1 . და იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ვალში მყოფი და სულგამწარებული; უფროსად დაუდგა მათ იგი. ასე შეიკრიბა მასთან დაახლოებით ოთხასი კაცი.
2 . წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გავიგებდე, რას მიპირებს ღმერთი.
3 . წარადგინა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე ამ თავშესაფარში იმყოფებოდა დავითი.
4 . უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ამ თავშესაფარში ნუ დარჩები. ადექი და წადი იუდას ქვეყანაში. წავიდა დავითი და მივიდა ხერეთის ტყეში.
5 . შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავის ხალხთან ერთად. საული გიბყაში იჯდა, მაღლობზე, იმ მუხის ქვეშ, რომელიც რამათშია, ხელში შუბი ეჭირა, გარშემო კი მსახურები იდგნენ.
6 . უთხრა საულმა გარშემო მდგარ მსახურებს: ისმინეთ, ბენიამინელნო! განა ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს და ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად?
7 . ყველანი შეთქმულხართ ჩემს წინააღმდეგ და არ მიმხელთ, კავშირი რომ ჰქონია შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, არცერთმა თქვენთაგანმა არ შემიცოდა და არ გამიმხილა, რომ ჩემი შვილი მიმხედრებდა ჩემს მსახურს და დღემდე ჩასაფრებულია ჩემს წინააღმდეგ.
8 . მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მსახურებთან ერთად რომ იდგა და უთხრა: "მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მივიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან.
9 . უფალს დაეკითხა მის გამო ახიმელექი, საგზალიც მისცა და ფილისტიმელი გოლიათის მახვილიც”.
10 . დაიბარა მეფემ ახიტუბის ძე, ახიმელექ მღვდელი, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, რაც ნობში იყო; ყველანი მივიდნენ მეფესთან.
11 . უთხრა საულმა: "მომისმინე, ახიტუბის ძევ!” მიუგო: "აქა ვარ, ჩემო ბატონო”.
12 . უთხრა საულმა: "რად შეითქვით შენ და იესეს ძე? პური და მახვილი მიგიცია მისთვის და ღმერთსაც დაკითხვიხარ მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, როგორც დღეს გამოაშკარავდა”.
13 . მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: "ვინ გყავს დავითივით ერთგული მსახურთა შორის? ვინ არის მეფის სიძე, მცველთა უფროსი და პატივდებული შენს სახლში?
14 . განა იმ დღეს პირველად დავეკითხე ღმერთს მის გამო? შორს ჩემგან! ნურაფერში დაადანაშაულებს მეფე თავის მსახურსა და მამაჩემის მთელ სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი”.
15 . თქვა მეფემ: "მოკვდები, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლიც”.
16 . და უთხრა მეფემ მის წინაშე მდგარ მორბედებს: "წადით და მოსრეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითს უმართავენ ხელს. იცოდნენ, რომ გაქცეული იყო იგი და არ გამიმხილეს”. მაგრამ არ მოინდომეს მეფის მსახურებმა უფლის მღვდლებზე აღემართათ ხელი და მოსაკლავად დასცემოდნენ.
17 . უთხრა მეფემ დოეგს: "შენ წადი და დახოცე მღვდლები”. წავიდა დოეგ ედომელი, დაეცა მღვდლებს და სელის ეფოდით შემოსილი ოთხმოცდახუთი კაცი დახოცა იმ დღეს.
18 . მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, არც კაცი დაინდო და არც ქალი, მახვილის პირით მოსრა ბავშვები და ძუძუთა ჩვილები, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები.
19 . მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი გაუსხლტა ხელიდან და დავითთან გაიქცა.
20 . უამბო აბიათარმა დავითს, რომ უფლის მღვდლები დახოცა საულმა.
21 . უთხრა დავითმა აბიათარს: "იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, მივხვდი, რომ უეჭველად ამბავს მიუტანდა საულს. მე ვარ დამნაშავე ყველას წინაშე მამაშენის სახლში.
22 . ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ხელს ვერავინ დაგადებს ჩემთან”.
23 . შეატყობინეს დავითს: "აჰა, ფილისტიმელნი დაესხნენ კეყილას და კალოებს ძარცვავენ”.