1მეფეთა თავი 16

1 . უთხრა უფალმა სამუელს: "როდემდე უნდა გლოვობდე საულს? განა მე არ უარვყავი იგი როგორც ისრაელის მეფე? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის ძეთა შორის გამოვარჩიე ჩემთვის მეფე”.

2 . ჰკითხა სამუელმა: "როგორ წავიდე? ვაითუ გაიგოს საულმა და მომკლას”. უთხრა უფალმა: "დეკეული წაიყვანე შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედითქო.

3 . იესეც მიიპატიჟე მსხვერპლთან; მერე გეტყვი, რაც უნდა გააკეთო. ზეთს მას სცხებ, ვისზეც მიგითითებ”.

4 . ისე მოიქცა სამუელი, როგორც უბრძანა უფალმა. მივიდა ბეთლემს. თრთოლვით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და იკითხეს: "ხომ მშვიდობაა?”

5 . თქვა სამუელმა: "მშვიდობაა! უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედი, განიწმიდეთ და წამომყევით მსხვერპლის შესაწირად. განწმიდა სამუელმა იესე და მისი ძენი და მსხვერპლთან მიიწვია ისინი.

6 . როცა მოვიდნენ, დაინახა მან ელიაბი და თქვა: "ჭეშმარიტად, უფლის წინაშეა მისი ცხებული!”

7 . უთხრა უფალმა სამუელს: "ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს”.

8 . დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: "არც ეს ამოურჩევია უფალს”.

9 . ჩამოატარა იესემ შამა. თქვა სამუელმა: "არც ეს ამოურჩევია უფალს”.

10 . შვიდი ძე ჩამოატარა იესემ სამუელის წინ. უთხრა სამუელმა იესეს: "ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს”.

11 . ჰკითხა სამუელმა იესეს: "მხოლოდ ესენი არიან შენი ძენი?” უპასუხა: "კიდევ დარჩა უმცროსი, ცხვარს მწყემსავს ახლა”. უთხრა სამუელმა იესეს: "გაგზავნე ვინმე და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი”.

12 . გაგზავნა იესემ და მოიყვანეს. წითური იყო, თვალადი და კარგი შესახედი. უთხრა უფალმა სამუელს: "ადექი და სცხე მას, რადგან ეს არის იგი”.

13 . აიღო სამუელმა რქა ზეთით და მისი ძმების თანდასწრებით სცხო მას; და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და რამათს წავიდა.

14 . განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.

15 . უთხრეს მსახურებმა: "აჰა, ღმერთისგან გაწვალებს ბოროტი სული.

16 . უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურებს, რომ მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი; და როცა შეგაჭირვებს ბოროტი სული ღმერთისგან, ის დაუკრავს და შვება მოგეცემა”.

17 . უთხრა საულმა თავის მსახურებს: "მონახეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს და ჩემთან მოიყვანეთ”.

18 . მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: "აჰა, ნანახი მყავს ბეთლემელი იესეს ძე, იცის ქნარზე დაკვრა, თან მამაცი მეომარია, სიტყვაგონიერი და კარგი შესახედავია, უფალია მასთან”.

19 . გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და უთხრა: "გამომიგზავნე დავითი, შენი ძე, ცხვარში რომ გყავს”.

20 . აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, აიყვანა ერთი თიკანი და თავისი ძის, დავითის ხელით გაგზავნა საულთან.

21 . მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დააყენა.

22 . შეუთვალა საულმა იესეს: "დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში”.

23 . და როცა გადმოვიდოდა საულზე ბოროტი სული ღმერთისგან, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; მოისვენებდა საული, უკეთ ხდებოდა და შორდებოდა ბოროტი სული.