ეს სიტყვები, ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების დღეს რომ წინასწარმეტყველებდნენ, რათა აშენებულიყო ტაძარი.
10 . რადგან იმ დღეებამდე არ ყოფილა საზღაური ადამიანისთვის და საზღაური საქონლის შრომისთვის; არც შემსვლელს ჰქონდა მშვიდობა მტერთაგან და არც გამომსვლელს; ყოველ ადამიანს თავისი მოყვასის წინააღმდეგ ვგზავნიდი.
11 . ახლა კი ამ დარჩენილი ხალხისთვის ისეთი არ ვარ, როგორც უწინდელ დღეებში - ამბობს ცაბაოთ უფალი.
12 . რადგან სიმშვიდეში დაითესება, ვაზი თავის ნაყოფს გამოიღებს და მიწა - თავისას, ცა თავის ნამს გაიღებს და დარჩენილ ხალხს დავუმკვიდრებ ამ ყოველივეს.
13 . და მსგავსად იმისა, წყევლად რომ იყავით ხალხებს შორის, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ახლა გიხსნით, რომ კურთხევა იყოთ. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელები.
14 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა გადავწყვიტე თქვენთვის, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა - ამბობს ცაბაოთ უფალი - და არ გადავიფიქრე,
15 . ისევე გადავწყვიტე, რომ სიკეთე ვუყო იერუსალიმისა და იუდას ხალხს ამ დღეებში. ნუ გეშინიათ!
16 . ესაა საქმენი, რაც უნდა აღასრულოთ - თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკეთ მოყვასს; ჭეშმარიტებითა და მშვიდობიანი სამართლით განიკითხეთ თქვენს კარიბჭეებში.
17 . გულში არავინ განიზრახოს ბოროტება მოყვასის მიმართ და ყალბად დაფიცებას ნუ შეიყვარებთ, რადგან მძულს ეს ყოველივე - ამბობს უფალი.
18 . და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
19 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მარხვა მეოთხე თვისა და მარხვა მეხუთესი, მარხვა მეშვიდესი და მარხვა მეათე თვისა სიხარულად, ლხინად და საამურ ზეიმად იქცევა იუდას სახლისთვის, ოღონდ შეიყვარეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა.
20 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ მოვლენ ხალხები და მცხოვრებნი მრავალი ქალაქისა;
21 . მივლენ მკვიდრნი ერთი ქალაქისა მეორესთან და იტყვიან: წავიდეთ, შევევედროთ უფალს და ვეძიოთო ცაბაოთ უფალი. მეც წავალო - იტყვიან სხვანი!
22 . და მოვლენ ხალხნი მრავალნი და ერნი ძლიერნი, რათა ეძიონ ცაბაოთ უფალი იერუსალიმში და ილოცონ მის წინაშე.
23 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.
1 . იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში.
2 . ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
3 . ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა.
5 . მიდიოდა მასთან იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანეს მთელი მხარე.
6 . ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.
7 . დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი!
9 . და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენში, მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
10 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
11 . მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.
12 . მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.
13 . მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო.
14 . იოანე წინაღუდგა და უთხრა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?”
15 . იესომ კი მიუგო და უთხრა: "ასე იყოს ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინღა დართო ნება.
16 . მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
17 . და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.
1 . ადგა და იქიდან იუდეაში, იორდანეს გაღმა მივიდა. მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2 . მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: "ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”
3 . მან მიუგო და ჰკითხა: "რა დაგიწესათ მოსემ?”
4 . უთხრეს: "მოსემ დაგვრთო ნება დავწეროთ გაყრილობის წიგნი და გავუშვათ”.
5 . უთხრა მათ იესომ: "თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.
6 . მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7 . ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკვრება თავის ცოლს.
8 . და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9 . ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”.
10 . სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11 . უთხრა: "ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.
12 . თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
13 . და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14 . ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: "გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.
16 . მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
17 . გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
18 . ხოლო იესომ უთხრა: "რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
19 . იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.
20 . მან მიუგო: "მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”
21 . იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: "ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: "რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
24 . მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: "შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25 . აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: "ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
27 . შეხედა მათ იესომ და თქვა: "ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია”.
28 . დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”.
29 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,
30 . და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31 . მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი - პირველი”.
32 . იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას:
33 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34 . შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.
35 . მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე, და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”.
36 . ჰკითხა: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
37 . მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.
38 . იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
39 . უთხრეს: "შეგვიძლია”. იესომ მიუგო: "სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
40 . მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემგან არ არის, არამედ, ვისთვისაც გამზადებულია”.
41 . ეს რომ ათმა გაიგო, დრტვინვა იწყეს იაკობსა და იოანეზე.
42 . იესომ მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43 . თქვენ შორის კი ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი.
44 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45 . რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
46 . მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47 . როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48 . ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
49 . შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50 . გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51 . იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52 . იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . ამიტომ მე, პავლე, ქრისტეს პატიმარი გავხდი თქვენთვის, წარმართებისთვის.
2 . თუ, რა თქმა უნდა, გსმენიათ ღვთის მადლის გამგებლობაზე, რომელიც თქვენთვის მომეცა.
3 . რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ.
4 . და როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ ჩაწვდეთ ჩემს ცოდნას ქრისტეს საიდუმლოში,
5 . რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.
6 . რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.
7 . სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით.
8 . მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე
9 . და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა, ყოვლის შემქმნელ ღმერთში.
10 . რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე.
11 . საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,
12 . რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.
13 . ამიტომ გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები, რადგან ეს თქვენი დიდებაა.
14 . ამისთვის ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე,
15 . ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე,
16 . რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში.
17 . ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;
18 . რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდეთ, რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,
19 . და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
20 . ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,
21 . მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
1 . და ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. ამის მოწერა თქვენდამი საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2 . ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ ბოროტმოქმედებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
3 . რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.
4 . თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.
5 . წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,
6 . ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
7 . მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.
8 . ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;
9 . და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
10 . რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,
11 . რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12 . არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.
13 . ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
14 . ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
15 . ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16 . ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
17 . ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
18 . ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19 . მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20 . ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,
21 . რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.
1 . აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო!
2 . ევოდიასა და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
3 . შენ კი, ჩემო ერთგულო თანამშრომელო, შენც გთხოვ დაეხმარო ამ დებს, რომელნიც ჩემთან ერთად იღწვოდნენ სახარებით, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია.
4 . მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!
5 . თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისთვის. ახლოა უფალი.
6 . არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,
7 . და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
8 . და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.
9 . რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
10 . მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ცდილობდით ზრუნვას, მაგრამ ვერ ახერხებდით.
11 . გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს.
12 . ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
13 . ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.
14 . ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჭირში რომ მეზიარეთ.
15 . თქვენ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაწყისში, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა.
16 . თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ.
17 . არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება.
18 . ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს; კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროტიდესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.
19 . ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.
20 . ხოლო ჩვენს ღმერთს და მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
21 . მოიკითხეთ ყოველი წმიდანი ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
22 . მოგიკითხავთ ყველა წმიდა, უფრო მეტად კი კეისრის სახლეულიდან.
23 . უფალ იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ამინ!
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . "გადავუხვიეთ და ავედით ბაშანის გზით; გამოვიდა ყოგი - ბაშანის მეფე, ჩვენს შესახვედრად, მთელი თავისი ხალხით, ედრეყში საბრძოლველად.
2 . და მითხრა უფალმა: "ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი, მთელი მისი ხალხითა და ქვეყნით; ისე მოექეცი მას, როგორც მოექეცი სიხონს, ამორელ მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
3 . ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ბაშანის მეფე ყოგიც მთელი თავისი ხალხით და ისე გავანადგურეთ იგი, რომ არავინ გადარჩენილა ცოცხალი.
4 . იმ დროს ავიღეთ ყველა მისი ქალაქი; არ დარჩენილა ქალაქი, მისთვის, რომ არ წაგვერთვა: სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო, ბაშანში,
5 . ყველა ეს ქალაქი მაღალი გალავნით, ბჭეებითა და ურდულებით იყო გამაგრებული, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
6 . სიხონივით, ხეშბონის მეფესავით, გავანადგურეთ ისინი, ყველა ქალაქი - კაცებთან, ქალებთან და პატარებთან ერთად.
7 . მაგრამ იმ ქალაქების საქონელი და ნადავლი ჩვენთვის დავიტოვეთ.
8 . მაშინ წავართვით ქვეყანა ამორელთა ორ მეფეს, იორდანეს გამოღმა, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე.
9 . სიდონელები სირიონს უწოდებენ ხერმონს, ამორელნი კი სენირს.
10 . ავიღეთ ბარის ყველა ქალაქი, მთელი გილყადი, მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში,
11 . რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე იყო დარჩენილი რეფაიმელთა მოდგმიდან. აჰა, რკინისაა მისი სარეცელი, განა რაბათში არაა იგი ყამონის ძეებთან? სიგრძე მისი ცხრა, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთაა, მამაკაცის წყრთით.
12 . იმ დროს დავიმკვიდრეთ ეს ქვეყანა: არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან, გილყადის მთის ნახევარი და მისი ქალაქები რეუბენისა და გადის ძეთ მივეცი.
13 . დანარჩენი გილყადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ ტომს მივეცი, არგობის მთელი მიდამო, მთელი ბაშანით, რომელსაც რეფაიმის ქვეყანა ეწოდება.
14 . და აიღო იაირმა, მენაშეს ძემ მთელი არგობის მხარე, გეშურისა და მაყაქათელის საზღვრამდე და უწოდა ბაშანს თავისი სახელი: სოფლები იაირისა და ასე ეწოდება დღემდე.
15 . მაქირს გილყადი მივეცი.
16 . ყამონის ძეთა საზღვრამდე - იაბოკის ხევამდე მივეცი მიწა რეუბენისა და გადის ძეთ, გილყადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაგულამდე და საზღვრამდე.
17 . ყარაბა და იორდანე საზღვარია, ქინერეთიდან ვიდრე იამ-ყარაბამდე, მარილოვან (მკვდარ) ზღვამდე, ფისგას ფერდობების ქვეშ, აღმოსავლეთით.
18 . ასე გიბრძანეთ მაშინ: "უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; წინ წაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ყოველი შეიარაღებული, გულადი კაცი.
19 . მხოლოდ ცოლები, თქვენი პატარები და პირუტყვი - ვიცი, რომ დიდძალი პირუტყვი გყავთ - დატოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია,
20 . ვიდრე თქვენსავით მოასვენებს უფალი თქვენს ძმებს და დაიმკვიდრებენ ისინი ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი, თქვენი ღმერთი, იორდანეს გაღმა; მაშინ დაუბრუნდებით თითოეული საკუთარ სამკვიდრებელს, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის”.
21 . ვამცნე იმ დროს იეშუას: "შენი თვალით ნახე, რა დამართა უფალმა, შენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს; ამასვე დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელსაც გაივლი.
22 . ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის”.
23 . ასე შევევედრე იმ დროს უფალს:
24 . "უფალო, ღმერთო! შენ წამოიწყე შენი მსახურისთვის შენი სიდიადისა და ძლიერი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცაში ან დედამიწაზე, რომ თავისი საქმეებითა და ძლიერებით შეგედაროს?
25 . ნება მომეცი, გადავიდე და ვიხილო ის ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, ის მშვენიერი მთიანი მიწა და ლიბანი”.
26 . განმირისხდა უფალი თქვენ გამო და არ ისმინა ჩემი; მომიგო უფალმა: "გეკმაროს, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე.
27 . ადი ფისგას მწვერვალზე, გადაიხედე დასავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ და თვალი მოავლე გარემოს, რადგან ვერ გადახვალ იორდანეს გადაღმა.
28 . დაადგინე, გაამხნევე და გაამაგრე იეშუა, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს და ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც დაინახავ”.
29 . და ბეთ-ფეღორის გასწვრივ გავჩერდით, ველზე”.