1მეფეთა თავი 12

1 . უთხრა სამუელმა მთელ ისრაელს: "აჰა, მოვისმინე ყველაფერი, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე.

2 . აჰა, ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ. მე მოვხუცდი და გავჭაღარავდი; აქ არიან ჩემი ძენი თქვენთან ერთად. ყმაწვილკაცობიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.

3 . აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე. თუ წამირთმევია ვინმესთვის ხარი ან სახედარი? თუ გამიძარცვავს ან შემივიწროვებია ვინმე? ან თუ ამიღია ქრთამი საქმეზე თვალის დასახუჭად? თუ ასეა ავანაზღაურებ”.

4 . უპასუხეს: "არც გაგიძარცვივართ და არც შეგივიწროებივართ, არც ვინმეს ხელიდან აგიღია რაიმე”.

5 . უთხრა მათ სამუელმა: "უფალია მოწმე თქვენს წინაშე და მისი ცხებული ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში”. უპასუხეს: "მოწმეა!”

6 . უთხრა სამუელმა ხალხს: "უფალია მოწმე, რომელმაც მოსესა და აჰარონის მეშვეობით გამოიყვანა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან!

7 . ამიტომ დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე, ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უფალმა მოიმოქმედა თქვენთვის და თქვენი მამებისთვის.

8 . როცა იაკობი ეგვიპტეში მივიდა, შეჰღაღადეს თქვენმა მამებმა უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აჰარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამები ეგვიპტიდან და აქ დაამკვიდრეს.

9 . მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი; და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებსა და მოაბის მეფეს; ისინი ებრძოდნენ მათ.

10 . შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან მივატოვეთ უფალი და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთაროთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელიდან და გემსახურებით.

11 . მაშინ მოავლინა უფალმა იერუბაყალი, ბედანი, იფთახი და სამუელი და გამოგიხსნათ გარშემო მტრების ხელიდან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.

12 . როცა იხილეთ, რომ ყამონის ძეთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფე უნდა მეფობდეს ჩვენზე. თქვენი მეფე კი უფალია, თქვენი ღმერთი!

13 . და ახლა, აჰა, მეფე, რომელიც ამოირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით; აჰა, დაგიდგინათ უფალმა მეფე.

14 . თუ უფლის შიში გექნებათ, მას ემსახურებით, მის ხმას მოუსმენთ და არ ეურჩებით უფლის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.

15 . თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და ეურჩებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამების წინააღმდეგ იყო".

16 . "ახლა იდექით და შეხედეთ იმ დიდ საქმეს, რასაც მოიმოქმედებს უფალი თქვენს თვალწინ.

17 . ხომ ყანის მკის დროა ახლა? მოვუხმობ უფალს და მოავლენს იგი ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე იმის გამო, რომ მეფე მოითხოვეთ”.

18 . მოუხმო სამუელმა უფალს და მოავლინა იმ დღეს უფალმა ქუხილი და წვიმა; ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.

19 . უთხრა სამუელს მთელმა ხალხმა: "შეევედრე ჩვენთვის, შენი მსახურებისთვის, უფალს, შენს ღმერთს, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელ ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ”.

20 . უთხრა სამუელმა ხალხს: "ნუ გეშინიათ, კი ჩაიდინეთ ეს ბოროტება, მაგრამ მთავარია არ განუდგეთ უფალს და მთელი გულით ემსახურეთ მას.

21 . აღარ გადაუხვიოთ ფუჭი ღმერთებისკენ, ვერ დაგიფარავენ და ვერ გიხსნიან ისინი, რადგან ფუჭნი არიან.

22 . არ მიატოვებს უფალი თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან თვითონ ინება უფალმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით.

23 . მე კი, არ შემეცოდოს უფლისთვის და არ შემეწყვიტოს თქვენთვის ლოცვა. მე დაგაყენებთ კეთილ და სწორ გზაზე.

24 . ოღონდ გეშინოდეთ უფლის და ემსახურეთ მას ჭეშმარიტებითა და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიადი საქმეები მოიმოქმედა თქვენთვის.

25 . მაგრამ თუ მაინც ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.